პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

უშიშროების საბჭო და თანასწორობის პრობლემა?

20 Jun , 2016  

საერთაშორისო სამართალი ფორმალურად აღიარებს სუვერენული თანასწორობის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად ყველა სახელმწიფო მათი გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსების ოდენობის, პოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული ზომისა თუ მოსახლეობის რაოდენობის, სამხედრო ძლიერებისა თუ პოლიტიკური გავლენის მიუხედავად სამართლებრივად ერთმანეთის თანასწორია და, მაშასადამე, თანასწორად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაც. თუმცა გაეროს აქვს ორგანო, უშიშროების საბჭო. გაეროს უშიშროების საბჭო არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთადერთი ორგანო, რომლის რეზოლუციებიც სავალდებულოდ შესასრულებელია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ეს ორგანო გადახედავს გაეროს გენერალური ასამბლეის, ანუ ყველა წევრი სახელმწიფოს კრების, მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებს და აქვს მათი გაუქმების/დაბლოკვის უფლება. გაეროს უშიშროების საბჭო მათ შორის გადახედავს გენ. ასამბლეის გადაწყვეტილებებს გაეროში ახალი წევრების მიღების თაობაზე, ანუ უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე გაეროში არცერთი ახალი წევრი არ მიიღება! დღევანდელ მსოფლიოში კი, სადაც მხოლოდ 2 სახელმწიფო, ვატიკანი და ტაივანი, არ არიან გაეროს წევრები, გაეროს წევრობა უდრის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებას. ეს ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე სახელმწიფო დამოუკიდებელი ვერ გახდება!

უშიშროების საბჭო ასევე არის ერთადერთი ორგანო, რომელიც საერთაშორისო სამართლით უფლებამოსილია დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა წინააღმდეგ გამოიყენოს სამხედრო ძალა. არცერთი ცალკეული სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე არ არის უფლებამოსილი, წამოიწყოს ომი. ტყუილია, რომ ომის გამოცხადება დღევანდელ მსოფლიოში სამართლებრივად აკრძალულია, ამის გაკეთება გაეროს უშიშროების საბჭოს და მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია მართლზომიერად! მას შეუძლია, ცალკეულ სახელმწიფოებს ან სახელმწიფოთა ჯგუფს დაუწესოს ეკონომიკური სანქციები, ემბარგო, მოახდინოს მათი იძულებითი განიარაღება, მოახდინოს სახელმწიფოს საჰაერო სივრცისა და პორტების ბლოკადა, აუკრძალოს სახელმწიფოს მოქალაქეებს მის ფარგლებს გარეთ გასვლა და ბოლოს, გამოიყენოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა.

ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო საკითხზე: როგორ კომპლექტდება უშიშროების საბჭო? ვის აქვს მსოფლიოში მსგავსი უპრეცედენტო ძალაუფლება? უშიშროების საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგანაც 10 აირჩევა გარკვეული ვადით, დანარჩენი 5 კი (რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) არიან მუდმივი წევრები. 10 დროებით წევრს ირჩევენ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. კერძოდ კი მსოფლიო დაყოფილია გეოგრაფიულ რეგიონებად და თითოეული მათგანიდან აირჩევა წევრთა საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ამ მსოფლიო რეგიონთა შორის ცალკე არ არის ახლო აღმოსავლეთი. ასევე აღსანიშნავია, რომ ასარჩევ სახელმწიფოთა ოდენობა რეგიონების მიხედვით მათში მდებარე სახელმწიფოთა და ამ სახელმწიფოთა მოსახლეობის ოდენობის კატასტროფულად არაპროპორციულია. მაგ. დასავლეთ ევროპასა და აზიას უშიშროების საბჭოში შეუძლიათ აირჩიონ წევრთა თანაბარი ოდენობა. ახლა წარმოიდგინეთ, მარტო ინდოეთში ცხოვრობს მილიარდნახევარი ადამიანი, რაც დასავლეთ ევროპის მოსახლეობას მინიმუმ 5–ჯერ მაინც აღემატება. მარტო ახლო აღმოსავლეთში იმდენი სახელმწიფოა, რამდენიც– დასავლეთ ევროპაში, მეტი თუ არა.

მაგრამ ყველაზე მთავარი ახლა მოდის: გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას, აშშ–ს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, საფრანგეთის რესპუბლიკასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, აქვთ ე.წ. „ვეტოს“, ანუ უშიშროების საბჭოს ნებისმიერი რეზოლუციისა თუ გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება, ცალკე თითოეულს ამ ხუთიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ თუნდაც 15–დან 14 უშიშროების საბჭოს წევრი უჭერდეს მხარს რაიმე გადაწყვეტილებას, თუ ზემოხსენებული 5–დან თუნდაც ერთ–ერთი ეწინააღმდეგება, გადაწყვეტილება ვერ მიიღება, ის დაიბლოკება, მოკვდება!

ამ ხუთმა სახელმწიფომ უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება დაიწესეს იმ საბაბით, რომ მათგან 4– საბჭოთა კავშირი, აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი არიან მე–2 მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები, ჩინეთი კი მიღებულ იქნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი მოსახლეობის სახელმწიფო. მხედველობაში იქნა მიღებული ისიც, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე აგრეთვე მიმდინარეობდა მე–2 მსოფლიო ომი და ის წინააღმდეგობას უწევდა იაპონიის საოკუპაციო/იმპერიალისტურ ძალებს. რატომ ჩაანაცვლა საბჭოთა კავშირი მხოლოდ რუსეთმა და არა– მისი დაშლის შედეგად აღდგენილმა 15ვე სახელმწიფომ? იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფო მსოფლიოში; არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა და ტანკ–გამანადგურებლებისა და ატომური იარაღის მფლობელი. სწორედ ამიტომ მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იქნა ცნობილი საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან სამართალმემკვიდრედ საერთაშორისო ურთიერთობებში.

უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრის ეს უფლებამოსილებანი ნიშნავს 2 მთავარ რამეს: 1. 5 ზესახელმწიფოდან, სამართლებრივი იმპერიიდან, ნებისმიერმა მთელი თავისი სამეზობლოს დედაბუდიანად ამოწყვეტა რომ გადაწყვიტოს, გაერო ვერაფერს იზამს, რადგან დაინტერესებული სახელმწიფო ჩარევის შესახებ რეზოლუციას დაბლოკავს. სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება და ვერც მოხერხდება საქართველოსა თუ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს სამშვიდობო მისიისა და დამკვირვებლების განთავსება, სანამ უშიშროების საბჭო ზემოთაღწერილი წესებით იმოქმედებს. 2. თუ რომელიმე სახელმწიფო იქნება იმდენად უბედური, რომ მას გადაემტერება ხუთიდან ერთი მაინც, დანარჩენი 4 კი მას გაწირავს ან სხვა სიკეთეებში გაუცვლიან მეხუთე უძლეველს, მისი საქმე წასულია: გაერო მას არ და ვერ დაიცავს და მისი წინააღმდეგობაც შეიძლება, უკანონოდ იქნეს ცნობილი, მისი ხელმძღვანელობა კი– დამნაშავედ შერაცხული და საერთაშორისო სასამართლოში გასამართლებული. თითქოსდა ისიც საკმარისი არაა საყოველთაო უსამართლობის სამართლებრივი განმტკიცებისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს 15 ქვეყანა იღებს; თითქოს ის არაა საკმარისი, რომ რეგიონების კვოტები კატასტროფულად არაპროპორციულია; თითქოს ის არაა საკმარისი, რომ იმ 10 არჩევით წევრსაც კი როტაციის ან შემთხვევითობის პრინციპით კი არ ირჩევენ, არამედ იმათ, ვისაც რეგიონში ყველაზე მეტი გავლენა, ე.ი ყველაზე მეტი ტანკი, ბომბდამშენი ან ნავთობ–ჭაბურღილი აქვს. ეს ყველაფერი სუვერენული თანასწორობის ფეხქვეშ გასათელად არ იყო საკმარისი, რომ 5 სახელმწიფოს მიენიჭა მთელი მსოფლიოს სახელით და მთელი მსოფლიოს შესასრულებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება! თუ ამ 5 სახელმწიფოდან რომელიმეს გავლენის სფეროში არ შედიხარ, უშიშროების საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შენი სახელმწიფოს განადგურების შესახებ!

და ბოლოს, ყველაზე საშინელი ისაა, რომ გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს სტრუქტურასა და მასში გადაწყვეტილების მიღების წესს ვერ შეცვლის ამ 5 მუდმივმოქმედი წევრის თანხმობის გარეშე! გამოდის ჩაკეტილი წრე: გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ისე მისცეს თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება 5 სახელმწიფოს, რომ უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს, არ დაიტოვეს ამ გადაწყვეტილების შეცვლის მექანიზმი! არ აღმოჩნდა საკმარისი ამ 5 სახელმწიფოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური უპირატესობები სხვა სახელმწიფოებზე, რომ სამართლებრივადაც განმტკიცდა და დაკანონდა ეს უთანასწორობა?!

ერთადერთი რამ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა, განსაკუთრებით კი მუდმივმოქმედ წევრთა, განუკითხაობას, მსოფლიო ჰეგემონიის დამყარებასა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უხეშ და სწრაფ შელახვას უშლის ხელს, არის ამ სახელმწიფოთა შორის არსებული ფარული თუ აშკარა კონკურენცია, რის გამოც უჭირთ ხოლმე მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა. მართალია, ამბობენ, რომ მუდმივმოქმედი წევრები საკმაოდ იშვიათად ბლოკავენ ხოლმე რეზოლუციებს, მაგრამ ეს ხდება ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევებში, რაც ერთისმხრივ, ხშირად ხელს უშლის საბჭოს ეფექტურობასა და იმ მიზნის შესრულებას, რომლისთვისაც ის არსებობს, (მაგ. საქართველოს, უკრაინისა თუ სირიის შემთხვევაში), მეორესმხრივ კი ხელს უშლის მუდმივმოქმედ წევრებს, სრულად გამოიყენონ მათთვის მინიჭებული სამართლებრივი ძალაუფლება და შეზღუდონ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და სუვერენული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

სტატიის ავტორი: ესმა გუმბერიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *