პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

რა უნდა ვიღონოთ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ?

14 Aug , 2017  

საქართველომ უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ ევროკავშირმა, მისმა წევრმა და საქართველოს სხვა მოკავშირე სახელმწიფოებმა რუსეთს დაუწესონ სერიოზული ეკონომიკური სანქციები შიდა ქართლში ე.წ „საზღვრის“ გადმოწევის გამო და საერთოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, ისევე როგორც ეს გაკეთდა უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინის გამო რუსეთს უამრავი ეკონომიკური სანქცია და პოლიტიკური გართულება აქვს დაწესებული, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო კი– არცერთი. რატომ უნდა გრძელდებოდეს ასე?

ამასთან აუცილებელია, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შიდა ქართლში ამ ე.წ „ადმინისტრაციული საზღვრის“ გადმოწევის გამო. ასევე საქართველოს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც ამ გადმოწევებით ზარალდება, ვისაც ამის გამო სოფლის მეურნეობის წარმოებაში ეშლება ხელი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგის სასამართლო) კოლექტიური სარჩელის შეტანაში რუსეთის წინააღმდეგ მათი საკუთრების უფლების დარღვევის გამო, რისი შესაძლებლობაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით ან თუ რუსეთს მასზე ხელი არ აქვს მოწერილი, მაშინ ამავე კონვენციის მე–8 მუხლის საფუძველზე, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებასა და ხელშეუხებლობას გულისხმობს. ერთი სიტყვით აუცილებელია, რუსეთს გაეცეს მასშტაბური პასუხი საერთაშორისო დონეზე, ყველა ასპარეზზე. ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, სამართლებრივიდან დაწყებული პოლიტიკურით დამთავრებული, თორემ ისე გამოვა, რომ კავკასიაში რუსეთს შეექმნება დაუსჯელობის განცდა და იმის განცდა, რომ აქ რასაც არ გააკეთებს, ყველაფერზე თვალს დახუჭავს საერთაშორისო საზოგადოება, რაც იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი როგორც რუსეთისთვის, ისე– საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ განეკუთვნება ევროპულ სივრცეს, უკრაინისგან განსხვავებით, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. და ბოლოს ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო ღიად უნდა გამოხატოს უკრაინისადმი სოლიდარობა და იქ რუსეთის მოქმედებათა დაგმობა. ყველგან, სადაც უკრაინის საკითხი დგება, იქ საქართველოს საკითხიც უნდა დგებოდეს დღის წესრიგში. ჩვენ ხაზს უნდა ვუსვამდეთ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციისა და დესტაბილიზაციის სცენარების მსგავსებას და რუსეთის მიზნის ერთიანობას. ამასთან უნდა ავღნიშნო, რომ ამ 5 წლის გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ რუსეთთან რიტორიკის შერბილება არაფერს არ შველის, პრობლემის მიჩუმათება საერთაშორისო დონეზე, გაპასიურება, არაფერს არ შველის, იმიტომ რომ რუსეთს პრაგმატულად და გააზრებულად არ სურს რეგიონში სტაბილურობა, მას არ აწყობს აქ მშვიდობა, რადგან ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა უფრო ადვილია. რუსეთს ყოფილი პოსტ–საბჭოთა სივრცე აწყობს არეული, კორუფციაში ჩაფლული, და სხვა ორგანიზებულ დანაშაულებში, სხვადასხვა შიდა თუ გარე პრობლემებით, კონფლიქტებით, ეკონომიკურად სუსტი და ნაკლებად განვითარებული. ეს რუსეთს იმისთვის ჭირდება, რათა თავი რეგიონში ყველაზე მოწინავე, განვითარებულ და სტაბილურობის უზრუნველმყოფ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, რათა ამ ფონზე გამოჩნდეს,როგორც ლიდერი, როგორც ამ რეგიონში სიტუაციის მაკონტროლებელი და „დამლაგებელი“, თორემ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოები სტაბილური, მთლიანი, წარმატებული, განვითარებულნი რომ იყოს, მაშინ რუსეთის როლი რაღა იქნება ამ რეგიონში? ვინღა იქნება საბრძოლველ–დასამარცხებელ–დასაცავი? მაშინ რუსეთი თავის ფუნქციას მნიშვნელოვანწილად დაკარგავს, შესაბამისად მას არ აწყობს სტაბილურობა, მას აწყობს გაყინული და ნახევრადგაყინული კონფლიქტები. სწორედ ეს უნდა წარმოჩინდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას და რუსეთის საგარეო პოლიტიკით სხვა დაზარალებულ სახელმწიფოთა ერთობლივი დიპლომატიური მუშაობის შედეგად საერთაშორისო ასპარეზზე.

კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც რუსეთმა უნდა მიიღოს, არის ის, რომ მსოფლიო დონის აქტორის როლი რომ შეინარჩუნოს, სულ არ არის აუცილებელი, რომ გავლენის სფეროები, მოკავშირე და სატელიტი სახელმწიფოები მაინცდამაინც საზღვრებთან ახლოს, თავის უშუალო სამეზობლოში რომ ყავდეს. აგერ ბრიტანეთის იმპერია: ბრიტანეთის კოლონიები მეტროპოლიიდან (ბრიტანეთიდან) ათეულობით ათასობით კილომეტრით იყო დაშორებული და ის მაინც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა მსოფლიო იმპერიის სტატუსს და თავის  ყოფილ კოლონიებზე დღესაც აქვს გავლენა, მათი უმრავლესობა დღესაც ითვლება ბრიტანეთის მოკავშირედ. იგივე აშშ. რომელსაც სამხედრო ბაზები ასევე მთელ მსოფლიოში აქვს გაფანტული და არა– მაინცდამაინც მხოლოდ თავის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, რაც ასევე არ უშლის ხელს, იყოს მსოფლიო იმპერია. პირიქით მოშორებულ სახელმწიფოთა შორის უფრო მარტივია მოკავშირეთა მოძებნა, რადგან ისინი როგორც წესი ნაკლებად არიან ხოლმე დაზარალებულნი ამ სახელმწიფოს პოლიტიკით. სამხრეთ თუ ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ აზიაში მოიძებნება უამრავი სახელმწიფო, რომელიც, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, პოლონეთის, რუმინეთისა და ბალტიისპირა სახელმწიფოთაგან განსხვავებით, სიამოვნებით გახდებოდა რუსეთის მოკავშირე, მისცემდა მას თავისი სამხედრო ბაზების განლაგების უფლებას და იქნებოდა მისდამი მეგობრულად განწყობილი. იქ ასევე არსებობს უამრავი ბუნებრივი რესურსით მდიდარი სახელმწიფო, ოქრო იქნება ის თუ ნავთობი თუ ნარკოტიკული მცენარეები. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბევრი ტერიტორიაცაა რუსეთის სამეზობლოს მიღმა. ისინი რუსეთისგან ნაკლებად ყოფილან დაზარალებულნი წარსულში ისტორიულად, შესაბამისად ისინი უფრო დათანხმდებიან რუსეთის ჩართულობას. იქ კონფლიქტებიცაა, რომელთა მედიაციაშიც რუსეთს შეუძლია მონაწილეობა, მისდამი შორეულ ქვეყნებში ნაკლები უნდობლობა და ნეგატივი და ისტორიული მეხსიერებაა და იქ უფრო მეტი ავტორიტეტიც ექნება, ვიდრე– რუსეთის უშუალო სამეზობლოში. აქედან გამომდინარე რუსეთის იმპერიული ინტერესებისთვისვე იქნება უფრო ნაყოფიერი, თუ ის ყურადღებას თავისი უშუალო სამეზობლოდან, სადაც სახელმწიფოთა დიდი ნაწილი მისდამი უარყოფითადაა განწყობილი, გადაიტანოს რუსეთისგან გეოგრაფიულად დაშორებულ, მაგრამ მისდამი უფრო ნეიტრალურად განწყობილ და ასევე მნიშვნელოვან რეგიონებზე. რა თქმა უნდა, თუკი ეს მესიჯი წამოვა ოფიციალური თბილისიდან ან კიევიდან, ის რუსეთის პოლიტიკური ელიტის მიერ არცკი იქნება განხილული, ვართ რა ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებული მხარეები უშუალოდ. მაგრამ თუ ეს იდეა წამოვა რუსეთისადმი უფრო ნეიტრალურად განწყობილ სახელმწიფოებში (მაგ. გერმანიაში, სკანდინავიურ ქვეყნებში, შვეიცარიაში, თუნდაც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებში) მოღვაწე ინტელექტუალებისგან, ის შესაძლოა, განხილვის საგანიც გახდეს. აქედან გამომდინარე ჩვენმა დიპლომატიამ, ემიგრაციამ, აკადემიურ, მედია თუ სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ადამიანებმა ეს მესიჯიც აუცილებლად უნდა მიიტანონ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს აკადემიურ წრეებამდე, მედიასაშუალებებამდე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებამდე, რათა მათ შემდეგ განავითარონ ის და რუსეთის ხელისუფლებას მიაწოდონ არა როგორც საქართველოდან წამოსული, არამედ როგორც მათს წრეებში განვითარებული პრაგმატული თეორია.

ამ სტატიაში აღწერილი პოლიტიკის წარმოების 2 მიმართულება ერთი შეხედვით თითქოს ურთიერთგამომრიცხავი და ერთმანეთის საპირისპიროა, თუმცა ეს ასე არ არის. ისინი უნდა იწარმოებოდეს სხვადასხვა დონეზე. პოსტის პირველ ნაწილში აღწერილი პოლიტიკა ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა აწარმოონ, მეორე კომპონენტი კი შესაძლოა, უფრო არაპირდაპირი გზებით იყოს მიღწეული, ე.წ „რბილი ძალის“ გამოყენებით, რაც ასევე არ გამორიცხავს სახელმწიფო ზედამხედველობას მის მიმდინარეობაზე.

 

ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *