ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

კონსერვატიული პოზიცია Brexit-ის წინააღმდეგ

20 Jun , 2016  

სტატია 2016 წლის 8 ივნისს ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა. სტატიის ავტორია დალიბორ როჰაკი, რომელიც კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრის მკვლევარია. როჰაკი აგრეთვე მუშაობდა ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის ეკონომისტად. ის ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და ამჟამად King’s College London-ის დოქტორანტია.

სტატიაში ავტორი კრიტიკულად განიხილავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროპული კავშირის დატოვების სავარაუდო პერსპექტივას და მემარჯვენე-ლიბერალური (თავისუფალი ბაზრის) არგუმენტებით ცდილობს საკუთარი მოსაზრების გამყარებას.

ბრიტანელი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროპულ კავშირს და არა უცხოელი ლიდერებისა, მათ შორის, არც პრეზიდენტ ბარაკ ობამას და არც სსფ-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდისა, რომლებმაც თავიანთი აზრი უკვე დააფიქსირეს. თუმცა ამომრჩევლებმა ავტომატურად არ უნდა უკუაგდონ ობამასა და ლაგარდის პოზიცია. ამის მაგივრად, ისინი კარგად უნდა ჩაუფიქრდნენ საკითხის არსს.

სიმართლე კი ის არის, რომ Brexit-ის მოთხოვნა მყიფე არგუმენტებზე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შესახებ ბევრია გასაკრიტიკებელი, მისი არსებობა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ბლოკიდან გასვლით ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. კონსერვატორები, კლასიკური ლიბერალები და თავისუფალი ბაზრის მომხრეები განსაკუთრებით უნდა ფრთხილობდნენ ევროკავშირის დაშლის ქომაგებად ქცევისას. ისინი სწორედ კავშირის რეფორმირების და სისტემური გაუმჯობესების მხარეს უნდა იდგნენ.

თავისუფალი ბაზრის მომხრეები და Small-c კონსერვატორები (კონსერვატიზმის მომხრე, რომელიც საკუთარი თავს არ უკავშირებს ოფიციალურ კონსერვატიულ პარტიას) ევროსკეპტიციზმში თავისუფალი ბაზრის გაძლიერების შესაძლებლობას ხედავენ. კონკურენციის მგზნებარე მხარდამჭერები, რომლებიც იწონებენ მულტისავალუტო რეჟიმსა და ნაკლებ რეგულაციებს, ევროპულ ინტეგრაციას ბაზრების გაერთიანების უხეირო მცდელობად აღიქვამენ, რომელსაც არასაჭირო პოლიტიკური ცენტრალიზაცია მოჰყვა. ამგვარად, ლოგიკური ასახსნელია, როცა ვაცლავ კლაუსმა (ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი) ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა კავშირს შეადარა, ხოლო თავისუფალი ბაზრის ქომაგი Think-tank-ები მუდმივად აკრიტიკებენ პოპულისტურ რეგულაციებს, საერთო ვალუტის შემოღებას, სოფლის მეურნეობის ერთიან პოლიტიკას და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ ევროსკეპტიციზმი ყოველთვის არ ყოფილა თავისუფალი ბაზრის კონსერვატიული ხედვის მაგისტრალი, რაც კარგად ესმოდათ თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიის საკულტო ფიგურებს. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი მხარს უჭერდა ევროპულ ფედერაციას. ის თავისუფალი ბაზრის პროგრამის ლოგიკურ შედეგად ნაციონალური ხელისუფლებების (სუვერენიტეტის) გაუქმებას სახავდა. ჰაიეკი (ეკონომიკის დარგში ნობელიანტი) აღიარებდა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ვაჭრობის ლიბერალიზაციის ცდა ეროვნული პროტექციონიზმის და ნაციონალიზმის მიზეზით ჩავარდა.

საერთაშორისო ფედერალიზმის შესახებ ჰაიეკის ფიქრები განვითარდა ვილჰელმ როპკეს, გერმანელი თავისუფალი ბაზრის ეკონომისტის მოსაზრების პარალელურად, რომელიც ომგადავლილი ევროპის რეკონსტრუქციის მოდელად შვეიცარიული მმართველობის სისტემას მიიჩნევდა. როპკეს რწმენით, ამგვარი სისტემა დეცენტრალიზების, ეკონომიკური ღიაობის, უსაფრთხოების და პანევროპული კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებას იძლეოდა.

ჰაიეკის მასწავლებელი და თავისუფალი ბაზრის შესახებ გაცილებით რადიკალური იდეების მომხრე ლუდვიგ ფონ მიზესი 1944 წელს დასავლეთ ევროპული ქვეყნების შესახებ წერს: „ახალ დემოკრატიულ ზესახელმწიფოებრივ სისტემაში ინკორპორაციის ალტერნატივა არა შეუზღუდავი [ნაციონალური] სუვერენიტეტი, არამედ ტოტალიტარული ძალებისგან დამორჩილებული სახელმწიფოა“. 1975 წელს, როცა მარგარეტ თეტჩერი გაერთიანებული სამეფოს ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობაში (ევროკავშირის წინამორბედი) გაწევრებას ადვოკატირებდა, მან აღიარა, რომ „თითქმის ყველა ძირითად ერს მოუწია სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა უფრო ქმედითი პოლიტიკური ერთობის მისაღწევად“.

დღევანდელი მსოფლიო განსხვავებულია 1940-იანი ან 1970-იანი წლების რეალობისგან. თუმცა ეს ფაქტი ერთიანი ევროპის პროექტს დროში აცდენილად სრულიად არ წარმოგვიდგენს. პირიქით. ევროპული ინტეგრაციის ერთი შეხედვით ცალსახად ეკონომიკური კომპონენტი, როგორიცაა ერთიანი/საერთო ბაზარი (single market), მოითხოვს პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობას, ბიუროკრატიას [ევროკრატიას], ჰარმონიზებულ კანონმდებლობას. ალბათ, იმიტომ რომ ერთიანი ბაზრის იდეა გაცილებით შორს მიდის, ვიდრე ტარიფების საკითხი, რომელიც 1968 წლამდე ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებს ჰყოფდა. ერთიანი ბაზარი დაუპირისპირდა ეროვნულ პროტექციონიზმს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ნაციონალური ეკონომიკური ფლაგმანების არაპროპორციულ სუბსიდირებას.

ერთიანი ბაზარი ერთ ღამეში არ აღმოცენებულა. მის ჩამოყალიბებას პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების ათწლეულები დასჭირდა. მათ შორის აღსანიშნავია აქტი ერთიანი ევროპული ბაზრის შესახებ (Single European Act), რომლის მიღებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით პრემიერ-მინისტრ მარგარეტ თეტჩერსა და ევროკომისარ ართურ კოკფილდს. ერთიანი ბაზრის სიკეთე, ალბათ, ევროკავშირის ეფექტიანობის საუკეთესო ილუსტრაციაა.

როცა ევროსკეპტიკოსები ჩივიან ეროვნული სუვერენიტეტის ევროპული ინტეგრაციით გამოწვეულ შეკვეცაზე, ისინი ერთ ფაქტს არ ითვალისწინებენ. ევროპული ხელშეკრულებები, მთელი ევროკანონმდებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები ერთი მიზეზით არსებობს – ისინი პასუხისმგებლობას უმსუბუქებენ ნაციონალურ ლიდერებს (პოლიტიკოსებს), რომლებსაც საკუთარი პოლიტიკის გატარებისას ხშირად უწევთ დაპირებების იგნორირება.

საილუსტრაციოდ, გადავხედოთ აღმოსავლეთ ევროპის რეფორმატორ ქვეყნებს, როგორებიცაა სლოვაკეთი და პოლონეთი. მათ ევროკავშირში ინტეგრაცია მწვავე საშინაო რეფორმების თანმდევი უარყოფითი რეაქციების ნეიტრალიზებისთვის გამოიყენეს. საფრანგეთსა და იტალიაში ევროკავშირის პოლიტიკა აღნიშნულ ქვეყნებს ხელს უშლის, რომ დაუბრუნდნენ ეროვნული საწარმოების პროტექციონიზმს. 1990-იან წლებში სწორედ ევროპულმა კომისიამ აიძულა იტალიის მთავრობა, დაეშალა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ფოლადის ინდუსტრია, ხოლო 1999 წელს საფრანგეთს ელექტრობაზრის ღიაობისკენ უბიძგა. გადაწყვეტილებების მიღებისას გაერთიანებული სამეფოს „ხმის“ გარეშე ევროკავშირში ეკონომიკური ლიბერალიზაციისკენ სწრაფვა გაცილებით სუსტი იქნებოდა.

ევროსკეპტიკოსები არ ცდებიან, როცა მიუთითებენ ერთიანი ბაზრის სხვა ასპექტზე – კერძოდ, ევროპულ დონეზე მძიმე და მოუქნელი რეგულაციების არსებობას. მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ წევრი ქვეყნები უბრალოდ აღიარებდნენ ერთმანეთის რეგულაციებსა და ტექნიკურ სტანდარტებს „ყველაზე მორგებული“ გადაწყვეტის მაგიერ. თუმცა უპირობო ორმხრივ აღიარებებს ძალიან ართულებს არსებული პოლიტიკური რეალობა. ამრიგად, მიუხედავად ევროკავშირის პანევროპული დირექტივები არაფერია 28 სახელმწიფოს განსხავებულ და პოტენციურად შეუთავსებელ სარეგულაციო სისტემებთან, რომლებიც შეაჩერებდა საქონლის, სერვისების, კაპიტალის და მოსახლეობის თავისუფალ დინებას.

გაერთიანებული სამეფო დიდ სარგებელს იღებს „ფინანსური პასპორტით“, რომელიც ბრიტანულ ბანკებს და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ევროკავშირში შეუფერხებელი ოპერირების საშუალებას აძლევს. ლონდონის სიტი ევროკავშირის ფინანსური რეგულატორის EBA-ს (European Banking Authority) დისლოკაციის ადგილიცაა, რაც გაერთიანებულ სამეფოს ღირებულ პოლიტიკურ წონას სძენს. ევროკავშირიდან გასვლა ლონდონის სიტის, როგორც მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქის შესახებ ეჭვებს გააჩენს.

ევროკავშირის რეგულაციებზე ჩივილი არ გახლავთ ევროსკეპტიციზმის ერთადერთი შეცდომა. ვერავინ უარყოფს, რომ ევროპული კავშირი საკმაოდ ხარვეზებით ფუნქციონირებს. თუმცა, აზრი არ აქვს მის არარსებულ ალტერნატივებთან შედარებას. დღევანდელი კავშირის რელევანტური ალტერნატივა მხოლოდ პროტექციონისტული, ნაციონალისტური სახელმწიფოებით დასახლებული ევროპაა, ისეთი ევროპა, რომელსაც გასული საუკუნეები კარგად იცნობენ.

გვიანი მეცხრამეტე საუკუნეც კი, რომელსაც ზოგჯერ გლობალიზაციის პირველ ხანას უწოდებენ, ბისმარკის „რკინისა და ჭვავის“, საფრანგეთის მელინის ტარიფების და კონტინენტის პროტექციონიზმისკენ სწრაფვის პერიოდი გახლდათ. 1913 წელს მანუფაქტურის პროდუქციაზე ავსტრია-უნგრეთში – 18%-იანი, გერმანიაში – 13%-იანი, საფრანგეთში – 20%-იანი, ესპანეთში – 41%-იანი, ხოლო რუსეთში 84%-იანი (!) ტარიფები იყო დაწესებული. იმ დროისთვის გაერთიანებული სამეფო თავისუფალი ვაჭრობის ფლაგმანად მოიაზრებოდა იმპორტზე სულ რაღაც 5%-იანი ბაჟით. მიუხედავად ამისა, მე-19 საუკუნის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ხშირად მიმართავდა პროტექციონიზმს და იმპორტზე ტარიფებით ხშირად საფრანგეთსაც კი უსწრებდა.

პირველმა მსოფლიო ომმა, დიდმა დეპრესიამ და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელმა მეორე მსოფლიო ომმა საერთაშორისო ვაჭრობის კოლაფსი და ადამიანური კატასტროფა გამოიწვია. ამის ფონზე ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპის ისტორია ღიაობით, დემოკრატიულობითა და მშვიდობით ხასიათდება. თუკი ვინმე ამ ფაქტში ევროკავშირის წვლილს ხედავს, კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ კონტინენტის პოლიტიკური არქიტექტურის ნგრევას შეუდგება.

გაერთიანებული სამეფოს, როგორც ლიდერის, როლი ევროკავშირის წარმატებაში სასიცოცხლო მნიშვნელობისა გახლდათ, იქნებოდა ეს ერთიანი ბაზარი თუ საერთო საფრთხე (რევიზიონისტული რუსეთის სახით). თუმცა გაერთიანებულ სამეფოს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განვითარდეს, კავშირიდან გასვლით ის მხოლოდ კონტინენტზე ნაციონალისტური სენტიმენტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სულ რამდენიმე კვირის წინ ბრიტანული პრეცედენტით შთაგონებულმა ჩეხეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას (92 მომხრე 200 წევრიდან).

დღეს ევროპას აქამდე არნახულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება. ევროზონის წარუმატებლობისა და მიგრანტების კრიზისიდან დაწყებული ვლადიმერ პუტინის პროპაგანდითა და ენერგობერკეტებით დამთავრებული (რომლებსაც ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ლიბერალური დემოკრატიების ძირგამოსათხრელად იყენებს) კონტინენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ქაოსის საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ეს გახლავთ რეალური საფრთხე და არა პანევროპული ავტორიტარული სუპერსახელმწიფო.

მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ბაზრის პროპონენტებმა (როგორც კლასიკური ლიბერალიზმის, ასევე კონსერვატიზმის ქომაგებმა) გააცნობიერონ ევროპაში საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნების მნიშვნელობა მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მშენებლობის გზაზე.

 

სტატია თარგმნა გიორგი ცხაკაიამ – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტმა.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *