ისტორია,პოლიტიკა

9 აპრილი…

11 May , 2017  

სანამ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას დავწერ, აუცილებლად უნდა გავიხსენო 2 ფაქტი: მართალია 1989 წლის 9 აპრილს უშუალოდ დაიღუპა 21 ადამიანი, მაგრამ რუსთაველის გამზირზე გაშვებული გაზით მოიწამლა უამრავი, რომელთაგან რამდენი დაიღუპა მომდევნო წლებში ამ მოწამვლასთან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით, ზუსტად არავინ იცის. ჩემს სკოლაში, მაგალითად, ერთ–ერთი აღმზრდელის შვილი, რომელიც 9 აპრილს იქ მოიწამლა, წლების ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. და კიდევ რამდენი იქნებოდა ასეთი. ასე რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია და 21–ს აღემატება. 2. საპროტესტო მოძრაობა 1988 წლის ნოემბერ–დეკემბერში თავიდან დაიწყო აფხაზეთისთვის მე–16 რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების არდაშვების მოთხოვნით, შემდეგ კი, გაიაზრა რა ყველამ, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საბოლოო განთავისუფლება დამპყრობელი ცენტრისგან, რათა აღარ ყოფილიყო საჭირო ამ ცენტრისთვის თხოვნები შიდა სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს რეგიონებისთვის სტატუსის განსაზღვრა, მოთხოვნები შეიცვალა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და მისი დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

9 აპრილი არ არის მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავი, არამედ ის ასევე არის 1991 წელს საქართველოს საბჭოთა კავშირისგან, ანუ ნეორუსული იმპერიისგან, დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავიც. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს იმდროინდელი ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობისადმი,  როგორი სისუსტეებიც მათ არ უნდა გამოეჩინათ მანამდე და როგორი შეცდომებიც არ უნდა დაეშვათ ამის შემდეგ, იმ დროს საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება და შემდეგ მის საფუძველზე დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობისა და განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას დიდი გამბედაობის შედეგი. მაშინ როცა გორბაჩოვი ატარებდა რეფერენდუმს საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ, საქართველოში პირდაპირ ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირის დატოვების შესახებ! საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა უფრო ადრე, ვიდრე საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკათა უმრავლესობამ. ამაში მხოლოდ ბალტიისპირა სახელმწიფოებს ჩამოვრჩით, სადაც ეს გაცილებით უფრო უმტკივნეულოდ მოხდა, მაგრამ ამ უმტკივნეულობისთვის არსებობდა მიზეზები. პირველ რიგში ჩვენგან განსხვავებით ბალტიისპირა 3 სახელმწიფო, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი, საბჭოთა კავშირში ყურებით შეათრიეს 1939–1940 წლებში, ანუ საქართველოზე 18 წლით გვიან. ანუ მათ ჰქონდათ უფრო მეტი დრო, ჩამოეყალიბებინათ სახელმწიფოებრიობა და უფრო ნაკლები იმისთვის, რომ მას გადაჩვეოდნენ, უფრო დიდი პაუზა ჰქონდათ რუსეთის იმპერიისმიერ და საბჭოთა კავშირისმიერ დაპყრობებს შორის, რამაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მათი პოლიტიკური ცნობიერების შენარჩუნებაში, მათ ასევე არ გამოუვლიათ 30–იანი წლების ტოტალური რეპრესიები, რომლებმაც, მაგალითად საქართველოში, გამოიწვია მოაზროვნე და პოტენციურად კრიტიკულ–დისიდენტურად განწყობილი ფენის განადგურება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბალტიისპირა რეგიონისგან განსხვავებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს აშშ–ს იმდროინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი მიიჩნევდა რუსეთის შიდა საქმედ, რის თაობაზეც პირდაპირაც გაუკეთებია განცხადებები საჯაროდ. ანუ ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი რუსეთიდან „გამოშვების“ საკითხი დღისწესრიგში შეიძლება, არცკი დამდგარიყო, ჩვენი წინაპრების თავგამოდება და თავდადება რომ არა და ეს უნდა დავინახოთ და დავაფასოთ! იმან, რომ რამდენიმე ასეულათასიანი მიტინგით, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა სხვადასხვა ინტენსივობით, მაშინ მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადეთ, რომ ჩვენც გვინდა დამოუკიდებლობა, რომ ჩვენც გვაქვს უფლება სახელმწიფოს ქონაზე, რომ ჩვენც არ გვსურს და არასდროს გვსურდა საბჭოთა კავშირის წევრობა, მოხსნა ყველანაირი საბაბი, რომ დასავლეთისგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში ვინმეს ეთქვა, რომ დასავლეთმა საქართველოში გადატრიალება მოაწყო ხელოვნურად, რომ  უნდოდა ხალხს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა და „ბოროტმა დასავლეთმა“ არ აცალათ. ცნობისთვის, დღესაც კი ძალიან ბევრი მოაზროვნე და მკვლევარ–მეცნიერი დასავლეთში საქართველოს გასაბჭოებას ოკუპაციად არ მიიჩნევს, რადგან 1. საბჭოთა კავშირის მმართველი სტალინი და სხვა მაღალი რანგის ბევრი კომუნისტი ფუნქციონერი ეთნიკურად ქართველი იყო (ამ არგუმენტს როდესაც უპირისპირებ იმ არგუმენტს, რომ ასე რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მე–2, მაგალითად, ეთნიკურად წარმოშობით გერმანელი იყო, თუმცა როგორც ლიდერი თავიდან ბოლომდე რუსეთის იმპერიის ინტერესებს ემსახურებოდა და ამ სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა, როგორც წესი, გეთანხმებიან და უკან იხევენ_ და 2. თუ საქართველო საბჭოთა კავშირში ძალადობრივად შეიყვანეს, რატომ არ ხდებოდა შეიარაღებული აჯანყებები. როცა მიუთითებ 1921 წელს ოკუპაციის შემდეგ არსებულ არეულობაზე, 1924 წლის აჯანყებაზე, 1940–იან წლებში ნაცისტური გერმანიის მხარეს მყოფ ქართველთა მცირერიცხოვან, მაგრამ მაინც არსებობაზე, 1956 წლის მარტის, 1978 წლის აპრილისა და 1988–1989 წლების რამდენიმე ასეულ ათასიან პროტესტებზე, საკმარისად არ მიიჩნევენ, თავს გააქნევენ. საბჭოთა ოკუპაციის დასადასტურებლად უფრო მეტი სისხლი სჭირდებათ. ისინი საქართველოს ადარებენ უკრაინას, სადაც ანტისაბჭოთა შეიარაღებულმა წინააღმდეგობამ 1945 წლის შემდეგ კიდევ ათიოდე წელს გაგრძელდა, მაგრამ ქვეყნების და მოსახლეობის ზომები და ოდენობებიც ხომ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რესურსებიც. მხოლოდ დასავლეთი უკრაინის ტერიტორია იმხელაა, რამხელაც საქართველო თავის ოქროს ხანაშიც (ახწლ. მე–12–მე–14 საუკუნეები) კი არ ყოფილა. იქ არის უამრავი ტყე, მოსახლეობაც მრავალრიცხოვანია. საქართველოში იმხელა მასშტაბებით და იმ პერიოდით რომ გაგრძელებულიყო წინააღმდეგობა, ქვეყნისგან აღარაფერი დარჩებოდა. უბრალოდ გადავშენდებოდით. საქართველოდან მილიონი ადამიანის დეპორტაცია რომ მოეხდინათ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, სახელმწიფოში მოსახლეობა აღარ დარჩებოდა, მკვიდრ მოსახლეობას ვგულისხმობ.  აუცილებელია, რომ აღნიშნული ინფორმაცია დასავლელ ექსპერტებამდე მიიტანოს ქართულმა დიპლომატიამ, არაფორმალური წყაროებით ან თუნდაც ე.წ „რბილი ძალის“ მეშვეობით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამდენი წელი არ შეიძლება, რომ საზოგადოება ცხოვრობდეს ტყუილსა და გაურკვევლობაში. აუცილებელია, დაიწყოს და ბოლომდე მივიდეს გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის დაღუპვის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. უკვე დროა, ყველაფერი ითქვას და გამოაშკარავდეს. ბოლოსდაბოლოს თუკი ესენი მკვლელობები იყო, განზრახ მკვლელობები, მათი ჩამდენები ალბათ ან უკვე გარდაცვლილები ან საზღვარგარეთ გაქცეულები არიან და… და კიდევ ერთი: ახლა მთავარია, შევინარჩუნოთ მაშინ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მოპოვებული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა, რომელიც დღესაც, დღემდე საფრთხეშია. ჩვენთვის დამოუკიდებლობის მოპოვება არ არის ერთდღიანი, არამედ განგრძობადი პროცესი.

 

ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *