ისტორია,პოლიტიკა

ჩაუშესკუ?

1 Jul , 2017  

რუმინეთში რომ ვცხოვრობდი, რაღაცებს ვკითხულობდი იმ ქვეყნის ისტორიის შესახებ. ზოგადად ისტორია ძალიან მაინტერესებს და იურიდიულზე რომ არ გადამეწყვიტა სწავლა, ალბათ რამე ისტორიასთან დაკავშირებულს ვისწავლიდი. ჰოდა აღმოვაჩინე, რომ ჩაუშესკუს, რუმინეთის კომუნისტი დიქტატორის, გასამართლებასა და სიკვდილით დასჯაში ბევრი კითხვა და გაუგებარი რამ არსებობს. ზოგადად როგორც ინგლისურენოვანი, ისე რუსულენოვანი სტატიებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რუმინეთში კომუნისტური ხელისუფლების შეცვლა მოხდა არა რევოლუციის ანდა საპროტესტო მოძრაობის შედეგად, როგორც სხვა მრავალ ევროპულ სახელმწიფოში მოხდა ეს და თუნდაც საქართველოში, არამედ უფრო გადატრიალების გზით. 1989 წლის დეკემბრის 20–იან რიცხვებამდე, როცა ჩაუშესკუს რეჟიმი დაემხო, რუმინეთში არ შეინიშნებოდა მრავალრიცხოვანი და სისტემატური საპროტესტო აქციები. ახლა საქართველოს რომ შევადაროთ, საქართველოში ჯერ 9 აპრილამდე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, 1989 წლის 9 აპრილის მერე 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 2 წლის განმავლობაში, ხომ სულ საპროტესტო რეჟიმში იყო ქვეყანა. რუმინეთში იყო ერთი საპროტესტო ტალღა ქვეყნის დასავლეთ საზღვრისპირეთში, ის ჩაახშეს ტანკებით და რამდენიმე დღეში ჩაუშესკუს რეჟიმიც დაემხო. თანაც როცა დაემხო, აღმოჩნდა, რომ სამხედრო მეთაურების დიდი ნაწილი თურმე ჩაუშესკუს მოწინააღმდეგეები ყოფილან და ეგრევე გადავიდნენ რევოლუციის მხარეს.

ჩაუშესკუ გაასამართლა სამხედრო ტრიბუნალმა, მაშინ როცა ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მაინც სამოქალაქო პირი იყო ქვეყნის მართვის ეტაპზე და საერთოდაც ჩაუშესკუს არ ჰქონია საერთოდ რაიმე სამხედრო გამოცდილება ხელისუფლებაში მოსვლამდე, ამიტომ ის, მინიმუმ სამოქალაქო წესით უნდა გასამართლებულიყო ალბათ. აღარაფერს ვამბობ იმ დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელ საპროცესო პრინციპთა სრულ უგულებელყოფაზე, რაც მისი გასამართლებისას მოხდა. მას არ შეატყობინეს, რომ ის დაპატიმრებულია. როცა დააკავეს, უთხრეს, რომ მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აკეთებდნენ ამას. სანამ სასამართლო დარბაზში არ შემოიყვანდნენ, არ უთქვამთ, რომ გასამართლებას უპირებდნენ; სამხედრო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს მანამ, სანამ მისი გასაჩივრების ვადები ამოიწურებოდა და ა.შ.

შეიძლება ეს ყველაფერი კიდევ გავამართლოთ იმით, რომ არადემოკრატიულ ძალასთან დემოკრატიული მეთოდებით ბრძოლა შეუძლებელია, რომ დროზე რომ არ გაესამართლებინათ, მისი მომხრე უშიშროების ძალები მას გაათავისუფლებდნენ და ქვეყანა ქაოსში ჩაეფლობოდა და ა.შ. მაგრამ თუ ამ ყველაფრის განმახორციელებელ „რევოლუციონერებს“ სინდისი სუფთა ჰქონდათ, მაშინ რატომ იყო, რომ ის ექიმი, რომელმაც ჩაუშესკუს დაკავებისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა, შემდეგ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში; რატომ იყო, რომ პროცესის მონაწილე პროკურორ–ადვოკატებიდან ზოგიერთი სულ რამდენიმე დღეში დაიღუპა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ; რატომ იყო, რომ ტრიბუნალის თავმჯდომარემ, სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე მოთხოვნილ საზღვარგარეთ სამხედრო ატაშედ გადაყვანის თაობაზე მოთხოვნაზე მიიღო რა უარი და დაენიშნა რა დაცვა მისივე საჩივრის გამო, რომ მას საფრთხე ემუქრება, რატომ იყო, რომ ამ ყველაფრიდან რამდენიმე დღეში მან გაურკვეველ ვითარებაში ვითომდა თავი მოიკლა?

მე თავისთავად ვერ გავამართლებ ჩაუშესკუს პოლიტიკას. ის იყო დიქტატორი პიროვნების კულტით, საკმაოდ სასტიკი და ნებისმიერი პროტესტისადმი დაუნდობელი რეჟიმით, თვითგანდიდების მანიით. ის აშენებინებდა მთავრობის იმხელა შენობას/რეზიდენციას, რომლის ნახევარსაც კი არ იყენებს დღეს რუმინეთის პარლამენტი იმ დროს, როცა საგარეო ვალების სრულად გასტუმრების სურვილით შეპყრობილი ჩაუშესკუ ამ ვალების გასტუმრების მიზნით ხალხს აშიმშილებდა. მაგრამ ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორებაც არცთუ სუფთახელებიანი ხალხის მიერ მოხდა და ძალიან საეჭვო ვითარებაში. ისე კი პოსტის დასასრულს უნდა ავღნიშნო, რომ როგორი დესპოტური რეჟიმებიც არ უნდა ყოფილიყო რუმინეთში, როგორი ფაშისტი თუ კომუნისტი დიქტატორებიც არ ყავდა, გინდ ჩაუშესკუ, გინდ იონ იონესკუ (ჰიტლერის მოკავშირე ფაშისტი დიქტატორი), ნებისმიერი ამ იდეოლოგიის ხელისუფალი და ხელისუფლება მაინც ფიქრობდა რუმინეთის ეროვნულ ინტერესებზე, ისტორიულ ტერიტორიებსა და გამთლიანებაზე საქართველოს წიაღიდან გამოსულ დესპოტთაგან (სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია) განსხვავებით, რომლებიც სულ გლობალიზმს აწვებოდნენ. იმიტომ იყო, რომ რუმინეთმა საბოლოოდ შეძლო თითქმის სრულად გაერთიანება (მოლდოვას რესპუბლიკის, ანუ როგორც მას რუმინეთში უწოდებენ, ბესარაბიის, და და დღევანდელი უკრაინის შემადგენლობაში მყოფი ბუკოვინას, გამოკლებით, რომელსაც რუმინელები თავიანთ ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევენ და არაოფიციალურად აქვთ კიდეც მასზე პრეტენზია დღემდე). არც ისეთი სიღრმისეული კვლევები მიკეთებია ამ საკითხზე, რამე რომ ვამტკიცო, მაგრამ ზედაპირულად იმ ისტორიულ მოვლენათა გაცნობამ ასეთი შთაბეჭდილებები შემიქმნა.

 

ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *