პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

რატომ მეშინია მარინ ლე პენის გამარჯვების?

25 Apr , 2017  

 

“მე მაქვს ოთხი პრიორიტეტი, დავუბრუნო ფრანგებს სუვერენიტეტი თავიანთ ტერიტორიაზე, თავიანთ ვალუტაზე, თავიანთ ეკონომიკაზე და თავიანთ კანონმდებლობაზე.” – მარინ ლე პენი

 

7 მაისს საფრანგეთში ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ფრანგები საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ. წინასაარჩევნო კამპანია უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ. არჩევნების მეორე ტურს მთელი მსოფლიო ელის. როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევები ვარაუდობდნენ, მეორე ტურში გასვლა ვერ მოახერხა ვერცერთი “მეინსტრიმული” პარტიის კანდიდატმა: მმართველი „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელმა ბენუა ამონმა ხმების 6.4% მიიღო, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა –  20,01%. ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსმა კანდიდატებმა ჯამში 40%-ზე მეტი მიიღეს, რაც კარგად ასახავს ფრანგი მოქალაქეების განწყობას. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე მემარჯვენე-ცენტრისტული „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა საკუთარ ამომრჩეველს ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ასე მოიქცა სოციალისტების კანდიდატი ბენუა ამონიც. მაკრონს მხარი დაუჭირეს: მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ალან ჟუპემ და მანუელ ვალსმა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბერნარდ კაზნევმა და სხვა უამრავმა ყოფილმა თუ მოქმედმა პოლიტიკოსმა. საფრანგეთი ერთიანდება რადიკალური ნაციონალიზმის წინააღმდეგ. ყველასთვის მოულოდნელად ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონმა (19.62%) საკუთარ მხარდამჭერებს არ მოუწოდა მაკრონის მხარდაჭერისკენ. მან განაცხადა, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხალხს ფაშისტები დაჩაგრავენ, თუ ლიბერალური ელიტის წარმომადგენელი ბანკირები.

საფრანგეთში გასამართი არჩევნების მეორე ტური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანი იქნება ნატოსა და ევროკავშირის მომავალი. მან საკუთარი დაპირებები  144 პუნქტად გამოაქვეყნა და ამით ყველას მარტინ ლუთერის 95 თეზისი გაახსენა. მის დაპირებებში პირველი ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაა. ამ ორგანიზაციის წევრობა კი საქართველოს მიზანია, ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვიპოვეთ  ვიზალიბერალიზაცია და ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, შესაბამისად სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს ორგანიზაცია არ დატოვოს მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სახელმწიფომ, რაც შემდგომში ევროკავშირის არსებობის მიმართაც ბევრ შეკითხვას გააჩენს. ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საფრანგეთი იყოს ნატოს აქტიური წევრი, რადგან ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გაცხადებული მიზანია. ლე პენის დაპირებებში 118-ე პუნქტად ვკითხულობთ: „ნატოს ერთობლივი სამხედრო მეთაურობის დატოვება, რათა საფრანგეთი არ იყოს ჩართული ისეთ ომებში, რომელიც მისი არ არის.“ გარდა ამისა, მარინ ლე პენმა მოსკოვში უკანსაკნელი ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად მოეხსნება რუსეთს დაწესებული სანქციები. ამასთანევე, 2014 წელს ლე პენის პარტიამ,  „ეროვნულმა ფრონტმა“ ჩეხეთში რეგისტრირებული რუსული ბანკიდან ისესხა 9 მილიონი ევრო, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ირიბად რუსეთთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ ამ ადამიანის გეგმები.

 

„ეროვნული ფრონტის“ იდეოლოგია

მარინ ლე პენი ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან-მარი ლე პენის შვილია და მისთვის პოლიტიკაში ჩართვა შეიძლება გააზრებული არჩევანი არც ყოფილა, პოლიტიკამ მის ცხოვრებამდე თავისთავად მიაღწია. 1976 წელს, როდესაც ის მხოლოდ 8 წლის იყო, მის სახლში საზარელი აფეთქება მოხდა, სამიზნე მისი მამა იყო, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. ეს საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია და არავინ იცის ვინ იყო ამ ტერაქტის ორგანიზატორი. 1986 წელს ის „ეროვნული ფრონტის“ წევრი გახდა, ხოლო 2000 წელს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, 2007 წელს ის ხელმძღვანელობდა ჟან-მარი ლე პენის უკანასკნელ საარჩევნო კამპანიას და ამ პერიოდში მან უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. მან კარგად დაინახა, რომ „ეროვნული ფრონტი“ ვერ პასუხობდა მოსახლეობის ეკონომიკურ მოთხოვნილებებს და ამ მიმართულებით აქცენტი საერთოდ არ კეთდებოდა. პარტიის რადიკალიზმის კარგი ილუსტრაციაა ჟან-მარი ლე პენის 2007 წლის საპრეზიდენტო პროგრამის პირველი წინადადება: „მიგრაციის ყოველწლიური ფასი საფრანგეთისთვის არის 60 მილიარდი ევრო, საფრანგეთში პატიმრების 70% უცხოელები არიან, მაშინ როცა ლეგალური და არალეგალური მიგრანტების 95% საფრანგეთში სამუშაო კონტრაქტის გარეშე შემოდის და სოციალური პროგრამების 50%-ის მომხარებელი სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.“ ცხადია ამ ციტატაში აღწერილი საკითხი ბევრი ფრანგისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს მოსახლეობის შეზღუდული ნაწილია, უმრავლესობისთვის ბევრად მწვავე თემებია: შრომის კოდექსი, სოციალური ბენეფიტების რაოდენობა, საპენსიო ასაკი, უმუშევრობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ. ყველა ამ გამოწვევაზე პასუხი შეუძლებელია იყოს მიგრაციის შეზღუდვა და ეს ფრანგებსაც კარგად ესმოდათ.

2002 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების ისტორიულად დიდი ფრაგმენტაციის გამო ყველასთვის მოულოდნელად მეორე ტურში ჟან-მარი ლე პენმა გააღწია (არჩევნების პირველ ტურში მან 4, 804, 713 ხმა მიიღო, რაც ხმების 16.86%-ს შეადგენდა), თუმცა იქ გამანადგურებლად დამარცხდა მოქმედ პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან (ხმების თანაფარდობა: 82-18%). მეორე ტურის წინ მთელს საფრანგეთში დაიწყო მობილიზება, რათა ფაშისტი არ გამხდარიყო პრეზიდენტი, პარიზის ქუჩებში გამოჩნდნენ სტუდენტები ტრანსპარანტებით: „Votez escroc, mais pas facho!“ ალბათ ეს იყო ის მაქსიმუმი, რომლის მიღწევაც „ეროვნული ფრონტის“ მაშინდელ ლიდერს შეეძლო, ამის შემდეგ მან კიდევ ერთი არჩევნები წააგო და პარტიის პრეზიდენტობიდანაც გადადგა. შემდგომში ის საკუთარმა შვილმა გააძევა პარტიიდან და მის განცხადებას ჰოლოკოსტის შესახებ „პოლიტიკური სუიციდი“ უწოდა. (ჟან-მარი ლე პენმა ჰოლოკოსტს “ისტორიის დეტალი უწოდა”  და განაცხადა: „თუ აიღებთ 1000 გვერდიან წიგნს მეორე მსოფლიო ომის შესახებ, იქ ჰოლოკოსტზე მხოლოდ 2 გვერდი შეგხვდებათ, ხოლო გაზის კამერებზე მხოლოდ 10-15 ხაზი.” )

მარინ ლე პენი მხარდამჭერებთან შეხვედრისას

პარტიის რებრენდინგი და „დე-დემონიზაცია“

ეროვნული ფრონტის ისტორიაში გარდამტეხი ის მომენტი იყო, როდესაც 2011 წლის იანვარში მარინ ლე პენმა პარტიის თავმჯდომარეობა ხმების 2/3-ით მოიპოვა. მას ღიად უჭერდა მხარს ჟან-მარი ლე პენი. ამ გამარჯვებას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, რადგან მან პარტიის სტაჟიანი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი ბრუნო გოლნიში დაამარცხა, რომელიც გამორჩეული იყო ჟან მარი ლე პენის მსგავსი რადიკალური ანტი-სემიტიზმით. ძალიან ცნობილია მისი ეს განაცხადა: „მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ საკონცენტრაციო ბანაკების არსებობას, მაგრამ ისტორიკოსებმა უნდა იმსჯელონ  გარდაცვლილების რაოდენობაზე, ასევე გაზის კამერების არსებობაზე.“ ამ გამარჯვებით პარტიის რეტროგრადული ფრთა დამარცხდა. მარინ ლე პენი მამისგან ძალიან განსხვავებული ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის იდეოლოგია არ შეცვლილა და კონცენტრირებულია ზოგადად მიგრაციის შეზღრუდვაზე და რადიკალურ ისლამთან დაპირისპირებაზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მოახერხა ისლამის და მიგრანტების კრიტიკა ერთგვარი პოლიტკორექტულობის საზღრვრებში მოექცია და თავი დაეღწია ისეთი ეპითეტებისგან, რომლებიც ხშირად ისმოდა მამამისის მიმართ. ამასთანავე პარტიის მესიჯბოქსი ბევრად მრავალფეროვანი გახდა. ანტისემიტური რიტორიკის სრულად შეწყვეტასთან ერთად, შეიცვალა პარტიის დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმის მიმართაც. თავის დროზე, ჟან-მარი ლე პენმა ჰომოსექსუალიზმს „სოციალური და ბიოლოგიური ანომალია“ უწოდა. დღეს კი პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი მარინ ლე პენის მეგობარი და ვიცე-პრეზიდენტი, ჰომოსექსუალი ფლორიან ფილიპოა. ის 35 წლის ევროპარლამენტარია „ეროვნული ფრონტის“ სიით, პარტიის წევრების უმრავლესობა მის მიმართ ზიზღს დაუფარავად გამოხატავს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, თუმცა ფილიპომ ფასდაუდებელი სამუშაო გასწია მარინ ლე პენის წარმატებისთვის და პარტიის აქტიური სახეა. საფრანგეთში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები მუდმივად მემარცხენე განწყობიბის იყვნენ და ძირითადად “სოციალისტურ პარტიას” უჭერდნენ მხარს, თუმცა ლე პენის სტრატეგია მუშაობს და უფროდაუფრო მეტი ჰომოსექსუალი აძლევს ხმას “ეროვლუ ფრონტს,” იმის მიუხედავად, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის აპირებს კანონმდებლობის შეცვლას და ჰომოსექსუალ წყვილებს აღარ ექნებათ ბავშვის შვილად აყვანის უფლება, ასევე ერთნაირსქესიანთა ქორწინება სამოქალაქო კავშირით ჩანაცვლდება. როგორც ჩანს, ქორწინების თანასწორობა მათთვის ძირითადი საკითხი აღარაა. მათი აზრით, ჰომოფობების ბირთვს საფრანგეთში მუსლიმები წარმოადგენენ და ზოგადად ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხე ამ ეტაპზე მათთვის ბევრად მნიშნველოვანი გახდა, ვიდრე იდენტობის დაცვა. ამას დაემატა ეროვნული ფრონტის იდეოლოგიური გადასხვაფერება და სერიოზულად მარცხნივ გადახრა. ფილიპოს სახელს უკავშირდება პარტიის დამოკიდებულების შეცვლა ისლამის მიმართ. „ეროვნული ფრონტი“ აღარ არის ღიად ისლამოფობიური პარტია, ის მეტ აქცენტს აკეთებს სეკულარიზმზე და იმაზე, რომ სეკულარიზმი საფრანგეთის უდიდესი მონაპოვარია. ლე პენის რიტორიკა კი დაახლოებით ასეთია, სეკულარიზმის პრინციპებს ემორჩილებიან კათოლიკეები, ემორჩილებიან პროტესტანტები, ემორჩილებიან იუდაიზმის მიმდევრები, ერთადერთი ამის წინააღმდეგი მუსლიმური თემია.

„დე-დემონიზაციის“ პოლიტიკა მუშაობს, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართული რამდენიმე არჩევნები ადასტურებს. 2014 წელს „ეროვნულმა ფრონტმა“ გაიმარჯვა ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთში და ხმების 24% მიიღო, რაც 4 წლის წინანდელ მაჩვენებელზ 21%-ით მეტია. დღეს ევროპარლამენტში საფრანგეთის კუთვნილი 74 ადგილიდან ყველაზე მეტი (24) „ეროვნულმა ფრონტმა“ დაიკავა. 2015 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნულმა ფრონტმა 13-დან ვერც ერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვა, თუმცა მათ რამდენიმე რეგიონში პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, მათ შორის მარინ ლე პენმა საკუთარ ოლქ Hauts-de-France-ში – 47% , თუმცა მეორე ტურში სოციალისტურმა პარტიამ რესპუბლიკელების სასარგებლოდ მოხსნა კანიდატურა და ლე პენი დამარცხდა. იგივე განმეორდა ყველა იმ რეგიონში, სადაც „ეროვნული ფრონტმა” პირველ ტურში გაიმარჯვა. სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მარინ ლე პენმა შეძლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს: გახშირებული ტერორისტული აქტები საფრანგეთში, მიგრანტების კრიზისი ევროპაში, მმართველი პარტიის არაპოპულარობა, ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ წამოწყებული სკანდალი, მარინ ლე პენის მიერ წარმოებული ეფექტური საარჩევნო კამპანია და ასე შემდეგ.

როდესაც 2017 წლის საარჩევნო კამპანიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარინ ლე პენის მხარდამჭერების შეკრებაზე თითქმის არსად ჩანდა მისი პარტიის ლოგო და დროშები. მან საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის სიმბოლოდ სოციალისტების სიმბოლო ვარდი შეარჩია, რომელიც ლურჯად შეღება, რაც სიმბოლურად მისი ეკონომიკური ხედვების ევოლუციის კარგი ილუსტრაციაა. რაც მთავარია, წინასაარჩევნო პოსტერებსა და სხვა სარეკლამო საშუალებებზე არსად ჩანდა მისი გვარი „Le Pen,“ როგორც საკმაოდ არაპოპულარული, მარგინალიზებული ბრენდი და ის ჩანაცვლდა კანდიდატის სახელით – „Marine.“ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას მხარი დაუჭირა იმ ათასობით ფრანგმა, რომლებსაც ეზიზღებოდათ ჟან-მარი ლე პენი, მაგრამ ძალიან უყვართ მისი შვილი და ვერანაირ მემკვიდრეს ვერ ხედავენ მასში. ამას კარგად ასახავს წლევანდელი არჩევნების შედეგები. მარინ ლე პენმა საკუთარი პარტიისთვის რეკორდული 7 679 49321,30% ხმა მიიღო.

 

მარინ ლე პენის ეკონომიკური პროგრამა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყველაზე აქტუალური ორი საკითხია: მიგრაცია და ეკონომიკა. მარინ ლე პენი არალეგალური მიგრაციის 0-მდე დაყვანას, ხოლო ლეგალური მიგრაციის წელიწადში 10 000 მიგრანტამდე შემცირებას ჰპირდება საკუთარ ამომრჩეველს. ემანუელ მაკრონი ამ უმწვავეს საკითხზე სრულიად სხვა პოზიციაზეა და ის თავშესაფრის მიღების მთხოვნელთათვის პროცედურების კიდევ უფრო გამარტივებას აპირებს. ამ ფონზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ამ ორი კანდიდატის ეკონომიკური დაპირებები. „ულტრამემარჯვენე“ მარინ ლე პენის ეკონომიკური მესიჯები ბევრად უფრო მემარცხენეა, ვიდრე მაკრონის.  აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ემანუელ მაკრონი და ფლორიან ფილიპო ერთსადაიმავე საპრეზიდენტო კანდიდატს ყოფილ სოციალისტს, ჟან-პიერ შევენმანს (Jean-Pierre Chevènement) უჭერდნენ მხარს. (1,518,528 – 5.33%) თუმცა მაკრონი იმ პერიოდში ნიგერიაში ცხოვრობდა, ხოლო ახალგაზრდა ფილიპო შევენმანის კამპანიაში მოხალისეობრივადაც იყო ჩართული. ფილიპოს ულტრამემარცხენე წარსული მარინ ლე პენის 2017 წლის პროგრამაშიც კარგად ჩანს.

მისი ძირითადი ეკონომიკური მესიჯი რე-ინდუსტრიალიზაციაა, რაც თავის თავში გულისხმობს ევროკავშირის დატოვებას, ევროზონის დატოვებას, ეკონომიკური საზღვრების აღდგენას და აქტიური პროტექციონიზმის დაწყებას. ამ დაპირებამ ძალიან კარგად მიაღწია ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქებში, სადაც დიდი ხანია დე-ინდუსტრიალიზაციის შედეგად უმუშავრად დარჩენილი მუშები თავს მიტოვებულად გრძნობენ ყველა პარტიისგან. სწორედ ასეთ რეგიონებში: Grand Est-ში(რომლის ადგილობრივი საბჭოს წევრიცაა ფლორიან ფილიპო) და  Hauts-de-France-ში მარინ ლე პენმა ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო. ეს რეგიონები ხასიათდებიან ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებლებით.

გარდა ამისა მარინ ლე პენის ეკონომიკური პროგრამის ძირითადი პუნქტებია:

  • „არასამართლიანი კონკურენციის“ გამო დამატებითი გადასახადის შემოტანა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაასაქმებენ, რათა პრიორიტეტი ფრანგებს მიენიჭოთ.
  •    35 საათიანი სამუშაო კვირის შენარჩუნება.
  • ახალი სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნა, რომელიც იმუშავებს ადამიანების რეკვალიფიკაციაზე, რადგან ბევრი ადამიანია უმუშევარი რობოტიზაციის, უბერიზაციის და ა.შ. გამო.
  • ზღვებისა და ზღვისიქითა ტერიტორიების სამინისტროს შექმნა, რათა სიღრმისეული სტრატეგიული განვითარების გეგმა დაიწეროს ამ რეგიონებისთვის.
  •    „რეალური ეკონომიკის“ დაფინანსების მიზნით მცირე და ძალიან მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კრედიტების სუბსიდირებით.
  • საპენსიო ასაკის დაწევა 60 წლამდე. (დღეს საპენსიო ასაკი 67 წელია, მაგრამ თუ 41 წლის სტაჟი აქვს მოქალაქეს, შეუძლია 62 წლის ასაკში გავიდეს პენსიაზე).
  •   ყველა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმება.

როგორც ვხედავთ, მარინ ლე პენის წინასაარჩევნო პროგრამა, მაკრონის პროგრამასთან შედარებით, სოციალური დაპირებებით უფრო მეტად არის დატვირთული, რაც ზემოთ გამოთქმულ შიშებს მეორე ტურთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამძაფრებს, ამას ემატება ზოგადი კონტექსტი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიიონისა და ლე პენის ერთ-ერთი ძირითადი სათქმელი ამომრჩევლის მიმართ იყო ის, რომ ემანუელ მაკრონის გამარჯვება რეალურად ფრანსუა ოლანდის მეორე ვადით მოსვლის ტოლფასი იქნებოდა. სწორედ მისი ანტი-ისთაბილიშმენტური განწყობაა ყველას შიშის მთავარი მიზეზი, გაბრაზებული ფრანგები, რომლებსაც ძალიან არ მოსწონთ ლე პენი, მაგრამ სურთ ცვლილებები, გაურკვეველია როგორ მოიქცევიან.

 

წარწერა პარიზიდან: “მაკრონი 2017=ლე პენი 2022”

 

დასკვნის ნაცვლად

პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ მარინ ლე პენმა შარლ დე გოლის სიტყვებით მიმართა ამომრჩეველს. ზოგადად, გოლიზმის მიმდევრები „რესპუბლიკელები“ არიან, თუმცა ამ არჩევნებზე თავს დე გოლის მემკვიდრედ მარინ ლე პენიც აცხადებს, რაც ასევე ფლორიან ფილიპოს ინოვაციაა. შარშან 9 ნოემბერს, მისი გარდაცვალების დღეს ის შარლ დე გოლის საფლავზე მივიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ ახალი „ეროვნული ფრონტი“ იყო დე გოლის გზის გამგრძელებელი. ეს ხდება იმ ფონზე, რომ ჟან-მარი ლე პენი მთელი ცხოვრება აკრიტიკებდა მეხუთე რესპუბლიკის მამას.

უკანასკნელი ცნობებით მარინ ლე პენი პარტიის ლიდერობიდან გადადგა. ოფიციალურად ამის მიზიზი ის არის, რომ მას არჩევნების მეორე ტურზე სურს კონცენტრირება, თუმცა ცხადია მას რეალურად ელიტების წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერის მანტიის მორგება და უფრო სახალხო პერსონად გადაქცევა სურს. 7 მაისის არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რომლებმაც სხვა კანდიდატებს დაუჭირეს მხარი ან არჩევნებზე საერთოდ არ მივიდნენ. რთულია დანამდვილებით იმის თქმა, თუ ვის მისცემენ ისინი ხმას. ჟან-ლუკ მელანშონმა მეორე ტურში არცერთი კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ არ მოუწოდა საკუთარ ელექტორატს, რადგან მას წელს ბევრჯერ შეახსენეს 2012 წელს მის მიერ მხარდაჭერილი ფრანსუა ოლანდის წარუმატებელი პრეზიდენტობა. ალბათ სხვა დროს და სხვა ეპოქაში ამაზე არც ვიმსჯელებდით, იმდენად ცალსახა უნდა იყოს, რომ ულტრამემარცხენე და კომუნისტი მელანშონის მხარდამჭერები ლე პენის წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას, მაგრამ დღეს ამის დარწმუნებით თქმა რთულია. მის ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკასთან მარინ ლე პენი ბევრად ახლოსაა, ვიდრე მაკრონი. ფრანგულ გამოცემებში უკვე ქვეყნდება ამ ორი რადიკალის აბსოლუტურად იდენტური წინსაარჩევნო დაპირებების სია, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ჟან-ლუკ მელანშონი ძალიან ღია მიგრაციულ პოლიტიკას უჭერდა მხარს, რისი სრული ანტიპოდიცაა ლე პენი. როგორ მოიქცევა ამ დილემის წინაშე მდგარი მელანშონის 19% ძალიან რთული სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგები მელანშონის მხარდამჭერების უმრავლესობის მაკრონისკენ გადასვლას ვარაუდობენ.

