კვლევითი ნაშრომი მომზადებულია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებისკურსის ფარგლებში

ნაშრომის ავტორი:
ელენე რამინაშვილი

თბილისი, საქართველო
2021 წლის 1 იანვარი

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში განხილულია ფრანგული კოლონიალიზმის გავლენა ალჟირისა და საფრანგეთის თანამედროვე ურთიერთობებზე. პოსტ-კოლონიური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი-კონფლიქტის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პარადოქსი. კვლევის ფარგლებში, კოლონიალიზმის ზოგად კონტექსტში მიმოხილულია დასავლეთის და კერძოდ საფრანგეთის კოლონიური და, ამავე დროს, კულტურული, ინტელექტუალური დომინაცია, რომლის გავლენაც დღემდე მკაფიოა. ასევე, სტრუქტურულად და ქრონოლოგიურად არის აღწერილი ფრანგული კოლონიალიზმის პოლიტიკა, ალჟირის ომის განვითარების ეტაპები და მისი შედეგები. დეტალურად არის გაანალიზებული ფრანგული ასიმილაციის ხისტი მოდელი, რამაც დიდი კვალი დატოვა თანამედროვე ალჟირის ფორმირებაზე. კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია, საფრანგეთის კოლონიური ნარატივები და კოლექტიური მეხსიერებიდან ომის ტრავმის წაშლის მცდელობა. ასევე, განხილულია თუ რამდენად შეძლო ალჟირმა ცნობიერების დეკოლონიზაცია და კულტურული თუ ეკონომიკური დამოკიდებულების წაშლა.

შესავალი

კოლონიალიზმის ეპოქამ დიდი როლი ითამაშა მსოფლიო ისტორიაში, რომლის მემკვიდრეობაც დღემდე მკაფიოდ იგრძნობა და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თანამედროვე ურთიერთობებს ყოფილ იმპერიასა და კოლონიას შორის. ალჟირსა და საფრანგეთს შორის პოსტ-კოლონიური ურთიერთობების გასაგებად და საკვლევ კითხვაზე სიღრმისეული პასუხის გასაცემად აუცილებელია კოლონიური პერიოდის განხილვა და დეტალური ანალიზი.

კოლონიალიზმის გამოვლინებებს, რაც გულისხმობს სხვა სახელმწიფოების დამორჩილებასა და მათი ბუნებრივი და ადამიანური რესურსის გამოყენებას, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ვხვდებით. თუმცა, ფართო მასშტაბებზე კოლონიური დაპყრობები გაცილებით გვიან, XV საუკუნეში, დიდი გეოგრაფული აღმოჩენების კვალდაკვალ დაიწყო.

ფრანგული კოლონიალიზმის ისტორია, რომელიც XVI საუკუნიდან იწყება, ძირითადად დაყოფილია ორ პერიოდად. პირველი გრძელდება 1814 წლამდე, ამ პერიოდამდე დაპყრობილი ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი საფრანგეთმა დაკარგა, ხოლო მეორე ეტაპი იწყება 1830 წლიდან, სწორედ ალჟირის დაპყრობის შემდეგ. ალჟირის დაპყრობიდან საფრანგეთი ხდება ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი კოლონიური იმპერია.

ფრანგული კოლონიალიზმი ითვალისწინებდა პირდაპირი მმართველობის ფორმას, რაც გულისხმობდა ალჟირის უშუალო კონტროლს ცენტრიდან. (სანიკიძე, 2020) ადგილობრივ ავტორიტეტებს არ ჰქონდათ მოქმედების ავტონომია და ისინი დაქვემდებარებულების პოზიციას ითავსებდნენ. ამგვარი ცენტრალიზებული მმართველობის მოდელი მიზნად ისახავდა ფრანგული „ცივილიზაციური მისიის“ დანერგვას, რომელიც ასიმილაციის ხისტი პოლიტიკის შედეგად უნდა ყოფილიყო მიღწეული.

კოლონიალიზმის ხანა სრულდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა ლიბერალური და ნაციონალური იდეები, რამაც ბიძგი მისცა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობების ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ფაქტორებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა დაპყრობილი ქვეყნების ბედი და საფუძველი დაუდო მათ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
ყოფილმა იმპერიებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს ეროვნულობის ცნების თუ განცდის ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ზოგიერთმა ქვეყნამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ცნობიერების დეკოლონიზაცია და კულტურული თუ ეკონომიკური დამოკიდებულების წაშლა. კოლონიალიზმის მრავალწლიანმა არსებობამ და მისმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ყოფილი კოლონიებისა და მეტროპოლიების თანამედროვე ურთიერთობები.

მეთოდოლოგია

კოლონიალიზმის ეპოქა არაერთგვაროვნად არის შეფასებული. ძირითადად საუბრობენ ნეგატიურ კონტექსტში, მაგრამ, ამავე დროს მას დადებით კონტექსტშიც მოიხსენიებენ. ობიექტურობისთვის, კოლონიალიზმის უარყოფითი და პოზიტიური ასპექტების გათვალისწინებით, ნაშრომში გაანალიზებულია სხვადასხვა ავტორი, მათი წიგნები და სტატიები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს გვთავაზობენ სადავო თემის გარშემო. მნიშვნელოვანია კოლონიალიზმის ზოგადი ინფორმაციის დაკავშირება კონკრეტულად საკვლევ საკითხთან. ამიტომ, ნაშრომში განხილულია სხვადასხვა ლიტერატურა, რომელიც დეტალურ და კონკრეტულ ცნობებს გვაწვდის ფრანგული კოლონიალიზმის პოლიტიკასა და მის გავლენაზე ალჟირში. თანამედროვე ურთიერთობების გასაგებად კვლევაში გამოყენებულია სხვადასხვა სტატია, რომელიც ასახავს სახელმწიფო პირების დამოკიდებულებებს კოლონიალიზმის და მისი მემკვიდრეობის გარშემო, რაც მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. ტექსტური მასალის გარდა, საკვლევ კითხვაზე ვალიდური პასუხის გასაცემად გამოყენებულია ინტერვიუც, რომელიც ამ თემაზე კომპეტენტურ პირთან, გიორგი სანიკიძესთან ჩავწერე. რესპოდენტი კარგად იცნობს ორივე სამყაროს. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო ობიექტური, რაც ერთობ მნიშვნელოვანი და გამოსადეგი იყო კვლევისთვის.

ლიტერატურის მიმოხილვა

კოლონიალიზმის ეპოქის, მისი მოტივების და შედეგების გასაანალიზებლად კვლევაში გამოყენებულია ედვარდ საიდის წიგნი „ორიენტალიზმი“ რომელიც 1978 წელს გამოქვეყნდა და პოსტ-კოლონიური თეორიის შექმნის საფუძველი გახდა. ამ ნაშრომმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში. იგი ყურადღებას ამახვილებს კოლონიზატორის მხრიდან კოლონიებისა(ორიენტის) და მათი მოსახლეობის ექსპლუატაციის შედეგებზე. ავტორი ხაზს უსვამს კულტურული ჰეგემონიის პოლიტიკას, რომელიც კოლონიების კონტროლისა და მანიპულირების ეფექტიანი ინსტრუმენტი იყო. საკვლევი თემისთვის, რომელიც ეხება კოლონიალიზმის გავლენას ალჟირისა და საფრანგეთის ურთიერთობაზე, კვლევისთვის მნიშვნელოვანია ამ წიგნის განხილვა, რადგან ავტორი აღწერს დამოკიდებულებას კოლონიზატორებსა და მათ კოლონიებს შორის, რაც დამეხმარა უკეთ მემსჯელა ამ ურთიერთობების შედეგებსა და მათ გამოვლინებებზე.

იქედან გამომდინარე, რომ კოლონიალიზმის გარშემო განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ობიექტურობისთვის კვლევაში განხილულია საიდის საწინააღმდეგო პოზიციებიც. ნაშრომში მიმოხილულია საიდის მთავარი კრიტიკოსის ბრიტანელ-ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნის, ბერნარდ ლუისის, ვრცელი სტატია „The Question of Orientalism“ რომელიც 1982 წელს გამოქვეყნდა. ამ სტატიის გამოყენება მნიშვნელოვანია, რათა განვიხილოთ ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციიდან დანახული სამყარო(საიდი vs ლუისი.) ლუისის გარდა ნაშრომში შეხვდებით ოქსფორდის პროფესორის, ნაიჯელ ბიგერის სტატიას „Don’t Feel Guilty About Our Colonial History“ რომელიც განსხვავებულ პოზიციას გვთავაზობს ამ თემასთან მიმართებაში. ავტორის მიხედვით, მუდმივად საუბარია კოლონიალიზმის ბრუტალურ გამოვლინებებსა და მის უარყოფით შედეგებზე, მაგრამ არავინ საუბრობს ამ თემაზე პოზიტიურ კონტექსტში. სტატიაში ნათქვამია, რომ კოლონიალიზმმა დადებითი შედეგი იქონია უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ წესრიგზე, კანონის უზენაესობასა თუ ადამიანის უფლებებზე. ნაიჯელის აზრით, ამ პოზიტიური მიზეზების გამო ადამიანებმა დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ თავი კოლონიური და იმპერიული წარსულის გამო.

ზემოთ ჩამოთვლილი მასალები ზოგად ჭრილში მიმოიხილავს კოლონიალიზმსა და იმპერიალიზმს სხვადასხვა მაგალითზე. შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო ამ ზოგადი ინფორმაციის დაკავშირება კონკრეტულად საკვლევ საკითხთან. ერთ-ერთ ასეთ ლიტერატურად გამოყენებულია მარტივ ევანსის (Martin Evans) წიგნი-„Algeria: France’s Undeclared War.“ წიგნში სტრუქტურულად და ქრონოლოგიურად არის დალაგებული ალჟირის ომის წარმოშობა, გამწვავება და მისი შედეგები. წიგნი კონკრეტულად დაყოფილია სამ ნაწილად- ალჟირის ძალადობრივი დაპყრობა (1830-1945.) შემდგომ, 1945 წლის პროტესტიდან და რეპრესიებიდან დაწყებული 1959 წლამდე, როდესაც ალჟირს თვითგამორკვევის შესაძლებლობა მიეცა და ბოლო ეტაპი დამოუკიდებლობის მოპოვება (dénouement) 1959-დან 1962 წლამდე. წიგნი ნათლად აჩვენებს კოლონიური პერიოდის სირთულეებს, ალჟირის დამოუკიდებლობის მოძრაობას, ფრანგული კოლონიალიზმის პოლიტიკას, რომელიც გარკვეული კუთხით განხილულია, როგორც ცივილიზაციის მისია. ეს წიგნი დამეხმარა სიღრმისეულად შემესწავლა კოლონიალიზმის პოლიტიკა ალჟირში-რა რეფორმები ხორციელდებოდა და როგორ აისახა ეს ეპოქები საფრანგეთის და ალჟირის ურთიერთობაზე.
ასევე შეხვდებით, Philip C. Naylor-ის ნაშრომს „France and Algeria: A History of Decolonization and Transformation,“ University Press of Florida, 2000. ეს წიგნიც აღწერს კოლონიალიზმის პერიოდს, თუმცა ძირითად აქცენტს პოსტ-კოლონიურ ურთიერთობაზე აკეთებს. ალჟირმა მოიპოვა დამოუკიდებლობა საფრანგეთისგან, მაგრამ ყოფილ მეტროპოლიასა და კოლონიას შორის თანამშრომლობა ამით არ გაწყვეტილა. საფრანგეთის როლი ალჟირში მრავალი თვალსაზრისით შენარჩუნებული იყო. ავტორი მიმოიხილავს ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გაგრძელდა. გარდა ამისა, წიგნში განხილულია მათი ურთიერთობის პრაქტიკული მხარეც, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე იღებდა სარგებელს. ეს წიგნი დეტალურად და კონკრეტულად განიხილავს ალჟირსა და საფრანგეთს შორის სხვადასხვა სახის ურთიერთობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად იყო შენარჩუნებული კოლონიური წარსულის მიუხედავად. ავტორის მიხედვით, მათ სცადეს ახალი ურთიერთობის დამყარება, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა „ურთიერთპატივისცემაზე.“

თეორიული ჩარჩო

საერთაშორისო ურთიერთობის თეორიებიდან პოსტკოლონიალიზმი ყველაზე უკეთ ხსნის კოლონიური მემკვიდრეობის გავლენას ალჟირისა და საფრანგეთის თანამედროვე ურთიერთობებზე. სხვა წამყვანი თეორიებისგან განსხვავებით პოსტკოლონიალიზმი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კლასის, სქესის, რასისა და ეთნიკური წარმომავლობის ფაქტორს საერთაშორისო სისტემის ფორმირებაში. ეს ფაქტორები, რომლებსაც სხვა წამყვანი თეორიები, მაგალითად რეალიზმი და ლიბერალიზმი, უგულებელყოფს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვლევი თემის სიღრმისეულ ანალიზში. პოსტკოლონიალიზმის მიხედვით სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები განსაზღვრავენ საერთაშორისო სისტემის იერარქიულობას. ეს იერარქია კი განაპირობებს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არათანაბარი ძალაუფლების გადანაწილებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იერარქიის მაღალ საფეხურზე მოქცეულია დასავლეთი, რომელიც აღმოსავლეთს აღიქვამს, როგორც დაქვემდებარებულს. აღმოსავლეთი აღქმულია, როგორც „სხვა“ დასავლეთისგან განსხვავებული და ნაკლებად ცივილიზებული. ამ პარადიგმის მიხედვით, აღმოსავლეთის ამგვარი აღქმა გამართლებას აძლევდა ევროპულ იმპერიებს ექსპანსიური პოლიტიკის წარმოებისთვის, რომელიც ცივილიზაციური მისიის სახელით იყო შენიღბული. ძირითადი აქცენტი, რომელსაც ეს თეორია ეხება არის ევროცენტრიზმის, როგორც იდეოლოგიური კონცეფციის მოშლა. ამის საწინააღმდეგოდ, პოსტკოლონიური მიდგომები „ევროპას აქცევს პროვინციად.“ პოსტკოლონიალიზმის მიხედვით, საერთაშორისო სისტემის უკეთ გასაგებად აუცილებელია ევროცენტრიზმის და ევროპული აზროვნების დროებით შერბილება, რაც მსოფლიო პოლიტიკის შესახებ უფრო მრავალფეროვან და სივრცით ცოდნას მოგვცემს. ეს პარადიგმა აკრიტიკებს საერთაშორისო ურთიერთობების სხვა თეორიებს, რომლებსაც ახასიათებთ ევროცენტრიზმი-“წარმოებულია დასავლეთის მიერ და მისთვის.” სწორედ ამიტომ, პოსტკოლონიალიზმს ევროპული უნივერსალიზმის იდეიდან ყურადღება გადააქვს განსხვავებულზე და კონცენტრირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კულტურა, რასა და სხვა ფაქტორები, რომლებიც დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო სისტემის ფორმირებაში. ამ მიზეზების გამო პოსტკოლონიალიზმს ყველაზე უკეთ შეუძლია ახსნას საკვლევი თემა, სადაც აქცენტი არ გაკეთდება მხოლოდ ერთ მხარეზე. ამის ნაცვლად, იგი ქმნის სივრცეს უნივერსალისთვის, რომელიც კი არ გამორიცხავს განსხვავებულობას, არამედ, პირიქით, აერთიანებს მას. ამ თეორიისთვის მნიშვნელოვანია „მთელის“ გაგემა, რომელიც მიიღწევა მის ნაწილებს შორის ინტერაქციის შედეგად. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინება მთლიანობაში, რაც გვეხმარება უკეთ გავიგოთ საერთაშორსიო სისტემა. სწორედ ამიტომ, ამ თეორიას შეუძლია შეიმუშავოს მსოფლიო პოლიტიკის უფრო ნიუანსური და ჰოლისტიკური ხედვა, რაც ერთობ მნიშვნელოვანია საკვლევ კითხვასთან მიმართებაში.

ნაშრომში შეხვდებით დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის აღქმას, რომელიც კონსტრუირებულია ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, აღმოსავლეთის მოსახლეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ეგზოტიკური, ჩამორჩენილი, ჰედონისტი, არარაციონალური და ა.შ. ეს ეწინააღმდეგება უფრო პოზიტიურ ატრიბუტებს, რომლებიც ჩვეულებრივ უკავშირდება დასავლეთს, როგორიცაა რაციონალობა, ცივილიზაცია და თანამედროვეობა. ამგვარი იერარქიის გათვალისწინებას საკვანძო როლი აქვს კოლონიური პოლიტიკის გასაგებად, რომლის მემკვიდროებამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თანამედროვე ურთიერთობების ფორმირებაში.
ბევრი პოსტკოლონიალური მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ დასავლური იდენტობის იდეა, როგორც აღმატებული იდენტობა ყველა დანარჩენ არაევროპელ ხალხსა და კულტურაზე, დღემდე შენარჩუნებულია. ამ კონტექსტში კვლევაში განხილულია ედვარდ საიდის „ორიენტალიზმი.“ ასევე, შეხვდებით ანტონიო გრამშის მიერ დამკვიდრებულ ტერმინს “Subalternos” რომელიც ორიენტალიზმის პრინციპის უკეთ გაანალიზებისთვის გამოდგება.

თავი I დებატები კოლონიალიზმის გარშემო

კოლონიალისტური პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები საკამოდ სადავო საკითხია, ასევე სადავოა მისი მამოძრავებელი მიზნებიც. არსებოს მოსაზრება, რომ დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების საფუძველი სწორედ კოლონიალისტური პოლიტიკაა, რომელიც სათავეს იღებს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან და შემოიფარგლება ძალადობრივი პოლიტიკით, რომელსაც ქვეყნები იყენებდნენ თავიანთი კოლონიების დაპყრობისა და შენარჩუნების მიზნით. კოლონიალისტური პოლიტიკის მოტივებთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული პოზიცია არსებობს. მეტწილად, ის დაკავშირებულია ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც მეტროპოლიები იღებდნენ თავიანთი კოლონიებიდან. ასევე, აღსანიშნავია ინდუსტრიული რევოლუციაც, რომლის კვალდაკვალ მიმდინარეობდა ექსპანსიური პოლიტიკა. სწორედ ინდუსტრიულმა რევოლუციამ უბიძგა ევროპის ქვეყნებს ნედლეული შეეძინათ ქვეყნის გარეთ. მას შემდეგ, რაც მათ არ ჰქონდათ ამის რესურსი ქვეყნის შიგნით. გარდა ამისა, იმპერიული ტენდენციის მქონე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას სურდა საკუთარი ჭარბი მოსახლეობის გაგზავნა ქვეყნის გარეთ. ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე მოსახლეობის დიდი ნაწილი დასახლდა ურბანულ ტერიტორიებზე, ამიტომ იმპერიებს სურდათ ჰქონოდათ თავიანთი კოლონიები ჭარბი მოსახლეობის ათვისების მიზნით. სადავოა საფრანგეთის შემთხვევაში ეს მოტივი რამდენად ვალიდურია, თუმცა აშაკარაა, რომ ალჟირის მოქალაქეების დიდ ნაწილს შეადგენდნენ ფრანგები და ალჟირის დაპყრობის შემდეგ ბევრმა საფრანგეთის მოქალაქემ სწორედ ფრანგულ კოლონიაში გააგრძელა მოღვაწეობა.

საგულისხმოა სხვა მოტივიც, რომლის მიხედვითაც ევროპაში გაჩნდა შემდეგი ტენდეცია- კოლონიების ქონა ასოცირდებოდა ქვეყნის წარმატებასთან. ამან არაჯანსაღი კონკურენცია გააჩინა ევროპის ქვეყნებს შორის უფრო და უფრო მეტი კოლონიის არსებობისთვის. ეს პოლიტიკური ფაქტორი შესაძლებელია დავინახოთ რეალიზმის პრიზმიდან, რომლის მიხედვითაც კოლონიზატორი ქვეყნები ძალისმიერი პოლიტიკით ეწეოდნენ თავიანთი უპირატესობის დემონსტრაციას. ასევე, საგულისხმოა კიდევ ერთი მოტივიც კოლონიების არსებობისთვის, რომლის ვალიდურობაც ფართო განხილვის საგანია და საფუძვლიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ ყველაზე სადავოდ. ამ მოტივის მიხედვით, ევროპის ბევრ ქვეყანას სურდა „ჩამორჩენილი“ ქვეყნების განათლება. ცნობილმა ინგლისელმა პოეტმა, რ. კიპლინგმა, ამას უწოდა “თეთრი ადამიანის ტვირთი”. თეთრი ადამიანის ცივილიზატორული „ტვირთი“ სწორედ დასავლური კულტურის კონტექსტში ვლინდება, რომელიც ხაზს უსვამს ინგლისის კოლონიალისტურ როლს დაპყრობილ კოლონიებთან მიმართებაში კერძოდ კი ინდოეთთან მიმართებაში. ინგლისის მსგავსად „ტვირთის“ მატარებელი იყო საფრანგეთიც, რომლის როლიც გვევლინება „ცივილიზაციურ მისიად“ (La mission civilisatrice) ფრანგ კოლონიზატორებს ჰქონდათ მიზანი, რომ ასიმილაციის გზით დაპყრობილი საზოგადოება ექციათ „ცივილიზებურად“ რათა მიახლოებოდნენ ევროპული განვითარების დონეს. (სანიკიძე, 2020) ამ მიზნის მისაღწევად კი ისინი ეწეოდნენ ფრანგული კულტურისა და განათლების დანერგვას, რომლის დეტალური ანალიზიც მოგვიანებით იქნება განხილული.

როგორც უკვე აღინიშნა, „ცივილიზაციურ ტვირთთან“ დაკავშირებული მოტივი ყველაზე სადავოა. ედვარდ საიდის, პალესტინელი წარმოშობის ამერიკელი მეცნიერის, მიხედვით ეს მოტივი კი არა, არამედ, დასავლური ექსპანსიისა და ძალადობრივი ქმედებების გამართლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი წიგნი „ორიენტალიზმი“ ყურადღებას ამახვილებს კოლონიზატორის მხრიდან კოლონიებისა(ორიენტის) და მათი მოსახლეობის ექსპლუატაციის შედეგებზე. ავტორის მიხედვით, ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, არამედ მისი ნაწილი გახლდათ კულტურული ჰეგემონიის პოლიტიკა, რომელიც იყო კოლონიების კონტროლისა და მანიპულირების ეფექტიანი ინსტრუმენტი. ფრანგული კოლონიალიზმისთვის ეს პოლიტიკა ნამდვილად დამახასიათებელია, რაც ნათლად აისახა ალჟირში გატარებული კულტურული პოლიტიკის შედეგად. საიდის მიხედვით, ეს ყოველივე მიღწეული იყო დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთის არასწორი აღქმის შედეგად. ეს ტერმინი ასახავს „ორიენტს“ ამ შემთხვევაში აღმოსავლეთს, როგორც ჩამორჩენილ და განუვითარებელ სამყაროდ. მასთან კონტრასტში კი დგას დასავლური იდენტობის იდეა, როგორც აღმატებული იდენტობა ყველა დანარჩენ არაევროპელ ხალხსა და კულტურაზე. ამის ნათელი მაგალითი კი ფრანგული ცივილიზაციის მისიაა, რომელიც საიდის მიხედვით მხოლოდ საშუალებაა დასავლური ექსპანსიის გასამართლებლად.

საიდი ღიად აკრიტიკებს დასავლეთს და განმარტავს ბრალდებას, რომელთან დაკავშირებითაც წერს: „ჩემი შეხედულებით, ორიენტალიზმის რეალობა ერთდროულად ანტიჰუმანური და მყარია. ორიენტალიზმის მასშტაბი, ისევე როგორც მისი ინსტიტუტები და ფართო ზეგავლენა, დღესაც ნარჩუნდება.“ (Said, 1978, p. 44)

საინტერესოა რამდენად შეიძლება იგივე ითქვას საფრანგეთისა და ალჟირის თანამედროვე ურთიერთობებზე. დეკოლონიალიზმის შემდეგ ინარჩუნებს თუ არა საფრანგეთი მნიშვნელოვან გავლენის სფეროებს ალჟირში?
ორიენტალიზმის პრინციპის გასაგებად გამოდგება ტერმინი „Subalternus„ რომელიც პოსტკოლონიური კვლევების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს ანტონიო გრამშის ეკუთვნის. იტალიელი მემარცხენე პოლიტიკოსის მიხედვით, სამყარო დაყოფილია ორ ნაწილად-ჰეგემონ და სუბალტერნულ ჯგუფებად. Subalternus ნიშნავს დაბალ საფეხურზე მდგომს, დაქვემდებარებულს. გრამში სუბალტერნულს უწოდებდა ისეთ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც მთლიანად გარიყულნი იყვნენ დომინანტური და ჰეგემონი კულტურებისგან. ასეთ ჯგუფებზე დომინაციის მოპოვება კი მარტივი იყო მათი სუსტი ეკონომიკური თუ სოცალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ხოლო ამა თუ იმ ქვეყნის, კულტურის ღირებულება განისაზღვრება ჰეგემონ კულტურასთან კავშირის არსებობით. (Gramsci, 1971)

ამ კონტექსტში ფრანგული ცივილიზაციური მისია, რომელიც წარმოადგენს სამხედრო ჩარევისა და ფრანგული კოლონიალიზმის პოლიტიკურ საფუძველს, სათავეს იღებს განმანათლებლობის პერიოდიდან. ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, მიშელ დე მონტენი, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში საუბრობდა „კეთილშობილურ უცხოსა“ (Noble Savage) და დასავლურ კულტურაში მისი ასიმილაციის მნიშვნელობაზე. ეს ფრაზა, რომელიც განმანათლებლებს ეკუთვნით გახდა კოლონიურ საფრანგეთის მთავარი თემა. სწორედ ეს იდეა საფრანგეთს ანიჭებდა მანდატს ექსპანსიური პოლიტიკისთვის, რათა შეძლებოდა განმანათლებლობის გავრცელება და დაპყრობილი ხალხის მოდერნიზება. (Ageron, 1978, p. 62)

საიდი და გრამში იზიარებენ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კოლონიზატორი ქვეყნები ეწეოდნენ დაპყრობილი ხალხების ექსპლუატაციას, რომელიც ცივილიზაციური მისიით იყო შენიღბული და სწორედ ადგილობრივი ხალხის ექსპლუატაციისა და ჩაგვრის ხარჯზე მოიპოვებდნენ ეკონომიკურ სიძლიერეს. ეს მოსაზრება კოლონიალიზმის გარშემო არაერთგვაროვნად არის შეფასებული. მაგალითისთვის, საიდს ხშირად ადანაშაულებენ ანტიდასავლურ განწყობებში და ევროპული ცივილიზაციის მტრად მოიხსენიებენ. მისი მთავარი კრიტიკოსი, ბერნარდ ლუისი, თავის ცნობილ სტატიაში: „The Question of Orientalism“ საიდს აკრიტიკებს და ბრალს სდებს მიკერძოებულობაში. ლუისის კრიტიკა კიდევ უფრო ამძაფრებს იმ არგუმენტს, რომ საიდის ნაშრომი უბრალოდ პოლიტიკური პროექტი არის, რომელიც მნიშვნელოვნად განიცდის ობიექტურობის ნაკლებობას და მიზანმიმართულად აღწერს დასავლეთის არაჰუმანურ პოლიტიკას აღმოსავლეთთან მიმართებაში.

კოლონიალიზმის კონტექსტში, ასევე, საინტერესოა, ოქსფორდის პროფესორის, ნაიჯელ ბიგერის სტატია „Don’t feel guilty about our colonial history“ რომელიც განსხვავებულ პოზიციას გვთავაზობს ამ თემასთან მიმართებაში. (Biggar, 2017) ავტორის მიხედვით, მუდმივად საუბარია კოლონიალიზმის ბრუტალურ გამოვლინებებსა და მის უარყოფით შედეგებზე, მაგრამ არავინ საუბრობს ამ თემაზე პოზიტიურ კონტექსტში. სტატიაში ნათქვამია, რომ კოლონიალიზმმა დადებითი ეფექტი იქონია უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ წესრიგზე, კანონის უზენაესობასა თუ ადამიანის უფლებებზე. ნაიჯელის აზრით, ამ პოზიტიური მიზეზების გამო ადამიანებმა დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ თავი კოლონიური და იმპერიული წარსულის გამო. ცხადია, მისი პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს და ბრალი დასდეს კოლონიალიზმის დამანგრეველი და არაჰუმანური გამოვლინებების უარყოფისთვის. თუმცა, ის ნამდვილად არ უარყოფს, რომ მას თან ახლავს სასტიკი და ძალადობრივი პოლიტიკა. მაგრამ, ამავდროულად ცდილობს დაბალანსებული შეხედულების ხაზგასმას კოლონიალიზმის ნეგატიური და პოზიტიური ასპექტების გათვალისწინებით.
ამ კონტექსტში საფრანგეთისა და ალჟირის ურთიერთობას თან ახლავს ძალისმიერი პოლიტიკა და სასტიკი ქმედებები, რამაც შეიწირა უამრავი ფრანგის და ალჟირელის სიცოცხლე. მაგრამ, საინტერესოა შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ მათი ურთიერთობა პოზიტიურ კონტექსტში? მოუტანა თუ არა ფრანგულმა კოლონიალიზმმა ალჟირს უსაფრთხოება, პოლიტიკური წესრიგი და სხვა სიკეთეები, რაც დადებითად აისახა კოლონიურ მემკვიდრეობასა და საბოლოოდ მათ თანამედროვე ურთიერთობებზეც.

თავი II ფრანგული კოლონიალიზმი ალჟირში

ფრანგული კოლონიალიზმი ალჟირში 1830 წლიდან იწყება, როდესაც ჩარლს X-მ ალჟირში შეჭრისთვის გასცა ბრძანება. საფრანგეთის ექსპანსიური პოლიტიკა სხვადასხვა მიზეზით იყო გამართლებული. პირველ რიგში ომის დაწყების ფორმალური მიზეზი (Casus belli) შეჭრამდე სამი წლით ადრე მომხდარი დიპლომატიური დაპირისპირება გახდა, რომელიც საფრანგეთის კონსულსა და ალჟირში ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენელს შორის მოხდა. დაპირისპირება წარმოიშვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მალევე გადაიზარდა მწვავე კონფლიქტში და ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კრიზისი გამოწვია. არსებულ საკითხთან დაკავშირებით ფრანგულ პრესაში ხშირად ვრცელდებოდა სტატიები, სადაც ხაზგასმული იყო ალჟირში შეჭრის აუცილებლობა, როგორც ეროვნული ღირსების დაცვისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯი. (Evans, 2012, p. 8) გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდნენ ფრანგი ბიზნესმენები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ალჟირის ათვისება საფრანგეთისთვის ეკონომიკურად მომგებიანი ნაბიჯი იქნებოდა.
ცივილიზაციური მისიის კონტექსტში, ასევე, მნიშვნელოვანია თუ როგორ გაამართლა საფრანგეთმა ექსპანსიური პოლიტიკა. 1830 წლამდე ალჟირს ჰქონდა ოსმალეთის იმპერიის ვასალის სტატუსი, რომელიც 1518 წლიდან მოყოლებული გრძელდებოდა. შესაბამისად, ფრანგულმა მხარემ ალჟირის ძალადობრივი დაპყრობა შენიღბა როგორც განმათავისუფლებელი მისია, რომელიც მიზნად ისახავდა ოსმალური ბატონობისგან თავის დაღწევას. ამ და ზემოთ განხილული მიზნებისა თუ მიზეზების გათვალისწინებით მეფისთვისაც, რომლის რეპუტაციაც საკმაოდ დაცემული იყო მოცემულ პერიოდში, პოლიტიკურად მომგებიანი სხვლა გახდა არაბული ქვეყნის დაპყრობა. სწორედ ამიტომ, მან მიიღო გადაწყვეტილება შეჭრასთან დაკავშირებით, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა როგორც საფრანგეთის, ასევე, ალჟირის მხრიდან. ფრანგები სასურველი ტერიტორიის დასაპყრობად სასტიკ მეთოდებს მიმართავდნენ. მათი ბრუტალური ქმედებები, ზოგიერთი მეცნიერისა და მკვლევარი მიხედვით, გენოციდის დანაშაულის პროპორციულია.

კოლონიალიზმის ადრეულ ეტაპზევე საფრანგეთის და ევროპის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დიდი რაოდენობა დაიძრა ახლად დაპყრობილი ფრანგული კოლონიისკენ. ამ ადამიანებმა, რომლებსაც მოგვიანებით „შავტერფიანები“ (pied-noirs) ეწოდათ, მარტივად დაიმკვიდრეს ადგილი ფრანგულ კოლონიაში, რადგან ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში ისინი გაცილებით პრივილეგირებულები იყვნენ. შესაბამისად მათთვის უცხო გარემოსა და კულტურაში ადაპტაციის პროცესი შედარებით იოლი იყო. ამ ადამიანებისთვის ალჟირი საკმაოდ მომხიბვლელი ადგილი გახდა, სადაც მარტივად შეეძლოთ თვითდამკვიდრება. ზღვის იქეთა დეპარტამენტი, სწორედ ასე იყო მოხსენიებული ალჟირი, რომელიც 132 წლის მანძილზე იყო ფრანგული მმართველობის ქვეშ. როგორც ფრანგმა ისტორიკოსმა, მარკ ფერომ, აღშნიშნა ფრანგების მიერ ტერიტორიების მასიურად ათვისების ტენდენცია და ოკუპაციის მასშტაბები, ნამდვილად განსხვავებულს ხდის ფრანგულ მმართველობას ალჟირში. სწორედ ამ მასშტაბების გათვალისწინებით ალჟირი არ იყო უბრალოდ საფრანგეთის ნაწილი, არამედ, ალჟირი საფრანგეთი იყო. (l’Algérie c’est la France.) „ალჟირი საფრანგეთია“ ეს ის წინადადებაა, რომელსაც კოლონიალიზმის მანძილზე ხშირად ახსენებდნენ, როგორც ფრანგი პოლიტიკოსები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც. ამით ხდებოდა ხაზგასმა იმ მნიშვნელობისა და დატვირთვისა, რომელსაც ატარებდა ალჟირი საფრანგეთის იმპერიისთვის და ამავდროულად ხელს უწყობდა ასიმილაციის პროცესსაც.

ასიმილაციის პოლიტიკა

ბრიტანული კოლონიალიზმისგან განსხვავებით, რომელიც დაპყრობილ ტერიტორიებზე ინარჩუნებდა ადგილობრივი მმართველობის ფორმებს და არ ერეოდა ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში, საფრანგეთი სხვა გზას დაადგა. მან აირჩია მმართველობის პირდაპირი მოდელი, რომელიც ემყარებოდა უშუალო კონტროლს ცენტრიდან. (სანიკიძე, 2020) ამ სახის სტრატეგია არ მოიცავდა თანამშრომლობას ადგილობრივ მმართველობასთან მიმართებაში, ისინი უბრალოდ დაქვემდებარებულის პოზიციას ითავსებდნენ და პირდაპირ ემორჩილებოდნენ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც უშუალოდ ავრცელებდა კონტროლოს სამ დეპარტამენტად დაყოფილ ალჟირზე.
ფრანგული მმართველობა ემყარებოდა ასიმილაციის მოდელს, რომლის მიზანიც იყო ადგილობრივების „გაფრანგება“ ფრანგული კულტურის, ენისა და განათლების მასშტაბური გავრცელებით.

კოლონიალიზმის პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, არამედ მისი ნაწილი იყო კულტურული ჰეგემონიის პოლიტიკა, რომელიც კოლონიების კონტროლისა და მანიპულირების ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა. სწორედ კულტურული დომინაციის გზით, როგორც ამას საიდი უწოდებს, საფრანგეთი ცდილობდა ადგილობრივების ასიმილაციასა და მათთვის ფრანგული კულტურის გათავისებას. ეს პოლიტიკა სხვადასხვა გზით იყო მიღწეული. მათ შორის ერთ-ეთი ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი იყო ფრანგული განათლების გავრცელება ალჟირის მოსახლეობაში. საფრანგეთის განათლების სამინისტრო ადგენდა სასკოლო პროგრამებს და აკონტროლებდა მათ შინაარს, ასევე მას ჰქონდა მონოპოლია კვლევითი ნაშრომებს დაფინანსებისთვის. შესაბამისად ფრანგული მხარე მკაცრად აკონტროლებდა კოლონიალიზმის ნარატივებს. ეს პოლიტიკა ორიენტირებული იყო ომის ტრავმის განელებაზე, როგორც ფრანგების, ასევე ალჟირელების კოლექტიურ მეხსიერებაში. ფრანგული საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა დაპყრობილ ალჟირში ასიმილაციის პოლიტიკის მიღწევის საშუალება იყო, რომელიც მიზნად ისახავდა რევოლუციური სულისკვეთების ჩახშობასა და აჯანყების პრევენციას. (Evans, 2012)

ფრანგულ ასიმილაციის პოლიტიკის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ მუსლიმ ლექტორებსაც ღრმად სწამდათ ფრანგული კულტურის აღმატებულობაში. ისინი ფიქრობდნენ, რომ ფრანგული ღირებულებები და ინსტიტუტები უზრუნველყოფდა ნამდვილ პროგრესს ალჟირში. თუმცა, მოლოდინები რეალობასთან არ მოდიოდა თანხვედრაში. კოლონიალიზმის მიწურულს, 1954 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ადგილობრივების 90 % ზე მეტი იყო წერა-კითხვის უცოდინარი და საშუალოდ ათიდან მხოლოდ ერთი მუსლიმი ბავშვი სწავლობდა დაწყებით სკოლაში. (Jinadu, 1986, p. 64) ამის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი კი ის იყო, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და შესაბამისად მხოლოდ მცირე ჯგუფებზე ვრცელდებოდა.

ბრძოლა ისლამთან

ასიმილაციის ხისტი პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ალჟირელების “გაფრანგებას,” მოიცავდა რელიგიის სფეროსაც. მაღრიბის ტერიტორიაზე, რომელიც აერთიანებს ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანას(ალჟირი, ლიბია, მაროკო, თუნისი, მავრიტანია) ძირითადად სახლობდნენ ბერბერები. ეს ტერიტორია ჯერ ფინიკიელების გავლენის ქვეშ იყო, შემდეგ რომაელების, ხოლო VII საუკუნიდან არაბთა დაპყრობებისა და ისლამის გავრცელების შემდეგ არაბული გავლენის ქვეშ მოექცა. (Oulahbib, 2004, p. 5) ამან გამოიწვია ქრისტიანული ეკლესიების დაცემა და ისლამის მასობრივი გავრცელება. ამ დროიდან მოყოლებული ისლამი ალჟირელთა თვითმყოფადობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, როგორც იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორი. შესაბამისად, ისლამის აღმოფხვრა ალჟირელთა თვითმყოფადობის გრძნობიდან ფრანგული კოლონიალიზმის პრიორიტეტად იქცა. ფრანგების პირობა, რომ ისინი არ შეეხებოდნენ რელიგიას, როგორც იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარკერს, მალევე იყო დარღვეული. დაპყრობიდან მალევე მეჩეთები გადააკეთეს ტაძრებად, ასევე მუდმივად ავიწროებდნენ და ხელს უშლიდნენ რელიგიურ მსახურებას. (Evans, 2012, გვ. 10)
რელიგიური იდენტობა, რომ მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს ასიმილაციის პროცესს კარგად გამოჩნდა 1865 წელს მიღებული ხისტი გადაწყვეტილებითაც, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მოქალაქეობას იღებდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ ისლამს. ამით ხაზი გაესვა კავშირს ეთნიკურობას, პოლიტიკასა და სამოქალაქო უფლებებს შორის. გარდა ამისა მუსლიმები დააყენა მკაფიო ულტიმატუმის წინაში: „რელიგია თუ პოლიტიკური უფლებები.“ იერარქია განსხვავებულ კულტურულ ჯგუფებს შორის, როგორც ჰეგემონ და დაქვემდებარებულ ჯგუფებს შორის, კიდევ უფრო გამწვავდა 1870 წელს, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეობის უფლება მიენიჭათ ალჟირელ ებრაელებს. ეს ამწვავებდა საზოგადოების პოლარიზაციას, დაპირისპირებას რელიგიურ ჯგუფებს შორის და კიდევ უფრო უწყობდა ხელს კულტურული იერარქიის ჩამოყალიბებას.

იდენტობის კრიზისი და ასიმილაციის სირთულე

„გაფრანგების“ პოლიტიკა იწვევდა იდენტობის კრიზისს, რადგან ასიმილაციის პოლიტიკა ვერ იყო ბოლომდე წარმატებული. მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, ალჟირის მკვიდრი ვერ გრძნობდა თავს ბოლომდე ფრანგად, მაგრამ ამავდროულად შერყეული იყო მისი თავდაპირველი იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ალჟირელი მწერალი მალექ ჰადადი (Malek Haddad 1927-1978) რომელმაც განათლება ფრანგულ ენაზე მიიღო და ამავე ენაზეც წერდა ნაშრომებს. ის საუბრობს „დეპერსონალიზაციაზე“ რომელიც გამოწვეულია კოლონიალიზმის შედეგად. ჰადადი საკუთარ მაგალითზე ამბობს, რომ მან დაკარგა საკუთარი თავის იდენტობა, რადგან არ შეუძლია სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი თავი არაბულ ენაზე- „the French language is my exile.” ალჟირში მცხოვრები მწერლები აღწერენ კოლონიალიზმით გამოწვეულ პრობლემებს, რაც მეტწილად გამოხატულია გაუცხოებაში. ისინი თავს არ გრძნობენ არც ალჟირში და არც საფრანგეთში. ეს კარგად გამოიხატება იმ დილემებში, როგორიცაა დაყოფები ტრადიციულსა და მოდერნულს შორის, მისკომუნიკაცია ადგილობრივებსა და pied-noir-ებს შორის, რომელიც ახასიათებდა ალჟირის საზოგადოებას. (Naylor, 2000, p. 9)

თავი III ალჟირის დამოუკიდებლობა 1954-1962

როგორც უკვე აღინიშნა, როდესაც ფრანგებმა დაიპყრეს ალჟირი ჩრდილოეთ აფრიკის უმეტესი ნაწილი ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო. მათ შორის ალჟირიც 1518 წლიდან ოსმალეთის ვასალი ქვეყნის სტატუსს ატარებდა. ანთროპოლოგი ვინსენტ კრაპანზანო(Vincent Crapanzano) აღნიშნავს, რომ იმ პერიოდისთვის ალჟირში არ არსებობდა ნაციონალიზმი, ეროვნულობის შეგრძნება ან ერის კონცეფციაც კი. (Crapanzano, 2011, p. 40) ცხადია ნაციონალიზმის არ არსებობის პირობებში ფრანგული მმართველობის დანერგვა შედარებით იოლი იყო, რადგან წინააღმდეგობის გრძნობა ნაკლებად არსებობდა. თუმცაღა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სხვადასხვა ძალადობრივი აქტების შემდეგ, რომლებსაც ახორციელებდნენ ფრანგები ალჟირელების მიმართ.

ანტიკოლონიური მოძრაობის კატალიზატორად ლეგიტიმურად შეგვიძლია ჩავთვალოთ 1945 წელს განხორციელებული საპროტესტო აქციები ორ ქალაქში (Sétif and Guelma) სადაც საფრანგეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ პროტესტანტების მიმართ განახორციელა სასტიკი ქმედება. სწორედ აქ ჩადენილმა მასობრივმა მკვლელობებმა, რომელმაც 20 000 მდე ალჟირელის სიცოცხლე შეიწირა, (Yves Benot, 2013)საფუძველი დაუდო ალჟირის ომს დამოუკიდებლობისთვის (1954-1962) და მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ ორი ქვეყნის თანამედროვე ურთიერთობებიც.

ეს მოვლენები მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდებოდა, როდესაც საფრანგეთი აღნიშნავდა გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე. გამარჯვების აღნიშვნის ფონზე საპროტესტო მოძრაობა სასტიკად ჩაახშეს, აკრძალეს ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიები, დააპატიმრეს მესალი ჰაჯი, რომელიც ალჟირის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ალჟირის ნაციონალიზმის სულის ჩამდგმელი იყო. მიუხედავად ამ სასტიკი ქმედებებისა საფრანგეთმა ვერ შეძლო ჩაეხშო საპროტესტო მუხტი და პირიქით, ხელი შეუწყო მის გამწვავებას. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებულ ნაციონალურ სენტიმენტები კიდევ უფრო მეტად ღრმავდებოდა და შედეგად ანტიკოლონიურმა მოძრაობამ უფრო რადიკალური სახე მიიღო. 1954 წელს დაარსდა განმათავისუფლებელი ეროვნული ფრონტი (Front de libération nationale, FLN) რომელიც გახდა წამყვანი ნაციონალისტური ორგანიზაცია ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მმართველი ძალა. მათ გამოაქვეყნეს მანიფესტი, სადაც მოითხოვენ ალჟირის სრულ დამოუკიდებლობას საფრანგეთისგან. ამით დაიწყო ომი, რომელიც რვა წელი გაგრძელდა, შეიწირა მილონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე და საბოლოოდ შეიქმნა დამოუკიდებელი და ერთპარტიული ალჟირი.

1954-1962 წლები განსაკუთრებით რთული იყო ორივე მხარისთვის და ამ პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამედროვე ურთიერთობებზეც. წამება, გაუპატიურება, ხოცვა ეს იყო ყოველდღიური რეალობის სასტიკი მოვლენები, როგორც ალჟირში, ასევე საფრანგეთშიც, სადაც საფრანგეთის პოლიცია სასტიკ მეთოდებს იყენებდა იქ მკვიდრი ალჟირელი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ალჟირში სიტუაცია კიდევ უფრო მწვავე იყო, რადგან FLN და საფრანგეთის არმია ხელჩართული ბრძოლის რეჟიმში იყვნენ. თუმცაღა დაპირისპირება არ ყოფილა მხოლოდ ორ ბანაკს-საფრანგეთის არმიასა და FLN-ს შორის, არამედ, სიტუაცია გაცილებით უფრო კომპლექსური იყო. FLN-თან ერთად ალჟირში არსებობდა მეორე ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც ალჟირის ეროვნული მოძრაობის სახელით არის ცნობილი (National Algerian Movement, MNA.) საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა FLN-მა, ხოლო ბრძოლას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდა იმისა, რომ დაპირისპირება იყო ამ ორ ძალას შორის, ბევრმა ალჟირელმა ბრძოლა საფრანგეთის მხარეს არჩია. ეს მებრძოლები „harkis“-სახელით არიან ცნობილები და თვლიდნენ, რომ ალჟირი საფრანგეთის ნაწილად უნდა დარჩენილიყო. აღსანიშნია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რაც FLN-მ ხელთ იგდო ძალაუფლების სადავეები საფრანგეთის მხარეს მებრძოლი ალჟირელები სიკვდილთ დასაჯა. (Claude Lanzmann, 2011, p. 40)

ალჟირში განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური კრიზისის პიკს მიაღწია 1958 წელს, რამაც დაასრულა საფრანგეთის IV რესპუბლიკა და საფუძველი დაუდო თანამედროვე საფრანგეთის V რესპუბლიკას. 1946 წელს პოლიტიკიდან წასული შარლ დე გოლი ხდება პრეზიდენტი და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ალჟირთან მიმართებაში. მას კარგად ესმოდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება გარდაუვალი პროცესი იყო და მხოლოდ დროსთან იყო დაკავშირებული. 1958 წელს ომის ფონზე, დე გოლმა ქალაქ კონსტანტინეში ერთგულება გამოაცხადა ალჟირის მიმართ და წარადგინა გეგმა რომელიც ცნობილია კონსტანტინეს გეგმის მიხედვით “Plan de Constantine,” გეგმა მიზნად ისახავდა ალჟირელების დარწმუნებას ფრანგული ცივილიზაციური მისიის ჭეშმარიტებაში. ამის სადემონსტრაციოდ წარადგინა საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა. დე გოლის გეგმის მთავარი მიზანი იყო იმ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განსხვავებების შემცირება რომლებიც არსებობდა კოლონიასა და მეტროპოლიას შორის. მან პირობა დადო, რომ ალჟირის ეროვნულ შემოსავალს გაზრდიდა 7,5 პროცენტით. გაზრდიდა საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა მხოლოდ მცირე ჯგუფებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის გზად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებდა. ხოლო, აქამდე არსებული უთანასწორობა, რომელიც ფრანგებსა და ალჟირელებს შორის არსებობდა იმით გადაჭრა, რომ საფრანგეთის ადმინისტრაციებში დასაქმებული თანამშრომლების 10%-ს ამიერიდან ალჟირელები დაიკავებდნენ. ამ გეგმის მთავარი მიზანი ალჟირელი მოსახლეობის დარწმუნება იყო საფრანგეთის მნიშვნელობასა და იმ წვლილში რომლის შეტანაც შეეძლო კოლონიის განვითარებაში.

საფრანგეთის პოლიტიკა სხვადასხვა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით შეიცვალა. ჯერ კიდევ 1946 წელს როდესაც შეიქმნა IV რესპუბლიკა (Union française) რომელმაც წარსულს ჩააბარა „ფრანგული იმპერია“ (Empire français) მიზნად დაისახა საფრანგეთის კოლონიზატორის როლის გადახედვა. ამას დამატებული კეინზის ეკონომიკური მოდელის პოპულარობა, 1951 წელს პარიზის ზავით დაფუძნებული ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, რამაც ფრანგული ცივილიზაციური მისია ევროპული „საერთო ბაზრის“ (common market) პრინციპის შესაბამისად განავითარა და უგულებელყო მოძველებული კოლონიური ექსპლუატაციის მოდელი. დე გოლის გეგმა ემსახურებოდა ალჟირელების დარწმუნებას, რომ კეთილდღეობის გარანტორი საფრანგეთია და არა FLN. (Marseille, 2005)

საფრანგეთის შეცვლილი პოლიტიკა შესაძლოა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ დეკოლონიზაცია გარდაუვალი და შეუქცევად პროცესი გახდა. შესაბამისად, ფრანგული მხარე ცდილობდა, ამ პროცესს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაერა და ნაკლები ზიანი მიდგომოდა საფრანგეთის ახალ-V რესპუბლიკას. ისტორიკოსი ტოდ შეფარდი, დოკუმენტების, გაზეთებისა და პოლიტიკური დებატების ანალიზით, ასკვნის რომ ფრანგმა ბიუროკრატებმა, პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა იმპერიალიზმის ისტორია გადაწერეს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიდგომოდა საფრანგეთს, როგორც „თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის“ გულანთებულ მხარდამჭერს. მათი ნარატივების მიხედვით, დეკოლონიზაცია თითქოს წინასწარ განსაზღვრული მოვლენა იყო, რომელიც კარგად წარმოაჩენდა მეხუთე რესპუბლიკის სურვილს-“უერთგულოს თავისუფლებასა და სამართლიანობას.”

შეფარდის მიხედვით, ნარატივების რადიკალურ ცვლაში დიდი წვლილი შეიტანეს ფრანგმა მემარცხენე და მემარჯვენე მოაზროვნეებმა. ამის მაგალითად მოჰყავს ფრანგი ფილოსოფოსები ჟან-პოლ სარტრი და რეიმონდ არონი. სარტრი მარქსისტული პერსპექტივიდან ასკვნის, რომ კოლონიალიზმი კაპიტალიზმს უმაღლესი წერტილია, რომელიც განწირულია მარცხისთვის. ხოლო არონი ხაზს უსვამს, რომ ალჟირის ოკუპაცია დიდ პრობლემებს ქმნის საფრანგეთისთვის და განსაკუთრებულად უკან ხევს ეკონომიკურად. საფრანგეთის დღის წესრიგში კომუნისტური და ლიბერალური შეხედულებები თანხმდებოდნენ, რომ ალჟირი და საფრანგეთი განსხვავდებოდნენ, ამრიგად საჭირო იყო მათი განცალკევება. სწორედ ასე, ასიმილაციური იდეალი წარსულს ჩავარდა. (Shepard, 2008, p. 72)
1962 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად აღიარა ალჟირელი ხალხის უფლება “თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის შესახებ” რაც ალჟირს ანიჭებდა უფლებას დამოუკიდებლად წარემართა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საქმიანობები და განესაზღვრა საკუთარი სამართლებრივი სტატუსი. შარლ დე გოლმა გადაწყვიტა აქტიური მოლაპარაკებები ეწარმოებინა FLN-თან რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა (Évian Accords.) ამ ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება მთელ რიგ პასუხისმგებლობებს ანიჭებდა ფრანგულ მხარეს. არსებითად ეს ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტას, პატიმრების გათავისუფლებას, ალჟირის აბსოლუტური სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის აღიარებას, ალჟირის ყველა მოქალაქის დაცვას და სხვა. თუმცა, აშკარა იყო რომ დე გოლი არ აპირებდა ბოლომდე უარი ეთქვა ალჟირზე და გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ცდილობდა შეენარჩუნებინა გავლენის სფეროები. მაგალითისთვის, ფრანგული მხარე ინაწილებდა ალჟირში მოპოვებულ ნავთობს, რაც ფრანგული ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშნელოვანი იყო. მეორეს მხრივ, არც ახლად ფორმირებულ ალჟირს და მის ერთპარტიულ მთავრობას(FLN) შეეძლო ქვეყნის მართვა სრულიად დამოუკიდებლად. შედეგად კი მივიღეთ, ურთიერთობს ახალი ეტაპი, რომელმაც კოლონიური პოლიტიკა ურთიერთდამოკიდებულებით ჩაანაცვლა. (Naylor, 2000, p. 54) ამგვარი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის ახალი რესპუბლიკისთვის, რომელიც ცდილობდა მოეხდინა იმპერიალიზმის პოლიტიკური და მორალური ტრანსფორმაცია და დაემტკიცებინა ახალი რესპუბლიკის სანდოობა და ლეგიტიმურობა. შესაბამისად, საფრანგეთის გლობალური წარმატება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ომისშემდგომი ურთიერთობების მშვიდობიან წარმართვაზე.
თავის მხრივ, ახლად დამოუკიდებელი ალჟირისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან იგი არ იყო ბოლომდე მზად დამოუკიდებელი მმართველობისთვის. ალჟირს ჭირდებოდა ფრანგი ინტელექტუალების და განათლებული წრის დახმარება ახალი, დამოუკიდებელი ქვეყნის ფორმირებისთვის, რადგან ამის გამოცდილება თავად არ ჰქონდა. პოსტკოლონიური ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის, სხვადასხვა მიზეზით, პრაგმატული იყო. ამრიგად, შედგა „პოსტკოლონიური პარტნიორობა ყოფილ კოლონიზატორსა და კოლონიზებულს შორის.“ მართლაც, ფრანგი ექსპერტები (coopérants) რომლებიც „წითელტერფიანებს“ (pied-rouge-ფრანგები, რომლებიც ომის შემდეგ ჩავიდნენ ალჟირში) ან მწვანეტერფიანებს (pied-vert ფრანგები, რომლებიც დარჩნენ ალჟირში) შორის იყვნენ, ალჟირის ინტერესების დაცვით დიდ როლს თამაშობდნენ ახლად დამოუკიდებელი ქვეყნის ფორმირებაში. ისინი მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ ყოფილ კოლონიაში და აქტიურად თანამშრომლობდნენ ადგილობრივებთან, რომელთა რაღაც ნაწილისთვის სულაც არ ასოცირდებოდნენ ისინი კოლონიზატორებთან. (Fontaine, 2015, p. 99) შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ალჟირელები საკუთარ თავს „ფრანგობასთან“ დაპირისპირებაში კი არ მოიაზრებდნენ, არამედ წინააღმდეგობა ფრანგული მართველობის მიმართ იჩენდა თავს. ხოლო რაც შეეხება იდენტიფიკაციისა და კულტურის თვალსაზრისით „ფრანგობა“ კარგ რამესთან ასოცირდებოდა.

თავი IV ალჟირისა და საფრანგეთის თანამედროვე ურთიერთობები

ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, მათ შორის ალჟირისა და საფრანგეთის თანამედროვე ურთიერთობაზე, დიდი გავლენა აქვს ნარატიულ ომებს და მეხსიერების პოლიტიკას. ერები მუდმივად ცდილობენ შეინარჩუნონ კავშირი წარსულთან. მეტიც, ეროვნული იდენტობის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი აქვს წარსულის აღმოჩენას და მის დამახსოვრებას. ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი მორის ჰალბვაქსი თავის ნაშრომში „The Social Frameworks of Collective Memory“ საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს კოლექტიურ მეხსიერებასთან დაკავშირებით. ჰალბვაქსის მიხედვით, არ არსებობს წმინდად ინდივიდუალური მეხსიერება. იმისთვის, რომ ინდივიდმა დაიმახსოვროს რაიმე მოვლენა ის ჩართული უნდა იყოს კოლექტიური აზროვნების ნაკადში. შესაბამისად ის ასკვნის, რომ ინდივიდის მეხსიერება და მოგონებები სოციალური მეხსიერებით არის კონსტრუირებული. სწორედ კოლექტივი, სოციალური ჯგუფი განსაზღვრავს რა არის დასამახსოვრებელი და როგორ უნდა მოხდეს მისი დამახსოვრება. ხოლო კოლექტიური მეხსიერების შენარჩუნებაში გვეხმარება ისტორიის სახელმძღვანელოები, არქივები, მემორიალები, მუზეუმები და სხვა „მეხსიერების ადგილები.“ სწორედ ამ გზით ხერხდება წარსულის შენარჩუნება და მისი უწყვეტობა. ზემოთ ჩამოთვლილი მეხსიერების ადგილები განსაზღვრავს როგორ ინახება და ინტერპრეტირდება წარსული კოლექტივის მიერ.
მეორე თავში განხილულ მაგალითზე დავინახეთ, რომ კოლონიალიზმის პერიოდში მეხსიერებაზე მონოპოლია ფრანგულ მხარეს ჰქონდა და მაქსიმალურად ცდილობდა ომის ტრავმის განელებასა და მის წაშლას კოლექტიური მეხსიერებიდან. კონფლიქტის დასრულების შემდეგაც ფრანგული მხარე ცდილობდა არ გამოეყენებინა სიტყვა „ომი“ რომელიც ტრავმებს აცოცხლებს. ამის ნაცვლად ოფიციალურ ტექსტებში გამოყენებული იყო „ალჟირის მოვლენები“ (The Events of Algeria.)

ბენჟამინ სთორა, ფრანგი ისტორიკოსი და ალჟირის ისტორიის სპეციალისტი, განმარტავს, რომ საფრანგეთი უარყოფს კონფლიქტისა და წამების არსებობას. ეს უარყოფა კი გამოწვეულია საზოგადოებაში დისკუსიის არარსებობით. ეს არის მიზეზი რის გამოც ომის მოგონება ინდივიდუალურ დონეზე დარჩა და მოხდა „მეხსიერების პრივატიზაცია.“

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ 30 წლის თავზე 1990-იან წლებში საფრანგეთმა შეცვალა დამოკიდებულება ომის გახსენების პოლიტიკაში. 1999 წელს ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში „ალჟირის მოვლენები“ შეცვლილიყო „ალჟირის ომის“ სახელწოდებით.

ნარატიულ ომთან და საფრანგეთი-ალჟირის ურთიერთობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საყურადღებოა 2005 წელს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ინიცირებული კანონი კოლონიალიზმთან მიმართებაში, რომელიც მიზნად ისახავდა საშუალო სკოლებში „კოლონიალიზმის პოზიტიური ასპექტების“ სწავლების დანერგვას. კანონპროექტს არ დაუჭირეს მხარი და ეს ინიციატივა ჩავარდა. თუმცა, კანონმდებლობა ომის პერიოდთან დაკავშირებით კარგად აჩვენებს თუ როგორი ბუნდოვანია საფრანგეთის დამოკიდებულება ომის მეხსიერებასთან მიმართებაში. 2017 წელსაც კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატები დავობდნენ და მსჯელობდნენ, უნდა შეფასდეს თუ არა საფრანგეთის კოლონიზაცია და ალჟირის ომი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. ჯერ კიდევ 2007 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ უარი განაცხადა ბოდიშის მოხდაზე საფრანგეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ალჟირში და ამ აქტს „ბოდიშის მოხდის აუტანელი ტენდენცია“ უწოდა. ეს არათანმიმდევრული ნარატივები ცხადყოფს, რომ ალჟირის ომი ფრანგულ მეხსიერებაში ბუნდოვანებით არის მოცული და არ არსებობს მკაფიო პოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დიდი დრო გავიდა, ალჟირის ომი დღემდე დიდი განხეთქილების თემაა ფრანგულ სოციუმში. ამის მიზეზი კი ნათელია, ფრანგული კოლონიალიზმი არამხოლოდ ალჟირელებისთვის, არამედ ფრანგების თვითმყოფადობისთვისაც დიდი ტრავმაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე საფრანგეთის ფორმირებაში. ძირითადად ფრანგული მხარე თავს არიდებდა ამ სენსიტიურ თემაზე საუბარს და უფრო მეტად ადგილი ჰქონდა „ამნეზიას“ რომლის კარგი მაგალითიცაა ზემოთ მოყვანილი პრეზიდენტი სარკოზი. ამ თემის ირგვლივ საჯარო დისკუსიის ნაკლებობა და სახელმწიფო მეთაურებისგან თავის არიდების მცდელობა ცხადყოფს, რომ დასავლური ცივილიზაციისთვის, რომელიც ეკონომიკური კეთილდღეობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სოციალური სახელმწიფოს გულანთებული მხარდამჭერია, იმპერიული წარსული სენსიტიური საკითხია.

პირველი სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც აღიარა, რომ საფრანგეთის არმია სისტემატიურად იყენებდა წამებას ალჟირელი ამბოხებულების წინააღმდეგ ემანუელ მაკრონია. მაკრონამდე ფრანგი პოლიტიკოსები კატეგორიულად უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა. გარდა ამისა მაკრონმა გასცა ბრძანება იმ არქივების გახსნაზე და საჭირო გამოძიებებზე, რომელიც ალჟირის ომს ეხება. ცხადია, ნარატივებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ამ მხრივ, ბრალის ოფიციალური აღიარება წინ გადადგმული ნაბიჯია ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთი ალჟირის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, კოლონიური წარსულის საკომპენსაციოდ მაქსიმალურად ცდილობს ალჟირთან კეთილმეგობრული ურთიერთობის დამყარებას. ეს პრაქტიკა კიდევ უფრო აქტიური გახდა 90-იანი წლების შემდგომ და მაკრონის პრეზიდენტობის ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდა.
მეორე მხრივ, საფრანგეთი-ალჟირის ურთიერთობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს ალჟირელთა დიასპორა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ თუ პოლიტიკურ ურთიერთობებში. (სანიკიძე, 2020)

გარდა ამისა გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორიც, განსაკუთრებით ალჟირისთვის, რომელსაც განვითარებადი ეკონომიკის სტატუსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 1962 წლის ევიანის შეთანხმება იქნა მიღწეული და ალჟირმა მიიღო დამოუკიდებლობა, ის დღესაც არსებითად უკავშირდება საფრანგეთს. პირველი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ალჟირის სტატუსია, როგორც განვითარებადი ეკონომიკა და როგორც ცენტრალური მოთამაშე ხმელთაშუა ზღვის კავშირში (Mediterranean Union) რომელიც სარკოზის მიერ იყო ინიცირებული. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კავშირს საფრანგეთთან. გარდა ამისა, ალჟირის ეკონომიკური სტაბილურობა და ევროპულ ბაზარზე წვდომა ასევე დიდ წილად საფრანგეთთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის საგრძნობლად გაღრმავდა 1999 წლიდან მოყოლებული. ამ პერიოდიდან ალჟირი საფრანგეთის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია აფრიკაში და საფრანგეთის ექსპორტის სიდიდით მესამე ბაზარია. ხოლო საფრანგეთი კვლავ დარჩა ალჟირისთვის მეორე ყველაზე მსხვილ პარტნიორად 2019 წელს. სწორედ ამიტომ, ალჟირისთვის, პრაგმატულად მნიშვნელოვანია საფრანგეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

როგორც წინა თავში არის აღნიშნული, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დამოუკიდებელი ალჟირის ფორმირებაში საფრანგეთს დიდი წვლილი მიუძღვის. კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის დღესაც მჭიდროა. არადა, სხვადასხვა დაპირისპირებისას ქვეყნები ცდილობენ მსხვერპლის როლის მორგებას და უდანაშაულობის ხაზგასმას. თუმცა, ალჟირთან მიმართებაში არ ვხვდებით ამგვარ ნარატივებს გამოკვეთილად. მითუმეტეს, რომ ამის ბერკეტი ძალადობრივი აქტების გათვალისწინებით ნამდვილად ჰქონდა. ალჟირის უნივერსიტეტის სოციოლოგი, Nacer Jabi, ალჟირის პოზიციასთან დაკავშირებით აცხადებს- „არ მწამს, რომ ალჟირს ოფიციალური პირები გულწრფელად ითხოვენ ბოდიშის მოხდას. ეს მხოლოდ პოპულისტური ხრიკია, რომელსაც ისინი იყენებენ როდესაც ზეწოლა დიდია.“

ამასთან ერთად აღსანიშნია ისიც, რომ ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად ალჟირში შეიქმნა იდენტობის კრიზისი, რომელიც საჭიროებდა რეკონსტრუქციას. იდენტურობა ხშირად, თუ არა ყოველთვის, ყალიბდება სხვისი აღქმის და მასთან დაპირისპირების საფუძველზე. საჭირო არის მოწინააღმდეგის, ან სულ მცრე განმასხვავებელი უცხოს(significant other) არსებობა იმისთვის, რომ მოხდეს თვით-იდენტიფიკაცია. კოლონიური წარსულისა და ასიმილაციის ხისტი პოლიტიკის შემდეგ ფრანგული კულტურა დღემდე მკაფიოდ იგრძნობა ალჟირში და საფრანგეთი ალჟირისთვის აშკარად არ გამხდარა „განმასხვავებელი უცხო.“ მეტიც, დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანკოფონი ქვეყანაა ფრანგულ ენაზე მოსაუბრეების მიხედვით. მიუხედავად არაბიზაციის აქტიური პოლიტიკისა და 1990 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ენა არაბული გახდა, დღემდე ფრანგულს დიდი ადგილი უკავია, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამაზე მეტყველებს ალჟირის პრეზიდენტის აბდელაზიზ ბუტაფლეკას (პრეზიდენტობის წლები 1999-2019) დამოკიდებულებაც, რომელიც თვლიდა, რომ ფრანგული ენა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ალჟირის განათლებაში. (Naylor, 2000) ასევე, საგულისხმოა ისიც, რო 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფრანგული ენის ინგლისურით ჩანაცვლებას ითხოვდა, მწვავე კამათი გამოიწვია. უარყოფითი ემოციები იმით იყო განპირობებული, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურდა საფრანგეთთან ძლიერი ენობრივი და კულტურული კავშირის გაწყვეტა. ფრანგული ასოცირდება ელიტურობასთან და მოდერნულობასთან. ეს ყოველივე კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმურობას სძენს წინა თავში განხილულ მოსაზრებას, რომ იდენტიფიკაციის თვალსაზრისით ფრანგული კულტურა ალჟირისთვის სასურველი იყო და არის. ამ მხრივ, აშკარაა კოლონიალიზმის ძლიერი გავლენა. როდესაც მთავრდება უშუალო კავშირი იმპერიასა და ყოფილ კოლონიას შორის, სიმბოლურ, ნაციონალისტურ დისკურსში ის კიდევ დიდხანს განაგრძობს ფუნქციონირებას. ეს არის ის ძირითადი ფაქტორები რის გამოც ალჟირსა და საფრანგეთს შორის კავშირი დღემდე საკმაოდ მჭიდროა.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ალჟირის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დიდი დრო გავიდა, კოლონიალიზმის 132 წლიანი მემკვიდრეობა დღესაც მკაფიოდ იგრძნობა. ძალადობრივმა აქტებმა, ასიმილაციის ხისტმა პოლიტიკამ და კულტურულმა დომინაციამ მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა ალჟირისა და საფრანგეთის თანამედროვე ურთიერთობების ფორმირებაში.
ერთის მხრივ საფრანგეთი მაქსიმალურად ცდილობდა ომისშემდგომი ურთიერთობების მშვიდობიან წარმართვას. თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის ახალი რესპუბლიკისთვის, რომელიც ცდილობდა მოეხდინა იმპერიალიზმის პოლიტიკური და მორალური ტრანსფორმაცია და დაემტკიცებინა ახალი რესპუბლიკის სანდოობა და ლეგიტიმურობა. ეს მცდელობა დღემდე საკმაოდ აქტიურია და თანამშრომლობა ყოფილ კოლონიასა და იმპერიას შორის კიდევ უფრო გაღრმავებულია. გარდა ეკონომიკური სარგებლისა, საფრანგეთის მხრიდან ალჟირთან მჭიდრო და კეთილმეგობრული ურთიერთობის სურვილი შეგვიძლია ჩავთვალოთ კოლონიური წარსულის კომპენსაციად. კოლონიური მემკვიდრეობა სენსიტიურია საფრანგეთისთვის, რომლის დევიზიც “Liberté, égalité, fraternité” წინააღმდეგობაში მოდის იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ალჟირში. ნაშრომში განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ ფრანგული მხარე კოლექტიური მეხსიერებიდან ომის ტრავმების წაშლას მაქსიმალურად ცდილობდა, რადგან იმპერიული წარსული ცივილიზებული სამყაროს ნაწილისთვის დიდი გამოწვევაა. 2017 წლამდე ადგილი ჰქონდა ამ სენსიტიურ თემაზე „ამნეზიის“ პოლიტიკას და თავის არიდების მცდელობებს პოლიტიკოსების მხრიდან. თუმცა, ემანუელ მაკრონი პირველი პრეზიდენტია, ვინც აღიარა ალჟირის ომში საფრანგეთის დანაშაულებები. ამ მხრივ, ბრალის ოფიციალური აღიარება წინ გადადგმული ნაბიჯია ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
მეორე მხრივ, ალჟირისთვისაც, როგორც განვითარებადი ეკონომიკისთვის პრაგმატულად მნიშვნელოვანი იყო და არის საფრანგეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება. გარდა ამისა, ასიმილაციის პროცესს და კულტურული ჰეგემონიის პოლიტიკას უკვალოდ არ ჩაუვლია. ალჟირში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფრანკოფონ ქვეყანას წარმოადგენს, მკაფიოდ იგრძნობა ფრანგული კულტურა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ალჟირელები საკუთარ თავს ფრანგულ კულტურასთან დაპირისპირებაში არ მოიაზრებდნენ და წინააღმდეგობა მხოლოდ ფრანგული მართველობის მიმართ იჩენდა თავს. ხოლო რაც შეეხება იდენტიფიკაციისა და კულტურას ფრანგული მოდერნულობასთან ასოცირდება. ამ მხრივ აშკარაა კოლონიური მემკვიდრეობის გავლენა. მიუხედავად დამოუკიდებლობის მოპოვებისა, კავშირი იმპერიასა და ყოფილ კოლონიას შორის სიმბოლურ და ნაციონალისტურ დისკურსში კიდევ დიდხანს განაგრძობს ფუნქციონირებას. ამ ყოველივემ განაპირობა ის, რომ კოლონიური წარსულის მიუხედავად ალჟირსა და საფრანგეთს შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა დღემდე საკმაოდ მჭიდროა.

ბიბლიოგრაფია

Ageron, C.-R. (1978). France coloniale ou parti colonial? Paris: Presses Universitaires de France.

Biggar, N. (2017). Don’t feel guilty about our colonial history. The Times.

Claude Lanzmann. (2011). Les Temps Modernes: Harkis 1962-2012 : Les mythes et les faits . Paris: Gallimard.

Crapanzano, V. (2011). The Harkis: The Wound that Never Heals. Chicago: University of Chicago Press.

Evans, M. (2012). Algeria: France’s Undeclared War. New York: Oxford University Press.

Fontaine, D. (2015). After the Exodus. Berghahn Books.

Gramsci, A. (1971). Prison Notebooks. New York: International Publishers.

Jinadu, L. A. (1986). Fanon: In Search of the African Revolution. Londn.

Marseille, J. (2005). Empire colonial et capitalisme frangais: histoire d’un divorce. . Paris.

Naylor, P. C. (2000). France and Algeria: A History of Decolonization and Transformation. University Press of Florida.

Oulahbib, L. (2004). Les Berbères et le Christianisme. 5.

Said, E. (1978). Orientalism. New York: Pantheon Books.

Shepard, T. (2008). The Invention of Decolonization:The Algerian War and the Remaking of France. Cornell University Press.

Yves Benot, F. M. (2013). Massacres coloniaux. Paris: La Découverte.

სანიკიძე, გ. (2020). (ე. რამინაშვილი, Interviewer)

By Misho

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.