ისტორია,კულტურა

ბრძოლა კორეის დამოუკიდებლობისთვის

26 Oct , 2019  

ავტორი : სალომე ბალიაშვილი

მეოცე საუკუნე, ცნობილია როგორც ახალი გეოპოლიტიკური რუკის შექმნის პერიოდი, რომელსაც ადგილი ჰქონდა არა მარტო ევროპაში, არამედ შორეული აღმოსავლეთშიც.

1910 წელს, იაპონიის მიერ კორეის ანექსიის შემდეგ1 პირველი მარტის მოძრაობა წინააღმდეგობას უწევდა იაპონელ სამხედროებს, რომელთა ამბოხებაც სასტიკად ჩაახშეს 1919 წლის პირველ მარტს, სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მათ სამილად (삼일), იგივე პირველი მარტის მოძრაობად.

კორეის უკანასკნელმა დამოუკიდებელმა ჩოსონის დინასტიამ იარსება 1392-1910 წლამდე, მოგვიანებით ცნობილი როგორც კორეის იმპერია. კორეა ცდილობდა ჩინეთთან ახლო ურთიერთობებით ფრთხილად ეწარმოებინა დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. მართალია, კორეის ტერიტორიაზე, ამ პერიოდში უდიდეს ძალაუფლებას ფლობდნენ ჩინელი მაღალჩინოსნები, თუმცა კორეა მაინც დამოუკიდებლად აწარმოებდა საერთაშორისო ურთიერთობებს, ინარჩუნებდა ავტონომიას და ჩაურევლად აკონტროლებდა ქვეყნის შიდა საქმეებს.

თუმცა XIX-XX საუკუნეებში, რაც გაიზარდა დასავლური იმპერიალიზმი და ჩინეთის გავლენა შესუსტდა მსოფლიო ასპარეზზე, კორეაში 1870-1910 წლებში დიდი რევოლუციების და შიდა პოლიტიკური ინტრიგების პერიოდი დაიწყო. ეს ხელს უშლიდა კორეას თავი დაეცვა რუსეთის, იაპონიის, ჩინეთის იმპერიებისგან და მეტწილად საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ამერიკის ჩარევისგან ჩიდა პოლიტიკურ საქმეებში. თუმცა მას შემდეგ რაც 1895 წელს პირველი იაპონია-ჩინეთის ომში ეს უკანასკნელი სასტიკად დამარცხდა, ბევრისთვის ეჭვქვეშ აღმოჩნდა საკითხი, რომ ჩინეთი შეძლებდა თავისი გავლენა შეენარჩუნებინა და კორეა დაეცვა გარე საფრთხეებისგან. თუმცა ყველაფერი დასრულდა შიმონოსეკის ხელშეკრულებით (下関条約), რაც გულისხმობდა იმას, რომ ჩინეთი კორეას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებდა. კორეისთვის ეს ნაბიჯი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ზემოთაღნიშნული ხელშეკრულება იაპონიას უხსნიდა გზას კორეის ექსპანსიისაკენ. მთელი საგარეო გავლენა კორეაზე გადაეცა იაპონიას, იაპონიამ ჩაანაცვლა ჩინეთის სამხედროები საკუთარით და კორეის ნახევარკუნძულის უდიდესი ტერიტორიები დაიკავა. 1905 წლის 17 ნოემბერს იაპონიასა და კორეას შორის დაიდო ხელშეკრულება პროტექტორობაზე (을사조약), რის შედეგადაც იაპონიას ოფიციალურად შეეძლო მთელი კორეის ტერიტორიაზე განელაგებინა საკუთარი სამხედროები ქვეყნის საფრთხისგან „დაცვის“ მიზნით. 1907 წელს კი გაფორმდა „იაპონია-კორეის ახალი ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ“, რაც იაპონელ გენერალ-რეზიდენტს აძლევდა მთელ რიგ უფლებამოსილებებს კორეის ტერიტორიაზე. ხოლო მას შემდეგ რაც 1910 წლის 22 აგვისტოს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კორეის ანექსიის შესახებ, იგი მთლიანად იაპონიის მმართველობის ქვეშ მოექცა.  ყველა ხელშეკრულება რაც დაიდო ამ პერიოდში იაპონიასა და კორეას შორის, კორეის იმპერატორ სუნ ჯონგის (순종)  ნების წინააღმდეგ ხორციელდებოდა. მას დაკარგული ჰქონდა ყველანაირი უფლებამოსილება, უარი განაცხადა ხელი მოეწერა რომელიმე ხელშეკრულებაზე და მათ სიცოცხლის ბოლომდე არაკანონიერად თვლიდა. 1905, 1907 და 1910 წლის ხელშეკრულებები ანექსიის შესახებ აღიარეს უმოქმედოდ მას შემდეგ რაც 1965 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კორეასა და იაპონიას შორის, რომელიც ხაზს უსვავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ორმხრივ თანამშრომლობას.

იაპონიის მმართველობა საკმაოდ რეპრესიული აღმოჩნდა, რაც გახდა მიზეზი არაერთი მოძრაობის ჩამოყალიბებისა. 1919 წელს კი ამან ფართო ხასიათი მიიღო. იაპონიის მმართველობის განსაკუთრებული სიმკაცრე სწორედ კორეაში გამოიხატებოდა. მმართველობის პირველ პერიოდში მათ დააკავეს 10 000 კორეელი პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ამ სისასტიკემ აიძულათ კორეელი მოსახლეობა შეექმნათ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მოძრაობები. ის კორეელები, რომლებსაც სამშობლოს დატოვება მოუწიათ, ქმნიდნენ  ოპოზიციებს მანჯურიაში, სადაც ავრცელებდნენ იაპონიის საწინააღმდეგო იდეოლოგიას და ცდილობდნენ მსოფლიოში კორეელების ხმა გაევრცელებინათ. ამასთანავე არაერთი მოძრაობა ჩამოყალიბდა იაპონიაში რომლებიც მსგავს იდეოლოგიას მიყვებოდნენ, შეიქმნა არაერთი კორეული კომუნისტური დაჯგუფებები, რომლებსაც იაპონიის მთავრობა განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა. იაპონიამ თავდაპირველად აკრძალა კორეული გაზეთების გამოცემა, საგრძნობლად შეუმცირათ ანაზღაურება და სამუშაო ადგილები, გამოსცა ბრძანება რის მიხედვითაც ყველა კორეელ მოსწავლესა და სტუდენტს უნდა დაერქვათ იაპონური სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლის გაგრძელება რთულდებოდა, აიკრძალა კორეულად წერა და წიგნების გამოცემა, ასევე კორეული ვალუტის გამოყენება. თუმცა ამაშიც გამოიხატა კორეი დაუმორჩილებლობა. 1910 -1919 წლებში წამოიწყეს ინტელექტუალური ომი იაპონიის წინააღმდეგ და განსაკუთრებით გაახშირეს კორეული სახელმძღვანელოების ბეჭვდა. ასევე უნივერსიტეტებში იკრიბებოდნენ ჯგუფები, რომლებიც ახალგაზრდებში კორეის დამოუკიდებლობისა და ანტი-იაპონური იდეოლოგიიის გავრცელებას უწყობდნენ ხელს, რათა მებრძოლებთა რიცხვი დღითიდღე გაეზარდათ.

ძირითადად გამოყოდნენ სამი სახის მოძრაობას, რომელთა რიგებშიც ყველაზე მეტი წევრი იყო. 1) რეგიონალური და ადგილობრივი დაჯგუფებები, რომელთა უმეტესი ნაწილი კონფუციონიზმისა და ქრისტიანობის მიმდევრები იყვნენ. უმეტესწილად ისინი ქმნიდნენ მცირე ჯგუფებს კორეის სხვადასხვა ტერიტორიაზე, უკანონოდ შოულობდნენ საბრძოლო იარაღებ და გამოდიოდნენ იაპონიის მცირე სამხედრო დაჯგუფებებს წინააღმდეგ. 2) ასევე მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ყოფილი სამხედრო პირები 3) ინტელიგენცია, რომელთა რიგებშიც შედიოდნენ გავლენიანი პირები, რომლებიც არ ცხოვრებდნენ კორეის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ ცდილობდნენ მოკავშირეების მოპოვებასა და თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებას. 

სამილი-პირველი მარტის მოძრაობა

1918 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა გააკეთა განცხადება სუსტი ერების თვითგამორკვევის პრინციპზე და მისმა „თოთხმეტმა პუნქტმა“ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კორეელ ახალგაზრდებზე. სტუდენტები, რომლებიც სწავლობნენ იაპონიაში, გაასაჯაროვეს მოთხოვნა კორეის დამოუკიდებლობაზე. როდესაც ინფორმაცია ამ ნაბიჯის შესახებ მივიდა კორეაში, ჩამოყალიბდა მიწისქვეშა კომიტეტი, რომელიც 33 კაცისგან შედგებოდა და დაიწყეს საიდუმლო გეგმების შემუშავება, თუ როგორ დაეღწიათ თავი იაპონიის ხელისფლებისგან.

გადაწყდა რომ პირველი ამბოხება უნდა მოეწყოთ ყოფილი იმპერატორ გოჯონგის დაკრძალვამდე ორი დღით ადრე. (მოიაზრებენ რომ სწორედ ამ ამბოხებამ მოუღო ბოლო ჩოსონის დინასტიას)

პირველს მარტს, დღის ორ საათზე, 33 ახალგაზრდა რესტორან თეჰვაგვანში შეიკრიბნენ და წაიკითხეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც შეადგინა კორეელმა ისტორიკოსმა და მწერალმა ჩვე ნამ სონმა. შეხვედრის ლიდერებმა მოაწერეს ხელი დოკუმენტს და ასლი გაუგზავნეს გენერალ-გუბერნატორ ჰასეგავე იოშიმიტის. შემდგომ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს თავიანთ ქმედებებზე, რის შედეგადაც ისინი დააკავეს.2

ინფორმაცია მათი ნაბიჯების შესახებ საოცარი სისწრაფოდ გავრცელდა კორეელ მოსახლეობაში, ასობით ადამიანი შეიკრიბა კაიძიოს ცენტრში, სადაც წაიკითხეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მოაწყეს მსვლელობა სეულის ქუჩებში, რომელიც სასტიკად ჩაახშო იაპონიის პოლიციამ, გარდაიცვალა ათასზე მეტი ადამიანი, დაშავდა არანაკლები, 47 ათასი ადამიანი კი დააპატიმრეს. ამავე პერიოდში იგივე ხდებოდა კორეის სხვადასხვა პროვინციებში, სადაც არანაკლები სისასტიკით ჩაახშო ამბოხება იაპონურმა პოლიციამ. მარტის ბოლოს იაპონელების მიერ გაკეთებული განცხადებით დაპირისპირებას შეეწირა 553 კაცი, ხოლო დააკავეს 12 ათასი. კორეული წყაროების მიხედვით გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რაოდენობა ათასობით აღებატება გაკეთებულ განაცხადს. საბოლოოდ ამბოხების ჩახშობა მხოლოდ 1919 წლის დეკემბერში მოხერხდა. მასში მონაწილეობა მიიღი ორ მილიონზე მეტმა კორეელმა, განხორციელდა 1500 ზე მეტი დემონსტრაცია და ჯამში დაიღუპა 7000 ზე მეტი ადამიანი.

ჩვეულებრივ დემონსტრაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მოსახლეობა ყველა ფენიდან იკრიბებოდნენ სკოლების, ადგილობრივი ადმინისტრაციია და საგანმანათლებლო დაწესებულების წინ და კითხულობდნენ დამოუკიდებლობის დეკლარაციას, შეძახილებით ავსებდნენ იქაურობას-გაუმარჯოს დამოუკიდებლობას (მანსე უნდონგ) და ტრანსპორტსა და შენობების კედლებზე პატრიოტულ ბუკლეტებს აკრავდნენ. თუმცა დამოუკიდებლობის სურვილისკენ სწრაფვა ყოველთვის მშვიდობიანად არ იყო გამოხატული. 4 მარტს უკვე დაიწყო  მომუშავეთა ამბოხებები ფიონგიანგში (ფხენიანი), 9 მარტს სეულში დახურეს ყველა კორეული მაღაზია, 9-29 მარტს მძღლოლები გაიფიცნენ, ასევე ხშირი იყო შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ისეთ პროვინციებში სადაც ქრისტიანები თავს ესხმოდნენ პოლიციის დაწესებულებებს, ადგილობრივ ადმინისტრაციებსა და სხვა იმ შენობებს სადაც იაპონელები იყვნენ განლაგებულნი.

პირველი მარტის შედეგი გახდა ის, რომ ახალი გუბერნატორი-საიტო მაკოტო მიხვდა, ძალით კორეის დამორჩილება არაეფექტური იყო, ამიტომ „კულტურული მართვის“ პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რაც პირველ რიგში კორეულ ენაზე პროდუქციის ბეჭვდაზე უფლების გაცემით გამოიხატებოდა.

პირველი მარტის მოძრაობამ მართლაც, რომ უნიკალური სახე მიიღო თავისი მასშტაბებით. პირველად, ქვეყნის ისტოორიაში, საზოგადოება, სადაც ყოველთვის არსებობდა მკაცრი კლასობრივი დაყოფა, მთელი მოსახლეობა, ყველა ფენიდან გაერთიანდა ერთი მიზნისთვის. შეიძლება ითქვა სრომ პირველი მარტის მოძრაობა იყო უფრო მეტი ვიდრე ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მან რაღაც კუთხით ბურჟუაზიულ დემოკრატიული რევოლუციის ელემენტებიც შეიძინა. პირველ რიგში, როდესაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ანექსიის შესახებ 1910 წელს, ამან არა მხოლოდ წერტილი დაუსვა კორეის მონარქიას, არამედ კორეას სახელმწიფოებრივობა წაართვა. შესაბამისად, მოძრაობამ რომელმაც მიზნად დემოკრატიის აღდგენა დაისახა, უნებლიედ მიიღწვოდა სახელმწიფოებრივობის აღდგენისკენ, თუმცა არა მონარქიული, არამედ რაღაც ახალი, შეიძლება ითქვას ბურჟუაზიული რესპუბლიკა. სეულის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში არის ცალკე ფრაგმენტები, სადაც ჩანს რომ მოძრაობის მონაწილეები ახალ კორეას, როგორც რესპუბლიკას ისე ხედავდნენ. პირველ რიგში ხაზგასმულია მოსახლეობის თითოეული ინდივიდის განვითარების მნიშვნელობა, სულიერი განვითარება და ერის გაძლიერება. ეს ყველაფერი ტრადიციულ მონარქიულ საზოგადოებაში შეუძლებელი მისაღწევია. ასევე ყურადღება გამახვილებულია ახალი სამყაროს შექმნაზე, მსოფლიო ცვლილებებსა და მცდელობებს ერთად მსოფლიოს განვითარებისკენ. ამასთანავე, ამბოხებაში არამარტო ყველა სოციალური კლასი იღებდა მონაწილეობას, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მუშათა კლასი და ბურჟუაზიული ინტელიგენცია. ასევე ქრისტიანთა, პროტესტანტთა და გლეხთა ფენა საგრძნობლად დაწინაურდა.   

ქალთა მოძრაობა

იაპონიის წინააღმდეგ ამბოხებებში ქალები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. „მებრძოლი ქალების“ რაოდენობა, როგორც მათ კორეაში უწოდებენ, დღითიდღე იზრდებოდა. ისინი დიდი სიმამაცით ერთობოდნენ ბრძოლებში და ორმაგი ჯაშუშის როლსაც მარტივად ირგებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები როდესაც თავს იაპონელ გეიშებად წარადგენდნენ და ინფორმაციის შეგროვების და გავრცელებისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ.

იუ კვან სუნ-ყველაზე ცნობილი აქტივისტი იაპონიის წინააღმდეგ.  მასზე დიდი გავლენა ჰქონდა მამას, რომელიც მთელი ცხოვრება იაპონელთა ანექსიის წინააღმდეგ იბრძოდა. 1918 წელს ჩააბარა იჰვას სკოლაში, რომელიც იყო პირველი კერძო ქალთა საგანმანათლებლო დაწესებულება კორეაში. იმავე წელს დაუნიშნეს სტიპენდია და საუკეთესო მოსწავლედ აღიარეს. იგი აქტიურად გაუძღვა პირველი მარტის მოძრაობას. პირველ აპრილს ჩატარებულ ამბოხებაში, რომელიც გაიმართა ჩუნგჩონგ-ნამდოს პროვინციაში,  კვანსუ გამოვიდა სიტყვით და მოუწოდა ხალხს არ დაჩოქილიყვნენ იაპონული ძალის წინაშე. ეს მოძრაობაც სასტიკად ჩაახშეს იაპონელმა სამხედროებმა. გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის კვან სუს მშობლები. თავად კვან სუ დააკავეს და მიუსაჯერ ხუთი წელი სეულის ციხეში. თუმცა არც მაშინ დასრულდა მისი აქტივიზმი. ციხეში იგი გამუდმებით მოუწეოდებდა პატიმრებს ბრძოლისთვის, მისი ყოველი დღე იწყებოდა და სრულდებოდა მოწოდებით «대한 독립! 만세! (გაუმარჯოს კორეას!!). მიუხედავად იმისა, რომ ციხეში იგი რამდენჯერმე აწამეს, 1920 წლის პირველ მარტს მან ციხეში ჩაატარა დემონსტრაცია დამოუკიდებლობის მოწოდებისთვის. იმავე წლის 28 სექტებმერს 18 წლის ასაკში იუ კვან სუ წამების დროს გარდაიცვალა.

მარიამ კიმი,  ცნობილი როგორც კინ ჯინ სანგ, ასევე გახლდათ აქტივისტი იაპონური კოლონიალიზმის წინააღდეგ.  მისი ოჯახის წევრებიც კორეის დამოუკიდებლობისთვის აქტიური მებრძოლები იყვნენ. 1910 წელს მან გაამთავრა იონგდონგის ქალთა სკოლა და 1914 წელს გაცვლით სტუდენტად ჩაირიცხა იაპონიაში, ტოკიოს ქალთა აკადემიაში. 1919 წელს, კი სწავლის დასრულებამდე, გაწევრიანდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მოძრაობაში. კიმი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და აქიუტად აგძელებდა ანტი-იაპონურ მოღვაწეობას, ერთ ერთ ასეთ გამოსვლის დროს დააპატიმრეს. ციხეში ყოფნის პერიოდში, მას როგორც კვან სუს ხშირად აწამებდნენ, რამაც საბოლოოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეუტანა მომავალში. სწორედ ამ დაზიანებების გამო იგი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს. ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ამერიკელი მისიონერის დახმარებით იგი შანხაიში გადავიდა, შემდგომ ჩაირიცხა სამაგისტროზე ჩიკაგოს უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დახურა და ნიუ იორკში განაგრძო თეოლოგიის შესწავლა. აქვე მან შექმნა კიონგჰვაჰო-კორეის ქალთა პატრიოტთა ასოციაცია. 1933 წელს იგი დაბრუნდა კორეაში და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. გარდაიცვალა 1944 წელს წამების დროს მიყენებული ჭრილობების გამო.

ჰო ჯონგ სუკ- აქტივისტი, მწერალი და ჯურნალისტი. იგი გახლდათ აქტიური წევრი კორეული კომუნისტური პარტიის და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი. მისი იდეოლოგია, რომელიც ყოველთვის აშკარად იყო გამოხატული მის ნაწერებში, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა იმ პერიოდში გავრცელებულ შეხედულებებს. იაპონელთა მთავრობა სასტიკად კრძალავდა ნებისმიერ კომუნისტურ იდეოლოგიას, ამიტომ ჯონგ სუკი იძულებული იყო უკანონდ გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. გარდაიცვალა 1991 წელს, ჩრდილოეთ კორეაში. სიცოცხლის ბოლომდე იგი იბრძოდა ქალთა უფლებების დასაცავად. მასთან ერთად აქტიურად იბრძოდა ჩუნგ ჩილ სუნგი, რომელიც ასევე ცნობილი კორეელი მოცეკვავე, ფემინისტი და აქტივისტი იყო.

იაპონურ სისასტიკეს ვერ გადაურჩა ვერც ცნობილი პოეტი, მწერალი, მხატვარი და ჯურნალისტი ნა ჰიე სოკი. რომელიც დააკავეს პირველი მარტი მოძრაობის დროს.

ნამ ჯა ჰიონ-  როდესაც 1896 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იგი აქტიურად ცდილობდა ხალხში გამოეღვიძებინა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სურვილი. გაწევრიანდა არაერთ ორგანიზაციაში რომელიც ამ საქმიანობას ეწეოდა და მისი ხელმძღვანელობით აშენდა ეკლესიები და სამლოცველოები თორმეტ პროვინციაში და ასევე ქალთა საგანმანათლებლო ცენტრები. 1924 წელს მან დაგეგმა იაპონელი გენერლის-საიტო მაკოტოს მკვლელობა, თუმცა იძულებული გახდა ჩაშლილი ოპერაციის გამო უკან მანჯურიაში დაბრუნებულიყო. იგი დააპატიმრეს 1933 წელს, როდესაც აწვდიდა იარაღებს თავის თანამოაზრეებს, რომ მოეკლათ იაპონიის ელჩი ნობიუოში მუტო. მაშინ იგი 60 წლის იყო. ექვსი თვის შემდეგ გირაოს შედეგად გაანთავისუფლეს. თუმცა მალევე გარდაიცვალა, სიკვდილის წინ მან დატოვა შეტყობინება-დამოუკიდებლობა სულშია.

ლიტერატურა

კოლონიალიზმის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც თანამედროვე კორეული ლიტერატურის წარმოშობის პერიოდად. ამ პერიოდში საბოლოოდ წყვეტენ კორეული იეროგლიფების გამოყენებას და ყველაფერს სუფთა კორეულ ენაზე წერდნენ. თანამედროვე კორეული პროზის დამაარსებლად ჩვეულებრივ თვლიან ლი კვან სუს, ასევე ცნობილი პროზაული მწერლები იყვნენ კიმ დონინ, კინ იუნჯონ, ლი ჰუისოკ, იომ სან სოპ და ლი თჰეჯინ, ამ პერიოდის ცნობილი პოეტები არიან კიმ სოვოლ, ლი სან, ჩონ ჯი იონ, და ლი დონჯუ. საკმაოდ ბევრი პოეტი და მწერალი, მათ შორის ლი კვან სუ მხარს უჭრდა კოლონიალიზმს  და იაპონიის ექსპანსიას, რის გამოც ბევრი თანამოაზრის კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა ისინი, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ იაპონიის მთავრობას, მათ ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით სევდიანი, დამოუკიდებელი სამშობლოს მონატრებით სურვილით აღსავსე სტროფებსა და მარტოობით გაჯღენთილ ემოციებს. სწორედ ასეთი, საკმაოდ ცნობილი  პოეტი გახლავთ იუნ დონგ ჯუ, რომლის ნაწარმოებებშიც კარგად არის გამოხატული ის ტკივილი, რასაც იგი სამშობლოს დაკარგვით განიცდიდა.  1943 წელს იგი იაპონურმა პოლიციამ შეიპყრო, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა თანამონაწილეობის ბრალდებით. იგი გადაიყვანეს ციხეში, ფუკუიოკას პრეფექტურაში, სადაც 1945 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ვარაუდობენ რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი იყო ის ექსპერიმენტები, რომელსაც იაპონელები ატარებდნენ პატიმრებზე.

ძველი ზღაპრები

კვლავ ვიძირები ბნელ ღამეში

ფაფუკად ანათებს სანათი ბნელ ღამეს

მტკივა, და ჩემდაუნებურად ცრემლები ეცემა

მშვიდად, დაუსრულებლად, უბრალოდ

ადრე არასოდეს მიმიცია ცრემლებისთვის თავისუფლება

ვცხოვრობდი, როგორც გაზაფხულის ყვავილი, უდარდელად

ის ზღაპრული დღეები, რომლებმაც გაირბინა

ვკითხულობდი უცრემლოდ და უდარდელად

როგორ დამტოვე

როგორ მიმატოვე, რატომ დამტოვე

წახვედი, რაც მქონდა ყველაფერი თან წაიყოლე

იმ დროიდან როგორც მიმინო ისე ვარსებობ

მხოლოდ ერთმა შემინარჩუნა მოგონებები

იმ ძველმა ზღაპრებმა უდარდელ ცხოვრებაზე

ხშირად მესიზმრება -იმ ცხოვრების ზღაპრები

და მთელი ღამე მაბობოქრებენ.

კიმ სო ვოლ

კორეის ქალიშვილი ვარ

დაბადებიდან

ვცხოვრობდი სხვა ქვეყნის ენის ტყვედ

თუმცა მტერი სასტიკია, შური იძია

მშობლიურ ენას ვაჟთან ერთად ვსწავლობდი

და გაიშლებიან ფურცლები

ყვავილის

და ჩვენს თავლწინ გაალდებიან კვლავ

ჩვენ ნათელი მშობლიური სიტყვები!

კიმ გიუ რენ (1950 )

    სქოლიო

  1. ხელშეკრულება გაფორმდა 1910 წლის 22 აგვისტოს. 한일병합조약 რვა პუნქტის მიხედვით კორეა გადადიოდა იაპონიის მმართველობის ქვეშ, პირველი პუნქტი იწყებოდა სიტყვებით-„კორეის იმპერატორი მთელს ძალაუფლებას და სუვერენიტეტს კორეის მართვაზე გადასცემდა იაპონიის იმპერატორს“, კორეის მხრიდან ხელი მოაწერა პრემიერ მინისტრმა-ი ვან იონგმა,이완용, იაპონიის მხრიდან კი პოლიტიკოსმა, სამხედრო ოფიცერმა და იაპონიის მეთვრამეტე პრემიერ მინისტრმა ტარაუჩი მასატაკემ 正毅. ხელშეკრულებამ მოქმედება შეწყვიტა 1945 წელს, როდესაც იაპონია დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში და 1965 წელს ოფიციალურად გაუქმდა იაპონია-კორეის ხელშეკრულება
  2. დამოუკიდებლობის დეკლარაცია იუწყებოდა „მადლობელი ვართ რომ გაგვანთავისუფლეთ ჩინეთზე დამოკიდებულებისგან, ახლა იგი ჩვენთვის არანაირ საფრთხე აღარ წარმოადგენს, ამიტომ აღარ არის საჭიროება რომ იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში დავრჩეთ.-დეკლარაციის მთლიანი ტექსტი საკმაოდ ლოიალურად იყო დაწერილი, თუმცა თვითონ ფაქტი რომ მასში ნახსენები იყო კორეის დამოუკიდებლობა იაპონიის ხელისუფლებას აგრესიულად განაწყობდა

გამოყენებული ლიტერატურა                 

  • Beasley, W.G. Japanese Imperialism 1894–1945. — Oxford University Press, 1991. — ISBN 0-19-822168-1.
  • March First Movement (Korean history) – Encyclopedia Britannica
  • Patriotic Girl Ryu Gwan-Sun Aug 27, 2015 Limb Jae-un
  • Hwang, Kyung Moon. “Na Hye-seok advocated social changes”. Koreatimes.
  • Hook, Glenn D. (2001). Japan’s International Relations: Politics, Economics, and Security, p. 491.
  • Liu, Xiaoyuan. Resume China’s Korean Connection // Recast All Under Heaven: Revolution, War, Diplomacy, and Frontier China in the 20th Century.

კულტურა,პოლიტიკა

განათლების როლი არაბულ რევოლუციებში

2 Jul , 2015  

 

მრავალი მკვლევარი არაბული გაზაფხულის მიზეზების კვლევისას აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ ფაქტორებზე, თუმცა არ შეიძლება უყურადღებოდ დავთოვოთ ის ფაქტორები, რამაც ქვეყნები ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. არაბული გაზაფხულის გამომწვევი მიზეზები მრავალრიცხოვანი და კომპლექსურია და, ეჭვგარეშეა, რომ ვერ მიეწერება მხოლოდ ერთ ფაქტორს. ბევრი ექსპერტი საუბრობს იმ დიდ როლზე, რომელიც სოციალურმა მედიამ შეასრულა. სხვები მიუთითებენ ფესვგადგმულ ფრუსტრაციაზე კორუფციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ლეგიტიმურბის საკითხზე, საგარეო პოლიტიკაზე და ა.შ.

More…

კულტურა,რელიგია

ბუდიზმი კორეულ ხელოვნებაში

19 Feb , 2015  

შესავალი

კორეის მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა ჩამოყალიბდა მშობლიური ტრადიციების, უცხოური გავლენის, აღმოსავლეთ აზიის დახვეწილი ტექნიკური უნარისა და ენერგიული ადამიანის სულის შეერთებით.

მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ აზიის ყველა კულტურული და მხატვრული ტრადიციებიდან, დასავლეთი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას კორეას აქცევდა. პირველად დასავლეთი გაეცნო კორეულ ხელოვნებას მეცხრამეტე საუკუნეში, მაგრამ მეოცე საუკუნემდე დასავლეთი არ დაინტერესებულ კორეული მხატვრობის ნიმუშებით. More…

ისტორია,კულტურა,რელიგია

დალაი ლამა XIV – დაბადებიდან დევნილობამდე

12 Feb , 2015  

ნაწილისთვის ის ცოცხალი ბუდაა, ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის, გულმოწყალების ბოდჰისატვას მიწიერი განსახიერებაა. ზოგიერთები ”ღმერთ-მეფედ” მიიჩნევენ, ჩინეთის კომუნისტური პარტია მას კონტრრევოლუციონერად და პარაზიტად მიიჩნევდა, თავად კი ამბობს, რომ ის უბრალო  ადამიანია, ჩვეულებრივი ტიბეტელი, რომელმაც გადაწყვიტა გამხდარიყო ბუდისტი ბერი.

ცნება “დალაი ლამას” ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ტენზინ გიაცოსთვის კი ის მხოლოდ თანამდებობას გულისხმობს. “დალაი” მონღოლურ ენაზე “ოკეანეს” ნიშნავს; “ლამა” კი ტიბეტური ტერმინია, რომელიც ინდურ “გურუს” ანუ “მასწავლებელს” შეესატყვისება. ამ სიტყვათშეთანხმების თავისუფალი თარგმანია “სიბრძნის ოკეანე”, თუმცა ეს მთლად ზუსტი თარგმანი არაა, რადგან თავდაპირველად “დალაი” დალაი ლამა III-ის, სონამ გიაცოს სახელის ნაწილობრივი თარგმანი იყო (“გიაცო” ტიბეტურად “ოკეანეს” ნიშნავს). მოგვიანებით გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ჩინურად “ლამა” თარგმნეს როგორც “ხო-ფო”, რაც გულისხმობს “ცოცხალ ბუდას”, ეს კი არასწორია, რადგან ტიბეტური ბუდიზმი ასეთ რამეებს არ ცნობს. ჩემი ნაშრომი სწორედ ამ ადამიანს, ტენზინ გიაცოს შეეხება და ამ მოკლე ნაშრომში შევეცდები მიმოვიხილო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები დაბადებიდან დღემდე.

დაბადება და დალაი ლამა XIII-ის ინკარნაციად აღმოჩენა

მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო დაიბადა 1935 წლის 6 ივლისს და ლჰამო დონდრუპი დაარქვეს, რაც სიტყვასიტყვით “სურვილების ამსრულებელ ქალღმერთს” ნიშნავს. ის საკმაოდ ღარიბულ ოჯახში დაიბადა, დედ-მამა წვრილი ფერმერები იყვნენ, რომლებსაც იჯარით ჰქონდათ მიწის პატარა ნაკვეთი აღებული და ძირითადად წიწიბურა და კარტოფილი მოჰყავდათ.  დალაი ლამა აღნიშნავს, რომ შესძლო ჩასწვდომოდა ტიბეტელი ხალხის გასაჭირს, რადგანაც დაიბადა ღარიბ ოჯახში. თავის ავტობიოგრაფიაში “ჩემი მიწა – ჩემი ხალხი”  ის ამბობს: “მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. თუმცა ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.” დედამისმა თექვსმეტი შვილი გააჩინა, მათგან მხოლოდ ექვსი გადარჩა. დედა ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო, უცხოებს ხშირად ეხმარებოდა, მას არასდროს გაუშვია მათხოვრები ხელცარიელი, თუნდაც ოჯახის წევრები მშივრები დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ტენზინი ოჯახში ერთადერთი “ტულკუ” არ ყოფილა, მისი დაბადებისას, მისი უფროსი ძმა, ტხუპტენ ჯიგმე ნორბუ აღიარებული იყო მაღალი ლამას – ტაკცერ რინპოჩეს განსხეულებად და იმყოფებოდა კუმბუმში.

როგორც დალაი ლამა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, ბავშვობისას მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო ჩანთის ჩალაგება, ვითომ შორეული მოგზაურობისთვის ემზადებოდა. “ლჰასაში მივდივარ! ლჰასაში მივდივარ” – ხშირად ამბობდა ის ჩანთის ჩალაგებისას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველთვის დაჟინებით მოითხოვდა რომ მისთვის სუფრის თავში დაჯდომის უფლება მიეცათ. ალბათ, მან იცოდა თავისი დიადი დანიშნულების შესახებ.