კიდევ უფრო რთული სიტუაციაა ფრანსუა ფიიონის მხარდამჭერებთან მიმართებით. ყველასთვის ცხადია,  რომ ფიიონი პოპულარული არა ლიბერალური ეკონომიკური პროგრამის, არამედ თავისი სოციალური კონსერვატიზმის გამო იყო და შესაბამისად, ფიიონის მხარდამჭერებიც ორ პირობით ნაწილად უნდა დავყოთ. მისი ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც უპირობოდ ზიზღითაა განწყობილი მარინ ლე პენის მიმართ და ყოფილი ჟუპეს მხარდამჭერია(ანუ ცენტრთან უფრო ახლოსაა) ემანუელ მაკრონს დაუჭერს მხარს, თუმცა ის კათოლიკე კონსერვატორები, რომელთათვისაც მიგრაცია, ქორწინების თანასწორობა და სხვა მსგავსი საკითხები უფრო მნიშვნელოვანია ალბათ მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას არჩევენ. როგორია პროპორცია ამ ორ ჯგუფს შორის არავინ იცის.

7 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის ვინაობას გავიგებთ, თუმცა სულ მალე, ივნისში ეროვნული ასამბლეის არჩევნებიც უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, ვერცერთი მეორე ტურში გასული კანდიდატის პარტია ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას, შესაბამისად ორივე მათგანს გაუჭირდება საკუთარი დაპირებების შესრულება და მოუხდებათ უამრავ კომპრომისზე წასვლა. თუმცა ივნისამდე დიდი დროა. მეორე ტურში გადაწყდება ერთიანი ევროპის, ნატოს და თავად საფრანგეთის ბედი. საფრანგეთმა გაირა 15 წლიანი ფრუსტრაცია სამი სხვადასხვა პრეზიდენტისგან და ნაკლებად სავარაუდოა საზოგადოების ისეთი კონსოლიდაცია, როგორიც 2002 წელს. მაგრამ მე მაინც ღრმად მწამს, რომ ფრანგები დარჩებიან რესპუბლიკური იდეების ერთგული, იმ იდეების, რომლისთვისაც მრავალი წელი იბრძოდნენ, ამიტომ 7 მაისს ველი ფრანგი ერის ცალსახა უარს ყველაფერი იმის მიმართ, რასაც მარინ ლე პენი ჰპირდება მათ. მსოფლიოს სჭირდება საფრანგეთი ევროკავშირში და ნატოში და საფრანგეთსაც სჭირდება საკუთარი თავი ამ ორგანიზაციებში.

 

P.S. ემანუელ მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში რადიკალური ცვილელებებს არ უნდა ველოდოთ. ის ცენტრისტია, მისი პროგრამაც საკმაოდ მოკრძალებულია დაპირებების თვალსაზრისით, შესაბამისად, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, მაკრონის გამარჯვებით ნაციონალისტური პოპულიზმის აღზევება არ სრულდება. პირიქით, შესაძლოა დინამიკა ზრდისკენ წავიდეს, რადგან მაკრონს ძალიან გაუჭირდება მისი ეკონომიკური დაპირებების შესრულება ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის გარეშე. მოსახლეობის უკმაყოფილება კი უფროდაუფრო გაიზრდება.

 

სტატიის ავტორი: გიორგი ლოლაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.

გამოყენებული მასალები:

  1. https://www.1843magazine.com/features/marine-le-pen-letrangere
  2. https://www.theguardian.com/world/2017/jan/31/florian-philippot-could-make-marine-le-pen-president-france
  3. https://www.marine2017.fr/wp-content/uploads/2017/02/projet-presidentiel-marine-le-pen.pdf


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *