ავტორი: რატი კობახიძე
სტატია დაიწერა გამოცემა ბიზნეს ფიდისთვის

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია. ამ ეპოქაში ქართული საზოგადოება მოდერნულობას გაეცნო – დასრულდა გრძელი შუა საუკუნეები და დაიწყო ახალი ერა. თანამედროვეობამ საქართველოში შემოაღწია როგორც იდეების სფეროში და, ასევე საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან სოციალურ ტრანსფორმაციასაც. ნელი ტემპებით, თუმცა, მაინც დაიწყო ურბანიზაცია და კაპიტალიზმის ადრეული ფორმის ჩამოყალიბება.

მიუხედავად იმისა, რომ თერგდალეულებს ხშირად საქართველოში თანამედროვეობის მედროშეებად მიიჩნევენ, ამ თაობის წარმომადგენლებს მაინც განსხვავებული დამოკიდებულებები ჰქონდათ პროცესის თანმხლები სიახლეების მიმართ. სწორედ აქ საკმაოდ დამაბნეველია ილია ჭავჭავაძის პოზიცია.  

დღეს ილიას გარშემო ორი მნიშვნელოვანი სტერეოტიპი არსებობს. პირველი არის „წმინდანი ილია“ – ღვთისმოსავი ადამიანის დიდწილად უსაფუძვლო ხატი. თავად ილია აღნიშნავდა, რომ წლებია, ეკლესიაში არ ყოფილა და სამღვდელოებასაც ხშირად აკრიტიკებდა. მეორე სტერეოტიპი შედარებით ახალი, თუმცა, ახალგაზრდებში საკმაოდ გავრცელებული „ლიბერტარიანელი ილიას“ სახეა. ამ ხედვის საფუძველი ის უნდა იყოს, რომ თანამედროვე, ნაკლებად პოპულარული იდეები დაუკავშირონ გამოჩენილ ადამიანებს და ამით მათ დამაჯერებლობა შემატონ.

თუმცა, დღევანდელისგან განსხვავებით, ილია ჭავჭავაძის ეპოქაში ნაკლებად იყო საჯარო განხილვის თემა მთავრობის ზომა ან ტარიფები. მთავარი განსახილველი იყო ის, თუ თანამედროვეობის რა ასპექტები უნდა მიეღოთ, რაზე ეთქვათ უარი და რატომ. „ლიბერტარიანელი ილია“ მოდერნულობის ყველა ასპექტს, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ მხარეს ეთანხმებოდა. თუმცა, ეს ნაკლებად შეესაბამება სიმართლეს. ამას კი ილიას რამდენიმე პოზიცია მოწმობს.

ილია VS ვაჭრები

ვაჭრები საქართველოში დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდნენ. ვეფხისტყაოსანშიც კი ისინი ჯაბნებად არიან მოხსენიებული. ამ ნეგატიურ დამოკიდებულებას ილიაც ავლენს, განსაკუთრებით კი, ე.წ ჩარჩების ანუ გადამყიდველების მიმართ. მისთვის გაუგებარი იყო, რაში იღებენ ისინი ფულს, რადგან, მისი აზრით, ისინი არაფერს ქმნიან: 

„ჩარჩული ფული არა ჰქმნის სარჩო-საბადებელს და მარტო სთვლის თამასუქებს და სად ვის რა ასცინცლა. იგი ეკონომიკური წარმოებისთვის მკვდარია.“ 

ილიას უარყოფითი დამოკიდებულება ვაჭრებისადმი წმინდა ეკონომიკური მიზეზებით ნაკლებად აიხსნება. პირველ რიგში, მიზეზი ვაჭრების აბსოლუტური უუნარობა იყო. ილია ჭავჭავაძე აკრიტიკებდა ქართველ ვაჭრებს, რომლებიც მთელ დღეებს ან დუქანში ატარებენ, ან სარჩენს ფულის გასესხებით შოულობენ და ამ ფულის მრეწველობაში დაბანდება არც კი აინტერესებდათ.  ამის გამო კი საქართველოს ინდუსტრიას მთლიანად უცხოელნი დაეუფლნენო, – ამბობდა ილია.

ვაჭრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მეორე და ასევე მოულოდნელი მიზეზი კი ილიას სოციალური შეხედულებაა. მისთვის ქართული კულტურისა და საზოგადოების ჭეშმარიტი სულისკვეთება სოფელში იდო, სადაც გლეხები და თავადები ერთმანეთთან მეტწილად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. თანამედროვეობა კი ამ თანაცხოვრებას საფრთხეს უქმნიდა. ის ახალ შესაძლო დაპირისპირებებს შეიცავდა, რაც ამ ეროვნული და სოციალური, ისედაც მყიფე ერთობისთვის დამატებითი ბზარი იქნებოდა. 

ამას ისიც ემატება, რომ ილია ჭავჭავაძისთვის ვაჭრობაზე დაფუძნებული საზოგადოება ერად ვერ შედგება, რადგან მათ არ აქვთ მამულისადმი მიჯაჭვულობა. ეროვნული იდეის მატარებლები კი მხოლოდ გლეხები შეიძლება იყვნენ:

 „თავდაპირველი შემოქმედი ეროვნებისა და ერის სიმდიდრისა მარტო გუთანი და მიწა ყოფილა და იქნება კიდეც.“

ილია VS ფული

მეორე დაპირისპირება კი, რომელსაც თითქოს ილიასგან არ უნდა ველოდოთ, არის ფული. ფულისადმი ილიას დამოკიდებულება ერთი ციტატით აღიწერება: 

“[ფული] საცა იქნება და როცა იქნება, მოგვასწრობს და ქეჩოში წაგვავლებს ხელს, ან მეყმე და ან შიმშილით სული ამოირთვიო, გეტყვის.“ 

ილიას შეხედულებით, ფული ყმობის ახალი მექანიზმია, რომელიც რამენაირად უნდა მოითოკოს.

მისი აზრით, როგორც კანონმა დაასრულა ბატონისადმი ყმის მონური დამოკიდებულება, ასევე კანონმა უნდა მოაწესრიგოს ფულიანსა და მასზე დაქვემდებარებული ადამიანის ურთიერთობაც. განზოგადებით შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძე შრომითი უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველიც იყო.

მარქსისტი ილია?

შეიძლება ესეც დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ილია ხშირად ციტირებდა იმ პერიოდის ევროპაში პოპულარულ მარქსისტულ ხედვებსაც. მართალია, ილიასაც ეშინოდა იმ კლასობრივი ბრძოლის, რასაც მარქსიზმი გულისხმობდა, მაგრამ ის მაინც არ ერიდებოდა მარქსისტული არგუმენტების გამოყენებას კაპიტალიზმის გასაკრიტიკებლად. მაგალითად, წერილში, მეცხრამეტე საუკუნე, ის დადებითად აფასებდა ქონებრივი გათანაბრების იდეას, სხვაგან კი საუბრობდა მწარმოებლებისგან წარმოების საშუალებების ჩამორთმევის საფრთხეზე. კიდევ ერთი დაუჯერებელი ამბავი კი ისაა, რომ ერთ-ერთი მოგონების მიხედვით, მკვლელობის წინა საათებში ილია ჭავჭავაძე სწორედ მარქსის წიგნს ეცნობოდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ილია მარქსისტი იყო, ის აქტიურად იცავდა საკუთრების იდეას. თუმცა, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იგი  ყველა შესაძლო არგუმენტს იყენებდა მოდერნულობის ერთი ასპექტის – კაპიტალიზმის  გასაკრიტიკებლად. 

ილიას მემარჯვენე მოაზროვნედ წარმოჩენა თავისებურად მიმზიდველია, მით უმეტეს, როცა საპირისპირო მხარეს „წმინდანი ილიას” ხატია. თუმცა, ილია არათუ ლიბერტარიანელი არ იყო, არამედ მოდერნულობის გარკვეულ ასპექტებს ეწინააღმდეგებოდა კიდეც. იგი არასდროს იტყოდა – მივიღოთ ნებისმიერი ცვლილება, არამედ დათანხმდებოდა მხოლოდ ისეთ წინსვლას, რომელიც დამაზიანებელი არ იქნებოდა სოციალური და კულტურული ერთობისთვის.

By Rati

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

You missed