პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების შესახებ

23 Feb , 2016  

არაღიარების მნიშვნელობა

ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ერთადერთი მყარი გარანტიაა დღევანდელ მსოფლიოში სტაბილური სუვერენული სახელმწიფოების არსებობაა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და აღიარება, რათა შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა, სტაბილურობა და პასუხისმგებელი სახელმწიფოები, რომელთა ხელისუფლებები და იურისდიქცია არ იქნება იმდენად ცვალებადი, რომ ვერ შეძლოს ადამიანთათვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, მსოფლიოში თავიდან აცილებულ იქნეს ისეთი მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება, როცა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დასახლებას, ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულს შეეძლება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თავის გამოცხადება და საერთაშორისო თანამეგობრობისგან ასეთად აღიარება, რის შედეგადაც შესაძლოა, წარმოიქმნას მრავალი მცირე ზომისა და რესურსების სახელმწიფო,  რომელთა იურისდიქციები მუდმივად ცვალებადი იქნება თვითგამორკვევისა და გამოყოფის პროცესების გაგრძელების გამო, რის შედეგადაც ამგვარი სახელმწიფოები ვერ შეძლებენ მათ მოქალაქეთა საჭიროებების დაკმაყოფილებას/განხორციელებასა და უფლებების დაცვას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის, სამართლებრივი მდგომარეობა

მართალია, აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა 1999 წელს, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა– 1992 და 2006 წლებში ჩაატარა ე.წ რეფერენდუმი საქართველოდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე და ამ ე.წ რეფერენდუმებზე გამოცხადებული მოსახლეობის უმრავლესობამ “ხმა  მისცა” საქართველოდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მაგრამ ეს ე.წ რეფერენდუმები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც რეფერენდუმი ტარდება მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დაუშვებელია რეფერენდუმის ჩატარება საქართველოს ცალკეულ რეგიონებში. შესაბამისად ამ ე.წ რეფერენდუმებს არ გააჩნიათ სამართლებრივი ძალა, რადგან იმ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევითაა ჩატარებული, რომლის შემადგენლობაში ყოფნის პირობებშიც იქნა ეს არაკონსტიტუციური ე.წ რეფერენდუმები ჩატარებული.

ამასთან საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული პრინციპების თანახმად, რომელიმე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს თვითგამორკვევის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა ამ ხალხით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების ბოროტად და ამ ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლად და მათ საწინააღმდეგოდ გამოყენება ან ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის, რომელსაც სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით განსხვავებული იდენტობის ნიშნები უნდა გააჩნდეს, რაც მას უმცირესობად აქცევს, სახელმწიფოს მიერ ხდება ამ უმცირესობის უფლებათა მასობრივი და სისტემატური დარღვევა, რაც არ ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის, შემთხვევაში.

არაღიარება და საერთაშორისო თანამეგობრობა:

გაეროს წევრი 194 სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოდან 190 არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის, ე.წ ყოფილი სამხრეთ ოსეთის, ე.წ დამოუკიდებლობას. ამასთან მსოფლიო თანამეგობრობის 62 წევრი ღიად მხარს უჭერს გაეროს გენერალური ასამბლეის 2013 წლის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ტერიტორიებიდან კონფლიქტების შედეგად იძულებით ადგილნაცვალი/გადაადგილებული პირების ნებაყოფლობით დაბრუნებას ამ ტერიტორიებზე. ამასთან აშშ, ევროკავშირის წევრი და მრავალი სხვა სახელმწიფო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელმაც პირველმა აღიარა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა, გააუქმოს ეს აღიარება. საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამგვარი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დადგა 2008 წლის შემდგომ ე.წ მცოცავი ოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების ერთობლივი საქმიანობით, რაც მავთულხლართების გაბმაში გამოიხატება.

არაღიარება და რუსეთი

მიუხედავად რუსეთის ნეგატიური პოზიციისა აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამოხმობასთან/გაუქმებასთან დაკავშირებით, საართველოს ხელისუფლება აგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, ასევე იწარმოება რუსეთთან მოლაპარაკებები ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებზე, რაც უშუალოდ არაა დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან. რუსეთის მოქალაქეთათვის აღდგენილია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ბაზაზე ფუნქციონირებს რუსეთის საკონსულო, რომელიც, სხვათა შორის, ფაქტობრივად გადატანილია იმ შენობაში, სადაც ადრე რუსეთის საელჩო და საკონსულო იყო განთავსებული რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე.

საქართველო არ ეთანხმება რუსეთის მოთხოვნას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, აფხაზეთთან და ყოფილ სამხრეთ ოსეთთან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადების მოთხოვნას, ვინაიდან ეს ტერიტორიები არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, თუმცა საქართველომ მრავალჯერ გამოთქვა ამ ტერიტორიებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვის მზაობა და სურვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირდაპირ და დაუფარავად განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლების ინიცირება მოახდინა საქართველოს ნატოში შესვლის შეფერხების მიზნით, ვინაიდან, რუსეთის აზრით, ნატოს მის საზღვრებთან მოახლოება და გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთის ინტერესებს. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, შესაბამისად მას აქვს უფლება დამოუკიდებლად, თავისუფლად და სხვა სახელმწიფოთა მხრიდან ზეწოლისა და ხელის შეშლის გარეშე გადაწყვიტოს და აირჩიოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში/ბლოკში გაწევრიანდეს, შესაბამისად თუკი რუსეთს არ აწყობდა მისი მეზობლების გაწევრიანება ნატოში ან სხვა დასავლურ გაერთიანებაში, მას უნდა ეცადა, დიპლომატიის გზით კარგი და ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები აეგო თავის მეზობელ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებთან და არ უნდა გაეღვივებინა თავის მეზობელ სახელმწიფოებში ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტები (მთიანი ყარაბაღი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბალტიის პირეთში, დნესტრისპირეთი მოლდოვაში, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი უკრაინაში, აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი საქართველოში და მისთ). რუსეთს ეს კონფლიქტები რომ არ გაეღვივებინა, მუდმივად შანტაჟის ქვეშ რომ არ ყოლოდა ეს სახელმწიფოები და მუდმივი საფრთხის წინაშე რომ არ დაეყენებინა მათი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, სავარაუდოდ ეს სახელმწიფოები არ დაიწყებდნენ სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რადგან გეოგრაფიული მდგომარეობისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში საზოგადოებაში დამკვიდრებული მენტალობის გამო ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები რუსეთთან გაცილებით უფრო მოსახერხებელია დასავლურ სახელმწიფოებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, რუსეთს ეყოლებოდა 14 მოკავშირე საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა რუსეთმა, დააშინა რა ეს სახელმწიფოები, რომლებიც მზად იყვნენ, ეპატიებინათ საბჭოთა ოკუპაცია, რუსეთს მათ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რომ ეწარმოებინა მათთან თანასწორობაზე დაფუძნებული არააგრესიული პოლიტიკა, თავად უბიძგა მათ და მათ შორი საქართველოსაც, მოკავშირეები სხვაგან მოეძია.

ვინაიდან რუსეთთან მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ, დღემდე შედეგი არ მოყოლია, საერთაშორისო საზოგადოებამ აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი, ხელი შეუწყოს და პირდაპირ მოითხოვოს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იქიდან კონფლიქტის შედეგად იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება; მიიღოს ქმედითი ღონისძიებები საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის ხელშესაწყობად და გააძლიეროს რუსეთზე (მაგ. ქმედითი ეკონომიკური სანქციები, გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის ჩამორთმევა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში და მისთ) პოლიტიკური და სამართლებრივი ზეწოლა, რათა რუსეთმა პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს ამ ტერიტორიებზე სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა/აღდგენა ხელს შეუწყობს მსოფლიოში სახელმწიფოთა რღვევისა და არასტაბილურობის პრეცედენტების თავიდან აცილებას.

ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *