პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

თალიბანის ახალი ლიდერი და ორგანიზაციის ხელახალი გაერთიანების შანსი

21 Jul , 2016  

მანსურის ლიკვიდაცია

2016 წლის 21 მაისს ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან, ქალაქ კუეტასთან, ბელუჯისტანის პროვინციაში ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად დაიღუპა თალიბანის ლიდერი ახტარ მუჰამედ მანსური. თალიბანის ზოგიერთი წევრი პაკისტანის სპეცსამსახურებს მისი ადგილმდებარეობის ამერიკელებისათვის მიყიდვაში ადანაშაულებდა. მეორე დღეს მისი სიკვდილი დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ავღანურ-პაკისტანურ ურთიერთობებში, ცენტრალური აზიის უსაფრთხოებაში, ასევე აშშ-ის პოლიტიკაში ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ და ა.შ.

მანსურის სიკვდილს ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მაგრამ ეს თავდასხმა ამერიკა-პაკისტანის ჩახლართული ურთიერთობების კარგი ილუსტრაციაცაა. 2011 წლის შემდეგ, როდესაც ობამამ პაკისტანური მხარის ნებართვის გარეშე გასცა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ბრძანება, ეს აშშ-ის მიერ თვითნებურად ჩატარებული პირველი ოპერაციაა. ფაქტია, რომ თალიბანის უმაღლესი ოფიციალური პირები და ამ ორგანიზაციის ლიდერი თავისუფლად ახერხებენ პაკისტანის ტერიტორიაზე გადაადგილებას, რაც ეწინააღმდეგება პაკისტანის ხელისუფლების მუდმივ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პაკისტანი თავშესაფარს არ აძლევს თალიბანის ლიდერებს. შეტევის შემდეგ ობამას ოფიციალური ისლამაბადისთვის ბოდიში არ მოუხდია. მან ოპერაცია დაახასიათა, როგორც „მარტივი თავდაცვითი შემთხვევა“. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პაკისტანური სპეცსამსახურებისა და არმიის ელიტა სიმპათიებით იყო განწყობილი მანსურის მიმართ. ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები  უკვე ჩაშლის პირას იყო მისული, რადგან ბოლო თვეებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწიეს, ამიტომ მანსურის ლიკვიდაცია აშშ-მა მოცემულ მომენტში ჩიხიდან გამოსასვლელ ერთადერთ გზად მიიჩნია. ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი მისაღები, რადგან აშშ-მა გაანადგურა პაკისტანის ხელისუფლების მთავარი მოკავშირე როგორც ავღანელ, ასევე პაკისტანელ პუშტუნებში.

აშშ-მა რამდენიმე კვირით ადრე შეატყობინა პაკისტანს, რომ მანსური მათი მთავარი სამიზნე იყო და პაკისტანის სპეცსამსახურებისგანაც (ISI) მიიღო ზოგადი ცნობა მისი მდებარეობის შესახებ. ამერიკულმა მხარემ გაარკვია თალიბანის ლიდერის ადგილსამყოფელი, მოიპოვა თანამგზავრული ფოტოები და აკვირდებოდა მანსურის  გადაადგილების მარშრუტებს მის საბოლოო ლიკვიდაციამდე. ბევრი ამბობდა, რომ მანსურისთვის მომაკვდინებელი შეცდომა იყო მობილური ტელეფონის ხშირი გამოყენება. თალიბანი თავიდან სარწმუნოდ არ მიიჩნევდა ლიდერის გარდაცვალების ამბავს, რადგან მანსურის სხეული ძალიან იყო დაზიანებული, ხოლო თავი – გახლეჩილი. საბოლოოდ თალიბანმა დნმ-ის ტესტით დაადასტურა ნეშთის ავთენტურობა.

პაკისტანელების მსგავსი ქმედების მიზეზი მხოლოდ ამერიკელი მოკავშირეების დახმარება არ ყოფილა, უფრო მეტად მათ ჰქონდათ იმედი, რომ ორგანიზაციის ლიდერი მათი პროტეჟე სირაჯ-უდ-დინ ჰაკანი გახდებოდა, რაც თალიბანს მთლიანად პაკისტანური გავლენის ქვეშ მოაქცევდა. მათი იმედი არ გამართლდა და ჯერ კიდევ რჩება იმის შანსი, რომ ახუნდ-ზადეს ლიდერობისას მოხერხდება სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევა.

ახალი ლიდერის არჩევა

მანსურის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად დაიწყო შიდა მოლაპარაკებები ახალი ლიდერის არჩევის შესახებ. მანსურის ლეგიტიმაციას სერიოზულად აკნინებდა მისი პროცედურულად სწრაფი გალიდერება, რადგან ავღანეთის შორეულ პროვინციებში საველე მეთაურებმა პოსტ-ფაქტუმ გაიგეს, რომ ომარის გარდაცვალება დადასტურდა და მანსური გახდა ახალი ხელმძღვანელი.  ლიდერის ცვლილებამ შიდა კონფლიქტი გაამწვავა. ამ უკმაყოფილებას მანსურის მიმართ აძლიერებდა არა მხოლოდ მისი მყიფე ლეგიტიმაცია, არამედ ხშირი საუბრები ლიდერის პირად სიმდიდრეზე, არაადეკვატურ ხარჯებზე და თალიბანის ოფიციალური ანგარიშებიდან პერსონალური მიზნებით დიდი თანხების გამოყენებაზე. ეს მაშინ, როცა მოლა ომარი კონსერვატიულად ცხოვრობდა. ჰაიბათ-ულ-ლაჰ ახუნდ-ზადე სოფლის მოლის ვაჟია ყანდაჰარიდან. მისი არჩევა ბევრს ძალიან გაუკვირდა, რადგან ის არ გახლდათ ორგანიზაციის შიგნით ცნობილი ადამიანი. მეტად მოსალოდნელი იყო სირაჯ-უდ-დინ ჰაკანის ან მოლა იაკუბის არჩევა,  მაგრამ ორივეს მიმართ არსებობდა საკმაოდ წინააღმდეგობრივი გარემოებები. მოლა იაკუბი 25 წლისაც არ არის და გამოცდილება აკლია. ის ცოტა ხნის წინ გახდა შურას წევრი და ნომინალურად გადაეცა ძალაუფლება 15 პროვინციის სამხედრო ქმედებების სამართავად. ჰაკანი ისედაც ძალიან ცნობილი, ალ-კაიდასთან დაკავშირებული პირია. მოლა მანსურის დროს ის მეორე მოადგილის პოსტს იკავებდა და სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, მაგრამ შურას მრავალი წევრის აზრით, ის ზედმეტად ახლოს იდგა პაკისტანურ სპეცსამსახურებთან.

როდესაც მიმდინარეობდა საუბარი თუ ვინ იქნებოდა ახალი ლიდერი, სამი ძირითადი პრეტენდენტიდან ავღანეთის მთავრობა ყველაზე ნაკლებად სირაჯ-უდ-დინ ჰაკანის ისურვებდა ლიდერად, რადგან ის ცნობილია, როგორც შარშან მომხდარი თავდასხმების ოპერატიული ხელმძღვანელი. მისი ფინანსური კავშირები და მხარდაჭერა პაკისტანიდან შესაძლოა საშიში კომბინაცია ყოფილიყო ავღანეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის. თუმცა მას არ ჰქონდა მხარდაჭერა სამხრეთ ავღანეთის თალიბ მეთაურებში. ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა მოლა ბარადური, რომელიც ომართან დაახლოებული პირი იყო, მაგრამ ის პაკისტანში შინაპატიმრობაში იმყოფება.

თალიბანმა  ახალ ლიდერად საერთაშორისო მედიისთვის ნაკლებად ცნობილი სასულიერო ლიდერი მოლა ჰაიბათ-ულ-ლაჰ ახუნდ-ზადე აირჩია და, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ამის შემდეგ ავღანურ მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსები კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა არ განულებულა. ახალი ლიდერის ოჯახი ნურზაის ტომიდანაა. მისი ოჯახი პაკისტანში საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ გადავიდა და მან ცხოვრების დიდი ნაწილი კუეტაში (პაკისტანური ქალაქი, თალიბანის მმართველი შურას შეკრების ადგილი) გაატარა ჯერ როგორც ლტოლვილმა, შემდეგ როგორც სტუდენტმა და ბოლოს როგორც თალიბანის წევრმა. მის რელიგიურ და იურიდიულ ცოდნას ძალიან აფასებდა მოლა ომარი და მუდმივად ახლოს ჰყავდა. სანამ ჰაიბათ-ულ-ლაჰ ახუნდ-ზადე მანსურის მოადგილე გახდებოდა, ის ხელმძღვანელობდა მადრასებს (რელიგიურ სკოლებს), სადაც ახალგაზრდებს რადიკალურ ისლამს ასწავლიდნენ, რომლებსაც შემდეგ თალიბანი რეკრუტირებისთვის იყენებდა. ახუნდ-ზადეს არჩევა მიანიშნებს, რომ ის გახდება ორგანიზაციის გამაერთიანებელი, რადგან მანსურის ბევრი მოწინააღმდეგე მისთვის მშობლიური ნურზაის ტომიდან იყო.

მოლა ახუნდ-ზადე მკაფიოდ უპირისპირდება ავღანეთის ეროვნული ერთიანობის მთავრობას, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მისი ლიდერობის პერიოდში თალიბანის ქმედებები უფრო სასტიკი გახდეს. აშშ-ში უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ქვედა დონის, რეგიონულ ლიდერებთან უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები, რათა შურამ ზეწოლა მოახდინოს ლიდერზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

მისი არჩევის შესახებ განცხადება 2016 წლის 25 მაისს გამოქვეყნდა. 11 ივნისს ალ-კაიდას ლიდერმა აიმან აზ-ზავაჰირიმ ახალ ლიდერს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, რაც იმის ნიშანია, რომ ალ-კაიდას სურს ძლიერი თალიბანი, რათა ავღანეთში ისლამური სახელმწიფო არ გაძლიერდეს. ზავაჰირიმ 14 წუთიანი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მხარდაჭერას უცხადებს ახუნძადას და მას უწოდებს „მორწმუნეთა ამირს“  და ისლამური სახალიფოს „ლეგიტიმურ“ ხელმძღვანელს, ანუ ხალიფას.

ახუნდ-ზადემ მოლა ახტარ მანსური მისი სიკვდილიდან 3 დღეში ჩაანაცვლა. მანსური უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2016 წლის 21 მაისს. ახალი ლიდერი შურას დაჰპირდა, რომ შურს იძიებს მანსურის მკვლელობის გამო. თალიბანის განცხადებით,  შურას ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახუნდ-ზადეს კანდიდატურას, რადგან ეს მათი „ვალდებულება იყო“. განცხადებაშივე დასახელდა ლიდერის ორი მოადგილის ვინაობა: მავლავი სირაჯ-უდ-დინ ჰაკანი და მავლავი მოჰამად იაკუბი. ეს მოადგილეები ორგანიზაციის უფრო რადიკალურ, ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ.

ახუნდ-ზადეს პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მთავრობასთან ბუნდოვანია, მაგრამ ის რადიკალი რელიგიური ლიდერია და, სავარაუდოდ, მის ექსტრემისტულ ხედვებთან ახლოს არ დგას ქაბულთან მოლაპარაკება. თალიბებისთვის ის ახალი სახე არ არის, რადგან მანსურის მეორე მოადგილე იყო (ჰაკანის შემდეგ). ახუნდ-ზადე რელიგიური პირია თალიბანის დაარსების პერიოდიდან და ძალიან ახლოს იყო მოლა ომართან,  რომელმაც ის თავის მასწავლებლად მოიხსენია. ახალი ლიდერი ცნობილია, როგორც „ქვის ხანის მოლა“ რომელსაც თალიბანის მტკიცედ სწამს.

ჰაიბათ-ულ-ლაჰ ახუნდ-ზადე, როგორც თალიბანი აცხადებს,  47 წლისა, სხვა წყაროებით 56-ის. წარმოშობით, წინა ორი ლიდერის მსგავსად, ყანდაჰარის პროვინციიდანაა. ახუნდ-ზადე ჩართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. 1996-დან 2001 წლამდე, როდესაც ქვეყნის უდიდეს ნაწილს თალიბანი მართავდა, ის სასამართლო სისტემაში მუშაობდა,  ორგანიზაციის დამარცხების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრი იყო 2001 წლიდან. ის იყო პასუხისმგებელი თალიბანის უმრავლეს ფათვებზე, რომლებიც ლეგიტიმაციას აძლევდა ტერორისტულ აქტებსა და სამხედრო მოქმედებებს. ახუნდ-ზადეს ამ ფოტოზე თავიდან ამბობდნენ, რომ ეს თვითონ არ იყო, რადგან ის იმდენად რადიკალი ისლამისტია, რომ ფოტოების გადაღებას ეწინააღმდეგება, თუმცა შემდეგ თალიბანთან დაკავშირებულ ტვიტერის ანგარიშზე დაიდო ინფორმაცია ახალი ლიდერის არჩევაზე, რომელსაც ეს ფოტო ჰქონდა თან დართული.

2015 წლის 29 ივლისს თალიბანმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მათ აღიარეს, რომ 2013 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა ორგანიზაციის დამფუძნებელი და ლიდერი მუჰამედ ომარი. ახტარ მანსური მისი მოადგილე იყო 2010  წლიდან და შემდეგ უკვე ლიდერი გახდა. მავლავი ჰაიბატულა ახუნდ-ზადეს მოადგილედ დანიშვნა იყო მანსურის მიერ იშქაზაის პუშტუნი ტომის წინ წამოწევა და ტომობრივი ბალანსის დარღვევა თალიბანის შიგნით. მანსურისგან განსხვავებით ახალ ლიდერს აქვს სერიოზული რელიგიური განათლება და შეუძლია ისევ გააერთიანოს თალიბანი. წინა ლიდერი თალიბანს დაარსებისთანავე შეუერთდა, მაგრამ მას რელიგიური ლეგიტიმაცია აკლდა, მაშინ, როცა მანსური საკუთარ თავს ამირ ალ-მუმინინს უწოდებდა, ანუ ის გახლდათ მეომარი-მოლა. მის არჩევას შიდა დაპირისპირება მოჰყვა თალიბანში  და ზოგიერთმა გავლენიანმა მეთაურმა ის არ აღიარა ლიდერად. სწორედ ამიტომ, არსებობს ვერსია, რომ მანსური არ აურჩევია შურას ლიდერად და არც ახუნდ-ზადეა მათ მიერ არჩეული. ამ ფრაქციას ხელმძღვანელობს მოლა იაკუბი (მოლა ომარის შვილი) და ის დაუმორჩილებლობას უცხადებდა წინა ლიდერს და შესაძლოა იგივე გააგრძელოს ახლაც, რადგან, მისი აზრით, თალიბანმა „დაივიწყა ომარის დანატოვარი და მანსური ადგა ომარის საწინააღმდეგო გზას“.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციის ლიდერის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობასა და სტაბილურობაზე, ასევე ცენტრალურ აზიაში საერთაშორისო ურთიერთობებზე. ასევე ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივები, შეიძენს თუ არა რეალურ მნიშვნელობას და მოიტანს თუ არა პოზიტიურ ცვლილებებს ავღანეთის მოსახლეობისთვის.

გამოყენებული ვებრესურსები:

  1. http://www.nytimes.com/2016/05/24/us/politics/afghanistan-pakistan-taliban-leader.html
  2. http://www.globalsecurity.org/military/world/para/taleban-mullah-akhundzada.htm
  3. http://www.nytimes.com/2016/05/25/world/asia/afghanistan-taliban-new-leader.html
  4. http://www.nytimes.com/2016/05/27/insider/a-taliban-surprise-uncovering-a-shadowy-new-leader.html
  5. http://www.nytimes.com/2016/05/26/world/asia/afghanistan-taliban-new-leader.html?_r=0
  6. http://www.nytimes.com/2016/05/27/insider/a-taliban-surprise-uncovering-a-shadowy-new-leader.html

სტატიის ავტორი: გიორგი ლოლაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *