პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ემანუელ მაკრონი – ლიბერალური ცენტრის აღმასვლა

25 Feb , 2017  

 „როცა პოლიტიკა მისიის ნაცვლად პროფესიაა, პოლიტიკოსები უფრო საკუთარი თავის მსახურები ხდებიან, ვიდრე საზოგადოების.ემანუელ მაკრონი

 

ჩვენ ისტორიულად გამორჩეულ ეპოქაში ვცხოვრობთ. საფრანგეთში წელს უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. შარშან რეფერენდუმზე ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა, ხოლო აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი მომავალი ექნება ნატოსა და ევროკავშირს – ორგანიზაციებს, სადაც გაწევრიანება ჩვენი სურვილი და მიზანია. ამას ემატება რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში და მისი ჩართულობა სირიის კონფლიქტში.

საფრანგეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე დიდ გავლენას ახდენს ყველა ამ პროცესზე და საინტერესოა ვინ გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი. არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე – 7 მაისს გაიმართება. უკანასკნელი გამოკითხვებით არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სამ კანდიდატს აქვს: „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენს, მემარჯვენე-ცენტრისტი „რესპუბლიკელების“ პრაიმერის გამარჯვებულ ფრანსუა ფიიონს და ყოფილ სოციალისტს, ამჟამად პარტია „En Marche-ის“ დამფუძნებელს და ლიდერს ემანუელ მაკრონს. ხუთშაბათს გამოქვეყნებული ბოლო კვლევების მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის მხარდაჭერას მარინ ლე პენი მიიღებს პირველ ტურში (27.5%), ხოლო ემანუელი მაკრონსა (22%) და ფრანსუა ფიიონს (21%) შორის სხვაობა მინიმალურია და მეორე ტურის წინ ძალიან დაძაბული ბრძოლა გველის. ამავე კვლევის მიხედვით მარინ ლე პენი ყველა შესაძლო კონკურენტთან მარცხდება მეორე ტურში.

არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთი ფავორიტი ემანუელ მაკრონია, ამიტომ საინტერესოა ვინ არის ის და რა იდეებით აპირებს მართოს ქვეყანა. 39 წლის კანდიდატი პიროვნული რეიტინგით ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის და ძალიან ქარიზმატულია.

ემანუელ მაკრონი დაიბადა ქალაქ ამიენში. ის ექიმების ოჯახში პირველი შვილი იყო. მაკრონზე დიდი გავლენა მოახდინა ბებიამ, ვისთანაც შაბათ-კვირას ატარებდა. მანვე შეაყვარა მაკრონს კლასიკური მუსიკა და მისი პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაშიც შეიტანა წვლილი. პრეზიდენტობის კანდიდატი კერძო სკოლაში დადიოდა და კარგად სწავლობდა, ასევე გამორჩეული იყო, როგორც ძლიერი პიანისტი და მსახიობი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან მისი მომავალი მეუღლე ბრიჟიტ ტრონიე, რომელიც ლათინურისა და ფრანგული ენების პედაგოგი იყო. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელია და ამის გამო რუსული მედია წინასაარჩევნოდ ემანუელის სექსუალურ ორიენტაციაზე ბევრს საუბრობს და მის დემონიზებას ცდილობს, თუმცა მეორე საკითხია რამდენად მოახდენს გავლენას საფრანგეთის მოსახლეობის არჩევანზე მაკრონის ჰომოსექსუალობის შესახებ ეჭვები.

 

მაკრონის პოლიტიკური ხედვები

თავად მაკრონი საკუთარ თავს ფრანგული მერიტოკრატიის პროდუქტს უწოდებს, მაგრამ იგი მაინც ფრანგული ელიტის წარმომადგენელია. თუნდაც იმიტომ, რომ პრესტიჟულ სასწავლებელში, ENA-ში მიიღო განათლება. 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის ლაგოსში, ნიგერიაში საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა და როდესაც ნახა, რომ „არამეინსტრიმული“ პარტიის ლიდერმა ჟან-მარი ლე პენმა შეძლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა. სავარაუდოდ, ის მაშინ მიხვდა, რომ ტრადიციული პოლიტიკური პარტიები, მოსახლეობის გამოწვევებს ადეკვატურ პასუხებს ვერ სცემდნენ. შესაძლოა სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა შემდგომში მან საკუთარი პარტიის შექმნა და დიდი უარყოფითი რეიტინგის მქონე „სოციალისტური პარტიიდან“ კენჭისყრაზე უარის თქმა. მაკრონი საკუთარ თავს იდეოლოგიურად სოციალისტად არასდროს თვლიდა და ამის საჯაროდ აღიარება ხშირად მის მიმართ მმართველი პარტიიდან დიდ ანტიპათიას იწვევდა. ის უფრო ცენტრისტი ლიბერალია, 90-იანებში განახლებული სოციალ-დემოკრატიის – „მესამე გზის“ მიმდევარი. მაკრონი კარგად აცნობიერებს, რომ ეკონომიკას ბაზარზე უკეთ ვერაფერი ამუშავებს, თუმცა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმდიდრის გადანაწილების და მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენის მხარდაჭერას. მისი ეკონომიკური ხედვების კარგი მაგალითი მისივე სიტყვებია:

 

„ბიზნესის მიმართ ფრანგული დამოკიდებულების რომანტიკული ან კლასიკური ხედვა ასეთია: „ეს ფრანგული კომპანიაა, არავის მივცეთ მასზე შეტევის უფლება, დავბლოკოთ ნებისმიერი გაერთიანება. თუმცა სინამდვილეში Alcatel-Lucent არ არის ფრანგული კომპანია, ეს გლობალური კომპანიაა, მისი მთავარი ბაზრები ჩინეთი და აშშ არიან, მას მფლობელებიც უცხოელები ჰყავს და მისი მენეჯერების უმრავლესობაც არ არიან საფრანგეთის მოქალაქეები’’

 

აქტიურ პოლიტიკაში ის 2006 წლიდან ჩაერთო, როდესაც სოციალისტური პარტიის წევრი გახდა და სეგოლენ რუაიალს დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა მისი დამარცხების შემდეგ, მალევე „როტშილდის“ ბანაკში დაიწყო მუშაობა, სადაც მას მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვა ევალებოდა. ამ წლებში მიღებულმა გამოცდილებამ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ფრანგი მემარცხენეების ტრადიციული პასუხი „სახელმწიფო, სახელმწიფო, სახელმწიფო!“ არ არის ყველაზე ეფექტიანი გზა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. მას ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის უფრო სჯერა, ვიდრე ბევრი სოციალური დახმარებისა. ეკონომიკის მინისტრობის დროს ის ხშირად აკრიტიკებდა 35 საათიან სამუშაო კვირას.

 

ეკონომიკის რეფორმატორი მინისტრი

2014 წელს ფრანსუა ოლანდმა გადაწყვიტა თავისი ეკონომიკური პოლიტიკა შეეცვალა და სოციალისტი არნო მონბურის ნაცვლად ეკონომიკის მინისტრად მისი ეკონომიკური მრჩეველი, ემანუელ მაკრონი დანიშნა.  მონბური რადიკალი მემარცხენე იყო და მისი შეცვლით საფრანგეთის ეკონომიკური პოლიტიკის ლიბერალიზაცია უნდა დაწყებულიყო.  მაკრონი დანიშვნამდე ბევრად ადრე იყო სოციალისტური მთავრობის ეკონომიკური გეგმების მიმართ კრიტიკულად განწყობილი. ოლანდის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის ზედა განაკვეთი 75% უნდა გამხდარიყო, მან განაცხადა: „ეს არის კუბა, მხოლოდ მზის გარეშე.“

მისი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზანი რეგულაციების შემცირება იყო, რათა ქვეყანა როგორმე ორ ძირითადი გამოწვევას: ძალიან მცირე ეკონომიკური ზრდას და მკვეთრად ზრდად უმუშევრობას გამკლავებოდა. ამ მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების მთელი პაკეტი, რომელსაც ოფიციალურად „ზრდის, აქტივობისა და თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების აქტი“ ჰქვია ოფიციალურად, მაგრამ მედიაში Loi Macron-ს უწოდებენ. რას გულისხმობდა ეს ცვლილებები? 5-10 მილიარდი ევროს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, SNCF-ის (საფრანგეთის რკინიგზის კომპანიის) მონოპოლიის გაქრობას ამ ბაზარზე, შრომის კოდექსით ტურისტულ ზონებში თვეში ერთხელ კვირა დღეს მუშაობის დაშვებას და სხვა ტიპის რეგულაციების ლიბერალიზაციას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების გატანა უმძიმესი დებატების ხარჯზე მოხერხდა, თუმცა ამან მინიმალური გავლენა მოახდინა საფრანგეთის ეკონომიკაზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ამის კარგი ილუსტრაციაა ის, რომ საფრანგეთის ბიუჯეტი მშპ-ს 57%-ია, რაც კატასტროფულად დიდი რიცხვია. მაკრონის მინისტრობის დასაწყისში უმუშევრობა 10.3%(2014) იყო, ხოლო მისი გადადგომის შემდეგ უმუშევრობის მაჩვენებელი 10.4%(2016). ამავე წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.2%(2014), 1.2%(2015), 0.4%(2016) იყო.

საპრეზიდენტო კანდიდატი

2016 წლის 30 აგვისტოს მაკრონმა დატოვა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა და დაიწყო დამოუკიდებელი კამპანია. საფრანგეთში ცენტრიზმის ძლიერი ტრადიცია არსებობს და ცენტრში მყოფი ამომრჩეველი ერთ-ერთი უდიდესია. ისტორიულადაც საფრანგეთს ჰყავდა ცენტრისტი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი. ბოლო წლებში ცენტრისტულ განწყობებს ფრანსუა ბაირუ წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი სტაბილური ამომრჩეველი ყოველთვის ჰყავდა. მან 2007 წლის არჩევნების პირველ ტურში ხმების 19% მიიღო, ხოლო 2012-ში – 9%. ემანუელ მაკრონმა ცენტრს სრულიად ახალი ენერგია შესძინა, ამას ემატება ის, რომ სოციალისტური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი ბენუა ამონი გახდა, რომელიც მაკრონზე ბევრად რადიკალი მემარცხენეა (მაგ: ის ემხრობა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შემოღებას), ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტულ ფლანგზე თეტჩრისტი ფრანსუა ფიიონია, რაც ძალიან მოსახერხებელ კონფიგურაციას ქმნის მაკრონისთვის. 22 თებერვალს ბაირუმ ალიანსი შესთავაზა ემანუელ მაკრონს და ისიც მალევე დათანხმდა ამ შეთავაზებას. ეს ალიანსი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მისი გაპრეზიდენტებისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის არჩევნებიც გაიმართება, სადაც გაირკვევა რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობის შემადგენლობას და ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი. ემანუელ მაკრონს ახლადშექმნილი პარტია ჰყავს და ორტურიან მაჟორიტარულ სისტემაში საკმაოდ რთული იქნება En Marche-ისთვის უმრავლესობის მოპოვება. შესაბამისად, ბაირუსთან ერთად მას გაუმარტივდება მეტი მანდატის მოპოვება ეროვნულ ასამბლეაში.

რამდენიმე დღის წინ, ემანუელ მაკრონი ალჟირში იმყოფებოდა და საფრანგეთის ქმედებებს კოლონიალიზმის ეპოქაში ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უწოდა, რაც შორს დგას ტრადიციული გოლისტური ხედვებისგან. პრეზიდენტობის კანდიდატმა ეს განცხადება ყოფილი კოლონიებიდან ემიგრირებული საფრანგეთის მოქალაქეების გულის მოსაგებად გააკეთა, მაგრამ ძალიან მწვავე რეაქცია მიიღო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერისგან და ბოდიშის მოხდაც მოუხდა იმ ფრანგებისთვის, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ და ომის შემდეგ საფრანგეთში გადავიდნენ.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამ გააძლიერა მაკრონის რიტორიკაში პოპულიზმის დოზა, ის 18 წლამდე ახალგაზრდებს დაჰპირდა კულტურული აქტივობებისთვის ყოველწლიურად 500 ევროს, რომლითაც ისინი შეძლებენ შეიძინონ წიგნები, დაესწრონ კულტურულ ღონისძიებებს და ა. შ. დაახლოებით მსგავსი პროგრამა უკვე განახორციელა მატეო რენციმ იტალიაში.

საფრანგეთის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მაკრონის ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალისგან შედგება:

  • 2019 წლისთვის 5-დან 4 საფრანგეთის მოქალაქე აღარ გადაიხდის საცხოვრისის გადასახადს (la taxe d’habitation);
  • 35 საათიანი სამუშაო კვირა შენარჩუნდება, მაგრამ ახალგაზრდებს ექნებათ უფლება უფრო დიდი ხანი დაჰყონ სამუშაო ადგილებზე, ხოლო შედარებით უფროსებს 31-32 საათი;
  • მაკრონის ყველაზე არაპოპულარული დაპირებაა 5.7 მილიონიანი სახელმწიფო აპარატის 120 000 ადამიანით შემცირება;
  • GDP-ის მიმართ სახელმწიფოს ხარჯები შემცირდება 3%-ით, რაც დაახლოებით 60 მილიარდი ევროა.

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მიგრაციაა. ამ საკითხზე მაკრონის საარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ერთი წინადადებაა: „თავშესაფრის მისაღები პროცედურების შემცირება.“ სავარაუდოდ ის ყველაზე მწვავე შეტევებს სწორედ ამ ჩანაწერის შესახებ მიიღებს საპრეზიდენტო დებატებში ფრანსუა ფიიონისა და მარინ ლე პენისაგან.

ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკური ხედვები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ევროკავშირის აქტიური მხარდამჭერია, ასევე იზიარებს ტრადიციულ სოციალისტურ ხედვებს მიგრაციასთან დაკავშირებით და არ აპირებს პოლიტიკის მნიშვნელოვნად შეცვლას ამ მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ხედვები რუსეთთან დაკავშირებით. 2016 წლის იანვარში, მოსკოვში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესის პროგრესთან ერთად ზაფხულისთვის სანქციების მოხსნა იყო მიზანი. თუმცა 1 წლის შემდეგ მაკრონი რუსული მედიის მთავარი სამიზნეა, რადგან მარინ ლე პენის საგარეო პოლიტიკური ხედვები პირდაპირ თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთან სირიაში, ასევე ლე პენის სურვილია დატოვოს ევროკავშირი. ფრანსუა ფიიონი ბოლოდროინდელი სკანდალის გამო სავარაუდოდ ვერ შეძლებს მეორე ტურში გასვლას, თუმცა მასაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან პრემიერ-მინისტრობის დროს. ამ ფონზე მთელი რუსული პროპაგანდისტული მანქანა მაკრონის წინააღმდეგაა განწყობილი, ხოლო მისი პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მისი კამპანიისას რუსეთიდან ათასობით ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რადგან რუსეთს სხვა ფავორიტები ჰყავს ამ არჩევნებზე. ემანუელ მაკრონმა ღიად გააკრიტიკა დონალდ ტრამპი: „ანტი-ევროპელი და ანტი-გლობალისტი ექსტრემისტები იგებენ არჩევნებს, მაგრამ დროა საფრანგეთმა გააკეთოს საპირისპირო.“ ასევე მან ამერიკელ მეცნიერებს მოუწოდა საფრანგეთში ჩასვლისკენ. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება საფრანგეთ-აშშ-ს ურთიერთობა მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი, ემანუელ მაკრონმა კი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ძირითად გამოწვევებს ადეკვატურად უნდა უპასუხოს. არის დიდი შანსი, რომ მას კოაბიტაცია მოუხდეს სხვა პარტიის წარმომადგენელ პრემიერ-მინისტრთან, რამაც შესაძლოა დამატებითი წინაღობები შეუქმნას საკუთარი პროგრამის განხორციელების პროცესში, მაგრამ წინ არჩევნებია, სადაც მსოფლიო პოპულისტური ტალღის ფონზე მან ურთულესი ამოცანა უნდა გადაჭრას და მარინ ლე პენი დაამარცხოს.

სტატიის ავტორი: გიორგი ლოლაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.

გამოყენებული მასალები:

  1. http://www.leparisien.fr/elections/presidentielle/candidats-et-programmes/le-programme-d-emmanuel-macron-pour-la-presidentielle-2017-17-02-2017-6686394.php
  2. http://www.lemonde.fr/les-decodeurs/article/2015/08/06/ce-que-contient-desormais-la-loi-macron_4714255_4355770.html
  3. http://www.francetvinfo.fr/economie/entreprises/travail-le-dimanche/l-article-a-lire-pour-comprendre-la-loi-macron_770365.html
  4. https://www.theguardian.com/world/2017/feb/17/emmanuel-macron-the-french-outsider-president

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *