ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

როგორ მივიდა გაერთიანებული სამეფო BREXIT-ამდე

20 Jun , 2016  

გასული ათწლეულების განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს ცვალებადი და ეჭვებით სავსე დამოკიდებულება ევროპული კავშირის მიმართ მუდამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნაწილი იყო, რომელიც დროდადრო კონტროვერსიის მიქცევა-მოქცევას იწვევდა. 50-იან წლებში ქვეყანამ თავი შეიკავა ევროპის ქვანახშირის და ფოლადის და ევროპის ეკონომიკურ კავშირებთან შეერთებისგან, თუმცა ამ უკანასკნელის წევრი 1973 წელს, ტედ ჰიტის კონსერვატიული მთავრობის მმართველობისას გახდა. ორი წლის შემდეგ გამართულ რეფერენდუმში კი ელექტორატის 67%-ზე მეტმა გამოთქვა ამ ორგანიზაციაში დარჩენის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თავიდან მხოლოდ ცხრა სახელმწიფოს ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციას მოიცავდა, კრიტიკოსები მასში არსებულ ევროპული ზესახელმწიფოს გაჩენის საფრთხეზე საუბრობდნენ. 1992 წელს გაფორმებული მაასტრიხტის შეთანხმება კი კვლავ ცხარე დისკუსიის თემა გახდა – ევროსკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ ევროკავშირის წევრობა არაფერი იყო გარდა სუვერენიტეტის ხელყოფის და მნიშვნელოვანი ბერკეტების ვესტმინსტერიდან ბრიუსელისთვის გადაცემისა. წამყვანი პარტიებიდან ევროსკეპტიკოსების სიუხვით კონსერვატორები გამოირჩეოდნენ. ამის მიუხედავად, თავად პარტიას არასდროს დაუჭერია ანტი-ევროპული პოზიცია. ევროპასთან დაახლოება კონსერვატორების 18 წლიანი და 1997 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ლეიბორისტების 13 წლიანი მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა – ორივე პარტია თანხმდებოდა, რომ ბრიტანეთისთვის ერთიანი ბაზარი მომგებიანი იქნებოდა. თუმცა ბრიტანელებმა ევროკავშირში გამორჩეული სტატუსი მაინც შეინარჩუნეს – მათ უარი თქვეს შეერთებოდნენ შენგენის ზონას, ერთიან ვალუტას (ევრო) და მიაღწიეს შეთანხმებას შემცირებულ საბიუჯეტო კონტრიბუციაზე.

1975 წლის შემდეგ ბრიტანეთში აღარ ჩატარებულა სახალხო გამოკითხვა ევროპასთან ურთიერთობის შესახებ, რაც აგრეთვე სკეპტიკოსთა აღშფოთებას იწვევდა. დღეს ვითარება კარდინალურად განსხვავდება 41 წლის წინანდელისგან – 9-ის მაგივრად ევროკავშირი 28 წევრი სახელმწიფოსგან და 250-ის ნაცვლად 500მლნ მოსახლისგან შედგება. მთავარი პრობლემა კი რომელმაც მორიგი რეფერენდუმის აუცილებლობა წინ წამოჭრა, ალბათ, მაინც მიგრაციაა. 2004-2007 წლების ევროკავშირის მორიგი გაფართოების შემდგომ, ბრიტანეთში დაახლოებით 300 ათასი ეკონომიკური მიგრანტი შემოვიდა, მათი უმრავლესობა ახლად გაწევრებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან მოდიოდა. თავიდან ადგილობრივი საზოგადოება ამ პროცესს მშვიდად შეხვდა, თუმცა ვითარება 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების დონის გაუარესების შემდგომ შეიცვალა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა ფართო ასპარეზზე ნაციონალისტური, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია (UKIP), რომელიც დაუპირისპირდა სამ წამყვან პარტიას, მთავარ პრიორიტეტებად კი სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებისა და ევრორეგულაციებისგან თავის დაღწევის მიზნით ევროკავშირიდან გასვლა გამოაცხადა. პარტიამ 2010 წლის არჩევნებში ხმების 3% მიიღო, ორი წლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში ეს რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა, ამ ყველაფრის კულმინაცია კი 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეული გამარჯვება იყო.

2010 წელს, როცა კონსერვატიულმა პარტიამ ლეიბორისტები არჩევნებში დაამარცხა, პარტიის ლიდერმა და მომავალმა პრემიერმა დევიდ კემერონმა კარგად იცოდა, რომ პარტიის რიგებში მყოფ ევროსკეპტიკოსებს მისთვის სერიოზული თავისტკივილის გამოწვევა შეეძლოთ. იმ წელს „ტორებს“ მთავრობის დასაკომპლექტებლად მანდატები არ ეყოთ და კოალიცია ევროკავშირისადმი ცალსახად დადებითად განწყობილ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან შექმნეს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კამერონისთვის ცხადი გახდა, რომ ევროსკეპტიკოსი მხარდამჭერების განაწყენება შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდა. ამიტომაც მან პირობა დადო, რომ 2015 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმს დანიშნავდა. ამ დროისათვის მისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ მისი პარტია მარტო შეძლებდა მთავრობის ფორმირებას და, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ მორიგი სამთავრობო კოალიციის წარმოქმნისას, ლიბერალ-დემოკრატები ამ ინიციატივას მკაცრად დაუპირისპირდებოდნენ, რაც, საბოლოოდ, მის დაბლოკვას გამოიწვევდა. თუმცა 2015 წლის მაისში ისე მოხდა, რომ ტორები მარტო მოვიდნენ უმრავლესობით, ლიბ-დემებმა კი კრახი განიცადეს და 56-ის მაგივრად, პარლამენტში მხოლოდ 8 მანდატის მოპოვება შეძლეს. პრემიერ-მინისტრს რეფერენდუმის დანიშვნის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა, თავდაპირველ თარიღად მან 2017 წლის ბოლო თვეები დაასახელა. თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალმა მიგრანტების ტალღებმა და დამძიმებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ ევროკავშირი რთულ ვითარებაში ჩააგდო, კემერონმა კი იგრძნო, რომ მისთვის პოლიტიკური ამინდი უარესდებოდა – დროის გაწელვა მისთვის მხოლოდ წამგებიანი იქნებოდა. 2015 წლის ნოემბერში მან გამოაცხადა, რომ რეფერენდუმამდე იგი ევროკავშირთან რეფორმირების მიზნით დაიწყებდა მოლაპარაკებებს. ძირითადი საკითხები სუვერენიტეტი, ემიგრაციული პოლიტიკა, ფინანსურ-ეკონომიკური რეგულაციები და გლობალური კონკურენტუნარიანობა უნდა ყოფილიყო. 2016 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი თანახმა იყო მის შიგნით განსხვავებულ ვალუტებზე ეზრუნა, განეახლებინა მიგრანტების ლიმიტები და შეემცირებინა რეგულაციები. თუმცა პოტენციურმა მასობრივმა მიგრაციამ და ევროპის დედაქალაქებში მომხდარმა საზარელმა ტერაქტებმა სასწორი კვლავ გააწონასწორა და მოწინააღმდეგე მხარეები რეფერენდუმამდე ფაქტობრივად თანაბარ მდგომაროებაში ჩააყენა.

ლეიბორისტები, გასული წლის არჩევნებზე გაძლიერებული შოტლანდიის ნაციონალური პარტია, ლიბერალ-დემოკრატები და მწვანეები დარჩენის კამპანიაში არიან ჩართული, ხოლო UKIP ერთადერთი მოწინავე პარტიაა, რომელიც ევროსკეპტიკურ პოზიციას გამოხატავს. როგორც თავიდანვე იყო მოსალოდნელი, რეფერენდუმმა მმართველი პარტია ორ ნაწილად გაყო – დარჩენას პრემიერი და სამთავრობო კაბინეტის ძირითადი ნაწილი ლობირებს, როცა ევროკავშირის დატოვების კამპანიას ლონდონის ყოფილი მერი, ბრიტანული პოლიტიკის ბოლო ხანების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ფიგურა, ამბიციური და სკანდალებით ცნობილი ბორის ჯონსონი ჩაუდგა სათავეში, რომელიც სავარაუდოდ დაუნინგის ქუჩას უმიზნებს და რეფერენდუმით ცდილობს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას (თანაც კემერონს გაცხადებული აქვს, რომ მესამედ აღარ აპირებს კენჭისყრას). გამოკითხვების შედეგები მუდამ ცვალებადია – გაზაფხულზე შედარებითი უპირატესობა დარჩენის კამპანიას ჰქონდა, ბოლო დღეებში კი გასვლა დაწინაურდა. საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა ულტრამემარჯვენე თომას მეირის მიერ ლეიბორისტი პარლამენტარის, ჯო კოქსის 16 ივნისის საზარელ მკვლელობამდეა შედგენილი, რაც, დიდი ალბათობით, რეფერენდუმზე გარკვეულ გავლენას იქონიებს.

მაშ ასე – გაერთიანებული სამეფო უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგას – 23 ივნისის რეფერენდუმი უდავოდ გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ფაქტია, რომ ორივე შემთხვევაში, ძალზე რთული სავარაუდოა, თუ როგორ განვითარდება ქვეყნის როგორც საშინაო, ისევე საგარეო საქმეები.

 

სტატიის ავტორი: ანტონ კოკაია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *