რელიგია

ბუდჰისტური სიმბოლიკა

14 Jan , 2019  

სტუპას დანიშნულება შორეულ აღმოსავლეთში

სტუპა არის ყველაზე ძველი ინდური არქიტექტურული ნიმუში რომელსაც ჩვენამდე მოუღწევია. ეს არის მემორიალური ძეგლი, რომელსაც აქვს რელიქვიური, სიმბოლური მნიშვნელობა. ბუდიზმში, სტუპა არის მონუმენტი, რომელიც განასახიერებს მშვიდობას, აყვავებასა და ჰარმონიას, ასევე გამოიყენება მედიტაციისთვის. სიტყვა „სტუპა“ სანსკრიტულიდან ნიშნავს მაღალ წერტილს, სიმაღლეს. ინდოეთში არის სტუპა-რელიქვიები, სადაც ინახება ან ბუდჰას ან იმ პიროვნებათა ფერფლი, რომლებიც ბუდჰიზმის აღიარებული მიმდევრები იყვნენ, თუმცა ასევე არის სტუპა-მემორიალები, რომლებიც ბუდჰისტური ისტორიის რაიმე მნიშნელოვანი მოვლენის საპატივცემმულოდ აიგო.

მიაჩნიათ, რომ ბუდჰა შაკიამუნიმ ცხოვრებაშივე მისცა დანიშნულება მოსწავლეებს იმის შესახებ თუ როგორი უნდა ყოფილიყო სტუპა. ერთ-ერთი სუტრა მოგვითხრობს სტუპას წარმოშობის ისტორიას: ბუდჰას ახლო მოწაფემ, რომლის სახლშიც ინახებოდა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი რელიქვიები, სახლიდან გასვლისას ჩაკეტა კარები, რამაც მოსახლეობა დაანაღვლიანა, რადგან მათ არ შეეძლოთ რელიქვიების თაყვანისცემა. მაშინ ბუდჰა შაკიამუნიმ მიანიშნა ამ ფაქტზე და თქვა, რომ აუცილებელი იყო ისეთი ნაგებობის აშენება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა რელიქვიების შენახვა და ამასთანავე, ყველას თავისუფლად შეეძლებოდა პატივის მისაგებად იქ მისვლა.

რიტუალები, რომლებსაც სტუპის მშენებლობამდე ატარებდნენ საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო. აუცილებელი იყო კარგად შეერჩიათ ადგილი მშენებლობისთვის და მიეღოთ უფლება ადგილობრივი „მიწის სულებისგან გველის კუდით“. ასევე ატარებდნენ რიტუალს სადაც თავს იყრიდნენ ყველა, ადგილობრივი, თუ სხვა სამყაროდან გადმოსული არსებები და მონაწილეობას იღებდნენ ადამიანებან ერთად „განსხივოსნებული გონების“-სტუპას შექმნაში.

თავდაპირველად სტუპას დანიშნულება იყო სულიერი მასწავლებლების რელიქვიების შენახვა, მოგვიანებით კი მისი მშენებლობა დაიწყეს სხვადასხვა მიზეზების გამოც. წმინდა ადგილებში ისინი ასახაავდნენ მნიშვნელოვან მოვლენებს. მთებში, რთულმავალ გზებზე, ისინი რელიგიური ერთგულების სიმბოს გამოხატავდნენ. სჯერათ, რომ სტუპები აწყნარებენ და განდევნიან სირთულეებს, ავადმყოფობას და ეპიდემიებს, მათ მოაქვთ მშვიდობა, ახშობენ ომებს, კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, ადგილობრივებს ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩუქნის, აბალანსებს მთელ გარე სამყაროს.

 

ბუდჰისტის თვალით დანახული სტუპას მშენებლობა

ბევრი ფიქრობს, რომ სტუპა ეს არის რაღაც უბრალო მონუმენტი, თუმცა ბუდჰისტებისთვის ეს არის საკუთარი პოტენციალის გახსნის საშუალება. იგი ეხმარება უფრო ახლოს ჩაწვდეს განსხივოსნების არსს. მათი უმთავრესი დავალება ამ ცხოვრებაში არის-მართო შენი გონება, რათა გაასუფთავო იგი ზედმეტი ემოციებისგან, რომლებიც ხელს უშლიან გონებას დაინახონ განსხივოსნების გზა. ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი ცდილობენ ბუდჰას ბუნებას ჩასწვდნენ. ყველა სახის სტუპა მოქმედებს ერთნაირად, მათი მოვალეობაა-გაანთავისუფლონ გონება გარეგანი დაბინძურებისგან. მიაჩნიათ რომ, სტუპა შეიცავს ბუდჰას ყველა სწავლებას და თითოეულ მის დეტალს გააჩნია დიდი მნიშვნელობა.

არის რამდენიმე ეტაპი რასაც ბუდჰისტი სტუპას მშენებლობისას განსხივოსნებამდე მიჰყავს-
„როდესაც ჩვენ ვიწყებთ პრაქტიკას სტუპასთან ერთად, უმეტეს შემთხვევაში ვამარცხებთ საკუთარ თავს. ყველაფერი იწყება სურვილებით, რომელზე კონტროლიც არცერთ ბუდჰისტს არ გააჩნია-ავაგოთ რაც შეიძლება მეტი სტუპა, რადგან ვთვლით რომ ჩვენი სამყარო ამაზეა დამოკიდებული. მაგრამ ეს სურვილები გვაშორებს განსხივოსნების გზას. როდესაც ამას ვიაზრებთ ვიწყებთ საჭირ-ბოროტოს გარჩევას. ბუდჰიზმში ჩვენ ამას ვეძახით განმასხვავებელ სიბრძნეს. როდესაც ამას ვხვდებით ვაწყდებით შხამს-სიამაყეს, რომელიც უნდა გადავლახოთ, რადგან გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუპას მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. მაგრამ იმ დროს როდესაც სტუპაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევთ უნდა მივხვდეთ რომ ჩვენ ვართ უბრალოდ მრავლის მცირედი, თუმცა აუცილებელი ნაწილი, ვიაზრებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი ჩვენს გარშემო. ბუდჰიზმში ამას ვეძახით თანასწორობის სიბრძნეს. შეიძლება გზად გადავაწყდეთ აგრესიას, სიბრაზეს, როდესაც მორჩილებს ვეუბნებით ერთს-აკეთებენ მეორეს. თუმცა სტუპას დახმარებით შეგვიძლია ჩვენი გრძნობების მიზეზის გააზრება ჩვენ ვიწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ ფუნქციონირებს ყველაფერი. ბუდჰიზმში ამას ვეძახით სარკისებრ სიბრძნეს. შემდეგი რასაც ჩვენ ვაწყდებით ეს არის ეჭვიანობა. რადგან ერთხელ ჩვენ შეიძლება ვყრიდეთ ნაგავს, სხვა კი აკეთებდეს რაიმეს უფრო „მნიშვნელოვანს“ სტუპას მშენებლობისთვის. მაგრამ ამ ეტაპზეც ჩვენ გვევალება მისი გააზრება, როდესაც შეგვიძლია მოვთოკოთ საკუთარი ემოციები, გავიაზროთ მიზეზები და შედეგები. ბუდჰიზმში ჩვენ ამას ვუწოდებთ ყველაფრისმქმნელი სიბრძნე ან გამოცდილების სიბრძნე. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამაში მონაწილეობის მიღებას, შევეჯახებით საკუთარ გაურკვევლობას, როდესაც არ გვეცოდინება სად ვართ და რა ხდება. ჩვენ დავიწყებთ ინტუიტურ განცდას როდესაც უბრალოდ გვეცოდინება როდის, სად და რა უნდა გავაკეთოთ. ბუდჰიზმში ეს ჟღერს როგორც ველგანმყოფი სიბრძნე. რაც უფრო მეტად ვიაზრებთ თუ რა ხდება ჩვენს გონებაში, მით უფრო მეტ თავისუფლებას შევიგრძნობთ. ჩვენ ამ ეტაპების ინტელექტუალურ დონეზე გააზრება არ შეგვიძლია თუმცა ვგრძნობთ სტუპას მნიშვნელობას. ქარი, რომელიც შეეხება სტუპას, მიაღწევს ყველა ცოცხალ არსებამდე და მოუტანს მათ განსხივოსნებას“-ამბობს ბუდჰისტი ბერი ლოპონ ცეჩუ.

ამ სიტყვებში კარგად ჩანს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია ბუდჰისტებისთვის არამარტო სტუპა, არამედ მისი მშენებლობის პროცესიც. იგი რაღაც მხრივ არის ბუდჰას სწავლების პატარა მოდელი, რომელიც გეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, რათა იპოვნო სწორი გზა განსხივოსნებისკენ. როგორ ხვდები ტანჯვას, შემდგომ ცდილობ მის გააზრებას, ეძებ შეწყვეტის მეთოდებს და ადგები გზას, გზას განსხივოსნებისაკენ. მაშინ ხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართალი საქმე და მართალი ძალისხმევა, მართალი ფიქრი და მართალი ცხოვრება.

სტუპას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის მისი შინაგანი შემადგენლობა. სტუპები, რომლებიც იგება ტიბეტის, ნეპალისა და ბჰუტანის ტრადიციის მიხედვით, შიგნიდან ირთვება სხვადასხვა სარიტუალო, ძვირფასი ნივთებით. ეს შესაძლოა იყოს პატარა ქანდაკება, მანდალები, ბუდჰისტური ტექსტები, ცა-ცა1 განსხივოსნებულ მასწავლებელთა რელიქვიები და ასე შემდეგ. ცენტრში მაგრდება სიცოცხლის ხე-„სტუპას ცენტრალური სვეტი“. თითოეული ნაწილის შევსება ხდება ლამას მიერ ჩატარებული რიტუალების შემდეგ. როდესაც სტუპას აფორმებენ შიგნიდან და სრულდება მშენებლობა, ლამა ატარებს დასალოც რიტუალს, ყველა დანარჩენ მონაწილეებთან ერთად, ვინც აგებდა სტუპას-იგი თხოვს ბუდჰებს რათა დაიკავონ ადგილი სტუპაში. ამ პერიოდიდან სტუპა იწყებს მოქმედებას როგორც ძლიერი ბუდჰისტური მდელო ყველა ცოცხალი არსებების სასარგებლოდ.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს განსხივოსნებულ მასწავლებელთა რელიქვიები. მაგალითად განსხივოსნების სტუპაში, ელისტაში მდებარეობს მე-15 კარმაპას2 თმები, მე-16 კარმაპას ტანსაცმლის ნაწილის, მიწა ლუმბინიდან- სადაც დაიბადა ბუდჰა შაკიამუნი, მე-14 კარმანას მძივი და ა.შ. ასევე ანთავსებენ სხვადასხვა სუბსტანციებს, რომლებიც სტუპას აშენების ადგილთანაა დაკავშირებული: მიწა, ბალახი, ქვა და ა.შ. ხოლო იმისთვის რომ ხელყონ ომი და კონფლიქტი, სტუპას ქვემოთ სიმბოლურად დებენ საბრძოლო იარაღს. სტუპა „აფერხებს“ მას, ანუ არ აძლევს ომის ენერგიას განთავისუფლების საშუალებას.

 

სტუპას ფორმები აზიის სვადასხვა რეგიონში

ბუდჰისმის გავრცელებასთან ერთად აზიაში, იზრდებოდა სტუპების რაოდენობაც, თუმცა მათ თითოეულ რეგიონში ახასიათებდათ განსაკუთრებული არქიტექტურული ნიშნები. ეს დაკავშირებული იყო იმ ბუდჰიზმის სწავლებასთან, რომელიც იმ რეგიონში იყო გავრცელებული.

ტიბეტში დაცული იყო მკაცრი არქიტექტურული წესები, რომლებიც მცირედ დეტალებშიც კი შეიმჩნეოდა. ტიბეტში ძირითად ყურადღებას ამახვილებდნენ სტუპას შინაგან აგებულებას. ტიბეტური სწავლება, რომელიც ძველ ინდურ ტექსტებს ეყრდნობოდა, წერილობით შემოინახეს სტუპას ზუსტი პროპორციები და ფორმები. ამ სტანდარტებს ისინი ეყრდნობიან დღესაც და თვლიან, რომ მათი სტილი ყველაზე უფრო ახლოს არის ორიგინალთან.

განსაკუთრებული როლი ტიბეტურ სტუპებში უკავია კალაჩაკრას. თუმცა იგი უფრო მეტად ითვლება არა სტუპად, არამედ ტანტრად.3 პირველად იგი აგებულ იქნა აშოკას მიერ ინდოეთში. ვაჯრაიანას წყაროებიდან ცნობილია, რომ ბუდჰამ თავად ჩაატარა კალაჩაკრას რიტუალი და მისცა დავალება მოსწავლეებს აეშენებინათ სტუპა. რადგანაც კალაჩაკრას ტანტრა გახდა საკმაოდ ცნობილი ტიბეტელთა შორის ტიბეტში ააშენეს რამდენიმე მსგავსი სტუპა, რომელთა პროპორციები მკაცრად იყო რეგლამირებული. დღესდღეობით ცნობილია დაახლოებით ათი კალაჩაკრას სტუპა, რომლიდანაც ზოგი მდებარეობს დასავლეთში.

ჩინეთში, სტუპას ფორმები შეჯერებული იყო პაგოდებთან. მოგვიანებით ეს ფორმები გადაიღეს ვიეტნამში, იაპონიასა და კორეაში. თუმცა მათი აგებულება საკმაოდ განსხვავებული იყო ტრადიციული სტუპებისგან. ისინი ძირითადად ორიენტირებულნი იყვნენ გარეგან მოხატულობასა და ფერზე. მათ აგებდნენ მთებში და მაღალ ადგილებში , ამიტომ გამოხატავდნენ არამხოლოდ ბუდჰას სწავლებას, არამედ გარე ლანდშაფტსაც ამშვენებდნენ. დროთა განმავლობაში, ამამ კვლავ იქონია გავლენა სტუპას ვიზუალზე, რადგან ცდილობდნენ, რომ იგი უფრო შერწყმულიყო ბუნებასთან.

ტაილანდში, ბირმაში და სხვა სამხრეთ აღმოსავლეთის აზიის ქვეყნებში, სადაც ძირითადად თჰერავადას ბუდჰიზმია გავრცელებული, სტუპებმა მიიღეს შედარებით უფრო თანამედროვე სახე. იგი ერთდროულად არის პაგოდების და მონასტრების ნაზავი. ზოგ თჰერავადას ბუდჰიზმის წარმოდგენაში, პაგოდები და სტუპები ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია-ორივე აღიქმება როგორც ტაძარი, ზოგან პირიქით, განასხვავებენ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივ ტაილანდში და ბირმაში სტუპას ფორმა არის კონუსისებრი ფორმის, ოქროსფერი. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი შვედაგონი-98 მეტიანი მოოქროსფერო სტუპა მიანმარში. იგი შეიცავს ოთხ ყველაზე დიდ ბუდჰას რელიქვიას: კვერთხს, ბუდჰა კანაკამუნის წყლის ფილტრს, კაშიაპას ტუნიკის ნაწილს, და შაკიამუნის თმის რვა ღერს.

ბუდჰიზმის გავრცელებასთან ერთად აზიის საზღვრებს გარეთ, დასავლელმა მეცნიერებმა თავიანთ ქალაქებში დაიწყეს სტუპების აშენება. რადგანაც დასავლეთში პირველ რიგში განვითარდა ტიბეტური ბუდჰიზმი, სტუპების უმეტესი ნაწილი აგებულია ტრადიციულ ტიბეტურ სტილში და ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. რათქმაუნდა ბუდჰისტები ტაილანდიდან, ვიეტნამიდან აგებენ ტრადიციულ პაგოდებს, ხოლო თანამედროვე მასწავლებლები ნეპალიდან, აგებენ სტუპებს ტრადიციულ ნეპალის სტილში. სტუპას ვიზუალი ერთდროულად გამოხატავს და აირეკლავს ბუდჰას სწავლებას, რომელიც იმ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ამავდროულად, მასში გაერთიანებულია ადგილობრივთათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი. თუმცა ყველაფრის მიუხედავად მათი მიზანი და ფუნქცია მაინც ერთია.

არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დიდია სტუპა, მთავარია ის ენერგია და მიზანი იმისა თუ რატომ შენდება იგი. შედეგად კი შენ იღებ მას, რასაც ეწოდება სიბრძნე, სუფთა გონება, განსხივოსნება. სტუპა არის ბუდჰიზმის განვითარების თანმდევი მთავარი ფიგურა, ბუდჰიზმის პატარა მოდელი, რომელიც ერთდროულად შეიცავს ყველაფერს, იგი მორგებულია ყველა ქვეყანასა და ყველა კულტურაზე. თუ შევისწავლით სტუპას, მივხვდებით თუ რა ეტაპები განვლო ბუდჰიზმმა, რა სახით მოაღწია ჩვენამდე. გავიგებთ მისი წარმოშობის მიზეზებს. იგი დაგვეხმარება უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი, დავინახოთ ჩვენი ქმედებები შორიდან, გავიაზროთ ყველაფერი და განვთავისუფლდეთ მტანჯველი ემოციებისგან-სწორედ ამ იდეის მატარებელი იყო სტუპა და მომავალშიც ბუდჰიზმის გამომხატველ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ დარჩება.

ავტორი: სალომე ბალიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი

 

ბიბლიოგრაფია:
1) http://artsofindia.tripod.com/buddhistart.htm# Татьяна Попова, “Искусство Индии”- Буддийская архитектура, 2004)
2) https://www.youtube.com/watch?v=dgVqC_k8hWw Владимир Сидоренко, “Ступы чудес”, 2015
3) http://stupaman.org/about-3.shtml Пётрек Качмарек, “Практика строительства ступы” 2011
4) http://stupaman.org/stuff.shtml Пётрек Качмарек, “ Заполнение ступы” 2011
5) http://stupaman.org/about-2.shtml Аналотий Соколов, “Что такое ступа?” 2011
6) Роберт Бир, Энциклопедия тибетских символов и орнаментов, 2011

სქოლიო:
1. ცა-ცა-ტრადიციული რელიეფური გამოსახულება, რომელიც დამზადებულია თიხისგან. იგი წარმოადგენს ბუდჰას, სტუპას ან სხვა დადებითი ენერგიის მქონე სიმბოლოებს. ცაცა გამოხატავს განსხივოსნებილ გონებას და გამოიყენება ასევე ამ მიზნის მისაღწევადაც.
2. „ბუდჰას საქმის მქმნელი“ იერარქიულად მესამე ტიბეტური ბუდჰიზმში პანჩენ ლამას და დალაი ლამას შემდეგ.
3. ტანტრა-ჩამოყალიბდა ინდოეთში. ტანტრები წარმოადგენენ პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს და მითითებებს.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *