კვლევითი ნაშრომი მომზადებულია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსის ფარგლებში

ნაშრომის ავტორი:
დავით ბერაძე

თბილისი, საქართველო
2021 წლის 25 იანვარი

ანოტაცია

ნაშრომი შეეხება ორი სახელმწიფოს ურთიერთობას, რომელიც გარკვეულ სახეცვლილებებს განიცდის უკანასკნელ პერიოდში. ორივე სახელმწიფოს უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ მათი ურთიერთდამოკიდებულების ანალიზი მეტად საინტერესოა. ნაშრომში აღწერილია თურქეთის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების მთავარი საყრდენი პრინციპები და მათი ცვლილებების მიზეზები. მისი გაცნობის შედეგად მკითხველს შეეძლება გაიაზროს სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის თავისებურებები. ნაშრომში მოცემულია სახელმწიფოთა საგარეო პოლიტის თეორიულ-აკადემიური გააზრებაც. არგუმენტაცია დამყარებულია სხვადასხვა აკადემიკოსის ნაშრომსა თუ ლიტერატურაზე, კონკრეტულ მაგალითებსა თუ პოლიტიკოსთა ქმედებების ანალიზზე. ნაშრომში, ასევე, გაეცნობით საგარეო პოლიტიკის წარმოებაში კონკრეტული ინდივიდების მნიშვნელობასაც.

შესავალი

„The Enemy of My Enemy is My Friend“ – Ancient Proverb

„ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“ – ანტიკური ანდაზა

ეს უძველესი ანდაზა თითქმის ყველა ჩვენგანს მრავალჯერ მოუსმენია. მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა სიტუაციისა თუ ქმედებათა ჯაჭვის განსამარტად ან ინდივიდებისა თუ გარკვეულ პირთა ჯგუფის ინტერესების აღსაწერად. განსაკუთრებით ხშირად კი ანდაზა სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური ვექტორის მთავარ ორიენტირს განსაზღვრავს. ანდაზის მთავარი არსი ორი დაინტერესებული მხარის საერთო მტრის წინაშე გაერთიანებაა. ხოლო ამ იდეის ყველაზე ადრინდელი გამოვლინება ჯერ კიდევ ანტიკურ ინდურ სანსკრიტში გვხვდება. ართაშასტრა (Arthashastra) გახლავთ ტრაქტატი სახელმწიფოს მართვის შესახებ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით თარიღდება. სწორედ ამ ტრაქტატის მე-6 წიგნში საუბრობს ძველი ინდოელი ფილოსოფოსი, კაუტილია, ზემოთ აღნიშნული ფენომენის შესახებ (Kautilya, 4th Century BC). ანდაზის უძველესი წარმომავლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის აქტუალურობასა და დროის მიმართ მდგრადობას. მსოფლიოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ ფრაზის პრაგმატულობაში კიდევ უფრო დავრწმუნდებით. დიდი ომიანობის პერიოდებიდან მოყოლებული თანამედროვეობის ჩათვლით სახელმწიფოები ერთმანეთთან დაპირისპირებისას მხარეებს სწორედ საკუთარი ინტერესების მიხედვით ირჩევდნენ. ანალიტიკური მსჯელობის საფუძველზე თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორე მსოფლიო ომი, ცივი ომის პერიოდი თუ თანამედროვე კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნაც, რომ „მტრისა“ თუ „მეგობრის“ როლებს სახელმწიფოები ძალიან ხშირად იცვლიან. აღნიშნული ანდაზა რეფერატის დასაწყისად შემთხვევით არ ამირჩევია. ვფიქრობ, ის საკმაოდ ზუსტად ეხმიანება ჩემი კვლევის ორი მთავარი მოქმედი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის რესპუბლიკის სტრატეგიული თანამშრომლობა შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საერთო მტრის წინაშე გაერთიანებით დაიწყო. მე-20 საუკუნის შუა წლებში, დასავლური, კაპიტალისტური ბანაკის ერთპიროვნულ ლიდერს, აშშ-სა და რუსეთთან, შემდეგ კი საბჭოთა კავშირთან მრავალწლიანი ქიშპობის მქონე თურქეთს ამ პერიოდში საერთო მტერი, სოციალისტური ბანაკი, აერთიანებდათ. შესაბამისად, ბუნებრივიც იყო, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება აუცილებლობას წარმოადგენდა. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, „მტრისა“ და „მეგობრის“ როლებს სახელმწიფოები ხშირად იცვლიან და დღეს, თანამედროვე სამყაროში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შესაძლოა ამ ცვლილების მომსწრენი გავხდეთ. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზისა თუ საბაბის გამო აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობამ მჭიდრო თანამშრომლობიდან, უფრო დაძაბულ ორბიტაზე გადაინაცვლა. რეფერატის მთავარი საკვლევი საკითხიც სწორედ ეს იქნება. ჩვენი მიზანი იქნება აღვწეროთ თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობების ცვლილებების მიზეზები, ვეძებოთ ამ ყველაფერში კონკრეტული პიროვნებებისა თუ ინსტიტუტების როლი, დავაკავშიროთ აღნიშნული ვითარება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასთან და ამ ყველაფრის ფონზე გავაანალიზოთ ორი სახელმწიფოს პარტნიორობის გამოწვევები. ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის რესპუბლიკის ამჟამინდელ ურთიერთობას, ჩემი აზრით, ძალიან კარგად აღწერს ინგლისური ოქსიმორონი – “Frenemy” (Dictionary, 2020). თუკი კემბრიჯის ლექსიკონს დავესესხებით, ოქსიმორონი აღწერს მდგომარეობას, როდესაც მტერსა და მეგობარს შორის ზღვარი ისეთივე მკაფიო აღარ არის, როგორიც ადრე იყო. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, რეფერატის მთავარი მიზანი ამ მდგომარეობის მიზეზების აღწერა იქნება.

მეთოდოლოგია

რეფერატის ფარგლებში ამ მიზნების განსახორციელებლად, ვფიქრობ, მეთოდოლოგიაც საკმაოდ დახვეწილი უნდა იყოს. უპირველესად კი იქიდან გამომდინარე, რომ რეფერატის თემა არის საკმაოდ მყიფე, ცვალებადი და ფაქიზი. ის პროცესები, რომელთა შესახებაც ვისაუბრებ ხდება ამჟამად, თანადროულად, შესაბამისად ეს ყველაფერი სიტუაციას უფრო ართულებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც რეფერატის დამუშავებაში დამეხმარა, ეს გახლდათ სიღრმისეული ინტერვიუ. ინტერვიუ ჩავწერე პიროვნებასთან, რომელსაც პირდაპირი და ირიბი შეხებაც ჰქონია ორივე სახელმწიფოსთან. ჩემი რესპოდენტი გახლდათ ალექსი პეტრიაშვილი, ადამიანი, რომელსაც უდიდესი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, თუმცა, გარდა ამისა ის გახლავთ პოლიტიკოსიც და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. აქედან გამომდინარე, მისი მოსაზრებები გაჯერებული იყო როგორც წმინდა თეორიული, აკადემიური ელემენტებით, ისე პოლიტიკური შეხედულებებით. ამან მომცა საშუალება საკითხი აღმექვა უფრო სიღრმისეულად და გამეფართოვებინა თვალსაწიერი.

გარდა ამისა, ფაქტებით მანიპულირების შესაძლებლობის მაქსიმალურად შესამცირებლად, ვიხელმძღვანელებ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებითა და მოხსენებებით, რათა ჩემს მიერ მოყვანილი რიცხობრივი მაჩვენებლები იყოს ზუსტი და არ ტოვებდეს ინტერპრეტაციების საშუალებას. ინსტიტუტების სანდოობის მაჩვენებლის გასაზრდელად კი, შევეცდები მოპოვებული მაჩვენებლების უმეტესობა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შემუშავებული დოკუმენტებიდან იყოს წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი  დაგვეხმარება ორივე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯების უკან სახელმწიფო ნებისა და პოლიტიკის დანახვასა და გააზრებაში.

რეფერატის მეთოდოლოგიაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმ ლიტერატურის მნიშვნელობაც, რომელიც დამეხმარა საკითხის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში. თუმცა, მანამდე უნდა დავსძინო, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შესაფერისი სანდო ლიტერატურის მოძიება საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, დასავლური აკადემიის წარმომადგენლები და მკვლევარები აღნიშნულ საკითხს სწორედ ახლა სწავლობენ, შესაბამისად ხელმისაწვდომი ლიტერატურის სიაც საკმაოდ მოკლეა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი პრობლემა ჩვენთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდა. ლიტერატურის სიაში არის წიგნები, რომელთა ავტორებიც თურქი მკვლევარები არიან, შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას პრობლემა არა მხოლოდ საერთაშორისო კონტექსტის მიხედვით აღვიქვათ, არამედ შიდა სამზარეულოშიც ჩავიხედოთ და პრობლემის საწყისები სწორედ იქ ვეძებოთ. ლიტერატურის უფრო სიღრმისეულ მიმოხილვას კი შემდეგ თავში შემოგთავაზებთ.

გარდა ამისა, რეფერატზე მუშაობისას შემოგთავაზებთ მცირე ანალიტიკურ მსჯელობებსაც, რომლებიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიების მკვლევარების მოსაზრებებზე. ეს დაგვეხმარება, რომ შექმნილი სიტუაცია გავიაზროთ როგორც არა მხოლოდ ლოკალური პროცესი, არამედ მისი ადგილი მსოფლიო საჭადრაკო დაფაზეც აღმოვაჩინოთ.

ლიტერატურის მიმოხილვა

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, შესაფერისი რელევანტური ლიტერატურის მოძებნა ჩემი საკვლევი საკითხის შესახებ საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. თუმცა, ვფიქრობ, შევძელი საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი წყაროების მოძიება. ერთ-ერთი სახელმძღვანელო, რომელსაც წერის პროცესში დავეყრდნობი გახლავთ თურქი მკვლევარისა და პოლიტოლოგის, სონერ ჩაღაპტაის, წიგნი, რომელიც  თანამედროვე თურქეთში მიმდინარე პროცესებს განიხილავს. წიგნის დასახელებაა: Erdogan’s Empire: Turkey and the Politics of the Middle East. აღნიშნული ნაშრომი თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის, საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს განიხილავს. მასში კარგად არის აღწერილი თანამედროვე თურქეთში მიმდინარე პროცესების გავლენა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე. ვფიქრობ, ავტორი ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესანიშნავ ანალიზს გვთავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობა ჯერ ახალ ფაზაზე გადასვლის ეტაპზეა და შესაბამისად ეს ისტორიული მოვლენა არ გახლავთ, ჩემი აზრით, აღნიშნული წყარო კარგად აღწერს თანამედროვეობის გამოწვევებს. წიგნში კარგად არის გადმოცემული ერდოღანის მმართველობის ქრონოლოგიური ჩარჩო და მისი ეტაპობრივი განვითარება. ჩემი კვლევის ერთ-ერთი მთავარი საკვლევი კითხვაც სწორედ ეს არის – თუ როგორ შეცვალა თურქეთის საგარეო პოლიტიკა და მისი როლი ერდოღანის მმართველობამ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს წყარო შესანიშნავი გამოსახულებაა ერდოღანის ძალისმიერი პოლიტიკისა. ვფიქრობ განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება ქვეთავი, რომლებიც ერდოღანისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობებს აღწერს და სადაც საუბარია თურქეთის და დასავლეთის ერთმანეთისადმი საჭიროებაზე. წიგნში შეგვიძლია პასუხები ვიპოვოთ კითხვებზე, რომლებიც ჩემი კვლევის თანმდევი საკითხებია. შეძლებს თუ არა თითქმის მარტო დარჩენილი თურქეთი რეგიონში გაძლიერებას და რამდენად დაეხმარება ამ ყველაფერში ერდოღანის ძალისმიერი პოლიტიკა. თავად ავტორი საკმაოდ ავტორიტეტული მწერალია, რომელსაც ერდოღანისა და ზოგადად თურქეთის შესახებ არაერთი ცნობილი ნაშრომი შეუქმნია.

საინტერესო მასალა აღმოჩნდა კალგარის უნივერსიტეტის პროფესორების, ტარიკ და ჟაკლინ ისმაილების, მიერ დაწერილი წიგნიც, Government and Politics of the Contemporary Middle East: Continuity and Change, რომელიც ჩვენს საკითხს განსაკუთრებულად აკადემიური კუთხით უდგება და განიხილავს. პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორის მიერ შემოთავაზებული ნაშრომი თავდაპირველად ახლო აღმოსავლური პოლიტიკის თავისებურებებს მიმოიხილავს, ხოლო შემდეგ კონკრეტული სახელმწიფოების მაგალითზე აკონკრეტებს საკუთარ მოსაზრებებს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად კარგადაა გადმოცემული ისტორიული კონტექსტიც, რაც თემის გააზრებაში კიდევ უფრო დამეხმარება. წინა წიგნისაგან განსხვავებით, რომელიც საკითხს დროის კონკრეტულ მოცემულობაში, კონკრეტულ ჩარჩოებში განიხილავს, ამ შემთხვევაში ავტორები სურათს უფრო ფართო კუთხით უყურებენ და საუბრისას ისტორიულ კონტექსტსაც ითვალისწინებენ. წიგნში ასევე განხილულია ახლო აღმოსავლური ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური ასპექტები, რაც, ვფიქრობ, მსჯელობას გამიადგვილებს. განსაკუთრებული მნიშვნელობის კი, ჩემი აზრით, ქვეთავია, სადაც თურქული სახელმწიფოს მოწყობასა და მის ეროვნულ ინტერესებზეა საუბარი. ეს ნაწილი განსაკუთრებით საჭირო იქნება ჩემი კვლევის განხორციელებისას თურქეთის პოლიტიკის შიდა სამზარეულოში გასარკვევად.

განსაკუთრებით ღირებული და რელევანტური ლიტერატურა რეფერატის მიზნებისათვის აღმოჩნდა ამერიკელი მკვლევარისა და პოლიტოლოგის, დეივიდ ფილიფსის წიგნი, An Uncertain Ally: Turkey under Erdogan’s Dictatorship. დევიდ ფილიფსის წიგნი გარკვეული თვალსაზრისით თურქული პოლიტიკის შეცდომების გამომზეურებაა. მასში საკმაოდ ნათლადაა გაანალიზებული ყველა ის საშინაო თუ საგარეო პრობლემა, რომელიც ერდოღანის მმართველობამ მოიტანა თურქეთში 2003 წლის შემდეგ. არათურქი წარმოშობის ავტორი, რომელიც თურქეთის პოლიტიკაზე ხშირად წერს, განსხვავებით თურქი სონერისაგან მოვლენებს, ვფიქრობ, მეტად ობიექტურად აღწერს. იგი პრაგმატულად განსჯის ერდოღანის ყოველ ნაბიჯს, რითიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს წიგნს ჩემი კვლევისათვის. როგორც აღვნიშნე, წიგნში საუბარია არა მხოლოდ თურქეთის „გაფუჭებულ“ ურთიერთობებზე არაბულ ქვეყნებთან, არამედ საშინაო პოლიტიკაზეც, ქურთებთან დაპირისპირებასა და სხვა ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებზე. ვფიქრობ, წიგნი კარგად პასუხობს ჩემი საკვლევი კითხვების შინაარსს და საკმაოდ გამოსადეგი იქნება მუშაობის პროცესში. ფილიფსი საუბრობს ერდოღანის მკაცრად ისლამისტურ მიდგომებზე, რომლებმაც იგი დიქტატორად აქციეს. თურქეთი, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე სახელმწიფოს წარმოადგენდა, 21-ე საუკუნეში ნელ-ნელა გადაიქცა არასანდო მოკავშირედ, რომელიც მტერსა და მეგობარს ვეღარ არჩევს. სწორედ ამ ასპექტების განხილვა არის ჩემი კვლევის მთავარი მიზანიც, ამიტომ, ვფიქრობ დევიდ ფილიფსის წიგნი დიდ დახმარებას გამიწევს. ფილიფსს უდიდესი აკადემიური და პოლიტიკური გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში მრჩევლის პოზიციაზე და ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო ურთიერთობების ექსპერტის პოზიციაზე.

ლიტერატურის სიაში კიდევ ერთი თურქი ავტორის წიგნი გვხვდება. ოია დურსუნ ოჟკანცას წიგნში, Turkey-West Relations: The Politics of Intra-alliance Opposition, განხილულია თურქეთის საგარეო პოლიტიკა სხვადასხვა თემატიკასთან მიმართებით. აქ საუბარია თურქეთის ურთიერთობებზე ევროკავშირსა და ნატოსთან, ასევე თურქეთის ურთიერთობებზე რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში, ენერგოპოლიტიკასა და ლტოლვილების საკითხებზე. რასაკვირველია, წიგნი მეტად კომპლექსურია და სიმართლე რომ ითქვას, მისი ყოველი ნაწილი ჩემი კვლევის მთავარ ხაზს არ მიუყვება, თუმცა წიგნის ბოლო თავი ეთმობა თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობების პერსპექტივას, რაც ყველაზე მეტად მესაჭიროება კვლევაზე სამუშაოდ. აქ განხილულია არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც თურქეთისათვის სტარტეგიული პარტნიორია, არამედ ევროკავშირთან და ნატოსთან, რომლის წევრიც თავად არის. ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით ეს თავი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ერდოღანის რუსეთთან დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს. ამავდროულად, მისი ღირებულება ჩემი კვლევისათვის მისსავე აქტუალურობაში მდგომარეობს. ჩემი საკვლევი საკითხის „ახალგაზრდობიდან“ გამომდინარე, აღნიშნული წიგნი ავსებს სიცარიელეს, რომელიც თანამედროვე აკადემიაში წარმოქმნილია ამ საკითხის ირგვლივ.

ძალიან საინტერესოდ ავითარებს საკუთარ მოსაზრებებს ამერიკელი პოლიტიკოსი და ამჟამად საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მკვლევარი, ელიოტ აბრამსი, საკუთარ წიგნში Realism and Democracy: American Foreign Policy after the Arab Spring. აღნიშნული სახელმძღვანელო საკმაოდ ნათლად მიყვება მოვლენებს ქრონოლოგიურად არაბული გაზაფხულიდან თანამედროვეობამდე. რევოლუციური მოძრაობები გახდა სწორედ მიზეზი მრავალი ცვლილებისა ახლო აღმოსავლურ სამყაროში, რამაც პირდაპირი თუ ირიბი როლი ითამაშა თურქეთის მნიშვნელობაზეც რეგიონში. წიგნი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებებს აღწერს 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში. მასში გამოკვეთილია პრობლემები და შემოთავაზებულია მათი მოგვარების გზებიც. სხვა წიგნების მსგავსად, აქაც საუბარი სამომავლო პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზეა, რაც წიგნის მნიშვნელობას ერთი ორად ზრდის. ელიოტ აბრამსი ყურადღებას არაბული სამყაროს დემოკრატიზაციის პროცესზეც ამახვილებს და შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებად სწორედ იმ სახელმწიფოებსა და აქტორებს განიხილავს, რომლებიც ამ პროცესში ჩართულნი არიან. შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კვლავ შეიცვალა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს წიგნი კი, ჩემი აზრით, მომცემს შესაძლებლობას ერთმანეთს შევადარო არაბული გაზაფხულის შემდეგ მიმდინარე პროცესები ისრაელ-არაბულ კოალიციათა ახალ ერას.

რაც შეეხება რეფერატის ფარგლებში საკვლევი საკითხის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებთან თავსებადობას, ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელებ ამ სფეროს ცნობილი მკვლევარების ნამუშევრებით. კონკრეტულად კი დავიხმარ ჯექსონის სახელმძღვანელოს, International Relations, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიების შესახებ ძალიან საჭირო ცოდნას გვაძლევს. ამ წიგნში განხილულია როგორც ისტორიულად არსებული თეორიები, მათი განვითარების გზები და პრინციპები, ისე თანამედროვე პოსტ-მოდერნული თეორიები და სამომავლო პერსპექტივები. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას საკითხის შესახებ მივიღოთ სიღრმისეული ცოდნა. გარდა ამისა, აკადემიური ფონის უფრო გასაძლიერებლად დავიხმარ ენდრიუ ჰეივუდის წიგნს, Global Politics, რაც ჩვენს მსჯელობასა და ანალიზს გახდის უფრო კონსტრუქციულსა და კომპლექსურს.

რეფერატის ფარგლებში აღსაწერი საკითხის საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიებთან მიმართების შესახებ სწორედ შემდეგ თავში ვსაუბრობთ.

თეორიული ჩარჩო

ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის რესპუბლიკის მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უკვე ათწლეულებს ითვლის. ეს გახლავთ ურთიერთობა, რომლისგანაც ორივე მხარე იღებს დადებით შედეგებს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ზოგადად ეს კონტექსტი აქვს, ურთიერთობას ორივე მხარისათვის უნდა მოჰქონდეს შედეგი. თუმცა, ჩვენ მსოფლიო ისტორიაში მრავალი მაგალითი გვხვდება იმისა, როცა ეს ყველაფერი ასე სულაც არ ყოფილა. ამის უხეშ მაგალითად კოლონიალიზმის პერიოდის ურთიერთობათა უმეტესობა შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუმცა, სამართლიანობისთვისვე უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის ამგვარი ურთიერთობაც არ არის სრულად ერთი რომელიმეს სასარგებლოდ მიმართული. ჩვენი რეფერატის მოქმედი აქტორების შემთხვევაში საქმე სრულიად სხვაგვარ კავშირთან გვაქვს. ხოლო რა შეიძლება დაერქვას ამ კავშირს, რა კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს და რა სამომავლო განვითარება შეიძლება მოჰყვეს – ამ ყველაფრის პასუხი თამამად შეგვიძლია ვეძებოთ საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიების ჩარჩოებში.

აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობა, სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ძალიან კარგად ჯდება ბილატერალიზმის ჭრილში. ბილატერალიზმის ეს გახლავთ დიპლომატიური ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის, რომელსაც განსაკუთრებულ სიმტკიცეს ანიჭებს თანამშრომლობა მთავრობებს, საელჩოებს, პარლამენტებს, კორპორაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის (Pannier, 2020). ბილატერალიზმის კლასიკური განმარტება კი ძალიან კარგად ერგება აშშ-სა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკისათვის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას შეგვიძლია მივანიჭოთ ბილატერალური კვალიფიკაციაც. ეს კი კვლავ ბალზაკის მიხედვით პრივილეგირებულ ურთიერთობად შეიძლება ჩაითვალოს. პრივილეგირებული ბილატერალური ურთიერთობა არის სპეციალური სახის ურთიერთობა სხვა ქვეყანასთან, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მყარია (Balzacq, 2020). თუმცა საინტერესოა რაში გამოიხატება აშშ-სა თურქეთის ურთიერთობების პრივილეგირებულობა. თურქეთის როლი ერთდროულად ორი საკმაოდ მყიფე და კონფლიქტური რეგიონისათვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს როლს ირგებს, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თურქეთს ამ რეგიონების სხვა სახელმწიფოებთან შედარებით აშშ-სთან უფრო ექსკლუზიური ურთიერთობა აკავშირებს.

ბილატერალურ ურთიერთობებზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო ფენომენია დროითი კატეგორია. ბევრი მკვლევარი თუ პოლიტოლოგი აშშ-სა და თურქეთს შორის თანამედროვე ურთიერთობებს ბილატერალური კავშირის კრახს უწოდებს და ხშირად შეფასებებში საკმაოდ პესიმისტური მესიჯებითაც გამოირჩევიან. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მათ ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული პარტნიორობა იმაზე უფრო მაღლა დგას ვიდრე ერთეული შეცდომები. შესაბამისად, თუკი ორ სახელმწიფოს შორის არ არსებობს პრინციპული წინააღმდეგობა, მათი ურთიერთობის სტრატეგიული პარტნიორობიდან მტრობამდე გადაკვალიფიცირების შანსი თითქმის ნულს უტოლდება. ამ მოსაზრების არგუმენტირებისათვის კი კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავესესხოთ ელის პანიერს, რომელიც ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში (Short-term) ბილატერალური ურთიერთობები მსხვრევადი და ფლუიდური შეიძლება იყოს. ეს კი განპირობებულია რიგი ფაქტორებით: კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური ნება, მთავრობები, კრიზისები. თუმცა, ავტორი გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, კრიზისები დასრულდება, მთავრობები შეიცვლება, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ ყველფრის მისაღწევად კი ბილატერალურ ურთიერთობას გრძელვადიან პერიოდში (Long-term) უნდა უყურო და კონფლიქტი ყოველთვის მშვიდობად გარდაქმნა (Pannier, 2020). ეს შეხედულება, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ხსნის და განმარტავს იმ ვითარებას, რაც დღესდღეობით თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებობს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას არ შეიძლება შევხედოთ მხოლოდ ბილატერალური კონტექსტიდან. ბილატერალიზმი მულტილატერული ურთიერთობებისა და კოალიციების საწინდარია, შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს ისიც, რომ თურქეთსა და აშშ-ს მულტილატერული ურთიერთობაც აკავშირებთ. ორივე სახელმწიფო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს (NATO), წევრია. მულტილატერული დიპლომატიური ურთიერთობა, ეს გარკვეულ კოალიციურ კავშირს, მესამე პირის ჩართულობასაც ნიშნავს (Petiteville, 2020) . შესაბამისად, ორივე სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული ვალდებულებები და მოვალეობები ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში კი ნატოს მიმართ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მულტილატერიზმი ამ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ვითარების გაუღვივებლობის გარანტიცაა. გარდა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობისა, თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობების მულტილატერულ ჭრილში განხილვა დაპირისპირების კომპლექსურობასაც უკავშირდება. დაძაბულობის მიზეზი ირიბად თუ პირდაპირ სხვა სახელმწიფოებიც არიან. რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი – ეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალია, რომელთა გამოც შესაძლოა აშშ-სა და თურქეთს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ თანამშრომლობას საფრთხე შეექმნას. სწორედ ამ მიზეზთა გამო შეუძლებელია, რომ აღნიშნული ვითარება მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ დაძაბულობად შევრაცხოთ, რადგან ამ ყველაფერში აშკარაა სხვა სახელმწიფოთა ჩართულობაც.

რაც შეეხება თურქეთისა და აშშ-ის თანამედროვე ურთიერთობის საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიებთან მისადაგებას, ეს საქმე დიდ ყურადღებას მოითხოვს. პირველ რიგში, არსებული ვითარების რომელიმე კლასიკურ თეორიასთან მისადაგება საკმაოდ რთული იქნება, რადგან თავად ვითარება საკმაოდ უჩვეულო და არაპროგნოზირებადია. მსოფლიო ისტორიაში არ გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც შეიძლება ითქვას ერთი სამხედრო ბლოკის, ერთი ბანაკის წარმომადგენლები დაპირისპირების ზღვრამდე მივიდნენ. აქედან, გამომდინარე, თანამედროვე პრობლემა თანამედროვე გადაწყვეტას მოითხოვს, შესაბამისად, პასუხებიც თანამედროვე მიდგომებში უნდა ვეძებოთ.

ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, მე-20 საუკუნის შუა წლებში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ჩალიყალიბებას ეროვნული ინტერესების საერთო პრინციპები უძღოდა. ეროვნული ინტერესები ეს საგარეო პოლიტიკის საკვანძო ცნებაა და მას საკმაოდ ახლო კავშირი აქვს პოლიტიკურ რეალიზმთან (რონდელი, 2006). თუმცა, საერთო ღირებულებებისდა მიუხედავად, ეროვნული ინტრესების განსაზღვრის ტრადიცია ორივე სახელმწიფოს მსგავსი არ ჰქონდა. პირველი განსხვავებაც ამ ორ ქვეყანას შორის სწორედ აქ იკვეთება. კვლავ ალექსანდრე რონდელის მიხედვით, ეროვნული ინტერესების განსაზღვრის 2 ტრადიცია არსებობს: 1. ელიტისტური ანუ პლატონისეული, სადაც ეროვნულ ინტერესებს განსაზღვრავს ელიტა, 2. დემოკრატიული ანუ არისტოტესეული, სადაც ეროვნული ინტერესები უნდა დადგინდეს დემოკრატიული პროცესების შედეგად (რონდელი, 2006). ამ შემთხვევაში სხვაობა თურქეთსა და აშშ-ის შორის ძალიან მკაფიო და აშკარაა. თურქეთი ისტორიულადაც ისეთი სახელმწიფო იყო, სადაც კონკრეტულ პირებს, ელიტას და განსაკუთრებით სამხედრო ელიტას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მეტიც, სამხედრო ელიტა სახელმწიფოს მართვისა და საგარეო პოლიტიკის წარმოების პროცესებში ძალიან დიდი დოზით იღებდა მონაწილეობას (Hutchings, 2020). თურქეთისაგან განსხვავებით კი აშშ-ში ნებისმიერი პროცესის, სახელმწიფო მართვისა თუ საგარეო პოლიტიკის წარმოების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო დემოკრატია ანუ ხალხია. სწორედ ამიტომაა, რომ სახელმწიფო მართვის პროცესებში ჩართულნი არიან კვლევითი ინსტიტუტები (Think Tank Organizations) თუ პოლისების დამგეგმავი კომიტეტები (PPC), რაც ყველა პროცესისადმი სანდოობას ბევრად ზრდის (Hutchings, 2020).

თანამედროვეობაში მხარეთა ქმედებები შესაძლოა გარკვეულწილად რეალიზმის ელემენტებს შეიცავდეს, განსაკუთრებით კი თურქეთის მოქმედებები, როდესაც ის წმინდა საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ენდრიუ ჰეივუდთან ვკითხულობთ, რომ რეალიზმი არის ძალისმიერი პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ეგოიზმსა და საერთაშორისო ანარქიაზე (Heywood, 2011). თურქეთის ქმედებები კი სხვა არაფერია თუ არა ეგოიზმის საუკეთესო გამოვლინება. თუმცა, აქ საქმეში ერთვება ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი და კერძოდ დროითი კატეგორია. დროითი კატეგორია ჩემი რეფერატის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორიცაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი რეფერატი შეზღუდულია დროითი კატეგორიით და კონკრეტულად რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პერიოდს მოიაზრებს, ეს საკითხს გარკვეულ სპეციფიკას სძენს. ჩვენი მიზანი არა ზოგადად აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობების განხილვა, არამედ ამ დროითი კატეგორიით შემოფარგვლა და შემდეგ განსაზღვრაა. ეს კი, ყველაფერს განსხვავებულ კონტექსტს სძენს. თურქეთის მიერ დასავლეთისაგან დამოუკიდებლად საკუთარი სვლების განხორციელება, რაც მთელ რიგ შემთხვევებში დასავლეთის გაღიზიანებას იწვევს, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ სოციალურ კონსტრუქტივიზმს უკავშირდება. იმისდა მიუხედავად, რომ თეორიას საკუთრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა საფუძველი, სოციალური კონსტრუქტივიზმის იარლიყს თურქეთის ქმედებები უფრო ატარებს. სოციალური კონსტრუქტივიზმი ეს გახლავთ თოერია, რომელიც ყველა სიტუაციის განსხვავებულად აღქმას გვათავაზობს, ის გვეუბნება, რომ არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება და ერთი და იმავე საკითხი შესაძლოა ორმა მხარემ (ამ შემთხვევაში კი ორმა სახელმწიფომ) განსხვავებულად აღიქვას (Jackson, 2018). სოციალური კონსტრუქტივიზმი, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ახსნის მხარეთა „ორმაგ სტანდარტებს“. ორმაგ სტანდარტებში კი ვგულისხმობ საკითხებისადმი ორივე სახელმწიფოს მიდგომას. მაგალითისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთისაგან იარაღის შეძენის ფაქტზე სრულიად სხვა რეაქცია ექნებოდა სხვა სახელმწიფოს შემთხვევაში, ვიდრე ჰქონდა თურქეთთან მიმართებით. ეს ფენომენი კი სწორედ კონსტრუქტივისტული მიდგომით შეგვიძლია ავხსნათ. ასევე მოქმედებს თურქეთიც – ის ნატოს წევრი სახელმწიფოა, თუმცა პარალელურად ამისა საჰარეო თავდაცვის შეიარაღების სისტემებს ყიდულობს რუსეთისაგან. ერთი შეხედვით, ეს ფაქტი შეიძლება პრინციპების ღალატად შეირაცხოს, თუმცა მეორე მხრივ თურქეთი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

საინტერესოა თავად პიროვნებების როლიც. თურქეთის მიმართ განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტებს, ზოგი უფრო მკაცრ რიტორიკას უჭერდა მხარს, დონალდ ტრამპი შედარებით ლმობიერად იყო განწყობილი ერდოღანის მიმართ. მისგან განსხვავებული პოზიცია ექნება ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც. ეს ბუნებრივი მოვლენაა და მისი საწყისებს კვლავ სოციალურ კონსტრუქტივიზმთან მივყავართ.

როგორც ვნახეთ, საკითხის რომელიმე კონკრეტულ თეორიასთან მისადაგება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე. თუმცა, მაინც შევძელით პრინციპების დონეზე გარკვეული მსგავსებები და მიგნებები დაგვენახა. ვფიქრობ, აღნიშნული დაძაბულობის საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, აკადემიურ კონტექსტში გააზრება, მისი გადაწყვეტის პერსპექტივებზე ფიქრში დაგვეხმარება. თუმცა, მანამდე შემდეგ თავებში ჩვენ კონკრეტულად მიმოვიხილავთ და აღვწერთ დაძაბულობის მიზეზებსა და გარემოებებს.

თურქეთის შიდა პოლიტიკის ცვლილება ერდოღანის მმართველობის შედეგად

როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნე, რეფერატის მთავარი მიზანი იმ ვითარების აღწერაა, რაც თანამედროვე თურქეთში შეიქმნა რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენი დროითი კატეგორია შემოსაზღვრული იქნება 2003 წლიდან დღემდე, ანუ ერდოღანის პრემიერ-მინისტრობიდან პრეზინდეტობამდე. ამ თავში ჩვენ მიმოვიხილავთ იმ ძირითად საკითხებს, რომლებმაც განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილება ამ პერიოდის განმავლობაში.

თურქეთის კრიზისი

ერდოღანის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისი მიზანი ნეო-ოსმალური სახელმწიფოს შექმნაა. იმისდა მიუხედავად, რომ თანამედროვე თურქეთი თავს ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ არ მიიჩნევს, მას სურს სახელმწიფოს ოსმალეთის დროინდელი ძლიერება დაუბრუნოს, რაც ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებებია (პეტრიაშვილი, 2020). რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტი-ათათურქ ათათურქსაც უწოდებენ. იგი სეკულარულ თურქეთში გაიზარდა, მიიღო განათლება, ჩამოუყალიბდა შეხედულებები და ღირებულებები და მიზნად ათათურქის გზის შეცვლა დაისახა. თავად ათათურქის სისტემის შეცვლაც მისივე განხორციელებული რეფორმებით სურს: სახელმწიფო ინსტიტუტების ძლიერებითა და სოციალური მოდელით. შედეგად კი მიიღო მოცემულობა, სადაც თურქეთის სახელმწიფო დისკრიმინაციას ახორციელებს საკუთარ მოქალაქეებზე რელიგიური ნიშნით. ეს ნიშანი კი ყველა სხვა აღმსარებლობის დისკრიმინაციაა გარდა კონსერვატიული, ტრადიციული სუნიტური ისლამისა, რომლის მიმდევარიც თავად პრეზიდენტი გახლავთ (Cagaptay, 2020).

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ერდოღანის მთავარი პრობლემაც ესაა. განსხვავებით ქემალ ათათურქისაგან, რომელიც ხელისუფლების სათავეში სამხედრო გენერლის რანგში მოვიდა, ერდოღანს მმართველობის დემოკრატიული მანდატი აქვს. შესაბამისად, ის საკუთარი რევოლუციური განზრახვების უდიდეს წინააღმდეგობას აქ აწყდება. თურქეთში კრიზისიც სწორედ ამ მოცემულობის გამოა შექმნილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქული საზოგადოება ორ ბანაკადაა დაყოფილი: პრო-ერდოღანულ და ანტი-ერდოღანულ ბანაკებად. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთში დემოკრატია ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ერდოღანის იდეების განხორციელებას ეს ფაქტორი ხელს უშლის. ეს კი თავის მხრივ, გახდა მიზეზი ერდოღანის ანტი-ლიბერალური მიდგომებისა. მან დემოკრატია და ლიბერალიზმი უკიდურესად შეზღუდა საკუთარი მიზნების მისაღწევად და ნაცვლად იმისა, რომ მრავალფეროვანი, პლურალისტური საზოგადოების განვითარებისათვის ეზრუნა, მან საკუთარი მოწინააღმდეგეების დაკავებები დაიწყო და მათ დისიდენტების სტატუსიც მიანიჭა. ლიბერალური ღირებულებები კი მხოლოდ საკუთარი მომხრეებისათვის ვრცელდება (Cagaptay, 2020).

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიადაგის მომზადება საკუთარი მიზნების განსახორციელებლად 1990-იან წლებში დაიწყო. სეკულარულ სახელმწიფოში საკუთარი რეფორმის განსახორციელებლად მან სხვადასხვა ნარატივი გაააქტიურა. ეს ჩადებული „ბომბი“ კი თანამედროვეობაში ამოქმედდა. ერდოღანი თავს მიიჩნევს არაერთი გადატრიალების მცდელობისა თუ შეთქმულების მსხვერპლად, რაც მას აძლევს და ანიჭებს იმ ქმედებების ლეგიტიმაციას, რასაც იგი საკუთარი მოწინააღმდეგეების მიმართ ახორციელებს. თუმცა, ამ ქმედებების ხარისხი ხშირად რეპრესიებშიც გადაიზრდება ხოლმე, რისი დამსახურებაც არის ათობით ათასი სამოქალაქო თუ სამხედრო პირის დაპატიმრებები სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. ამ ყველაფრის დამსახურებაა ისიც, რომ ერდოღანს უდიდესი გავლენა აქვს თურქეთში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე. არჩევნები თურქეთში დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ტარდება, თუმცა თუ კვლავ ბატონ სონერ ჩაღაპტაის დავესესხებით იგი არასდროსაა სამართლიანი. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ერდოღანს გავლენა აქვს თითქმის ყველა სახელმწიფო რესურსზე და გარდა ამისა მისი ავტორიტეტი კერძო სექტორზეც მოქმედებებს. თითქმის ყველა მოქმედი მედია საშუალება ერდოღანთან დაახლოებული პირის მფლობელობის ქვეშ არის, რაც კიდევ უფრო მარტივს ხდის ხალხის ნებაზე ზემოქმედებას პროპაგანდისტული მეთოდებით. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უკვე ამჟამინდელი მოცემულობით ერდოღანი ქემალ ათათურზე დიდი ხანია, რაც სახელმწიფოს სათავეშია. და უნდა ვივარაუდოთ, რომ არც უახლოეს მომავალში აპირებს მართვის სადავეების დათმობას, რადგან მას ჯერ-ჯერობით საკუთარი მიზანი, საკუთარი ხედვა „ახალი თურქეთის“ შესახებ სრულად არ განუხორციელებია. მას სურს მოახდინოს თურქეთის ფორმირება როგორც რელიგიურად ისლამურ, ხოლო სოციალურად – კონსერვატიულ საზოგადოებად (Cagaptay, 2020).

ამერიკელი მკვლევარისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტის, დევიდ ფილიფსის, მოსაზრებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქმედებების მიზეზები მის ბავშვობაში და ახალგაზრდობაში უნდა ვეძებოთ. დევიდ ფილიფსი საკუთარ წიგნში საკმაოდ დეტალურად აღწერს ერდოღანის ადრეულ წლებს, ოჯახს, იმ გარემოს, რომელშიც გაიზარდა და ამ ყველაფერს მისი მმართველობის მთავარ პრინციპებს უკავშირებს. იგი ბავშვობიდან კონსერვატიულ ოჯახში იზრდებოდა. დედაც და მამაც სუნიტი მუსლიმები იყვნენ, რომლებიც მკაცრი აღმზრდელობითი მიდგომებით გამოირჩეოდნენ. ერდოღანი ბავშვობიდან დიდ ყურადღებას იჩენდა რელიგიისა და მისი პოლიტიკასთან კავშირის მიმართ. რეგიონიც, სადაც თავად იზრდებოდა უმცირესობებისადმი არატოლერანტული დამოკიდებულებით იყო ცნობილი. შესაბამიასდ, ავტორი გვეუბნება, რომ ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რისი გამოვლინებაც პრეზიდენტ ერდოღანის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის წარმოების მეთოდებია (Phillips, 2017).

ერდოღანის პან-ისლამისტური ხედვა ჯერ კიდევ მისი სახელმწიფო სათავეში მოსვლამდე საკმაოდ აშკარა იყო. 1997 წელს, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ერბაქანი სამხედრო ელიტამ თანამდებობიდან გადააყენა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მის მხარდასაჭერად საკუთარ გამოსვლაში ცნობილი პოემის, „თურქეთის გამათავისუფლებელი ომის“, სტროფები გააჟღერა (Phillips, 2017):

“The mosques are our barracks,

The domes our helmets,

The minarets our bayonets,

And the faithful our soldiers.”

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მისი სამომავლო ხედვების, ქმედებებისა და დამოკიდებულებების აშკარა გამომზეურება იყო. ამ ყველაფრის შედეგს კი თურქეთი უკვე დღეს იმკის. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივით აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რასაც ფუნქციურზე მეტად, სიმბოლური დანიშნულება უფრო აქვს (Causevic, 2020).

ერდოღანის საშინაო პოლიტიკის თავისებურებები და მისი მიზეზები გამოვკვეთეთ. ახლა კი გადავიდეთ მის ხედვაზე საგარეო პოლიტიკის შესახებ და აღვწეროთ ის კონკრეტული ცვლილებები, რაც თურქეთის საგარეო პოლიტიკამ განიცადა ერდოღანის მმართველობის პერიოდში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის საგარეო პოლიტიკის თავისებურებები

ერდოღანის საგარეო პოლიტიკის მოდელი ბევრი თავისებურებით გამოირჩევა. ეს გახლავთ „ახალი თურქეთის“ მოდელი, რომელიც განსაკუთრებით კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთსა და ისლამურ ქვეყნებზე. პოლიტიკის მთავარი მიზანი კი ამ რეგიონის მუსლიმ მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენა და ნეო-ოსმალური ღირებულებების გავრცელებაა (Cagaptay, 2020). თურქეთის საგარეო ურთიერთობები საკუთარ როლს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი თვლიან, რომ ბალკანეთი – კავკასია – ახლო აღმოსავლეთის სამკუთხედში თურქეთს წამყვანი ადგილი უჭირავს და ლიდერობასაც ითავსებს. და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თურქეთის სუბიექტურ თვითაღქმას უკავშირდება. ამ მდგომარეობამდე თურქეთის რესპუბლიკა სხვა დასავლური სახელმწიფოების დამოკიდებულებამ მოიყვანა. როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას მე-20 საუკუნის შუა წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, თუმცა თურქეთის, როგორც სეკულარული, დემოკრატიული მუსლიმური სახელმწიფოს იდეა უფრო ფართოდ ცნობილი მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოსკენ გახდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ ევროკავშირსაც სჭირდებოდა მყარი მოკავშირე ამ რეგიონში, რომლის როლიც შესანიშნავად შეითავსა თურქეთმა. ერდოღანის სახელმწიფო სათავეში მოსვლის დროისათვის კი, შეიძლება ითქვას, თურქეთს უკვე საკმაოდ კომფორტული ნდობაც ჰქონდა მოპოვებული მთელ რიგ საკითხებზე თანამშრომლობის გამო. თურქეთის რეპუტაცია უზადო იყო – იგი გახლდათ სეკულარული სახელმწიფო საკმაოდ მყიფე რეგიონის გულში, შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებდა შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და ევროკავშირთან, ჯეიჰანის მილსადენის წარმატებაც სწორედ თურქეთის დამსახურება იყო, შეინიშნებოდა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის ნიშნები საბერძნეთსა და კვიპროსთან მიმართებით (Ismael & Ismael, 2011). შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით თურქეთი სანდოობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით სარგებლობდა, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ სარფიანად გამოიყენა კიდეც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მას კარგად ესმოდა, რომ მოპოვებული რეპუტაცია საკუთარი გეგმების განსახორციელებლად საკმაოდ დიდ დროს მოაგებინებდა. წლობით და ათწლეულობით ნაშენები მყარი ურთიერთობების ერთი ხელის მოსმით დანგრევას არავინ შეეცდებოდა, ამიტომ საკუთარი საკმაოდ კონსერვატიული და არალიბერალური ნაბიჯების გადადგმა ნაკლები დანაკარგით შეეძლო. საინტერესოა ისიც, რომ ერდოღანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის ლავირებას გულისხმობდა, სჭირდებოდა მყარი და ეფექტური კონტროლი სახელმწიფოზე. კონტროლში კი ვგულისხმობ არა მხოლოდ მმართველობით კონტროლს, არამედ მთლიანად სახელმწიფო მოწყობის მოდელს. სწორედ ამიტომ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაიწყო თურქეთის სახელმწიფო მოწყობის ცვლილების პროცესი. თურქეთის რესპუბლიკის საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე საპარლამენტო მოწყობა, რომელიც მეტად დემოკრატიულია ისეთი ქვეყნების კონტექსტში, როგორიც თურქეთია, შეიცვალა მკაცრად ცენტრალიზებული, საპრეზიდენტო სისტემით (Kirisci & Toygur, 2019). შესაბამისად, აქედან მოყოლებული თურქეთის საგარეო პოლიტიკა უფრო ხისტი და აგრესიული გახდა, ვიდრე მანამდე. თუკი აქამდე თურქეთი და შესაბამისად მისი საგარეო პოლიტიკა აღიქმებოდა, როგორც დასავლეთის პარტნიორი სახელმწიფოს ქმედებათა ჯაჭვი, რომელიც კვლავ დასავლური ნების გამოხატულებაა. ამჯერად, თურქეთმა გადაწყვიტა საგარეო პოლიტიკაში საკუთარი სათქმელი ეთქვა და აღარ ყოფილიყო ასოცირებული მხოლოდ დასავლეთთან. მან გადაწყვიტა, რომ რეგიონის ქვეყნებისათვის, არაბული სახელმწიფოებისათვის, ისრაელისათვის, სამხრეთ-კავკასიისათვის, ირანისათვის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოებისათვის შეეხსენებინა, რომ თურქეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც პარალელურად ნატოს წევრობისა, საკუთარი ეროვნული ინტერესები და საკუთარი გეგმები აქვს. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ თურქეთმა შესაძლოა საგარეო პოლიტიკის წარმოებისას დასავლეთისაგან დამოუკიდებელი სვლები აწარმოოს. ეს გაფრთხილება კი კიდევ ერთი გამოძახილია ერდოღანის „ახალი თურქეთის“ მოდელისა (Dursun-Ozkanca, 2019).

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რომელიც თურქეთის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს განსაზღვრავს ერდოღანის მმართველობის პერიოდში, ეს ქურთების საკითხისადმი დამოკიდებულებაა. ერთი შეხედვით ქურთების საკითხი შიდა პოლიტიკურ ელფერს ატარებს, თუმცა თავად ქურთების საცხოვრებელი არეალის გათავლისწინებით ის საგარეო პოლიტიკურ ჭრილში გადაიზრდება. ერდოღანის მკაცრად კონსერვატიულმა მიდგომებმა არც ქურთების საკითხი დატოვა უყურადღებოდ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისადმი ხელშეწყობის ბრალდებით მათ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაც დაიწყო. რა საკვირველია, ამ ყველაფერმა დასავლეთის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე ერდოღანმა მოპოვებული ნდობით ისარგებლა და დასავლური სამყაროს ზეწოლას გაუძლო (Ismael & Ismael, 2011).

ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის ურთიერთობების ცვლილებები

თურქეთის საგარეო პოლიტიკის განახლებულმა მიდგომებმა, რა საკვირველია, სხვა ქვეყნებთან მის ურთიერთობებზეც იმოქმედა. უპირველეს ყოვლისა კი გარკვეული ცვლილებების დანახვა თურქეთის რესპუბლიკასა და მის დიდი ხნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორისაც შეგვიძლია. სანამ უშუალოდ კონკრეტულ მაგალითებსა თუ პრინციპების აღწერაზე გადავიდოდეთ, უნდა დავსძინოთ, რომ ცვლილებებზე საუბრისას არ ვგულისხმობთ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის ძირეულ შემობრუნებას. თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის სახეცვლილება ცალკეული ინდივიდების ბრალიც შეიძლება იყოს, ამიტომ არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს (პეტრიაშვილი, 2020). ჩვენ ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ საგარეო პოლიტიკა, სტრატეგია და გრძელვადიანი თანამშრომლობა იმაზე უფრო მაღლა დგას, ვიდრე მმართველი ადმინისტრაცია და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. თუმცა, რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს კონკრეტული ინდივიდების ქმედებები სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ამ თავში.

ქრონოლოგიური უზუსტობის თავიდან ასარიდებლად მოვლენებს მივყვეთ ეტაპობრივად. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი გაფრთხილება შეერთებული შტატებისადმი, ეს 2003 წელს მომხდარი მცირე ინციდენტი იყო. 2003 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, თურქეთმა და კერძოდ პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა, აშშ-ს არ მისცა ინჩირლიკის საჰაერო ბაზის პლაცდარმად გამოყენების უფლება (პეტრიაშვილი, 2020). ეს ნაბიჯი მაშინ საკმაოდ ხისტ პასუხად აღიქმებოდა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, თუმცა დღეს, 17 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ ერდოღანის ქმედებებს ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, ამგვარი ქმედების მიზეზი საკმაოდ ცხადი ხდება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-სა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ცვლილების ყინული სწორედ ამ დროიდან დაიძრა. ინჩირლიკის საჰაერო ბაზა ამის შემდეგაც არაერთხელ გამხდარა უთანხმოების მიზეზი. 2014 წელს უკვე ტერორისტული ორგანიზაცია ISIL (ISIS)-ის წინააღმდეგ იერიშების განხორციელებაზე უთხრა უარი ერდოღანმა შეერთებულ შტატებს (Dursun-Ozkanca, 2019).

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფაქტორიც, რომელმაც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თურქეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. საუბარი მაქვს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე თურქეთში, რამაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამოქმედო ნაბიჯების მთელი პალიტრა გადაუშალა (Zannoti & Thomas, 2020). სამხედრო გადატრიალების მცდელობის საკმაოდ ხისტად ჩახშობის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, ერდოღანი შეტევაზეც გადავიდა. კერძოდ კი, მისი მთავრობის ოფიციალურმა პირებმა ღიად დაადანაშაულეს ამერიკის შეერთებული შტატები ამბოხის სავარაუდო მეთაურის, ფეთულაჰ გიულენის, მფარველობაში (East, 2016). თურქული მხარე შეერთებულ შტატებს გიულენის დაკავებასა და მათთვის გადაცემას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. ამის გამო კი თურქეთი პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ამერიკული ნიშნების არსებობის დადასტურებას.

იმ უნდობლობას, რომელიც დღითი-დღე იზრდებოდა შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის მკვლევარების ნაწილი ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს აბრალებდა. ობამას ბილატერალური ხედვა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა არც თურქეთის რესპუბლიკაში, რადგან მისი დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების გათვალისწინებით, იგი მხარს უჭერთა ქურთების თვითდამკვიდრების პროცესს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მწიფდებოდა იდეა, რომ შექმნილი ვითარება ბარაკ ობამას პასიური პოლიტიკის შედეგი იყო (Yegin & Ozertem, 2016). სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ორივე მხარეს მხსნელად იმ პერიოდში დონალდ ტრამპი ესახებოდათ. პირველ რიგში კი ეს ყველაფერი ტრამპის შეხედულებებით იყო განპირობებული. იგი გახლდათ რესპუბლიკელი კანდიდატი, კონსერვატორული შეხედულებების მქონე პიროვნება, რომელიც თავიდანვე საკმაოდ მკაფიო და მკაცრ განცხადებებს აკეთებდა. შესაბამისად, ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაშიც გაჩნდა იმის იმედი, რომ დონალდ ტრამპი თურქეთის საკითხს და კერძოდ ერდოღანთან ურთიერთობას მკაცრად მიუდგებოდა. მკვლევარები აქტიურად წერდნენ, რომ დონალდ ტრამპს უნდა დაეწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, უნდა გაეკეთებინა ის, რაც ობამამ ვერ შეძლო და უნდა ემოქმედა ძალთა ბალანსის აღდგენის პრინციპით (Rogan, 2016).

თუმცა, როგორც აღმოჩნდა დონალდ ტრამპი ავტორიტარი ლიდერებისადმი საკმაოდ ლოიალური გამოდგა და პოლიტიკური მკვლევარების იმედები მისმა ხელისუფლებაში მოსვლამ არ გაამართლა. რითიც ისარგებლა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გადაწყვიტა რუსეთისაგან შეეძინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S-400. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ნატო-ს წევრობის სტანდარტებს, არამედ იგი პოლიტიკურ-დიპლომატიურადაც მიუღებელი აღმოჩნდა. თურქეთი გახლავთ სახელმწიფო, რომელიც პარალელურად ნატო-ს, უმსხვილესი სამხედრო ბლოკის წევრობისა, ყიდულობს თავდაცვით იარაღს რუსეთისაგან. რა საკვირველია ამ ყველაფერმა უკმაყოფილება გამოიწვია შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაშიც და წარმომადგენლობითმა პალატამ არა ერთხელ სცადა თურქეთისათვის სანქციების დაწესების პროცესის დაწყება, თუმცა მისი ყველა მცდელობა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უგულებელყო. თურქეთი ამ ნაბიჯით კი კიდევ უფრო დაახლოვდა რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში (Cagaptay, 2020).

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, არსებობს კიდევ უამრავი ქმედება, რამაც თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს ჩრდილი მიაყენა. ამ მიზეზებში ერთიანდება როგორც პოლიტიკური საკითხები, ისე ეკონომიკური ქმედებები, ადამიანის უფლებათა თემები, თუმცა, ვფიქრობ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი თურქეთის მზარდი როლია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. პრეზიდენტი ტრამპის ბოლო წლების მთავარი სამოქმედო გეგმა ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და მათთვის დამოუკიდებლად განვითარების საშუალება იყო. შესაბამისად, მივიღეთ მოცემულობა, რომლის მიხედვითაც გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ რეგიონში ათი ათასობით ამერიკული სამხედრო კონტიგენტი მნიშვნელოვნად შემცირებული. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი გადაწყვიტა ამ ქმედების შედეგად დარჩენილი უფსკრულის ამოვსებაზე ფიქრი თავადვე დაეწყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, სადაც თურქეთი განსაკუთრებით აქტიურდება ახლო აღმოსავლეთში. იგი პარალელურად ებმება რამდენიმე საომარი სიტუაციაში სირიასა და ლიბიაში. მეტიც, სირიაში იგი აღწევს შეთანხმებას რუსეთთან, რის მიხედვითაც ორი სახელმწიფო ერთობლივ პატრულირებას ახორციელებს იდლიბის პროვინციაში. ამ უკანასკნელმა კი კიდევ უფრო დაძაბა ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.

თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ შეერთებული შტატები თურქეთის ამგვარ ქმედებებს უყურადღებოდ ტოვებდა და ტრამპის ლოიალური დამოკიდებულებისდა მიუხედავად საპასუხო ზომებს არ იღებდა. რა საკვირველია, ეს ასე არ ყოფილა. ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო ზომებისა თუ ნაბიჯების შესახებ კი შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები თურქეთის როლის ცვლილების პარალელურად

რეჯეფ თაიფ ერდოღანის საკმაოდ ხისტმა ნაბიჯებმა შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაში შეიძლება ითქვას განგაშის სიგნალი გაგზავნა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტად გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ ამერიკაში ალტერნატიულ რეალობაზე დაეწყოთ ფიქრი. რა საკვირველია, თურქეთს მტრად შეერთებულ შტატებში არავინ აღიქვამს, თუმცა ცხადია, რომ მისდამი ნდობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. დასავლურ მედიაში სულ უფრო გახშირდა მოწოდებები თურქეთის დასავლური ალიანსიდან გარიცხვის შესახებ, რაც კვლავ მის თანამშრომლობას უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციასთან თავდაცვის სფეროში (Carpenter, 2019). თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამგვარი მოწოდებები უფრო მეტად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და რეალურად საჭირო იყო უფრო მკაცრი, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

როგორც უკვე აღვნიშნე, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება თურქეთისა და კერძოდ ერდოღანის მიმართ შედარებით ლოიალური გახლდათ. ამიტომ, იგი საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე იკავებდა თავს თურქეთისათვის სანქციების დაწესებაზე რუსეთთან თანამშრომლობის გამო. თუმცა, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამგვარი ლოიალური დამოკიდებულება უფრო მკაცრი ნაბიჯებით შეიცვლება და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღარ დაბლოკავს სანქცირების პროცედურებს. თავის მხრივ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც საკუთარი მოსაზრება აქვს. იგი ამბობს, რომ თავდაცვითი დანადგარების შეძენის გადაწყვეტილებას უცვლელს დატოვებს იმისდა მიუხედავად თუ რა საპასუხო ზომები შეიძლება მოჰყვეს ამას (Erdogan, 2019). თუმცა, საპასუხო ზომებმაც არ დააყოვნა და 2019 წელს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად შეწყვიტა გამანადგურებლების, F-35-ების, პროგრამა თურქეთთან, რომლის მიხედვითაც თურქეთი შეერთებული შტატებისაგან 100 ერთეული გამანადგურებელი უნდა შეეძინა (Stewart, 2019). ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა, ვინაიდან აღნიშნული გამანადგურებლები დიდი სამხედრო პოტენციალით გამოირჩევა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბოლო წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენათა ჯაჭვიც. საუბარი მაქვს არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე, რომელიც საკუთარ მიღწევად თავისფლად შეგვიძლია მივაწეროთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. ამ მოვლენებს ორი მხარე შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხარე მისი შინაარსია. არაბულმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც ათწლეულებია ისრაელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, დაიწყეს სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრი. თუმცა, ჩემი აზრით, საკითხის მეორე მხარე უფრო მნიშვნელოვანია, რომლის მიღმაც უსაფრთხოების ახლებული ხედვა იმალება. თურქეთის მზარდმა როლმა შეერთებულ შტატებს ახალი საფიქრალი მისცა. ერდოღანმა საკუთარი ქმედებებით თურქეთის სანდოობის მაჩვენებელი სამომავლო პერსპექტივაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მან გადაწყვიტა საკუთარი პოლიტიკური თუ სამხედრო ძლიერების გამომზეურება, რასაც შეეძლო მომავალში ახლო აღმოსავლეთში არსებული ძალთა ბალანსი დაერღვია. შეერთებულ შტატებში მიხვდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთსა და ირანთან ერთად, თავისუფლად შეიძლებოდა გამოჩენილიყო ახალი ძალა თურქეთის სახით, რომელიც საკუთარი გავლენების გაზრდას მოისურვებდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ებრაულ-არაბული კოალიციების შექმნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ახალი პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღებაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ხერხით დონალდ ტრამპმა ორი კურდღელი ერთდროულად დაიჭირა. მან დაიწყო ნორმალიზების პროცესი, რაც უკვე თავისთავად უდიდესი წინსვლა და მიღწევაა და პარალელურად საფუძველი ჩაუყარა ახალ კოალიციას, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა ძალთა ბალანსის ახალ გარანტად მოგვევლინოს (Ephron, 2020).

დასკვნა

საბოლოოდ, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობები დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ცხადია, რომ არც ერთ მხარეს არ სურს არსებული ვითარების გამწვავება და ორივე დაძაბულობის განმუხტვისაკენ ისწრაფვის. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ შედეგის მისაღებად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. რთული წარმოსადგენია, რომ მათ შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა დაირღვეს და მეგობრობა მტრობამ ჩაანაცვლოს, თუმცა ფაქტია დაძაბულობა დღითი-დღე იზრდება. ორივე მხარე ფიქრობს ალტერნატივებზე და საკუთარ დღის წესრიგს დამოუკიდებლად აყალიბებს. მხარეთა ეროვნული ინტერესები და საგარეო პოლიტიკის თავისებურებები ერთმანეთისაგან რიგ საკითხებში განსხვავდება, თუმცა საერთაშორისო უსაფრთხოებისაკენ სწრაფვა ყოველი სახელმწიფოს მოწოდება უნდა იყოს. თავისთავად საინტერესოა მოვლენათა განვითარება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც. თურქეთსაც და შეერთებულ შტატებსაც საკუთარი მყარი პოზიცია უკავიათ საერთაშორისო სისტემაში, შესაბამისად ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთისათვის მუდამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე იქნება. ხოლო ამ ურთიერთდამოკიდებულების თანამშრომლობაში გამოხატვა ყველასთვის უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება.

ბიბლიოგრაფია

  • Balzacq, T., 2020. Global Diplomacy: Introduction to Theory and Practice. s.l.:Palgrave Macmillan.
  • Cagaptay, S., 2020. Erdogan’s Empire: Turkey and The Politics of the Middle East. London: Bloomsbury Publishing.
  • Carpenter, T. G., 2019. The Washington Post. [Online] Available at: https://www.washingtonpost.com/opinions/2019/07/19/its-time-expel-turkey-western-alliance/
  • Causevic, S., 2020. The Conversation. [Online] Available at: https://theconversation.com/hagia-sophia-turning-this-turkish-treasure-into-a-mosque-is-at-odds-with-its-unesco-status-143372
    [Accessed 29 July 2020].
  • Dictionary, 2020. Cambridge Advanced Learner’s Dictionary & Thesaurus. s.l.:Cambridge University Press.
  • Dursun-Ozkanca, O., 2019. Turkey-West Relations: The Politics of Intra-Alliance Opposition. UK: Cambridge University Press.
  • East, K., 2016. Politico. [Online] Available at: https://www.politico.eu/article/turkey-accuses-us-of-harboring-coup-mastermind-fetullah-gulen-prime-minister-binali-yildirim/
  • Ephron, D., 2020. Foreign Policy. [Online] Available at: https://foreignpolicy.com/2020/12/21/arab-ties-israel-diplomacy-normalization-middle-east/
  • Erdogan, R. T., 2019. Al-Jazeera. [Online] Available at: https://www.aljazeera.com/news/2019/06/04/erdogan-no-step-back-from-s-400-deal-with-russia/
  • Heywood, A., 2011. Global Politics. s.l.:Palgrave macmillan.
  • Hutchings, R., 2020. Modern Diplomacy in Practice. s.l.:Palgrave Macmillan.
  • Ismael, T. Y. & Ismael, J. S., 2011. Government and Politics of the Contemporary Middle East. s.l.:Routledge.
  • Jackson, R., 2018. Introduction to International Relations: Theories and Approaches. Seventh ed. s.l.:Oxfrod University Press.
  • Kautilya, 4th Century BC. Arthashastra. s.l.:s.n.
  • Kirisci, K. & Toygur, I., 2019. Turkey’s New Presidential System and a Changing West, Washington: Foreign Policy at Brookings.
  • Pannier, A., 2020. Bilateral Diplomacy. s.l.:Palgrave Macmillan.
  • Petiteville, F., 2020. Multilateral Diplomacy. s.l.:Palgrave Macmillan.
  • Phillips, D. L., 2017. An Uncertain Ally: Turkey Under Erdogan’s Dictatorship. New Jersey: Transaction Publishers.
  • Rogan, T., 2016. National Review. [Online] Available at: https://www.nationalreview.com/2016/12/donald-trump-turkey-erdogan-tougher-stance/
  • Stewart, P., 2019. Reuters. [Online] Available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-usa-idUSKCN1UC2DD
  • Yegin, M. & Ozertem, H. S., 2016. U.S.–Turkey Relations: How to Proceed after Obama, s.l.: The German Marshall Fund.
  • Zannoti, J. & Thomas, C., 2020. Turkey: Background and U.S. Relations, s.l.: Congressional Research Service.
  • პეტრიაშვილი, ა., 2020. თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი [Interview] (23 November 2020).
  • რონდელი, ა., 2006. საერთაშორისო ურთიერთობებიმესამე, განახლებული გამოცემა ed. s.l.:s.n.

By Misho

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

You missed