პოლიტიკა,ტერორიზმი

სამშვიდობო შეთანხმება თალიბანსა და შეერთებულ შტატებს შორის და მისგან მომავალი საფრთხეები

12 Jun , 2020  

ავტორი : დავით ბერაძე

პოლიტიკური ორგანიზაცია „თალიბანი“ გახლავთ ავღანეთში მოღვაწე ჯგუფი, რომელიც  საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. მათი ძირითადი იდეოლოგია მკვეთრად რადიკალისტურია და ემსახურება ისეთი კულტურული თუ რელიგიური ფასეულობების პატივისცემას, როგორიცაა შარიათის კანონები. „თალიბანი“ დადანაშაულებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-კაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერასა და დახმარებაში. მთავარი ბრალდება, რომელიც „თალიბანის“ წინააღმდეგ არის მიმართული გახლავთ 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-კაიდას“ მებრძოლებისათვის ტერაქტის განხორციელებაში ხელშეწყობა. „თალიბანი“ ასევე დადანაშაულებულია ტერორისტული დაჯგუფებების წევრებისათვის სამწვრთენო დახმარებასა და აღჭურვილობის მოპოვებაში. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში ინტერვენციის შემდეგ 147 მილიარდი დოლარი დაიხარჯა ავღანეთის სახელმწიფოში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიზაციის პროცესისათვის ხელშეწყობაში. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა ავღანეთის შეიარაღებული ძალების გადამზადებასა და სამხედრო აღჭურვილობის გაუმჯობესებას. 2001 წლის შემდეგ, პოლიტიკური ორგანიზაცია „თალიბანის“ გავლენამ და ტერიტორიულმა იურისდიქციამ ამჟამად ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწია. იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში ამ სახელმწიფოში მშვიდობის დამყარებას ემსხვერპლა ათასობით კოალიციური ჯარების სამხედროებისა და ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2010 წლის შემდეგ ამ წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ავღანეთის 27 პროვინციაზე, რასაც კიდევ დამატებით 785 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გახშირებული სარაკეტო თავდასხმებისდა მიუხედავად მშვიდობის დამყარების საკითხში წინსვლა არ შეინიშნება, თუმცა ამ პროცესს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, ამიტომ საჭიროა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება. ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით „თალიბანი“ წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ავღანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რომელსაც შეუძლია საკუთარი გავლენის სფეროების გათვალისწინებით იმოქმედოს თავისუფლად.

პრობლემა

მოხმობილი ფაქტების გათვალისწინებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელი მოაწეროს პოლიტიკურ ორგანიზაცია „თალიბანთან“ სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება იყოს რისკების შემცველი. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თამაშობს ერთგვარი შუამავალის როლს ავღანეთის აღიარებულ მთავარობასა და პოლიტიკურ ორგანიზაცია „თალიბანს“ შორის, შესაბამისად ეს სამივე მხარეს აძლევს მკაფიო ლავირების საშუალებას. აშშ-სა და თალიბანს შორის გაფორმებულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხოლო აშშ-სა და ავღანეთის მთავრობას შორის დადებულია ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.  შეთანხმების მიხედვით მხარეებს 10 მარტისათვის უნდა შეედგინათ ინტრა-ავღანური ჯგუფი, რომლის მთავარი მოვალეობაც იქნებოდა ყველა იმ საკითხის ირგვლივ მსჯელობა, რომელიც აინტერესებთ თავის მხრივ „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას. ეს ჯგუფი არც ათი მარტის მოცემულობით და არც დღევანდელი მოცემულობით არ შექმნილა, რასაც რასაკვირველია საკუთარი მიზეზები აქვს. ყველაზე დიდი მიზეზი ამჟამად არსებული ვითარებაა პანდემიის სახით, თუმცა ვინაიდან ეს უკანასკნელი პოლიტიკურ საკითხს ნაკლებად წარმაოდგენს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუკი ყურადღებას გავამახვილებთ დანარჩენ მნიშვნელოვან ასპექტებზე.

პირველ და ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად შეგვიძლია გამოვყოთ „თალიბანის“ მიერ ჩადენილი გადაცდომები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან მათსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებულ შეთანხმებას. მხედველობაში მაქვს რამდენიმე ერთეული ფაქტი იმისა, რომ შეთანხმების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც 29 თებერვლის შემდეგ თალიბანს უნდა შეეწყვიტა ყველანაირი სამხედრო საქმიანობა მანამ სანამ ინტრა-ავღანური ჯგუფი არ ჩამოყალიბდებოდა, მათ შეთანხმების ეს პუნქტი დაარღვიეს და იერიში მიიტანეს ავღანურ სამხედრო ძალებზე. შეთანხმებაში კი მკაფიოდ წერია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ეხება არა მხოლოდ „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებებს, არამედ ყველანაირ სახმედრო ესკალაციას. აღნიშნული პუნქტის დარღვევის კიდევ ერთი, შედარებით უფრო მკაფიო შემთხვევა მოხდა 3 მაისსაც, როდესაც „თალიბანმა“ პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთის ძალების ბაზებზე თავდასხმაზე, რასაც 7 ავღანელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. ასევე, ავღანეთის მთავრობის მონაცემებით ტერაქტები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა აშშ-სა და „თალიბანს“ შორის დადებული შეთანხმების შემდეგ და მათ გამო ყოველდღიურად საშუალოდ 25-40 ავღანელი თავდაცვის თანამშრომელი იღუპებოდა აპრილის თვეში. შესაბამისად, სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც შეთანხმების ყველაზე მთავარი პუნტქი დარღვეულია.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ასევე პრობლემურია აღნიშნულ შეთანხმებაში, ეს გახლავთ ტყვეების გაცვლის საკითხი, რომელიც ასევე შეთანხმებითაა მკაცრად და საკმაოდ ზუსტად გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებით გათვალისწინებული სამხედრო კონტიგენტის გეგმიური შემცირება დროულად დაიწყო და ამით პირველი ნაბიჯი გადადგა შეთანხმების შესრულებისაკენ, თავის მხრივ „თალიბანი“ და მეორე მხრივ ავღანეთის მთავრობა ვერ თანხმდება ტყვეების გაცვლის საკითხზე. აქ აშკარად იკვეთება უკვე ავღანეთის მთავრობის ბრალეულობაც, ვინაიდან შეთანხმებით გათვალისწინებული გახლდათ 5000 თალიბანის ტყვის გათავისუფლება ინტრა-ავღანური მოლაპარაკებების დაწყებამდე, თუმცა ავღანეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მხოლოდ 1500 ტყვის გათავისუფლებას და ყოველ მომდევნო  ორ კვირაში დამატებით 500 ტყვის გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუკი „თალიბანი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაარღვევდა. ამან, რასაკვირველია, „თალიბანში“ გამოიწვია უკმაყოფილება, ვინაიდან ისინი მოითხოვნდნენ შეთანხმებით გათვალისწინებული რიცხვების ქმედებებში განხორციელებას. აქ უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ არა მხოლოდ „თალიბანი“, არამედ ავღანეთის მთავრობაც ხელს უშლის შეთანხმებების წარმატებით განხორციელებას.

მნიშვნელოვანი საკითხია ის პოლიტიკური კრიზისიც, რომელშიც ავღანეთი ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენის დროს იმყოფება. მხედველობაში მაქვს ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს კიდევ ერთი პოტენციური ბარიერია ინტრა-ავღანური მოლაპარაკებების დაწყებისა. პრეზიდენტმა ღანიმ გაიმარჯვა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 2020 წლის 18 თებერვალს და ამ პოზიციაზე ჩაანაცვლა ყოფილი პრეზიდენტი აბდულა აბდულა. თუმცა ეს პროცესები ასე მარტივად არ წარმართულა. აბდულა აბდულა მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი ღანი გაყალბებული არჩევნების გზით მოვიდა სახელმწიფო სათავეში, შესაბამისად იგი თავს დამარცხებულად არ ცნობდა და ღანის გაპრეზიდენტებას არ აღიარებდა. ამის გამო კი მივიღეთ საკმაოდ უცნაური მოცემულობა, როდესაც ავღანეთის ორმა პრეზიდენტმა, ყოფილმა და ახლადარჩეულმა, დედაქალაქის ორ სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად ჩაატარეს ინაოგურაციის ცერემონია. რასაკვირველია, აშშ-სთვის ეს ყველაფერი მიუღებელი გახლდათ, ამიტომ ეს საკითხი ორივესთან ცალ-ცალკე და შემდეგ ერთიანად განიხილა მაიკ პომპეომ საკუთარი ვიზიტის დროს ავღანეთში. თუმცა, აღნიშნულმა გასაუბრებამ შედეგი არ გამოიღო მანამ, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მაიკ პომპეომ არ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ავღანეთს შეუმცირონ ფულადი დახმარება 2 მილიარდი ამერიკული დოლარის სახით და ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ თუკი პოლიტიკური პროცესები შეიცვლებოდა ავღანეთში. შედეგად, მალევე ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტმა ღანიმ და ყოფილმა პრეზიდენტმა აბდულა აბდულამ შეთანხმებას მიაღწიეს.

პრობლემებზე საუბრისას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვახსენოთ ავღანეთის მთავრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმების ის 3 პუნქტი, რომლებიც კლასიფიცირებულია. აღნიშნული პუნქტების არსებობის შესახებ წვდომას შეძლებენ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხის აქტუალობა დადგება ამერიკულ საკანონდმებლო ორგანოში. 3 კლასიფიცირებული პუნქტი იძლევა საშუალებას, რათა შეიქმნას კიდევ უფრო მეტი შეთქმულების თეორია, რაც ასევე დაეჭვების საფუძველს აძლევს თავის მხრივ „თალიბანსაც“.

ყველა ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარების პერსპექტივისდა მიუხედავად „თალიბანი“ უარს აცხადებს ჩაერთოს ინტრა-ავღანური ჯგუფის შექმნის პროცესში და აგრძელებს თავდასხმას ავღანური სამხედრო ძალების შენაერთებზე, რაც მათსა და აშშ-ს შორის დადებული ხელშეკრულების აშკარა დარღვევაა.

კონტექსტი

ისტორიული შეთანხმებისა და მისით გამოწვეული პრობლემების შესახებ საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ კონტექსტიც. შეთანხმება თავისი მნიშვნელობით ნამდვილად ისტორიული და უპრეცედენტოა, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები მიდის საკმაოდ მნიშვნელოვან დათმობაზე იმისათვის, რათა ავღანეთს მისცეს შესაძლებლობა განვითარდეს დამოუკიდებლად. მან უკვე საკმარისზე მეტი ინვესტიცია ჩადო 147 მილიარდი ამერიკული დოლარის სახით ავღანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განსავითარებლად, ახლა კი ჯერი ავღანელ პოლიტიკოსებსა და ხალხზეა. როგორც უკვე ვახსენე „თალიბანი“ მთავარ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა ისტორიის განმავლობაშიც ავღანეთის სახელმწიფოში. მის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა კავშირის წარუმატებელი მცდელობა მოეხდინა ავღანეთის ინტერვენცია. თუმცა, პოლიტიკური ორგანიზაციიდან იგი ტერორისტული ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ დამხმარე ფაქტორად გადაიზარდა და დაიწყო მათი დაფინანსება და სხვა სახის დახმარება. ამასთანავე, მათ სახელმწიფო სათავეში ყოფნისას მნიშვნელოვნად შეაფერხეს ქვეყნის განვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ „თალიბანი“ რადიკალური მსოფლმხედველობის გამტარებელი ორგანიზაციაა, მათ დაიწყეს ავღანეთში შარიათის კანონების დანერგვა და მას „რეფორმაც“ კი უწოდეს. შარიათის კანონებმა კი თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეარყია ქალთა უფლებები, ვინაიდან ავღანეთში დაიწყო ქალების აშკარა დისკრიმინაცია სხვადასხვა ასპექტში. ავღანეთში გაიხსნა ქალთა ცალკე სასწავლებლები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათ არ შეეძლოთ მამაკაცებთან ერთად თავშეყრა, ასევე არ შეეძლოთ მარტო გადაადგილება და ყველაზე მთავარი, მათ ჩამოართვეს ხმის მიცემის უფლება. ეს უკანასკნელი იმდენად მნიშვნელოვანი და კომპლექსური საკითხი გახლდათ, რომ ამერიკულ დემოკრატიას ავღანეთის ინტერვენციის შემდეგ 20 წელი დასჭირდა, რათა ქალებისათვის ხმის მიცემის უფლება დაებრუნებინა. ზემოთ აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნები კი გახლდათ პირველი ათეულობით წლის შემდეგ, სადაც ქალებს შეეძლოთ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელება. „თალიბანი“ არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შიდაპოლიტიკური ვითარების განსაზღვრით, არამედ როგორც უკვე ვახსენე იგი ტერორისტულ ორგანიზაციებსაც უწევდა დახმარებას, რომლებიც სახელმწიფოს საზღვრების გარეთ მოქმედებდნენ. ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს იმისა, რომ 2001 წლის საზარელი ტერორისტული აქტის განხორციელებაში, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-კაიდა“ და მისი ლიდერი ოსამა ბინ ლადენი დიდი წვლილი მიუძღვის „თალიბანსაც“. აღნიშნულ ტერორისტულ აქტს 3000 ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა „თალიბანი“. ვფიქრობ, საინტერესოა თავად მოსახლეობის განწყობაც, რომელიც აშკარაა, რომ დაიღალა რადიკალური მისწრაფებების მმართველობებისაგან და სიმშვიდის წყურვილი ამოძრავებთ. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის დადებული შეთანხმების შესახებ ავღანეთში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც 89 პროცენტი მხარს უჭერდა თავად ამ შეთანხმებას და მის მიზანს, მაგრამ არა ”თალიბანს“. ეს ყველაფერი კი ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხალხი დაიღალა მუდმივ შიშში ცხოვრებით და მათ მშვიდობის მიღწევა ყველაზე მეტად სურთ. თუმცა, მშვიდობის მიღწევისაკენ მიმავალი ნაბიჯები უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი, რათა არ გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი, რომელიც წყალში ჩაყრის ათეულობით მილიარდ ინვესტიციასა და ათასობით ადამიანის შეწირულ სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ ეძახიან ავღანეთს „იმპერიების სასაფლაოს“.

რეკომენდაციები

  1. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. პოლიტიკური ორგანიზაციის ნდობა, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ბნელი და სისხლიანი წარსულით, იძლევა სულ მცირე იმის ფიქრის საშუალებას, რომ საჭიროა უფრო მეტი საგარანტიო ნორმების არსებობა. ამისათვის, ვფიქრობ „თალიბანს“ არ უნდა ეპატიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ნებისმიერი სახის გადახვევა და შეთანხმების შეუსრულებლობის ან დარღვევის პირველივე ფაქტზე უნდა მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება. ვფიქრობ, საჭიროა ავღანეთში შეიქმნას გაეროს ეგიდით მოქმედი ჯგუფი, რომელიც დააკვირდება „თალიბანის“ პოლიტიკურ საქმიანობას და მკაცრად გააკონტროლებს მას. ეს დაეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავღანეთის მთავრობასა და მთელ დანარჩენ მსოფლიოს, რათა დროულად მიიღოს ინფორმაცია სავარაუდო გადაცდომების შესახებ. ხოლო ისეთ საქმეში, როგორიც ტერორიზმი და მისგან მომავალი საფრთხეა, დროის მოგებამ შესაძლოა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. აღნიშნული ჯგუფი, რომელიც იმოქმედებს, თუნდაც გაეროს ან ეუთოს სახელით, ანგარიშებს უნდა აწვდიდნენ უმაღლეს თანამდებობის პირებს ყოველი ორი კვირის განმავლობაში, რათა დასავლურ სახელმწიფოთა მთავრობებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და რესურსი საკუთარი პოლიტიკის უკეთ დასაგეგმად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული ჯგუფის მთავარი მოვალეობა არ იქნება მხოლოდ „თალიბანის“ საქმიანობის გაკონტროლება, რომელიც თავის მხრივ აიღებს ვალდებულებას გამჭვირვალობაზე, არამედ ისინი გააკონტროლებენ ავღანეთის მთავრობასაც შესაძლო გადაცდომების თავიდან ასარიდებლად.
  2. იმისათვის, რათა მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს და შეთანხმება უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, რასაც ინტრა-ავღანური ჯგუფის შექმნა ჰქვია, საჭიროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება მისცეს „თალიბანს“ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე თანხმობის განცხადებასთან დაკავშირებით. შესაძლოა „თალიბანი“ ცდილობდეს დროის მოგებას ამ გზით, შესაბამისად, ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და უნდა ვაიძულოთ ისინი მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს სწორედ იმ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, რომელიც დაიდო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და „თალიბანს“ შორის და რომელიც ავალდებულებდა პოლიტიკურ ორგანიზაციას 10 მარტისათვის ინტრა-ავღანური ჯგუფის შექმნაში მონაწილეობის მიღებას. ხელშეკრულებით გამოწვეული ვალდებულება უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რაც მათ მიმართ გადაიდგმება. თუმცა, გასათვალისწინებელია ნდობის ფაქტორიც, რომლითაც, რასაკვირველია, არ სარგებელობს „თალიბანი“ და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ისინი ზედმიწევნით შეასრულებენ. შესაბამისად, უნდა გამოიძებნოს სხვა გზაც მათ დასავალდებულებლად, რაც ჩემი აზრით შეიძლება იყოს, განმეორებითი სამხედრო ინტერვენციის მუქარა ან ამერიკის შეერთებული შტატების კონტიგენტის გაზრდა ანუ გაწვეული სამხედროების უკან დაბრუნება. პირველ რიგში აღნიშნული ქმედებები არ უნდა გავიგოთ, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ვინაიდან შეერთებული შტატების მხრიდან ამგვარი ქმედება „თალიბანის“ მიერ შეთანხმების დარღვევაზე  პროპორციული საპასუხო ზომა იქნება .
  3. ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საკმაოდ ეფექტური ნაბიჯი იქნება ოფიციალურ ისლამაბდთან ურთიერთობის გაღრმავება და მათი დახმარებით ავღანეთის ტერიტორიების ქსელური კონტროლი. პაკისტანში დამატებით რამდენიმე ამერიკული ბაზის გახსნა მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება იქნებოდა შეერთებული შტატებისათვის. ეს ერთი მხრივ გაზრდიდა აშშ-ს თავდაცვით პოტენციალს, რაც მას დაეხმარებოდა საფრთხეების პრევენციაში და მეორე მხრივ ითამაშებდა საკმაოდ ეფექტურ როლს თალიბების გაფრთხილების ასპექტში. რასაკვირველია, ყოველი შეთანხმების შესრულებისაკენ უფრო მეტი მოტივაცია გაგაჩნია, როდესაც შენკენ საზენიტო დანადგარებია მომართული. ვფიქრობ, აღნიშნული საკითხი არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებით სირთულეს, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე რამდენიმე ბაზა აქვს პაკისტანში, შესაბამისად ეს წინადადება შესაძლოა მომგებიანად ჟღერდეს თავად პაკისტანისთვისაც.
  4. პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ავღანეთის მთავრობას შევახსენებთ იმ ფულადი დახმარების შესახებ, რომელსაც მათი სახელმწიფო იღებს ყოველწლიურად. ვფიქრობ, საუბრის დაწყება იმაზე, რომ ფულადი დახმარების შემცირება ან სულაც მოხსნა განიხილება შეერთებული შტატების სენატში ეფექტურ გამაფრთხილებელ როლს ითამაშებს. მაიკ პომპეოს განცხადებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა როგორც კი ეს საკითხი აქტუალური აღარ არის, მაშინვე განახლდა ყოფილი პრეზიდენტის მისწრაფებები თანამდებობის დაბრუნების მოტივით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საჭიროა საკითხის თავიდან აქტუალიზაცია, რაც ყველას შეახსენებს იმას, რომ ამ გზიდან გადახვევა უპირველეს ყოვლისა დამაზიანებელი იქნება თავად საკუთარი სახელმწიფოსათვის. ამას გარდა, ვფიქრობ შესაძლოა გაკეთდეს რამდენიმე ხარისხიანი სატელევიზიო რგოლი, რომელიც ჩაეშვება ავღანურ მასობრივ მედიის საშუალებებში, რითიც მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ იმ ფულადი ინვესტიციის შესახებ, რომელიც აქ 2001 წლის შემდეგ განხორციელდა. ამ მხრივ, ჩემი აზრით, მომგებიანი ნაბიჯი იქნება ქალთა საარჩევნო უფლებაზე აპელირება, რისი დაკარგვაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანს სურდეს. შესაბამისად, თუკი ხალხში იქნება საკმარისი სურვილი და განწყობა იმისა, რომ პოლიტიკური სიტუაცია დარეგულირდეს, ეს ასეც მოხდება.
  5. იმისათვის, რათა ყველა პოტენციური ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი ადამიანის ინდეტიფიცირება და დროულად ლოკალიზება მოვახდინოთ, ვფიქრობ, საჭირო ნაბიჯი იქნება თუ „თალიბანს“ დავავალდებულებთ მის ორგანიზაციაში შემავალი ყოველი პირის მაიდენტიფიცირებელი მასალების მოწოდებას. ამის ხარჯზე შეიქმნება ბაზა, რომელშიც აღრიცხულნი იქნებიან წარსულში ტერორიზმის დახმარებაში ეჭვმიტანილი ან პოტენციური საფრთხის შემცველი პირები საკუთარი ოჯახებითა და ახლო კავშირებით, რაც ერთგვარი კონტროლის მექანიზმი იქნება შეერთებული შტატებისათვის. ასევე ეს ნაბიჯი გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება თავად ორგანიზაციის წევრებისათვი, რათა ისინი დაფიქრდნენ საკუთარი და ოჯახის წევრების ცხოვრებაზე, მანამ სანამ მოისურვებენ შეთანხმების დარღვევას და ამ გზით ტერორიზმის ხელშეწყობას.
  6. საერთაშორისო და შიდა ტერორიზმის პრევენციისათვის, ვფიქრობ, საჭირო ზომები იქნება საზღვრების კონტროლის გამკაცრება. შეერთებული შტატების მთავრობამ ავღანეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა გაამკაცროს იარაღის საზღვრებზე შეტანა-გატანის კონტროლი და ამ მხრივ უნდა აღმოფხვრას კორუფცია. ეს ერთი მხრივ გარეშე მტრებს გაურთულებს საქმეს სამხედრო დახმარება გაუწიონ ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე მოქმედ ტერიროსტულ ორგანიზაციებს „ალ-კაიდასა“ და „ისლამური სახალიფო“ სახით, ხოლო მეორე მხრივ შეაფერხებს იარაღის საზღვრის გარეთ გატანას საერთაშორისო ტერორიზმის მხარდასაჭერად. ასევე, მნიშვნელოვანია „თალიბანისა“ და მისი მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციების კუთვნილი ბაზების დემილიტარიზაცია, ყოველი საბრძოლო დანადგარის აღრიცხვა და კონფისკაცია. თუკი ეს ფაქტორი საკმარისად მკაცრად გაკონტროლდება ჩვენ შევძლებთ მივიღოთ შედარებით უკეთესი სურათი. ეს არ გულიხსმობს იმას, რომ იარაღით ვაჭრობა და მისი გადინება-შემოდინება სრულიად აღიკვეთება, ვინაიდან ეს შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობ საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის ყველას ვისაც შეთანხმებების უგულებელყოფა მოესურვებათ.
  7. და ბოლოს, ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუკი შეერთებული შტატები ავღანეთის მთავრობას დაავალდებულებს შეიქმნას სპეციალური სოციალური პროგრამა, რომელიც „თალიბანის“ წევრებს რესოციალიზაციის პროცესს გაუმარტივებს. რასაკვირველია, მათთვის არ იქნება მარტივი სოციალურ ცხოვრებასა და საზოგადოებაში დაბრუნება, სწორედ ამიტომ, მათზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეციდივის რაოდენობის შემცირებასაც და ამავდროულად წაახალისებს ორგანიზაციის სხვა წევრებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღებისაკენ.

ბიბლიოგრაფია


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.