კვლევითი ნაშრომი მომზადებულია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსის ფარგლებში.

ნაშრომის ავტორი: თეიმურაზ კობახიძე

თბილისი საქართველო,

2021 წლის 1 იანვარი

ანოტაცია

ლიბანმა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას 1943 წელს მიაღწია. ამის მიუხედავად, დღესაც აქტუალური საკითხია საფრანგეთის როლი ლიბანში. ნაშრომი მიზანია გაარკვიოს თუ როგორ ჩამოყალიბდა ლიბანში განსხვავებული დამოკიდებულებები საფრანგეთთან მიმართებით და როგორ შეიძლება ლიბანში საფრანგეთის როლის შეფასება. ამისთვის ნაშრომში განხილულია ზემოხსენებული ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიული კონტექსტი, სექტარიანიზმის გავლენა ლიბანის საგარეო პოლიტიკაზე და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ლიბათან მიმართებით. კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ ქვეყანაში არსებულმა სექტარიანულმა იდენტობებმა დიდი როლი ითამაშა ლიბანის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და არაერთგვაროვნად იქნა საფრანგეთი როლი აღქმული ქვეყნის შიგნით. ამასთანავე, საფრანგეთის და ლიბანს შორის არსებულმა, მრავალწლიანმა ურთიერთობამ ჩამოაყალიბა კულტურული და პოლიტიკური კავშირები, რომლებიც დაბრკოლებათა მიუხედავად არსებობას აგრძელებდა. სწორედ ამ დამოკიდებულებებმა განაპირობა საფრანგეთის პოლიტიკა, რომელიც ყველაზე კარგად ლიბანში კრიზისის დროს ჩანს ხოლმე. საფრანგეთის ლიბანის დასახმარებლად კედარის რევოლუციის, 2006 წლის ლიბანის ომის, 2019-2020 წლების კრიზისის დროს განხორციელებულმა ქმედებებმა აჩვენა, რომ ევროპული ქვეყანა დემოკრატიულ ჩარჩოებში ცდილობს დაეხმაროს ლიბანს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გამყარებაში.

შესავალი

2020 წლის 14 აგვისტოს პოსტკოლონიალური თეორიის სწავლულმა ალი კასიმმა, გამოაქვეყნა სტატია, სადაც საფრანგეთს ლიბანის ხელმეორე კოლონიზაციაში ადანაშაულებს: „ევროპული დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ, ლიბანელები ხელმეორედ ვეგებით კოლონიურ მახეებში, რამაც თავდაპირველად ჩვენი ქვეყანა კრიზისში შეიყვანა“ (Kassem 2020) საინტერესოა, რატომ შეიძლება იყოს ფრანგთა პოლიტიკა აღქმული კოლონიზაციად და ზოგადად როგორ შეიძლება იყოს დანახული საფრანგეთის როლი ლიბანში? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა ლიბანსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობის ისტორიის შესწავლა.

ფრანგულ-ლიბანური ურთიერთობები ჯერ კიდევ მეოცე საუკუნემდე იწყება. ლიბანთან საფრანგეთის ურთიერთობა უპირველესად მარონეტების დაცვას ისახავდა მიზნად. 1923 წელს მართლაც გახდა საფრანგეთი ლიბანის კოლონიზატორი და 1943 წლამდე მის მმართველობაში იყო. მაგრამ, საფრანგეთი ცდილობდა რაც შეიძლება ავტონომიური ყოფილიყო დიდი ლიბანის მმართველობა და ქვეყანაში არსებულ ეთნიკურ-რელიგიურ მრავალფეროვნებას აღიარებდა. ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების პოლიტიკაში ჩართვამ სექტარიანიზმის ფესვები დათესა (Naoum 2014). ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ძალიან ახლო ურთიერთობები საფრანგეთსა და ლიბანს შორის. მაგრამ, ამავდროულად ყალიბდებოდა რელიგიურ-პოლიტიკური იდენტობები, რომლებსაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საგარეო ორიენტაცია გააჩნდათ. ერთი სირიისკენ იყო მიმართული, მეორე – საფრანგეთისკენ.

1943 წელს მიღებული ნაციონალური პაქტით დამოუკიდებლობამიღწეულმა ლიბანმა სექტარიანიზმი თავის ფუნდამენტურ მართველობის პრინციპად აქცია და ლეგალურ დოკუმენტებშიც მოაქცია. ამ პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა ქვეყანაში არსებული უთანხმოება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამიტომ, საფრთხეთა ბალანსის მცდელობა იყო. ის მიზნად ისახავდა ბალანსის შენარჩუნებას ქვეყანაში არსებულ ჯგუფთა ინტერესებს შორის. მაშასადამე, ლიბანს არც არაბული გეზი აეღო და არც ფრანგული. ამრიგად, სწორედ ქვეყანაში არსებული ჯგუფების იდენტობებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა საგარეო პოლიტიკა, რომელსაც უნდა გაეთვალისწინებინა მათი თვალიდან დანახული საფრთხეები. საფრანგეთის როლიც ლიბანში მშვიდობის დროს ქვეყნის მთავრობაში არსებულ სექტარიანულ ჯგუფთა სიძლიერის მიხედვით იცვლებოდა (Naoum 2014). მაგრამ, საფრანგეთის როლი ყველაზე კარგად ლიბანში კრიზისის ჟამს ჩანს, კონკრეტულად კი სამოქალაქო ომის, კედარის რევოლუციის, ლიბანის 2006 წლის ომის და 2019-2020 წლების ლიბანის კრიზისისას. ასეთ შემთხვევებში საფრანგეთი ირჩევს საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატს, რათა დაეხმაროს ლიბანს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვაში. ამასთანავე, ცხადი ხდება, პასუხი კითხვაზე: ახდენს თუ არა საფრანგეთი ლიბანის ხელმეორედ კოლონიზაციას?

მეთოდოლოგია

ნაშრომში გამოყენებულია Case-study მეთოდი, რათა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით დამედგინა, თუ როგორ შეიძლება დახასიათდეს საფრანგეთის როლი ლიბანში. ამ საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანი იყო, კონსტრუქტივიზმის თეორიის მეშვეობით ლიბანში არსებული დამოკიდებულებების ახსნა. ამასთანავე ჩატარებული ისტორიული კვლევა, იძლევა საშუალებას ვიმსჯელო, თუ როგორ განვითარდა ლიბანში არსებული იდენტობები დროთა განმავლობაში და დღეს, როგორი სახით არსებობს. იდენტობათა შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათზე დაყრდნობით ხდება საფრანგეთის როლის შეფასება.

ნაშრომის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუ ჟუდ დენისთან, რაც ემსახურებოდა, ლიბანისა და საფრანგეთის შორის არსებული ურთიერთობების შესწავლას და გააზრებას. ინტერვიუს მეშვეობით უფრო ნათელი გახდა, ლიბანელ ხალხში არსებული დამოკიდებულებები და წარმოდგენები საფრთხეზე.

ნაშრომში ასევე გამოყენებულია, როგორც ჟურნალ-გაზეთთა (The Washington post, BBC, The New York Times, The New Humanitarian, Al Jazeera) სტატიები, ისევე აკადემიური ნაშრომები და თეორიული წიგნები, რომლებიც კონსტრუქტივისტული მიდგომის საილუსტრაციოდ გამოიყენება. ჟურნალ- გაზეთებში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლებელია, ხალხში არსებული აქტუალური საკითხების იდენტიფიკაცია.

ლიტერატურის მიმოხილვა

ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა მოიცავს, როგორც ისტორიულ მასალებს და მათ ანალიზს, ისე თეორიულ წიგნებს, რომლებიც კონსტრუქტივიზმის და სხვა სკოლების პოზიციებს აღწერს. კონსტრუქტივიზმის თეორიაზე და მის მთავარ მოაზროვნეებზე ინფორმაციას იძლევა (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). ამ წიგნში გარკვევით არის წარმოდგენილი, ის მიდგომები, რომლებსაც კონსტრუქტივისტები იყენებენ მოვლენათა ასახსნელად. ალექსანდერ ვენდტის ნააზრევი, ანარქიასთან და იდენტობასთან დაკავშირებით და პიტერ კაცეშტეინის მოსაზრებები საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვნაზე ის მთავარი თეორიული ცოდნა იყო, რაც ნაშრომშია გამოყენებული. რიტა ნაუმის ნაშრომში1 კარგად ჩანს ისტორიული კონტექსტი და მისი კონსტრუქტივისტული ანალიზიც. რიტა ნაუმი ლიბანის ისტორიის საუკუნეზე მეტ ფარავს ეს კი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს იმ დამოკიდებულებათა ამოცნობა, რომელიც ლიბანში წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. ამ ნაშრომშივე არის ნაჩვენები, თუ როგორ მოახდინა გარკვეულმა იდენტობათა კონსტრუირებამ, ლიბანის საგარეო პოლიტიკის და საფრანგეთთან დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ამ კუთხით ანალიზის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი ნაშრომი არის (Safa, Getting to Arab Democracy: Lebanon Springs Forward 2006) სადაც განხილულია სექტარიანული დაყოფა და ის ჯგუფები, რომლებმაც განაპირობეს ლიბანის პოლიტიკის ჩამოყალიბება.

(Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011) ნაშრომში, მოცემულია საფრანგეთის და ამერიკის შტატების კოოპერაციის ანალიზი. ავტორებმა აჩვენეს თუ როგორი პოლიტიკური მიდგომა შექმნეს ზემოხსენებულმა ქვეყნებმა ლიბანის დასახმარებლად. ამ ნაშრომში განხილულია საფრანგეთის კონკრეტული ქმედებები და მიზნები, რაც იძლევა საფრანგეთის პოლიტიკის ანალიზის შესაძლებლობას და წარმოდგენას ქმნის მის როლზე ლიბანში.

ლიბანში დღესდღეობით არსებულ კრიზისზე და მის მოგსაგვარებლად განხორციელებულ ქმედებებზე ინფორმაციას იძლევა „ალ ჯაზირას“ ნაშრომი (Al Jazeera Centre for Studies 2020). ნაშრომში განხილულია, საფრანგეთის ინიციატივა და მიზეზები თუ რატომ არის საფრანგეთი ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ეფექტურად შეუძლია ლიბანის კრიზისიდან გამოყვანა. შედეგად, ეს ნაშრომი წარმოდგენას ქმნის საფრანგეთის იმ როლზე, რომელიც დღეს ლიბანში აქვს მას.

თეორიული ჩარჩო

„კონსტრუქტივიზმი შეიძლება დანახული იქნას სხვა საერთაშორისო ურთიერთობების მიდგომებს შორის დამაკავშირებელ ხიდად.“ (Viottil, P., & Kauppi, M 2012) აქ მოიაზრება ის, რომ კონსტრუქტივიზმი აკავშირებს, პოზიტივისტურ და პოსტ-პოზიტივისტურ მიდგომებს. პირველის მიდგომის გადმოსახედიდან, მატერიალური მოცემულობები ქმნის აქტორთა ქცევებს, მეორეს აზრით კი იდეები განაპირობებენ ადამიანთა ქცევას.

კონსტრუქტივიზმის იდეების პოვნა ჯონ ლოკის მოსაზრებებშიც შეიძლება, იგი მიიჩნევდა, რომ ანარქიის ბუნება მაინცდამაინც კონფრონტაციული არ იყო (Naoum 2014). ეს მოსაზრება უფრო მეტად განავითარა ალექსანდერ ვენდტმა, რომელმაც დაწერა ნაშორმი სათაურით „ანარქია არის ის, რასაც სახელმწიფოები შექმნიან მისით: ძალის პოლიტიკის სოციალური კონსტრუირება“. კონსტრუქტივიზმის აზრით, იდეები არიან ის ელემენტები, რომლებიც რეალურად განაპირობებენ აქტორთა ქმედებებს. დამოკიდებულებები, რომლებიც გააჩნიათ ქვეყნებს და პოლიტიკურ აქტორებს ერთმანეთის მიმართ, აყალიბებენ მოკავშირის და მტრის კონცეფციებს. კონსტრუქტივიზმი არ უარყოფს მატერიალურ ელემენტს, მაგრამ ის მეორეხარისხოვანია, რადგან სწორედ ინტელექტუალური ელემენტი აძლევს მათ მნიშვნელობას და ახდენს მათ მანიპულაციას (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019).

კონსტრუქტივიზმის, მნიშვნელოვანი ცნებაა „ინტერ-სუბიექტურობა“. სწორედ ეს ცნება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაშრომის კონტექსტში. კონსტრუქტივიზმი იაზრებს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ არის ობიექტურად აღქმული (Naoum 2014). ქვეყნები ერთმანეთის ქმედებებს სუბიექტურად განიხილავენ. ამიტომ, საჭიროა კონკრეტული კონტექსტის ცოდნა, ორი ქვეყნის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ამ კონტექსტით და კონცეფციებით შეიძლება მათი ანალიზი. ლიბანის და საფრანგეთის ურთიერთობების შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მრავალწლიანი ურთიერთობების შედეგად, ჩამოყალიბდა ის დამოკიდებულებები, რომლებიც დღეს არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. კონსტრუქტივისტული შეხედულებით, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა შედგება კონკრეტული იდეებისა და ნორმების სისტემებისგან, რომლებიც კონკრეტულ დროსა და ადგილას შეიქმნა (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019)

„რეალისტებისგან   განსხვავებით,   რომლებიც   სახელმწიფოს    „შავ ყუთად“ მოიაზრებენ, კონსტრუქტივისტები ღრმად იხედებიან სახელმწიფოს კომპონენეტებში და ყურადღებას ამახვილებენ იმ ინდივიდთა ქმედებებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს.“ (Naoum 2014) ეს გარემოება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ამ ნაშრომის კონტექსტში. რეალიზმი, როგორც უკვე ვახსენე არ ინტერესდება ქვეყნის შიგნით არსებული აქტორებით ლიბანის ქეისის ასახსნელად და მასში საფრანგეთის როლის საიდენტიფიკაციოდ კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით მოქმედ აქტორებს. მოცემულ ნაშრომში, მრავალი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენდენ გავლენას კონკრეტული პირები ფრანგულ-ლიბანურ ურთიერთობებზე. მაგალითად შესაძლებელია ჟაკ შირაქის და რაფიკ ჰარირის მეგობრობის მოყვანა, რაც ზემოხსენებული ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად აისახა, ამის საპირისპიროდ ლაჰუდის უარყოფითმა პოლიტიკამ რაფიკ ჰარირის მიმართ, ამ ურთიერთობაზე ნეგატიურად იმოქმედა. რეალისტური მიდგომა კი ამ ყველაფრის განხილვის საშუალებას არ იძლევა კონსტრუქტივიზმისგან განსხვავებით.

კონსტრუქტივისტული ხედვით, „ქვეყნის შიგნით არსებული იდენტობები აყალიბებენ სოციალურ კოგნიტურ სტრუქტურას, რომელიც ქმნის საფრთხეების და შესაძლებლობების, მტრების და მოკავშირეების ცნებებს.“ (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). სწორედ, ამ დებულებაზე დაყრდნობით, კონსტრუქტივიზმი საუკეთსოდ ხსნის ლიბანში მიმდინარე მოვლენებს. იმის გათვალისწინებით, რომ ლიბანში გადაკვეთილი იყო პოლიტიკური იდენტობა პიროვნების რელიგიურ იდენტობასთან. ეს მოცემულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ლიბანის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეს საგარეო პოლიტიკაზეც ვრცელდება და სწორედ ამიტომ, საფრანგეთთან მიმართებით განსხვავებული იდენტობის მატარებელ პიროვნებას განსხვავებული დამოკიდებულება ექნება. საფრთხის მნიშვნელობის გაგება ამავდროულად განსხვავდება სხვადასხვა პოლიტიკური იდენტობის მატარებელ პირებს შორის. ზოგჯერ კი არის მცდელობა მოხდეს საფრთხეთა ბალანსი.

საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტიტუციური ძალა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ აქვთ უნარი არაპირდაპირად მოახდინონ გავლენა ქვეყნების ქცევაზე (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). სწორედ ამ კონსტრუქტივისტული ნააზრევის მეშვეობით შეიძლება საფრანგეთის როლის და ქმედებების მნიშვნელობის დადგენა ლიბანის კონტექსტში. საფრანგეთის პოლიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოში კონსტრუქტივიზმის ამ შეხედულებით შეიძლება აიხსნას. კონკრეტულ ქვეყანას შეუძლია კონკრეტული საკითხის დღის წესრიგში დაყენებით, რელევანტური გახადოს ის. კონსტრუქტივიზმის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებს შესწევთ ძალა გავლენა მოახდინონ ქვეყნებზე, მათ შორის გაავრცელონ ღირებულებები ან დაიცვან ისინი.

ამრიგად, როგორც გამოჩნდა, კონსტრუქტივიზმი ამტკივებს, რომ იდენტობები ისე მყარად არ არის შედგენილი, როგორც რეალიზმი მიიჩნევს. იდენტობათა და დამოკიდებულებათა კონსტრუირება კი, შესაძლებელია როგორც სუპრანაციონალურ ისე საშინაო დონეზე. ეს დონეები კი ამავდროულად ერთმანეთზე ახდენენ გავლენას.

კონსტრუქტივისტული             შეხედულებით,             ქვეყნებს შორის დამოკიდებულებები, იქნება მეგობრული თუ მტრული, გრძელვადიანია. სწორედ ამაზე დაყრნობით შეიძლება აიხსნას საფრანგეთის საუკუნოვანი მეგობრული პოლიტიკა ლიბანთან.

ნაშრომში ასევე შედარებულია ამერიკული საგარეო პოლიტიკა ფრანგულთან. პირველი უფრო ნეორეალისტური მიდგომით ხასიათდება, უკანასკნელთან პოლიტიკასთან შედარებით. საფრანგეთის პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღირებულებებსა და იდეებს. უპირველესად, სწორედ იდეების გაცვლით და მოლაპარაკებით ცდილობს საფრანგეთი ლიბანის დახმარებას. ამის საპირისპიროდ, აშშ თავისი სამხედრო რესურსის გაძლიერებით ცდილობს რეგიონში ინტერესების დაცვას. (Kenneth Katzman, Kathleen J. McInnis, Clayton Thomas 2020).

 

თავი I

სექტარიანიზმი და ლიბანი-საფრანგეთის ურთიერთობები 2005 წლამდე

საფრანგეთის და ლიბანის მრავალწლიანი ისტორია დღემდე განხილვის საგანია. ლიბანის წარსულთან დაკავშირებით ქვეყანაში მრავალი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. კონსტრუქტივისტული შეხედულებით, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა შედგება კონკრეტული იდეებისა და ნორმების სისტემებისგან, რომლებიც კონკრეტულ დროსა და ადგილას შეიქმნა (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). ამრიგად, სწორედ ეს იდეები და დამოკიდებულებები ახდენენ გავლენას პოლიტიკურ აქტორთა სამომავლო ქმედებებზე. ლიბანის შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ფრანგებთან წარსულში მრავალწლიანი ახლო ურთიერთობის შედეგად, ამ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა დამოკიდებულებები, რომლებიც დღესაც განსაზღვრავენ ლიბანის შიდა თუ საგარეო პოლიტიკას. მაშასადამე, საფრანგეთის ლიბანში არსებულ როლზე საუბრისას, აუცილებელია ისტორიული კონტექსტის გააზრება, რათა ცხადი იყოს თუ რამ გამოიწვია იმ დამოკიდებულებების ჩამოყალიბება ლიბანის მრავალფეროვან საზოგადოებაში, რომლებიც დღეს არსებობს. ლიბანის ტერიტორიაზე მარონეტების არსებობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცემულობაა. თავდაპირველად სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ლიბანთან მიმართებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულებები, რომლებიც ლიბანის არაქრისტიან მოსახლეობას გაუჩნდა საფრანგეთის მიმართ.

1.1 მარონიტები და ფრანგული მანდატი (1923-1946)

დღევანდელი ლიბანის ტერიტორია მუდამ გამოირჩეოდა მოსახლეთა ეთნიკური მრავალფეროვნებით. მარონიტები, ქრისტიანული კათოლიკური ეკლესიის ლიბანური განხრის მიმდევრები არიან, რომლებიც ლიბანის ტერიტორიაზე ძალიან დიდი ხანია ცხოვრობენ. 1926 წლისთვის, ლიბანის ტერიტორიაზე ერთად ცხოვრობდნენ მარონიტები, ბერძენი ორთოდოქსები, ბერძენი კათოლიკე ქრისტიანები, სუნიტები, შიიტები და დრუზები (Safa 2006). რეგიონში ამგვარი ეთნიკური მრავალფეროვნება, როგორც აღმოჩნდა საკმაოდ საფრთხისშემცველი იყო. 1860 წლის ლიბანის მთის სამოქალაქო ომი სწორედ ზემოხსენებულს ადასტურებს. ოსმალები ხშირად იყნებდნენ ტაქტიკას ‘’დაშალე და იბატონე’’2. ამ შემთხვევაში რელიგიური კონფლიქტის წახალისებით დრუზებს და მარონეტებს შორის ოსმალებმა წარმატებით მოახდინეს ლიბანის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახელობის დანაწევრება. 1860 წლის კონფლიქტში მარონეტებს მხარი დაუჭირა საფრანგეთმა (Safa 2006). ამ ქმედებით საფრანგეთმა ძალიან ცხადად გამოიჩინა ლიბანელი მარონიტების დაცვის სურვილი. ამ ფაქტმა გარკვეუწილად ხელი შეუწყო სექტარიანული დაყოფის პროცესს (Naoum 2014). მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ლიბანის ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ფრანგეული უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო ცენტრები. ამის მაგალითია, 1875 წელს დაარსებული წმინდა იოსების უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს (Saint-Joseph University 2021).

ოსმალეთის იმპერიის დაცემით და ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის 1916 წლის საიქს-პიკოს საიდუმლო ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო კოლონიალიზმის ხანა ლიბანის ისტორიაში. ბრიტანეთმა ზემოხსენებული ხელშეკრულებით საფრანგეთთან გაიყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონი. 1923 წელს კი ოფიციალურად შეიქმნა „დიდი ლიბანი“ და მასზე საფრანგეთის მანდატი გავრცელდა. „დიდი ლიბანის“ ტერიტორია, ამჟამინდელი ლიბანის ტერიტორიაზე გაცილებით დიდი იყო და მის ფარგლებში მოექცა სამაოდ ბევრი სუნიტიც (Naoum 2014) (Safa 2006). იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთის მთავარ ინტერესს წარმოადგენადა მარონეტი მოსახლეობის დაცვა და მხარდაჭერა, ფრანგები განვითარებაში ეხმარებოდნენ „დიდი ლიბანის“ მოსახლეობას განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა. სწორედ ამ პერიოდში „დიდმა ლიბანმა” განვითარება ჰპოვა მრავალ დარგში. შეძლო, როგორც ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო პროგრესი. ამრიგად, საფრანგეთმა მანდატის ფლობის პერიოდში განავითარა ლიბანი, რათა უკეთესად დაეცვა მარონეტები (Denny 2021).

მარონიტები   საფრანგეთის   მანდატის   პერიოდში   თავს    „დიდი ლიბანის“ მთავარ ლიდერებად მიიჩნევდნენ, ამას კი დემოგრაფიული მონაცემებით და საფრანგეთთან ახლო ურთიერთობით ამტკიცებდნენ. 1956 წლისთვის ლიბანის მოსახლეობის 55.6% ქრისტიანი იყო.   როგორც   უკვე   ვახსენე,   „დიდი ლიბანის“ ტერიტორიაზე მოექცა საკმაოდ ბევრი სუნიტი, რომლებიც რაოდენობით აღემატებოდნენ დრუზებს და შიიტებს. მათ უარყვეს „დიდი ლიბანის“ იდეა და მოითხოვეს „დიდი სირიის“3 დაარსება (Naoum 2014). „დიდი სირია“ წარმოადგენდა პან-სირიულ ნაციონალისტურ იდეას, ის მოითოხოვდა სახელმწიფოს შექმნას, რომელიც მოიცავდა სირიის, ლიბანის, ისრაელის, იორდანიის და თურქეთის ტერიტორიებს (Pipes 1992).

ფრანგებმა შენიშნეს არაბული და სხვა დამოუკიდებელი მოძრაობებისგან მომავალი საფრთხე და გამიზნულად დატოვეს სექტარიანული დაყოფა (Safa 2006), ამ ქმედებით გამოჩნდა, რომ ფრანგებმაც ოსმალთა მსგავსად გამოიყენეს სტრატეგია ‘’დაშალე და იბატონე’’. ამ სტრატეგიის გატარების მიუხედავად, ფრანგთა მიზანი ოსმალებისგან განსხვავებით კონფლიქტის გაჩაღება არ იყო. ფრანგები ცდილობდნენ ამგვარი დაყოფით დაეცვათ მარონეტები და შეენარჩუნებინათ ლიბანის ავტონომია. ამგვარი მიზნის მიუხედავად, ფრანგები მარონეტებს სახელმწიფო ინსტიტუციების დომნიცაიის უფელბას არ აძლევდნენ. სახელმწიფო ორგანოებში იყვნენ წარმოდგენილი განსხვავებული აღმსარებლობის და ეთნიკური კუთვნილების პირები. ფრანგთა მიერ შემოღებულმა, ამგვარმა ძალთა დანაწილებამ გამოიწვია სექტარიანიზმის, ფეოდალიზმის და კლიენტელიზმის განვითარება ლიბანში. საფრანგეთის პოლიტკამ, ხელი შეუწყო ელიტათა ჩამოყალიბებას, რომლებიც სახელმწიფო საქმიანობით ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი ჯგუფების ინტერესები და უფლებები (Naoum 2014).

ლიბანში მიმდინარე მოვლენები, ახლო მეზობელ სირიასაც არ გამორჩენია თვალიდან. როგორც უკვე ვახსენე, საფრანგეთი თავისი პოლიტიკით დაუპირისპირდა იმ ნაციონალისტებს, რომლებიც „დიდი სირიის“ შექმნას მოითხოვდნენ. ამ ფაქტმა კი გზა გაუხსნა სირიას ჩარეულიყო ლიბანში და სექტარიანული დაყოფა გამოეყენებინა, ფრანგული ძალაუფლების დასასუსტებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის საფრანგეთზე თავდასხმამ, ძალიან დაასუსტა უკანასკნელი, ეს კი საგრძნობლად აისახა საფრანგეთის კოლონია ლიბანზეც. ქვეყანაში თავი იჩინეს ნაციონალურმა მოძრაობებმა და დამოუკიდებლობის სურვილმა. ლიბანში გამოირჩეოდა სამი მოძრაობა. ‘’ქრისტიან ნაციონალისტებს’’ სურდათ ფრანგული მფარველობა. ‘’არაბი ნაციონალისტები’’ ითხოვდნენ „დიდი სირიის“ შექმნას. ლიბანელ ნაციონალისტებს კი სურდათ, ლიბანის დამოუკიდებლობა 1920 წლის დეკლარაციაში მოხსენიებულ საზღვრებში. ამრიგად ისინი მხარს უჭერდნენ „დიდი ლიბანის“ ტერიტორიის შენარჩუნებას და ამასთანავე, მათ სურდათ არაბულ ქვეყნებთან ახლო კავშირი (Naoum 2014). ამ პერიოდში ლიბანში საფრანგეთის მიმართ ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები გარკვეულწილად დიქოტომიური იყო. ლიბანელი მარონეტების მეხსიერებაში ფრანგთა კოლონიური მმართველობა დადებითად დარჩა. არაქრისტიანი მოსახლეობის გადმოსახედიდან ცხადი იყო, რომ ფრანგები ქვეყანას ავითარებდნენ მარონეტთა გამო. ამ ფაქტმა, მიუხედავად განვითარებისა, სუნიტებსა და სხვა ისლამურ რელიგიურ ჯგუფებში ფრანგთა მიმართ წარმოშვა უარყოფითი განცდა და არაბული ნაციონალიზმის ღირებულებების მქონე სახელმწიფოს შექმნის სურვილი გააძლიერა. ამასთანავე, არაქრისტიან მოსახლეობაში ფრანგულ მმართველობას თითქოს სამუდამოდ მიეწერა კოლონიზატორის იარლიყი. ეს კი თანამედროვე ჟურნალ-გაზეთთა სტატიების სათაურებშიც ცხადად შეიმჩნევა (Kassem 2020) (El-Deeb, Angela Charlton and Sarah 2020) (Vang 2020).

1.2 დამოუკიდებლობა და ნაციონალური პაქტი.

ლიბანის საგარეო პოლიტიკა ოფიციალურად დაიწყო ფრანგული კოლონიალიზმის დასრულების შემდეგ 1943 წელს. მაგრამ, როგორც წინა თავიდან ნათელი გახდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოძრაობათა შიდა თუ გარე პოლიტიკური მიზნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ამირგად, ‘’ლიბანის საგარეო პოლიტიკა შეიძლება დახასიათდეს ქვეყნაში არსებული როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო აქტორების გარე ძალებთან ურთიერთობებით.’’ (Naoum 2014) ლიბანში არსებული პოლიტიკური მოძრაობები მოკავშირეებად განსხვავებულ ქვეყნებს მიიჩნევდნენ. სწორედ, ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლიბანის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან სწორედ ამის საფუძველზე იქნებოდა სამთავრობო დონეზე საგარეო პოლიტიკური გეზი.

ნაციონალური პაქტი წარმოადგენდა არაფორმალურ შეთანხმებას მარონებ პრეზიდენტს და სუნიტ პრემიერ-მინისტრს შორის, რაც განაპირობებდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ინსტიტუციონალურ დონეზე. სუნიტი პრემიერ-მინისტრის მიზანი იყო ქრისტიანთა დასაველთთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილსა და მუსლიმთა არაბულ სამყაროსთან დაახლოების მიზანს შორის ბალანსი დაეცვა. პარლამენტი ასევე „სეგმენტური პროპორციულობის’’ პრინციპით იყო მოწყობილი, ანუ კონკრეტული რელიგიური-ეთნიკური ჯგუფი ხვდებოდა პარტიაში დემოგრაფიული წილის პროპორციულად. ამრიგად, ქრისტიანული ყველაზე ბევრი იყვნენ. ასევე მარონეტებისთვის იყო გამოყოფილი სპეციალური თანამდებობები, როგორებიცაა, უზენაესი იუსტიციის საბჭოს, ცენტრალური ბანკის, არმიის და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის პოზიციები. მთავრობის პოზიციებზე დანიშვნაც სექტარიუანულ პრინციპს მიჰყვება. პრეზიდენტის თანამდებობა ენიჭებათ ქრისტიან მარონეტებს, სუნიტებს პრემიერ მინისტრის პოზიცია შიიტებს კი პარლამენტის თავმჯდომარეობა (Naoum 2014).

ლიბანში ასევე ჩამოყალიბდა ‘’სეგმენტური ავტონომიის’’ პრიციპი, რომელიც უფლებას აძლევს სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლოს ააშენოს საგანმანათლებლო და სოციალური ინსტიტუციები და გამოხატოს საკუთარი რელიგიური მრწამსი (Naoum 2014).

ნაციონალური პაქტის თანახმად, სუნიტემა არ უნდა ცადონ სირიასთან შეერთება, მეორე მხრივ, კი მარონეტებმა ქვეყანა დასავლური გეზით არ უნდა წაიყვანონ (Naoum 2014). მაგრამ, ეს ყველაფერი, როგორც ლიბანის ისტორიამ აჩვენა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მიღებულ პოლიტიკურ წყობაში, მოქცეულნი იყვნენ ჯგუფები, რომელთა ინტერესების ძალიან განსხვავებოდნენ ერთმანეთს. ამავდროულად კი არსებობდა კოლონიურ პერიოდში ჩამოყალიბებული შიში განმეორებითი დასავლური მმართველობისა. ამრიგად, მნიშვნელოვანი იყო, რომ საგარეო გადაწყვეტილებები მიიღებულიყო ქრისტიანი პრეზიდენტის და სუნიტი პრემიერ-მინისტრის ინტერესთა კონსესუსის შედეგად.

1956 წელს ეგვიპტის მეორე პრეზიდენტმა, ჯამალ აბდელ ნასერმა განიზრახა სუეცის არხის ნაციონალიზაცია საბჭოთა კავშირის მარდაჭერით. ამ ფაქტმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია დასაველეთის ქვეყნების მხრიდან, როგორებიც იყვნენ საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ. იმ პერიოდში ლიბანის პრეზიდენტი იყო ქამილ შამუნი, რომელიც დასავლური და აღმოსავლური ძალების ზეწოლის ქვეშ მოექცა. მან შეინარჩუნა დიპლომატიური ურთიერთობები, მეორეს მხრივ კი მხარი არ დაუჭირა ეგვიპტის მხარდამჭერ გაერთიანებაში გაწევრიანებას. შედეგად, მისმა ქმედებებმა ლიბანში მუსლიმთა მხრიდან დიდი პროტესტი და 1958 წლის პირველი სამოქალაქო ომი გამოიწვია (Naoum 2014).

ნაციონალური პაქტით დაწესებული მოწყობით შეიზღუდა საფრანგეთთან ურთიერთობები. ინსტიტუციური საგარეო პოლიტიკა, როგორც უკვე ვახსენე, ყალიბდებოდა პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის პოზიციების შეჯერებით. ამრიგად, მათ უწევდათ დათმობებზე წასვლა. საფრანგეთის როლმა კოლონიალიზმის შემდეგ იკლო ლიბანის შიდა პოლიტიკაში, მაგრამ, გაძლიერდა საერთაშორისო ასპარეზზე. საფრანგეთმა ლიბანის მხარდაჭერა განაგრძო საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც კარგად გამოჩნდება მომდევნო თავებში.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საფრთხის განცდა კვლავ ძლიერი იყო და უფროდაუფრო ძლიერდებოდა. მარონეტებისთვის საფრთხეს ლიბანის სირიასთან შეერთება წარმოადგენდა. მუსლიმი მოსახლეობისთვის კი დასავლური ან ფრანგული მმართველობის ლიბანში ხელმეორედ დამკვიდრება.

კონსტრუქტივისტული ხედვით, ქვეყნის შიგნით არსებული იდენტობები აყალიბებენ სოციალურ კოგნიტურ სტრუქტურას, რომელიც ქმნის საფრთხეების და შესაძლებლობების, მტრების და მოკავშირეების ცნებებს. (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). ამრიგად, ლიბანის სოციუმში საზოგადოებათა იდენტობებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ზემოხსენებული საფრთხეები. ამ თვალსაზრისით კი ნაციონალური პაქტი წარმოადგენდა ამ საფრთხეთა ბალანსის მცდელობას.

1.3 სამოქალაქო ომი და სირიული მმართველობა

თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ საფრთხეთა ბალანსის მცდელობა, მცდელობად რჩებოდა. სექტარიანულმა მმართველობამ, ადამიანები ერთმანეთს დააშორა. სექტარიანული ჯგუფები ძალადობასაც კი მიმართავდნენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და მოპოვებისთვის. ქვეყანაში არსებული დაძაბული მდგომარეობის განეიტრალებაში ლიბანს არც გეოგრაფიული მდებარეობა უწყობდა ხელს. ლიბანი მოქეცა არაბულ-ებრაული კონფლიქტის ცენტრში. ამ გარემოებამ, უფრო წაახალისა გარე ძალები, როგორებიცაა სირია, ეგვიპტე, ირანი და საუდის არაბეთი ჩარეულიყვნენ ლიბანის პოლიტიკაში.

სექტრიანიზმმა ლიბანში თავის მწვერვალს მიაღწია 1975 წელს, როდესაც 15 წლიანი სამოქალაქო ომი დაიწყო. 1960-იან წლებში მიღებულ კაიროს შეთანხმების თანახმად, პალესტინელებს ლიბანში მიეცათ შეიარაღების უფლება. ეს ფაქტი სექტარიანული ჯგუფების, განსაკუთრებით კი მარონიტების მხრიდან დანახულ იქნა საფრთხისშემცვლელად. ეს იყო პერიოდი, გამოირჩეოდა სექტარიანული ჯგუფების სახელით მოქმედ შეიარაღებული ჯგუფების აქტივობით. საზოგადოების დაყოფამ კი გარე აქტორებს შესაძლებლობა მისცა ჩართულიყვნენ ლიბანის პოლიტიკაში და თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ კონფლიქტში ჩართული ძალები (Naoum 2014).

1975 წლის 13 აპრილს, როდესაც, ფალანჟის პარტიის ხელმძღვანელი, პიერ კემაიელი აინ ალ-რუმანას ტაძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდა, თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს და სამი ქრისტიანი მოკლეს. ამ ფაქტმა აღაშფოტა მარონიტები და შურისძიებით მიზნით თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელშიც პალესტინელი მგზავრები იყვნენ. შედეგად, 27 ადამიანი გარდაიცვალა (Naoum 2014). სწორედ ეს იყო დასაწყისი, 15 წლიანი სამოქალაქო ომის, რამაც ლიბანი უკიდურესად დაასუსტა. ომი პალესტინელებმა დაიწყეს (Denny 2021), მაგრამ რადგან ამ კონფლიქტს რელიგიური მოტივი ჰქონდა, ლიბანელი საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვია.

სამოქალაქო ომმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებობდა არაბულ სახელმწიფოსთან, სირიასთან შეერთების დიდი სურვილი. ლიბანის სამოქალაქო ომი ცხადია, მხოლოდ ამ იდეით არ შემოიფარგლებოდა, საკმაოდ ბევრი მხარე იყო და მათ თავიანთი მოტივები ამოძრავებდათ, ამაზე დეტალურად საუბარი ამ ნაშრომის ფოკუსი არ არის, ამიტომ ყურადღებას ამ თავში საფრანგეთის როლზე გავამახვილებ.

წინა თავში, როგორც უკვე ვახსენე, საფრანგეთმა ლიბანის მხარდასაჭერად განსხვავებული გზები აირჩია. ფრანგები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობით ცდილობდნენ, ლეგიტიმური გზით დახმარებოდნენ ლიბანს მძვინვარე კრიზისში. ამის ცხადი მცდელობა იყო, სამშვიდობო მისია, მუტლინაციონალური ძალა ლიბანში, რომელიც შეიქმნა 1982 წლის 25 აგვისტოს და 1984 წლის 31 მარტამდე ფუნქციონირებდა. (MNF) სამშვიდობო მისიაში ჩაერთვნენ, აშშ, საფრანგეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი (Zimblert 1984). მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ საფრანგეთმა ამგვარი მისიით არა კონკრეტულ სექტარიანულ ჯგუფს დაუჭირა მხარი, არამედ სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოღვაწეობდა. ამგვარი, მოტივის მიუხედავად, მულტინაციონალიური ძალა ლიბანში ბევრ დაბრკოლებებს წააწყდა და გაართულა არსებული სიტუაცია. სწორედ, ამიტომ 1984 წლის 29 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს საფრანგეთის წარმომადგენელმა, ლიბანის მხარდასაჭერად რეზოლუცია წამოაყენა, სადაც გაეროს სამშვიდობო მისია UNIFIL მულტინაციონალურ მისიას ჩაანაცვლებდა. ნიშანდობლივია, რომ გაეროს სამშვიდობო მისია ლიბანში 1978 წელს შეიქმნა, მაგრამ, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე საჭირო გახდა მომდენო წელშე რამდენჯერმე მისიის გაძლიერება. გაეროს სამშვიდობო მისიაშიც საფრანგეთი აქტიურად ჩაერთო და დღემდე ამ მისიაში მონაწილეობს. ამასთანავე, საფრანგეთმა ლიბანის სასარგებლოდ მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს 501, 508, 511, 594, 599 რეზოლუციას (The Security Council n.d.).

1989 წელს, საუდის არაბეთის და ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით დაიდო ტაიფის შეთანხმება. ამ შეთანხმებიდ დასრულდა 15 წლიანი სამოქალაქო ომი. ამ შეთანხმებით სირიას ლიბანის მფარველობის უფლება მიენიჭა. ასევე, პარლამენტის პირთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 128 ადგილი თანაბრად გადანაწილდა ქრისტაინებსა და მუსლიმებს შორის. ამავდროულად, თანამდებობებზე რელიგიური ნიშნით გადანაწილება კვლავ შენარჩუნდა. მოხდა კიდევ ერთი ცვლილება, პრეზიდენტის ძალაუფლება შემცირდა მინისტრთა კაბინეტთან შედარებით (Naoum 2014). ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლებამ მარონეტებისგან სუნიტებისკენ გადაინაცვლა. ტაიფის შეთანხმების შედეგად, ლიბანში დაწესებულმა წყობამ, მარონეტებში არსებული შიში უფრო გააძლიერა, რამაც გადაწყვეტილებათა მიღება სამთავრობო დონეზე გაართულა.

გარე ძალაუფლების ქვეშ მოქცეული ლიბანის საგარეო პოლიტიკა სირიელებისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იყო, არაბულ-ებრაულ კონფლიქტზე გავლენის მოსახდენად. ტაიფის შეთანხმებამ ლიბანი დაავალდებულა ბილატერალური შეთნახმებების დადება სირიასთან, რის შედეგადაც სირია ლიბანის მხარის მოლაპარაკებებს ისრაელთან სრულიად აკონტროლებდა. 1991 წელს ასევე ‘’ძმობის, კოოპერაციის და კოორდინაციის ხელშეკრულება’’ დაიდო. რამაც, თითქმის ყველა სფეროში დააკავშირა სირია და ლიბანი ერთმანეთთან (Naoum 2014). ამ პერიოდში სირია უხეშად ერეოდა ლიბანის ეკონომიკურ საქმიანობაში და სირიელთა საკეთილდღეოდ იყენება (Denny 2021). ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხელშეკრულება იყო, თავდაცვისა და უსაფრთხოების შეთანხმება. რამაც, ლიბანსა და სირიას შორის სამხედრო კოოპერაცია გამოაცხადა. ამ შეთნახმებით ლიბანში არ უნდა გახდეს არცერთი ანიტ-სირიული აქტივობის მონაწილე. ამ პირობას ასევე საპირისპიროდ იზიარებდა სირიაც. მაგრამ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ასეთი შინაარსის ხელშეკურლების გამო, სირიას მიეცა ლეგიტიმაცია აქტიურად ჩართულიყო ლიბანის შიდა საქმეებში და სირიული სამხედრო დანაყოფები შეეყვანა მეზობელი ქვეყნის მიწაზე. შედეგად, ჰეზბოლას გარდა, რომელიც სირიას უჭერდა მხარს, ყველა ძალა განიარაღებას დაექვემდებარა (Naoum 2014).

ლიბანში შექმნილი ეს მდგომაროება რომ შევაფასო, არ იქნება გადამეტებული იმის თქმა, რომ ზუსტად ის მოხდა, რისიც ქრისტიან მოსახლეობას საუკუნეები ეშინოდა. სირიის მიერ ლიბანის ოკუპაცია 2005 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში ადვილი მისახვედრია თუ როგორი პოლიტიკა ექნებოდა ლიბანის სირიულ მმართველობას საფრანგეთთან. მაგრამ, არსებობდა ქვეყანაში კვლავ არსებობდა კავშირები საფრანგეთში. ამის მაგალითია სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟაკ შირაქის და რაფიკ ჰარირის მეგობრობა. სირიელები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული მათთვის სახიფათო პოლიტიკური თუ საზოგადო პირების დევნაში. მათ შორის იყვნენ ორჯერ ლიბანის პრეზიდენტად არჩეული მიშელ აუნი და პოლიტიკოსი სამირ ჟეჟეა (Naoum 2014). მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული ფაქტების გამო საზოგადოებაში გამოწვეული აღშფოთება ქმედით მნიშვნელობას არ ატარებდა. მაგრამ, მოასწავებდა სირიისგან გათავისუფლების სურვილის გაღვივებას, რაც 2005 წლის მოვლენებში ნათლად გამოჩნდა.

მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნაც, რომ სირიის ოკუპაცია ცხადად აისახა ლიბანის მოსახლეობის, განსაკუთრებით ქრისტიანთა ცხოვრებაზე ქვეყანაში. საფრანგეთში იმიგრაცია, ერთ-ერთი გამოსავალი გაჩნდა ქრისტიანი და არამარტო ქრისტიანი მოსახლეპობისთვის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად. სწორედ ამიტომ, მეოცე საუკუნის მერვე დეკადის შუა წლებიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი იმიგრაცია საფრანგეთში (Tabar 2010). მოცემული ტენდენცია, კვლავ ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ ლიბანში საფრანგეთის მიმართ არსებული დადებითი დამოკიდებულებები გრძელვადიანია. იგივე ითქმის საფრანგეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებებზეც. ეს ყველაფერი კი შემდეგ თავში უფრო დეტალურად იქნება განხილული.

 

თავი II

საფრანგეთის როლი ლიბანში სირიის ოკუპაციის დასასრულიდან დღემდე

2.1 კედარის რევოლუცია და საფრანგეთი

1995 წელს ჟაკ შირაქი საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციაზე დაინიშნა. შირაქს ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდა რაფიკ ჰარირისთან. ცხადია, შირაქს მოუწია გარკვეულწილად შეგუებოდა ლიბანში არსებულ მდგომარეობას. ამ პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება გამოირჩეოდა პრეზიდენტ ემილ ლაჰუდის სახით. იგი ჰარირის ღიად უპირისპირდებოდა, ამ გარემოებამ კი ქვეყნის საფრანგეთთან ურთიერთობაზე ნეგატიურად იმოქმედა (Salloukh 2009).

იმის შემდეგ, რაც ცხადი გახდა რომ სირია არ აპირებდა ლიბანის დათმობას, საფრანგეთმა და აშშ-მ აქტიური კოლაბორაცია დაიწყეს. 2004 წლისთვის, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სირია ლიბანის დესტაბილიზაციას რამდენიმე გზით აპირებდა: 1) ჰეზბოლას დახმარებით და მისი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით; 2) ლიბანში პალესტინელი ემიგრანტებისთვის იარაღის მიწოდების ფასილიტაციით, რაც ემსახურებოდა ‘’უსაფრთხო კუნძულების’’ შექმნას, რომლებიც მიუწვდომელი იქნებოდა ლიბანის ხელისუფლებისთვის; 3) პრემიერ მინისტრის, რაფიკ ჰარირის ავტორიტეტის შესუსტებით, რადგან სწორედ მას თვლიდნენ დასავლეთში ლიბანის ყველაზე პრაგმატულ და შორსმჭვრეტელ ლიდერად; 4) კონსტიტუციურ პროცესში ჩართვით, რაც ემსახურებოდა პრო-სირიელი ლიდერის ემილ ლაჰუდის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

ლაჰუდი სირიისთვის ამ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ემილ ლაჰუდი, როგორც უკვე ვახსენე, ლიბანის პრეზიდენტი იყო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იგი ქრისტიანია. ამის მიუხედავად, იგი პრო-სირიული ორიენტაციით გამოირჩეოდა და ასადის რეჟიმს ზედმიწევნით ემსახურებოდა. დრუზების პარტიის ლიდერი, ვალიდ ჯუმბლატი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს მის და რაფიკ ჰარირის, 2004 წლის 26 აგვისტოს, ვიზიტს სირიის დედაქალაქ დამასკოში. მოცემული ვიზიტი იყო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის იდეა. ჯუმბლატი იხსენებს თუ როგორ მოუყვა ჰარირიმ შეხვედრაზე მომხდარი მოვლენები. მისი თქმით, ჰარირს დაემუქრა სირიელი ლიდერი და უბრძანა ჩაესწორებინა ლიბანის კონსტიტუცია ისე, რომ პრეზიდენტ ემილ ლაჰუდს, რომელიც ჰარირის ყოველ ქმედებას ხელს უშლიდა, გახანგრძლივებოდა ვადა. ‘’ბაშარმა უთხრა მას, ‘ლაჰუდი მე ვარ’. ‘’ბაშარმა უთხრა ჰარირის: ‘’თუ შენ და შირაქს გსურთ, რომ ლიბანი დავტოვო, მე გავტეხავ ლიბანს“ ასე იხსენებს ჯუმბლატი ინტერვიუში (MacFarquhar 2005).

საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდებოდნენ ლიბანში მიმდინარე მოვლენებს და ხედავდნენ, რომ უკვე დრო იყო ლიბანში სირიის როლისთვის ოპონირება გაეწიათ. მოცემულ პერიოდში, სირიის ოკუპაციას უკვე ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანი ლიდერები. მათ შორის იყვნენ მარონეტული ეკლესია, დრუზების ხელმძღვანელი ვალიდ ჯუმბლატი და, რა თქმა უნდა, რაფიკ ჰარირი. ჟაკ შირაქი და ჯორჯ ბუში აქტიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მჭიდრო კოოპერაციაში იყვნენ ჩართულნი. საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააძლიერეს სირიაზე ზეწოლა 2004 წლის ზაფხულსა და გაზაფხულზე, მაგრამ მათმა ქმედებებმა დამასკოში არანაირი ცვლილებები არ გამოიწვია. ზემოხსენებული ორი ქვეყნის ლიდერები, მოუწოდებდნენ სირიას პატივი ეცა ლიბანის სუვერენულობასა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოწოდება ლიდერებმა უშიშროების საბჭოზეც ერთხმად გააჟღერეს და 1559 რეზოლუცია შეადგინეს. რეზოლუცია მოითხოვდა „გარე ძალების ლიბანის ტერიტორიიდან გაყვანას’’, ასევე ლიბანური და არალიბანური მილიციების განიარაღებას და დაშლას’’, „ლიბანის მთავრობის კონტროლის გაფართოებას სრულიად ლიბანის ტერიტორიაზე’’. გამკაცრებული მოთხოვნების მიუხედავად, ამ რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

2004 წელს ჰარირი და ვალიდ ჯამბლატი დათანხმდნენ პრეზიდენტ ემილ ლაჰუდის მმართველობის კიდევ ერთი ვადით გახანგრძლივებას. მაგრამ, რამდენიმე დღეში, თავიანთი პოზიციები დატოვეს მინისტრებმა და თვით პრემიერ-მინისტრმაც. ჰარირიმ მის მოკავშირეებთან, და მათ შორის საუდის არაბეთთან ერთად, დაიწყო სირიულ რეჟიმთან დაპირისპირება (Naoum 2014). მაგრამ, მას ბრძოლა დიდი ხანი არ გაუგრძელებია.

2005 წლის 14 თებერვალს, რაფიკ ჰარირი მოკლეს. აფეთქებას, რომელმაც ჰარირი და 22 სხვა ადამიანი იმსხვერპლმა, დიდი ადგილობრივი, რეგიონალური თუ საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ეს მომენტი ლიბანის თანამედროვე ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. ჰარირი ძალიან მნიშვნელოვანი პირი იყო ზოგადად ლიბანისთვის. მისი ფინანსური შესაძლებლობა და პოლიტიკური კავშირები მნიშვნელოვან რესურსებს სძენდნენ ლიბანს. ამავდროულად, იგი ცდილობდა ლიბანის სტაბილიზაციაციას, ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებული მილიტარისტული ძალების შებოჭვით და მეორე მხრივ, გლობალურ ეკონომიკასთან ინტეგრაციით. ჰარირის მკვლელობამ დიდი ძვრები გამოიწვია ლიბანში და დაიწყო პროტესტული აქციები (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011). 2005 წლის რვა მარტს ჩატარდა პრო-სირიული აქცია, სადაც აქციაზე მყოფი პირები მადლობას უხდიდნენ სირიას მხარდაჭერისთვის. აქციაზე მისულმა პარტიებმა შექმნეს ალიანსი 8 მარტის სახელწოფებით. ამ ალიანსში გაწევრიანდნენ ჰეზბოლა, „ამალის“ და „მარადის მოძრაობა“ (Naoum 2014).

14 მარტს ჩატარდა ანტი-სირიული აქცია, რომელიც მოითხოვდა სირიული სამხედროების ლიბანის ტერიტორიიდან გამოყვანას. იმის მიუხედავად, რომ „თავისუფალი პატრიოტული მოძრაობა“ 14 მარტის აქციას დაესწრო და მხარი დაუჭირა მოთხოვნებს, დღეს 8 მარტის ალიანსშია, რადგან ისინი ამჟამად ჰეზბოლას უჭერენ მხარს. 14 მარტის ალიანსში გაწევრიანდნენ, „მომავლის მოძრაობა“, „ლიბანური ძალები’’, „კატაიბის პარტია“ და „დამოუკიდებლობის მოძრაობა“. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ალიანსებში, განსხვავებული დემოგრაფიული ჯგუფები არიან ერთად გაწევრიანებული (Naoum 2014). პერიოდს 2005 წლის 14 თებერვლიდან 27 აპრილამდე ეწოდა კედარის რევოლუცია. ამრიგად, ლიბანში ამ დღეების მერე ორად გაიყო პოლიტიკური სპექტრი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექტარიანულ ჯგუფებში არსებული ისტორიული და კულტურული მეხსიერება წაიშალა, საფრანგეთთან მიმართებაში ეს მოგვიანებით უკეთესად გამოჩნდება.

კედარის რევოლუცია, 14 მარტის ალიანსის გამარჯვებით დასრულდა. 28 თებერვალს პრო-სირიელი პრემიერ მინისტრი გადადგა, ხუთ მარტს კი ბაშარ ასადმა მიიღო გადაწყვეტილება ლიბანიდან სამხედრო ნაწილები გამოეყვანა. ჰარირის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად განაახლეს გაეროს უშიშროების საბჭოში მოწოდებები რეზოლუცია 1559-ის დანერგვასთან, იმპლემენტაციასთან დაკავშირებით (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

ფრანგულ-ამერიკულ მიდგომას ლიბანის სიტუაციასთან ჰქონდა სამი მიზანი: 1) ჰარირის მკვლელობაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, 2) ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე გაეყვანა სირიას ლიბანიდან თავისი სამხედრო და სადაზვერვო დანაყოფები, 3) არჩევნების დროულად ჩატარება სირიული ინტერვენციის გარეშე, საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში. საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაუდგნენ სათავეში საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელშიც იქნებოდნენ ჩართულნი როგორც, გაერო და ევროკავშირი, ისე ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბული ლიგა და 14 მარტის კოალიცია. კოალიციამ 2005-2006 წლების შუალედში მიაღწია ბევრ გამარჯვებას. რეზოლუციების 1595, 1636, 1644, 1686 გაეროში მიღება სწორედ ზემოთ ნახსენებ გამარჯვებებს ეხმიანება. ამ რეზოლუციების შედეგად, ლეგალური საფუძველი მომზადდა ჰარირის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით და დაიგეგმა ლიბანის დასახმარებლად ღონისძიებები (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

საფრანგეთი აქტიურად ჩაერთო ლიბანის დახმარების პროგრამებში. პარიზში ჩატარდა მესამე დონორული კონფერენცია, რომელმაც გააგრძელა პარიზის პირველ და მეორე დონორულ კონფერენციებზე დაწყებული სამუშაოები. მესამე კონფერენცია, კვლავაც ლიბანის დასახმარებლად ჩატარდა, რომელსაც ძალიან დიდი ვალი ჰქონდა (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

„არაფერი არ მოხდებოდა 2005 წელს, აშშ-სა და საფრანგეთის დახმარების გარეშე.’’ (Denny 2021) კარგად ჩანს ამ სიტყვებში საფრანგეთის როლის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც რომ საფრანგეთი თავის პოლიტიკას საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ახორციელებდა. ის ცდილობდა, საერთაშორისო ინსტიტუციების მეშვეობით, პირდაპირ თუ არაპირდაპირად დახმარებოდა ლიბანს გაჭირვების პერიოდში. საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას კარგად ეხიმანება კონსტრუქტივიზმი. საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტიტუციური ძალა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ აქვთ უნარი არაპირდაპირად მოახდინონ გავლენა ქვეყნების ქცევაზე. დღის წესრიგი, რომელსაც ადგენენ გაეროს უშიშროების საბჭოში მნიშვნელოვან გავლენას სხვა ქვეყნებზე. კონკრეტული საკითხის, იდეის ან პრობლემის გამოკვეთით მსოფლიოში ქვეყნები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მათ. ამავდორულად, საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ მათში გაწევრიანებულ ქვეყნებზე გავლენა მოახდინონ, რაც ღირებულებების გავრცელებას შეიძლება მოიცავდეს. ამის მაგალითია ევროკავშირი (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). მაშასადამე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩართულობით საფრანგეთის მიზანი იყო, „დახმარებოდა ლიბანელ ხალხს მათი დამოუკიდებლობის, მათი სუვერენიტეტის, მათი თავისუფლების და მათი დემოკრატიის განმტკიცებაში“ (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

2.2 ლიბანის 2006 წლის ომი, ჰეზბოლა და საფრანგეთი.

რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ მოთამაშეებად სახელმწიფოებს მიიჩნევს. დანარჩენ აქტორებზე კი ნაკლებ აქცენტს და მნიშვნელობას ანიჭებს (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). მაგრამ, რა ხდება იმ დროს თუ, არასახლემწიფოებრივი აქტორი რეგიონალურ და საერთაშორისო მასშტაბის ცვლილებებს იწვევს? სწორედ აქ შემოდის კონსტრუქტივიზმი, რომელიც, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე არასახელმწიფოებრივ მოთამაშეებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი, ატარებენ ერთზე მეტ იდენტობას, რომლებიც კონსტრუირებულია კონკრეტული სოციალური, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური ფაქტორების მეშვეობით. ეს ყველაფერი კი შემდეგ სწორედ მათ ინტერესებს ქმნის (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). ლიბანის შემთხვევაში ამ ლოგიკის მისადაგება შესაძლებელია ჰეზბოლასთან.

ჰეზბოლამ ჩამოყალიბება, ბეირუთის 1982 წლის ებრაული თავდასხმის შემდეგ დაიწყო. 1980-იან წლებში ჰეზბოლამ ჩამოიყალიბა რელიგიური იდენტობა. ჰეზბოლას მილიციებმა დაიწყეს ინსტიტუციების, კლინიკების და სამშენებლო კომპანიების შექმნა. მათ მსგავსად მოიქცა „ამალის მოძრაობაც“ ჰეზბოლა შიტურ ისლამზე დაფუძნებული და თეოლოგიურად ირანელ აიათოლა ხომეინის მოძღვრებას მიჰყვება. მათი სლოგანი თავდაპირველად იყო „ლიბანის ისლამური რევოლუცია“, შემდგომ კი გახდა „ისლამური წინააღმდეგობა ლიბანში“. მათ მთავარ ინტერესებში შედიოდა ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სირიის მმართველობის პერიოდში ფეხი მყარად მოიკიდა ლიბანში და სადის მხარდაჭერაც დაიმსახურა. ჰეზბოლა ფინანსდება ირანის მიერ და ასევე სწორედ მის დირექტივებს ემორჩილება (Naoum 2014) (Denny 2021).

ჰეზბოლამ თავისი ძალები 2006 წელს აჩვენა ისრაელთან ომში. სწორედ მაშინ, ჰეზბოლამ თავისი ძალების დემონსტრაცია მოახდინა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ცხადია, ამერიკის შეერთბულ შტატებს და საფრანგეთს, რადგან უკვე დიდი ხანია აკვირდებოდნენ და უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ ლიბანში მიმდინარე პროცესებში, არ გამორჩენიათ ყურადღებიდან ჰეზბოლას ძალა. აშშ-მ და საფრანგეთმა კვლავ გამოიჩინეს ინიციატივა უშიშროების საბჭოში რეზოლუციის შედგენასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული ორი ქვეყნის ამ საკითხზე კოოპერაციის დროს მათ მიდგომებს შორის განსხვავება გამოჩნდა. საფრანგეთი თანაბრად სდებდა ბრალს და მოუწოდებდა ჰეზბოლას და ისრაელს შეეწყვიტა მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება. ამის საპირისპიროდ, აშშ ისრაელის კრიტიკისგან თავს იკავებდა და ჰეზბოლას ადანაშაულებდა ყველაფერში. საბოლოო ჯამში, მოცემულმა განსხვავებებმა ნაპრალი არ გააჩინა ორი ქვეყნის ურთიერთობებს შორის, ისინი კვლავ თანხმდებოდნენ, რომ აუცილებელი იყო საომარი მოქმედებების დასრულება. შედეგად ფრანგული და ამერიკული ინიციატივით შეიქმნა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1701, რომელიც მოითხოვდა „პერმამენტულ ცელცხლის შეწყვეტას და პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას.“ რეზოლუციამ ასევე დააწესა და მოსთხოვა მხარეებს „ლურჯი ხაზის“ დაცვას. საფრანგეთმა გაეროს მისიით ლიბანში 2000 სამხედრო გაგზავნა. ჰეზბოლა საბოლოოდ დაემორჩილა უშიშროების საბჭოს რეზოლუციას (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

2006 წლის ომის შემდეგ, ჰეზბოლას ლიდერებმა დაინახეს, რომ სანიორას მთავრობას, რომელიც იმ პერიოდში მართავდა ქვეყანას და 14 მარტის ალიანსს ზედმეტი ძალაუფლება გააჩნდათ, ამიტომ ჰეზბოლამ განიზრახა დაესრულებინა სანიორას მმართველობა. ამ პერიოდში, კონკრეტულად კი 2007 წლის 25 იანვარს საფრანგეთი კიდევ ერთ დონორულ კონფერენციას მართავდა ლიბანის დასახმარებლად, პარალელურად კი ლიბანში 8 მარტის და 14 მარტის ალიანსების მხარდაჭერებს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა. შედეგად, ფრანგულ- ამერიკული კოოპერაციისთვის ნათელი გახდა, რომ საჭირო იყო მათი ჩართვა მდგომარეობის განსამუხტად. ამიტომ, მათ დაისახეს კონკრეტული გზები, რითაც მხარს დაუჭერდნენ სანიორას მართველობას და დაეხმარებოდნენ ლიბანს დემოკრატიული პროცესების წარმართვაში. აშშ და საფრანგეთი სანიორას მთავრობას დაეხმარა: 1) საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობით, რომელიც ეხებოდა რაფიკ ჰარირის მკვლელობას. ამ ქმედებას მხარს არ უჭერდა არც პრეზიდენტი ემილ ლაჰუდი და არც პარლამენტის სპიკერი ბერრი; 2) არარადიკალური არაბული რეჟიმებისთვის და არაბული ლიგისთვის მოწოდებით დახმარებოდნენ ლიბანს კრიზისის დაძლევაში; 3) სირიაზე ზეწოლით, რომელსაც უნდა მოეწოდებინა 8 მარტის ალიანსისთვის შეეწყვიტათ შეტაკებები 14 მარტის ალიანისს მხარდაჭერებთან. სანიაროას მთავრობის დასახმარებლად ასევე უშიშროების საბჭოში მიღეს კიდევ ერთი დოკუმენტი, რეზოლუცია 1757, რომელიც ეხებოდა ტრიბუნალის დანიშვნას. ეს კი კიდევ ერთი ფრანგულ-ამერიკული გამარჯვება იყო, ლიბანის დაცვის საქმეში (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

სარკოზის გაპრეზიდენტების შემდეგ, გამოჩნდა რომ მისი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულის შტატებთან საკმაოდ კარგი იყო. 2007 წლის შემდეგ ჰეზბოლას კიდევ ჰქონდა შეთხვევები, როდესაც ცხად აგრესიას გამოხატავდა ლიბანში არსებული პარტიების მიმართ. ამის მაგალითია საად ჰარირის, რაფიკ ჰარირის შვილის რეზიდენციის ალყაში მოქცევა. ამ პერიოდის კრიზისი კი დოჰას კონფერენციით განიმუხტა. იმის მიუხედავად, რომ ამ კონფერენციაში არ იყო ჩართული საფრანგეთი, მოხერხდა სიტუაციის დეესკალაცია (Sami E. Baroudi & Imad Salamey 2011).

საფრანგეთი, როგორც გამოჩნდა მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად ეხმარებოდა ლიბანს, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოწვევები და პრობლემები იცვლებოდა. თუ რევოლუციამდე საფრანგეთის მხარდაჭერას ლიბანში ყველაზე მეტად ხელს უშლიდა სირია, „საფრანგეთისთვის მთავარი დაბრკოლება ლიბანში 2005 წლის შემდეგ იყო ჰეზბოლა“ (Denny 2021) კედარის რევოლუციის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ჰეზბოლას მიერ დემონსტრირებულმა სამხედრო ძალამ, მისი ადგილი ლიბანში უფრო გაამყარა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში და მის შემდგომ ირანი აქტიურად აფინანსებდა და მხარს უჭერდა ჰეზბოლას პოლიტიკას. თანდათანობით ჰეზბოლა მყარი პოლიტიკური და სამხედრო ძალა გახდა ქვეყანაში. ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში და აქტიურად იყენებდა სახელმწიფო ინსტიტუტებსაც. 2010-იანი წლებში ეს ტენდენცია აქტიურად                                ჩანდა.            ჰეზბოლა            „თავისუფალი                                პატრიოტული მოძრაობის“ მხარდაჭერით აქტიურად ცდილობდა მონაწიელობა მიეღო ლიბანის მმართველობაში. „თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის“ მხარდაჭერა იმით არის განსაკუთრებული, რომ ის ქრისტიანებისგან დაკომპლექტებული

პოლიტიკური ძალაა, მათი ჰეზბოლასადმი მხარდაჭერა კი ბევრს ნიშნავს. როგორც, წინა თავებში ვახსენე, ლიბანის საგარეო პოლიტიკა ყალიბდება ქვეყნის შიგნით არსებული პროცესების და იდეების შედეგად. ეს განსაკუთრებით მართალი იყო სწორედ 2010-იანი წლების დასაწყისში, რომელიც გამოირჩეოდა საფრანგეთის მიმართ ცვალებადი დამოკიდებულებებით (Denny 2021). როდესაც, ჰეზბოლას ძალაუფლება მეტი იყო მთავრობაში ცხადია, მათ მწყრალი დამოკიდებულება ჰქონდათ საფრანგეთის მიმართ. როდესაც, 14 მარტის ალიანსის პარტიები ჭარბობდნენ, მაშინ დადებითად იყო განწყობილი ლიბანი.

2.3 ლიბანის 2019-2020 წლების კრიზისი და საფრანგეთის როლი

2019 წელს ლიბანში თავი იჩინა მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა. აქციები დაიწყო იმის, შემდეგ რაც მთავრობამ დაგეგმა ბუნებრივ აირზე, თამბაქოზე და ინტერნეტ აპლიკაციებზე გადასახადის მომატება. ამ ფაქტორმა, ხალხში გამოიწვია აღშფოთება და 2019 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო მასშტაბური აქციები, რაც ერთი წელი გაგრძელდა. კრიზისს თან დაერთო კორონავირუსის ეპიდემია რამაც, კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა ქვეყანაში (BBC News 2020).

ლიბანში კრიზისის მიზეზებად სექტარიანულ მმართველობას ასახელებდნენ. 2018 წლის არჩევნებში 8 მარტის ალიანსის წევრი პარტიები მოხვდნენ უმრავლესობაში. მაშასადამე, ჰეზბოლას ძალაუფლება ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოვდა. შედეგად, მათი ძალაუფლების პერიოდში, ქვეყანაში წარიმართა ისეთი პროცესები, რამაც საბოლოოდ ქვეყანა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა. ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ ენერგეტიკისა და წყლის სამინისტრო სწორედ ჰეზბოლას ძალაუფლების ქვეშაა (Denny 2021), რაც მათ ეფექტურ ბერკეტს აძლევს ქვეყანაში არსებული ძალებზე.

ჰეზბოლას მიერ მოხდა სექტარიანული მმართველობის წახალისება, სწორედ მათ ინტერესებში შედის, რომ ქვეყანაში არსებული ძალები არ გაერთიანდნენ. ბოლო წლებში ლიბანის პოლიტიკა, მაღალი კორუფციის ხარისხით ხასიათდება. ამჟამად საერთაშორისო კორუფციის ინდექსით ლიბანი 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილზე იმყოფება (Transparency International 2021). ლიბანელი ეკონომისტები კრიზისის მთავარ მიზეზადაც სწორედ ამას ასახელებენ. სწორედ ზემოხსენებულ, ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად წყლის და ენერგეტიკის სამინისტროში საეჭვოდ დიდი რაოდენობით ფული ჩაიდო ბოლო წლების განმავლობაში (Denny 2021), ლიბანში ნათელი იყო რომ სექტარიანული მმართველობა, რომელიც უკვე 1943 წლიდან ფუნქციონირებს ძალიან აზარალებდა ქვეყანას. ეს დამოკიდებულება გაიზიარა, ლიბანის პრემიერ მინისტრმა, საად ჰარირიმ და პოზიციიდან გადადგა (BBC News 2020).

პრემიერ მინისტრის გადადგომამ, გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის გამწვავებასთან ერთად, უფროდაუფრო მეტად ხდებოდა დამოკიდებული ქვეყანა ჰეზბოლაზე. საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, სწორედ ისინი აწვდიდნენ მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას. პანდემიის მიუხედავად, მოსახლეობაში აღშფოთება იმდენად დიდი იყო, მაინც გრძელდებოდა აქციები. სექტარიანიზმის მიმართ ძალიან ძლიერი ანტიპათია ჩამოყალიბდა, ხალხი ამგვარი მმართველობის დასრულებას მოითხოვდა. „საერთო საფრთხე   იწვევს    დეკატეგორიზაციის    პროცესს    სოციალურ    ჯგუფებს შორის“ (Felicitas Flade, Yechiel Klar, Roland Imhoff, 2019). ხალხის წინაშე არსებულმა პრობლემამ, მოსახლეობა გააერთიანა და შეიძლება ითქვას თითქოს გადაფარა კიდეც, ის სექტარიანული იდენტობა, რომელიც აქამდე ლიბანში ნათლად ჩანდა (Tom Allinson, Ismail Azzam 2020).

ეს გარემოებაც შესაძლებელია აისნას კონსტრუქტივიზმით, მოცემული თეორია მიიჩნევს, რომ იდენტობები არ არის მყარი, არამედ ის კონსტრუირდება დროთა განმავლობაში (Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller 2019). ლიბანში მომხდარი ზემოხსენებული მოვლენა კი შეიძლება იყოს სწორედ ის დრო და ადგილი, რის შედეგადაც მოხდეს ლიბანელ მოსახლეობაში ახალ იდენტობათა კონსტრუირება ან უკვე არსებულის გაძლიერება.

როგორც, წინა თავებში გამოჩნდა საფრანგეთი აქტიურად ეხმარებოდა ლიბანს, როდესაც ეს უკანასკნელი კრიზისულ მდგომარეობაში ხვდებოდა. არც ეს შემტხვევა იყო გამონაკლისი. საფრანგეთი კორონავირუსის და კრიზისის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ლიბანთან, მაგრამ კულმინაცია იყო მაშინ, როდესაც ბეირუთის აფეთქება მოხდა 2020 წლის 4 აგვისტოს.

ემანუელ მაკრონი 6 აგვისტოს ჩავიდა ბეირუთში და ლიბანელებს თანადგომა გამოუცხადა. საინტერესოა, რომ მაკრონის ლიბანში ჩასვლას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ინტერნეტში წარმოიქმნა ონლაინ პეტიცია, რომელიც სთხოვდა საფრანგეთს, დროებით აღედგინა მისი მანდატი ლიბანზე. მაკრონმა ვიზიტისას ლიბანელებს მიმართა: „თქვენ წერთ თქვენს ისტორიას“. ამის მიუხედავად, პეტიციას 60 ათასი ხელმომწერი ჰყავდა (El-Deeb, Angela Charlton and Sarah 2020). ამ ფაქტმა გააღვიძა მუსლიმ მოსახლეობაში არსებული ლიბანის საფრანგეთის მიერ ხელმეორე კოლონიზაციის საუკუნოვანი შიში. ეს ყველაფერი კი მედიაზეც აისახა.

პოსტკოლონიალური თეორიის სწავლულმა ალი კასიმმა, გამოაქვეყნა სტატია, სადაც    საფრანგეთს    ლიბანის    ხელმეორე    კოლონიზაციაში    ადანაშაულებს:

„ევროპული დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ, ლიბანელები ხელმეორედ ვეგებით კოლონიურ მახეებში, რამაც თავდაპირველად ჩვენი ქვეყანა კრიზისში შეიყვანა“ (Kassem 2020). ალი კასიმის სტატიის პათოსით განმსჭვალული სტატიები საკმაოდ მრავლად მოიძებნება ინტერნეტში. როგორც გამოჩნდა, ის შიშები და საფრთხეები, რომელიც არსებობდა ნაციონალური პაქტის დადების პერიოდში დღემდე არსებობს ლიბანის მოსახელობაში. პეტიცია და ამგვარი რეაქცია არის სწორედ ამის არგუმენტი.

კოლონიალისტური პოლიტიკა ცალსახად უარყო მაკრონმა ინტერვიუში: „თქვენ არ შეგიძლიათ მთხოვოთ თქვენი ლიდერების ჩანაცვლება, შეუძლებელია“, „არ არსებობს ფრანგული გამოსავალი“ (El-Deeb, Angela Charlton and Sarah 2020). ფრანგი პრეზიდენტის მიზანი ლიბანში ძალაუფლების მოპოვება რომ არ იყო, ეს მის შემდგომ პოლიტიკაშიც აისახა.

დასავლეთის ქვეყნებისთვის ცხადი იყო რომ ლიბანთან ურთიერთობაში ყველაზე გამოცდილი საფრანგეთი იყო. ეს ცხადია, განპირობებულია, ისტორიული და კულტურული ფაქტორების გამო, ამიტომ სწორედ საფრანგეთი უნდა ყოფილიყო ის ქვეყანა, რომელიც დაეხმარებოდა ლიბანს კრიზისიდან გამოსვლაში. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საფრანგეთი არ უპირისპირდება ლიბანის პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ჰეზბოლასაც, რომელიც გერმანიის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაც არის მიჩნეული (Al Jazeera Centre for Studies 2020). ამრიგად, საფრანგეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც სურდს ჰეზბოლასთან მოლაპარაკება და პრობლემების აღმოსაფხვრელად ერთობლივი მუშაობა.

საფრანგეთის ლიბანთან ურთიერთობის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასთან შედარებისას ნათელი ხდება, რომ ეს უკანასკნელი უფრო რეალისტური თეორიით უყურებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ეს გამოიხატება, სამხედრო ძალის გამოყენებით რეგიონში და მისი მოკავშირე ისრაელის სამხედრო გაძლიერებით. ეს ყველაფერი კი ემსახურება ირანის ძალაუფლების დაბალანსებას (Kenneth Katzman, Kathleen J. McInnis, Clayton Thomas 2020). ამის საპირისპიროდ, საფრანგეთი ცდილობს აირიდოს ყველანაირი სამხედრო აქტივობა ლიბანში და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაეხმაროს მის მეგობარ სახელმწიფოს. სწორედ ეს ჩანს საფრანგეთის სურვილით შეხვდეს პარტიებს და მოლაპარაკებების გზით დაეხმაროს მათ კრიზისის აღმოფხვრაში.

დასკვნა

ლიბანში არსებულმა სექტარიანულმა დაყოფამ, გამოიწვია ქვეყანაში განსხვავებულ საგარეო პოლიტიკათა ჩამოყალიბება. საზოგადოებაში არსებულმა არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებებმა გამოიწვია ტურბულენტული საგარეო პოლიტიკა საფრანგეთთან. ჯერ კიდევ საფრანგეთის მანდატის პერიოდში გამოჩნდა, თუ რაოდენ განსხვავებულად აღიქვეს მუსლიმებმა და ქრისტიანებმა

ევროპული ქვეყნის პოლიტიკა. ნაშრომში გამოჩნდა რომ ლიბანელმა მუსლიმებმა საგარეო პოლიტიკის პრო-სირიული გეზი აირჩიეს, მარონეტებმა კი პრო- დასავლური. ეს დამოკიდებულებები შედარებით ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ დღემდე არსებობს. კონსტრუქტივისტული მიდგომით კარგად გამოჩნდა, თუ როგორც განაპირობა ქვეყნაში საუკუნის განმავლობაში კონსტრუირებულმა იდენტობებმა და იდეებმა ლიბანის საგარეო პოლიტიკა საფრანგეთთის მიმართ.

იმის დასადგენად, თუ რა როლი აქვს საფრანგეთს ლიბანში, აუცილებელი იყო, როგორც საფრანგეთის ქმედებათა ანალიზი, ისე ლიბანში არსებული დამოკიდებულებების გააზრება. სწორედ ამაზე დაყრდნობით შეიძლება წარმოდგენა გაჩნდეს საფრანგეთის როლზე ლიბანში. ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ საფრანგეთის მიერ გატარებული პოლიტიკა ჯერ კიდევ, სამოქალაქო ომის დროს მიმართული იყო ლიბანის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვისკენ. ეს ნარატივი კი ყველაზე თვალსაჩინო იყო კედრების რევოლუციისას და მის შემდგომ. საფრანგეთის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებულმა ქმედებებმა ფაქტობრივად მეორეჯერ მოუტანა ლიბანს დამოუკიდებლობა.

სირია და ჰეზბოლა არიან ის მეტოქეები, რომლებიც დაბრკოლებას წარმოადგენენ ლიბანში საფრანგეთის პოლიტიკისთვის. რევოლუციამდე, როგორც გამოჩნდა სირია იყო ის ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ლიბანის სუვერენიტეტის შელახვა, კედარის რევოლუციის შემდეგ კი, ირანის ინტერესებს დაქვემდებარებული ჰეზბოლა ცდილობს თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს ლიბანი. ორივე ოპონენტთან მიმართებით საფრანგეთის პოლიტიკამ აჩვენა, რომ არ იყო აგრესიისკენ მიდრეკილი და უპირველეს ყოვლისა ლიბანის დახმარებაზე იყო ორიენტირებული.

აჟიოტაჟი, რომელიც მაკრონის ბეირუთში ჩასვლის შემდგომ შექმნილ პეტიციას მოჰყვა, ცხადყოფს იმ დამოკიდებულებებს, რომლებიც უკვე საუკუნეა არსებობს ფრანგების მიმართ. მუსლიმ მოსახლეობას კვლავ საფრთხედ მიაჩნია ფრანგთა პოლიტიკა ლიბანში. როგორც, ნაშრომში გაირკვა ეს არის კოლონიური პერიოდიდან გამოყოლილი შიში, რომელიც ცხადად გამოიხატა ნაციონალური პაქტის შინაარსშიც, მოცემულ ნაშრომში გამოჩნდა, რომ არსებულ თანამედროვეობაში საფრანგეთის პოლიტიკის და როლის, კოლონიზატორულად მოხსენიება უსაფუძვლოა. ამის შემჩნევა შესაძლებელია 2020 წელს კრიზისის გადასაწყვეტად მოწყობილ მომლაპარაკებებშიც. საფრანგეთის პოლიტიკა იყო თანამშრომლობაზე ორიენტირებული და არ გამოჩენილა მასში ძალაუფლების მოპოვების სურვილი.

საბოლოოდ, ნაშრომმა აჩვენა, რომ საფრანგეთის როლი ლიბანში ჯდება დემოკრატიულ ჩარჩოებში და მიზნად ისახავს ქვეყანაში სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობის პრინციპების გავრცელებას.

ბიბლიოგრაფია:

Al Jazeera Centre for Studies. “Al Jazeera Centre for Studies.” Al Jazeera Centre for Studies.

September 13, 2020. https://studies.aljazeera.net/ar/article/4781.

BBC News. BBC News. August 5, 2020. https://www.bbc.com/news/world-middle-east-53390108 (accessed February 9, 2021).

Denny, Joud E., interview by Teimuraz Kobakhidze. Relations Between France and Lebanon (29 January 2021).

El-Deeb, Angela Charlton and Sarah. The Washington Post. August 8, 2020. https://www.washingtonpost.com/world/middle_east/is-france-helping-lebanon-or- trying-to-reconquer-it/2020/08/08/3b582afe-d94b-11ea-a788-2ce86ce81129_story.html (accessed January 06, 2021).

Felicitas Flade, Yechiel Klar, Roland Imhoff,. “Unite against: A common threat invokes spontaneous decategorization between social categories.” Journal of Experimental Social Psychology, 2019: 1-14.

Kassem, Ali. The New Humanitarian. August 14, 2020. https://www.thenewhumanitarian.org/opinion/2020/08/14/Lebanon-Beirut-explosion-ai

Kenneth Katzman, Kathleen J. McInnis, Clayton Thomas. U.S.-Iran Conflict and Implications for

U.S. Policy. Foreign policy analysis, Washington, DC: Congressional Research Service, 2020.

MacFarquhar, Neil. The New York Times. 20 March 2005. https://www.nytimes.com/2005/03/20/world/middleeast/behind-lebanon-upheaval-2- mens-fateful-clash.html (accessed February 07, 2021).

Naoum, Rita. Constructivism and Lebanon’s Foreign Policy Following Syria’s Uprising. A thesis Submitted in partial fulfillment of the requirements for the degree of Master of Arts in International Affairs, Byblos: School of Arts and Sciences, 2014.

Pipes, Daniel. Greater Syria: The History of an Ambition. New York: Oxford University Press, 1992.

Robert Jackson, Georg Sørensen, Jørgen Møller. Introduction to International Relations Theories and Approaches. Oxford: Oxford University Press, 2019.

Safa, Oussama. “Getting to Arab Democracy: Lebanon Springs Forward.” Journal of Democracy

Volume 17 (2006): 22-37.

Saint-Joseph University. Saint-Joseph University. 05 January 2021. https://www.usj.edu.lb/universite/historique.php?lang=2 (accessed January 05, 2021).

Salloukh, Bassel F. “The Art of the Impossible: The Foreign Policy of Lebanon.” In The Foreign Policies of Arab States: The Challenge of Globalization, by Bahgat Korany, 283-317.

American University in Cairo Press, 2009.

Sami E. Baroudi & Imad Salamey. “US-French Collaboration on Lebanon: How Syria’s Role in Lebanon and the Middle.” The Middle East Journal, 2011: 398-425.

Tabar, Dr Paul. Lebanon: A Country of Emigration and Immigration. Beirut: Institute for Migration Studies, LAU Press, 2010.

The Security Council. United Nations. n.d. https://digitallibrary.un.org/ (accessed February 07, 2021).

Tom Allinson, Ismail Azzam. The Washington Post. 31 August 2020. https://www.dw.com/en/opposition-in-lebanon-forms-coalition-against-sectarianism- after-beirut-blast/a-54774964 (accessed February 7, 2021).

Transparency International. CORRUPTION PERCEPTIONS INDEX. February 9, 2021. https://www.transparency.org/en/cpi/2020/index/lbn# (accessed February 9, 2021).

Vang, Jamie. Glimpse from the Globe. September 14, 2020. https://www.glimpsefromtheglobe.com/regions/middle-east-and-north-africa/french- colonialism-in-lebanon-in-the-wake-of-the-beirut-blast/ (accessed February 06, 2021).

Zimblert, Brian L. “Peacekeeping Without the UN: The Multinational Force in Lebanon and International Law.” Yale Journal of International Law, 1984: 222-251.

By Misho

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

You missed