საბაკალავრო ნაშრომი მომზადებულია
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისთვის

ნაშრომის ავტორი:
რატი კობახიძე

ნაშრომის ხელმძღვანელი:
თინათინ ქაროსანიძე

თბილისი, საქართველო
23 ივლისი, 2021

სტატია გამოქვეყნებულია თავისუფალ უნივერსიტეტთან მემორანდუმის ფარგლებში

 

მადლობა

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანს – თინათინ ქაროსანიძეს, რომლისგანაც მთელი მუშაობის პროცესის განმავლობაში ვგრძნობდი მუდმივ მხარდაჭერას და ვიღებდი არაერთ მნიშვნელოვან  რჩევას. მისი ჩართულობისა და დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი კვლევის ამ სახით წარმოდგენას.

ასევე მადლობას მოვუხდი საქართველოს ყოფილ ელჩს კატარში – ქალბატონ ეკატერინე მაიერინგ მიქაძესა და მის მეუღლეს, ახლო აღმოსავლეთის შესანიშნავ მცოდნესა და პოლიტიკის მეცნიერს – გრეგორ მაიერინგს , რომლებმაც არაერთგზის მომცეს მნიშვნელოვანი  და საინტერესო შინაარსობრივი თუ სტრუქტურული რეკომენდაციები. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკატერინეს ინტერვიუში მონაწილეობისთვის, რამაც კვლევა მნიშვნელოვნად გაამდიდრა.

მადლობას ვუხდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორსა და ჩემს ახლო მეგობარს – გიორგი მელაშვილს, რომელიც მთელი მუშაობის პროცესის განმავლობაში ზრუნავდა, რომ არ დამკლებოდა მოტივაცია და  ყოველთვის მეხმარებოდა  ნაშრომთან დაკავშირებულ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში.

აბსტრაქტი

პატარა სახელმწიფოების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი ხნის განმავლობაში მიჩქმალული თემა იყო. ითვლებოდა, რომ მათ საერთაშორისო პოლიტიკაზე რეალური გავლენა არ ჰქონდათ. მე-20 საუკუნეში პატარა სახელმწიფოებმა ეკონომიკური სასწაულებით მსოფლიო გააოცეს, ამასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათ საკუთარი გაერთიანებული ხმით დიდი ძალებისთვის დაპირისპირების საშუალება მისცეს. თუმცა კატარის მაგალითი მთლიანად ეურჩება პატარა სახელმწიფოებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას. „მოწყვლადობის“, რაც პატარა სახელმწიფოების უდაოდ დამახასიათებელი ნიშანია, დაძლევა კატარმა აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების გზით სცადა. ეს მცდელობა მეტწილად წარმატებული გამოდგა.

ამ კვლევაში გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდოლოგია, მათ შორის მეორეული ლიტერატურის სისტემური ანალიზი და თვისებრივი კვლევის მეთოდი – ჩაღრმავებული ინტერვიუ. ნაშრომი კატარის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების და მექანიზმების შესწავლით, ცდილობს წარმოაჩინოს პატარა სახელმწიფოების შესაძლო აქტიური როლი რეგიონალურ პოლიტიკაში. კატარის მაგალითი აჩვენებს, რომ პატარა სახელმწიფოებს მრავალგანზომილებიანი, კომპლექსური საგარეო პოლიტიკისა და „რბილი ძალის“ ეფექტური გამოყენებით, შესწევთ უნარი დაძლიონ საკუთარი „მოწყვლადობა“ პოლიტიკური გზით.

კვლევა აჩვენებს, რომ კატარის აქტიურმა საგარეო პოლიტიკა, სხვადასხვა რეგიონალურ და საერთაშორისო ძალებთან შესაბამისი დიპლომატიური ურთიერთობებით და „რბილი ძალის“ ადეკვატური და სტრატეგიული გამოყენების საშუალებით, მოახერხა საკუთარი პოლიტიკური უსაფრთხოების ზრდა და სუვერენიტეტის განმტკიცება.

კვლევა ასევე მიმოიხილავს თუ რა გავლენა შესაძლოა იქონიოს კატარის მაგალითმა საერთაშორისო პოლიტიკაში პატარა სახელმწიფოების როლის შესახებ არსებული წარმოდგენებზე. ასევე, მიმოხილულია, თუ რა გაკვეთილები შეიძლება მიიღოს საქართველომ კატარის წარმატებული შემთხვევიდან.

შესავალი

2021 წლის იანვარში კატარის ბლოკადა ოფიციალურად დასრულდა. კატარის დიდმა მეზობელმა – საუდის არაბეთმა და მისმა მოკავშირეებმა 4 წლიანი დიპლომატიური და სავაჭრო ბლოკადის მიუხედავად კატარის მოდრეკვა ვერ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა გაუძლო მის ისტორიაში ყველაზე მძიმე გამოწვევას.

საუდის არაბეთი კატარზე გაცილებით დიდი და სამხედრო კუთხით ძლიერი სახელმწიფოა. თუმცა კატარის წარმატებას საფუძველი ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაეყარა, როდესაც ახალი ამირას – ჰამად ბინ ხალიფა ალ-სანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდგომ, კატარის საგარეო პოლიტიკა სრულიად რეფორმულირდა. ამ პატარა ქვეყნის მიზანი უსაფრთხოების რთული და კომპლექსური სისტემის შექმნა გახდა, რომელიც მოიცავდა, როგორც სახელმწიფოთაშორის დიპლომატიას, ასევე „რბილი ძალის“ მექანიზმების აქტიურ გამოყენებას კატარის აქტიური ბრენდინგისთვის. ამ პოლიტიკის მიზანი იყო, რომ კატარი გამხდარიყო მსოფლიოში ცნობილი სახელმწიფო, რომელიც ბევრი სხვადასხვა რეგიონალური თუ საერთაშორისო აქტორის პოლიტიკისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი რგოლი იქნებოდა.

კატარმა ეს ფინანსური რესურსების, დიპლომატიური მოქნილობისა და „რბილი ძალის“ მეთოდების მიზანმიმართული და სტრატეგიული გამოყენებით მოახერხა. ამ ნაშრომის მიზანი სწორედ კატარის წარმატებული მაგალითის შესწავლაა.

თავდაპირველად, კვლევა მიმოიხილავს პატარა სახელმწიფოების შესახებ არსებულ სხვადასხვა დეფინიციებს. ასევე, განსხვავებული იდეოლოგიების ხედვას პატარა სახელმწიფოების როლის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში.

ამის შემდგომ, ნაშრომი წარმოაჩენს იმ ისტორიულ კონტექსტს, რომელშიც კატარის საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბდა. მიმოხილული იქნება, როგორც კატარის ჩამოყალიბება და ადრეული პოლიტიკა, ასევე 1995 წლის უსისხლო გადატრიალების მნიშვნელობა.

კვლევის მესამე ნაწილი უშუალოდ კატარის საგარეო პოლიტიკას განიხილავს. აქ წარმოჩენილი იქნება კატარის ურთიერთობა რეგიონალურ და საერთაშორისო აქტორებთან, ასევე „რბილი ძალის“ 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი – მედია საშუალება – „ალ-ჯაზირა“ და რეგიონში სხვადასხვა რთულ და დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებში შუამავლობა. ამ ყველაფერთან ერთად ნაჩვენები იქნება კატარის ჩართულობა და ალ-ჯაზირას მნიშვნელობა „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებში. ამ პერიოდში კატარის პოლიტიკა განსაკუთებული აქტიურობით ხასიათდებოდა და ამას კონკრეტული შედეგებიც მოყვა. ამის შემდგომ, მიმოხილული იქნება, თუ როგორ მიიყვანა კატარის საგარეო პოლიტიკამ იგი 2017 წლის საუდის ხელმძღვანელობით დაწყებულ ბლოკადამდე და როგორ დაეხმარა იგივე ფაქტორი ამ კრიზისის დაძლევაში.

კვლევის ბოლოს შეფასებული იქნება კატარის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობა. ამასთანავე, განხილული იქნება თუ რამდენად ეურჩება ან არ ეურჩება კატარის მაგალითი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების შეხედულებებს პატარა სახელმწიფოების როლის შესახებ. ამ ყველაფერთან ერთად, ნაშრომის ბოლოში ისიც იქნება მიმოხილული, თუ რა შესაძლო გაკვეთილები შეიძლება მიიღოს საქართველომ კატარის გამოცდილებიდან.

კვლევის მნიშვნელობა და მიზნები

კვლევის მიზანი კატარის საგარეო პოლიტიკის სიღრმისეული შესწავლა, ამაზე დაყრდნობით კი პატარა სახელმწიფოების შესახებ ახალი ცოდნის მოძიებაა. კვლევამ უნდა შეაფასოს თუ რამდენად განსხვავებულია კატარის საგარეო პოლიტიკური მიდგომები პატარა ქვეყნების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების წარდგენებისგან, ასევე შეაფასოს მისი ეფექტურობა.

კვლევის მიზანი ასევე საქართველოში მასთან ტერიტორიულად ახლოს მდებარე რეგიონში მიმდინარე პროცესების შესწავლაცაა. ამასთან ერთად, ნაშრომმა წილი უნდა შეიტანოს საქართველოში არსებულ დისკურსზე საერთაშორისო პოლიტიკაში პატარა სახელმწიფოების როლის შესახებ.

კვლევა საქართველოს კონტექსტშიც აქტუალურია. საქართველოსა და კატარს ერთმანეთთან პატარა სახელმწიფოს სტატუსი აკავშირებთ. ბუნებრივია, მათ შორის არსებობს სერიოზული განსხვავება ეკონომიკურ რესურსებსა და პოლიტიკურ მოწყობაში. ამის მიუხედავად, კატარის პოლიტიკურმა გამოცდილებამ საქართველოს პოლიტიკური ელიტაც უნდა დააინტერესოს.

საქართველოს, ისევე როგორც კატარს, მეზობლად დიდი და ძლიერი სახელმწიფო ჰყავს, რომელსაც მისი გაკონტროლება სურს. კატარმა მოახერხა დაეძლია ეს მუდმივი საფრთხე ისეთი სტრატეგიის შექმნით, რომელიც უზრუნველყოფდა მის ხილვადობას საერთაშორისო დონეზე. ამან ქვეყანას მისცა შესაძლებლობა შეექმნა პოლიტიკური, მედია, საგანმანათლებლო, ასევე სპორტული და ლოჯისტიკური პროფილები. რეგიონის განსხვავებულ ქვეყნებში კრიზისულ სიტუაციებში კატარის შუამავლობით, საერთაშორისო მედია საშუალება – ალ-ჯაზირათი, ცნობილი და მნიშვნელოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კამპუსების გახსნით, ამასთან ერთად, დოჰას სპორტულ ჰაბად გარდაქმნით და Qatar Airways-ის დაფუძნებით, კატარმა შექმნა ბრენდინგის კამპანია, რომელმაც პატარა სახელმწიფო საერთაშორისო პოლიტიკის გეოგრაფიულ და მენტალურ რუკაზე მტკიცედ დასვა.  საქართველოც, ერთი პერიოდი აქტიურად ცდილობდა საკუთარი ბრენდინგის კამპანიის შექმნას.[1] 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ქვეყნის სხვადასხვა რეიტინგებში, მაგალითად მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში“, წინ წაწევას, ამასთანავე, ხშირი იყო საუბრები იმაზე, რომ საქართველო წარმოადგენდა ერთადერთ დემოკრატიას რეგიონში. ეკონომიკური მოდერნიზაცია და დერეგულაცია, ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები, მაგალითად კორუფციის წინააღდმდეგ ბრძოლა, აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად. ეს კი უნდა ასახულიყო როგორც გაზრდილ ინვესტიციებში, ასევე უნდა გაუმჯობესებინა ეროვნული უსაფრთხოება.  2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, საქართველომ, თუმცა შეინარჩუნა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სახით, მაგრამ უარი თქვა ბრენდინგის აქტიურ პოლიტიკაზე. საქართველომ თვითგადარჩენის სტრატეგიად არა საკუთარი თავის „რუკაზე მონიშვნა“, არამედ „რუკიდან გაქრობა“ გადაწყვიტა. ამას კი რეგიონალურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი რუსეთთან, არაკონფრონტაციული და რაც შეიძლება შეუმჩნეველი მიდგომის არჩევის გზით აღწევს. „ბორდერიზაციისა“ და „მცოცავი ოკუპაციის“ პროცესის გამძაფრება ერთ-ერთი ცხადი დეკონსტრაციაა იმისა, რომ ეს მიდგომა ეფექტური ვერ გამოდგა. მაშინ, როცა კატარმა  განაგრძო აქტიური ბრენდინგის და საერთაშორისო პოლიტიკაში ყურადღების მიქცევის პოლიტიკა, რეგიონში მიმდინარე სერიოზული დაძაბულობების ფონზე, როგორიც იყო პალესტინის მეორე „ინთიფადა“, აშშ-ს ერაყში ინტერვენცია, არაბული გაზაფხული და საუდის არაბეთის ლიდერობით დაწესებული 4 წლიანი ბლოკადა, საქართველომ უარი თქვა ამ მიდგომის განხორციელებაზე, რის შედეგადაც, ეს აქტიური ბრენდინგის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების წარმატებულობა ვერ დაიტესტა გრძელვადიან პერსპექტივაში.

კატარის საერთაშორისო ბრენდინგის წარმატებული მაგალითის საფუძველზე, საქართველოსთვის შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს, რომ მან, როგორც პატარა ქვეყანამ, თავის „რბილი ძალის“ სტრატეგიას გადახედოს. იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს აქტიური ბრენდინგის და წარმატებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, მნიშვნელოვანია ადეკვატურად შეფასდეს თუ რა პოლიტიკური, ეკონომიკური ან სიმბოლური ნიშა შეიძლება დაიჭიროს მან რეგიონალურ პოლიტიკაში. ამისათვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის დისკურსმა უფრო შინაარსობრივად უნდა ასახოს ფართო რეგიონალური კონტექსტი. აქ უნდა არსებობდეს ინფორმაციული საუბრები და განხილვები შავი ზღვის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონებისა და მათთან მიმართებაში საქართველოს შესაძლო როლის შესახებ. მაგალითისთვის, საქართველოს არასდროს უცდია გამოეთქვა მოსაზრება მის მიმდებარე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ხშირად შევხვდებით მტკიცებებს იმის შესახებ, რომ საქართველო ისტორიულად მთელი კავკასიის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ცენტრი იყო. მსგავსი მიდგომა ერთი მხრივ იმით აიხსნება, რომ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს არ აქვთ სურვილი აქტიურად ჩაერთნონ რეგიონალურ პოლიტიკურ მოვლენებში. თუმცა, ასევე, აღსანიშნია, რომ ამას ნაწილობრივ განაპირობებს რეგიონალური პროცესების ექსპერტული ცოდნის ნაკლებობა პოლიტიკურ ელიტებში.

აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი მებრძოლების გათავისუფლება და ამაში საქართველოს როლი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველომ. აღსანიშნია, რომ კატარსაც არაერთხელ შეუსრულებია მედიატორის როლის სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებებიდან ადამიანების გამოხსნის მიზნით. თუმცა ეს შემთხვევა ცალკეულ ინციდენტს უფრო ასახავს და არ წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგად მიდგომას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა ზედმეტად სწორხაზოვანია. ბუნებრივია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ქვეყნის დასავლური გზა უმნიშვნელოვანესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის და პოლიტიკური წარმატებისთვის. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მეტად იზრუნოს მის სიახლოვეში მდებარე სხვა სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებთან, უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია და მისი გარდაქმნა მრავალგანზომილებიან მიდგომად შესაძლოა გაცილებით უფრო ეფექტური გამოდგეს საქართველოს საბოლოო მიზნისთვის – დასავლურ სამყაროში ინტეგრაციისთვისაც.

ბუნებრივია, ნებისმიერი ტიპის ქმედითი საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის უპირველესი ამოცანა შიდა პოლიტიკური სტაბილურობაა. კატარის მონარქია ამ კუთხით ერთგვარი უპირატესობა გამოდგა, რეალური ძალაუფლება სულ ერთეული ადამიანების ხელშია, თუმცა შესაძლო შიდა-ოჯახური დაპირისპირებები შეიძლება სავალალოდ აისახოს კატარის მომავალში. ფუნქციური დემოკრატიისა და ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების გამართვა სტაბილურობის უფრო გრძელვადიანი და მტკიცე გარანტიაა. სამწუხაროდ, საქართველო ამ კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ფაქტობრივად მუდმივი პოლიტიკური კრიზის მდგომარეობაშია. შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და ინსტიტუციების სისუსტე კი ნეგატიურად აისახება საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმულირებასა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მის აღსრულებაზე. ამასთან ერთად, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და დაძაბულობა ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს და სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთულს ხდის აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას.

მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური რესურსებიც, რა კუთხითაც საქართველოს არ აღმოაჩნდა იგივე იღბალი რაც კატარს. მიუხედავად ბუნებისგან დაჩაგრულობისა, კატარის მიერ არჩეული გზის ანალიზსა და აქედან საქართველოსთვის საჭირო დასკვნების გამოტანაზე უარი არ უნდა ითქვას. მსოფლიოში არსებობს სხვა პატარა სახელმწიფოებიც, რომლებმაც აქტიური ბრენდინგის კამპანიები თავიანთ საგარეო პოლიტიკაში გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან მსოფლიოს ენერგეტიკური სექტორის ან ფინანსური ბაზრების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები. მაგალითად, ესტონეთი ცნობილია თავისი ტექნოლოგიური წიაღსვლებითა და ბიზნესისადმი მეგობრული გარემოთი, რასაც აქტიურად იყენებს საერთაშორისო მიზიდულობისა და რეპუტაციის მისაღებად. ესტონეთს თუმცა აქვს ნავთობი მარაგი, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით მისი რაოდენობა მცირეა. ამასთან ერთად მასთან საქარველო საერთო საბჭოურ წარსულსაც იზიარებს. საერთოა ასევე რუსეთიდან მომდინარე მუდმივი საფრთხეც.

საბოლოო ჯამში, კატარის მაგალითი საქართველოსთვის იმის მასწავლებელი შეიძლება გახდეს, რომ ეს უკანასკნელი მრავალმხრივი და აქტიური საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე უნდა დაფიქრდეს. ეს თავის თავში ბრენდინგის ტარგეტირებულ კამპანიასაც მოიცავს. საქართველოს ბრენდი კატარისგან განსხვავებული შესაძლოა იყოს და უნდა იყოს კიდეც. თუმცა კატარის პატარა სახელმწიფოს მაგალითზე გამოჩნდა, რომ შიდა პოლიტიკურმა სტაბილურობამ, მზარდმა რეგიონალურმა ექსპერტიზამ და სტრატეგიულმა აზროვნებამ შეიძლება პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა დინამიური და გაცილებით უფრო ეფექტური გახადოს. ეს დაეხმარა კატარს დაეტოვებინა მისი „დიდი ძმის“ ჩრდილი და გაეზარდა წინააღმდეგობის უნარი, რაც ნათლად გამოჩნდა მისი მხრიდან არაერთი პოლიტიკური და დიპლომატიური კრიზისის წარმატებით გადალახვაში.

კვლევის მეთოდოლოგია

კატარის საგარეო პოლიტიკის შესასწავლად, მისი ეფექტურობის შესაფასებლად და პატარა სახელმწიფოების როლის შესახებ არსებული წარმოდგენებისთვის მისი მაგალითის შესადარებლად, კვლევა იყენებს სამაგიდო კვლევის (Desk Research) მეთოდს, მეორეული ლიტერატურის სისტემური შესწავლის გზით. ნაშრომში გამოყენებულია როგორც თეორიული ტიპის ლიტერატურა, სადაც წარმოჩენილია პატარა სახელმწიფოების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების დამოკიდებულება, ასევე იმ ტიპის აკადემიური ნაშრომები და მონოგრაფიები, რომლებიც უშუალოდ კატარის საგარეო პოლიტიკას აღწერენ. კვლევაში გამოყენებულია სამი ტიპის ლიტერატურა: მონოგრაფიები; აკადემიური კვლევები; ონლაინ საგაზეთო სტატიები.

ლიტერატურის სისტემური მიმოხილვის გარდა, კვლევა ეყრდნობა ავტორის მიერ სპეციალურად ამ ნაშრომისთვის ჩაწერილ ინტერვიუს. ავტორმა კატარის საგარეო პოლიტიკის, მათი ამოცანების და მოქმედების მექანიზმების შესახებ ისაუბრა ეკატერინე მაიერინგ-მიქაძესთან. იგი იყო საქართველოს ელჩი კატარში 2009(2012)-2017 წლებში და „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ მკვლევარი.

კვლევის ამ მეთოდების საშუალებით, ნაშრომი შეაფასებს კატარის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობას, ასევე განიხილავს, თუ რამდენად დევიაციურია კატარის შემთხვევა საერთაშორისო სისტემაში პატარა სახელმწიფოების როლის შესახებ არსებული სხვადასხვა წარმოდგენებისგან.

ლიტერატურის მიმოხილვა

ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა შინაარსობრივად 3 ნაწილად შეიძლება დაიყოს.

პირველი ტიპის ლიტერატურა კვლევით თეორიული ნაწილის შესაქმნელად იქნა გამოყენებული. ალექსანდრე რონდელის „პატარა სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში“, ასევე აბდელრაუფ გალალის სტატია „პატარა სახელმწიფოების ქცევა საერთაშორისო ურთერთობების თეორიებით თვალთახედვით“ პატარა სახელმწიფოების დეფინიციის სირთულეს წარმოაჩენს. სხვადასხვა თეორიების პატარა სახელმწიფოებთან მიმართებაში დამოკიდებულების აღსაწერად კი ა. რონდელის მონოგრაფიასთან და გალალის სტატიასთან ერთად გამოყენებულ იქნა ლიბერალი ავტორის – რობერტ კიოჰანის 2 სტატია: „ლილიპუტების დილემა:პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში“, „პატარა მოკავშირეების დიდი გავლენა“; რეალისტი ავტორის – არჩი სიმპოსონის სტატია: „რეალიზმი, პატარა ქვეყნები და ნეიტრალიტეტი“; კონსტრუქტივისტი ავტორის – ქრისტოფერ ბროუნინგის სტატია: „პატარა, ჭკვიანი, შესამჩნევი? იდენტობის გადაფასება პატარა სახელმწიფოების შესახებ ლიტერატურაში“. თითოეულ მათგანში ავტორები საკუთარი მიმდინარეობის კუთხიდან აფასებენ პატარა ქვეყნებს.

მეორე ტიპის ლიტერატურა უშუალოდ კატარის ისტორიას, მის ჩამოყალიბებასა და 1995 წლის უსისხლო გადატრიალებას ეხება. ისტორიული კონტექსტის დასაწერად შერჩეულ იქნა ალლენ ფრომჰერცის მონოგრაფია – „კატარი – თანამედროვე ისტორია“; რორი მილერის „უდაბნოს სახელმწიფოებიდან გლობალურ ძალებამდე – არაბული ყურის აღმასვლა“; ჯილ კრისტალის ნაშრომი „აღმოსავლეთ არაბული ქვეყნები – ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანი“, ამათთან ერთად არაბულენოვანი მონოგრაფია „კატარის თანამედროვე ისტორია“ მაფიდ ზაიდის ავტორობით. ამ 4 წყაროს გაცნობა კატარის წარმოშობის, ადრეული პოლიტიკური და ეკონომიკურ ისტორიისა და 1995 წლის გადატრიალების რეგიონალურ კონტექსტში ჩასმის საშუალებას იძლევა. ეს კი კატარის ისტორიის მიმოხილვას კვლევისთვის კიდევ უფრო საინტერესოდ აქცვს, ვინაიდან კატარის მეზობლებთან ურთიერთობის კომპლექსური სქემას უკეთ აღქმადს ქმნის.

მესამე ტიპის ლიტერატურა უშუალოდ კატარის საგარეო პოლიტიკურ კავშირებსა და მექანიზმებს ეხება. პირველ რიგში, კვლევაში მიმოხილულია კატარის ურთიერთობები რეგიონალურ და რეგიონში მნიშვნელოვან საერთაშორისო ძალებთან. ასეთებია – საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი და ირანი. ამ ოთხ ქვეყანასთან კატარის ურთიერთობის აღსაწერად გამოყენებულია არაკს პაშაიანის სტატია – „საუდის არაბეთი – კატარი. თანამშრომლობიდან კონფრონტაციამდე“, ბრაჰიმ საიდის „კატარის სამხედრო ძალა და დიპლომატია – პატარა სახელმწიფოების აღმავალი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“, ასევე „ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ შიდა ურთიერთობები განსაკუთრებით კარგადაა გადმოცემული რორი მილერის ზემოთ აღნიშნულ მონოგრაფიაში, შესაბამისად ეს ნაშრომიც ამ ნაწილში აქტიურადაა გამოყენებული. ამავე ნაწილში გამოყენებულ იქნა უზი რაბის „კატარის ურთიერთობები ისრაელთან: არაბული და ყურისთვის დამახასიათებელი წესების გამოწვევა“; რორი მილერისა და ჰარი ფერჰოვენის სტატია „პატარაობის დაძლევა:კატარი, გაერთიანებული საემიროები და სტრატეგიული გადანაცვლება ყურის რეგიონში“, კენეთ კათცმანის მიერ აშშ-ს კონგრესისთვის მომზადებული მოხსენება, სახელწოდებით „კატარი – მმართველობა, უსაფრთხოება და აშშ-ის პოლიტიკა“, ენდრიუ კუპერისა და ბესმა მომანის კვლევა – „კატარი და პატარა სახელმწიფოების დიპლომატიის გაფართოებული კონტურები“, ასევე მუსტაფა ჯუნეთ ოზშაჰინის „კატარ-თურქეთის დაახლოება. გამოწვევა ყურის უსაფრთხოების სუბ-სისტემის სტატუს-კვოსთვის“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კატარ-ირანის ურთიერთობები. ამ თემის გამოსაკვლევად შეირჩა სამი აკადემიური სტატია: სებასტიენ ბოუსის „ირან-კატარი:იძულებითი დაახლოება“; მეჰრან კამრავას „ირან-კატარის ურთიერთობები“; მეჰრან ჰაგჰირიანის „ირანის პრაგმატული პოლიტიკა რეგიონალური კრიზისების საპასუხიდ: კატარის ბლოკადის შემთხვევა“. კვლევა ასევე ეყრდნობა არაბულენოვან წყაროებს, კერძოდ მუნზურ აჰმად ზაქი შარაბის „კატარის საგარეო პოლიტიკა არაბულ სამყაროში 2003-2012 წლებში მომხდარი ცვლილებების ფონზე“ და ნუვაფ თამიმის „კატარის დიპლომატია და კრიზისის გამოცდა“. თითოეული ეს ნაშრომი კატარისა და სხვა ქვეყნების ურთიერთობებს სრულყოფილად და განსხვავებულ ჭრილში მიმოიხილავს. მათი სინთეზი კი კატარის რეგიონალური და საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების მეტ-ნაკლებად სრულ სურათს იძლევა.

ლიტერატურის შემდგომი ნაწილი კატარის რბილ ძალას და კერძოდ ალ-ჯაზირას ეხება. აქ საინტერესოა პოლ მაიქლ ბრანაგანისა და რიჩარდ გილიანოტის სტატია „რბილი ძალა – რბილი გაუვნებელყოფება – კატარის შემთხვევა“, სადაც საუბარია არა მხოლოდ რბილი ძალის უპირატესობებზე, არამედ ასევე მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. უშუალოდ ალ-ჯაზირას შესახებ მსჯელობისას ნაშრომი ეყრდნობა შემდგომ წყაროებს: ტალ სამუელ-აზრანის „ალ-ჯაზირა, კატარი და ახალი მეთოდები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედია-დიპლომატიაში“; ორენ კესლერის „ალ-ჯაზირას ორი სახე“, ასევე ოსმან ანტვი-ბოეტენგის „კატარის, როგორც რბილი ძალის აღზევება და გამოწვევები“.

ნაშრომის შემდგომი ნაწილი არაბული გაზაფხულის მოვლენებს უკავშირდება. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრისტიან ულრიქსენის მონოგრაფია „კატარი და არაბული გაზაფხული“, ასევე მოჰამმად ნურუზამანის სტატია იგივე სათაურით და მუსტაფა იეთიმის „სახელმწიფოს ხელმძღვანელობით მიღებული ცვლილებები კატარში არაბული გაზაფხულის ფონზე: მონარქიული სახელმწიფო, დემოკრატიული პოზიციონირება?“; ამავე ნაწილში მნიშვნელოვანი იყო კატარისა და მუსლიმი ძმების ორგანიზაციას შორის ურთიერთობის შესწავლა. აქ ნაშრომი ეყრდნობა დევიდ რობერტსის სტატიას „კატარი, ძმები და ტრანს-ნაციონალური ურთიერთობები სპარსეთის ყურეში“. არაბულენოვანი წყაროებიდან ამავე ნაწილში გამოყენებულია ჯამალ ‘აბდ ალ-ლაჰის წიგნი „კატარის საგარეო პოლიტიკა“. ამ ნაშრომებზე დაფუძვნებით კვლევა მიმოიხილავს არაბული გაზაფხულის ფონზე კატარის მიზნებს, ამოცანებს და მის სტრატეგიას.

შემდგომი მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონში კატარის, როგორც შუამავლის როლის მიმოხილვაა. ამისთვის აუცილებელი იყო როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი შემთხვევების განხილვა და მედიაციების კატარის საგარეო პოლიტიკის ზოგად კონტექსტში ჩასმა. ამ ნაწილში გამოყენებულია მეჰრან კამრავას წიგნი „კატარი:პატარა ქვეყანა, დიდი პოლიტიკა“, ამავე ავტორის სტატია „მედიაციები და კატარის საგარეო პოლიტიკა“; გიმ ფეილერის და ჰაამ ზერების „კატარის საგარეო პოლიტიკა“;  დევიდ რობერტსის „კატარის საგარეო პოლიტიკის მიზნების გააზრება“; ასევე გამოყენებულია რამდენიმე საგაზეთო სტატია, სადაც გადმოცემულია კონკრეტული ინფორმაცია. ამ წყაროების ანალიზი კატარის მედიაციებს კატარის საგარეო პოლიტიკის ზოგად ჩარჩოში სვამს და ცდილობს ნათლი მოჰფინოს თუ რა მიზნით ცდილობს კატარი ჩაიბაროს რეგიონალური მედიატორის როლი.

კვლევის ბოლო ნაწილი 2017 წლის კატარის ბლოკადის შეფასებას ეთმობა. აქ ფაქტობრივი ინფორმაცია ძირთადად ეყრდნობა წიგნის „2017 წლის სპარსეთის ყურის კრიზისი – ინტერდისციპლინური მიდგომა“ შესავალს, რომელიც დაწერილია მაჰჯუბ ზვეირის, მიზანურ მაჰმანისა და არვა კამალის მიერ. ნაშრომის ეს ნაწილი ასევე ეყრდნობა: მიროსლავ ზაფიროვის „კატარის კრიზისი – რატომ ვერ გაამართლა ბლოკადამ“; სოუკაინა აჯაოუდის და მოჰამმად ჰამად ელმასრის კვლევა „როდესაც ახალი ამბები კრიზისშია – 2017 წლის ალ-ჯაზირასეული და ალ-არაბიასეული გადმოცემა“; ფაჰად ალ-მარრის „რამდენად დაეხმარა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი კატარის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკას ბლოკადისადმი მედეგობაში“; ჯასტინ გენგლერის და ბუთჰაინა ალ-ხელაიფის – „კრიზისი, სახელმწიფო ლეგიტიმაცია და პოლიტიკური მონაწილეობა არადემოკრატიაში: როგორ გაუძლო კატარმა 2017 წლის ბლოკადას.“

გარდა იმისა, რომ კვლევის თითოეულ ნაწილშია გამოყენებულია უშუალოდ მისთვის საჭირო წყარო, ამასთანვე რამდენიმე ნაშრომი გამოსადეგი გამოდგა კვლევის თითქმის ყველა ნაწილში. ასეთები იყო რორი მილერის, მეჰრან კამრავას, ალლენ ფრომჰერცის ზემოთ აღნიშნული მონოგრაფიები, ასევე რამდენიმე სტატია, რომელიც ყველა გამოყენებულ ადგილასაა მითითებული.

მეორეული ლიტერატურის მსგავსმა სისტემურმა ანალიზმა და ეკატერინე მიქაძესთან ჩაწერილმა ჩაღრმავებულმა ინტერვიუმ შესაძლებელი გახადა კატარის საგარეო პოლიტიკის სიღრმისეული და კონტექსტუალური შესწავლა, რაც მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნების შესახებ არსებული წარმოდგენების გადაფასებისთვის.

პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში

პატარა ქვეყნები თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის განუყრელ ნაწილს წარმოადგენენ. XX საუკუნის დეკოლონიზაციის პროცესის შედეგად მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალი პატარა სახელმწიფოები გამოჩდნენ ცივი ომის დასრულების და „სოციალისტური ბანაკის“ დაშლის შედეგადაც.

პატარა ქვეყნები უკვე ცივი ომის პერიოდიდან იპყრობდნენ მკვლევართა ყურადღებას. საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტები ცდილობდნენ შეესწავლათ პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ბუნება, ქცევის მოდელები და ის შესაძლო სცენარები, რის მიხედვითაც ამ სახელმწიფოებს შეეძლოთ ემოქმედათ.

ასეთი ქვეყნების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სამეცნიერო ლიტერატურა მათ შესახებ დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ მცირე იყო. დღესდღეობით პატარა ქვეყნებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია, თუმცა ისინი მაინც უფრო ნაკლებად არიან შესწავლილნი, ვიდრე დიდი სახელმწიფოები.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე მარტივი მათგან ისაა, რომ ინტუიციურად ცხადია – საერთაშორისო სისტემაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ დიდ ძალებს უნდა ჰქონდეთ, შესაბამისად მათდამი ინტერესიც უფრო მაღალია. თუმცა, ჩემი აზრით, პატარა სახელმწიფოებზე ლიტერატურის სიმცირეს მეორე მიზეზიც აქვს – კვლევის პირველივე ეტაპზე დგება სერიოზული სირთულე – „პატარაობის“ განსაზღვრა.

პატარა სახელმწიფოს დეფინიცია

მართლაც, როგორც ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს: „რაოდენ ადვილად არ უნდა გვეჩვენებოდეს პატარა ქვეყნის რაოდენობრივი კრიტერიუმების, ჩარჩოების განსაზღვრა, სინამდვილეში ეს ამოცანა უაღრესად რთული აღმოჩნდა“.[2]

თავიდანვე თავს იჩენს კითხვა – რის მიხედვით შეგვიძლია დავალაგოთ და შემდგომ დავახარისხოთ სახელმწიფოები? ინტუიციური პასუხია – მოსახლეობის რაოდენობა ან ტერიტორიული სიდიდე.

სხვადასხვა მკვლევრები ასახელებენ სხვადასხვა ციფრებს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პატარად უნდა მივიჩნიოთ. მაგალითად, კანადელი პროფესორი დევიდ ვიტალი მიიჩნევდა, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობა 10-30 მილიონია, მაშინ იგი პატარაა.[3] სიმონ კუზნეცი ამ რიცხვად 10 მილიონზე ნაკლებს ასახელებს,[4] „მსოფლიო ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდი კი პატარა ქვეყანას 1.5 მილიონზე ნაკლებ მოსახლიან სახელმწიფოს უწოდებს.

პატარაობის რაოდენობრივი ინდიკატორებით განსაზღვრისას, გარდა იმისა, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები კონკრეტულ რიცხვთან დაკავშირებით, ასევე სხვა პრობლემაც იკვეთება. მოსახლეობის რაოდენობის, გეოგრაფიული სიდიდითა და მთლიანი ეროვნული პროდუქტით ქვეყნების დალაგების შედეგად, შეინიშნება საინტერესო ტენდენცია – ასეთი დალაგება ცხად სურათს იძლევა სიის თავსა და სიის ბოლოში განლაგებულ ქვეყენებზე. სიის თავში მოქცეული სახელმწიფოები წარმოადგენენ რეგიონალურ ან გლობალურ ძალებს, სიის ბოლოში კი ერთად იყრიან თავს მიკროსახელმწიფოები, ე.წ „ჯუჯა“ სახელმწიფოები. ეს ორი ჯგუფი ცხადად გამოირჩევა სხვა სახელმწიფოებისგან და მათზე განზოგადებული მსჯელობის საშუალებას იძლევა. თუმცა, სურათი სრულიად ირევა სიის შუაში, ვინაიდან აქ, ერთმანეთის გვერდით, ან ერთმანეთთან ახლოს, ერთ ჯგუფში ექცევიან სახელმწიფოები, რომელთა საგარეო პოლიტიკური ქცევა, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური მაჩვენებლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.[5] მაგალითისთვის, თუკი ავიღებთ მოსახლეობის რაოდენობას, ვნახავთ, რომ ერთმანეთის გვერდით სიაში ადგილს იკავებენ სიერა-ლეონი, ტოგო, შვეიცარია და ისრაელი.[6] ბუნებრივია, პოლიტიკურად ამ სახელმწიფოების ერთ ჯგუფში მოქცევა ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. როგორც ა. რონდელი აღნიშნავს: „პატარა ქვეყნები ძალზე ბევრია და ისინი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებიან“.[7]

შესაბამისად, მხოლოდ რაოდენობრივი ინდიკატორებით პატარაობის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მკვლევრები პატარა სახელმწიფოს სხვა ტიპის დეფინიციების მოძიებას შეეცადნენ. მაგალითისთვის, ზოგიერთი მკვლევარი ამატებს სხვა მონაცემებს, როგორებიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის ჰომოგენურობა, პოლიტიკური სისტემა, სამხედრო შესაძლებლობები და ტექნოლოგიური პოტენციალი.[8] მსგავს მიდგომას შეიძლება ეწოდოს პატარა ქვეყნების კომპლექსური აღქმა. ამ მიდგომის პრობლემურობა იმაში მდგომარეობს, რომ კომპლექსურობის კვლევაში სცილდებიან თეორიული კვლევების მიზანს – მარტივად ახსნან რთული რეალობა.

არსებობს კიდევ ერთი სხვა მიდგომა, რომელსაც იყენებენ სახელმწიფოს პატარაობის განსასაზღვრად. კერძოდ, მკვლევარი რობერტ როთშთაინი მიიჩნევს, რომ პატარაა ისეთი ქვეყანა, რომელიც სუსტია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თავის თავსაც ასეთად აღიქვამს.[9] სწორედ საკუთარი თავის ასე აღქმა განსაზღვრავს მის როლს საერთაშორისო სისტემაში. ამ მიდგომას პერცეფციულ მიდგომასაც უწოდებენ. კერძოდ, როთშთაინი განსაზღვრავს პატარა სახელმწიფოს სამ მახასიათებელს: 1) მათ სჭირდებათ საგარეო დახმარება; 2) სახელმწიფოს უსაფრთხოების ვიწრო ზღვარი აქვს, ანუ მას აქვს ძალიან მცირე დრო შეცდომების გამოსასწორებლად; 3) სახელმწიფოს ლიდერები მის სისუსტეს აღიქვამენ შეუცვლელ ფაქტად.[10]

ამ ტიპის განმარტების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ კატეგორიებს ერგება სუპერსახელმწიფოების გარდა თითქმის ყველა სხვა სახელმწიფო.[11]

სწორედ ამიტომ რობერტ კიოჰანი გვთავაზობს პერცეფციული მიდგომის განსხვავებულ მოდელს. იგი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებაზე კონცენტრირების ნაცვლად, დაკვირვების ქვეშ უნდა მოექცეს თუ რა როლის შემსრულებლად აღიქმებიან სახელმწიფოები საერთაშორისო სისტემის შიგნით. ასეთი მიდგომით, იგი გამოყოფს 4 ტიპის სახელმწიფოს: 1) სისტემის განმსაზღვრელები, ანუ სუპერსახელმწიფოები; 2) სისტემაზე ზეგავლენის მქონენი, ანუ მეორეული სახელმწიფოები; 3) სისტემაზე ზემოქმედების უნარის მქონე სახელმწიფოები,  ანუ საშუალო ქვეყნები[12]; 4) სისტემაზე ზეგავლენის არ მქონე,- ანუ პატარა, სუსტი სახელმწიფოები.[13]

მკვლევართა სხვა ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოთა ქცევის სპეციფიკურობაზე. ასეთი იყო ანეტ ბეიკერ ფოქსი, რომელიც მიიჩნევდა, რომ პატარა ქვეყნის არსი ვლინდება ექსტრემალურ სიტუაციებში მისი რეაქციებით.[14]

საბოლოო ჯამში, პატარა სახელმწიფოს დეფინიცია იმაზე გაცილებით რთული საკითხი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ერთიანი და საყოველთაო დეფინიცია ჯერ კიდევ არ არსებობს. ცალკეულ განსაზღვრებებს გარკვეული ნაკლოვანებები გააჩნიათ, ზოგს ობიექტური სტანდარტები აკლია, მხოლოდ რაოდენობრივი ინდიკატორებით განსაზღვრა კი შემდგომი კვლევისთვის დამაკმაყოფილებელ დეფინიციას ვერ გვაძლევს.

საბოლოო ჯამში, ა. რონდელი აღნიშნავს, რომ ზოგადად მკვლევრები პატარა ქვეყნის ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელზე თანხმდებიან  – სამხედრო-პოლიტიკურად ისინი სხვა სახელმწიფოებზე, განსაკუთრებით კი მათ მეზობლებზე უფრო სუსტები უნდა იყვნენ. მათ  საკუთარი ეროვნული მიზნების სამხედრო ძალით მიღწევა არ შეუძლიათ.[15]

ასევე, თითქმის ყველა დეფინიცია თანხმდება იმაზე, რომ პატარა სახელმწიფოები ეგუებიან მათ ნაკლებად მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პოლიტიკაში და ხდებიან არსებული სისტემის და მისი წესების მიმღებები.[16]

დიდი წინააღმდეგობა არ ხვდება არც იმ მოსაზრებას, რომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პატარა სახელმწიფოები ხშირად გარე ძალებს ეყრდნობიან.[17]

ამ თავის მიზანი ერთი მხრივ ისაა, რომ განიხილოს პატარა სახელმწიფოს განსაზღვრების გარშემო არსებული დებატები, მეორე მხრივ კი შექმნას ის სამუშაო განსაზღვრება, რომელიც შემდგომი კვლევისთვის იქნება გამოყენებული.

ჩემი აზრით, რომელიც ეფუძნება კონკრეტულად კატარის მაგალითს, პატარა სახელმწიფოს დეფინიციისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მის სამხედრო სიძლიერეს. თუკი, სახელმწიფოს არ შეუძლია ძალისმიერი მეთოდებით ან ძალის გამოყენების მუქარით მიაღწიოს თავის საწადელს, მაშინ იგი ნამდვილად აკმაყოფილებს ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს მის პატარა სახელმწიფოდ აღსაქმელად. კატარის მაგალითზე ჩანს, რომ ასეთ შეთხვევაში სახელმწიფოს საგარეო ქცევა მნიშვნელოვნად იცვლება. აქვე, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ისიც, რომ პატარა სახელმწიფო მართლაც პატარა უნდა იყოს  – ანუ მისი ტერიტორია და განსაკუთრებით კი მოსახლეობის რაოდენობა არ იყოს დიდი. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც მცირე ტერიტორიაზე რესურსების დიდი კონცენტრაციის შემთხვევაში, მაინც თავს იჩენს ადამიანური კაპიტალის სიმცირე, რაც პატარა ქვეყნების მნიშვნელოვანი მახასიათებელი შესაძლოა იყოს.

კატარის მაგალითი კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პატარა სახელმწიფოს შეუძლია არ შეეგუოს მის ერთგვარად „დაკნინებულ“ სტატუსს საერთაშორისო სისტემაში და იქცეს უფრო აქტიურ და მნიშვნელოვან მოთამაშედ, ვიდრე უბრალოდ „სისტემაზე ძეგავლენის არ მქონე“ ქვეყანა  იყოს.

შესაბამისად, ამ კვლევის ფარგლებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარა სახელმწიფო არის მცირე ზომის ქვეყანა, რომელსაც მხოლოდ სამხედრო საშუალებებით ან მისი გამოყენების მუქარით არ შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა და პრესტიჟის მოპოვება.

პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებში

პატარა ქვეყნების დეფინიცია საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევრების ერთადერთი თავის ტკივილი არაა. დებატი იმის გარშემოც არსებობს თუ რა როლი უჭირავს პატარა სახელმწიფოს საერთაშორისო სისტემაში. შემდგომი თავი მოკლედ მიმოიხილავს საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა თეორიების მიხედვით პატარა სახელმწიფოს როლს.

  • რეალიზმი და პატარა ქვეყანა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობების თეორია უდავოდ რეალიზმია. რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის პოლიტიკის ბატონობას აღიარებს.[18] სწორედ ამიტომ, იგი თავისთავადად მიკერძოებულია დიდი ძალების – მსოფლიო ან რეგიონალური ჰეგემონების შესწავლისკენ და ნაკლებ ყურადღებას უთმობს პატარა სახელმწიფოებს.[19] მაგალითისთვის, რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ჰანს მორგენთაუს წიგნში „სახელმწიფოთა პოლიტიკა. ძალაუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლა“ პატარა სახელმწიფო მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები და აღნიშნულია, რომ მან საკუთარი უსაფრთხოებისთვის ძლიერი მფარველი უნდა იპოვოს.[20]

მართლაც, რეალიზმის მიმდევარი ავტორების ძირითადი პოზიცია პატარა სახელმწიფოების მიმართ ისაა, რომ მათ, ყველა ვარიანტში უწევთ რაიმე ტიპის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარება უფრო ძლიერ ძალასთან. ამ შეხედულებით პატარა სახელმწიფოები აღიქმებიან დიდ ძალებზე მიბმულ სახელმწიფოებად, რომელთა საგარეო პოლიტიკაც მათი მოკავშირეების პოლიტიკის გაგრძელებაა.

რეალისტების შეხედულებით, თუკი პატარა სახელმწიფოს ეძლევა გარკვეულწილ აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების საშუალება, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ საერთაშორისო სისტემაში ძალთა ბალანსი იძლევა ამის შესაძლებლობას. მაგალითისთვის, ცივი ომი შესაძლებელს ხდიდა გარკვეული სახელმწიფოებისთვის ნეიტრალიტეტის დაცვას. ასეთი იყო ის ევროპული სახელმწიფოები, რომელთა ნეიტრალიტეტი და ბუფერული პოზიცია აკმაყოფილებდა როგორც კრემლის, ასევე თეთრი სახლის ამბიციებსა და ინტერესებს. თუმცა ეს შესაძლებელი იყო ისევ და ისევ მხოლოდ დიდი ძალების „კეთილი“ ნების შედეგად.[21]

ამასთან ერთად, მულტი-პოლარული სისტემა ასევე უფრო მეტი ლავირების საშუალებას აძლევს პატარა სახელმწიფოს.[22] ამის მიუხედავად, რეალიზმის გადმოსახედიდან პატარა სახელმწიფო არის საერთაშორისო სისტემის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ერთეული, რომლის საგარეო პოლიტიკაც საბოლოო ჯამში არის მხოლოდ ის, რის გატარების უფლებასაც არსებული ძალთა ბალანსი და მათი შემქმნელები, ანუ დიდი ძალები აძლევენ.

 

  • ლიბერალიზმი და პატარა ქვეყანა

ლიბერალიზმი, იგივე პლურალიზმი, მიიჩნევს, რომ თანამედროვე პოლიტიკამ სახე იცვალა. დღეს, აქტორები არიან არა მხოლოდ ერი-სახელმწიფოები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა არასახელმწიფოებრივი მონაწილეები.[23] შესაბამისად, ლიბერალიზმის შეხედულებით, საერთაშორისო პოლიტიკა გაცილებით უფრო კომპლექსური ფენომენია და სახელმწიფოთა სამხედრო ძლიერებაზე და ამ ძალის გადანაწილებაზე დაფუძნებულ ძალთა ბალანსზე არ დაიყვანება.

აღსანიშნია, რომ სწორედ ნეოლიბერალმა ავტორმა – ჯოზეფ ნაიმ შეიმუშავა „რბილის ძალის“ ცნება.[24] იგი გულისხმობს სამხედრო საშუალებების მიღმა არსებულ მექანიზმებს, რომელთა გამოყენებითაც სახელმწიფოებს, მათ შორის პატარა ქვეყნებსაც, შეუძლიათ მიზნების მიღწევა.

ლიბერალიზმის მიხედვით, პატარა სახელმწიფოები ახალ სამყაროში, რომელიც მზარდი ეკონომიკური ინტეგრაციით ხასიათდება, ახალ როლს იძენენ. ისინი გეოპოლიტიკური ბუფერებიდან იქცევიან გეოეკონომიკურ ბუფერებად. ისინი ხდებიან ერთგვარი სავაჭრო ხიდები, რაც ზრდის მათ როლს საერთაშორისო არენაზე.[25]

ეკონომიკური ინტეგრაცია და ზოგადად გლობალიზაცია, ლიბერალების შეხედულებით, პოლიტიკურადაც გაცილებით უფრო უსაფრთხო გარემოს ქმნის. ამ შეხედულებით, პატარა სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთონ ინტეგრაციის პროცესში. აქედან გამომდინარე, მათი უსაფრთხოებისა და სიცოცხლისუნარიანობის საზომად ეკონომიკური და სოციალური განვითარება შეიძლება ჩაითვალოს.[26]

პატარა სახელმწიფოებზე მსჯელობისას ლიბერალი ავტორი რობერტ კიოჰანი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პატარა სახელმწიფოებს ახალ მნიშვნელობას სძენს საერთაშორისო ორგანიზაციები. თავის  კვლევაში „ლილიპუტების დილემა: პატარა ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკაში“ იგი წერს: „პატარა ქვეყნებს შესაძლოა არ სწამდეთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებულად გაზრდიან მათ უსაფრთხოებას ან შეზღუდავენ დიდი სახელმწიფოების ქცევას, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მხარს უჭერდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს სრულიად რაციონალური მიზეზებით“. კიოჰანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობით, პატარა სახელმწიფოებს აქვთ საერთაშორისო პოლიტიკური კულტურის შექმნის იმედი, რომელიც სასარგებლო იქნება მათთვის. მათ შეუძლიათ მიაღწიონ მცირეს ერთად, ან ვერაფერს ცალ-ცალკე.[27]

კიოჰანი თავის სხვა სტატიაში ასევე საუბრობს პატარა სახელმწიფოების მათ დიდ მოკავშირეებზე შესაძლო გავლენის შესახებ. ლიბერალური პარადიგმა, როგორც ზევით აღინიშნა, უშვებს არასახელმწიფო აქტორების მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პოლიტიკაში. ასევე, იგი სახელმწიფოს მუდმივად არ განიხილავს ერთიან პოლიტიკურ სხეულად და უშვებს მის შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა აქტორების არსებობას, რომელთაც საგარეო პოლიტიკაზე სხვადასხვანაირი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. კიოჰანი მიიჩნევს, რომ პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ ამის სათავისოდ გამოყენება და დიდი სახელმწიფოების პოლიტიკის მათთვის სასარგებლოდ შეცვლა. მათ შეუძლიათ, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობა მოკავშირის ქვეყანაში არსებულ ორგანიზებულ ჯგუფებთან(ე.წ ლობირება), ან მოიძიონ მოკავშირეები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებში.[28]

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის ლიბერალური ანალიზი პატარა სახელმწიფოებს აღარ განიხილავს დიდი ძალების პოლიტიკის გამგრძელებლებად და უშვებს, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ უფრო დიდი გავლენა და უფრო მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ეს რეალისტ ავტორებს წარმოუდგენიათ.

  • კონსტრუქტივიზმი და პატარა ქვეყანა

მესამე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობების თეორია კონსტრუქტივიზმია. კონსტრუქტივისტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სისტემა და მისი ელემენტებიც სოციალური რეალობის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ისინი კონსტრუირებულნი არიან ადამიანების მიერ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სისტემა არის ის, რასაც ჩვენ თავად ვქმნით მისგან.

კონსტრუქტივისტი ავტორი, ქრისტოფერ ბროუნინგი აკრიტიკებს როგორც რეალიზმს, ასევე ლიბერალიზმს. იგი მიიჩნევს, რომ განსხვავებული შეფასებების მიუხედავად, ორივე თეორია საწყის წერტილად პატარაობის სუსტობასთან გაიგივებას იღებს. ბროუნინგის აზრით, პატარაობა შეიძლება იყოს კონსტრუირებული არა როგორც პრობლემა, არამედ როგორც უპირატესობა. ამისთვის კი საჭირო პატარაობის განსხვავებული აღწერაა. კერძოდ, ბროუნინგი თვლის, რომ ეს მოცემულობა უნდა აღიწეროს უპირატესობებზე ხაზგასმით. პატარა ქვეყნები შეიძლება აღქმულ იყვნენ, როგორც უფრო მშვიდობიანები და ალტრუისტულები, ჰქონდეთ ნაკლები დაფარული მიზნები, იყვნენ მორგებადები განსხვავებულ სიტუაციებზე. თუკი სახელმწიფოს ლიდერები მოახერხებენ პატარაობაში დაინახონ უპირატესობა, მაშინ მათ შეიძლება სპეციალურად აირჩიონ პატარა სახელმწიფოს იდენტობა საკუთარი მიზნების მისაღწევად.[29]

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კონსტრუქტივისტი ავტორების აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება პატარაობის კონსტრუირება საერთაშორისო პოლიტიკაში. შესაბამისი სტრატეგიის შემთხვევაში კი პატარაობა შეიძლება იქცეს არა სისუსტედ, არამედ სიძლიერედ.

 

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები ვერ თანხმდებიან პატარა სახელმწიფოს როლზე საერთაშორისო პოლიტიკაში. რეალიზმი პატარა ქვეყნებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის ან ძლიერთან ალიანსის ალტერნატივას უტოვებს. ეს გულისხმობს, რომ პატარა სახელმწიფოს აპრიორი აცლიან დამოუკიდებელი და აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარების უნარს. ისინი აღიქმებიან როგორც სისტემაში არსებული წესრიგის მიმღებები და არა მათზე რაიმე ტიპის გავლენის მქონენი. ლიბერალიზმი უფრო მეტ არეალს უტოვებს პატარა ქვეყნებს, თუმცა აპრიორი დებულება მათ მიმართ მაინც მათი სისუსტე და არსებულ წესრიგზე ზემოქმედების უუნარობაა. მხოლოდ კონსტრუქტივიზმი უშვებს იმას, რომ პატარაობას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული სარგებელი. ამისთვის კი საჭიროა იდენტობის სწორი კონსტრუირება.

აღსანიშნია, რომ სხვადასხვა ავტორების მხრიდან პატარა ქვეყენებზე მსჯელობისას, აქცენტირება მუდმივად მათ „მოწყვლადობაზე“ კეთდებოდა. პატარა სახელმწიფოებს დამოუკიდებლად  საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება, უსაფრთხოებისა თუ კეთილდღეობის უზრუნველყოფა  არ შეეძლოთ. ამ მოსაზრებას წყალი შეუყენა გარკვეული პატარა სახელმწიფოების სწრაფმა ეკონომიკურმა აღზევებამ და საერთაშორისო არენაზე მათი პრესტიჟისა და მნიშვნელობის ზრდამ. ბევრი იფიქრებდა, რომ ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორებიცაა სინგაპური, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვ. პატარა ქვეყნების „მოწყვლადობის“ საკითხის აქტუალობის დაკარგვაზე მიანიშნებდა. ენდრიუ კუპერისა და ბესმა მომანის შეხედულებით, ამ მოსაზრებას წყალი შეუყენა 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა, რომლის დროსაც პატარა სახელმწიფოები დაზარალდნენ აშშ-ში მომხდარი ეკონომიკური პროცესების გამოისობით.[30] ჩემი აზრით, „მოწყვლადობის“ საკითხის დაბრუნება ასევე უნდა დავუკავშიროთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის რღვევას. მაგალითისთვის, რუსეთის აგრესიამ ჯერ საქართველოს, მოგვიანებით კი უკრაინის წინააღმდეგ ნათელი გახადა, რომ დიდ მეზობლებს სურვილის შემთხვევაში კვლავ შეუძლიათ საკუთარი პატარა, ურჩი მეზობლების დაჩაგვრა.

აქედან გამომდინარე, „მოწყვლადობის“ გარკვეულწილ გადალახვა მაინც პატარა სახელმწიფოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ამოცანად რჩება. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა კატარის მაგალითი. იგი ყველა მონაცემით პატარა სახელმწიფოა, მსოფლიო ბანკის მიხედვით მისი ტერიტორია 11 586 კმ2, ანუ იგი მხოლოდ 59 ქვეყანაზე უფრო დიდია. კატარის დაგეგმარებისა და სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მისი მოსახლეობა მხოლოდ 2504910 ადამიანს შეადგენს, თუმცა 2019 წლის მონაცემით, მოსახლეობის მხოლოდ 10.5 პროცენტია ადგილობრივი. რაც შეეხება სამხედრო ძალას, 2021 წლის სამხედრო ძლიერების სიაში, იგი 140 ქვეყნიდან 82-ე ადგილს იკავებს.[31]

პატარაობის მიუხედავად, კატარი აქტიურ და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. შესაძლოა ითქვას, რომ იგი თავისი მოწყვლადობის გადალახვას სწორედ ამ  პოლიტიკური გზით ცდილობს. ეს კი მას სხვა პატარა სახელმწიფოებისგან გამოარჩევს.

ისტორიული კონტექსტი

კატარის თანამედროვე პოლიტიკის და რეგიონში მისი როლის უკეთ აღსაქმელად, მნიშვნელოვანია პროცესების გარკვეულ ისტორიულ კონტექსტში ჩასმა. ამის გამო, კვლევის შემდგომ თავში მოკლედ იქნება მიმოხილული კატარის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ასევე ის პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისი თანამედროვე პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

 

კატარის დაარსება და ადრეული პერიოდი

თანამედროვე კატარის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე, სხვადასხვა ტომები ცხოვრობდნენ. კატარის ტერიტორიის დიდი ნაწილი უდაბნოა, ძველი დროიდან დასახლებული ძირითადად ზღვისპირა ადგილები იყო.[32] აქ მცხოვრებ ტომებს ორ დიდ ნაწილად ჰყოფენ. ბედუინები, რომლებიც უდაბნოში მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და ჰადარები – სოფლებში მცხოვრები ტომები.[33] მმართველი ალ-სანის დინასტია სწორედ ამ უკანასკნელებს მიეკუთვნება.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ კატარის ნახევარკუნძულსა და ბაჰრეინში ისლამი უკვე 628 წელს გავრცელდა, ამ პერიოდისთვის აქ ასევე გავრცელებული იყო ზოროასტრიზმი და ნესტორიანიზმი.[34] შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კატარის ტერიტორია დასახლებული ადრეული პერიოდიდანვე იყო. ამის მიუხედავად, კატარს საუკუნეების განმავლობაში არ გააჩნდა რაიმე გამორჩეული იდენტობა.

პირველი მნიშვნელოვანი დასახლება, რომელიც ნახევარკუნძულზე გამოჩნდა, მის ჩრდილოეთში მდებარე ზუბარა იყო. იგი ადგილობრივებმა დააარსეს, თუმცა მალევე ბაჰრეინელებმა დაიპყრეს. ცნობილია, რომ ადგილობრივები ხანდახან წინააღმდეგობას უწევდნენ ბაჰრეინელებს, თუმცა ეს ერთიანი კატარის შეიხის ან მმართველის წინამძღოლობით არ ხდებოდა.[35]

შეიძლება ითქვას, რომ კატარის სახელმწიფოს, ასევე გარკვეული ტიპის კატარული იდენტობის ჩამოყალიბება, ემთხვევა და პირდაპირ კავშირშია ალ-სანის დინასტიის აღზევებასთან. ეს უკანასკნელი კი უკავშირდება რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების გაჩენას.

მას შემდეგ, რაც 1622 წელს ჰორმუზის სრუტეს ბრიტანეთი დაეპატრონა, რეგიონმა მისთვის განსაკუთრებული სავაჭრო მნიშვნელობა შეიძინა. არაბული სამყაროსადმი ბრიტანული ინტერესების გამძაფრება ასევე უკავშირდება ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობას. მე-19 საუკუნის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო სხვადასხვა ხელშეკრულებებით ლეგალიზებას უწევდა კონკრეტულ შეიხებს განსაზღვრული ტერიტორიის სამართავად.[36]

სწორედ ამ კონტექსტში გააქტიურდა ალ-ბიდა-ში(თანამედროვე დოჰა) მცხოვრები ალ-სანის დინასტია და კონკრეტულად მისი წარმომადგენელი – მუჰამმად ბინ სანი. მან თავდაპირველად დოჰასა და მისი შემოგარენის გაერთიანება მოახერხა, შემდგომ კი ბაჰრეინისა და ჩრდ. კატარის მმართველ ალ-ხალიფას დინასტიას დაუპირისპირდა. ამ დაპირისპირებამ, რომლის აქტიური ფაზის წამომწყებიც ბაჰრეინი აღმოჩნდა, საფრთხე შეუქმნა სპარსეთის ყურის სავაჭრო პოტენციალს, რაც დაუშვებელი იყო დიდი ბრიტანეთის გადმოსახედიდან.

ამას ემატებოდა ისიც, რომ კატარის ნახევარკუნძული ითვლებოდა მეკობრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად, რადგან იგი იმდროინდელი ძალაუფლების ცენტრებიდან დაშორებული იყო. მეკობრეობა ბრიტანეთისთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. მათ სჭირდებოდათ კატარში ისეთი ერთი ძალაუფლების ცენტრის არსებობა, რომელთანაც საქმის დაჭერა შეეძლებოდათ.

1868 წელს, ბრიტანეთსა და მუჰამმად ბინ სანის[37] შორის შეთანხმება დაიდო, რომელიც კატარის დამოუკიდებლად აღიარების არასრული, მაგრამ პირველი ნაბიჯი იყო. შეთანხმება არ იყო ოფიციალური ხელშეკრულება, თუმცა იგი ალ-სანის დინასტიას კატარის ნახევარკუნძლზე მთავარ ძალად აღიარებდა. ამ ხელშეკრულებით ალ-სანის დინასტია გახდა თანასწორთა შორის პირველი.[38]

მალევე, ბრიტანეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, კატარის პოლიტიკაში ჩარევა ოსმალეთის იმპერიამ გადაწყვიტა. სწორედ აქ, პირველად ვლინდება კატარის დიპლომატიური მანევრირება. მუჰამმად ბინ სანის შვილი ჯასიმ ბინ მუჰამმად ალ-სანიმ აღიარა ოსმალების ბატონობას, ხოლო მამამისი დარჩა ბრიტანეთის ერთგული. ეს, სავარაუდოდ, მამასა და შვილს შორის გარკვეული დაპირისპირების ფონზე მოხდა, თუმცა დაპირისპირება არ გადაზრდილა რაიმე ტიპის აქტიურ ბრძოლაში. ალ-სანის დინასტია კი, ამ მოცემულობით ახერხებდა ბალანსირებას ბრიტანულ და ოსმალურ ინტერესებს შორის.[39]

მუჰმმად ბინ სანის გარდაცვალების შემდეგ, კატარის ნახევარკუნძული ფაქტობრივად ოსმალეთის მმართველობის ქვეშ ექცევა, თუმცა ოსმალეთის ეგიდით მას მუჰამმადის შვილი, ჯასიმ ბინ მუჰამმად ალ-სანი მართავდა.  მან წარმატებულად გამოიყენა ოსმალთა მხარდაჭერა საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებისთვის. მას შემდეგ, რაც ოტომანთა იმპერიამ გადაწყვიტა კატარზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარება, ჯასიმ ბინ მუჰამმადი დაუპირისპირდა მათ და 1893 წელს ალ-ვაჯბას ბრძოლაში დაამარცხა კიდეც.  ამის შემდგომ, ალ-სანის დინასტიამ მოიპოვა პრაქტიკული დამოუკიდებლობა და სწორედ შეიხი ჯასიმი ითვლება კატარის დამფუძნებლად.[40]

მე-20 საუკუნის დასაწყისში კატარის მთავარ პრობლემად და გამოწვევად აღმავალი ალ-საუდის დინასტია იკვეთება. რაც უფრო უახლოვდებოდა მათი სახელმწიფო კატარის საზღვრებს, ამ უკანასკნელის მათი მხრიდან დაპყრობის საფრთხეც იზრდებოდა. მოვლენების მსგავსი განვითარება მიუღებელი იქნებოდა გაერთიანებული სამეფოსთვისაც,[41] ვინაიდან ალ-საუდის დინასტია არ მონაწილეობდა არაბთა აჯანყებაში ოსმალების იმპერიის წინააღმდეგ და შესაბამისად, მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან ოტომანთა იმპერიის პროტექციაში შესვლა. სწორედ ამიტომ, 1916 წელს, გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა ამ პერიოდისთვის გარდაცვლილი შეიხ ჯასიმის შვილთან – ‘აბდ ალ-ლაჰ ბინ ჯასიმ ალ-სანისთან.[42] ამ ხელშეკრულებით, ბრიტანეთმა ოფიციალურად ცნო კატარის დამოუკიდებლობა, აღიარა მის მმართველად შეიხი ‘აბდ ალ-ლაჰ და მიანიჭა მას პროტექტორატის სტატუსი.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ, კატარის მთავარ პრიორიტეტად დამოუკიდებლობის შენარჩუნება გახდა. ამის მისაღწევად, კატარის მმართველი შეიხი ‘აბდ ალ-ლაჰი ბრიტანეთს იყენებდა, ხოლო ამ უკანასკნელის ინტერესები კატარისადმი კიდევ უფრო გაიზარდა აქ ნავთობის აღმოჩენის შემდგომ.[43]

საუდსა და ბრიტანეთს შორის ბალანსირების პოლიტიკა გაგრძელდა ‘აბდ ალლაჰის შვილის ალი ბინ ‘აბდ ალ-ლაჰ ალ-სანის მმართველობის პერიოდში. ალის ხელმძღვანელობის ხანაშივე გაჩნდა თანამედროვე სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშნების ჩანასახები, როგორებიცაა პოლიცია, ასევე სახელმწიფო და პირადი ხაზინის გამიჯვნა. ეს ყველაფერი ბრიტანელების პირდაპირი ჩართულობით ხორციელდებოდა, მათ ასევე მიიღეს ნავთობის საბადოებზე წვდომა.[44] ალის შემდგომ კატარის მმართველი აჰმად ბინ ალი ალ-სანი ხდება. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად არ ერეოდა ქვეყნის მართვის საკითხებში, რის გამოც მალევე, 1972 წელს გადატრიალება მოუწყო მისმა ბიძაშვილმა – ხალიფა ბინ ჰამად ალ-სანიმ. [45]

იქამდე, 1971 წელს შეიხ ხალიფამ (მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ქვეყნის მმართველი ჯერ კიდევ შეიხ აჰმადი იყო) ტელევიზიის ეთერში გამოაცხადა კატარის სრული დამოუკიდებლობა,[46] ხოლო შეიხ აჰმადმა განცხადება შვეიცარიაში მდებარე ვილიდან გაავრცელა. ამას კი წინ უძღოდა 1968 წელს ბრიტანელების მიერ რეგიონიდან გამოსვლის გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად დამოუკიდებელი კატარის პირველი მმართველი შეიხი ხალიფა იყო.

ხალიფა ბინ ჰამად ალ-სანის კარგი ურთიერთობა ჰქონდა საუდის არაბეთთან. ამ უკანასკნელი მხარი დაუჭირა შეიხ ხალიფას მიერ მოწყობილ გადატრიალებას.  შეიხ ხალიფასვე უკავშირდება აშშ-თან მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მიზნით.[47]

70-იანი წლების ბოლოს შეიხ ხალიფამ ნავთობის მოპოვების ნაციონალიზაცია მოახდინა, ასევე შექმნა ცენტრალიზებული ხელისუფლება. მას დიდი წვლილი მიუძღვის კატარის ეროვნული იდენტობის,  სახელმწიფოს საფუძვლების ჩამოყალიბებისა და კონსოლიდაციის პროცესში. ამ ყველაფრის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკაში იგი მეტწილად ემორჩილებოდა საუდის არაბეთის დიქტატს, რაც გასაგებიცაა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა უარი განაცხადა რეგიონში აქტიურ პოლიტიკაზე და საუდის არაბეთის დაბალანსებაზე. ამ მდგომარეობის ერთგვარი ინსტიტუციონალიზაცია „ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ შექმნით მოხდა, სადაც დომინანტური ძალა საუდის არაბეთი იყო.[48]

ასევე, შეიხ ხალიფას დროს ვერ მოხერხდა ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რამაც 90-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური და ფისკალური პრობლემები გამოიწვია. მოსახლეობისა და ელიტების უკმაყოფილება იზრდებოდა, პოლიტიკურ ასპარეზზე კი შეიხ ხალიფას შვილი – ჰამად ბინ ხალიფა ალ-სანი აქტიურობდა, რომელიც უკვე იმ პერიოდისთვის ტახტის მემკვიდრედ და რეალური ძალაუფლების მქონედ აღიქმებოდა.

პოლიტიკური კონსოლიდაციის აღწერის პარალელურად მნიშვნელოვანია შევეხოთ ეკონომიკური განვითარების ეტაპებს. მაფიდ ზაიდის მიხედვით გამოიყოფა 3 ხანა: თავდაპირველ ხანაში, ალ-სანის დინასტიისა და შესაბამისად კატარის შემოსავლის ძირითადი წყარო მარგალიტების მოპოვება და თევზაობა იყო.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მარგალიტების ფასი მსოფლიო ბაზარზე დაეცა, რასაც თან დაერთო 2 მსოფლიო ომი, რამაც მათზე მოთხოვნა შეამცირა. ამ ყველაფერმა კატარის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ნავთობის მოპოვებამდე კატარის მოსახლეობა ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე ღარიბი იყო.[49]

ეკონომიკური ისტორიის მესამე ხანა იწყება 1949 წელს, როდესაც ნავთობის პირველმა კონტეინერმა დატოვა კატარის ნაპირები. ნავთობმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კატარის ეკონომიკურ გაჯანსაღებაში, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ჩამოყალიბებაში და ტრადიციული ტომობრივი მოწყობის გარკვეულ უკუსვლაში.[50]

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გამოიყოს მეოთხე ხანაც. რეალურად, კატარის ნავთობის მარაგები ყურის სხვა ქვეყნების მარაგთან შედარებით გაცილებით მცირეა.[51] სიმდიდრე და გრძელვადიანი ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივა კატარმა გაზის მდიდარი საბადოებით მოიპოვა. თავდაპირველად, გაზის ტრანსპორტირება რთული იყო, თუმცა თხევადი გაზის ტექნოლოგიის შექმნამ ეს პროცესი გაამარტივა. აღსანიშნია, რომ კატარმა საკმაოდ რისკიანი ინვესტიცია განახორციელა გაზის მოპოვების ინფრასტრუქტურის მოწყობაში, რამაც საბოლოოდ გაამართლა.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ კატარი თანამედროვე წარმონაქმნია. იგი „გაიზარდა“ ალ-სანის დინასტიის აღზევების პარალელურად და მათი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ ალ-სანის დინასტიას უკავშირდება. ადრეული ხანიდანვე კატარს ახასიათებდა პატარა სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი მოწყვლადობა. იგი სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივი დაპყრობის საფრთხის ქვეშ იყო. თუმცა, კატარის მმართველები ახერხებდნენ დიპლომატიური მანევრირებების საშუალებით მეტწილად შეენარჩუნებინათ სუვერენიტეტი. კატარის პოლიტიკაში გარდამტეხი აღმოჩნდა 1995 წელი, როდესაც ჰამად ბინ ხალიფა ალ-სანიმ უსისხლო გადატრიალება მოაწყო და კატარის ამირას პოზიცია ოფიციალურად დაიკავა.

1995 წლის გადატრიალება და მისი მნიშვნელობა

მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი კატარისთვის რთული აღმოჩნდა. ნავთობის ფასის კლებამ ამ რესურსზე სრულიად დამოკიდებული ეკონომიკის დაღმასვლა გამოიწვია. 1991 წელს გაჩნდა პირველი მოთხოვნები პოლიტიკური რეფორმისთვის, რასაც შეიხ ხალიფას მხრიდან მოწინააღმდეგეთა დაკავებები მოჰყვა.[52]

კატარის პოლიტიკურ არენაზე ამავე პერიოდში უკვე სერიოზული ძალაუფლებით იყო აღჭურვილი შეიხ ხალიფას შვილი – ჰამად ბინ ხალიფა ალ-სანი. 1992 წლისთვის ჰამადი ფაქტობრივად მართავდა სახელმწიფოს. ასევე, მას ბევრი აღიქვამდა ომის გმირად. ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციის დროს, ჰამადის ხელმძღვანელობით „ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ სამხედრო შენაერთმა წარმატებით გაათავისუფლა ერთ-ერთი ქალაქი. ეს გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონფლიქტში ამ ორგანიზაციის ზოგადი უუნარობის ფონზე.

1995 წელს, როცა შეიხ ხალიფა საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ჰამადმა ძალაუფლება ხელში აიღო და მამამისს ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალა. ახალი ხელისუფლება მალევე აღიარეს აშშ-მა და სხვა ქვეყნებმაც.

1996 წელს შეიხ ხალიფას ჰქონდა ხელისუფლებაში დაბრუნების და კონტრ-გადატრიალების მოწყობის მცდელობა.  მას მხარს უჭერდა მისი მოკავშირე – საუდის არაბეთი. ჰამადმა მოახერხა ხელისუფლების შენარჩუნება.[53] ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ცალსახად დადგა კატარის მოწყვლადობის საკითხი. საუდის არაბეთი ამ პატარა სახელმწიფოს მისი გავლენის სფეროდ განიხილავდა და მმართველადაც მის მიერ მხარდაჭერილი პიროვნება სურდა.

ეკატერინე მაიერინგ-მიქაძემ, კატარში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ინტერვიუში აღნიშნა, რომ კატარის უსაფრთხოება შეგვიძლია განვიხილოთ ალ-სანის მმართველი ფენის უსაფრთხოებად. ამ შეხედულებას კიდევ უფრო ამყარებს ზემოთ აღწერილი ისტორიული პროცესები, სადაც ცხადად ჩანს, რომ კატარის იდენტობა ყალიბდებოდა მმართველ დინასტიასთან ერთად და ხშირად, სწორედ საუდის არაბეთთან კონკურენციის პირობებში. აქედან გამომდინარე, შეიხ ჰამადს საკუთარი და კატარის უსაფრთხოების ზრდის მიზნით მოუწია მთლიანად გადაეხედა აქამდე არსებული პოლიტიკისთვის. სწორედ ამ კონტექსტში კატარი იწყებს მისი აქტიური საგარეო და საშინაო მიდგომების ფორმირებას.[54]

ეკატერინე მიქაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კატარის შემთხვევაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანია.[55] ერთი მეორესთან უპირობო კავშირშია და ერთი მეორეში მარტივად აისახება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კატარის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთ მიზანს ემსახურება – „კატარი მსოფლიოს რუკაზე დასმა.“[56]

შიდა პოლიტიკის კუთხით ეს პოლიტიკური სისტემის გარკვეულ რეფორმას გულისხმობდა. პირველ რიგში, შეიხ ჰამადმა გადაწყვიტა შეექმნა პირველი არჩევითი ორგანო – ცენტრალური მუნიციპალური საბჭოს სახით. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე გამოცხადდა, რომ აღნიშნულ არჩევნებში აქტიური და პასიური არჩევნების უფლებით ქალებიც ისარგებლებდნენ. ეს ახალი ამბები დიდი მედია საშუალებების მიერ, როგორიცაა მაგალითად CNN, შუქდებოდა. მალევე კატარში გამოჩნდა არაბულ სამყაროში ოფიციალურ თანამდებობაზე არჩეული პირველი ქალიც.[57]

მნიშვნელოვანია ჰამადის ინიციატივით შექმნილი ახალი კონსტიტუციაც, რომელიც 2003 წელს სახალხო რეფერენდუმით მიიღეს. კონსტიტუციის მიხედვით, ამირა აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელია, თუმცა მასში ასევე საუბარია არჩევით საკანონმდებლო ორგანოზე, რომელიც ამ დრომდე არ დაკომპლექტებულა, არჩევნების თარიღმა კი რამდენჯერმე გადაიწია. კონსტიტუციაში ასევე გარკვეული სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების გარანტიებიცაა.[58]

თითოეული ეს რეფორმა მიიღეს არც სახალხო მოთხოვნის და არც სხვა ქვეყნების ზეწოლის შედეგად. ჯენიფერ ლამბერტის მოსაზრებით, მათ ერთი კონკრეტული მიზანი ჰქონდათ – კატარის შესახებ ცნობადობის და საერთაშორისო არენაზე მისი პრესტიჟის ზრდა.[59] ამ გზით შიდა პოლიტიკა ქვეყნისა და ამირას ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურში ჩადგა.

1995 წლის გადატრიალების შედეგად ძალაუფლება ხელში ახალგაზრდა, ინოვაციურმა და შორსმჭვრეტელმა ძალამ ჩაიგდო ხელში. თუმცა მხოლოდ პოლიტიკური ცვლილება ვერ იქნებოდა კატარის აღზევების ერთადერთი მიზეზი. სწორედ ამიტომ, 1995 წლის ცვლილებების მნიშვნელობის სათანადოდ შესაფასებლად, აუცილებელია მიმოვიხილოთ ქვეყნის შიდა და საერთაშორისო რამდენიმე  პოლიტიკური პროცესიც.

მე-20 საუკუნის ბოლო დეკადა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მზარდი ჩართულობით ხასიათდებოდა. 1979 წლის ირანის რევოლუციამ, ავღანეთში სსრკ-ს შეჭრამ, ასევე, მოგვიანებით ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციამ აშშ-ს რეგიონში პრო-აქტიური პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგა. კატარს კი ამერიკის სტრატეგიული ამოცანებისთვის შესაბამისი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია. ამას ასევე ემატება ისიც, რომ კატარში იმაზე ნაკლებადაა გავრცელებული რელიგიური რადიკალიზმი, ვიდრე საუდის არაბეთში. მალევე, ამ ყველაფერს თან დაერთო 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია, რამაც აშშ-თვის კატარის სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.[60]

ამას ემატება ისეთი რეგიონალური მოთამაშეების, როგორებიცაა ეგვიპტე, ერაყი, ირანი, ძალისა და გავლენების შემცირება. ამ პერიოდში ისინი დაკავებული იყვნენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური პრობლემებით. ამან კი შექმნა სივრცე კატარის აღზევებისთვის.[61]

კატარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა შიდა სოციალური დაყოფების სიმცირეა. ერთადერთი სერიოზული განსხვავება არის კატარელებსა და აქ ჩამოსულ უცხოელ მშრომელებს შორს. კატარში ცხოვრობს შიიტების უმცირესობა, თუმცა ისინი მეტწილად ინტეგრირებულნი არიან საზოგადოებაში.[62]

ამ ყველაფერს ბუნებრივია ემატება ის მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რაც კატარს ბუნებრივად ერგო. ნავთობისა და გაზის(განსაკუთრებით ამ უკანასკნელის) საბადოები კატარისთვის მუდმივი სიმდიდრის წყაროა. ეს კი მათ საშუალებას აძლევს დააფინანსონ თავიანთი აქტიური პოლიტიკა.[63]

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეიხ ჰამადის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება დაემთხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკურ პროცესებს. ეს ყველაფერი, ასევე კატარის გეოგრაფიული მდებარეობა, ეკონომიკური სიმდიდრე და შიდა სოციალური მდგომარეობა, საშუალებას აძლევდა ამირას გაეტარებინა ახალი ტიპის პოლიტიკა უსაფრთხოებისა და საუდის არაბეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევის მიზნით. ამ მთავარ ამოცანას მან როგორც ქვეყნის შიდა რეფორმები, ასევე საგარეო პოლიტიკა დაუქვემდებარა. კვლევის შემდგომი ნაწილი იმ საგარეო პოლიტიკის მექანიზმებსა და თავისებურებებს მიმოიხილავს, რასაც კატარი იყენებდა და იყენებს იმისათვის, რომ მიუხედავად პატარაობისა, გახდეს რეგიონალური მოთამაშე და საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კატარის საგარეო პოლიტიკა

თამამი განცხადება არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ კატარის საგარეო პოლიტიკის ფორმირება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, 1992 წლიდან ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი უკვე შეიხ ჰამადი იყო. სწორედ ამ პერიოდიდან კატარის ახალი, აქტიური საგარეო პოლიტიკის საფუძვლები იქმნება.

კატარის ურთიერთობები რეგიონალურ და საერთაშორისო ძალებთან

საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მსხვილი სუბიექტი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობაც სწორედ ქვეყნებსშორისი ურთიერთობით უნდა იქნას დაწყებული.

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ საუდის არაბეთისგან მომდინარე საფრთხე კატარისთვის თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მე-20 საუკუნეში ურთიერთობის პრობლემურობას იწვევდა საუდის არაბეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებები. კატარსა და საუდის არაბეთს შორის 1971 წლიდან მომწიფდა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დავა.  ამ უკანასკნელს სურდა, დაუფლებოდა მიწის იმ მცირე მონაკვეთს, რომლითაც ერთმანეთს არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი უკავშირდებოდა. 1992 წელს ალ-ხაფუსის სასაზღვრო პოსტის მიდამოებთან შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა.[64] საზღვრების დემარკაცია მხოლოდ 1999 წლის შეთანხმებით გახდა შესაძლებელი.[65]

ტერიტორიული დავების გარდა, კატარისთვის და ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სხვა სახელმწიფოებისთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა 1990-1991 წლების სპარსეთის ყურის ომი. ერაყის მიერ ქუვეითის მარტივად დაკავება და GCC-ის უუნარობა, დაეცვა წევრი სახელმწიფო, საკმარისი მიზეზი იყო პატარა სახელმწიფოებისთვის, რათა დაფიქრებულიყვნენ მათი საუდის არაბეთზე დამოკიდებულების პოლიტიკის პრაგმატულობაზე.

1995 წლის გადატრიალების შემდგომ კატარმა აქტიურად დაიწყო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის ფორმირება. ამის ერთ-ერთი უპირველესი გამოვლინება ტელეკომპანია ალ-ჯაზირას შექმნა იყო. ალ-ჯაზირა დეტალურად ქვევით იქნება განხილული, აქ კი იმის მოხსენიებაც საკმარისია, რომ ამ მაუწყებლობამ საუდის არაბეთისთვის მრავალი თავის ტკივილი გამოიწვია. ალ-ჯაზირა პოპულარული გახდა მთელ არაბულ სამყაროში, მასში კი ხშირად ისმოდა ალ-საუდის დინასტიის და სხვა არაბული ავტორიტარული რეჟიმების კრიტიკა.[66]

ამას თან ახლდა კატარისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაცია. ეს პროცესი XX საუკუნის 90-იან წლებში მადრიდის კონფერენციისა და ოსლოს დეკლარაციის მიღების პარალელურად დაიწყო, კულმინაცია კი 1996 წელს ჰპოვა. ამ წელს კატარში ისრაელის სავაჭრო დელეგაციის პალატა გაიხსნა, რაც არაბულ სახელმწიფოში ისრაელის პირველი ოფიციალური მისია იყო. ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა მალევე კვლავ დაიძაბა, თუმცა ოფიციალური დოჰა ისრაელთან მიღწეული ურთიერთობების შენარჩუნებას მაინც ცდილობდა. ამის გამოხატულება იყო 1997 წელს ახლო აღოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის ეკონომიკურ კონფერენციაზე, ქალაქ დოჰაში ისრაელის დელეგაციის მიწვევა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სხვა არაბული სახელმწიფო, მათ შორის საუდის არაბეთიც, ამის წინააღმდეგი იყო. ამ ქმედებით კატარი ცდილობდა დაენახვებინა სხვა სახელმწიფეობისთვის და განსაკუთრებით საუდის არაბეთისთვის, რომ იგი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას აპირებდა.[67]

2002 წელს კატარსა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებს შორის პირველი განხეთქილება მოხდა. ბაჰრეინმა ალ-ჯაზირას ტრანსლაცია აკრძალა, ქუვეითში ამ უკანასკნელის ოფისი დაიხურა. საუდის არაბეთმა აკრძალა ალ-ჯაზირა მის ტერიტორიაზე და ამასთან ერთად გამოიხმო ელჩები კატარიდან. 5 წლის განმავლობაში ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ბილატერალური ურთიერთობა ფაქტობრივად არ არსებობდა.[68]

2010 წლიდან მოყოლებული კატარსა და ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობა არაბული გაზაფხულის ფონზე მიმდინარეობდა. არაბულ გაზაფხულში კატარის ჩართულობა ქვემოთ იქნება შეფასებული. აქ კი, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რამდენიმე რეგიონალური მნიშვნელობის მოვლენა. კატარის მიერ ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ მხარდაჭერა, ასევე სირიის სამოქალაქო ომში კატარის პირდაპირი ჩართულობა საუდის არაბეთისა და გაერთიანებული არაბული საამირობის მიერ არ იქნა დადებითად შეფასებული. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც სირია სრულმა ქაოსმა მოიცვა, საუდის არაბეთი და კატარი კი ბაშარ ალ-ასადის სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ოპოზიციურ დაჯგუფებებს ეხმარებოდა.[69]

არაბთა გაზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული კატარის საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით აქტიური და საუდის არაბეთის ინტერესებთან დაპირისპირებული გახდა. შეიხ ჰამადის გადადგომა და შეიხ თამიმის მიერ ამირას თანამდებობის დაკავება საუდის არაბეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნითაც მოხდა.[70] ამან საბოლოო ჯამში შედეგი ვერ გამოიღო და 2014 წელს საუდის არაბეთმა, ბაჰრეინთან, ქუვეითთან და საამიროებთან ერთად კატარიდან ელჩები გამოიხმო.[71] სიტუაცია დაძაბული დარჩა ამავე წლის ნოემბრამდე, როდესაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) 35-ე შეკრებაზე მხარეებს შორის დაძაბულობა განიმუხტა.[72]

კატარსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის შემდგომი და უახლესი დაძაბვა 2017 წელს მოხდა. 2017 წლის სპარსეთის ყურის კრიზისი მასშტაბებით აღემატებოდა ყველა წინა დაპირისპირებას. ეს პროცესი დეტალურადაა განხილული კვლევაში და მის მაგალითზე კატარის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობაა გაანალიზებული

ხშირი დაპირისპირებების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კატარი და საუდის არაბეთი, ასევე სპარსეთის ყურის სხვა პატარა სახელმწიფოები, თანამშრომლობენ ხოლმე კიდეც. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა 2011 წელს ბაჰრეინში მიმდინარე პროცესების დროს, სადაც ყურის სახელმწიფოებმა ჩაახშეს შიიტი მოსახლეობის გამოსვლები.[73]  „არაბული გაზაფხულის“ ზოგადი მხარდაჭერის მიუხედავად, ალ-ჯაზირა არ აშუქებდა ბაჰრეინში მიმდინარე პროცესებს.

მხარეებს შორის თანამშრომლობა ასევე გაიზარდა 2015 წელს, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთის სამეფო ტახტი სალმანმა დაიკავა. კატარი მონაწილეობას იღებდა საუდის პრინცის მუჰამმად ბინ სალმანის მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიაში იემენში, ჰუსიტების წინააღმდეგ.[74]

თანამშრომლობის ცალკეული ეპიზოდების მიუხედავად, ცხადია, რომ კატარსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა უმეტესწილ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან კატარის აქტიური საგარეო პოლიტიკის ფორმირება სწორედ საუდის არაბეთიდან მომდინარე საფრთხეების თავის ასარიდებლად მოხდა. საუდის არაბეთის გავლენით კი კატარს ხშირად უპირისპირდებოდნენ ყურის სხვა პატარა სახელმწიფოებიც.

გამომდინარე იქიდან, რომ კატარის დიდი და ძლიერი მეზობელი – საუდის არაბეთი მისი მთავარი მეტოქეცაა, მას სჭირდება უსაფრთხოების გარკვეული სამხედრო გარანტიები. ასეთი მთავარი გარანტორი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-სა და კატარს შორის სამხედრო ურთიერთობა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. 1992 წელს გაფორმდა თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულება. 1996 წელს კატარმა გაიღო 1 მილიარდი დოლარი ალ-უდეიდას საჰაერო ბაზის ასაშენებლად. ეს ბაზა მალევე იქცა აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ სამხედრო პლაცდარმად რეგიონში.[75] აქ, 2002 წლიდან, არის განლაგებული CENTRCOM და სწორედ აქედან აწარმოებდა აშშ თავის ოპერაციებს ერაყსა და ავღანეთში. ასევე მნიშვნელოვანია ას-საილიას სამხედრო ბაზა და ჰამადის პორტი.[76]

სტრატეგიულ თანამშრომლობასთან ერთად, არსებობს აშშ-ის მკაფიო ეკონომიკური ინტერესებიც კატართან მიმართებაში. აშშ-ის ენერგეტიკულ კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები კატარის ენერგო-სექტორში.[77]

გამოსარჩევია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. კატარს აქვს მრავალმხრივი კავშირები რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ძალებთან, მათ შორის ირანთან, „მუსლიმი ძმების“ ორგანიზაციებთან, განსხვავებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან. საქართველოს ყოფილი ელჩი კატარში, ეკატერინე მიქაძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს სჭირდება კატარი, როგორც შუამავალი ამ ძალებთან და ძალიან კარგადაც იყენებს ამას.[78] როგორც აღინიშნა, ამაზე საუბარი ქვემოთაც იქნება, ამჯერად კი ყურადღებას გავამახვილებ ერთ ფაქტზე – სწორედ კატარის პირდაპირი ჩართულობითა და მედიაციით გაათავისუფლა შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება – ჯაბჰათ ალ-ნუსრამ ამერიკელი ჟურნალისტი პეტერ თეო ქურთისი.[79]

შესაბამისად, აშშ-სთვის კატარი წარმოადგენს სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც ასევე სთავაზობს მას უნიკალურ კონტაქტებს მთელ რეგიონში. უნდა აღინიშნოს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისა და რეგიონიდან ზოგადად სამხედრო მისიების შემცირების შედეგად, კატარის სტრატეგიული მნიშვნელობა შესაძლოა იკლებდეს კიდეც. უახლოეს ხანებში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ კატარში 3 სამხედრო ბაზა დახურა და იორდანიაში გადაიტანა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ სტრატეგიულად ირანის სარაკეტო სისტემის დაფარვის არეალში მყოფი აშშ-ის ბაზები ირანისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან ერთგვარი დამატებითი ბერკეტია.[80] შესაბამისად, კატარის აქამდე სტრატეგიული მდებარეობა, თანდათანობით ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ამის მიუხედავად, სწორედ მრავალმხრივი კონტაქტების არსებობის გამო, აშშ-სთვის კატარი კიდევ მრავალგზის საჭირო იქნება. ამასთანავე, მიუხედავად სტრატეგიული მნიშვნელობის შესაძლო კლებისა, ისეთ ტურბულენტურ რეგიონში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, კატარში მდებარე დიდი ამერიკული ბაზა და CENTRCOM კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნებს აქტუალობას აშშ-ის სამხედრო პოლიტიკისთვის რეგიონში.

ეს პარტნიორობა, ბუნებრივია, ორმხრივი მნიშვნელობისაა. აშშ-ის სამხედრო ბაზის კატარში მდებარეობა არის ერთგვარი უსაფრთხოების გარანტი. ნებისმიერ სახელმწიფოს, იქნება ეს საუდის არაბეთი თუ სხვა, მოუწევს ორჯერ დაფიქრება იქამდე, სანამ კატარის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამხედრო აგრესიას მიმართავს.

მიუხედავად აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არსებობისა, კატარი ცდილობს არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ძალაზე. სწორედ ამით შეგვიძლია ავხსნათ მასსა და თურქეთს შორის დაახლოების პროცესი. კატარსა და ერდოღანის თურქეთს აერთიანებს ისლამისტური მოძრაობების მხარდაჭერის ტენდენცია.[81] მაგალითად, „არაბული გაზაფხულის“ პერიოდში ორივე სახელმწიფო მხარს უჭერდა ეგვიპტეში მოქმედ „მუსლიმი ძმების“ ორგანიზაციას. კატარს და თურქეთს საერთო პოლიტიკა ჰქონდათ ასევე სირიაში. მუსტაფა ჯუნეთ ოზშაჰინის თანახმად, ეს ორი სახელმწიფო შეგვიძლია რეგიონალურ დონეზე რევიზიონისტულ სახელმწიფოებად აღვიქვათ, რომლებიც დაუპირისპირდნენ იქამდე არსებულ რეგიონალურ უსაფრთხოების სისტემას. თურქეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პროცესებში ნაკლებად აქტიურობდა, ცდილობს გახდეს აქტიური მოთამაშე. კატარს კი სჭირდება დამატებითი უსაფრთხოების ბერკეტები. ამასთანავე, თურქეთს სამხედრო შესაძლებლობები აქვს, კატარს კი დიდი ფინანსური რესურსები. ეს ყველაფერი, იდეოლოგიურ მსგავსებასთან ერთად, რაც ისლამისტური მოძრაობების მხარდაჭერაში გამოიხატება, ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს სამხედრო-პოლიტიკური კავშირისთვის. მართლაც, 2018 წლიდან მოყოლებული თურქეთის სამხედრო ნაწილები განლაგებულია კატარის ტერიტორიაზე.[82]

აქამდე მსჯელობისას კატარის ქცევა თითქოს საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტურ აღქმას ემორჩილება. იგი ცდილობს, გახდეს დიდი ძალის მოკავშირე, იმისათვის, რომ მიაღწიოს საკუთარ უსაფრთხოებას. თუმცა, სინამდვილეში რეალობა უფრო კომპლექსურია. კატარის პოლიტიკა მთლიანად რეალიზმის პრინციპებით რომ აიხსნებოდეს, მაშინ მისი საგარეო პოლიტიკა აშშ-ის საგარეო პრიორიტეტების ანარეკლი უნდა იყოს. კატარისა და ირანის ურთიერთობა კი ცხადყოფს, რომ კატარი, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კავშირშია აშშ-ისთან, ახერხებს შეინარჩუნოს კეთილმეზობლური და აქტიური ურთიერთობა ამ უკანასკნელის მნიშვნელოვან მეტოქესთან.

კატარსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობები ჯერ კიდევ ირანის ისლამურ რევოლუციამდე არსებობდა. ამ პერიოდში ირანი ახლო აღმოსავლეთის და კონკრეტულად სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოების კომპლექსის არსებითი ნაწილი იყო. 1979 წელს ირანში მომხდარმა რევოლუციამ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამ ნაშრომის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუდის არაბეთში გაჩენილი შიშები. ირანის ახალი რეჟიმი, ისევე როგორც საუდის არაბეთი, პოლიტიკური ისლამის წესებს ეფუძნებოდა. საუდის არაბეთს ეშინოდა, რომ ირანი წაართმევდა მას წამყვანი ისლამური სახელმწიფოს როლს. ამასთან ერთად, ვინაიდან ირანი შიიტური სახელმწიფოა, ყურის არაბული ქვეყნების შიიტ მოსახლეობაში გაჩნდა რევოლუციური მისწრაფებების გავრცელების საფრთხე, რაც აყენებდა აქაურ მონარქიულ ქვეყნებს პირდაპირი საფრთხის ქვეშ.[83]

შესაბამისად, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ იწყება ირანის აქტიური „სეკურიტიზაცია“. ეს გულისხმობდა ირანის ეგზისტენციალურ საფრთხედ წარმოჩენას და მთელი საკუთარი პოლიტიკის მის შესაკავებლად მომართვას. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, სწორედ ერაყ-ირანის ომისა და ირანიდან მომავალი საფრთხის კონტექსტში შეიქმნა „ყურის თანამშრომლობის საბჭო“ (GCC).[84]

ისლამურმა რევოლუციამ შიშები კატარშიც გააჩინა. მაშინდელი ამირა შეიხი ხალიფა ბოლო მომენტამდე ირანის შაჰის მხარდამჭერი რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ახალ ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და კატარს შორის ურთიერთობა სერიოზულად არ დაზარალებულა. კატარი გაწევრიანდა „ყურის თანამშრომლობის საბჭოში“(GCC), თუმცა ცდილობდა მეტწილად ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა ერაყ-ირანის ომში.[85]

ბუნებრივია, კატარს არ სურდა რეგიონში მიმდინარე ომი მასაც შეხებოდა, ირანთან ტერიტორიული სიახლოვის გამო კი მაქსიმალურად ცდილობდა, არ გაეღიზიანებინა ეს უკანასკნელი. ამასთან ერთად, კატარში ირანის ისლამური რევოლუციისადმი შიშები გაცილებით მცირე იყო. აქ მცხოვრები შიიტი უმცირესობა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მეტწილად ინტეგრირებულია საზოგადოებაში და არ აქვთ რევოლუციური მიდრეკილებები.

ერაყ-ირანის ომში ნეიტრალური პოზიციის შედეგად, კატარმა მიიღოს ირანის მხარდაჭერა ბაჰრეინთან ტერიტორიული დავისას.[86]

ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდა შეიხ ჰამადის მიერ ხელისუფლების ხელში აღების შემდგომ. კატარის ახალი, აქტიური, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ირანთან ურთიერთობების დათბობის კუთხით ამუშავდა. ეს შეიძლება აიხსნას საუდის არაბეთიდან მომდინარე საფრთხის დაკომპენსირების მცდელობადაც, განსაკუთრებით თანამშრომლობის ადრეულ ეტაპზეც. თუმცა, უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2010 წლამდე არ შედგენილა. ეს კი ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესების საუდის არაბეთის დაბალანსების მცდელობად ახსნას საეჭვოს ხდის. მით უფრო, რომ მოკავშირეობა აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მეტოქესთან რეგიონში ასევე არ უნდა ყოფილიყო მომგებიანი კატარის სტრატეგიული მიზნებისთვის.

გაცილებით უფრო ლოგიკურია კატარისა და ირანის ურთიერთობის პრაგმატიზმის ლოგიკით ახსნა. 1971 სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთის, ან მეორენაირად სამხრეთ ფარსის გაზის დიდი მარაგი აღმოჩნდა. ირანიც და კატარიც ორივე იღებს გაზს სწორედ ამ ადგილიდან. ორივე ქვეყანას საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის სჭირდება მეზობელთან მშვიდობიანი და პარტნიორული დამოკიდებულება. ურთიერთთანამშრომლობა მათთვის პრაგმატული ქცევაა.[87]

2015 წელს მიღწეულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას კატარი დადებითად შეხვდა. ეს მას საშუალებას აძლევდა ჩაედო ინვესტიციები ირანის ენერგეტიკულ სექტორში და მიეღო მნიშვნელოვანი მოგება. ამ კუთხითაც, კატარის რეაქცია განსხვავდებოდა ყურის სხვა არაბული სახელმწიფოების მიდგომისგან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბირთვული შეთანხმება მათ მთავარ მეტოქეს გააძლიერებდა.[88]

2010 წლის შეთანხმება უსაფრთხოების საკითხშიც სწორედ, უპირველეს ყოვლისა, საზღვაო გზების უსაფრთხოებას უკავშირდება. ამ შეთანხმების მიზანი ფინანსური მოგების სტაბილურობის შენარჩუნება იყო.[89]

ირანი და კატარი არ წარმოადგენენ მოკავშირე სახელმწიფოებს. ეს ცხადი ხდება, როდესაც ყურის რეგიონის მიღმა საერთაშორისო პოლიტიკასაც განვიხილავთ. მაგალითად, სირიაში, კატარი მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციას, მაშინ, როცა ამ უკანასკნელს დიდი ხანია ეხმარება ირანი.

კატარსა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდა 2017 წლის ბლოკადის შემდგომ. ამ მოვლენებს თავისი მიზეზები და დინამიკა ჰქონდა, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კატარსა და ირანს შორის ურთიერთობა ძირითადად პრაგმატულ საფუძვლებს ემყარება. მათ სჭირდებათ კეთილმეზობლური ურთიერთობები ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, კატარისა და ირანის ერთ პოლიტიკურ ალიანსად განხილვა არ იქნებოდა სწორი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კატარი, ომანთან ერთად, წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები ირანში. უფრო მეტიც, კატარს აქვს კონტაქტები ირანის  „Deep State“-თან – „რევოლუციურ გვარდიასთან“.[90] ეს მოწმდება 2015 წელს ერაყის ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ შეპყრობილი ადამიანების კატარის მედიაციის საშუალებით გამოხსნის ფაქტით. ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა აწ გარდაცვლილი ყასემ სოლეიმანი, „რევოლუციური გვარდიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.[91] სავარაუდოა, რომ სწორედ ასეთი მრავალმხრივი კონტაქტების გამო, ასევე საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ცდილობდა კატარი აეღო შუამავლის როლი აშშ-სა და ირანს შორის ახლა მიმდინარე მოლაპარაკებებში ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით.[92]

კატარის პოლიტიკაზე დაკვირვება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იგი უპირობოდ არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ ალიანსს. მას აქვს უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი აშშ-ის სამხედრო ბაზის სახით, ასევე სთავაზობს ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან კონტაქტებს, რისი გამოისობითაც კატარი აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკისთვის შეუცვლელი აქტორია. სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კატარი ასევე აქტიურად თანამშრომლობს ახალ რეგიონალურ ძალასთან – თურქეთთან. კატარს ასევე აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა აშშ-ის მთავარ მოწინააღმეგესთან რეგიონში – ირანთან. რაც შეეხება საუდის არაბეთს, მიუხედავად იმისა, რომ კატარის საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ უკანასკნელთან წინააღმდეგობაში და მისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ჩამოყალიბდა, ამ ორ ქვეყანას შორის საერთო პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობის ეპიზოდებიც გვხვდებოდა ხოლმე.

სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ანალიზი კატარის საგარეო პოლიტიკის შესახებ სრულყოფილ წარმოდგენას ვერ შექმნის. საქართველოს ელჩი კატარში ეკატერინე მიქაძე მიუთითებდა კატარისთვის „Security Pocket“ -ის მნიშვნელობაზე. „Security Pocket“ გულისხმობს უსაფრთხოების რთულ და კომპლექსურ სისტემას, რომელშიც სამხედრო ასპექტი მხოლოდ ერთი ნაწილია.[93] კატარი 1995 წლიდან მოყოლებული აქტიურად ცდილობდა „Security Pocket”-ის შექმნას. ამის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გზაა – გახდე საჭირო სხვადასხვა არაერთი ძალისთვის, ხოლო მინიმალური საჭიროებაა – საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციის მასშტაბურად და პოზიტიურად გავრცელება, ე.წ. „ბრენდინგი“. ამას კატარი რბილი ძალის გამოყენების სხვადასხვა გზებით აღწევდა. კვლევის შემდგომი ნაწილი სწორედ ამის ანალიზს დაეთმობა.

რბილი ძალის მნიშვნელობა კატარის საგარეო პოლიტიკაში – ალ-ჯაზირა

„რბილი ძალა“ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინია. მისი მნიშვნელობა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება. ეს ტერმინი მოიაზრებს სხვა ქვეყნებსა და განვითარებულ პროცესებზე ზემოქმედებას და საკუთარი ინტერესების მიღწევას არა სამხედრო და არა წმინდად ფინანსური გზებით. ამას კი იგი ახერხებს, თუკი შეძლებს მოიპოვოს სხვა ქვეყნებისა და საზოგადოებების მოწონება – სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო თუ სპორტული მიღწევების საშუალებით.[94] პატარა სახელმწიფოებისთვის „რბილი ძალა“ იმ „Security Pocket”-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ.

შეიხ ჰამადმა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გააცნობიერა „რბილი ძალის“ სტრატეგიის მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო „კატარის რუკაზე მკაფიოდ მონიშვნა“.[95] ამ პატარა სახელმწიფოს შესახებ უნდა გაეგო რაც შეიძლება მეტ ადამიანს.  აქედან წარმოიშვა „საჯარო დიპლომატიის“ აუცილებლობა. კატარის ამოცანა გახდა არა მხოლოდ ის, რომ ჰქონოდა ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებთან, არამედ ისიც, რომ ხმა მიეწვდინა ამ სახელმწიფოების მოსახლეობისთვისაც.

კატარის „რბილი ძალა“ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.  ეს არის კულტურა, სპორტი და სხვ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო გავლენის მქონე უდაოდ ალ-ჯაზირას დაარსება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა გახადა შესაძლებელი კატარის „რბილი ძალის“ არსებობა და ფართოდ გავრცელება. ასევე, თამამი განაცხადი არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ ალ-ჯაზირა იყო და დღემდე არის კატარის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. არაბი ავტორი – ჯამალ ‘აბდ ალ-ლაჰ, ალ-ჯაზირას, ამირას ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კატარის საგარეო პოლიტიკის მთავარ აქტორად მოიხსენიებს.[96]

ალ-ჯაზირა 1996 წელს დაარსდა. მას წინ უძღოდა BBC-ის არაბული ვერსიის ოფისის დახურვა. ამის მიზეზი მათი მხრიდან ალ-საუდის სამეფო ოჯახის წევრების კრიტიკა იყო. შეიხ ჰამადმა მოიზიდა აქ მომუშავე ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ დიდი ჟურნალისტური გამოცდილება.[97]

ალ-ჯაზირა თავიდან მხოლოდ არაბულ ენაზე გადაიცემოდა. იგი მალევე ყველა სხვა არაბული მაუწყებლობისგან გამოირჩა. ეს უკანასკნელნი უმეტესწილ ვერ ბედავდნენ დიქტატორული რეჟიმების წინააღმდეგ ხმის ამოღებას, მათ გადაცემებში არ ისმოდა ოფიციალური პირების კრიტიკა.[98] აქედან გამომდინარე, მათი მომსახურების ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო. ალ-ჯაზირას დაარსებას წინ უძღოდა ინფორმაციის სამინისტროს გაუქმება. ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ კატარი არ აპირებდა ალ-ჯაზირას დაცენზურებას. მართლაც, ალ-ჯაზირამ არაბულენოვან სამყაროს შესთავაზა მაღალი ხარისხის გადაცემები, სადაც იყო ღია დისკუსია.[99] აღსანიშნია, რომ სწორედ აქ, პირველად არაბულენოვანი მას-მედიის ისტორიაში, გადაცემაში მიიწვიეს ისრაელის წარმომადგენლები.[100] ალ-ჯაზირაში ხშირად ისმოდა არაბული დიქტატორული რეჟიმების და სამეფო ოჯახების კრიტიკა. 2004 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ალ-ჯაზირას ჰქონდა ძალიან მაღალი ნდობა მოსახლეობაში, მათ შორის საუდის არაბეთის მოქალაქეებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ვითარება იყო.[101]

არაბულ სამყაროში დადებითი განწყობების მიუხედავად, საერთაშორისო არენაზე ალ-ჯაზირას სახელი ჰქონდა გაფუჭებული. 2001 წელის 9 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ, ოსამა ბინ ლადენის მიმართვა სწორედ ალ-ჯაზირას ეთერში გავიდა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ავღანეთსა და ერაყში სამხედრო კამპანიებიც ალ-ჯაზირას მიერ აქტიურად შუქდებოდა. მისი საშუალებით არაბული სამყარო და მსოფლიო ხედავდა სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობას.[102]

საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების მიზნით, 2006 წლიდან მაუწყებლობა დაიწყო ალ-ჯაზირას ინგლისურენოვანმა ვერსიამაც. მალევე მან შეძლო კონკურენციაში ჩამდგარიყო იმდენად მნიშვნელოვან მედია საშუალებებთან, როგორებიცაა  CNN და BBC.

ალ-ჯაზირას ამგვარმა წარმატებამ კატარი ნამდვილად „მონიშნა რუკაზე“. მისი საშუალებით კატარი აშუქებს მის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, კულტურულ თუ სპორტულ მიღწევას. ეს ინფორმაცია კი უამრავ ადამიანამდე მიდის.

ამ ყველაფრის შემდგომ ჩნდება ბუნებრივი კითხვა – რამდენად თავისუფალია ალ-ჯაზირა თავის სარედაქციო პოლიტიკაში? მკვლევარი ტალ სამუელ-აზრანი მიიჩნევს, რომ ალ-ჯაზირა სახელმწიფო მედია საშუალებების ახალ – ჰიბრიდულ მოდელს წარმოადგენს. იგი გამოყოფს იქამდე არსებულ ორ მოდელს – სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მის მფლობელობაში მყოფი მედია საშუალებები იყო პირველი მოდელი, რითაც სახელმწიფოები ინფორმაციულ ველზე გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ; მას შემდეგ, რაც გავრცელდა კერძო მას-მედია საშუალებები, სახელმწიფო პირებს დარჩათ მხოლოდ ერთი ბერკეტი – ოფიციალურ პირებს ემოქმედათ ორგანიზებულად, რათა მოეპოვებინათ გავლენა მედია ნარატივზე. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ალ-ჯაზირა აერთიანებს ამ ორივე მეთოდს. მისი ყოველდღიური საქმიანობა არ კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან და ამით იქმნება ობიექტურობის და დამოუკიდებლობის აღქმა. ამის მიუხედავად, იგი ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისად, როდესაც ეს მთავრობას სჭირდება, ორგანიზებულად თანამშრომლობს სახელმწიფოს ნარატივების გავრცელებისთვის. ამ დებულებას იგი ამყარებს ალ-ჯაზირას არაბული ვერსიის 2001-2008 წლის კონტენტის შესწავლით. ეს ის პერიოდია, როდესაც კატარსა და საუდის არაბეთს შორის კონფლიქტური მდგომარეობა იყო. კვლევამ ცხადყო, რომ ალ-ჯაზირას სარედაქციო პოლიტიკა საუდის არაბეთის მიმართ ემთხვეოდა კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპზე კატარის დამოკიდებულას ამავე ქვეყნისადმი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალ-ჯაზირა ნამდვილად არის კატარის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი.[103]

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მედია საშუალების საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არაბული სამყაროსთვის უცხო არც მანამდე იყო. გამალ აბდელ ნასერი, ეგვიპტის პრეზიდენტი, აქტიურად იყენებდა ეგვიპტის მიერ დაარსებულ „სავთ ალ-არაბ“ რადიოს პან-არაბიზმის იდეების გამავრცელებლად. ალლენ ფრომჰერცი აღნიშნავს, რომ ალ-ჯაზირას არსებობისა და მისი ღიაობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით კატარი ზეგავლენას ახდენს თითქმის ყველა იმ მნიშვნელოვან იდეაზე, მოვლენაზე და დებატზე, რაც ქმნის არაბული სამყაროს მომავალს.[104]

ალ-ჯაზირა არ არის კატარის „რბილი ძალის“ ერთადერთი შემადგენელი ნაწილი. აქ ასევე მნიშვნელოვანია კულტურული და სპორტული მიღწევები, მაგალითად FIFA 2022 -ის კატარში ჩატარება. თუმცა, ეს ყველაფერი პოპულარიზდება და მათ შესახებ ინფორმაცია,  უპირველეს ყოვლისა, სწორედ ალ-ჯაზირას საშუალებით ვრცელდება.

ალ-ჯაზირა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კატარის ბრენდინგში. ეს კი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „არაბული გაზაფხულის“ პროცესებში.

კატარის ჩართულობა არაბულ გაზაფხულში

„არაბული გაზაფხული“ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდ.აფრიკის რეგიონის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს. არაბული დიქტატორული სახელმწიფოები დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურ რეჟიმებად მიიჩნეოდა[105] და ეს აკადემიური კვლევის საკითხიც კი იყო. არსებული  წარმოდგენა ეჭვქვეშ დააყენა რევოლუციებისა და ანტი-სამთავრობო გამოსვლების სერიამ, რომელიც 2010-2011 წლებში მთელ რეგიონში დინამოს პრინციპით გავრცელდა.

ყველაფერი თუნისში დაიწყო. 2010 წლის 17 დეკემბერს მუჰამმად ბუაზიზიმ თავი დაიწვა, რადგან მას სახელმწიფომ ქუჩის ჯიხური ჩამოართვა. ამას თუნისში დიდი ანტი-სამთავრობო გამოსვლები მოჰყვა. ეს საპროტესტო დემონსტრაციები მთლიანად არა-ძალადობრივი ხასიათის იყო. მალევე ბუაზიზი გარდაიცვალა, რამაც პროტესტს დამატებითი მუხტი შეჰმატა. სამხედროებმა უარი განაცხადეს პროტესტის ჩახშობაზე, რის შედეგადაც თუნისის პრეზიდენტს ბენ ალის ქვეყნის დატოვება მოუწია.[106]

პროტესტების ტალღა გავრცელდა ეგვიპტეში, მოგვიანებით ლიბიასა და სირიაშიც. ანტი-სამთავრობო პროტესტებმა სპარსეთის ყურის რეგიონშიც შეაღწია და ბაჰრეინში სერიოზული დემონსტრაციები დაიწყო.

კატარი ისევე მოუმზადებელი შეხვდა „არაბული გაზაფხულის“ დასაწყისს, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო. ამას ასევე მოწმობს ისიც, რომ ალ-ჯაზირა გაცილებით მცირე აქტიურობით აშუქებდა თუნისის პროცესებს, ვიდრე მოგვიანებით ეგვიპტისა და ლიბიის რევოლუციებს. მას შემდეგ, რაც არაბული გაზაფხულისადმი გაჩნდა მხარდაჭერა დასავლეთის სახელმწიფოებში, კატარმაც მალევე დაიჭირა ცვლილებების მხარდამჭერი პოზიცია[107].

„არაბული გაზაფხული“ კატარისთვის წინა წლებში დაგროვებული პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსებისა და გავლენების გამოყენების ასპარეზს იძლეოდა. ამ პერიოდამდე კატარს უკვე ჰქონდა გამოცდილი მედიატორის სტატუსი, თუმცა მედიაცია მოიაზრებს არა კონკრეტული პოზიციის და მისწრაფების ქონას, არამედ მხოლოდ მხარეებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების მცდელობას. „არაბული გაზაფხული“ კი შესაძლებლობას აძლევდა კატარს პრო-აქტიურად ჩართულიყო და შეექმნა დღის წესრიგი. მით უმეტეს, თავიდანვე ცხადი იყო, რომ სხვა არაბული სახელმწიფოები ნაკლებად დაუჭერდნენ მხარს ცვლილებებს,[108] რაც კატარს აძლევდა შანსს გამხდარიყო სხვებისგან გამორჩეული. ეს კი უალტერნატივო შანსი იყო ბრენდინგისთვის და საერთაშორისო პრესტიჟის ზრდისთვის.[109]

„არაბული გაზაფხულის“ პროცესების მხარდაჭერა კატარისთვის ნაკლებ-დანახარჯიანი არჩევანიც იყო.[110] მოვლენები ვითარდებოდა კატარისგან საკმაოდ შორს და მათი უშუალოდ კატარში გავრცელების შანსი მცირე იყო. როდესაც ასეთი საფრთხე გაჩნდა, ბაჰრეინში დემონსტრაციების სახით, კატარმა საშუალება მისცა საუდის არაბეთს პრობლემების გარეშე ჩაეხშო ეს რევოლუციური მოძრაობა სპარსეთის ყურის ქვეყანაში.[111]

ამასთანავე, „არაბულმა გაზაფხულმა“ შექმნა შესაბამისი ამინდი კატარის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის – ჰამად ბინ ჯასემის ცნობილი დოქტრინის – „არაბული პრობლემების არაბული გადაწყვეტის“ გამოსაცდელად.[112]

ყოველივე ამან კატარს „არაბულ გაზაფხულში“ აქტიური ჩარევისკენ უბიძგა. იმისათვის, რომ მისი პოლიტიკა არ ყოფილიყო ქაოტური, მას სჭირდებოდა ის კონკრეტული ძალა, რომლის უკანაც დადგებოდა და რომლის გამძლავრებასაც შეუწყობდა ხელს. ასეთ პოლიტიკურ ძალად – ისლამისტური მოძრაობები და, უფრო კონკრეტულად, მუსლიმთა საძმოს ორგანიზაციები იქცა. შესაბამისად, არაბულ გაზაფხულში კატარის ჩართულობის უკეთ შესაფასებლად, მნიშვნელოვანია კატარისა და „მუსლიმური საძმოს“ ურთიერთობაც მიმოვიხილოთ.

კატარი, ისევე როგორც საუდის არაბეთი, ვაჰაბისტური სახელმწიფოა. თუმცა კატარელები ასხვავებენ საკუთარ, უფრო ღია „ზღვის ვაჰაბიზმს“, რომელიც საუდურ ვერსიაზე ტოლერანტული და ცვლილებებისთვის ღიაა.[113] „მუსლიმური საძმო“, რომელიც ისლამისტური პოლიტიკური მოძრაობაა, მიეკუთვნება ისლამის იგივე ვარიაციას, საიდანაც ვაჰაბიზმი წარმოიშვა – კერძოდ სალაფიტურ ისლამს. „მუსლიმი ძმები“ ეგვიპტეში დაარსდა, თუმცა მათ  მალევე ეგვიპტის ხელისუფლება დაუპირისპირდა  და მის წევრებს სხვადასხვა ქვეყნებში გაქცევა მოუწიათ. ბევრი ისლამისტი ჩავიდა სპარსეთის ყურის არაბულ მონარქიებში. ისინი უმეტესწილ განათლებულ ადამიანებს წარმოადგენდნენ და მალევე დაიკავეს მნიშვნელოვანი პოზიციები ამ მონარქიების განათლების სისტემაში.[114] მათ იდეოლოგიას, თავდაპირველად, მონარქიები იყენებდნენ პან-არაბიზმის იდეების საპირწონედ.[115] „მუსლიმი ძმების“ პოზიცია კატარში განსხვავდებოდა მათი მდგომარეობიდან ყურის სხვა მონარქიებში. თუკი სხვა სახელმწიფოებში „მუსლიმმა ძმებმა“ შეაღწიეს სისტემაში, კატარში მათი როლი ძირითადად პედაგოგიური საქმიანობით შემოიფარგლებოდა.[116] აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც „მუსლიმმა ძმებმა“ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პოლიტიკური ცვლილებები მოითხოვეს, კატარში მსგავსი მოძრაობა არ დაწყებულა. შესაბამისად, კატარსა და მათ შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო ნორმალურად ვითარდებოდა.

ამასთან ერთად, კატარი მალევე შეიქმნა ბევრი სხვა სახელმწიფოსგან დევნილი „მუსლიმი ძმების“ წევრების ერთგვარ ცენტრად. განსაკუთრებით საინტერესო ფიგურაა „მუსლიმი ძმების“ ერთ-ერთი მთავარი ორატორი და მათი იდეოლოგიის გამავრცელებელი – ალ-კარადავი. იგი ალ-ჯაზირაზე გადაცემის „შარიათი და ცხოვრების“ წამყვანია, რაც ნიშნავს, რომ კატარმა „მუსლიმთა საძმო“ ფაქტობრივად მედია მაუწყებლობით მოამარაგა. [117]

კატარსა და „მუსლიმი ძმების“ ორგანიზაციებს შორის მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი რესურსი არსებობდა. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ არაბული გაზაფხულის თითქმის ყველა ეპიზოდში, კატარი ისლამისტური მოძრაობების მხარდაჭერი გამოდიოდა. კატარში გულწრფელად სჯერათ, რომ ისლამისტური მოძრაობები შეიძლება აღმოჩდნენ არაბული პრობლემების გადაწყვეტის გზა.[118]

აქედან გამომდინარე, კატარმა დაიწყო პრო-აქტიური ჩარევა „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებში. მოქმედების პირველი პლაცდარმი ეგვიპტე იყო. აქ კატარის ძირითად ინსტრუმენტად „რბილი ძალის“ მთავარი მექანიზმი – ალ-ჯაზირა იქცა. ალ-ჯაზირაზე ეგვიპტეში მიმდინარე პროცესების 24 საათიანი რეპორტაჟი მიმდინარეობდა. ამასთანვე, ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც არსებობდა ალ-ჯაზირას ინგლისური ვერსიაც, სადაც ასევე აქტიურად მიმდინარეობდა ეგვიპტეში მიმდინარე პროცესების გაშუქება.[119] სწორედ ამის წყალობით, ალ-ჯაზირამ და შესაბამისად კატარმა დაიმსახურა მრავალთა ქება. კატარი კი ფაქტობრივად, ქმნიდა ნარატივებს რევოლუციური პროცესის შესახებ. მასშტაბური პროტესტების შედეგად ეგვიპტის იმდროინდელ პრეზიდენს – ჰოსნი მუბარაქს თანამდებობის დატოვება მოუწია. რევოლუციის შემდგომი დემოკრატიული პროცესების შედეგად ეგვიპტის მთავრობაში მუსლიმი ძმები მოვიდნენ. მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ შეიქმნა ეგვიპტისთვის მიძღვნილი ალ-ჯაზირას არხი – „მისრ მუბაშირ“.[120] აქ „მუსლიმი ძმების“ აქტივობების და პოლიტიკური დღის წესრიგის აქტიური გაშუქება მიმდინარეობდა. ეგვიპტეში „მუსლიმი ძმების“ გამარჯვება კატარის პოლიტიკის მნიშვნელოვანი, თუმცა მცირე ხნიანი გამარჯვება აღმოჩნდა.

ეგვიპტეში პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დემონსტრაციები ლიბიაში – მუამარ კადაფის წინააღმდეგაც დაიწყო. ლიბიის შემთხვევაში კატარი არ დასჯერდა მხოლოდ „რბილი ძალის“ მექანიზმების გამოყენებას. ამჯერად მას ჰქონდა სურვილი იმის დემონსტრირებისა, რომ „არაბული პრობლემების არაბული გადაწყვეტა“ რეგიონალური პრობლემების მოგვარების რეალისტური გზა იყო. ამ პერიოდში კატარი „არაბული ლიგის“ თავმჯდომარე იყო. მან გაიღო დიდი დიპლომატიური ძალისხმევა, რათა პირველ რიგში, გაეგდოთ ლიბია ამ ორგანიზაციიდან, შემდგომ კი გაეროს მიეღო რეზოლუცია, რომელიც ლიბიის საჰაერო სივრცეზე  No Fly Zone-ს დააყენებდა და ლიბიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას საერთშორისო სამართლის ნორმებში მოაქცევდა.[121] კატარი და მასთან ერთად არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, ლიბიაში ინტერვენციის ინიციატორები იყვნენ.[122] კატარი მნიშვნელოვნად ეხმარებოდა ნატოს ლიბიაში ოპერაციების განხორციელებაში. ასევე, იგი აფინანსებდა და იარაღს აწვდიდა ოპოზიციურ ჯგუფებს. ამ ყველაფერთან ერთად კი მისი სპეციალური სამხედრო დანაყოფები პირდაპირ მონაწილეობასაც იღებდნენ საომარ მოქმედებებში. კადაფის წინააღმდეგ ლიბიელი ხალხის ბრძოლას აქაც აქტიურად აშუქებდა ალ-ჯაზირა.[123] საბოლოო ჯამში, კადაფის რეჟიმი ჩამოიშალა. კატარი შეეცადა აქაც ხელი შეეწყო ისლამისტური მოძრაობის არჩევნებში გამარჯვებისთვის, თუმცა ეს წარმატებით ვერ მოახერხა. ისლამისტურმა პარტიამ „ალ-ვატან“(სამშობლო), საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 1 ადგილი მოიპოვა.[124] უფრო მეტიც, კატარის ჩარევამ პოსტ-კადაფურ ლიბიაში, ლიბიელი ხალხის ბრაზი გამოიწვია.

სიტუაცია კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სირიაში. თუკი ლიბიაში კადაფის წინააღმდეგ კატარმა მოახერხა მთელი საერთშორისო საზოგადოების დარაზმვა, იგივე ვეღარ შეძლო სირიაში ბაშარ ალ-ასადთან მიმართებაში. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ჩინეთის ყოფნა ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა იმის მსგავსი რეზოლუციის მიღებას, როგორიც ლიბიის წინააღმდეგ მიიღეს.[125]

კატარი მაინც ცდილობდა ერთიანი არაბული ფრონტით ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს დაპირისპირებოდა. იგი ჯერ კიდევ „არაბული ლიგის“ თავმჯდომარე ქვეყანა იყო. ამ შემთხვევაში საკითხის გარშემო ვერც არაბული სახელმწიფოების გაერთიანება მოხერხდა. სირიაში მშვიდობიანი დემონსტრაციები მალევე სექტარიანულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გაჩნდა შიშები, რომ აქ ჩარევა სწორედ ამ კონფლიქტების გაჩაღებას შეუწყობდა ხელს.[126]

იქიდან გამომდინარე, რომ გაერთიანებული არაბული ფრონტი ვერ შეიქმნა, კატარმა პირდაპირ სამხედრო ინტერვენციაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად იგი, საუდის არაბეთთან ერთად აქტიურად აფინანსებდა და იარაღს აწვდიდა ოპოზიციურ დაჯგუფებებს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, კატარი და საუდის არაბეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს აფინანსებდნენ.[127]

სირიის შემთხვევაში აღსანიშნია ზოგადი რეგიონალური კონტექსტიც. ბაშარ ალ-ასადი ითვლება ირანის მთავარ მოკავშირედ, სწორედ აქედან გამომდინარეობს საუდის არაბეთის აქტიური ჩართულობა და ოპოზიციის მხარდაჭერა ამ პროცესში. კატარის ჩართულობა კი უკეთ აიხსნება, თუკი მის ჩართულობას ეგვიპტესა და ლიბიასთან მიმართებაში მისი ზოგადი პოლიტიკის გაგრძელებად განვიხილავთ.

„არაბულ გაზაფხულთან “მიმართებაში კატარის ჩართულობაზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი რამ. დემონსტრაციების დიდი ნაწილი დემოკრატიული მოთხოვნებით გამოდიოდა, თუმცა კატარის რიტორიკაში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭებოდა არა დემოკრატიას, არამედ ტირანების მიერ ხალხის ჩაგვრას.[128]  კატარის ბრენდინგის „არაბული გაზახული“ კონტექსტში იყო სწორედ ეს – იგი გვევლინებოდა ჩაგრული ხალხის მხსნელად.[129]

„არაბული გაზაფხული“ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედს იძლეოდა. ეს იმედები ვერ განხორციელდა. თითქმის ყველა რევოლუციურ ცვლილებას, მალევე მოჰყვა კონტრ-რევოლუცია ან ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება.

კატარმა კი პირველად გამოსცადა თავის შესაძლებლობები ახალ ამპლუაში – იგი რეგიონალური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად მოგვევლინა. არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი პოზიციონერობით მან დააზარალა თავისი მიუმხრობელი მედიატორის პრესტიჟი.[130] თუმცა, რამდენად გრძელვადიანი ეფექტი აქვს ამას ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში კატარი კვლავ ბევრს მუშაობს სხვადასხვა ტიპის მედიაციებზე.

კატარმა აჩვენა, რომ მის საგარეო პოლიტიკას აქვს უნარი მიაღწიოს მოკლევადიან შედეგებს. თუმცა გრძელ ვადაში მან თავის უმთავრეს პოლიტიკურ მიზანს – ისლამისტური მოძრაობების სხვადასხვა ქვეყნების სათავეში მოქცევას, ვერ მიაღწია.

ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ის, რომ „არაბული გაზაფხული“ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კატარის ბრენდინგისთვის. ამ პროცესებმა ალ-ჯაზირას სერიოზული ნდობა მოუპოვა, კატარმა კი ჩაგრული ხალხის მხარდამჭერის ბრენდი შეიქმნა.

„არაბულ გაზაფხულში“ კატარის ჩართულობამ ცხადყო, რომ იგი ხელწამოსაკრავი ძალა არ იყო. მას შეეძლო ჰქონოდა დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც განსხვავებული იყო თითქმის ყველა სხვა მისი მეზობლის, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთის პოლიტიკისგან. მან ასევე დაამტკიცა, რომ მისი „რბილი ძალა“ და დიპლომატიური კავშირები მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლეოდა.

კატარი -რეგიონალური მედიატორი

კატარის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი – მისი არაერთ სხვადასხვა კონფლიქტში შუამავლის როლით ჩართვაა.

კონფლიქტების მედიაცია, ბუნებრივია, კატარის მოგონილი არაა. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონშიც შიდა-სახელმწიფოებრივ თუ სახელმწიფოთაშორის კონფლიქტების მედიაცია კატარის გამოჩენამდეც ცნობილი იყო. მედიატორების როლს ხშირად ითავსებდნენ რეგიონალური ძალები – საუდის არაბეთი და ეგვიპტე.

კატარის შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ იქამდე პატარა სახელმწიფოების მხრიდან მედიატორის როლის შეთავსება საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირი შემთხვევა არ ყოფილა. შეიძლება გამოიყოს ნორვეგიის მაგალითი, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მედიატორად მოგვევლინა.[131]

დღევანდლამდე კატარს არაერთ კონფლიქტურ სიტუაციაში უშუამდგომლია. მას ამ პროცესში უპირობოდ ეხმარება, ერთი მხრივ, დიდი ფინანსური რესურსები, მეორე მხრივ, კი ბიუროკრატიის სიმცირე და რეალური პოლიტიკური ძალაუფლების სულ რამდენიმე ადამიანის ხელში ყოფნა. მედიაციის პროცესში დიდ როლს თამაშობს მიუმხრობლობა – იმიჯი, რომელსაც კატარი უფრთხილდებოდა „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებამდე. მანამ, ვინაიდან იგი რეგიონალურ პოლიტიკაში შედარებით ახალი ძალა იყო, ჰქონდა ნაკლები ისტორია სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორებთან, ვიდრე საუდის არაბეთსა თუ ეგვიპტეს.[132] ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია კატარის მრავალმხრივი კონტაქტები.

განსაკუთრებით წარმატებულად შეფასდა კატარის ჩართულობა ლიბანში განვითარებულ მოვლენებში. აქ, 2008 წლიდან მოყოლებული ჰეზბოლასა და სამთავრობო ძალებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ლიბანის სახელმწიფო ჩამოშლის პირას იყო. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაც თავის თავზე კატარმა აიღო. საგარეო საქმეთა მინისტრი – ჰამად ბინ ჯასიმი პირადად იყო ჩართული მედიაციის პროცესში. მოლაპარაკებებზე დამსწრე პირებისგან ცნობილია, რომ ამ პიროვნების პერსონალურმა დიპლომატიურმა უნარებმა პროცესზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა.[133] საბოლოო ჯამში, მხარეები შეთანხმდნენ. ხელშეკრულებას „დოჰას შეთანხმება“ ეწოდა და სამოქალაქო ომიც შეწყდა. ლიბანში მედიაციის პროცესზე კარგი გავლენა ჰქონდა 2006 წლის ისრაელ-ლიბანის ომის ალ-ჯაზირას მიერ გაშუქებას, სადაც აშკარად ანტი-ისრაელური ნარატივი ჭარბობდა. მედიაციის წარმატებით დასრულებას მოჰყვა 300 მილიონი დოლარის ლიბანის რეკონსტრუქციაში ჩადება.[134]

აღსანიშნია ასევე კატარის ჩართულობა დარფურის კონფლიქტში. აქ, 2003 წლიდან მოყოლებული, სუდანის მთავრობასა და დარფურის „სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობას“ შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა. 2008 წლიდან მოყოლებული კატარი ამ კონფლიქტში მედიაციის პროცესის ინიციატორი გახდა. მან ჯერ საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა, შემდგომ კატარის წარმომადგენელი ადგილობრივ დონეზე დეტალურად გაეცნო სიტუაციას. ამის შემდეგ კი დაიწყო უშუალოდ მოლაპარაკებების სერია.[135] კატარს, უკვე ამ პერიოდისთვის, ჰქონდა კონტაქტები როგორც სუდანის მთავრობასთან, ასევე დარფურის შეიარაღებულ დაჯგუფებებთანაც. 2011 წელს ეს მედიაციაც წარმატებით დასრულდა.[136] კატარი კიდევ ერთხელ გახდა რეგიონში მშვიდობის შემოქმედი. სუდანში მას სხვა კონკრეტული მიზანიც ჰქონდა. კერძოდ, კატარს სჭირდება დიდი რაოდენობით საჭმლის იმპორტი. კონფლიქტის მოგვარების შემდგომ კატარმა გააფორმა მნიშვნელოვანი კონტრაქტები სუდანიდან საჭმლის იმპორტისათვის.[137] აღსანიშნია ისიც, რომ სუდანის შემთხვევაში მან მედიატორის ტრადიციული როლი ეგვიპტეს ჩამოართვა.

საინტერესოა კატარის ჩართულობა პალესტინის საკითხებში. კატარს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, აქვს კარგი ურთიერთობა „მუსლიმ ძმებთან“. ღაზას სექტორში არსებული ჰამასის დაჯგუფება სწორედ „მუსლიმ ძმებთან“ აფილირებული ორგანიზაციაა. 2006 წელს ჰამასმა პალესტინის არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა სხვა პარტიებმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. 2007 წელს ჰამასმა ღაზის სექტორი დაიკავა. აქედანვე მოყოლებული კატარი ფინანსურად ეხმარება ღაზას სექტორს, რამაც ჰამასსა და კატარს შორის კარგ ურთიერთბებს დაუდო დასაბამი.[138]

ჰამასსა და პალესტინის სხვა ძალებს, უპირველეს ყოვლისა კი ფათაჰს შორის მედიაცია, ასევე კატარმა აიღო თავის თავზე. მედიაციის მიზანი ერთიანი მთავრობის შექმნა იყო. ამჯერად, კატარის შუამავლობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და მხარეების შერიგება ვერ მოხდა.[139]

კატარის მედიაცია ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა იემენში. შეიხ ჰამადის პირდაპირი ჩართულობით 2008 წელს ჰუსიტ ამბოხებულებსა და ხელისუფლებას შორის ხელშეკრულება დაიდო, თუმცა მხარეებმა იგი არ შეასრულეს და სამხედრო დაპირისპირებაც გაგრძელდა. 2010 წელს დაიდო კიდევ ერთი დოჰას შეთანხმება, თუმცა ამჯერადაც, იგი სისრულეში ვერ მოვიდა. იემენის შემთხვევაში აუცილებელია ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ საუდის არაბეთის განსაკუთრებული დაინტერესება და ჩართულობა ამ კონფლიქტში.[140] ქალბატონმა ეკატერინემ ინტერვიუში გაიხსენა, რომ იემენში საუდის არაბეთის სამხედრო კამპანიამდე ცოტა ხნით ადრე, კატარი კვლავ ცდილობდა მხარეებს შორის შუამავლობას და დადებითი მოლოდინებიც არსებობდა. სიტუაცია რადიკალურად შეცვალა მუჰამმად ბინ სალმანის სამხედრო ოპერაციამ.

მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ კატარი მედიატორის როლს მხოლოდ მაღალი რანგის კონფლიქტებში არ ირგებს. მნიშვნელოვანია, მისი მხრიდან, არაერთი წარმატებული ჰუმანიტარული მედიაცია. ზევით უკვე აღინიშნა კატარის ძალისხმევა ამერიკელი ჟურნალისტის გამოსახსნელად.  ასევე, ცნობილია კატარის ძალისხმევა თალიბანის ტყვეობიდან აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეების გამოხსნისთვის.[141]

კატარის, როგორც რეგიონალური მედიატორის შეფასებისას, ჩემი აზრით, აქცენტირება შუამავლობის შედეგებზე არ იქნებოდა სწორი. კატარს აქვს როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი შუამავლობის მაგალითები, თუმცა ყველა შეთხვევაში, მისი საგარეო პოლიტიკისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რჩებოდა ბრენდინგის საკითხი. ყოველ ჯერზე, როდესაც კატარი ცდილობდა, შუამავლობა გაეწია კონფლიქტის დეესკალაციისთვის, კატარი იძენდა პატიოსანი მედიატორის და რეგიონში მშვიდობის მოსურნე სახელმწიფოს სტატუსს.[142]

„არაბულ გაზაფხულში“ კატარის ჩართულობა ბევრის მხრიდან მისი საგარეო პოლიტიკის გარდაქმნად შეფასდა. მიიჩნევა, რომ კატარი მიუმხრობელი მედიატორიდან გარდაიქმნა კონკრეტული დღის წესრიგის მქონე მხარედ.[143] მიუხედავად ამ შეფასებისა, კატარის მედიაციებიც და „არაბულ გაზაფხულში“ ჩართულობაც შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ჰიპერაქტიური საგარეო პოლიტიკის ორი სხვადასხვა გამოვლინება, რომელთა მიზანი საერთო იყო – კატარის სხვა არაბული სახელმწიფოებისგან გამორჩევა და მისი პოზიტიური ბრენდინგი.

„არაბული გაზაფხულის“ მოვლენებმა კატარს თავისი თავის ახალ ნიშაში გამოცდის საშუალება მისცა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისმა ჩართულობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, კატარის ჩართულობამ „არაბული გაზაფხულის“ პროცესებში მისი მეზობლების გაღიზიანება გამოიწვია.

„არაბულ გაზაფხულში“ აქტიური ჩართულობის მიუხედავად, რის გამოც კატარს თითქოს უნდა დაეკარგა მიუმხრობლობის იმიჯი, იგი კვლავ ინარჩუნებს და აქტიურად უბრუნდება მედიატორის როლს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს კატარის ჩართულობა ისრაელსა და ჰამასს შორის 2021 წლის მაისში განვითარებულ დაპირისპირებაში. მედია საშუალებებში კატარის ჩართულობა ნაკლებად გაშუქდა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მედიაცია ძირითადად ეგვიპტეს მიეწერა. თუმცა ჰამასის დაჯგუფების ხელმძღვანელმა მადლობა სწორედ კატარს გადაუხადა.[144] კატარი მუშაობდა ჰამასთან, ხოლო ეგვიპტე – ისრაელის ხელისუფლებასთან.[145] ამ ორი ქვეყნის ჩართულობის შედეგად კი დაიდო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.

მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ისიც, რომ სწორედ კატარის ტერიტორიაზე და კატარის მედიაციით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის.[146] თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია ასევე კატარის ღია სურვილი,  აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის რანგში მიიღოს მონაწილეობა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კი დაადასტურა, რომ კატარი ღიაა, მედიაცია გაუწიოს სხვადასხვა რეგიონალურ ძალებს, მათ შორის საუდის არაბეთს და ირანს, ერთმანეთთან ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით.[147] ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ კატარი რეგიონში ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვან მედიატორად და, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ამ როლს უახლოეს მომავალშიც.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ კატარის მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა – ჰქონდეს სუვერენული და დამოუკიდებელი დღის წესრიგი. ამისათვის იგი იყენებს კონტაქტების და კავშირების რთულ ქსელს, აქვს რა უსაფრთხოების სამხედრო გარანტიები აშშ-გან და თურქეთისგან, გააჩნია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობა ირანთან და, მიუხედავად ხშირი დაპირისპირებისა, საუდის არაბეთთან, საერთო პრობლემების გადასაწყვეტად თანამშრომლობს ამ უკანასკნელთანაც კი. გარდა სახელმწიფოთაშორისი ასპექტისა, კატარის საგარეო პოლიტიკა ხასიათდება „რბილი ძალის“ ეფექტური გამოყენებით. ალ-ჯაზირა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა კატარის ბრენდინგისთვის, ასევე მისი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევისთვის „არაბული გაზაფხულის“ კონტექსტში. „რბილი ძალისავე“ ნაწილია მედიაციები, რომელთა მიზანი, უშუალოდ კატარისთვის, მშვიდობის მოყვარე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მშვიდობის ხელშემწყობი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებაა.

კატარის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანი რისკების წინაშეც დგას. მკვლევარი ლინა ხატიბი, გარდა მიუკერძოებელი მედიატორის სტატუსის დაკარგვისა, ასევე გამოყოფს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. „არაბულ გაზაფხულში“ პრო-დემოკრატიული მოძრაობების წამქეზებელი კატარი, თავად არადემოკრატიული სახელმწიფოა. შესაბამისად, მკვლევარი ვარაუდობს, რომ თუკი კატარი არ მოახდენს მისი პოლიტიკური სისტემის გარკვეულ ლიბერალიზაციას, მაშინ „რბილი ძალა“ თავის ეფექტს დაკარგავს.[148] ამ მოსაზრებას ასევე იზიარებენ პოლ ბარაგანი და რიჩარდ გილიანოტი. ისინი საუბრობენ „რბილი ძალის“ გამოყენების თანმდევ საფრთხეებზე. კერძოდ, თუკი სახელმწიფო შინაარსობრივად ვერ ემთხვევა იმ ნარატივს, რასაც თავისი თავის გარშემო ავრცელებს, შესაძლოა ბრენდინგის მთელი კამპანია მას უარყოფითად დაუბრუნდეს უკან.[149]

მიუხედავად მსგავს საფრთხეებზე აპელირებისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „არაბული გაზაფხულის“ პირობებში, კატარში არ წამოჭრილა სერიოზული პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნა. ამასთანავე, ამ პროცესების ფონზე, კატარის ბრენდინგი მეტწილად ჩაგრული ხალხის დახმარების და დიქტატორების მოშორების აუცილებლობაზე იყო აგებული, ვიდრე დემოკრატიულ ნარატივებზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „არაბულმა გაზაფხულმა“ და კატარის ზეაქტიურმა საგარეო პოლიტიკამ პრობლემები ბრენდინგის მიმართულებაზე მეტად სხვა ასპექტში წარმოშვა. საკუთარ ზომასთან და სამხედრო შესაძლებლობებთან შედარებით ზედმეტად ამბიციურმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა კატარს მისი მეზობლები დაუპირისპირა, მითუმეტეს, რომ ამ პროცესებში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ძირითადად მათგან განსხვავებული პოზიცია ეკავა. 2017 წლის კატარის ბლოკადა სწორედ ამის გამოვლინება იყო. ეს კრიზისი კატარის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდად იქცა.

2017 წლის სპარსეთის ყურის კრიზისი – კატარის ბლოკადა

კატარის აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ პრობლემები ჯერ კიდევ 2014 წელს წარმოშვა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამ წელს საუდის არაბეთმა, არაბულმა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა თავიანთი დიპლომატები კატარიდან გაიწვიეს. მაშინ სიტუაცია მალევე განიმუხტა. ამ მოვლენას მოჰყვა შეიხ ჰამადის გადადგომა და მისი შვილის – შეიხ თამიმის მიერ ამირას ტახტის დაკავება. ითვლება, რომ ეს საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნითაც მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეიხ თამიმმა გარკვეულწილ შეარბილა საგარეო პოლიტიკა, კატარი მაინც ჩართული რჩებოდა სირიის ომში. ალ-ჯაზირა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა ფუნქციონირებას, ხოლო კატარი კვლავ სუვერენული პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავდა.

საუდის არაბეთის კატარისადმი უკმაყოფილების ზოგად ფონს დაემატა სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი მათგანი საუდის არაბეთის მემკვიდრის – მუჰამმად ბინ სალმანის კატარისადმი უარყოფითი დამოკიდებულებაა.[150]

მეორე ფაქტორი აშშ-ის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ერ-რიადში ვიზიტი იყო. ამასთანავე, არსებობდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაგულისხმევი მხარდაჭერა იმ შემთხვევაში, თუკი საუდის არაბეთი კატარის წინააღმდეგ ნაბიჯებს გადადგამდა. ამ ეჭვს კიდევ უფრო საფუძლიანს ხდის აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის კრიტიკა კატარის მიმართ, ისლამისტების მხარდაჭერის გამო.[151]

მესამე მიზეზი  ერაყში შიიტების მიერ შეპყრობილი 26 ადამიანის კატარის მიერ გამოხსნა აღმოჩნდა. ამ ადამიანებს შორის იყვნენ კატარის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც. 2017 წელს კატარმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ირანის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, შეთანხმებას მიაღწია. როგორც ჩანს, შეთანხმება გულისხმობდა არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ფულის გადახდას, არამედ ასევე სუნიტი და შიიტი მოსახლეობის გაცვლას. ეს გულისხმობდა 2 შიიტური და 2 სუნიტური ალყაში მოქცეული ქალაქების მოსახლეობის გამოხსნას.[152] საუდის არაბეთი წინააღმდეგი იყო შიიტ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების, მით უმეტეს, რომ ეს დაჯგუფება ირანის მიერ იყო მხარდაჭერილი. შიიტებისთვის თანხის გადახდა და მოსახლეობის გაცვლა საუდის არაბეთისთვის უკანასკნელი ბიძგი აღმოჩნდა კატარის წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად.[153]

2017 წლის 5 ივნისს, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ კატარს ბლოკადა გამოუცხადეს და მასთან დიპლომატიური კავშირები გაწყვიტეს. კატარის წინააღმდეგ ბრალდებები ასე გამოიყურებოდა: ისლამისტებისა და ტერორისტების მხარდაჭერა რეგიონის სხვადასხვა წერტილში; ირანის ინტერესების გატარება; ალ-ჯაზირას მიერ რეგიონის გარშემო პროტესტების წახალისება.[154]

ოთხეულმა კატარს 13 მოთხოვნა წაუყენა. ეს მოთხოვნები ითვალისწინებდა ალ-ჯაზირას დახურვას, კატარის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შეწყვეტას და მის საუდის არაბეთის საგარეო პრიორიტეტებისთვის დამორჩილებას. ვინაიდან ეს 13 მოთხოვნა ზედმეტად მკაცრი იყო, ოთხეულმა მალევე ახალი 6 ზოგადი პრინციპის დაკმაყოფილება მოითხოვა. ეს 6 პრინციპიც შინაარსობრივად კატარის საუდისათვის დამორჩილებას გულისხმობდა.[155]

ბრალდებები და მოთხოვნები, რომლებიც კატარს წაუყენეს, ნათლად ცხადჰყოფს თუ რა გახდა ამ ბლოკადის მიზეზი. კატარის აქტიურმა ჩართულობამ და კონკრეტული პოზიციების დაკავებამ „არაბული გაზაფხულის“ პროცესებში, მას მტრები მოუმრავლა. სავარაუდოა ისიც, რომ საუდის არაბეთისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელი იყო კატარის ის მედიაციები, რომლებიც აკმაყოფილებდა ისლამისტების თუ ირანის ინტერესებს. ასეთად შეიძლება მოვიაზროთ ლიბანში კატარის მედიაცია, რომლის შედეგადაც ჰეზბოლამ, რეალურად, ძალაუფლება უფრო განიმტკიცა.[156]

ზოგადად კატარის მედიაციები, როგორც ეს ზემოთაც აღინიშნა, რეგიონში ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ტრადიციული როლის მითვისება იყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატარის აქტიური მცდელობები, მედიაცია გაეწია სხვადასხვა რეგიონალური კონფლიქტებისთვის, ასევე გახდა კატარის დასჯის სურვილის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი.

ამ ყველაფრის ფონზე, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ კატარის საგარეო პოლიტიკა საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა,  რომ მან კატარს პრობლემების მეტი არაფერი მოუტანა და იგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეც კი დააყენა.

თუმცა, კატარის პოლიტიკის წარმატების რეალური ტესტი ის არის, თუ რამდენად დაეხმარა მას იქამდე არსებული პოლიტიკა ამ კრიზისთან გამკლავებაში.

ბლოკადის გამოცხადება უცაბედი აღმოჩნდა, თავად ბლოკადამ კი ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენა. გარდა რეპუტაციული ზიანისა, ქვეყანამ დაკარგა სახმელეთო გასასვლელი, მის ტერიტორიაზე ვერ შემოდიოდა და მისი ტერიტორიიდან ვერ გადიოდა ვერც საქონელი და ვერც ადამიანები.

კატარისთვის უპირველეს ამოცანად გადარჩენის უზრუნველყოფა იყო. აშშ-ის სამხედრო ბაზა რაღაც კუთხით უზრუნველყოფდა ქვეყნის უსაფრთხოებას, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის საუდის არაბეთისადმი მხარდაჭერამ ეს გარანტიაც ეჭვ ქვეშ დააყენა.

ამის მიუხედავად, კატარის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია არ განხორციელდა.  ამაში ლომის წვლილი მიუძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს – რექს ტილერსენს, რომელიც ბლოკადის დასაწყისში კატარში პერსონალურად ჩავიდა.[157] ალ-ჯაზირა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მიიჩნევდა, რომ რექს ტილერსენი ამის გამო დონალდ ტრამპსაც კი დაუპირისპირდა. მართლაც, ამ მოვლენებიდან მალევე, რექს ტილერსენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეომ ჩაანაცვლა.[158] იმავე ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს რექს ტილერსენის მოგვიანებით გაკეთებული განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ კატარის შესახებ პრეზიდენტი მას ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდა.[159]

კატარი შეუცვლელი აღმოჩნდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის. იგი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, პრეზიდენტსაც კი დაუპირისპირდა. ამან კატარს სამხედრო ინტერვენცია თავიდან აარიდა. შესაბამისად, კატარის მრავალმხრივმა კონტაქტებმა, ასევე მისმა სტრატეგიულმა მნიშვნელობამ აშშ-ის CENTRCOM-ისა და ალ-უდეიდას ბაზის აქ მდებარეობის გამო, კატარი თავად აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკისგან იხსნა. ეს ნამდვილად იყო კატარის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

სამხედრო გარანტიები კატარმა ასევე მიიღო თურქეთისგან. თურქეთთან კატარს, როგორც ზემოთაც ითქვა, აკავშირებს როგორც პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური ძაფები. პოლიტიკურად ორივე სახელმწიფო რეგიონში რევიზიონისტული ძალაა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. იდეოლოგიურად კი ორივე მათგანი მუსლიმი ძმებისა და ისლამისტური მოძრაობების მხარდამჭერია. ამან მათ შორის ურთიერთობა გაამარტივა და კრიზისის განმავლობაში თურქეთის ჯარების კატარის მიწაზე ყოფნას შეუწყო ხელი. კატარისა და თურქეთის  კარგ ურთიერთობებში ლომის წილი სწორედ „არაბული გაზაფხულის“ პერიოდში საერთო პოლიტიკას მიუძღვის. აქაც, კატარის კრიზისამდელმა საგარეო პოლიტიკამ კრიზისის პერიოდში მას მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა.[160]

გარდა პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხისა, კატარს სერიოზულ პრობლემას ეკონომიკური ბლოკადაც უქმნიდა. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა კატარისა და ირანის ურთიერთობა.

კატარის მხრიდან ირანის ინტერესების გატარება ოთხეულის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო. თუმცა, კატარის ბლოკადამ კატარსა და ირანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესება გამოიწვია. კატარმა ოთხეულის მიერ დაბლოკილი სავაჭრო გზების გვერდის ავლა ირანის ტერიტორიის გავლით შეძლო. მათ შორის, ირანის ტერიტორია გამოიყენებოდა გაზის მსოფლიოსთვის მიწოდებისთვის. ვინაიდან ეს გადაწყობა ძალიან სწრაფად განხორციელდა, გაზის ფასებზე კატარის ბლოკადას დიდი გავლენა არ მოუხდენია. კატარსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გამძლავრდა. ირანისთვის კი ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, ეთქვა არაბული სახელმწიფოებისთვის, რომ რეგიონისთვის რეალურ საფრთხეს საუდის არაბეთი წარმოადგენდა და არა ირანი.[161]

ირანისა და კატარის ძალიან დაახლოება, მათ შორის რაიმე ტიპის სამხედრო-პოლიტიკური მყარი ალიანსის შექმნა, ნაკლებად სავარაუდოა.[162] მათი პოლიტიკა ერთმანეთს სპარსეთის ყურის რეგიონის მიღმა უპირისპირდება. ასევე, აშშ-ის სამხედრო ბაზების არსებობა კატარის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან მუდმივად იქნება აღქმული საფრთხედ, ხოლო კატარისთვის იგივე ბაზის აქ ყოფნის აუცილებლობა ირანთან უფრო ფართო ურთიერთობების შემაბრკოლებელი ფაქტორია.[163]

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ კატარმა ირანთან კრიზისამდელი პოლიტიკით, მოახერხა და საუდის არაბეთისგან მომდინარე ეკონომიკურ ბლოკადას გაუძლო. პირველივე თვეებში ცხადი გახდა, რომ კატარზე ბლოკადის შედეგები იმაზე გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ამას საუდის არაბეთი და მისი მოკავშირეები მოელოდნენ.

მნიშვნელოვანია ალ-ჯაზირას ეფექტიც. ალ-ჯაზირა მისი დაარსების დღიდან საუდის არაბეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. 2017 წლის კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთი მოთხოვნაც მისი გაუქმება იყო. ალ-ჯაზირას მიერ კატარის ბლოკადის გაშუქების თავისებურებების შესახებ საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. არსებობს ერთი ნაშრომი, რომელმაც შეადარა ალ-ჯაზირას არაბული ვერსიის გადაცემა „ალ-ჰასადი“, საუდის არაბეთის მედია საშუალების – ალ-არაბიას გადაცემა „პანორამას“. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორივე გადაცემა იყო მნიშვნელოვნად მიკერძოებული, თუმცა ალ-ჯაზირა უფრო მეტ დროს უთმობდა კრიტიკულ მოსაზრებებს, ვიდრე ალ-არაბია.[164]

ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ალ-ჯაზირა აქტიურად აშუქებდა კატარის ბლოკადას პრო-კატარულ ჭრილში. საკითხავია, თუ რამდენად ეფექტური იყო ალ-ჯაზირა ამ შეთხვევაში და რამდენად მოახერხა კატარის დაზიანებული იმიჯის აღდგენა. გამომდინარე მედია საშუალების პოპულარობისა, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მას ამ კუთხით სერიოზული დადებითი ეფექტი ჰქონდა, თუმცა ეს დამატებითი კვლევის საკითხია.

ამ ვარაუდის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ კატარს, მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, არ დაუკარგავს საერთაშორისო მხარდაჭერა.[165]

საინტერესოა ისიც, რომ კატარის ბლოკადამ კატარის მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაერთიანება, მათი თვითიდენტიფიკაციის გამძლავრება გამოიწვია. კრიზისამდე და კრიზისის შემდგომი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ კატარის მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა ამირას თამიმ ბინ ჰამადს. ამასთანავე, გაიზარდა ნეგატიური დამოკიდებულება საუდის არაბეთის მიმართ, თუმცა დიდად არ შეცვლილა კოლექტიური იდენტიფიკაცია და თვითასოციაცია სპარსეთის ყურის რეგიონისადმი.[166]

კატარის ბლოკადა ოფიციალურად დასრულდა 2021 წლის იანვარში.[167] ამ ბლოკადის შედეგად კატარმა დაამტკიცა, რომ მისმა აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ გაუძლო უმძიმესს გამოცდას. კატარის მრავალმხრივმა კონტაქტებმა, მისმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ აშშ-თან, პრაგმატული პოლიტიკის არსებობამ ირანთან მიმართებაში, „რბილი ძალის“ ეფექტურმა გამოყენებამ კატარის მხრიდან კრიზისის გაძლება უზრუნველყო.

ამასთან ერთად, 2017 წლის კრიზისი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი გაკვეთილიც. „არაბულ გაზაფხულში“ კატარის ჰიპერაქტიურმა ჩართულობამ იგი ზედმეტად რთული პროცესების წინაშე დააყენა. მომავალში, შესაძლოა კატარი შეეცადოს ბევრად უფრო ნაკლებ რისკიანი, თუმცა მაინც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.

საერთაშორისო პოლიტიკაში პატარა სახელმწიფოს განსხვავებული როლი – კატარის შემთხვევა

საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი თეორიები პატარა სახელმწიფოების მიმართ ნაკლებ ყურადღებას იჩენდნენ. ლიბერალი ავტორებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ თანამედროვეობაში პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ გარკვეული გავლენის მოხდენა პოლიტიკურ რეალობაზე, ამ უკანასკნელთ მაინც საერთაშორისო სისტემის წესების და მოცემულობის მიმღებ ქვეყნებად მიიჩნევენ. მათი  გადმოსახედიდან, პატარა სახელმწიფოებმა შესაძლოა იმოქმედონ მათ მოკავშირეებზე ან გამოიყენონ საერთაშორისო ინსტიტუციები, თუმცა დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებენ რეგიონალურ სისტემაზე გავლენის მოხდენას.

ერთი საკითხი, რაზეც პატარა სახელმწიფოების გარშემო არსებული ლიტერატურა თანხმდება ისაა, რომ ეს ქვეყნები მოწყვლადები არიან. შესაბამისად, მათი ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკის ამოცანაც ამ მოწყვლადობის დაძლევა ხდება.

ამ ამოცანის გადაწყვეტა კატარმა პოლიტიკური გზით არჩია. მან მთელი თავისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი ერთი კონკრეტული ამოცანისკენ მომართა – შეექმნა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, ამით კი უზრუნველეყო თავისი სუვერენიტეტი და ალ-სანის ოჯახის მმართველობის სტაბილურობა.

უპირველესი ამოცანა კატარის „რუკაზე მონიშვნა“ გახდა. იმისათვის, რომ ქვეყანამ რამეს მიაღწიოს, ჯერ მისი არსებობის შესახებ უნდა იცოდნენ. კატარის „რბილი ძალის“ თავდაპირველი მიზანი სწორედ ეს იყო.

თუმცა, ერთია უბრალოდ იცოდეს მსოფლიომ ქვეყნის არსებობის შესახებ, ხოლო მეორეა მას რაღაც კონკრეტული ამპლუა, ნიშა ჰქონდეს, რითაც მთელი მსოფლიო იცნობს და რის გამოც აფასებს. კატარისთვის ერთ-ერთი მთავარი ასეთი ნიშა – რეგიონალური მედიატორის როლი აღმოჩნდა. შესაბამისად მედიაცია გახდა „რბილი ძალის“ და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ატრიბუტი.

კარგი მედიატორობისთვის მნიშვნელოვანია, გქონდეს მრავალმხრივი კონტაქტები. კატარმა მოახერხა კავშირი დაემყარებინა რეგიონალურ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორებთან.

კატარის ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა „არაბული გაზაფხულის“ მოვლენების პარალელურად. ამ შემთხვევაში კატარმა გამოიყენა მთელი თავისი რესურსები რეგიონის გარდაქმნისთვის. მოკლევადიანი წარმატების მიუხედავად, ჯამში ეს მიდგომა ჩაფლავდა. თუმცა ურისკო პოლიტიკა არც არსებობს.

მიუხედავად ამ უკუსვლისა, 1995-2017 წლებში კატარმა დააგროვა მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება, შექმნა მნიშვნელოვანი  Security Pockets, თავისი თავი გახადა საჭირო არაერთი რეგიონალური და საერთაშორისო მოთამაშისთვის, მათ შორის აშშ-ისთვით. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ის, რომ 2017 წლის ბლოკადის ზეწოლას კატარმა გაუძლო.

დღეს კატარი არის უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე მისი მეზობელი ყურის პატარა არაბული მონარქიები. კატარმა მიაღწია თავის ამოცანას. იგი აღარ არის მოწყვლადი, უმნიშვნელო სახელმწიფო, არამედ ეჭიდავება იმდენად დიდ ძალას, როგორიცაა საუდის არაბეთი. შეიძლება ითქვას, დიპლომატიურ ომში ამარცხებს კიდეც მას.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ კატარის მიერ არჩეულმა მოწყვლადობის გადალახვის პოლიტიკურმა გზამ შედეგი გამოიღო.

ბუნებრივია, ამაში კატარს ეკონომიკურმა რესურსმა გაზის სახით განსაკუთრებულად შეუწყო ხელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ბევრი რესურსებით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც პოლიტიკურად წარმატებული არ არის. ყველაზე ცუდის მაგალითი – ვენესუელა, რომელიც საერთოდ ვერ იყენებს მის სიმდიდრეს და უკეთესი ვარიანტის მაგალითი – ქუვეითი, რომელიც მდიდარია, თუმცა ხშირად მიჰყვება საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

ეკონომიკური რესურსის გარდა, კატარისთვის ინსტრუმენტული აღმოჩნდა მისი პოლიტიკური სისტემაც. მაშინ, როცა გადაწყვეტილებები რამდენიმე ადამიანის მიერ მიიღება, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე რეაქციაც არის გაცილებით უფრო სწრაფი. ბუნებრივია აქ სერიოზული საფრთხეც არსებობს – შესაძლო არაპროფესიონალიზმისა და შეცდომების დაშვების მეტი ალბათობის სახით.

სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გრძელვადიანი და მრავალგანზომილებიანი პოლიტიკური სტრატეგიის არსებობაა. კატარმა მიზნად დაისახა გამხდარიყო რეგიონალური აქტორი და ამის მისაღწევად მუშაობა მრავალი მიმართულებით დაიწყო. „რბილი ძალის“ სხვადასხვა ასპექტები, უსაფრთხოების გარანტიები, სტრატეგიული პარტნიორობა განსხვავებულ ძალებთან, კონტაქტების დამყარება სახელმწიფო და არასახელმწფიო აქტორებთან, კულტურული და სპორტული აქტივობები და ა.შ.

საბოლოო ჯამში, კატარის მაგალითი ცხადყოფს, რომ შესაბამისი სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში და რესურსების სწორად გადანაწილების წინდათქმით, პატარა სახელმწიფოს შესაძლოა პოლიტიკური გზით თავისი მოწყვლადობის დაძლევის უნარი აღმოაჩნდეს და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა შექმნას.

კატარი ეურჩება პატარა ქვეყნების შესახებ არსებულ წარმოდგენებს აკადემიურ ლიტერატურაში. იგი არ არის უმნიშვნელო ქვეყანა, რომელსაც მხოლოდ ალიანსების დაფუძნებით შეუძლია თვითგადარჩენა, როგორც ამას რეალიზმის მიმდევრები აღიქვამენ. კატარის მნიშვნელობა არც მისი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობიდან მოდის. იგი იყენებდა ხოლმე ასეთ ორგანიზაციებში, მაგალითად გაეროსა და არაბულ ლიგაში, მის წევრობას თავისი საგარეო პოლიტიკისთვის მულტილატერალური ქმედების იმიჯის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, კატარის გავლენა რეგიონალურ პოლიტიკაზე საერთაშორისო ინსტიტუციების წევრობიდან არ გამომდინარეობდა. შესაბამისად, კატარი არ ჯდება არც ლიბერალიზმსა და არც რეალიზმში გავრცელებული პატარა სახელმწიფოების შესახებ არსებულ წარმოდგენებში.

საინტერესოა კონსტრუქტივიზმის მიდგომა, რომელიც უკეთ ახერხებს ახსნას კატარის მსგავსი წარმატება საგარეო პოლიტიკაში. კონსტრუქტივიზმის მიხედვით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თუ როგორ კონსტრუირდება ქვეყნის პატარაობა. შეიძლება ითქვას, რომ კატარის შემთხვევაში მისი პატარაობა დადებით კონტექსტში იქნა წარმოჩენილი. პატარაობამ და რეგიონალურ პოლიტიკაში სინორჩემ, კატარს მისცა საშუალებები საკუთარი თავისთვის შეექმნა მიუკერძოებელი, კონკრეტულ შედეგში დაუინტერესებელი შუამავლის იმიჯი. ამან კი კატარს მნიშვნელოვანი დიპლომატიური პრესტიჟი და კონტაქტები მოუტანა, რამაც ხელი შეუწყო, როგორც მის განსაკუთრებულად გააქტიურებას „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებისას, ასევე სხვადასხვა კრიზისების, და განსაკუთრებით 2017 წლის ბლოკადის, წარმატებით დაძლევას.

კატარის პოლიტიკა არ ყოფილა უშეცდომო. მაგალითად, „არაბულ გაზაფხულში“ მათ ვერ მოახერხეს საკუთარი მიზნების 100 პროცენტით რეალიზება. მიუხედავად ამისა, კატარმა, აქტიური საგარეო პოლიტიკით მიაღწია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, შეძლო დაეცვა თავისი სუვერენიტეტი და მმართველი ოჯახის სტაბილურობა. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ, საბოლოო ჯამში, კატარის საგარეო პოლიტიკა წარმატებული იყო.

სქოლიო

[1] Melissa Aronczyk, Branding the Nation: The Global Business of National Identity, Illustrated edition (Oxford ; New York: Oxford University Press, 2013), 144-147 

[2] რონდელი ალექსანდრე, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, მეორე გამოცემა (თბილისი: საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2009), 14.

[3] Abdelraouf Galal, “External Behavior of Small States in Light of Theories of International Relations,” Review of Economics and Political Science 5 (January 13, 2020): 41, https://doi.org/10.1108/REPS-11-2018-0028.

[4] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 15.

[5] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 17-18.

[6] “Population by Country (2021) – Worldometer,” accessed June 17, 2021, https://www.worldometers.info/world-population/population-by-country/.

[7] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 20.

[8] Galal, “External Behavior of Small States in Light of Theories of International Relations.”, 42.

[9] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 20.

[10] Robert O. Keohane, “Lilliputians’ Dilemmas: Small States in International Politics,” ed. George Liska et al., International Organization 23, no. 2 (1969): 293.

[11] Ibid.

[12] კიოჰანის აზრით, მათ შეუძლიათ სისტემაზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ ალიანსებისა და საერთშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით.

[13] Keohane, “Lilliputians’ Dilemmas”, 295.

[14] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 21.

[15] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 26.

[16] Ibid., 28.

[17] Ibid., 26.

[18] Ibid., 52

[19] Galal, “External Behavior of Small States in Light of Theories of International Relations”, 47.

[20] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 52.

[21] Archie Simpson W., “Realism, Small States and Neutrality,” in Realism in Practice: An Appraisal, ed. Davide Orsi, J. R. Avgustin, and Max Nurnus (Place of publication not identified: E-International Relations, 2017).

[22] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 54.

[23] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 55-56.

[24] Galal, “External Behavior of Small States in Light of Theories of International Relations.”, 48.

[25] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 56.

[26] რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, 57.

[27] Keohane, “Lilliputians’ Dilemmas”, 296.

[28] Robert O. Keohane, “The Big Influence of Small Allies,” Foreign Policy, no. 2 (1971): 161–82, https://doi.org/10.2307/1147864.

[29] Christopher S. Browning, “Small, Smart and Salient? Rethinking Identity in the Small States Literature,” 2006, https://doi.org/10.1080/09557570601003536.

[30] Cooper, Andrew F., and Bessma Momani. “Qatar and Expanded Contours of Small State Diplomacy.” The International Spectator 46, no. 3 (September 1, 2011): 113–28. https://doi.org/10.1080/03932729.2011.576181.

[31] “2021 Qatar Military Strength.” Accessed July 12, 2021. https://www.globalfirepower.com/country-military-strength-detail.php?country_id=qatar.

 

[32] Allen J. Fromherz, Qatar: A Modern History, Updated edition (London ; New York: Georgetown University Press, 2017).,54.

[33] الزيدي, مفيد. تاريخ قطر المعاصر 1913 – 2008. دار المناهج. 58-59

[34] Fromherz, Qatar: A Modern History , 61.

[35] Ibid., 58

[36] Ibid., 62

[37] კატარის მმართველების სია შეგიძლიათ იხილოთ დანართ 1-ში

[38] Ibid.,62-65

[39] Ibid.,79

[40] Ibid., 81-82

[41]الزيدي. تاريخ قطر المعاصر,63-64

[42] Ibid., 65

[43] Fromherz, Qatar: A Modern History , 95-96.

[44] الزيدي. تاريخ قطر المعاصر,. 70

[45] Ibid., 77

[46] Fromherz, Qatar: A Modern History , 101.

[47] Ibid., 102-103

[48] Miller, Rory. Desert Kingdoms to Global Powers: The Rise of the Arab Gulf. 1st edition. New Haven: Yale University Press, 2016, 244-245.

[49] Jill Crystal, “Eastern Arabian States: KUWAIT, BAHRAIN, QATAR, UNITED ARAB EMIRATES, AND OMAN,” in The Government and Politics of the Middle East and North Africa, 8th ed. (Routledge, n.d.), 236.

[50]  الزيدي. تاريخ قطر المعاصر,19-25

[51] Crystal, “Eastern Arabian States: KUWAIT, BAHRAIN, QATAR, UNITED ARAB EMIRATES, AND OMAN”,236.

[52] Fromherz, Qatar: A Modern History, 104.

[53] Ibid., 107-108

[54].ავტორის ინტერვიუ საქართველოს  ელჩთან კატარში  ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021.

[55] ავტორის ინტერვიუ საქართველოს  ელჩთან კატარში  ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021.

[56] ავტორის ინტერვიუ საქართველოს  ელჩთან კატარში  ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021.

[57] Jennifer Lambert, “Political Reform In Qatar: Participation, Legitimacy and Security – ProQuest,” Middle East Policy 18, no. 1, accessed March 24, 2021, https://search.proquest.com/openview/1eb8323dbdee95e8bfc9c171aedb001f/1?pq-origsite=gscholar&cbl=31168, 89-91.

[58] Crystal, “Eastern Arabian States: KUWAIT, BAHRAIN, QATAR, UNITED ARAB EMIRATES, AND OMAN”, 238.

[59] Lambert, “Political Reform In Qatar“, 96-97.

[60] Mehran Kamrava, Qatar: Small State, Big Politics, With a New Preface edition (Ithaca: Cornell University Press, 2015), 61

[61] Kamrava, QatarSmall State, Big Politics, 61

[62] Kamrava, QatarSmall State, Big Politics, 63

[63] Kamrava, QatarSmall State, Big Politics, 64

[64] منذر احمد زكي شراب, “السياسة الخارجية القطرية في ظل التحولات السياسية العربية 2003-2012” http://dspace.alazhar.edu.ps/xmlui/handle/123456789/2328., 60

[65] Fromherz, Qatar: A Modern History, 117

[66] Rory Miller and Harry Verhoeven, “Overcoming Smallness: Qatar, the United Arab Emirates and Strategic Realignment in the Gulf,” International Politics 57, no. 1 (February 1, 2020): 1–20, https://doi.org/10.1057/s41311-019-00180-0, 10.

[67] Uzi Rabi, “Qatar’s Relations with Israel: Challenging Arab and Gulf Norms,” The Middle East Journal 63, no. 3 (2009): 448-450

[68] Araks Pashayan, “Saudi Arabia-Qatar. From Cooperation to Confrontation,” Contemporary Eurasia 7, no. 1–2 (September 1, 2018), 81.

[69] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 324-325.

[70] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან. 5 ივლისი, 2021.

[71] التميمي ، نواف, “الدبلوماسية القطرية واختبار الأزمة,” Siyāsāt ʻArabīyah 155, no. 5516 (July 2017): 1–10, https://doi.org/10.12816/0042657, 3

[72] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 327

[73] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 312-313

[74] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 326

[75] Brahim Saidy, “Qatar’s Military Power and Diplomacy: The Emerging Roles of Small States in International Relations,” in Small States and the New Security Environment, ed. Anne-Marie Brady and Baldur Thorhallsson, The World of Small States (Cham: Springer International Publishing, 2021), https://doi.org/10.1007/978-3-030-51529-4_15, 220-221.

[76] Kenneth Katzman, “Qatar: Governance, Security, and U.S. Policy,” n.d., 12-13.

[77] Cooper and Momani, “Qatar and Expanded Contours of Small State Diplomacy.”, 123.

[78] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში ეკატერინე მიქაძესთან, 5 მაისი, 2021.

[79] Adam Goldman and Karen DeYoung, “Qatar Played Now-Familiar Role in Helping to Broker U.S. Hostage’s Release,” Washington Post, August 25, 2014, sec. National Security, https://www.washingtonpost.com/world/national-security/american-executive-former-fbi-agent-and-qataris-sought-to-free-peter-theo-curtis/2014/08/25/43d24bac-2c85-11e4-9b98-848790384093_story.html.

 

[80] “Stars and Stripes – US Military Shifts Army Basing from Qatar to Jordan in Move That Could Provide Leverage against Iran,” accessed July 15, 2021, https://www.stripes.com/branches/army/2021-07-01/us-military-closes-qatar-camps-in-move-that-could-play-into-iran-policy-2009140.html.

[81] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021.

[82] Mustafa Cüneyt Özsahin, “Qatar–Turkey Rapprochement: Challenging the Regional Status Quo in the Gulf Security Sub-Complex,” in The 2017 Gulf Crisis : An Interdisciplinary Approach, ed. Mahjoob Zweiri, Md Mizanur Rahman, and Arwa Kamal, Gulf Studies (Singapore: Springer, 2021), 35–49, https://doi.org/10.1007/978-981-15-8735-1_16.

[83] Sébastien Boussois, “Iran and Qatar: A Forced Rapprochement,” in Divided Gulf: The Anatomy of a Crisis, ed. Andreas Krieg, Contemporary Gulf Studies (Singapore: Springer, 2019), 217–32, https://doi.org/10.1007/978-981-13-6314-6_13, 219.

[84] Boussois, “Iran and Qatar”, 222

[85] Mehran Kamrava, “Iran-Qatar Relations,” in Security and Bilateral Issues between Iran and Its Arab Neighbours, ed. Anoushiravan Ehteshami, Neil Quilliam, and Gawdat Bahgat (Cham: Springer International Publishing, 2017), 167–87, https://doi.org/10.1007/978-3-319-43289-2_8, 172-174

[86] Kamrava, “Iran-Qatar Relations”, 173.

[87] Boussois, “Iran and Qatar”, 223-226

[88] Mehran Haghirian, “Iran’s Pragmatic Foreign Policy in Response to Regional Crises: The Case of the Blockade Against Qatar,” in The 2017 Gulf Crisis : An Interdisciplinary Approach, ed. Mahjoob Zweiri, Md Mizanur Rahman, and Arwa Kamal, Gulf Studies (Singapore: Springer, 2021), 271–86, https://doi.org/10.1007/978-981-15-8735-1_16, 281-282.

[89] Boussois, “Iran and Qatar”, 225-226.

[90] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[91] “The US-Iran-Qatar Triangle,” Middle East Institute, accessed July 15, 2021, https://www.mei.edu/publications/us-iran-qatar-triangle.

[92] “Why Qatar Wants to Facilitate a US-Iran Breakthrough,” Bourse & Bazaar Foundation, accessed July 15, 2021, https://www.bourseandbazaar.com/articles/2021/2/17/why-qatar-wants-to-facilitate-a-us-iran-breakthrough.

[93] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[94] Paul Michael Brannagan and Richard Giulianotti, “The Soft Power–Soft Disempowerment Nexus: The Case of Qatar,” International Affairs 94, no. 5 (September 1, 2018): 1139–57, https://doi.org/10.1093/ia/iiy125, 1140.

[95] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 246.

[96] جمال عبد الله, السياسة الخارجية لدولة قطر (الدوحة – قطر: الدار العربية للعلوم ناشرون, 2014, 38.

[97] جمال عبد الله, السياسة الخارجية لدولة قطر .69,

[98] Osman Antwi-Boateng, “The rise of Qatar as a soft power and the challenges,” European Scientific Journal 2 (2013): 13, 43.

[99] Kamrava, QatarSmall State, Big Politics128-129.

[100] Tal Samuel-Azran, “Al-Jazeera, Qatar, and New Tactics in State-Sponsored Media Diplomacy,” American Behavioral Scientist 57, no. 9 (September 1, 2013): 1293–1311, https://doi.org/10.1177/0002764213487736,1297.

[101] Ibid.

[102] Oren Kessler, “The Two Faces of Al Jazeera,” Middle East Quarterly 19, no. 1 (Winter 2012), 47–48.

[103] Samuel-Azran, “Al-Jazeera, Qatar, and New Tactics in State-Sponsored Media Diplomacy.”

[104] Fromherz, Qatar: A Modern History, 40.

[105] Yetim, “State-Led Change in Qatar in the Wake of Arab Spring”, 396.

[106] Kristian Coates Ulrichsen, Qatar and the Arab SpringQatar and the Arab Spring (Oxford University Press), accessed April 20, 2021, 106.

[107] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[108] جمال عبد الله, السياسة الخارجية لدولة قطرو, 205.

[109] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 109-110.

[110] Mustafa Yetim, “State-Led Change in Qatar in the Wake of Arab Spring: Monarchical Country, Democratic Stance?,” Contemporary Review of the Middle East 1, no. 4 (December 1, 2014): 391–410, https://doi.org/10.1177/2347798914564847, 396.

[111] جمال عبد الله, السياسة الخارجية لدولة قطر, 205.

[112] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 111.

[113] Fromherz, Qatar: A Modern History, 117-118.

[114] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 308.

[115] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 307.

[116] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[117]David B. Roberts, “Qatar, the Ikhwan, and Transnational Relations in the Gulf,” The Qatar Crisis, October 4, 2017, 54.

[118] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[119] Cooper and Momani, “Qatar and Expanded Contours of Small State Diplomacy”, 122.

[120] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 51.

[121] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 123-124.

[122] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 249.

[123] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 124-127.

[124] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 130.

[125] Mohammed Nuruzzaman, “Qatar and the Arab Spring: Down the Foreign Policy Slope,” Contemporary Arab Affairs 8, no. 2 (April 1, 2015): 226–38, https://doi.org/10.1080/17550912.2015.1024034, 229.

[126] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 137.

[127] Miller, Desert Kingdoms to Global Powers, 324-325.

[128] Yetim, “State-Led Change in Qatar in the Wake of Arab Spring,” 397.

[129] جمال عبد الله, السياسة الخارجية لدولة قطر, 206.

[130] Ulrichsen, Qatar and the Arab Spring, 145.

[131] Mehran Kamrava, “Mediation and Qatari Foreign Policy,” The Middle East Journal 65, no. 4 (October 15, 2011): 539–56, https://doi.org/10.3751/65.4.11, 541.

[132] Kamrava, “Mediation and Qatari Foreign Policy”, 541-543

[133] Kamrava, “Mediation and Qatari Foreign Policy”, 548.

[134] Cooper and Momani, “Qatar and Expanded Contours of Small State Diplomacy”, 120.

[135] Kamrava, “Mediation and Qatari Foreign Policy”, 545-546.

[136] Gil Feiler and Hayim Zeev, “Qatari Foreign Policy,” Qatar: (Begin-Sadat Center for Strategic Studies, 2017), https://www.jstor.org/stable/resrep04750.6, 31.

[137] David B. Roberts, “Understanding Qatar’s Foreign Policy Objectives,” Mediterranean Politics 17, no. 2 (July 1, 2012): 233–39, https://doi.org/10.1080/13629395.2012.695123, 237.

[138] شراب, “السياسة الخارجية القطرية في ظل التحولات السياسية العربية 2003-2012.”, 78-79

[139] Feiler and Zeev, “Qatari Foreign Policy”, 42.

[140] Kamrava, “Mediation and Qatari Foreign Policy”, 549-551.

[141] “Trump Thanks Qatar’s Emir over Role in Taliban Hostages Release,” accessed July 16, 2021, https://www.aljazeera.com/news/2019/11/22/trump-thanks-qatars-emir-over-role-in-taliban-hostages-release.

[142] Kamrava, QatarSmall State, Big Politics, 133-134

[143] Roberts, “Understanding Qatar’s Foreign Policy Objectives”, 237-238.

[144] “Israel and Hamas Both Claim Victory as Ceasefire Holds | Reuters,” accessed July 16, 2021, https://www.reuters.com/world/middle-east/gaza-truce-between-israel-hamas-begins-mediated-by-egypt-2021-05-20/.

[145] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[146] “Official: Afghan Delegation, Taliban to Talk Peace in Qatar,” AP NEWS, July 13, 2021, https://apnews.com/article/middle-east-qatar-taliban-b8e4bb0d99c95299e3ce9b9180ffb9a9.

[147] “Qatar Says Ready to Mediate between Regional Powers,” accessed July 16, 2021, https://www.aa.com.tr/en/middle-east/qatar-says-ready-to-mediate-between-regional-powers/2260327.

[148] Lina Khatib, “Qatar’s Foreign Policy: The Limits of Pragmatism,” International Affairs 89, no. 2 (March 1, 2013): 417–31, https://doi.org/10.1111/1468-2346.12025, 429-430

[149] Paul Michael Brannagan and Richard Giulianotti, “The Soft Power–Soft Disempowerment Nexus: The Case of Qatar,” International Affairs 94, no. 5 (September 1, 2018): 1139–57, https://doi.org/10.1093/ia/iiy125, 1153-1155.

[150] Miroslav Zafirov, “The Qatar Crisis—Why the Blockade Failed,” Israel Journal of Foreign Affairs 11, no. 2 (May 4, 2017): 191–201, https://doi.org/10.1080/23739770.2017.1382072, 6

[151] Mahjoob Zweiri, Md Mizanur Rahman, and Arwa Kamal, “The 2017 Gulf Crisis: An Introduction,” in The 2017 Gulf Crisis : An Interdisciplinary Approach, ed. Mahjoob Zweiri, Md Mizanur Rahman, and Arwa Kamal, Gulf Studies (Singapore: Springer, 2021), 1–18, https://doi.org/10.1007/978-981-15-8735-1_1, 6

[152] “Kidnapped Qatari Hunting Party of 26 Freed in Iraq after 16 Months – BBC News,” accessed July 15, 2021, https://www.bbc.com/news/world-middle-east-39669501.

[153] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[154] Zweiri, Rahman, and Kamal, “The 2017 Gulf Crisis”, 1-3.

[155] Ibid.

[156] Feiler and Zeev, “Qatari Foreign Policy”, 29-30.

[157] ავტორის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან კატარში, ეკატერინე მიქაძესთან, 5 ივლისი, 2021

[158] “Rex Tillerson Stopped Saudi and UAE from ‘Attacking’ Qatar | GCC News | Al Jazeera,” accessed July 17, 2021, https://www.aljazeera.com/news/2018/8/1/rex-tillerson-stopped-saudi-and-uae-from-attacking-qatar.

[159] “Gulftimes : Tillerson Says Kept in the Dark about Qatar Blockade Plan,” June 28, 2019, https://m.gulf-times.com/story/635227/Tillerson-says-kept-in-the-dark-about-Qatar-blockade-plan.

[160] Cüneyt Özsahin, “Iran’s Pragmatic Foreign Policy in Response to Regional Crises.”

[161] Haghirian, “Iran’s Pragmatic Foreign Policy in Response to Regional Crises”, 278-280.

[162] Zafirov, “The Qatar Crisis—Why the Blockade Failed”, 10.

[163] Haghirian, “Iran’s Pragmatic Foreign Policy in Response to Regional Crises”, 281-284.

[164] Soukaina Ajaoud and Mohamad Hamas Elmasry, “When News Is the Crisis: Al Jazeera and Al Arabiya Framing of the 2017 Gulf Conflict,” Global Media and Communication 16, no. 2 (August 1, 2020): 227–42, https://doi.org/10.1177/1742766520921880.

[165] Zweiri, Rahman, and Kamal, “The 2017 Gulf Crisis”, 9.

[166] Justin Gengler and Buthaina Al-Khelaifi, “Crisis, State Legitimacy, and Political Participation in a Non-Democracy: How Qatar Withstood the 2017 Blockade,” The Middle East Journal 73, no. 3 (2019): 397–416.

[167] “Analysis | Saudi Arabia Just Lifted Qatar’s 43-Month Blockade. How Did This Rift End?,” Washington Post, accessed July 17, 2021, https://www.washingtonpost.com/politics/2021/01/08/saudi-arabia-just-lifted-qatars-43-month-blockade-how-did-this-rift-end/.

 

ბიბლიოგრაფია

By Misho

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.