ეკონომიკა,პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუცია და 94-ე მუხლი

15 May , 2017  

მთელი ეს პერიოდი, რაც კონსტიტუციის 94–ე მუხლის, ანუ ე.წ „თავისუფლების აქტის“ განხილვა მიმდინარეობს, ვაღიარებ, რომ კონსტიტუციაში არ ჩამიხედავს, იმის მიუხედავად, რომ სულ ვცდილობდი იმის გახსენებას, თუ რა ხდებოდა 94–ე მუხლში. ჰოდა გუშინ როგორც იქნა გავარკვიე. ეს მუხლი აწესებს იმას, რომ სახელმწიფო გადასახადთა გაზრდის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს მხოლოდ საყოველთაო და ფარული კენჭისყრით.

სწორედ ამ მუხლის ამოღებას ითხოვენ ახლა იმ მიზნით, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს გადასახადების გაზრდა ხალხის პირდაპირი თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე, რათა შესაძლებელი გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფოს, გაეზარდა და გაეფართოებინა სოციალური დახმარებები, შემწეობები და გარანტიები. დახმარებები და გარანტიები, რა თქმა უნდა, საჭიროა და პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღებასაც ვემხრობი, ანუ იმას, რომ რაც უფრო მაღალი შემოსავალი ექნება ადამიანს, თავისი შემოსავლის უფრო მეტი პროცენტიც უნდა შეიტანოს მან ბიუჯეტში. ამ ზომას მრავალი მიზანი აქვს და მრავალი მიზეზიც, მათ შორის ისიც, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის შემოსავალი, მით უფრო მეტადაა მისი საჭიროებები დაკმაყოფილებული და, მაშასადამე, მით უფრო თავისუფალია ის, გადაიხადოს საერთო ყულაბაში მეტი. ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის შემოსავალი, მით უფრო მეტად საჭიროებს ის სახელმწიფოსგან დაცვას (მაგ. დანაშაულისგან), ანუ სახელმწიფოს პოლიციის, ჯარის, საგარეო უწყებების სახით მით უფრო მეტი რესურსი სჭირდება მისი ქონებისა თუ კომპანიის დასაცავად და წინ წამოსაწევად, თუნდაც საზღვარგარეთ მისი ბიზნესის ინტერესების დასაცავად, მისი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. (მაგ. როდესაც საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს ქართული ტურიზმის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის, რასაც თანხები სჭირდება, ის ხომ ამავდროულად ტურიზმში მოღვაწე ბიზნესოპერატორების ინტერესებსაც იცავს). მაგრამ რამდენად დემოკრატიული იქნება გადასახადების გაზრდის საკითხის, რაც ყოველთვის და ყველგან ასეთი მტკივნეულია, მოქალაქეებისგან ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის პირდაპირ და შეუზღუდავად გადაცემა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს ერთ ძალას, რაც საქართველოში საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე და ამჟამინდელი ქართული ოცნების კონსტიტუციური უმრავლესობა არც პირველია და დიდი ვარაუდით არც უკანასკნელი იქნება დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში, ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. გადასახადების გაზრდის უფლების პარლამენტის და მითუმეტეს მთავრობისთვის გადაცემა მოქალაქეებისთვის უკანასკნელი თავდაცვის საშუალების, უკანასკნელი იარაღის აყრა იქნება. ამის შემდეგ ჩვენ დაუცველები ვიქნებით სახელმწიფოს წინაშე, რომელიც მოხარული იქნება, ყოველი საბაბი გამოიყენოს გადასახადების გასაზრდელად. შემოიღებენ ქონების საყოველთაო გადასახადს, რაც ნამდვილად იქნება საკუთრების უფლების ფაქტობრივი უგულებელყოფა. ადამიანები გაიჭყიტებიან ბოლომდე გადასახადების სიმძიმის ქვეშ. საქართველოში ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდება. და პირველ რიგში დაზარალდებიან რიგითი ადამიანები, იმიტომ რომ მილიონერ–მილიარდერებს ყავთ კარგი იურისტები, ლობისტები და ყოველგვარი სხვა საშუალებები, შეინარჩუნონ სიმდიდრე და თავი აარიდონ გადასახადებს. ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით არ ემხრობა 94–ე მუხლის ამოღებას, მაგრამ როცა იქნება, ის დაინახავს თავისთვის ამ მუხლის ამოღების სიკეთეს, მაგრამ ჩვენ ამით არაფერს მოვიგებთ, რიგითი მოქალაქეები. და თუ გვინდა პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღება,მოვითხოვოთ რეფერენდუმის დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაუჭერს ამას მხარს ჩემი ჩათვლით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ჩემს ოჯახს ვერასდროს ექნება იმხელა შემოსავალი, ეს რომ შეგვეხოს და თუ ექნება, ღმერთმა მოგვცეს და რატომ არ გადავიხდით, თუ გვექნება, გადასახდელადაც მზად ვიქნებით. ოღონდ პროგრესულ გადასახადებსაც უნდა ჰქონდეს ჭერი. არ შეიძლება, თუნდაც ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების ნახევარი ან მეტი მიქონდეს სახელმწიფოს. აშშ–ში არსებული 39%–იანი მაქსიმალური ზღვარი მიზანშეწონილია. შეიძლება, 35%–იც იყოს. ერთჯერადად გადასახადების გაზრდისთვის კამპანიასაც ექნება აზრი, თუ ადამიანებს ავუხსნით, რისთვის არის ეს საჭირო, თორემ ბრძოლა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ხელიდან კიდევ ერთი უკანასკნელი ბერკეტი გამოვართვათ არ მგონია მიზანშეწონილი და არც ლოგიკური, დემოკრატიულ სახელმწიფოს თუ ვაშენებთ.

ჩემთვის ის, რომ ეს მუხლი უნდა ამოვიღოთ იმის გამო, რომ ის ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიღო, არ არის არგუმენტი; ჩემთვის ის, რომ არ შეიძლება, კონსტიტუციით წესრიგდებოდეს საგადასახადო საკითხი, იმიტომ რომ ის ხშირხშირ გადახედვას საჭიროებს, არ არის არგუმენტი, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა არის აუცილებელი და ხანგრძლივ პერიოდში, უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ერთი პარტიის მიერ ქვეყნის მართვის პერიოდია ხოლმე; ჩემთვის 94–ე მუხლის ამოღების არგუმენტი არც ისაა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნორვეგია და ნიდერლანდები, აკრძალულია საგადასახადო საკითხის რეფერენდუმზე გატანა, იმიტომ რომ ჩვენ იმ ქვეყნებს არაფრით არ ვგავართ და პირველ რიგში იმათგან ტოტალურად განვსხვავდებით იმით, რომ ხალხს საქართველოში საერთოდ არ გააჩნია ხელისუფლებისადმი ნდობა და არც აქვს ამ ნდობის საბაბი, საფუძველი და მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ სულ რამდენიმე წლის წინ, სულ რაღაც ათეული წლის წინ ვცხოვრობდით ტოტალური სახელისუფლებო კორუფციის პირობებში, გამხრწნელი კორუფციისა, შესაბამისად ჩვენ, საქართველოში, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ხელისუფლებას მივცეთ უფლება, გადაგვიწყვიტოს, რამდენი უნდა გადავუხადოთ თავისი ჭკუით და თავის ნებაზე, თორემ ხელისუფლებას არ გაუჭირდება ჩვენი ბოლომდე მიკოტრება! ჩვენ არ ვართ არც ნორვეგია, არც ნიდერლანდები და ესტონეთიც კი არ ვართ, რომ ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ხელისუფლება ჩვენს ინტერესებში იმოქმედებს!

ერთადერთი, რაც ჩემთვის არის 94–ე მუხლის არა ამოღების, არამედ მხოლოდ ოდნავი ცვლილების, არგუმენტი, არის ის, რომ ამ მუხლის მიხედვით რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მთავრობა, ექსკლუზიურად მთავრობა და არც მოქალაქეთა 200 ათას ხელმომწერს და არც– პარლამენტს, მის რომელიმე ფრაქციას ან დეპუტატთა ჯგუფს, არ აქვს საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის უფლება. საჭიროა, 94–ე მუხლში ჩაიწეროს, რომ მთავრობის გარდა ამ რეფერენდუმის ინიცირების უფლება აქვს 200 ათას ამომრჩეველს, პარლამენტს, პრეზიდენტს, ფრაქციას, დეპუტატთა ჯგუფს: მოკლედ ყველა იმ სუბიექტს, ვისაც ჩვეულებრივ, კონსტიტუციით დადგენილ, შემთხვევაში აქვს ხოლმე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის უფლება. ერთადერთი არგუმენტი, რაც შეიძლება, 94–ე მუხლის გაუქმების მოთხოვნისთვის გამოდგეს არის ის, რომ საქართველოში რეფერენდუმი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ანუ რბილად რომ ვთქვათ კიდევ კარგახანს, ვერ ჩატარდება, რადგან რეფერენდუმი კონსტიტუციის მიხედვით უნდა ტარდებოდეს მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ ამ ნორმის განმარტებაც შეიძლება ისე, რომ მოხერხდეს რეფერენდუმის ჩატარება. ხომ ჩატარდა რეფერენდუმი პარლამენტის წევრთა არაუმეტეს 150 წევრამდე შემცირების თაობაზე. შესაბამისად ამ მდგომარეობიდანაც არსებობს გამოსავალი.

ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *