ისტორია

რატომ უნდა გვიყვარდეს თემურ ლენგი?

27 Jun , 2020  

ავტორი : თათა ცინცაძე

კითხვაზე „ვინ იყო თემურ ლენგი?“ ყველა ხალხი, ვისაც ისტორიულად მასთან შეხება ჰქონია, განსხვავებულად გიპასუხებთ. მათი პასუხები შეფასების ვრცელ პალიტრას შექმნის თავისი გრადაციებით, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ამ პალიტრას ექნება ორი რადიკალური წერტილი. ნეგატივის უკიდურესობა ამ შემთხვევაში საქართველოს ხელშია, რადგანაც ქართველების უმეტესობა აბსოლუტური  ზიზღით აღწერს ამ ისტორიულ ფიგურას. ეს გასაკვირი არცაა: 1386 წელს საქართველოში პირველად შემოიჭრა თემურ ლენგი. ამას მალევე მოჰყვა მეორე ლაშქრობა, 1393 წელს ტამერლანის სისასტიკე მესამედ გამოვცადეთ, საერთო ჯამში კი ზუსტად რვა დარბევის, გაოხრებისა და განადგურების მსხვერპლი გავხდით. თემურ-ლენგის ლაშქრობებს უაღრესად მძიმე შედეგები მოჰყვა. მუსლიმი მმართველის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა ქართველების გამუსლიმება, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა ჩვენი მხრიდან. ამის გამო ის უმოწყალოდ ხოცავდა ქრისტიანებს, ტყვედ მიჰყავდა ისინი, კატასტროფულად ამცირებდა მოსახლეობას, ძარცვავდა, არბევდა და წვავდა ყველაფერს, სადაც კი გაივლიდა. არიგებდა ქართულ მიწებს თავის ერთგულ ქვეშევრდომებზე და შეუვალ ძალაუფლებას ანიჭებდა მათ. საინტერესოა, რომ აქედან განდევნილი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ხელოსნები, ვაჭრები, ხელოვანები მას მიჰყავდა ცენტრალურ აზიაში, სადაც პარალელურად აღმშენებლობით საქმიანობას აწარმოებდა. ფაქტობრივად, ჩვენი „შავი ჭირი“ და  აზიის „რენესანსი“ ერთდროულად ხდებოდა. ამიტომაც, ერთ პირთან დაკავშირებული თითქმის ყველა ისტორია ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალურია მისი პიროვნების სურათის აღსადგენად.

მსოფლიოში არსებობენ სახელმწიფოები, რომელთაც უდავოდ ძალიან საინტერესო ისტორია დაგვიტოვეს გასახსენებლად თუ სასწავლად. მაგრამ მათი ეს ისტორია იქმნებოდა არამხოლოდ ეპოქათა და გარემოპირობათა ცვლილებით, არამედ ბუნებით ლიდერთა გადაწყვეტილებებით. პიროვნებებით, რომლებმაც დადებითად თუ უარყოფითად, მაგრამ მაინც დაგვამახსოვრეს თავი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ის თუ ვისთვის გმირი და ვისთვის მოღალატეა ისტორიული ფიგურა,  სრულად უმნიშვნელოა.  მონეტას ყოველთვის ორი მხარე აქვს, ამიტომ ხშირად ყველაზე მთავარი უბრალოდ მონეტის არსებობაა.

ამ მცირე სტატიაში მინდა სწორედ  ერთ-ერთ ასეთ ფენომენზე გესაუბროთ, რომელსაც ძალიან ვერ ვიტანთ ქართველები, რომელიც გაგიჟებით უყვართ რუს იმპერიალისტებს და რომელსაც უპირობოდ აღმერთებენ მონღოლური წარმოშობის ხალხები. ეს თემურ ლენგია, ანუ მონღოლების დავითი და თამარი.

 მანამ სანამ უშუალოდ ტამერლანზე საუბარს დავიწყებდეთ, აუცილებელია მოკლედ მიმოვიხილო ის ისტორიული ვითარება, რომელშიც დაიწყო მან მოღვაწეობა. მეთოთხმეტე საუკუნის შუა წლებიდან მონღოლური წარმომავლობის ტომები თანდათან სუსტდებიან და შეიძლება ითქვას, რომ სრულად დაშლის საფრთხის წინაშეც კი დგანან. ცენტრალურ აზრიაში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება დგას, რადგანაც თითქმის ყველა სახელმწიფოში შიდა არეულობას აქვს ადგილი. ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის თურქო-მონღოლური ფესვების მქონე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი თემური, იგივე თემურ ლლენგი და იგივე ტამერლანი, რომელიც დროთა განმავლობაში დამპყრობლად ჩამოყალიბდა და სათავე დაუდო თემურიდების იმპერიას. ტამერლანის პოლიტიკური გააქტიურება უმტკივნეულოდ რომ არ ჩაივლიდა მსოფლიოსთვის ამას ალბათ მისი სახელიც ადასტურებს, თემური არაბული სიტყვაა და რკინას ნიშნავს, რაც ალბათ ყველაზე ზუსტად შეესაბამება მის პიროვნებას. საინტერესოა, რომ მის მოღვაწეობას თან ახლდა მუდმივი გაუგებრობა და დაპირისპირება, რაც, ჩემი აზრით, ისევ მისივე პიროვნული ბუნებიდან გამომდინარეობს. თემურ ლენგი ერთის მხრივ სასტიკი დამპყრობელი იყო. რომელიც თვალის დახამხამებაში ანგრევდა წლობით ნაშენებ ქალაქებსა თუ სხვა დასახლებულ პუნქტებს, თუმცა მეორეს მხრივ იგი იყო არქიტექტურის, ხელოვნებისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგი და კონტრიბუტორი. ქართველებს რომ გვკითხოთ, ან ვინმე სხვა თემურის შემოსევებისგან სისხლგაშრობილ ერს, აუცილებლად იფიქრებთ, რომ ტამერლანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უმოწყალო ლიდერია, რომელსაც სისხლისღვრის და ნგრევის მეტი არაფერი მოუტანია მსოფლიოსთვის, თუმცა თუ მასზე ცნობებს აზიურ წყაროებში მოიძიებთ, განსაკუთრებით მონღოლთა ისტორიაში, შეხვდებით ერთ ასეთ უცნაურ ფრაზას: ტამერლანის მმართველობის პერიოდი იწოდება თემურიდთა რენესანსად, ეს მეტაფორა კი უკვე ყველაფერს გეტყვით. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ თემურ ლენგი ორმხრივად შეფასებადი პიროვნებაა, თუმცა სრულად რომ მოვიცილოთ თავიდან ეს სუბიექტური კატეგორიები და შეფასებები, ჩვენს თვალწინ ისტორიის ცარიელ ფურცლებზე აღმოჩნდება ძლიერი, ჭკვიანი, მიზანდასახული, გამჭრიახი, შორმჭვრეტელი ლიდერი და პოლიტიკოსი.

დავუბრუნდეთ ისევ ისტორიულ კონტექტს.  XIV-ე საუკუნის ბოლო და  XV საუკუნის დასაწყისი მონღოლთა აღმავლობის და აზიის დაცემის ხანად იქცა, როდესაც ერთმა კოჭლმა დამპყრობელმა გრიგალივით გადაუარა ირანს, რუსეთს, სირიას, მცირე აზიას, ინდოეთს და რაც ამ სიაში ვერ მოხვდა უბრალოდ იმიტომ, რომ თემურ-ლენგმა ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე.

ყველაფერ იმაზე დაყრნობით, რაზეც უკვე გესაუბრეთ, ალბათ ნათელია, რომ  თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, თემურ-ლენგიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სიაში. მაგრამ თუ ამაში ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდით, მე შემოგთავაზებს მიზეზებს „მისი სიყვარულისთვის“ .

თემურ ლენგის მოღვაწეობის საწყისი ეტაპები

ერები რომ ქრებიან და იკარგებიან დადებითად ალბათ არავის მიგვაჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთივე დაკარგვის და დაშლის პირას იყვნენ მონღოლური ტომები, როდესაც თემურმა მონღოლთა იმპერიის აღდგენა დაისახა მიზნად. ეს პირველ რიგში პოლიტიკური ნაბიჯია, რომელსაც საფუძვლად დაედო სრული და ზედმიწევნითი სისხლისმიერი/ნათესაური ლეგიტიმაცია. მას ჰქონდა გურგანის, იგივე სიძის წოდება, რომელიც მან ჩინგიზიდი უფლისწული ქალის ცოლად შერთვის შემდეგ მიიღო და საბოლოოდ მარბიელი ლაშქრის მეთაურიდან მონღოლთა მეთაურად იქცა. პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანთა უმეტესობისთვის მაკიაველის ფრაზა: მიზანი ამართლებს საშუალებას სრულად მისაღებია, მიზანდასახულობა კი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რატომ უნდა მოგვწონდეს თემურ-ლენგი.

თემურის მოსვლამდე მონღოლეთი საკმაოდ დიდი შიდაპოლიტიკური აშლილობის წინაშე იდგა, ქვეყანაში არსებობდა ორი გზა, ორი მიმართულება, რომელთაგან ერთი უნდა აერჩია მომავალ მმართველს. თემურმა გადაწყვიტა, რომ მისი პოლიტიკის მთავარი მიზანი  ყოფილიყო ფეოდალური სისტემის მოწესრიგება და თვითნებობის აღკვეთა, რისკენ მიდრეკილებაც მასაც ჰქონდა ბუნებაში. იგი კარგად იცნობდა საკუთარ თავს და შესაბამისად ყველა დანარჩენს, ვისი მოთოკვაც სურდა. ამიტომ, ანარქიის წესრიგით შეცვლა რიგით მეორე მიზეზია იმისთვის, თუ რატომ უნდა მოგვწონდეს თემურ ლენგი.

თემურ ლენგის ძირითადი პოლიტიკური ნაბიჯები

მართალია, თემურ ლენგმა მხოლოდ უბედურება და განადგურება მოუტანა დაპყრობილ ქვეყნებს, მაგრამ მის მოღვაწეობას შუა აზიაში თან ახლდა მრავალმხრივი სამშენებლო სამუშაოები. მან კარგად გათვალა, რომ ქვეყნის ფეოდალური გაერთიანებითა და მტკიცე სახელმწიფოებრიობის შექმნით დაინტერესებული იყო საზოგადოების ყველა ძალა: ვაჭრები, ხელოსნები, გლეხები, სამღვდელოება და სხვა. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ანარქია და არეულობა ყველას ხელს უშლიდა.  ამიტომაც კრიტიკულ მომენტებში ტამერლანი გამოდის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ინიციატივით, რასაც, ბუნებრივია, რომ მხარს უჭერს როგორც დაპირისპირებული ჯგუფები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. თუმცა ამგვარი პოლიტიკური სვლების დროს თემური პირველ რიგში საკუთარ პოზიციებს იმყარებდა და მხოლოდ შემდეგ ფიქრობდა რეალურ სახელმწიფოებრივ მიზნებზე.

საინტერესოა, რომ თვითონ გაბატონებულ კლასსაც კი თავისი ინტერესები ჰქონდა თემურთან მიმართებაში, მათ უნდოდათ, რომ თემური გამოეყენებინათ გლეხთა აჯანყების ჩასახშობად, მაგრამ საბოლოოდ მიიღეს ის, რომ თემურ ლენგმა სრულიად ახლებური ფეოდალური სისტემა ჩამოაყალიბა და წესრიგთან ერთად საკუთარი ერთპიროვნული მმართველობაც მოიტანა.

ამ ერთპიროვნული მმართველობის დამყარება მარტივი არ ყოფილა და ესეც კიდევ ერთ მიზეზად უნდა მივიჩნიოთ იმისთვის, მინიმუმ რატომ უნდა ვაფასებდეთ თემურ ლენგს. შორსმჭვრეტელმა ლიდერმა თავიდანვე ძალიან კარგად გათვალა, რომ შუა აზიაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ არა იმდენად ხალხები, საკუთარი პირადი ინტერესებით, არამედ მეურნეობები, სამეურნეო კულტურები. დაპირისპირებულთა ერთ მხარეს იდგა მომთაბარეობა, ხოლო მეორე მხარეს მიწათმოქმედება. იმისათვის, რომ თემურ ლენგს უპრობლემოდ გაეგრძელებინა საკუთარი მიზნების განხორციელება, მან მოიფიქრა მომთაბარე ხალხის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ახალი გზა: ეს იყო გაუთავებელი ომები, ძარცვა და მარბიელი ლაშქრობები. ანუ, ფაქტობრივად, თემურ ლენგი იბრძოდა ორ ფრონტზე ორი მიზნისთვის, ცენტრალურ აზიაში ძალაუფლებისთვის, ხოლო აზიის გარეთ რესურსებისთვის. საინტერესოა, ის რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თემურ ლენგი საკმაოდ წარმატებულად ახერხებდა ამ ორის შეთავსებას.

თემურ ლენგის რეგიონალური და საერთაშორისო მიზნები

როდესაც მიზნებზე ვსაუბრობთ აუცილებელია აღვნიშნოთ მონღოლთა მეთაურის სურვილი, მისი ქვეყანა გამხდარიყო სავაჭრო გზის ნაწილი და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო მსოფლიოს სავაჭრო გზების კონტროლისგან. ამ ყველაფრის განსახორციელებლად იგი დაპყრობილ ტერიტორიებს ანაწილებდა თავის ერთგულ ქვეშევრდომებზე. მუშაობდა თუ არა ეს ტაქტიკა, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ თემურ ლენგი კარგად თვლიდა თავის ყველა ნაბიჯს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებას. შესაბამისად, უნდა ჩავთვალოთ რომ ტერიტორიის გადაცემამდე იგი „ერთგულების ტესტს“ უტარებდა ყველა დაქვემდებარებულს, რათა ხანგრძლივად შეენარჩუნებინა იმპერიის ერთიანობა და ძლიერება.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ თემურის სავაჭრო მიზნებზე, სავაჭრო გზების ისევ აზიის შუაგულში გადმოტანაზე და ასე შემდეგ, ვერ გავექცევით იმ გაურკვევლობას, რაც სოიურღალის ფენომენის შეცვლით დაგვიტოვა თემურ ლენგმა. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ სოიურღალი ნიშნავს მიწის გადაცემას, მიწით შეწყალებას, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, როგორც თემური აკეთებდა ამას. ის არიგებდა ოლქებს, რეგიონებს, მთელს ქვეყნებსაც კი.  მაგრამ საინტერესოა ის, რომ თემურ-ლენგი ვასლებს ურიგებდა დაპყრობილ ტერიტორიებს და არა შუა აზიას. ამის მიზეზი კი კიდევ ერთი საბაბია ჩვენთვის, მოგვწონდეს თემურ ლენგი. ისტორიის მკვლევართა ახსნით, იგი ცდილობდა, რომ ცენტრისკენ მომავალი ძალები მიემართა პერიფერიებისკენ და ამით უფრო მშვიდი მმართველობა შეექმნა საკუთარი თავისთვის. ეს იყო ერთგვარი სატყუარა, ყურადღების გადატანა, რომლითაც საბოლოოდ ყველა მხარე კმაყოფილი რჩებოდა.

თემურ ლენგის რელიგიური შეხედულებები და მისი პოლიტიკა სხვადასხვა აღმსარებლობისადმი

თემურ ლენგის მოქმედებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შევეხოთ რელიგიის საკითხსაც, იმიტომ, რომ ყველგან, სადაც მიდიოდა დამპყრობელი, ორ კულტურასტან, ორ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი რელიგიაც. იქ სადაც ირბეოდა ყველაფერი და იქ სადაც ნადგურდებოდა მიწები, რა თქმა უნდა, იცვლებოდა ხელისუფალიც და პირობითად ქრისტიანი ხელისუფალის ნაცვლად ადგილს იკავებდა მუსლიმი მიწისმფლობელი, ანუ ვრცელდებოდა მაჰმადიანობაც და იწყებოდა ე.წ. საღმრთო ომი გიაურთა ანუ ქრისტიან მიწისმფლობელთა წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ  ამ პოლიტიკას ძალიან აკურატულად და თანმიმდევრულად მიყვა ტამერლანი და შედეგიც შესაბამისი მიიღო.

ალბათ უცნაურად არ მოგეჩვენებათ ის ფაქტიც, რომ ეს ჩვენი მოსაწონი ლიდერი ძალიან კარგად მანიპულირებდა რელიგიით. იქ, სადაც შიიტების გავლენა მეტისმეტად სუსტი იყო, მაგალითად სირიაში, იგი მხარს უჭერდა შიიტებს, ხოლო ხორასნის სამეფოში, სადაც გავრცელებული იყო შიიზმი, თემური მფარველობდა სუნიტებს. დაჩაგრული რელიგიური მიმდინარეობის მხარდაჭერა ერთის მხრივ პერსონალური სიკეთე და ჰუმანიზმი იყო, ხოლო მეორეს მხრივ ძალიან ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი.

  • ტამერლანის „სამეფო კარის თამაშები“

ორმაგი თამაშები რომ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ეს ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ ორმაგი თამაშები მოდერნულობის პროდუქტი არ არის და უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ამ მხრივ გამონაკლისს არც თემურ-ლენგი წარმოადგენდა და მისი ისტორიიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი აღმოჩნდა ირანის ფეოდალური სისტემის რღვევა, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქტორიც სწორედ ის იყო. კერძოდ, თემურ ლენგს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხორასნის მმართველებთან და ამ უკანასკნელთა კეთილგანწყობა საბოლოოდ იქამდე მიიყვანა, რომ მათმა ბოლო მეთაურმა ალი მუაიადმა თავისი ნებით გადასცა მიწები და ხელისუფლება თემურს. თემურმაც არ დააყოვნა და ირანელი ფეოდალების გავლენის შესამცირებლად სწორედ ხორასნის სარბადარები გამოიყენა. არადა გარკვეული დროით ადრე სწორედ ირანელი ფეოდალები დიდ იმედებს ამყარებდნენ თემურზე, რომელიც მათ სარბადარების წინააღმდეგ ეხმარებოდა.

უბედურება, რომელიც თემურ-ლენგის სახით დაატყდა თავს აზიას, მარტივად ამოსახსნელი არ ყოფილა. ზოგ მომენტში რთული იყო იმის მიხვედრაც კი, თუ ვის მხარეს იდგა თემური. იგი თანაბრად კარგად იყენებდა კლასობრივი და პოლიტიკური ხასიათის წინააღმდეგობებს. სანამ ირანში კლასობრივი უთანასწორობის პრობლემა იდგა, საზოგადოების ექსპლუატირებული ფენის მხარეს იდგა, ხოლო მაშინ როცა ეს პრობლემა თითქოს მოგვარდა, ბრძოლა მიწის მფლობელობისთვის დაიწყო და თემურმაც ის შესთავაზა ხალხს, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ანუ მიწა, მიწა და მიწა.

არ აქვს მნიშვნელობა ცბიერების, წინდახედულობის, ჭკუის, პირფერობის თუ რისი წყალობით იქცა უბრალო მომთაბარე ამხელა იმპერიის მმართველად, ფაქტია, რომ ეს  შემთხვევითობა არ ყოფილა და ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო თემურ-ლენგი სრულიად დამსახურებულად უნდა იკავებდეს ადგილს მსოფლიოს გამორჩეულ ისტორიულ ფიგურებს შორის და ჩვენც შესაბამისად, საკმაოდ ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ მოგვწონდეს ის, როგორც ლიდერი.

გამოყენებული მასალები:

  • CENTRAL ASIA UNDER TIMUR FROM 1370 TO THE EARLY FIFTEENTH CENTURY – K.Z Ashrafyan pg.325-346 – https://en.unesco.org/silkroad/sites/silkroad/files/knowledge-bank-article/vol_IVa%20silk%20road_central%20asia%20under%20timur.pdf
  • თემურ ლენგი – გააგრძელე საქართველოს ისტორია II,III,IV სერია
  • ვ. გაბაშვილი „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“ თბ.1957  გვ.215-225
  • Timur – The Greatest Conqueror? – https://www.youtube.com/watch?v=68jqNK5sZq8
  • Tamerlane / History of the Timurid Empire – https://www.youtube.com/watch?v=GYOgWwmwRkc
  • Timur / Biography, Conquests, Empire, Facts -https://www.britannica.com/biography/Timur


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.