ისტორია

ხოსრო ფარვიზის მოღვაწეობა და საგარეო პოლიტიკა

29 Jun , 2020  

ავტორი : ნიკა ხომერიკი

„გმართებს დატოვო ქვეყანაზე კარგი სახელი
რათა ამქვეყნად არ დაგირჩეს ავის მზრახველი!“
-ფირდოუსი, „შაჰნამე“

     მსოფლიო ისტორიაში გვხვდება ძალიან ბევრი საინტერესო ავანტიურა, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ, საგარეო პოლიტიკაში კი მისი მოწყობა ითხოვს გამორჩეულ სტრატეგიასა და მოულოდნელობას. ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ურთიერთობებით და, უფრო მეტად, დაპყრობებით ბევრი ადამიანი შეგვიძლია გამოვარჩიოთ, ისინი ყოველთვის გვაკვირვებენ არაორდინალური გადაწყვეტილებებით, რომლებიც განაპირობებენ მათ წარმატებებს: კიროს მეორის მიერ მარდუქისთვის მსხვერპლის შეწირვა ბაბილონში, შაჰ აბასის მიერ უცხოელი და მათ შორის ქართველი ნიჭიერი ხალხის გარშემო შემოკრება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავანტიურა საგარეო პოლიტიკაში შემოგვთავაზა ხოსრო ანუშირვანის შვილიშვილმა, ბაბუა ბევრად უფრო ცნობილია და ითვლება სასანიანთა მმართველობის ზენიტად, თუმცა აღსანიშნავია, რომ სპარსულ ლიტერატურაში და ფირდოუსის „შაჰნამეში“ ხოსრო ფარვიზსაც არანაკლებ აქებენ და მას მიიჩნევენ მმართველის იდეალად, მის სიყვარულის ისტორიას კი ისევე ყვებიან ლეგენდებად, როგორც თურქეთში ყვებიან ისტორიას სულეიმან ბრწყინვალისა და ჰიურემ სულთანის ანუ როქსალანას შესახებ.

     სასანიანთა იმპერიის მეთაურები საკუთარ თავს უწოდებდნენ არა უბრალოდ შაჰებს, არამედ შაჰინშაჰებს, რაც ნიშნავს მეფეთა მეფეს, შაჰების შაჰს, ამიტომ სწორი იქნება ისინი სწორედ ასე იყვნენ მოხსენიებულნი, ხოსრო ფარვიზის დაბადებამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ბაბუამისმა გააძლიერა სპარსეთი და დარჩა კიდეც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად. ამის მიუხედავად, ხოსრო ფარვიზის მამა, ჰორმიზდ მეოთხე, არ აღმოჩნდა ძლიერი მმართველი, ის არ სარგებლობდა პოპულარობით ხალხში, მას განუდგა როგორც მოსახლეობა, ისევე უშუალო ქვეშევრდომები. საკუთარ მემკვიდრეს მან ერთ-ერთი უდიდესი სირთულე აჩუქა თავისივე მმართველობის განმავლობაში, როცა თურქული ტომებისგან ქვეყნის გადამრჩენელ ადამიანს, ბაჰრამ ჩუბინს, უსაყვედურა ნადავლის უდიდესი ნაწილის მისაკუთრების გამო იმის მაგივრად, რომ დაეჯილდოვებინა ის ქვეყნის გადარჩენისთვის. ამის შემდეგ ბაჰრამი აწყობს აჯანყებას, რომლის დროსაც ტახტის მემკვიდრეს დედაქალაქიდან წაიყვანენ, ის იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამავე დროს ბაჰრამი შეძლებს ძალიან ჭკვიანური სტრატეგიის გამოყენებას, ის ჭრის მონეტებს ხოსრო ფარვიზის გამოსახულებით, რაც შვილის ჰორმიზდის წინააღმდეგ წასვლად აღიქმება, რადგან არაა ცნობილი, თუ ვინ ჭრის ამ მონეტებს, ამიტომ ხოსროს გაქცევა აღიქმება იმავე მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად, მამა მას აღარ ენდობა და სასჯელის სახით ნიშნავს მას ალან-შაჰად, იმ დროისთვის უდაბური ტერიტორიის მმართველად მტკვარსა და არაქსს შორის. მომავალი შაჰინშაჰის მდგომარეობა ამ მომენტში იმდენად არამომგებიანია, რომ წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა შეძლოს მან ქვეყნის მართვა, საკუთარი პოზიციის ლეგიტიმაცია და ხალხის დამორჩილება.

     ხოსროს ტახტზე ასვლისას მის პოზიციას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა: მას თვლიდნენ მამის გარდაცვალების მიზეზად. ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოღვაწე ჯერ კიდევ ბაჰრამ ჩუბინია, რომელიც ისევე არ ემორჩილება ტახტს, როგორც არ ემორჩილებოდა აქამდე. ცნობილია მათ შორის მიმოწერა, რომელიც დაიწყო ბაჰრამის სასახლეში გამოცხადების მოთხოვნით, რომელიც მან, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა, შაჰინშაჰს მან მისწერა შეურაცხმყოფელი წერილი, რომელშიც მას უჭკუოს უწოდებდა და ამბობდა, რომ არ ურჩევდა სამეფო წერილების გამოყენებას მაშინ, როცა ის ამდენად დიდ ღელვას იწვევდა მოსახლეობაში. ამაზე ხოსრომ სრულიად გაუგებარი პასუხი გასცა მას, შეცდომას უნდობდა და მის აზრებს სიზმრისეულს უწოდებდა, მაგრამ ვერც ამდენად რბილმა დიპლომატიურმა მიდგომამ იმოქმედა, ბაჰრამის ძალაუფლება უკვე ძალიან დიდი იყო და არ მოითმენდა ბატონს, ამიტომაც დაიწყო სამოქალაქო ომი სასანიანთა იმპერიაში, რომლის განმავლობაშიც შაჰინშაჰს მოუწია ქტესიფონის დატოვება, მომხრეების ნაკლებობის გამო მას აღარ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, ყოველი ბრძოლის შემდეგ სულ უფრო მეტად მოძრაობდა დასავლეთისკენ, საბოლოოდ კი მიაღწია ბიზანტიამდე, ასე სხვა ქვეყანაში გადასვლის საშუალების მიცემით ბაჰრამმა საფუძველი დაუდო საგარეო პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავანტიურას და, მეორე მხრივ, ლეგენდარულ მეგობრობას, რადგან აქ ხოსრო ფარვიზი შეიფარა ბიზანტიის იმპერატორმა – მავრიკიოსმა, რომელიც ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ადამიანი აღმოჩნდა, ფაქტია ისიც, რომ მავრიკიოსის მიმართ მადლიერება ფარვიზის მხრიდან არ შეიძლება ჩაითვალოს ყალბად. მავრიკიოსი კი, თავის მხრივ, იძენდა შანსს სპარსეთი მოკავშირედ ექცია მომავალში და ტერიტორიებიც მოეპოვებინა.

     ხოსრო ფარვიზმა მართლაც სთხოვა მას დახმარება და სანაცვლოდ შესთავაზა მესოპოტამიისა და სომხეთის ნაწილები, მათ ერთობლივი ძალით თანდათან დაიბრუნეს ტერიტორიები და მიახვედრეს ბაჰრამი, რომ სპარსეთში მისი ბატონობა აღარ გასტანდა დიდ ხანს, ჯარი უახლოვდებოდა ქტესიფონს, ხოლო თურქული ტომების ლეგენდარული დამმარცხებელი ბაჰრამ ჩუბინი გადაიხვეწა თავისი ხელით დამარცხებულთა ქვეყანაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჰორმიზდის პრეტენზიები შეიძლება არც ყოფილა უსაფუძვლო და მას დღეს ტყუილად განვიხილავთ ქვეყანაში არეულობის შემომტანად. ამგვარად, ხოსრო იმდენად ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ხდება, როგორიც აქამდე არ ყოფილა და უკვე იმსახურებს საკუთარ ზედწოდებას: „ფარვიზი“ გამარჯვების მომტანს ნიშნავს. მავრიკიოსი კი, თავის მხრივ, იბრუნებს სხვა სასანიანების მიერ მიტაცებულ მიწებს, აღმოსავლეთში მოკავშირეს იძენს და აქედან საფრთხეს აღარ მოელის. მცირე პერიოდის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ისადგურებს და მისი დარღვევა ძვირად დაუჯდება ორივე სახელმწიფოს მოსახლეობას. ამ დროს სპარსეთში სამეფო კარზეც კი მოღვაწეობენ ქრისტიანები და მათ თავად შაჰინშაჰი მფარველობს, განსაკუთრებით კი მათ ნესტორიანელ და მონოფიზიტ ნაწილებს, ზუსტად ამის გამო ამ დროს არსებობდა მოსაზრება, რომ მან ბიზანტიაში ყოფნისას მიიღო ქრისტიანობა, ან მალულად ეთანხმდებოდა მას, ეს მოსაზრება ასევე მოქმეედებდა მოსახლეობაზე და თუმცა ხოსრო ბევრად უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ადრე, მოსახლეობის დიდი ნაწილი მას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა.

     ბარდა ფოკა აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც დაარღვია მშვიდობა როგორც ბიზანტიაში, ისევე ახლო აღმოსავლეთში. მავრიკიოსმა მკაცრი სამხედრო რეფორმების გატარება დაიწყო, რითიც უკმაყოფილო იყო მთელი ჯარი, თავიანთ ლიდერად აირჩიეს ასისთავი ბარდა ფოკა და დაიძრნენ კონსტანტინოპოლისკენ. მათ აქ წარმატებებს მიაღწიეს, დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ იმპერატორის ოჯახს და საბოლოოდ ქალკედონთან შეიპყრეს ისინი, სიკვდილით დასაჯეს თავად მავრიკიოსიც და მისი ყველა შვილი, ფოკა კი ბიზანტიის იმპერატორი გახდა. ამ მოვლენიდან ცოტა ხანში სასანიანთა სამეფო კარზე გამოცხადდა ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო თეოდოსი, მავრიკიოსის უფროსი ვაჟი და ბიზანტიის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. დღეს უკვე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სინამდვილეში არ ყოფილა მავრიკიოსის შვილი, რადგან თავად თეოდოსი მავრიკიოსამდე ერთი დღით ადრე დასაჯეს სიკვდილით. შემდეგ ფოკა უშვებს შეცდომას, რომელსაც ზოგადად პოლიტიკოსი არ უნდა უშვებდეს, მან არ გაითვალისწინა, რომ ესაზღვრებოდა ძალიან ძლიერ ქვეყანას, რომელსაც ძალიან უნდოდა ბიზანტიისთვის აქამდე გადაცემული ტერიტორიების დაბრუნება. ხოსროსთან ფოკამ ელჩობა დაგვიანებით გააგზავნა და ამ შეცდომას კიდევ ერთი დაუმატა, თანაც გაუგებარია, ეს უპატივცემულობის გამოსახატავად გააკეთა თუ დაუდევრობით. მან ელჩობის ხელმძღვანელად გააგზავნა ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მავრიკიოსის სიკვდილით დასჯაში, ამ უკანასკნელს კი ფარვიზი დიდი ხანია მიიჩნევდა არა მხოლოდ საკუთარ მოკავშირედ, არამედ მეგობრადაც, ამიტომ ჩათვალა, რომ მის გამო შური უნდა ეძია. ელჩობის ხელმძღვანელი მან დაატყვევა, კონსტანტინოპოლში გააგზავნა საკუთარი დამოკიდებულების გამომხატველი წერილები და ბიზანტიის იმპერატორად გამოაცხადა ადამიანი, რომელიც თეოდოსიდ ასაღებდა თავს.

     ხოსრო ფარვიზმა ამის მერე ბევრად უფრო პირდაპირი და ძლიერი ნაბიჯი გადადგა, მან ჯარი დაძრა ბიზანტიის მიმართულებით, გასათვალისწინებელია ის, რომ ხოსრო ფარვიზს აქ ამოძრავებს როგორც მავრიკიოსის გამო შურისძიების სურვილი, ასევე ტერიტორიათა დაბრუნების ახალი შანსი. ფსევდო-მემკვიდრითა და მეგობრობის საბაბით მან წარმოუდგენელი ლეგიტიმაცია მოიპოვა ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრებისთვის, თანაც ეს კიდევ უფრო გასაკვირია, როცა ვიხსენებთ ურთიერთობას სპარსეთსა და ბიზანტიას შორის, მათ მმართველებს შორის „მეგობრობა“ ნამდვილად უიშვიათესი ამბავი იყო. აქამდე გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ მიღებულ პოლიტიკურ პრაქტიკებად შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო ამჯერად ფარვიზის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს ასეთად ვერ გამოვაცხადებთ, მან ძალიან რისკიანი კამპანია წამოიწყო, რომელსაც პოტენციალში იდეალურად შეეძლო ემუშავა. ამ ხერხით ფარვიზი ისტორიაში შევიდა არა უბრალო აგრესორად ან დამპყრობად, არამედ პრინციპულ ადამიანად და გენიალურ სტრატეგოსად, თუმცა ეს სურათი შემდეგში იცვლება. ამგვარ ლეგიტიმაციის ხერხებს თანამედროვეობაში უფრო იყენებენ, რათა ჩაერთონ კონფლიქტებში, რომლებშიც უშუალოდ არ მონაწილეობენ, მაგრამ ხოსრო მას იყენებს კონფლიქტის წამოსაწყებად, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ილაშქრებს არა ზოგადად ბიზანტიის წინააღმდეგ, რომელიც აქამდე მოკავშირე იყო მისთვის, არამედ ხელისუფლების უზურპატორის, რომელმაც ჩამოაგდო ტახტიდან კანონიერი იმპერატორი, თანაც მშვიდობისმყოფელი მავრიკიოსი, რომლის შესახებაც მთელ რეგიონში წარმოიქმნება ფრაზები, რომლებიც მისი მმართველობისას არსებულ უდარდელ ცხოვრებას ეხება, ცნობილია, მაგალითად, რომ სომხეთში შემორჩენილი იყო: „ისეთი სიწყნარეა, როგორც მავრიკიოსის დროს“.

     ხოსრო ფარვიზი დაიძრა ბიზანტიის სიღმეებისკენ და დაიწყო სპარსეთ-ბიზანტიის ომი, რომლითაც შემორჩა ისტორიას ფოკა. ომის პირველ ნაწილში სპარსეთის არმია წინ და წინ მიიწევს, ხოსრო გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობს. ბიზანტიაში ამ დროს უკმაყოფილება გამოითქმება ფოკას მმართველობის გამო და 610 წელს ურთულეს მდგომარეობას სამოქალაქო ომი დაიწყო, რომლის დროსაც ტახტიდან ჩამოაგდეს ფოკა და სიკვდილით დასაჯეს ის, ტახტზე კი ავიდა ბიზანტიის აფრიკული ტერიტორიების მემკვიდრე ჰერაკლე. აქ ხოსრო ფარვიზი ერთი შეხედვით აღწევს იმას, რაც მიზნად ჰქონდა, მისი მეგობრის მკვლელი დასჯილია, მაგრამ უკან მაინც არ იხევს, ამას კი იმით ხსნის, რომ თეოდოსი უნდა იჯდეს ბიზანტიის ტახტზე და არა ვინმე სხვა, ამ მხრივ, ჰერაკლე კეისარიც მისი მტერია და ომი გრძელდება. ამ მომენტიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხოსრო ფარვიზის მოტივაცია სრულიად პოლიტიკურია და ამ მიზნის მისაღწევად მან მრავალ საშუალებას მიმართა, რომლებზეც ვერ ვიტყვით, რომ გონივრული არ ყოფილა. ისიც კი გაუგებარია, თუ საიდან იყო ფსევდო-თეოდოსი, შესაძლებელია ის ხოსრო ფარვიზის მოგონილი სტრატეგიაც ყოფილიყო, რადგან ნაკლებად დასაჯერებელია შაჰინშაჰის მიერ ადამიანის მიმართ ბრმა ნდობა. ფოკას გადაგდების შემდეგ სპარსელების ჯარმა წარმატებას მიღწია ეგვიპტეში, იერუსალიმში, მცირე აზიაში, კონსტანტინაპოლიც კი აიღეს ავარებთან ერთად, თუმცა ფლოტის არქონის გამო ქალაქის დაკავება ვერ მოხერხდა, ბოსფორის ორ მხარეს იდგნენ ავარები და სპარსები, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირება ვერ შეძლეს. ამ შემთხვევაში ხოსრო ფარვიზი ძალიან გათამამდა გამარჯვებებით და აღარ ითვალისწინებდა ბიზანტიას დიდ ძალად და აქ უშვებს უდიდეს შეცდომას. ყველას გვახსოვს, რომ ჰერაკლე კეისარი მასზე არანაკლები სტრატეგოსი იყო და მოკავშირეთა მოძიება მას ასევე შეეძლო.

     ჰერაკლე კეისარმა გადაწყვიტა ხაზართა ხაკანთან გაერთიანებულიყო სასანიანთა სპარსეთის წინააღმდეგ, ისტორიის ეს მონაკვეთი საქართველოს ისტორიაშიც ისწავლება, რადგან ეს გავლენების განაწილების კიდევ ერთი სქემაა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. ჰერაკლემ გადაწყვიტა მთელი გონიერება და კავშირები მოეკრიბა, თუ ფარვიზმა ამით შეძლო საკუთარი მოქმედებების ლეგიტიმაცია, იგივე უნდა გაეკეთებინა ჰერაკლესაც. ხაზარებმა კავკასია გაიარეს და შეუერთდნენ ჰერაკლეს, რის შემდეგაც ერთად შეუტიეს სპარსეთს, განსაკუთრებით სისხლიმღვრელი და გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ნინევიის ნანგრევებთან, რომელიც არც თუ ისე შორს მდებარეობდა სპარსეთის დედაქალაქიდან, ქტესიფონიდან. სწორედ ამიტომ ფარვიზი ამაგრებს დედაქალაქს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისეთივე შეცდომა ჰქონდა დაშვებული, როგორიც მამამისს, კერძოდ, მან ბრძანება გასცა, სიკვდილით დაესაჯათ შაჰრბარაზი, ეს ბრძანება ხელში ჩაუვარდა ჰერაკლეს, რომელმაც უკვე გადასცა ის დასასჯელს. ჰერაკლეს მოსალოდნელი შეტევის მაგივრად ხოსრომ მიიღო აჯანყება, ჰერაკლემ კი გადაწყვიტა დედაქალაქში შესვლა არ გაერისკა, უკან დაიხია და დაუტოვა სასანიანთა შთამომავალს განადგურებული სპარსეთი. ამ აჯანყების ჩახშობა შესაძლებელი იყო, მაგრამ მისი ავტორიტეტი ძალიან შესუსტდა. ჰერაკლემ აქ მას მისივე ხერხებით აჯობა და ამაში გამოიხატა ხოსროს საბოლოო პოლიტიკური დამარცხება.

     ხოსრო, რომელსაც საკუთარი გამარჯვებების გამო ეწოდა ფარვიზი, მმართველობის ბოლო წლებში უავტორიტეტო და უძალაუფლებო მმართველია, რომლითაც უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსახლეობის ყველა ნაწილი. ლეგენდადაა შემორჩენილი მისი სიყვარული შირინის, მისი ერთ-ერთ ცოლის, მიმართ და მას უნდოდა, რომ მის შემდეგ იმპერია ემართა მისგან შეძენილ შვილს და არა უფროს ვაჟს. სწორედ ამიტომ მას აუჯანყდა უფროსი ვაჟი, რომელიც კავად მეორის სახელით გახდება ცნობილი. აჯანყებულები შევიდნენ სასახლეში წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით და მალევე მოკლეს შაჰინშაჰი. საინტერესოა ის, რომ ამ დროს პოლიტიკური პოლუსი ინაცვლებს სპარსეთიდან არაბეთისკენ, რადგან ხოსრო ფარვიზის მმართველობის პერიოდი ზუსტად ემთხვევა მუჰამედის მოღვაწეობის, ხოლო მისი შექმნილი სახელმწიფო ოციოდე წელიწადში შეიწირავს სასანიანთა სპარსეთს.

    როგორც უკვე ვთქვი, ხოსრო ფარვიზი სპარსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული მმართველი იყო, საკმარისია ისიც გავითვალისწინოთ, რომ მისი მოღვაწეობით აღფრთოვანდებოდნენ განსხვავებულ ეპოქაში მცხოვრები ფირდოუსი და ნიზამი განჯევი. მისი როლი ამით განსაზღვრულია ლიტერატურაში, მაგრამ ბევრად უფრო უცნაურია მუსლიმ ავტორებთან მისი განდიდება მაშინ, როცა ვიცნობთ ისლამში ხოსროს როლს. მისი მოღვაწეობის წლები ემთხვევა მუჰამედისას და სავარაუდოა, რომ ერთმანეთთან შეხება მათ ექნებოდათ. ისლამის ლეგენდის თანახმად მუჰამედმა ელჩი (ასევე ცნობილია, რომ ამ ადამიანს შემდეგ ჰერაკლე კეისარი აწამებს) გაგზავნა ხოსროსთან, რომელმაც მას წერილი გადასცა, აქ საუბარი იყო რელიგიის შეცვლაზე, ცეცხლთაყვანისმცემლობის მიუღებლობაზე მუჰამედისთვის. ამავე გადმოცემის თანახმად, ხოსროს გააბრაზებს ის, რომ წერილში მუჰამედმა საკუთარი სახელი შაჰინშაჰის სახელის წინ დაწერა და ბრძანებას გასცემს, მიუყვანონ ის, თანაც წინასწარმეტყველს მოიხსენიებს მონად და წერილს ნაკუწებად ფლეთს. წარგზავნილი ელჩი ყველაფერს მოახსენებს მუჰამედს, რაზეც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ თუ ასეა საქმე, ალაჰმა უნდა გაანადგუროს მისი სამეფო. შესაძლოა ეს ლეგენდაა იმის მიზეზი, თუ რატომაა ნაკლებად განხილვადი ფარვიზი საკუთარ ბაბუასთან შედარებით, რადგან ის პირდაპირ უპირისპირდება ისლამს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა მის მიმართ სკეპტიკურად განწყობისთვის მთელ რეგიონში.

     ხოსრო ფარვიზი ერთ-ერთი უკანასკნელი შაჰინშაჰია, რომლის შესახებაც გვიყვება ფირდოუსის „შაჰნამე“, ამავდროულად, ის სასანიანთა უკანასკნელი დიდებული მმართველია, რომლის წარმატებებსა და დაპყრობებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. შეიძლება ითქვას, რომ მან დემიურგის გზა გაიარა, რადგან მისი მოღვაწეობის დასაწყისი და დასასრული არარაობად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო ის მომენტი, როცა კონსტანტინოპოლში შედის, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა სასანიანი მმართველების ისტორიაში. აღსანიშნავი ეს შაჰინშაჰი პირველ რიგში საკუთარი არაორდინალური ხერხების გამოა, რადგან ისინი სრულიად უჩვეულოა იმ დროის გლობალური პოლიტიკისთვის, მაგრამ საკმაოდ ეფექტური იყო. იმავე სფეროს უფრო ტრადიციული ხერხებით ჰერაკლე კეისარმა ის დაამარცხა, მან გამოიყენა ჯაშუშები, რომლებიც ომის წარმოებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი არიან, ამას სუნ ძიც აღნიშნავს საკუთარ ტრაქტატში. ხოსრო ფარვიზის პოლიტიკური პიროვნების განადგურება აღმოჩნდა სასანიანთა დასასრულის დასაწყისიც, მისმა ვაჟმა მხოლოდ შვიდიოდე თვე მართა ქვეყანა, ფირდოუსი მის შესახებ ამბობს „იყო მეფე თუ არცა იყო, ვერც ვიტყვი ბოლოს…“. აქ გადმოცემული ხოსროსა და შირინის ამბის ბოლო სტრიქონებიც იმპერიის დასასრულს ჰგავს და, ჩემი აზრით, სწორი იქნება ეს ესეც ამ სიტყვეით დავასრულო:

„მუხანათია, რა დავმალო, წუთისოფელი,

ყველაფრისა და ყოველივეს დამამხობელი.

ვინც წუთისოფლის წეს-კანონებს შეიცნობს ესე,

მოიხსენიებს უგუნურად მის ადათ-წესებს…“





გამოყენებული წყაროები:

  1. ფირდოუსი, „შაჰნამე“:
    „ქესრას წერილი კეისრის ვაჟთან, ბრძოლა მასთანვე“
    „მეფე ხოსროვ ფარვიზი“;
    „ამბავი ხოსროვისა და შირინისა“.
  2. Parvaneh Pourshariati, “Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian–Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran“, (Published in 2008 by I.B.Tauris & Co Ltd ), p. 130-160
  3. დ. კაციტაძე, „ირანის ისტორია“, გამომცემლობა ჰოროსი, თბილისი 2009: გვ. 58-67


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.