კვლევითი ნაშრომი მომზადებულია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსის ფარგლებში.

ნაშრომის ავტორი:  ნიკოლოზ თექთურმანიძე

თბილისი, საქართველო
2021 წლის 1 თებერვალი

შესავალი

დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის გარეშე არ არსებობს მშვიდობა და ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტს იმ უმთავრეს შედეგამდე მივყავართ, რასაც ერებს შორის ცივილიზაციათა კავშირი ჰქვია. ამ მხრივ, საინტერესოა დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხები XXI საუკუნის თურქეთში. ნებისმიერ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების საფეხურზე რომ ავიდეს, სჭირდება ძლიერი საზოგადოება და პოლიტიკური ნება. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა (1881-1938), ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების გეზი დასავლეთისაკენ მიმართა და ევროპეიზაციის გზა უცვლელ საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრინციპად გამოაცხადა. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა ყალიბდება ძლიერ სახელმწიფოდ. ისმის კითხვა, რამდენად გააგრძელებს რესპუბლიკური თურქეთი დემოკრატიული და ევროპული ფასეულობებით სვლას და შეინარჩუნებს მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელმწიფო მმართველობას. თურქეთისა და მისი ლიდერისათვის ისლამი ინსტრუმენტია, რომლითაც მას პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია და თურქეთის ტრადიციულ, კონსერვატიულ საზოგადოებად სურს გარდაქმნა, სადაც ნაკლებია სოციალური, ეთნიკური და სხვა სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებული პროტესტის გენერირების შესაძლებლობა. უახლოესი ათწლეულები კი პასუხს გასცემს კითხვას, შეიძლება თუ არა მუსლიმური კულტურის მატარებელი ქვეყნების ადაპტაცია დემოკრატიულ, დასავლურ ცივილიზაციასთან და როგორი იქნება მისი შედეგები.
დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხების შესწავლა XXI საუკუნის თურქეთში განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საფრთხე შეექმნა რესპუბლიკური თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ შექმნილ სახელმწიფო სისტემას. XXI საუკუნის თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტმა რ. ტ. ერდოღანმა რელიგია (ისლამი) მთავარ ინსტრუმენტად აქცია.
რესპუბლიკანიზმის საკითხი XXI საუკუნის თურქეთში ერთ-ერთი აქტუალური თემაა. დემოკრატიზაცია კი მრავალმხრივი პროცესია. თანამედროვე გაგებით, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, სხვა უამრავ ღონისძიებასთან ერთად, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისა და ევროპულ სამართალთან შესაბამისობაში მოყვანის ღონისძიებებს გულისხმობს, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი იურიდიული საფუძვლები ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. ასევე, გაიზიაროს და განავითაროს ის ფასეულობები, რომლებიც ღირებულია კაცობრიობისათვის. მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ შემუშავებული ექვსი პრინციპი თურქეთის კონსტიტუციის პრეამბულაშია ჩაწერილი.
თურქული სახელმწიფოს მშენებლობის სათავეებთან მყოფი პიროვნებები ქვეყნის მომავალს „ისტორიიდან მომავლისაკენ“ მიმართულ სტრატეგიასა და ისტორიის ფესვებიდან ამოზრდილ, მყარი ფესვების მქონე ერთიან საზოგადოებაში ხედავენ. პოლიტიკოს ა. დავუთოღლუსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა მიიღოს ახალი გამოწვევები და უპასუხოს მას, გააგრძელოს მყარი სვლა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ, მაგრამ არ მოწყდეს წარსულს, მოახდინოს მისი რევიზია და ისტორიული ფასეულობებიდან შეინარჩუნოს მხოლოდ ღირებული – ის, რაც მის წინსვლას არ შეაფერხებს. ისტორიული პროცესების ახლებური ინტერპრეტაცია კი მას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. საქმე ისაა, რომ ისტორიულ ფესვებს მოწყვეტილი ქვეყანა კარგავს იდენტობას, მაგრამ მისი გადამეტებული დაცვა ზღუდავს მის მოქმედებებს განვითარებისაკენ. მართალია, ძალიან ძნელია, დააბალანსო ეს პროცესი, მაგრამ განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები ამის კარგი მაგალითია. თუ თურქეთს მყარად აქვს გადაწყვეტილი, არ გადაუხვიოს არჩეულ, ევროპისაკენ მიმავალ კურსს, უნდა შეძლოს ამ ბალანსის წარმატებით დაცვა (მაკარაძე ე. ).

მეთოდოლოგია

ნაშრომის დასაწერად ადამიანს უწევს მრავალი წყაროს გადახედვა. არსებობს უამრავი წიგნი და სტატია, ინტერნეტში მრავლად მოიპოვება ინფორმაცია, რომელთა ნდობაც რთულია. ამდენად, არც ისე მარტივია რელევანტური მასალის მოძიება, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. აღნიშნული ნაშრომი დაფუძნებულია მხოლოდ იმ წყაროებზე, რომლებიც პირდაპირკავშირშია თემასთან და ავსებს მას. გამოყენებულია წიგნები, რომლებიც არამხოლოდ თურქი ავტორების, არამედ უცხოელების მიერაც არის დაწერილი. აღნიშნული ფაქტი აღმოფხვრის მიკერძოების საშიშროებას. ზოგადად, დიდი და მნიშვნელოვანი თემების წერისას, უპირატესობა უცხოენოვან წიგნებს ენიჭება, რადგან ისინი საერთაშორისო ნორმებს იცავს და აღიარებულია, ამასთანავე მოიცავს დიდ მასალას. თუმცა არსებობს მთელი რიგი ქართული წიგნები, რომელთა სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება. ასეთია, მაგალითად, პროფესორებისა და დოქტორების ის წიგნები, რომლებიც ნაშრომშია გამოყენებული. Research Paper აგრეთვე მოიცავს სტატიებს. მოიპოვება რამდენიმე ქართული ნაშრომი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საკვლევ საკითხს და მატებს მდიდარ ინფორმაციას. მათი ავტორები წარმოადგენენ უნივერსიტეტების ბაკალავრებს, რომლებიც სიღრმისეულად სწავლობენ საკითხს, აგრეთვე მაგისტრებს, რომლებმაც რამდენიმე წელი დაუთმეს შესაბამისი მასალების მოძიებას. ამგვარად, წყაროების ვალიდურობა აშკარაა. იქიდან გამომდინარე, რომ ნაშრომის თემა საკმაოდ საინტერესო და აქტუალურია, უცხოური მედია ყურადღებით ადევნებს თვალს მას. ადამიანი ინტერნეტში ძიებისას შეხვდება ბევრ უცხოენოვან ვებ-საიტს, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი საკითხი. ამდენად, მათმა გამოყენებამაც თემა მეტად გაშალა და მკითხველისათვის უფრო საინტერესო გახადა. ლიტერატურის სია ამით არ მთავრდება. ქართველი მკვლევარები, ისტორიკოსები და პოლიტიკოსები აგრეთვე ბევრს საუბრობენ თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე, რადგან, ერთი მხრივ, საქართველოს მეზობელია და მისი ყველა ნაბიჯი გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე და, მეორე მხრივ, თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, ამდენად, გავლენა ამ შემთხვევაშიც გარდაუვალია. მათი ინტერვიუები და ნაშრომები შეიმჩნევა Research Paper -ში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მკვლევარის ინტერვიუ უდევს საფუძვლად მთელ ნაშრომს. მან საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და შეეხო ბევრ ასპექტს. რესპოდენტმა გაანალიზა რეგიონში არსებული ვითარება და ამ პროცესების გავლენა მთავარ ფიგურანტ ქვეყანაზე; შეძლო ისტორიული ფონის ახსნა და საუბარი წინაპირობებზე; შეძლო არა მხოლოდ ევრაზიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ არსებული სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი, აშშ-ის როლზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ინტერვიუდან ამოკრეფილი მასალა გახდა ის ბაზა, რომელზეც დაფუძნდა ნაშრომის ცალკეული ნაწილები.

ლიტერატურის მიმოხილვა

ლიტერატურის სია გრძელია. აღსანიშნავია, უილიამ ჰეილისა და ერგუნ ოზბუდუნის „Islamism, Democracy and Liberalism in Turkey”, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ თურქეთი სამი კუთხით – ისლამის, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის გადმოსახედიდან. საინტერესოა სურათი, რომელსაც აღნიშნული ნაშრომი იძლევა – ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პრინციპები თუ როგორ თანაარსებობს და იკვეთება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა განაპირობებს მათ განსხვავებასა და მსგავსებას, შეხლასა თუ თანაცხოვრებას. წიგნის არსი არის თურქეთში არსებული „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წარმოჩენა, როგორც წლების განმავლობაში დამკვიდრებული იდეოლოგიისა, რომელსაც დღესაც დიდი ძალა და გავლენა აქვს ქვეყანაში და რომლის მეთაურიც დღეს პრეზიდენტად გვევლინება. საქმე ისაა, რომ დაფუძნებიდან მალევე პარტიის ლიდერებმა ის გამოაცხადეს, როგორც პრო-დასავლური და პრო-ამერიკული პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას, მათ შორის თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. მაგრამ, პარალელურად, პარტია, თავისი არსით, არის ისლამისტური წარმოშობისა. საინტერესოა, როგორ შეუთანხმებენ მისი ლიდერები ორი მხარის – რესპუბლიკურისა და ისლამურის – ინტერესებს და როგორ დაიცავენ მათ, როდესაც მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებაა მისაღები. მართალია, ნაშრომი 2010 წელს არის დაწერილი, როდესაც ერდოღანი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, თუმცა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და ქვეყნის წარმომადგენელი, იძულებული იყო გადაწყვეტილების მიღებისას ჩარჩოში მოქცეულიყო და ეზრუნა ორივე მხარის ინტერესების დაცვაზე. საკმაოდ საინტერესო იყო დეივიდ ფილიფსის  წიგნი, რომლის “An Uncertain Ally: Turkey under Erdogan’s Dictatorship” სათაური მკითხველს უარყოფითად განაწყობს, რადგან თურქეთი, რომელსაც ბევრი რესურსი, კარგი მდებარეობა და სხვა მახასიათებლები აქვს, რომლებიც თითქოს საკმარისია მის ძლიერ და განვითარებულ ქვეყნად ქცევისათვის, გაურკვეველ და არასანდო მოკავშირედ არის გამოყვანილი. დეივიდ ფილიფსი ამერიკელი მწერალია, რომელიც, ერთი მხრივ, მიუკერძოებული იქნება, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა, აშშ-ს გადმოსახედიდან აფასებდეს თურქეთს. მიუხედავად ყველაფრისა, წიგნი გამოიცა და მსოფლიომ ის გაიცნო. მასში კარგად არის გადმოცემული თურქეთის შეცდომები, რომლებიც ერდოღანის მმართველობის პერიოდში იქნა დაშვებული. აღსანიშნავია ის ქვეთავები, რომლებიც საინტერესო იქნება კვლევაში გამოსაყენებლად, მაგალითად: თავად ერდოღანის ხედვები, სეკულარიზმი, კორუფცია, ქურთების, როგორც ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი უმცირესობის საკითხი და სხვ. ერდოღანის დიქტატორობა და დაშვებული შეცდომები არანაკლედ საინტერესო იქნება ჩემი კვლევისათვის, რადგან ვიხილავთ, კონკრეტულად რომელ მხარეს – ისლამურსა თუ რესპუბლიკურს – მიანიჭა უპირატესობა და რატომ, რა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც განაპირობა შესაბამის ნაბიჯზე წასვლა. ერთ-ერთ ქვეთავად მოცემულია „Zero problems with neighbors”. „გაფუჭებული“ ურთიერთობები არამხოლოდ არაბულ, არამედ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის კავკასიასთანაც, რასაკვირველია, აისახება მასზე. თურქ ავტორთაგან აღსანიშნავია სონერ ჩაღაპტაი. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ არანაირ უარყოფით ნიშნებს ერდოღანის იმპერიის მიმართ არ ექნება ადგილი. 2020 წლის ნაშრომი “Erdogan’s Empire: Turkey and the Politics of the Middle East” არა მხოლოდ უახლეს ისტორიაზეა ფოკუსირებული, არამედ ათვლას იწყებს გაცილებით შორეული მომენტიდან, როდესაც ასეთი სახელმწიფოს არსებობა მხოლოდ ოცნება იყო. სათაური იძლევა იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ თითქოს ერდოღანი მეტ ყურადღებას ისლამური პრინციპების დაცვაზე ამახვილებს მისი წარმოშოშობისა და რელიგიის გამო. ამდენად, ამ ფაქტის განხილვა საკმაოდ საინტერესო იქნება კვლევაზე მუშაობისას. წიგნში არსებული ქვეთავები მეტად მრავალფეროვანია, რადგან მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროპის მიერ თურქეთისადმი „სილის გაწნა“, ერდოღანისა და ტრამპის დაპირისპირება, ერდოღანის იმპერია, მრისხანე რუსები თურქეთის წინააღმდეგ და სხვ. აღსანიშნავია ქვეთავი, რომელიც თურქეთის მომავალზეა ორიენტირებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ დადგება მძიმე გამოწვევების დროს თურქეთის გვერდით, რა იქნება ის ძალა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეზობლებთან „გაფუჭებული“ ურთიერთობების მქონე თურქეთს დაეხმარება ძალების მოკრებას, მდგომარეობის გამოსწორებასა და რეგიონში თავისი ადგილის დამკვიდრებაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ავტორია ოია დურსუნ-ოჟკანცა, რომელიც “Turkey-West Relations: The Politics of Intra-Alliance Opposition”-ში განიხილავს თურქეთისა და დასავლეთ სამყაროს ურთიერთობებს. წიგნი ახალია, იგი 2019 წელს არის დაწერილი, ამიტომ თითქმის ყველა მოვლენა და ასპექტი განხილულია. ყურადღება გამახვილებულია თურქეთისა და ევროკავშირის, თურქეთისა და ნატოს ურთიერთობებზე. თურქეთი ნატოს წევრია, თუმცა ევროკავშირის  – მხოლოდ წევრობის კანდიდატი. შესაბამისად, ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებების სიუხვე. ამ კუთხით, თურქეთის მთავრობა, ალბათ, ისლამურ პრინციპებს უკანა პლანზე აყენებს. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩემს საკვლევ თემასთან. წიგნში აგრეთვე მოცემულია სირიასა და ერაყთან ურთიერთობა, რაც გულისხმობს ისლამური პრინციპების მეტად გაბატონებას, ვიდრე დასავლურისა. შესაბამისად, თურქეთი ორ მხარეს შორის არის მოქცეული და საკმაოდ რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება.
სათაურიდან გამომდინარე ჩანს, რომ იოანის გრიგორიადის ნაშრომი “Islam and democratization in Turkey: secularism and trust in a divided society” ორიენტირებულია სეკულარიზმის წარმოჩენაზე თურქეთში. იქიდან გამომდინარე, რომ ის ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთი განმაპირობებელი ნიშანია, ძალიან მნიშვნელოვანი ყველა იმ ასპექტის დანახვა, რაც ქვეყნის ამა თუ იმ ორიენტირზე მიანიშნებს. სეკულარიზმი სხვადასხვა საკითხის მიმართ არის განხილული: სეკულარიზმის ჩამოყალიბება, სეკულარიზმი და თურქეთის ისლამიზაციის საფრთხე, სეკულარიზმი და პოლიტიკური ისლამი, სეკულარიზმი და ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ისლამის საფუძველზე და სხვ. აქედან გამომდინარე, აშკარაა აღნიშნული ნაშრომის საინტერესო შინაარსი. ის, რომ ავტორი არ არის მუსლიმი, ზრდის მის ობიექტურობას – თურქეთი და მისი პოლიტიკა არ შეფასდება მიკერძოებულად, არამედ საკმაოდ კრიტიკულად, რაც დააფიქრებს მკითხველს და გაუჩენს მრავალ შეკითხვას ქვეყნის მომავალზე. ნაშრომში გამოყენებულია არამხოლოდ უცხოური, არამედ ქართული ლიტერატურაც. მნიშვნელოვანი ცნობები ამოღებული ზურაბ ბატიაშვილის ნაშრომებიდან. ის უძღვება თურქეთის პოლიტიკისა და მთავრობის, თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კურსებს. ასევე ის იყო იმ ინტერვიუს რესპოდენტი, რომელზეც გარკვეულწილად არის დაფუძნებული ნაშრომი. მისი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ნათელია იმ ნაშრომების ღირებულება, რომლებიც Research Paper-ში არის გამოყენებული. აღნიშნული სტატია „კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე თურქეთი“ მკითხველს აწვდის ინფორმაციას ათათურქის შესახებ – „კაცზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე თურქეთი“. განხილულია მისი მოღვაწეობა და ღვაწლი იმ თურქეთისათვის, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო მოდელი მუსლიმური, თუმცა, ამავდროულად,  სეკულარული სახელმწიფოსი. აგრეთვე, მნიშვნელოვანია საუბარი ქემალიზმზე და მის მიმდევრებზე, როგორც ათათურქის მემკვიდრეობის „მცველებზე“. სტატია გვაძლევს მოკლე, თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არსებული თურქეთის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას. კიდევ ერთი ქართველი ავტორის, მიხეილ სვანიძის „თურქეთის ისტორია“ საკმაოდ ვრცელია, მოიცავს პერიოდს 1299 წლიდან 2000 წლამდე. მართალია, არ არის ინფორმაცია ნაშრომის მთავარი საკითხის შესახებ, თუმცა წიგნში საუბარია იმ წინაპირობებისა და ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ფონის შესახებ, რაც წინ უძღვოდა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მოსვლას ხელისუფლების სათავეში. წიგნიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელშიც განხილულია ათათურქის პერიოდი და ის ახალი კანონები, რომელთაც ქვეყანა დასავლურ ცივილიზაციასთან უნდა დაეკავშირებინა. მეტად საინტერესოა ის ქვეთავები, რომლებიც გვაწვდის ინფორმაციას თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე. ნაწილს, თუ როგორ შენარჩუნდა ათათურქის მემკვიდრეობა და გამოიყენეს თუ არა დასავლური ღირებულებები და პრინციპები საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად, აუცილებლად შეხვდება მკითხველი. ახალგაზრდა გიორგი სიხარულიძის ნაშრომი „სეკულარიზმის დილემა თურქეთში: თანამედროვე გამოწვევები“ წარმოადგენს კვლევით დოკუმენტს, რომელიც გამოცემულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ. მოიცავს საკმაოდ მრავალფეროვან ინფორმაციას სეკულარიზმსა და მის როლზე თურქეთის რესპუბლიკაში. ნაშრომი 2017 წელს არის გამოქვეყნებული, ამდენად, ნათლად არის ნაჩვენები ის რეალური პოლიტიკა, რომელსაც მისდევს ხელისუფლებაში მყოფი პარტია. სეკულარიზმი არის საკითხი, რომელზეც უამრავი მასალა არსებობს. თავად ნაშრომში 3 წყარო საუბრობს ამ კონკრეტული პრინციპის შესახებ. საუბარი იმაზე, თუ რომელი გადმოსცემს უკეთ მას, რთულია. თითქოს ერთმანეთს ავსებენ. გიორგი სიხარულიძის ნაშრომი მოიცავს მრავალ თავს და თითქმის ამოწურული აქვს აღნიშნული საკითხი: საუბრობს ლაისიზმზე, ისლამთან მიმართებაზე, AKP-ის ხედვაზე, არმიაზე, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობასა და სხვ. სანდრო ბაკურაძის „თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები ცივი ომის შემდგომ პერიოდში“ მოიცავს პერიოდს ცივი ომიდან 2020 წლამდე. ამდენად, აბსოლუტურად ყველა ასპექტი მკაფიოდ არის გადმოცემული. საგარეო პოლიტიკის ჭრილში საუბარია პოლიტიკაზე 1946 წლიდან, აშშ-სა და თურქეთს შორის არსებულ კავშირებზე, რუსეთსა და ამერიკის წინააღმდეგ ბალანსის შექმნის მცდელობაზე, ევროკავშირსა და თურქეთზე, როგორც ეკონომიკურ პარტნიორებზე და კავკასიის, ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე. აქედან გამომდინარე, ნაშრომი თითქმის მთლიანად პასუხობს საკვლევ კითხვას. განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირთან ურთიერთობა, რადგან აღნიშნული კავშირი საკმაოდ საინტერესოდ და დეტალურად არის გადმოცემული. ხაზგასმულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებითაც ხელმძღვანელობს მმართველი პარტია დასავლეთთან და აღმოსავლეთთან ურთიერთობაში. კიდევ ერთი ქართველი ავტორი, ემზარ მაკარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელმაც ძირეულად შეისწავლა თურქეთი და მისი პოლიტიკა. „დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხები XXI საუკუნის თურქეთში“ იძლევა ინფორმაციას იმ პრინციპებზე, რომლებიც ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს; განიხილავს თურქეთის პოლიტიკას ობიექტურად და აფასებს სწორი კუთხით – AKP კვლავ თავდაპირველად გაწერილი გეგმის შესაბამისად მოქმედებს თუ მათ პოლიტიკური ისლამი წინა პლანზე წამოწიეს და ქვეყანაში მართლაც არის ისლამიზაციის საფრთხე. ნაშრომში გამიჯნულია ორი თურქეთი: ის, რომელიც მემკვიდრეობით დატოვა მუსტაფა ქემალ ათათურქმა და ის, რომელსაც ერდოღანის „ახალ თურქეთს“ უწოდებენ; ხაზგასმულია თურქული ეროვნული იდენტობის კრიზისი, მისი გამომწვები ფაქტორები და დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელზეც პირდაპირ პასუხისმგებელი პრეზიდენტი ერდოღანია. საკმაოდ რთულია ისეთი ნაშრომის მოძიება, რომელიც პირდაპირ პასუხობს არსებულ საკვლევ კითხვას, მით უმეტეს ქართულად. მაია შავიძის აღნიშნული თემა გამონაკლისია. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამის გავლენა თურქეთის პროდასავლურ ორიენტაციაზე“-ში მხოლოდ პროდასავლური ორიენტაციაა განხილული, დიდ დახმარებას უწევს ავტორს. განხილულია ისტორიული ფონი – რესპუბლიკური თურქეთის დაარსება და შემდგომი წლები; AKP – ის შექმნა და პირველი ნაბიჯები; ლიბერალური ხედვა, თუმცა სწრაფადვე შეცვლილი დამოკიდებულება; ისლამის წინ წამოწევა და ქვეყნის ისლამიზაციის საფრთხე; კონკრეტული მაგალითები, რომლებშიც დასავლური ღირებულებებიც შეიმჩნევა, თუმცა აშკარაა მმართველი პარტიის მიკერძოება რელიგიასთან და მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. ერიკ ედელმანის, სვანტე კორნელის, აარონ ლობელის, ჰალილ კარაველის, ბლაისე მისტზალის, აიჰან უჩოკისა და ჯესიკა მიჩეკის “Turkey Transformed: The Origins and Evolution of Authoritarianism and Islamization Under the AKP” ფოკუსირებულია ერდოღანის „ახალი თურქეთის“ პროექტზე. ავტორს სურს, დაგვანახოს ის პრინციპები და საკითხები, რომლებიც აშკარაა, რომ უკან ხევენ თურქეთის ავტორიტეტს მსოფლიოს მასშტაბით. თავდაპირველად მოცემულია, AKP – ის შექმნა, მიზნები, იდეოლოგია; მოცემულია ისიც, თუ როგორ დაუპირისპირდა AKP ქვეყანაში არსებული ისლამური პარტიის ლიდერებს, თუმცა გადის დრო, იცვლება ღირებულებები, მსოფლმხედველობა, შესაბამისად, მივიღეთ ავტორიტარული და ისლამიზაციის საფრთხის წინაშე მდგარი თურქეთი, რომელსაც, “Zero problems with neighbors” ნაცვლად, თითქმის ყველა მეზობელთან აქვს უთანხმოება რიგ საკითხებზე. აღნიშნული წიგნი დიდ ინფორმაციას გვაწვდის თურქეთზე 2000-იანი წლებიდან 2015 წლამდე – პერიოდზე, როდესაც საკმაოდ კარგად გამოვლინდა ის ფარული ზრახვები, რომელსაც მმართველი პარტია წლების განმავლობაში მალავდა.  ნაშრომის საერთაშორისო თეორიებთან მისადაგებაში დამეხმარა რობერტ ჯექსონის წიგნი “Introduction to International Relations: theories and approaches” წარმოდგენილია მეშვიდე გამოცემით 2018 წელს, ამდენად, მასში თითქმის ბოლომდე არის განახლებული ინფორმაცია. სათაურიდან გამომდინარე ნათელია, რომ თავად საკვლევ კითხვას ნაშრომი არაფერს მატებს, თუმცა წიგნი საინტერესოა იმ მხრივ, რომ იძლევა ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების შესახებ; იუწყება თანამედროვე გამოწვევებსა და კამათებზე და სხვ. წიგნი თეორიულ ჩარჩოს, რომელიც ყველა ნაშრომის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მეტად ესადაგება.

თეორიული ჩარჩო

თანამედროვე მსოფლიო დიპლომატიის ეპოქად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული კონფლიქტები იშვიათად, თუმცა მაინც ხდება, მოლაპარაკებები რჩება ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იარაღად. ათათურქის მიერ დაარსებული პირველი რესპუბლიკა დაუკავშირდა დასავლეთს, როგორც ლიბერალიზმისა და ქვეყნის ახალი მიმართულებით განვითარების გარანტს. ლიბერალიზმით, რასაკვირველია, ვერ დავახასიათებთ მეოცე საუკუნეს მსოფლიო ომებისა და ცივი ომის გამო, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში მისწრაფება ამ კონკრეტული თეორიის ქვეყანაში დასაფუძნებლად იყო. დღეს თანამედროვე თურქეთს ლიბერალიზმი არ ახასიათებს, რადგან ქვეყანაში მოცემული დარღვევები ადამიანის უფლებების საკითხში, საშინაო პოლიტიკასა და სხვა სფეროებში, პირდაპირ ძირს უთხრის აღნიშნულ თეორიას.

დღეს, მსოფლიოს ძალთა ბალანსის პრინციპი ახასიათებს. საერთაშორისო სისტემის ანარქიულობის გამო, თითოეული სახელმწიფოს მიზანია თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რეალიზმი აღმოჩნდა ის თეორია ტრადიციული თეორიებიდან, რომელიც ასე თუ ისე მოერგო აღნიშნულ საკვლევ საკითხს. რა არის პოლიტიკური რეალიზმი და როგორ მიესადაგება ის ერდოღანის შექმნილ „ახალ თურქეთს“? თუკი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვეცდებით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკური რეალიზმი იყო პასუხი ლიბერალიზმზე. მისი ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი არის ომი, დაპირისპირება, დებულება, რომლიც მიხედვითაც სახელმწიფოები არ ცდილობენ თანამშრომლობას. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო, სახელმწიფოები ეგოისტური რაციონალური აქტორები არიან, რომლებიც ისწრაფვიან ძალაუფლებისაკენ. ერდოღანს, იმის გამო, რომ ავტორიტარ მმართველად არის მიჩნეული და დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, ზუსტად აღწერს ზემოთ მოცემული კრიტერიუმები. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს თურქეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რესურსები და ითანამშრომლოს როგორც მეზობლებთან, ისე სხვა დიდ სახელმწიფოებთან, ის, პირიქით, კლავს თითქმის ყველა სახის ურთიერთობის ჩანასახს და მოქმედებს ისე, როგორც სხვა ავტორიტარი მმართველები. აღსანიშნავია, რომ რეალიზმი არ უარყოფს რელიგიური მრწამსის როლს საერთაშორისო საქმეებში. კლასიკური რეალიზმი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ბუნებასა და ინტერესების განსაზღვრის გზებზე. ცხადია, რელიგიას, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჰანს იოაკიმ მორგენთაუ ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკას მართავს კანონები, რომლებიც ადამიანის ბუნებაშია შექმნილი. ადამიანის ბუნება კი უზრუნველყოფს რელიგიის ჩართვას. რელიგია ადამიანის ბუნების ნაწილია (Jackson, Sorensen, & Moller, 2018). თუმცა არსებობს ერთი მაგრამ. რადგან მთავარი საკვლევი კითხვა დროითი კატეგორიით არის შემოსაზღვრული და კონკრეტულად ერდოღანის მმართველობის პერიოდს გულისხმობს, სიტუაცია შეიძლება ძირეულად შეიცვალოს და განვიხილოთ სოციალური კონსტრუქტივიზმი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს თეორიას, რომლის მიხედვითაც არ არსებობს ერთი კონკრეტული ჭეშმარიტება. ფიქრობენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მოსალოდნელი ცვლილებების განხორციელების ალბათობა მეტად დიდია, ვიდრე საერთაშორისო სისტემის ანალიზი. სოციალური კონსტრუქტივიზმის თანახმად, მიდგომები განსხვავებულია და დამოკიდებულია კონკრეტული პიროვნებების ბუნებაზე. თურქეთის შემთხვევაშიც ასეა. თუკი ქვეყანას და მმართველი პარტიის პოლიტიკას შევხედავთ აღმოსავლეთიდან, შევამჩნევთ, რომ ის მეტად დასავლური ღირებულებების მატარებელი სახელმწიფო იყო, თუმცა თუკი თურქეთს ევროპისა და აშშ-ს გადმოსახედიდან დავინახავთ, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყანა ისლამიზაციის საშიშროების წინაშე დგას; დარღვეულია ადამიანის უფლებები და ისლამი პოლიტიკურ ინსტუმენტად არის გამოყენებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკვლევი საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ ორი – რეალიზმისა და სოციალური კონსტრუქტივიზმის – კუთხით. თუმცა იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ აღნიშნული საკითხი ახალია. „ისლამიზაციის“ საშიშროება მხოლოდ მცირე დროის წინ დადგა. ამდენად, გადაჭრით, შესაძლებელია, თემა ვერც ერთ თეორიას ვერ მივუსადაგოთ, თუმცა ერდოღანისა და მისი თანაგუნდელების წარმოებული პოლიტიკის ტრაექტორიას თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, გადაჭრით მისადაგებამდე დიდი დრო აღარ დარჩა.

თავი 1. ათათურქი და მისი მემკვიდრეობა

პირველი რესპუბლიკა

ოსმალეთის იმპერიის დაარსების დღიდან, გეოგრაფიული სიახლოვის გამო, დასავლური იდეები ყოველთვის შემოდიოდა, მაგრამ ჭირდა დამკვიდრება, რადგან რეფორმების გატარება ავტომატურად ნიშნავდა ფეოდალური წყობის შეცვლას, რაზეც არ თანხმდებოდა ხელისუფლება. პირველ რიგში, ოსმალეთის სულთანს არ სურდა საკუთარი ძალაუფლების ევროპულ ყაიდაზე, საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასვლა. ამიტომ, იდეები და მათი დამკვიდრების მცდელობები მრავლად იყო, მაგრამ თითოეული წარუმატებლად სრულდებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩნდება ოსმალეთის იმპერიის კოლაფსის საფუძველი. ასპარეზზე გამოდის თურქეთის არმიის ოფიცერი და სახელმწიფო მოღვაწე მუსტაფა ქემალ ათათურქი, რომელმაც გარკვეულწილად ძალისმიერი მეთოდებით განახორციელა რეფორმები (ბატიაშვილი ზ. , 2020). მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ძნელად მოიძებნება პიროვნება, რომელმაც ისე რადიკალურად შეცვალა საკუთარი ქვეყნის გეზი, როგორც ეს ათათურქმა მოახერხა. თურქეთისთვის საბედნიეროდ, ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში[1] სათავეში ჩაუდგა უდიდესი შინაგანი ძალისა და შემართების, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა თურქთა თვითშეგნებაში. სწორედ ამიტომ ითვლება ათათურქი არა მარტო თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლად და პირველ პრეზიდენტად, არამედ ერის მხსნელად და მამად. 1919 წელს ათათურქმა თანამოაზრეებთან ერთად თურქეთის ეროვნული კონგრესი დაარსა, რომლის მეთაურადაც დაინიშნა. გაატარა მრავალი რეფორმა, რათა თურქეთის მომავალი მეტად ნათელი გაეხადა (ბატიაშვილი ზ. , 2015). მათ შორის: პარლამენტმა მიიღო კანონი შარიათისა და ვაკუფების[2] სამინისტროების გაუქმების შესახებ და მათ ნაცვლად დაარსდა კულტურის სამინისტრო; მიიღეს კანონი ოსმალური ქუდების, ფაფახებისა და ფესკების ტარების აკრძალვის შესახებ და მათ ნაცვლად უნდა გამოეყენებინათ ევროპული ტანსაცმელი; მიიღეს კანონი დერვიშული ორდენებისა და მათი მონასტრების გაუქმების შესახებ; მიიღეს კანონი ევროპული წელთაღრიცხვის (გრიგორიანული კალენდარი) შემოღების შესახებ; ქვეყანაში ამოქმედდა ევროპულ ყაიდაზე შექმნილი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც საფუძვლად იტალიური კოდექსი დაედო; კონსტიტუციიდან ამოიღეს ფრაზა: „თურქეთის სახელმწიფო რელიგია ისლამია“. ამგვარად, რელიგია გამოეყო სახელმწიფოს; მიიღეს კანონი ანბანის რეფორმის შესახებ. არაბული ანბანი შეიცვალა ლათინურით, რამაც სწრაფად გაზარდა ქვეყანაში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი; გაიხსნა ასობით სკოლა, რომლებშიც უცხოელი სპეციალისტები მუშაობდნენ და ქმნიდნენ ევროპის მსგავს პროგრამებს; კონსტიტუციაში შესული ცვლილებებით, ქალებს მიენიჭათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალურ არჩევნებში; დაარსდა თურქეთის საისტორიო და ლინგვისტური საზოგადოებები, რომლებმაც ქვეყნის კულტურისა და ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარების საქმეში დიდი როლი შეასრულეს. გაიხსნა მუზეუმები, თეატრები, სპორტული დარბაზები და სხვ. (სვანიძე მ. , 2007)

მან შეძლო, ძირეულად შეეცვალა სახელმწიფო სისტემა, რაც ისტორიაში ქემალისტური რევოლუციის სახელით შევიდა. ათათურქი თურქეთისათვის არა მარტო გუშინდელი დღეა. ამ პიროვნებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი დღეც. მის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები, რომლებიც ქემალიზმის სახელითაა ცნობილი, საფუძვლად უდევს თურქეთის სახელმწიფოებრიობას (ბატიაშვილი ზ. , 2015).

ქემალიზმი

ქემალიზმი ექვსი პრინციპის, „ექვსი ისრისგან“ შედგება. ისინია: რესპუბლიკურობა, ნაციონალიზმი, ხალხურობა, ეტატიზმი, ლაიციზმი და რევოლუციონერობა.

რესპუბლიკურობა – 1924, 1961 და 1982 წლების კონსტიტუციების მიხედვით, თურქეთში რესპუბლიკური მმართველობის ფორმაა. კანონით დაუშვებელია მისი შეცვლა ან ამ საკითხის განსახილველად დაყენებაც კი. ათათურქი ქვეყნის მართვის ყველაზე მისაღებ და მოსახერხებელ მოდელად რესპუბლიკური მმართველობის ფორმას მიიჩნევდა.

ნაციონალიზმი – ათათურქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ პრინციპს, რადგან მისი საშუალებით ხდება თურქი ერის ერთიანობის დაცვა. თანახმად ათათურქის განმარტებისა, ბუნებრივი და ისტორიული ფაქტორები, რომლებიც ქმნის ერს, ეს არის: საერთო ენა, საერთო სამშობლო, საერთო წარმოშობა და რასობრივი ერთიანობა, ისტორიული ერთიანობა, ზნეობრივი საფუძვლების ერთიანობა.

ხალხოსნობა – ათათურქის მიხედვით, ხალხოსნობა დემოკრატიულობაა, არ ცნობს პიროვნებებს შორის პრივილეგიებს და არ ეთანხმება კლასობრივ ბრძოლას.

ეტატიზმი – (ფრანგული ტერმინია) ამ პრინციპს ორი განმარტება აქვს. ფართო გაგებით, იგი ნიშნავს ეკონომიკისა და სოციალურ-კულტურული აღორძინების პოლიტიკის გატარებას, ვიწრო გაგებით კი – სახელმწიფოს წარმმართველ როლს ეკონომიკაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს სახელმწიფო აწარმოებს.

ლაიციზმი – (ფრანგული ტერმინია) იგი გულისხმობს რელიგიის გამოყოფას სახელმწიფოსაგან, რაც თურქეთს ათწლეულების განმავლობაში ანიჭებდა მოდელის სტატუსს რეგიონში. ათათურქი ამბობდა: „ჩვენ პატივს ვცემთ რელიგიას. არ ვეწინააღმდეგებით არავის აზრებს და აზროვნების წესს. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ, რომ რელიგიური და სახელმწიფო საქმეები არ აირიოს ერთმანეთში“.

რევოლუციონერობა – იგი, ერთი მხრივ, გულისხმობს საზოგადოების მუდმივ განვითარებას და, მეორე მხრივ, ქემალისტური რევოლუციის სახელით აერთიანებს ყველა ზემოთხსენებულ პრინციპს (ბატიაშვილი ზ. , 2015).

ექვსივე მათგანი გარკვეულწილად წარმოადგენს იაკობინელთა კონცეფციას. და როგორც თავად ათათურქი განმარტავდა, ისინი გამოიყენება რათა სოციალური დესპოტიზმი დამარცხდეს. ის მყარად იყო გამჯდარი ტრადიციულად მოაზროვნე თურქულ-მუსლიმურ მოსახლეობაში. ამ ყველაფრის მიზეზად კი ათათურქი ულემის[3] ფანატიზმს ასახელებდა (Tunçay, n.d.). ქემალისტების აზრით, რწმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამის ფიზიკური გამოხატულება; ამიტომაც, არ არის აუცილებელი, ატარო თავსაფარი, არ დალიო ალკოჰოლი ან ილოცო 5-ჯერ დღეში, რათა იყო ნამდვილი მუსლიმი (სიხარულიძე გ. , 2017). ქემალიზმის ექვსივე დებულება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთიდან გამომდინარეობს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქემალიზმი არ არის მწყობრი თეორიული სისტემა და წარმოადგენს სხვადასხვა ევროპული იდეის ჯამს (ბატიაშვილი ზ. , 2015).

ათათურქის მემკვიდრეობა XX საუკუნეში

მე-20 საუკუნის 20-იანი წლების თურქეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანა იყო, დაემყარებინა ნორმალური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან და, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის სახელმწიფოებთან. ათათურქმა წამოაყენა ლოზუნგი: „მშვიდობა ქვეყნის შიგნით, მშვიდობა მთელ მსოფლიოში“. მოსულის კრიზისის მოგვარების შემდეგ, თურქეთი სურდა, გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ინგლისთან. სწორედ ამ მიზანს ისახავდა 1929 წელს ადმირალ ფილდის მეთაურობით ინგლისის სამხედრო ესკადრის ვიზიტი სტამბოლში. ამავე წელს მოეწერა ხელი ინგლის-თურქეთის სავაჭრო ხელშეკრულებას. 1929 წლის ივნისში თურქეთმა ნაწილობრივ მიაღწია შეთანხმებას საფრანგეთთან თურქეთ-სირიის საზღვართან დაკავშირებით. ამ პერიოდში სწრაფად მიმდინარეობდა თურქეთ-გერმანიის დაახლოება. შედეგად, 1930 წლის მაისში დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება გერმანიასთან. თურქეთი დაინტერესებული იყო, დაემყარებინა კარგი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 1929 წელს დაიდო თურქეთ-ამერიკის ხელშეკრულება ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ. 1929 წელსვე მოგვარდა ურთიერთობა საბერძნეთსა და თურქეთს შორის. ევროპასთან დაახლოების ნათელი მაგალითი და ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის აშკარა გამოხატულება იყო 1932 წელს თურქეთის მიღება ერთა ლიგის წევრად. ეს ფაქტი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდას მოწმობდა.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ათათურქის მიერ შექმნილი თურქეთის რესპუბლიკა მთლიანად ევროპულ ყაიდაზე იყო გადაწყობილი, მაგრამ აღნიშვნის ღირსია ბალანსი ევროპასა და აღმოსავლეთს შორის. ქვეყანას შენარჩუნებული და გაუმჯობესებული ჰქონდა ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ირანი და ავღანეთი. ამ უკანასკნელთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, ხოლო ირანსა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება მეგობრობისა და უსაფრთხოების შესახებ.

მეორე მსოფლიო ომის წინ თურქეთი აგრძელებდა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოებას დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. თურქმა დიპლომატებმა გადადგეს ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მეტად დაახლოების მიზნით. 1938 წლის იანვარ-აპრილში თეირანში ხელი მოაწერეს თურქეთ-ირანის რამდენიმე ხელშეკრულებას. 1937 წლის 7 აპრილს ანკარაში დაიდო თურქეთსა და ეგვიპტეს შორის მეგობრობის ხელშეკრულება. 1937 წლის 8 ივლისს ხელი მოეწერა „ოთხთა პაქტს“ (თურქეთი, ირანი, ავღანეთი და ერაყი). აქტიურდება თურქეთის ურთიერთობა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. გერმანია მიისწრაფოდა, გაეფართოვებინა თურქეთთან თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი. თურქეთს განსაკუთრებით ესაჭიროებოდა კრედიტები თავისი ხუთწლიანი გეგმის დასაფინანსებლად, ხოლო გერმანია დაინტერესებული იყო თურქეთის ბაზრითა და მისი სტრატეგიული მდგომარეობით, თუმცა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, თურქეთის მთავრობის ძალისხმევა მიმართული იყო ინგლისთან დაახლოებისაკენ. თურქეთი ინგლისთან დაკავშირებული იყო 1939 წელის ხელშეკრულებით და ინგლისი, თავის მხრივ, არ აპირებდა თავისი პოზიციების დათმობას. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მას აღარ შეეძლო საკუთარი ძალებით ამის განხორციელებდა და ჩანაცვლება აშშ-ს სთხოვა. ამდენად, განმტკიცდა კავშირი მოცემულ ორ სახელმწიფოს შორის. „ტრუმენის დოქტრინა“ ძლიერ დაეხმარა თურქეთს გაძლიერებაში, რადგან მიიღო დიდი ფინანსური დახმარება. 1949 წლის დეკემბერში მათ შორის გაფორმდა შეთანხმება კულტურული თანამშრომლობის შესახებ.

მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთს საბჭოთა კავშირის მიმართ არაკეთილმეზობლური პოზიცია ეკავა. 1945 წლის 19 მარტს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვ. მ. მოლოტოვმა მოსკოვში თურქეთის ელჩს განუცხადა, რომ სურდა მოეხდინა 1925 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების დენონსაცია მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ. ამავე დროს, საბჭოთა კავშირმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების სახელით თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა. ამან კიდევ უფრო მეტად დააჩქარა თურქეთის დაახლოება დასავლეთის სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით კი – ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 1960 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ფაქტობრივად, თურქეთის საგარეო პოლიტიკის კურსი არ შეცვლილა. იგი განაგრძობდა დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სამხედრო ბლოკებში (ნატო, სენტო) მონაწილეობას (სვანიძე მ. , 2007).

რესპუბლიკური თურქეთი ხშირად აღწერილია, როგორც ერთადერთი მუსლიმური „საერო“ სახელმწიფო, რომელშიც რელიგიური და პოლიტიკური პრინციპების თანაბრად გათვალისწინება აუცილებელია. რელიგიის საერო-იდეოლოგიური წინააღმდეგობა არ ნიშნავს სახელმწიფო ინტერესის არარსებობას რელიგიის ინსტრუმენტული გამოყენებისთვის პოლიტიკური მიზნებისათვის. სუნიტური ისლამი, როგორც თურქული ეროვნული იდენტობის განმამტკიცებელი ფაქტორი, ოსტატურად გამოიყენებოდა რესპუბლიკის დაარსებიდან დღიდანვე. ეს ეწინააღმდეგებოდა სეკულარიზმის პრინციპს. ადრეული რესპუბლიკის პერიოდში ისლამი განდევნილი იყო საზოგადოების სფეროდან. სახელმწიფო მას მკაცრად აკონტროლებდა რელიგიურ საქმეთა სამმართველოს შექმნით, თუმცა 1982 წლის კონსტიტუცია აძლიერებდა სუნიტური ისლამის ძალას. ათათურქის პერიოდში და შემდგომ შექმნილი სამმართველოს მიკერძოებული ხასიათი ხშირად ვლინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უნდა გაეკონტროლებინათ ქვეყანაში შემოღებული სეკულარიზმი, ისინი ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ მეჩეთების მშენებლობას, აყალიბებდნენ ისლამის სავალდებულო ინსტრუქციებს სახელმწიფო სკოლებში და სხვ. რელიგიისადმი მტრობის, სახელმწიფო კონტროლისა და სუნიტური ისლამის სასარგებლოდ მიკერძოებულობის ეს შერეული მემკვიდრეობა ქმნის თურქეთში სახელმწიფო-საზოგადოების ურთიერთობის ჩარჩოს. ამრიგად, თურქეთი შეიძლება შეფასდეს, როგორც sui generis[4], რომელშიც გრძელვადიანი ანტირელიგიური პოლიტიკა ემთხვევა სუნიტური ისლამის მოკლევადიან ინსტრუმენტულ გამოყენებას. ამ სიტუაციამ სერიოზული დაბრკოლება შექმნა თურქეთის დემოკრატიზაციის პროცესში, ხელი შეუწყო ისლამის პოლიტიზირებას და შექმნა პოლიტიკური კონფლიქტების გარემო (Grigoriadis I. N., 2009)

თავი II. თურქეთი XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე

დასავლეთის უარი ექსტრემისტულ ისლამურ მოძრაობებს

1997 წლის 28 თებერვლის „რბილმა“ გადატრიალებამ და კოალიციური მთავრობის შემდგომმა დაცემამ ისლამისტი ნეჯმეთინ ერბაქანის მეთაურობით გადამწყვეტი გავლენა იქონია თურქეთში პოლიტიკური ისლამის მიმდინარეობებზე. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერი იდეა რეჟიმის შეცვლისა და ისლამური კანონების შემოღების შესახებ არარეალური იყო. ეს განპირობებული იყო თურქეთის პოლიტიკაში ისლამიზაციის პროგრამისათვის ინტერესის არსებობით. თუ ისლამისტური პოლიტიკური ხასიათის პარტიას ოდესმე შეეძლო ქვეყნის მართვა, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო მხოლოდ კონსერვატიულ მემარჯვენე პარტიად გადაქცევის გზით, რომელსაც ისლამური მიდრეკილებები და მოთხოვნები აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2001 წლის გადაწყვეტილება, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომ დახურულიყო ისლამისკენ მიდრეკილი „კეთილდღეობის პარტია“ (Welfare party), მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ერბაქანი ისლამურ ღირებულებებს წინ აყენებდა და პარტიაც, თავისთავად, მის შეხედულებებზე იყო დაფუძნებული, მან გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯმა შეარწყია ევროპის ნდობა თურქეთისადმი. ისლამური „წესრიგის“ დამკვიდრება თურქეთში, გულისხმობდა ისლამური ცივილიზაციის ზნეობრივ უპირატესობას ევროპულზე. ერბაქანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვით აღიარა, რომ „ქრისტიანული ევროპა“ იყო სასამართლოს ალტერნატირული და მისაღები წყარო. ECHR-მ აჩვენა, რომ ისლამური ექსტრემიზმი არ შეიძლება იყოს დაცული ევროპული ლიბერალური დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ. მათი მხარდაჭერა თურქული პოლიტიკური პარტიების მხრიდან სახელმწიფო დევნის პირობებში არ იყო უპირობო. თურქეთის პოლიტიკურ პარტიებს მოუწიათ ევროპული პოლიტიკური ფასეულობების გატარება და მიღება, რათა შემდეგ შეძლებოდათ ევროპული მხარდაჭერის მოთხოვნა. ტეროტიზმის მსგავსად, ისლამური ფუნდამენტალიზმი ან თუნდაც პოლიტიკური ისლამი ვერ მიიღებდა დახმარებას ევროპისაგან (Grigoriadis I. N., 2009).

ახალი პარტიის დაფუძნება

“კეთილდღეობის პარტიის” დახურვის შემდეგ, მისი წევრებისა და ახალი, მოაზროვნე პოლიტიკოსების იდეებმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მათ მიიღეს ევროპის დემოკრატიის საერო პრინციპების ერთგულება და დაიწყეს ისლამური ღირებულებების შერწყმა დასავლეთის პოლიტიკურ ლიბერალიზთან. ახალი პარტიის იდეოლოგია იყო კონსერვატიზმის, ლიბერალიზმის, ისლამური ღირებულებებისა და მემარჯვენე პოლიტიკური იდეების ერთობლიობა. მისმა წევრებმა უარყვეს ტერმინი „ისლამისტი“, როგორც პარტიის იდეოლოგიური იდენტურობის აღმწერი სიტყვა. სანაცვლოდ, გამოიყენეს ტერმინი „კონსერვატიული დემოკრატი“. შეიქმნა სრულიად ახალი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“. ის პირველი იყო ისლამური პოლიტიკური ტრადიციიდან, რომელმაც განიხილა თურქეთის ღვთისმოშიში მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება არა ისლამური სამართლიანობისა ან უბრალოდ წესრიგის თვალსაზრისით, არამედ ლიბერალური და ადამიანის უფლებების საფუძველზე. თურქეთის მტკიცედ საერო ხასიათი მაშინ არა ისლამური, არამედ ლიბერალური პერსპექტივიდან გააკრიტიკეს. ძირითადი სიმბოლური მნიშვნელობის სადავო საკითხები, როგორებიცაა თავსაბურავი და რელიგიური განათლება, განიხილეს, როგორც თურქეთის დემოკრატიის დეფიციტის მტკიცებულება. „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ლიბერალური ხედვა და პოლიტიკა დადასტურდა, როდესაც მან, ეროვნული ხედვის პარტიების საწინააღმდეგოდ, მხარი დაუჭირა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას. 2002 წლის ნოემბრის არჩევნები გახდა AKP[5]-ის პოლიტიკური ექსპერიმენტის დიდი საცდელი შემთხვევა. ხმების 34,43%-ით და 365 საპარლამენტო მანდატით, პარტიამ შექმნა ერთპარტიული მთავრობა, ხოლო ტრადიციონალისტურმა ისლამურმა „კეთილდღეობის პარტიამ“ ხმების მხოლოდ 2,49% მოიპოვა და  0 ადგილი. AKP-მ წარმატებას მიაღწია ხელისუფლებაში და, ამავდროულად, ისლამი გახსნა დასავლური პოლიტიკური იდეების გავლენისათვის. აქცენტი გაკეთდა ისლამურ ზნეობაზე, როგორც ქრონიკული პოლიტიკური კორუფციის საწინააღმდეგო საშუალებაზე, მაგრამ ახალი მთავრობის პოლიტიკური პრიორიტეტები განსხვავებული იყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ AKP-მ და მისმა ლიდერმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც 1994 წლიდან სტამბოლის მერი იყო, პირობა დადეს, რომ გაატარებენ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია თურქეთისათვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ ნაბიჯმა კი დაადასტურა AKP-ის ისლამისტური კამპანიიდან კონსერვატიულ დემოკრატიულ პარტიად გადაქცევა, რომელიც უფრო მეტად ჰგავს დასავლეთ ევროპის ეკვივალენტურ რელიგიურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიებს (Grigoriadis I. N., 2009).

თავი III. „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“
 არსებობის პირველი წლები

მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ დაადასტურა ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ მიმართული ახალი პარტია – AKP, უარი თქვა „კეთილდღეობის პარტიის“ დაცვაზე და გარდაქმნა თურქული პოლიტიკური ისლამი, კვლავ რჩებოდა საკითხი, თუ როგორ უნდა დაეცვათ რელიგიის თავისუფლება სახელმწიფო გავლენისაგან. თურქული პოლიტიკური ისლამი ტრადიციულად განიხილავდა თურქეთის სეკულარულ ხასიათს, როგორც ქემალისტური დასავლეთის პროექტის მკაცრს შედეგს. ევროპა იყო მკაფიო სეკულარიზმის ისტორიული აკვანი და პასუხისმგებელი თურქეთის რესპუბლიკის ანტირელიგიურ ხასიათზე. ამის მიუხედავად, AKP-ის ინტელექტუალებისა და პოლიტიკოსების დიდმა რაოდენობამ შეისწავლა სახელმწიფო-რელიგიური ურთიერთობების მარეგულირებელი ალტერნატიული დასავლური სისტემები. ის ფაქტი, რომ AKP-მ უარი თქვა ისლამური სახელმწიფოს პროექტზე დასავლური ლიბერალური დემოკრატიული პრინციპების გამო, არ ნიშნავს, რომ მან დაკარგა მგრძნობელობა რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. ამრიგად, AKP-მ მიიღო სეკულარიზმი, როგორც „დემოკრატიის შეუცვლელი პირობა და რელიგიისა და სინდისის თავისუფლების გარანტია“. ამასთან, მან ქვეყანა ერთდროულად დააკავშირა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან (Grigoriadis I. N., 2009).

თურქეთში არსებული კანონის მიხედვით, პარლამენტში მხოლოდ ის პარტია შედის, რომელმაც გადალახა მინიმალური ზღვარი 10%-ის ოდენობით. ამ ფაქტმა მეტად შეუწყო ხელი ერდოღანს. აღნიშნულმა წესმა განაპირობა ის, რომ პარტიათა უმრავლესობა ვერ შევიდა პარლამენტში და, აქედან გამომდინარე, ხალხის ხმათა 54%, რომლებიც მათ ჯამურად მიიღეს, დაიკარგა. განსაკუთრებით ორი პარტია, DYP[6] და ANAP[7], რომლებიც ცნობილი იყო მათი წვლილით კორუფციის აყვავებაში, იყო უკმაყოფილო შედეგებით. ეს იდეალური დასაწყისი იყო ერდოღანის პოლიტიკისა. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2002 წლის ნოემბერში მისმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში, რამაც ახალი ლიდერი სულ ახალ ასპარეზზე გაიყვანა დიდი ძალაუფლებით ხელში. მომდევნო წელს, იგი თურქეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და განაცხადა, რომ დაუღალავად იშრომებდა ქვეყნისათვის დემოკრატიის განმტკიცების საქმეში (Cagaptay S. , 2020)

თავდაპირველად, მიიჩნეოდა, რომ AKP-ის ლიდერი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იყო „ახალი“ ათათურქი. მას არ ჰქონდა თურქეთის განმათავისუფლებლის სტატუსი, თუმცა გააჩნდა ისეთივე ძალაუფლება, როგორიც ერთ დროს ათათურქს. ქემალისტები ასეც ვარაუდობდნენ – ფიქრობდნენ, რომ მალე დაკარგავდნენ გავლენას საზოგადოებაზე. ნელ-ნელა მცირდებოდა მათი ავტორიტეტი ქვეყანაში, როგორც დიდი ათათურქის მიმდევრებისა. დღეს ის მხოლოდ წარსულის დამცავი იდეოლოგიაა. ყველა ქალაქის მოედნებზე ათათურქის ქანდაკება დაიდგა. მის კულტად გადაქცევამ კი განაპირობა ქემალიზმის მნიშვნელობის დაცემა. ამდენად, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ერდოღანს ჰქონდა შესაძლებლობა, გარკვეულწილად დაბნეული და კარგი ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის გული მოეგო (Cagaptay S. , The Washington Post, 2011).

AKP-ის სეკულარული ხედვა

2011 წელს AKP-მ რიგით მესამე არჩევნები მოიგო (ხმების დაახლოებით 50%-ით). პარტია თითქოს ავითარებს „ჭეშმარიტად სეკულარული სახელმწიფოს“ იდეას, რომელიც ახლოსაა შვეიცარიულ და ამერიკულ მოდელებთან. ისინი თავის მოქალაქეებს სთავაზობს რელიგიის თავისუფლებას და არა თურქული სეკულარიზმის ექსტრემალურ ლაისისტურ ფორმას. AKP-ის მხარდამჭერთა 27% საკუთარ თავს „ისლამისტად“ მიიჩნევს, დანარჩენს არ აქვს მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიური მახასიათებლები. AKP-მ შეძლო მხარდამჭერთა მოპოვება არარელიგიურ სეგმენტში. იდეა, რომ AKP აღარ წარმოადგენს მხოლოდ ისლამისტურ პარტიას, მხარდაჭერილია რიგი თანამედროვე სოციალური მეცნიერების კვლევების მიერ. პარტია თვლის, რომ სეკულარული სახელმწიფო „ნეიტრალურია ყველა რელიგიური ჯგუფის მიმართ“ და რომ „სეკულარული სახელმწიფო არ არის ანტი-რელიგიური, არამედ იძლევა რელიგიური თავისუფლების გარანტიას და ვალდებულია დაიცვას და პატივი სცეს ათეისტებს“. ერდოღანის პოლიტიკური მოღვაწეობა ამგვარად შეაფასა აჰმეთ კურუმ: „ისლამურ პარტიებს შეუძლიათ გამოხატონ შარიათის კანონების მრავალწახნაგოვანი გაგება თავისუფალ და დემოკრატიულ პროცესებში. ამგვარად არ არის საჭირო ფორმალურად ერქვას სახელმწიფოს „ისლამური“ იმისათვის, რომ განახორციელოს ისლამური პრინციპები პოლიტიკაში“. მაშინ როდესაც ლაისიზმი რელიგიას აფასებდა, როგორც ისეთ რამეს, რაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას, ანგლო-ამერიკულ პერსპექტივაში რელიგია სახელმწიფოსაგან უნდა იყოს დაცული, ხოლო თურქული სეკულარიზმი რელიგიას განიხილავს ისეთ რამედ, რაც სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს კონტროლირებული. რეალურად სურს თუ არა AKP-ს მთავრობას სეკულარული სახელმწიფოს შექმნა, თუნდაც იმ სუსტი ფორმით, რომელიც 2 ბოძზეა აგებული: მოთხოვნა, რომ არცერთმა რელიგიურმა ინსტიტუტმა არ უნდა გამოდევნოს ან ჩაანაცვლოს სახელმწიფოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები და რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ოფიციალური რელიგია?! ეს ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობა არ უნდა დაეფუძნოს ისლამურ კანონს და პრინციპებს, საკანონმდებლო სისტემას, სახელმწიფოს საქმეებს აბსოლუტურად მუსლიმურ ქვეყანაში, თანაც იმ პარტიის მთავრობაში ყოფნის პირობებში, რომელსაც აქვს ისლამური ფესვები და მიიჩნევს რელიგიას უმთავრეს თურქულ ფასეულობად (სიხარულიძე გ. , 2017).

თურქეთს საინტერესო კონსტიტუცია აქვს. მისი მეოთხე მუხლის თანახმად, პირველი სამი მუხლის შეცვლა არ შეიძლება და არა მხოლოდ შეცვლა, ამ საკითხის განსახილველად დაყენებაც კი. პირველ სამ მუხლში წერია, რომ თურქეთი არის ლაიცისტური ანუ სეკულარული სოციალური სახელმწიფო; რომ წყობა არის რესპუბლიკური მმართველობის ფორმა; რომ დედაქალაქი ანკარაა; რომ დროშის წითელ ფონზე ნახევარმთვარე და ვარსკვლავია გამოსახული; რომ სახელმწიფო ენა არის თურქული. ამავე დროს, იმის გამო, რომ კონსერვატორები არიან ქვეყნის სათავეში, ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის იყო აკრძალვა ქალების თავსაფრით სახელმწიფო დაწესებულებებში გამოჩენაზე, აგრეთვე უნივერსიტეტებში, პარლამენტსა და ა.შ. ადამიანის უფლებების დახვეწასთან ერთად, დღეს ასეთი აკრძალვა არ არსებობს. ქალს შეუძლია თავსაფრით სიარული და მუშაობა სახელმწიფო დაწესებულებებში, აგრეთვე თანამდებობების დაკავებაც. შეხედულებები აკრძალვების შესახებ მრავალგვარია. აღმოსავლური გადმოსახედიდან, თურქეთი საკმაოდ დასავლური სახელმწიფოა, რომელშიც სასმლის ყიდვა და ქალის თავსაფრის გარეშე გადაადგილებაც დაშვებულია, მაგრამ ევროპისათვის, თურქეთი აღმოსავლური ქვეყანაა, რომელშიც ადამიანის უფლებები და თავისუფლება ბოლომდე არ არის დაცული (ბატიაშვილი ზ. , 2020).

ძირეული პოლიტიკის შეცვლა

AKP-ის საგარეო პოლიტიკის შესანიშნავი მახასიათებელი იყო მისი მაღალი სტატუსი OIC[8]-ში. მიუხედავად პარტიის ყველა ლიდერის მუსლიმური წარმოშობისა, მის თავდაპირველ სტრატეგიაში არაფერი იყო ისეთი, რომლის კლასიფიცირება შეიძლება, როგორც „ისლამური“. თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი თეორეტიკოსის, აჰმედ დავუთოღლუს, ნათქვამი, რომ ქვეყნის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რელიგია, გახდა საფუძველი პარტიის სამომავლო გეგმებისა. მაგალითად, ერაყში განხორციელებული ქმედება არ იყო დაფუძნებული მუსლიმურ გრძნობებზე, არამედ უსაფრთხოების სურვილსა და საჭიროებაზე. თავდაპირველად, ერთგვარი ბალანსი ორ სამყაროს შორის აშკარა იყო, რაც გამოიხატებოდა თუნდაც ურთიერთობების გაძლიერებაში როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ სახელმწიფოებთან. არაისლამური ქვეყნებიდან აღსანიშნავია, მაგალითად, საბერძნეთი და რუსეთი. პრობლემები არსებობდა, თუმცა ისრაელთან კავშირების დალაგებაც შედიდოდა ახალი პარტიის გეგმებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან თანამშრომლობა. 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მკვეთრად იყო გამოხატული უკეთესი დამოკიდებულება და მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან, ვიდრე ისლამურ სამყაროსთან (Hale & Ozbudun, 2010). ერდოღანმა ევროპაში მოაწყო ტურნე და რეკლამა გაუწია თურქეთში დამკვიდრებულ ახალ რეჟიმს, როგორც, სხვა ისლამური ქვეყნებისაგან განსხვავებით, დემოკრატიის საუკეთესო მაგალითს.

თურქეთის ხელისუფლება ქურთებთან დაკავშირებით შემწყნარებლობის პოლიტიკის გაფართოებას აგრძელებს. კანონი, რომელიც იძლევა სხვადასხვა ენასა და დიალექტზე სწავლის უფლებას, ძალაში შევიდა 2003 წლის დეკემბერში. ამან პირველად გახადა შესაძლებელი ქურთული ენის კურსების ჩამოყალიბება. ქურთული ენის სწავლება დაიწყეს ექვს კერძო სკოლაში: 2004 წლის აპრილიდან – ვანში, ბატმანსა და შანლიურფში, 2004 წლის აგვისტოდან – დიარბაქირსა და ადანში, ხოლო 2004 წლის ოქტომბრიდან – სტამბოლში (შავიძე მ. , 2009). სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ძალაში შევიდა 2005 წლის აპრილიდან. იგი აძლიერებს სანქციებს ადამიანის უფლებების ზოგიერთი დარღვევის წინააღმდეგ (შავიძე მ. , 2009).
ერაყში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, ქურთების საკითხი აქტუალური იყო. აშშ დიდ იმედებს თურქეთზე ვერ ამყარებდა, რადგან AKP ქვეყნის სათავეში ახალი მოსული იყო. თურქეთი, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ერთგვარ ხიდად მიიჩნეოდა აშშ-სა და ერაყს შორის. თავად აშშ ერაყში კონფლიქტის მოგვარებას აპირებდა. ერდოღანმა, რომელსაც იმ დროს არანაირი პოზიცია არ ეკავა, მაგრამ თეთრ სახლში მიიღეს, როგორც პარტიის დამფუძნებელი და თავჯდომარე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე. მას და სხვა ოფიციალურ პირებს ჰქონდათ ეჭვები თურქეთის ახალი პარტიის ისლამიზაციისა, მაგრამ ერდოღანის მიერ სეკულარიზმის პრინციპის აღიარებამ და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენების გეგმებმა ეჭვები გააქრო. თუმცა მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე ახალმა პარლამენტმა უარი განაცხადა. აშშ-ის უარი უთხრეს თურქეთის ხიდად გამოყენებასა და მის საჰაერო სივრცეში შემოსვლაზე. აღნიშნული მოვლენა დიდი იმედგაცრუება იყო და განიხილავდა სამ ფაქტს. შესაძლოა, პარტიას არ ჰქონდა დიდი გამოცდილება პოლიტიკაში და, ამდენად, არსებულ სიტუაციას სწორად ვერ აფასებდა ან არ სურდა მეზობელი ერაყის შიდა საქმეებში აშშ-ს ჩართვა და მისი ბაზების გახსნა ქვეყანაში. მეტად გავრცელებული ვერსიის თანახმად კი, აშშ-ის დახმარება ერაყში მცხოვრები ქურთებისათვის იქნებოდა საწყისი წერტილი სხვა ქვეყანაში მცხოვრები ქურთების მასშტაბურად აჯანყებისა. თუკი აშშ შეძლებდა ქურთებისათვის დამოუკიდებლობის მოპოვებას, თურქეთში მცხოვრები ქურთებიც მსგავსს მოითხოვდნენ. ამდენად, თურქეთს არ აწყობდა. რომელი მოსაზრებაც არ უნდა იყოს ჭეშმარიტი, თურქეთმა თითქოს დასაწყისშივე აირჩია ის მიმართულება, რომელსაც დღემდე მიყვება. თუნდაც სირიაში არსებული მძიმე ვითარების დროსაც, თურქეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა ვერ შედგა. აქტუალური საკითხი ამჯერადაც ქურთისტანის შესაძლო დამოუკიდებლობა იყო, რაც, რასაკვირველია, არ აწყობდა არც თურქეთსა და არც სირიას. ამ ორი სახელმწიფოს კავშირით შეშფოთებული აშშ და ევროპა ოფიციალურ ანკარას ადანაშაულებდა მუსლიმურ სამყაროსთან ურთიერთობების განმტკიცებაში. აშშ-მ აგრეთვე დაადანაშაულა ანკარა იმაში, რომ მან მცდელობებს, სირია გაეყვანა ლიბანიდან, ძირი გამოუთხარა. ნაცვლად იმისა, რომ თურქეთს, რომელიც თითქოსდა დასავლური ღირებულებებითა და პრინციპებით გეგმავდა ქვეყნის მომავლის განვითარებას, დაემხო ასადის რეჟიმი, რაშიც დიდ დახმარებას აშშ გაუწევდა, მან, პირიქით, გააძლიერა ის. 2013 წელს კი, როდესაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ 60 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ორ მილიონზე მეტი დაშავდა სირიის სამოქალაქო ომში, ერდოღანი სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა დასავლეთს და სთხოვდა ბარაკ ობამას, რომ განეხორციელებინა სამხედრო ინტერვენცია მდგომარეობის გამოსასწორებლად. მაშინ ობამამ უარი განაცხადა აღნიშნულ თხოვნაზე, რადგან იგი ამერიკის მოსახლეობას დაპირდა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში არ დაუშვებდა ქვეყნის ჩართვას არც ერთ ომში.

როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ წარმოადგინა „Zero Problems with Neighbors” პოლიტიკა, აშშ იმედოვნებდა, რომ თურქეთი სასარგებლოდ გამოიყენებდა მის გეოგრაფიულ მდებარეობას, ეკონომიკურ განვითარებასა და კულტურულ გავლენას. თუმცა პრეზიდენტი ობამა იმედგაცრუებული დარჩა – „დილით, ობამამ ნახა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის ახალი პრეზიდენტი, რომელიც თანამედროვე მუსლიმ ლიდერად მიიჩნეოდა და რომელსაც უნდა შეძლებოდა ორ სამყაროს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს, შორის შუალედის დაჭერა, მაგრამ ახლა ობამა ერდოღანს შეცდომად და ავტორიტარად მიიჩნევს, რომელმაც უარი განაცხადა მისი უზარმაზარი ძალის გამოყენებაზე სირიაში სტაბილური სიტუაციის დასამყარებლად“. ნაცვლად იმისა, რომ თურქეთი ყოფილიყო მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი, მისი საგარეო პოლიტიკა უფრო და უფრო სწრაფი, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ხდებოდა. ერდოღანი იმპულსური აღმოჩნდა. დავუთოღლუს ახალი საგარეო პოლიტიკის გატარების ნაცვლად, თურქეთის ურთიერთობა მის თითქმის ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან დაძაბულია. ანკარა დღეს მეტად იზოლირებულია, ვიდრე ოდესღაც (Phillips D. L., 2017).

AKP-ის ევოლუცია და მისი დამოკიდებულება დემოკრატიულ ღირებულებებთან მეტწილად ხაზოვანი იყო. მისი პირველი ვადა, 2002 წლიდან 2007 წლამდე, იყო შედარებით დემოკრატიისა და ლიბერალიზმისაკენ მიმართული, თუმცა მისი პოლიტიკა დასრულდა დიდი კამათითა და ხმაურით საპრეზიდენტო არჩევნების გამო. მეორე ვადა ხასიათდებოდა რესპუბლიკანიზმის დემონტაჟითა და ერთპარტიული პარლამენტის გააქტიურებით, ხოლო მესამე ვადა იყო რადიკალური მობრუნება და ზურგის შექცევა რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი პრინციპებისათვის და ავტორიტარიზმის გაძლიერება, აგრეთვე საპრეზიდენტო სისტემის გაძლიერება. 2014 წელს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად აირჩიეს, რომელმაც ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაიყვანა. 2002 წელს, როდესაც „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ მოვიდა ხელისუფლებაში, თურქეთის ელიტამ განაცხადა, რომ ის იყო ისლამური პარტია, რომელიც დაამხობდა რესპუბლიკას და თურქეთს მეორე ირანად გადააქცევდა. თუმცა ათწლეულების განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა. მოგვიანებით, ისლამიზმი მეტწილად გამოჩნდა საგარეო პოლიტიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ისლამისტურ მოძრაობებთან ურთიერთობაში, რომლებსაც თურქეთი უჭერდა მხარს (Edelman, et al., 2015).

თურქეთის ისლამიზაციის სწრაფი ტემპები ევროპას აშინებს. განიხილება, რომ ისლამისტები შეეცდებიან ევროპაში თავიანთი ზეგავლენის გავრცელებას. ევროპა მთელი ძალისხმევით ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სულიერი თვითმყოფადობა და შიშობს, რომ ევროპელი ხალხი ასიმილირდება მუსლიმი ემიგრანტების ძლიერ ნაკადთან. ევროპას დღეს მხოლოდ ქემალისტების მხარდაჭერა და რეფორმებისათვის მათი წაქეზება შეუძლია, რათა მათ უფრო მტკიცე პოზიციები ჰქონდეთ ისლამისტებთან ბრძოლაში. დასავლეთი თავს იკავებს თავისი რიგების არაქრისტიანული სახელმწიფოებით შევსებისაგან. ევროკავშირი ერიდება ამ საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნების წაყენებას, რადგანაც ამან შეიძლება ისლამურ სამყაროსთან დაპირისპირება გამოიწვიოს. ერდოღანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი მთავრობის რამდენიმე გადაწყვეტილება პირდაპირ ისლამური პოლიტიკის გატარებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ დაიწყო სასკოლო და უმაღლეს სასწავლებელთა პროგრამებში ყურანისა და ისლამის კურსების თანდათანობითი დანერგვა, რელიგიურ საქმეთთა სამმართველოს მეშვეობით მეჩეთების მშენებლობის გააქტიურება, 1991 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლის გაუქმება, რომელიც კრძალავდა ისლამის გამოყენებას პოლიტიკური და პირადი მიზნებისათვის, ლეგალური ისლამური პარტიის არსებობის დაშვება და სხვ. აგრეთვე, დიდი სკანდალი მოჰყვა ერდოღანის ხელისუფლების მცდელობას, ჩაერთოთ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელი მრუშობისათვის. კაცისა და ქალის ღალატი ერთნაირად არ უნდა ისჯებოდეს, ამდენად, ქალისათვის განკუთვნილი იყო ციხე ნებისმიერი ფლირტისათვის, ხოლო კაცისთვის ასეთი დიდი სასჯელი არ არსებობდა. აღნიშნული ფაქტი, რასაკვირველია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და, აქედან გამომდინარე, ევროპა შეშფოთებული იყო აღნიშნული ფაქტით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი აბდულა გიული ცდილობდა, დაერწმუნებინა ბრიუსელი, რომ ამ კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერდა მთავრობა, არანაირი კავშირი არ აქვს  ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან. თუმცა ევროკავშირის ქვეყნები მათ ლოგიკას არ დაეთანხმნენ. ევროპელებმა ჩათვალეს, რომ თურქეთი თავის სისხლის სამართლის კანონმდებლობას შარიათის კანონებზე დაყრდნობით ამზადებდა. ევროკავშირის უმაღლესმა კომისრებმა აღმოაჩინეს უამრავი ანტიდემოკრატიული ნორმა თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსში. ეს იყო მუხლები, რომლებიც ზღუდავდა თურქეთის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლებას (შავიძე მ. , 2009).

თავი IV. ევროკავშირი და თურქეთი

თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობები ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში თურქეთის ევროპის თანამეგობრობასთან არსებული ურთიერთობებით იწყება, რომლის წევრობაზეც თურქეთმა ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა განაცხადი. ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით, თურქეთმა 1990-იან და 2000-იან წლებში არაერთი რეფორმა გაატარა, რომლებმაც უფრო დიდ მასშტაბებს 2002 წლის შემდეგ მიაღია, როცა ხელისუფლებაში „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ მოვიდა. ეს უკანასკნელი ამ პერიოდში თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციას საკუთარ პოლიტიკურ პრიორიტეტად აცხადებდა და, ამგვარად, აქტიურად გააგრძელა რეფორმის პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ფართომასშტაბიან საკონსტიტუციო და ზოგად საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა პირველი პაკეტიც 2004 წელს შევიდა ძალაში (ბაკურაძე ს. , 2020).

თურქეთის საგარეო პოლიტიკა, ძირითადად, სამ ფაქტორზეა დამოკიდებული: საერთაშორისო სისტემურსა და რეგიონალურ ქვესისტემურ ფაქტორებზე; თურქეთსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს შორის არსებულ საერთო ინტერესებსა და საშინაო ფაქტორებზე (Ozkanca-Dursun, 2019). მიუხედავად თურქეთის მცდელობებისა, ევროინტეგრაციის პროცესი საკმაოდ პრობლემატური იყო, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებისათვის, რომლებიც, გარდა იმისა, რომ უფრთხოდნენ თურქეთის სიდიდის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში მისი როლის მნიშვნელოვან ზრდას შიდაევროპულ საქმეებში, ასევე თვლიდნენ, რომ თურქეთი რელიგიური, კულტურული და სხვა ფაქტორების გამო განსხვავდებოდა ევროკავშირის ქვეყნებისაგან. ევროკავშირის მიერ გაცხადებული ოფიციალური მიზეზები იმის თაობაზე, თუ რატომ არ იყო თურქეთი მზად, გამხდარიყო საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, სხვადასხვა იყო. ქრისტიან-დემოკრატიული და ევროპული ტრადიციონალისტური მოძრაობები მიიჩნევდნენ, რომ თურქეთი არ მდებარეობდა ევროპაში და კულტურულ-რელიგიური კუთხით ახლო აღმოსავლეთის ნაწილი იყო. ამის ნათელ მაგალითებად შეიძლება მივიჩნიოთ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟისკარ დ’ესტენისა და პაპ ბენედიქტე XVI-ის განცხადებები, რომ თურქეთი არ იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და მისი ინტეგრაცია ევროკავშირში „ეკონომიკური ფაქტორების გამარჯვება“ იქნება. თუმცა, ოფიციალურად, მთავარი მიზეზები გახდა ადამიანის უფლებების დარღვევა თურქეთში, თავდაპირველად, ქურთებთან ან მორწმუნე მუსლიმებთან მიმართებაში, კვიპროსის საკითხი და ისიც, რომ თურქეთის ხელისუფლება, ევროკავშირის მოთხოვნებს რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით ხშირად საკუთარი ინტერესებისათვის იყენებდა და მათი საშუალებით ქმნიდა ნიადაგს ქვეყნის შიგნით საკუთარი პოლიტიკური გავლენის გასაზრდელად საჭირო მანერების ლეგიტიმაციისათვის. ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის დროს, მან გააუქმა ქალთა და ოჯახთა სამინისტრო და მის ნაცვლად დაარსა ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო (Edelman, et al., 2015).

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევის, ცენზურის, ეკონომიკური არასტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გამო. 2013 წლის გეზის პარკის მოვლენებისა და თურქეთში მზარდი ავტორიტარული ტენდენციების ფონზე ჩანდა, რომ უკვე თავად თურქეთიც იცვლიდა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტებებს. საბოლოოდ, 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ დაწყებული რეპრესიების და თურქეთის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლისას, ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტა, ხოლო 2019 წლის მარტში ევროპარლამენტმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერებას დაუჭირა მხარი.

მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, ევროკავშირი და თურქეთი იძულებულნი არიან ითანამშრომლონ ფუნდამენტურ საკითხებზე. თურქეთისთვის მთავარი ფაქტორი, რომელიც მას აიძულებს ითანამშრომლოს ევროკავშირთან, ეკონომიკაა – ევროკავშირი თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, შეთანხმება, ერთი შეხედვით, წარმატებული გამოდგა, მაგრამ იგი მალევე იქცა თურქეთის ხელისუფლების ხელში შანტაჟის იარაღად და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ევროპისაგან ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერის სანაცვლოდ, დევნილების ფაქტორს ხშირად ევროპის ქვეყნების დასაშანტაჟებლად იყენებს (ბაკურაძე ს. , 2020).

 თავი V. დასავლეთისათვის „ზურგის შექცევა“

როდესაც ოფიციალური ანკარა თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში (განსაკუთრებით „ცივი ომის“ პერიოდში) ვაშინგტონისა და, ზოგადად, დასავლეთის პარალელურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, ყველაფერი ცხადი და ადვილად პროგნოზირებადი იყო მის ქმედებებში, საერთაშორისო არენაზე. ანკარისა და დასავლეთის საერთო მიზანს საბჭოეთის შეკავება წარმოადგენდა და მათი ყველა ქმედება ამ სტრატეგიული ამოცანიდან მომდინარეობდა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული საფრთხე მინელდა. შედეგად, თურქეთმა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამასთან, ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ანკარის საგარეო პოლიტიკაში იმძლავრა ე.წ. „ნეოოსმალურმა“ პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს ანკარის გავლენის აღდგენას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ამ პოლიტიკის გატარება ადვილი არაა, რადგან ის ხშირად არა მხოლოდ გამორიცხავს დიდი ძალების (აშშ, ევროპა, რუსეთი) ინტერესებს, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, მათ უპირისპირდება კიდეც. ამიტომ, ამა თუ იმ მომენტში შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე, ოფიციალური ანკარა ხან ვაშინგტონსა და ბრიუსელს, ხანაც მოსკოვსა და სხვა პოლიტიკურ პოლუსებს (პეკინი, დელი, თეირანი და ა.შ.) უახლოვდება. ასეთ სიტუაციას კი უკვე მოჰყვა სერიოზული საგარეო-პოლიტიკური რყევები რეოგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

დასავლეთისა და თურქეთის პოლიტიკურ ლიდერებსა და ელიტებს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფილოსოფია აქვთ. ისინი განსხვავებულად აღიქვამენ როგორც სხვა ქვეყნებთან არსებულ კავშირებს, ისე თავიანთი ქვეყნების წონასა და ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, წლების განმავლობაში თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში მრავალი პრობლემა დაგროვდა, რომელთა გადაჭრა დროში გაიწელა.

სირიაში არსებულ სიტუაციაში მხარეთა განსხვავებული ინტერესების გარდა, არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, სადაც თურქეთსა და დასავლეთს უკვე წლებია ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები აქვთ. თურქეთი უმთავრეს გამოწვევად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს წინ აღუდგეს ასეთ პერსპექტივას. იგი ამ მიზნით არ ერიდება არც დიპლომატიურ და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას სირიაში – დღემდე 3 დიდი სამხედრო ოპერაცია („ევფრატის ფარი“ 2016-2017 წლებში, „ზეთისხილის რტო“ 2018 წელს და „მშვიდობის“ წყარო“ 2019 წელს) მოაწყო ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ საკითხის გამო თურქეთს ხშირად უწევს დაპირისპირება დასავლეთთან.

თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებში პრობლემური საკითხი ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ თემაა. 2019 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ აღიარა ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ საკითხი. მართალია, იგი ჯერჯერობით არ დამტკიცებულა, მაგრამ ამას უკვე მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ აღიარება პოლიტიკური შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ, არიან ლაჩრები. მისივე შეფასებით, რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ხოლო პრეზიდენტმა ერდოღანმა მიანიშნა, რომ გამორიცხული არაა, ამ შემთხვევაშიც საპასუხო ზომად ინჯირლიქისა და ქურეჯიქის ბაზების დახურვის საკითხი განიხილონ (ბატიაშვილი ზ. , 2019). ტრამპსა და ერდოღანს კარგი პიროვნული ურთიერთობები ჰქონდათ, რაც შეიძლება პრობლემატური აღმოჩნდეს ბაიდენის დროს. დაძაბულ ერთიერთობას კიდევ ერთი საკითხი ემატება – ფეთჰულაჰ გიულენი. ის სასულიერო პირია, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობს. მას ბრალად ედება თურქეთის სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობა 2016 წელს. თურქეთი ითხოვს მის გადაცემას, მაგრამ აშშ-ის სასამართლო გიულენის ბრალდებას ლეგიტიმურად არ თვლის (ბატიაშვილი ზ. , 2020).

თურქეთს, დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, დროდადრო უწევს რუსეთთან და სხვა ძლიერ პოლიტიკურ პოლუსებთან (პეკინი, თეირანი და ა.შ.) დაახლოება და ეს ყველაზე ნათლად სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე აისახება. 2019 წლის ბოლოს ეს კავშირები იარაღით (მაგალითად, S-400-ები) ვაჭრობაზეც აისახა, რასაც რეალური პრობლემები მოჰყვა დასავლეთთან ურთიერთობაში.

თურქეთი აქტიურადაა ჩართული ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებშიც. მაგალითად, ირანთან ერთად მკვეთრად აღუდგა წინ და აღკვეთა ერაყის ქურთისტანის მცდელობა, 2017 წელს იქ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა.

ცალკე საკითხია ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დიდი დაპირისპირება ე.წ. „პროამერიკულ“ და ე.წ. „პრორუსულ“ ძალებს შორის. თავდაპირველად, თურქეთი ბუნებრივად მოიაზრებოდა პირველ ბანაკში. თუმცა, სუნიტურ ბანაკში ლიდერობის გამო, მოგვიანებით, წარმოშობილი უთანხმოებიდან გამომდინარე, თურქეთმა კატართან ერთად ჩამოაყალიბა „განდგომილთა“ მცირე ჯგუფი, რომელიც ამ ბოლო დროს უფრო „პრორუსული“ შიიტური დაჯგუფებისკენ იხრება. ამავე პერიოდში, შეიცვალა თურქეთის დამოკიდებულება ისრაელ-არაბების კონფლიქტის მიმართ. თუ ადრე ანკარა ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ხშირად ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში შუამავლადაც გვევლინებოდა, 2009 წლიდან მოყოლებული მან პალესტინელებს მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, დაიძაბა თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა (ბატიაშვილი ზ. , 2019).

თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ მტკინვეულ თემად რჩება ევროპასთან ურთიერთობა. ევროპული ქვეყნები და ევროპული ინსტიტუციები მკაცრად აკრიტიკებენ ანკარას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა – ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიის თავისუფლება და უმცირესობების უფლებები. აღნიშნულის გამო, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, გაყინულია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების წინ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი. ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება კვიპროსის პრობლემაც (ბატიაშვილი ზ. , 2017). არის მთელი რიგი წყაროებისა, რომელთა მიხედვითაც პაკისტანის შემდეგ თურქეთის მოსახლეობა ყველაზე მეტადაა ანტიდასავლურდ განწყობილი. აქ ორი რაღაც ემთხვევა ერთმანეთს. ერთი ის, რომ კონსერვატიული ძალები დასავლეთს განიხილავს, როგორც მთავარ მოწინააღმდეგეს, ხოლო მეორე ეხება მემარცხენე ძალებს. თურქეთის ოპოზიციაში, ძირითადად, მემარცხენე ძალები არიან და ისინიც დასავლეთს განიხილავენ, როგორც მოწინააღმდეგეს. აქედან გამომდინარე, მარტივი დასანახია მიზეზი, თუ რატომ ურჩევნია თურქეთის მოსახლეობას ისლამური მხარის დაჭერა და არა დასავლურის, განსაკუთრებით კი, ამერიკულის (ბატიაშვილი ზ. , 2020). ანკარა ევროპას ტენდენციურობასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხი საკუთარ აზრს არჩევნებსა და რეფერენდუმებზე გამოხატავს, ეს კი დემოკრატიულობის ნიშანია. რაც შეეხება ე.წ „წმენდებს“, ანკარა განმარტავს, რომ მათი განხორციელება აუცილებელი გახდა ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 2017 წლის 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმს ევროპულ ნორმებთან შეუსაბამო უწოდა. პარალელურად, PACE-მ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე მონიტორინგი დააწესა. საპასუხოდ, პრეზიდენტი ერდოღანი ლაპარაკობდა კიდევ ერთი რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ, რომლის დროსაც თურქ ხალხს შეეკითხებოდა, სურთ თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა და უჭერენ თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, ასეთი რეფერენდუმის ჩატარება კიდევ უფრო დააშორებდა ანაკარას ევროპისაგან და ქვეყანა დაკარგავდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატურას, მისი გზა იზოლაციისკენ წავიდოდა, თუმცა ედროღანის განმარტებების მიხედვით, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თურქეთი, საჭიროებისამებრ, თავად იტყვის უარს ევროპაზე. თურქეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. იმაზე, თუ როგორ შეძლებს ანკარა მათთან გამკლავებას, ბევრადაა დამოკიდებული როგორც თურქეთის მომავალი, ისე დიდწილად მისი სამეზობლოს უსაფრთხოება (ბატიაშვილი ზ. , 2017).

ფაქტობრივად, ერდოღანს ორი დიდი და მნიშვნელოვანი კოზირი უჭირავს ხელში ევროპისათვის დიდი პოლიტიკური დარტყმების მისაყენებლად: გაზსადენი და ლტოლვილები. ახლო პერსპექტივაში ევროპისათვის თურქეთ-რუსეთის გაზსადენი მიუღებელია და, აგრეთვე, ევროპა თურქეთიდან ლტოლვილთა ახალ და ძლიერ ტალღებს ვერ გაუძლებს. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, მისთვის ევროპა ჰგავს ავადმყოფ კაცს. პრეზიდენტი არც მსოფლიო ლიდერების მწვავე კრიტიკას ერიდება.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თურქეთის პოლიტიკა მეტად ისლამისკენ არის გადახრილი, დემოკრატიული პროცესები ნაკლებად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები იყო, ერდოღანი პოლიტიკური ძალაუფლების არეალს ყოველდღიურად აფართოებს. განსხვავებული პროფესიის ადამიანები სახელმწიფო უწყებებიდან დაითხოვეს. რეპრესიები თავისუფალ მედიასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეხო.

უკანასკნელ პერიოდში, დასავლეთისათვის გამაოგნებელი იყო ერდოღანის გადაწყვეტილება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების თაობაზე. ტაძარი ოდითგანვე იყო ქრისტიანული, რომელიც ათათურქმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ქრისტიანული მემკვიდრეობის მუზეუმად გამოაცხადა. ამით, აია-სოფია თურქეთის სეკულარიზმის და დასავლეთისთვის ხელის გაწვდენის სიმბოლოდ იქცა (ჩხიკვაძე, 2020). ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ თურქეთის პრეზიდენტი გადაწყვეტილების გაუქმებისაკენ მოუწოდა. ასევე, გადაწყვეტილების გაუქმებისაკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ჯიმ რიშისა და სენატორ რობერ მენდენესის განცხადებით კი, ერდოღანის გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა – „ჩვენ, მტკიცედ ვგმობთ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებას, წმინდა სოფიას მეჩეთად გადაკეთების თაობაზე. ისტორიის გარკვეულ მომენტებში წმინდა სოფიას ტაძარი ქრისტიანებისა და მუსლიმების თაყვანისცემის ადგილი იყო, ხოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა სარწმუნოების ხალხისათვის არაჩვეულებრივი და სტუმართმოყვარე ცენტრი იყო“. თურქეთის პრეზიდენტმა მათ საპასუხოდ განაცხადა, რომ აია-სოფია თურქეთის სუვერენიტეტის საკითხია და არავის შეუძლია ჩარევა. ასევე, ერდოღანმა აღნიშნა, რომ აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ ისტორიული შეცდომა გამოასწორა (მაკარაძე ე. ).

„ის [აია-სოფია] ცივილიზაციებს აერთიანებს. ის უფრო მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ძეგლი სტამბოლში, აჩვენებს ქალაქის ისტორიას. მათთვის, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც ისლამისთვის ქვეყანაში უფრო დიდი როლის მინიჭება. ზოგი ამას ხედავს, როგორც ავტორიტარის გადაწყვეტილებას, როგორც უნდა ისე მოიქცეს, ან როგორც ათათურქის მემკვიდრეობის ნაბიჯ-ნაბიჯ განადგურების მცდელობას. ვფიქრობ, ყველა ეს მოსაზრება სწორია“ – ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ლისელ ჰინცი. „საგარეო პოლიტიკური პერსპექტივიდან, ვფიქრობ, ეს არის მცდელობის ნაწილი, რომ დასავლურმა სამყარომ ყურადღება დაუთმოს თურქეთს და ის სერიოზულად აღიქვას. დიდი ხანია, თუმცა განსაკუთრებით, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთს აქვს განწყობა, რომ მას, როგორც ძლიერ ისლამურ ძალას, სხვები ვერ დაჩაგრავენ. ის ცდილობს თავი რეალურ გლობალურ და რეგიონულ მოთამაშედ წარმოაჩინოს“ – განმარტავს ჰინცი.

თავდაპირველად, ერდოღანის პარტიის წარმატებამ საერთაშორისო დამკვირვებლები შეაშფოთა. ერდოღანის განცხადებამ, რომ ის მეტ ყურადღებას დაუთმობდა მის სამეზობლოს, დასავლეთის დედაქალაქებში აღქმულ იქნა, როგორც ანკარის მცდელობა, ზურგი შეექცია დასავლეთისთვის. მაშინ ერდოღანის მთავრობა აცხადებდა, რომ სურდა წინ წაეწია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ბრიუსელის მხრიდან კი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესის გაწელვამ ქვეყანაში იმედგაცრუება გააჩინა.

„ადრეულ ეტაპზე, ერდოღანი ცდილობდა ევროკავშირის მხარდაჭერა მოეპოვებინა, რადგან მას ქვეყნის შიგნით სამხედრო და სეკულარული ელიტა აშინებდა. თუმცა როგორც კი ძალაუფლება გაზარდა, ეს შიშები გაქრა და დაიკარგა ევროკავშირთან ურთიერთობის ინტერესი“ – ამბობს „კატონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი მუსტაფა აკიოლი. „ერდოღანი 15 წლის წინ და ერდოღანი დღეს ორი სხვადასხვა ლიდერია. თუმცა რაღაცები უცვლელია. ის მაშინაც მორწმუნე მუსლიმი იყო და დღესაც. მაგრამ შეიცვალა მისი რწმენის გამოხატვა პოლიტიკური თვალსაზრისით. მისი სიხისტე რამდენიმე მოვლენამ გამოიწვია, იქნება ეს 2016 წლის გადატრიალების მცდელობა, არაბული გაზაფხული თუ მუსლიმთა საძმოს ჩამოგდება ეგვიპტეში. პოლიტიკოსებს, რომლებიც დიდხანს რჩებიან ხელისუფლებაში, გარკვეული მიდრეკილებები უჩნდებათ, თურქეთის შემთხვევაში, ერდოღანის პიროვნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, ეს ავტოკრატიული პოპულიზმია“ – თქვა აკიოლმა.

ახლო აღმოსავლეთში დასავლეთისა და შეერთებული შტატების როლის შემცირების კვალდაკვალ, ანკარა ცდილობს რეგიონული ძალის როლი მოირგოს. აია სოფიას მეჩეთად გარდაქმნაც ამ გზავნილს შეიცავს, რომ ერდოღანი ცდილობს თურქეთს წარსული დიდება, ოსმალეთის იმპერიის დიდება დაუბრუნოს (ჩხიკვაძე, 2020).

დასკვნა

ოსმალეთის იმპერია, როგორც სრულად ისლამურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, აღარ ამართლებდა იმ მოლოდინებს, რომლებიც მოსახლეობას გააჩნდა. XX საუკუნეში არსებულმა ვითარებამ გამოავლინა იმპერიის შიგნით არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებები. ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველა იმპერია, რომელიც რადიკალურ პრინციპებსა და დიქტატურაზე იყო დამყარებული, დაიშალა და მხოლოდ ცნობების წყალობით გვაქვს მათ შესახებ ინფორმაციები. ამდენად, არც ოსმალეთის იმპერია იყო გამონაკლისი. მუსტაფა ქემალ ათათურქმა, რომელიც დიდი შემართების, შრომისმოყვარე და სამშობლოს ერთგული ადამიანი იყო, მიზნად დაისახა ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა და გვერდში ამოიყენა ის ხალხი, რომელთაც შეეძლოთ სიტუაციის გამოსწორება. მართლაც, ვნახეთ, რომ თურქეთის რესპუბლიკა ევროპულ რელსებზე დადგა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ გადაუხვევია „ერის მამის“ მიერ დატოვებული მემკვიდრეობისათვის. რასაკვირველია, საკმაოდ რთული იყო ოქროს შუალედის პოვნა ისლამურსა და რესპუბლიკურ პრინციპებსა და ღირებულებებს შორის, თუმცა ასე თუ ისე მოხერხდა. ქვეყანამ შეძლო ბნელი პერიოდიდან გამოსვლა და ახალ, ნათელ სამყაროში გადასვლა, რომელიც მართლაც რომ იყო გარანტია ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისა. XXI საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის მიერ არჩეული პარტია თითქოს აგრძელებდა ევროპასთან თანამშრომლობას, რაც მრავალჯერ გამოვლინდა, თუმცა ათწლეული აღმოჩნდა ის პერიოდი, რომელმაც ქვეყანა გამიჯნა იმ ღირებულებებისაგან, რომელთა მიღწევისთვისაც თითქმის საუკუნის წინ ძალიან დიდი შრომა ჩაიდო. დღეს ევროპა მეტად შეშფოთებულია თურქეთის სტატუს კვოთი. არსებული სიტუაციიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ქვეყანა კვლავ უპირატესობას ანიჭებს ისლამს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში მკაცრადაა ჩამოყალიბებული თურქეთის სახელმწიფო წყობა – რესპუბლიკური სეკულარული სახელმწიფო. ოცი წლის განმავლობაში ქვეყანა წარმოადგენდა მაგალითს მთელი სამყაროსათვის – „თურქეთი ერთადერთი ისლამური სეკულარული სახელმწიფოა“. თუმცა ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ ეჭვქვეშ დააყენა არსებული ფრაზა. როგორც მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, თურქეთი ავტორიტარიზმს ავლენს, რაც, პროგნოზების მიხედვით, საკმაოდ ძვირად დაუჯდება. ეს არ არის მუქარა, თუმცა გაფრთხილებაა, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიქტატორული სახელმწიფოების არსებობას დიდხანს არასდროს გაუტანია. შესაძლებელია, მომავალ არჩევნებზე მოსახლეობა შეძლებს, შეცვალოს მმართველი პარტია და, საბოლოოდ, აღმოფხვრას ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც დგას მუსტაფა ქემალ ათათურქის მემკვიდრეობა.

ბიბლიოგრაფია:

Cagaptay, S. (2011, August 14). The Washington Post. Retrieved from “From Ataturk to Erdogan, reshaping Turkey”: https://www.washingtonpost.com/opinions/from-ataturk-to-erdogan-reshaping-turkey/2011/08/11/gIQA5lKjFJ_story.html

Cagaptay, S. (2020). “Erdogan’s Empire: Turkey and the Politics of the Middle East”. London: I. B. TAURIS.

Edelman, E., Cornell, S., Lobel, A., Karaveli, H., Misztal, B., Uçok, A., & Michek, J. (2015). “Turkey Transformed: The Origins and Evolution of Authoritarianism and Islamization Under the AKP”. Bipartisan Policy Center.

Grigoriadis, I. N. (2009). “Islam and democratization in Turkey: secularism and trust in a divided society”. London: Routledge.

Hale, W., & Ozbudun, E. (2010). “Islamism, Democracy and Liberalism in Turkey: The case of the AKP”. London and New York: Routledge.

Jackson, R., Sorensen, G., & Moller, J. (2018). “Introduction to International Relations: theories and approaches. Oxford: Oxford University Press.

Ozkanca-Dursun, O. (2019). “Turkey-West Relations: The Politics of Intra-alliance Opposition”. Cambridge: Cambridge University Press.

Phillips, D. L. (2017). “An Uncertain Ally: Turkey under Erdogan’s Dictatorship”. New Jersey: Transaction Publishers.

Tunçay, M. (n.d.). “Kemalism”. Retrieved from Oxford Islamic Studies Online: http://www.oxfordislamicstudies.com/article/opr/t236/e0440

ბაკურაძე, ს. (2020). თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები ცივი ომის შემდგომ პერიოდში“. თბილისი: კავკასიური სახლი/Caucasian house.

ბატიაშვილი, ზ. (2015). “კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე თურქეთი”. ჩემი სამყარო, 18-29.

ბატიაშვილი, ზ. (2017, მაისი 22). თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. Retrieved from საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი: https://www.gfsis.org/ge/blog/view/710

ბატიაშვილი, ზ. (2019). თურქეთის საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. Retrieved from საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდი: https://www.gfsis.org/ge/publications/view/2747

ბატიაშვილი, ზ. (2020, ნოემბერი 21). “ისლამური და რესპუბლიკური პრინციპების გავლენა თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე ერდოღანის მმართველობის პერიოდში”. (ნ. თექთურმანიძე, Interviewer)

მაკარაძე, ე. (n.d.). დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხები XXI საუკუნის თურქეთში“. ბათუმი: შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სვანიძე, მ. (2007). თურქეთის ისტორია“. თბილისი: გამომცემლობა “არტანუჯი”.

სიხარულიძე, გ. (2017). სეკულარიზმის დილე თურქეთშითანამედროვე გამოწვევები“. თბილისი: საქართველოს კვლევითი ინსტიტუტი.

შავიძე, მ. (2009). ისლამის გავლენა თურქეთის პროდასავლურ ორიენტაციაზე“. თბილისი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.

ჩხიკვაძე, ა. (2020, ივლისი 20). ერდოღანი ოსმალეთის იმპერიის სადარაჯოზე. Retrieved from ამერიკის ხმა: https://www.amerikiskhma.com/a/turkey-erdogan-politics/5509944.html

[1] 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ევროპის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს მისი დანაწილება.

[2] უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მაჰმადიან სასულიერო პირთა ხელში.

[3] ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში მაჰმადიანი სწავლული ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე.

[4] Sui generis (ლათინურად) – თავისთავადი, თვითმყოფადი, თავისებური, უნიკალური.

[5] AKP (თურქულად) – „სამართლიანობისა და განვითარების პარტია “.

[6] DYP (თურქულად) – Dogru Yol Partisi (Eng: True Path Party)

[7] ANAP (თურქულად) – Anavatan Partisi (Eng: The Motherland Party)

[8] Organisation of Islamic Cooperation- ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია

By Misho

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

You missed