სამი წლისაც არ იყო, როცა კუმბუმის მონასტერში მთავრობის მიერ გამოგავნილი საძიებო ჯგუფი ჩავიდა, დალაი ლამას ახალი განსხეულების საპოვნელად. ისინი ტენზინ გიაცოს წინამორბედის, ტჰუპტენ გიაცოს, მეცამეტე დალაი ლამას ბალზამირებული სხეულის მინიშნებებმა ჩაიყვანეს. საქმე იმაშია, რომ მისი ნეშტი მჯდომარე მდგომარეობაში მოათავსეს სამეფო ტახტზე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დალაი ლამას თავი სამხრეთის მხრიდან სახით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებულიყო. ამ ამბის შემდეგ, რეგენტს ხილვა ჰქონდა, იგი სამხრეთ ტიბეტში წმინდა ტბის, ლჰამო ლაცოს ზედაპირს დაჰყურებდა და გარკვევით დაინახა ტიბეტური ასო-ბგერები: “ახ”, “კა” და “მა”, შემდეგ დაინახა სამსართულიანი მონასტერი და პატარა სახლი უცნაური წყალსადინრებით. ლამა დარწმუნებული იყო, რომ ასობგერა “ახ” ამდოს ნიშნავდა, ჩრდილო აღმოსავლეთ პროვინციას, ამიტომაც საძიებო ჯგუფი იქ გაგზავნეს.

ჯგუფმა კუმბუში ჩასვლის შემდეგ ივარაუდა, რომ თუ ასობგერა “ახ” ამადოს უკავშირდებოდა, მაშინ “კა”  შესაძლოა კუმბუმის მონასტერი ყოფილიყო (რომელიც მართლაც სამსართულიანია). ამის შემდეგ ჯგუფის წევრებმა დაიწყეს სოფლის შესწავლა. ამ პროცესში წააწყდნენ დალაი ლამას მშობლების სახლს, სახურავზე უცნაური ტოტებით და აღივსნენ რწმენით, რომ ახალი დალაი ლამა სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო. ჯგუფის წევრებმა ოჯახს ვიზიტის ნამდვილი მიზანი არ გაუმხილეს და ღამის გათენება სთხოვეს. ჯგუფის ხელმძღვანელმა, კევცანგ რინპოჩემ თავი მსახურად გაასაღა და თითქმის მთელი საღამო თვალყურს ადევნებდა და ეთამაშებოდა ოჯახის ყველაზე უმცროს ბავშვს. დაინახა თუ არა ბავშვმა, იცნო და დაიყვირა: სერა ლამა! სერა ლამა! (სერა ეწოდებოდა მონასტერს, საიდანაც კევცანგ რინპოჩე იყო). ჯგუფი მეორე დღეს გაემგზავრა და რამდენიმე დღეში დაბრუნდა დელეგაციის სახით. ამჯერად მათ ჰქონდათ წამოღებული დალაი ლამა XIII-ის პირადი ნივთები და მათი მსგავსი სხვა ნივთები, რომლებიც ლამას არ ეკუთვნოდა. წინამორბედის ნივთებს ტენზინი ეგრევე ცნობდა და ამბობდა: “ეს ჩემია, ეს ჩემია!”. საძიებო ჯგუფი თითქმის დარწმუნდა, რომ ახალი განსხეულება იპოვეს, მაგრამ შეამოწმეს სხვა კანდიდატებიც და საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ დალაი ლამა XIV იყო ბიჭი ტაკცერიდან.

ახალი ლამას ოფიციალურად დამტკიცებას გარკვეული დრო სჭირდებოდა, მანამდე კი ბიჭი სახლში უნდა დარჩენილიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ლამას ოჯახს არაერთი უსიამოვნება მიაყენა ჩინელმა გუბერნატორმა მა პუფენმა, რის გამოც ბიჭი კუმბუმის მონასტერში წაიყვანეს. თუმცა მა პუფენი ამის შემდეგაც უქმნიდა პრობლემებს დალაი ლამას ოჯახს. მან დიდი გამოსასყიდი მოითხოვა დალაი ლამასთვის ლჰასაში გამგზავრების ნების დართვისთვის. როცა ფული მისცეს, მან მეტი მოითხოვა. ბიჭს ლოდინი თვრამეტ თვეზე მეტი მოუწია და დედაქალაქში მხოლოდ 1939 წლის ზაფხულში ჩავიდა.

დალაი ლამას ცხოვრების ადრეულ წლები

ლჰასაში ჩასვლიდან პირველი დღეები ბიჭისთვის საკმაოდ უცნაური იყო, გარემო მისთვის ახალი იყო და ჯერ ვერ ეგუებოდა განსაზღვრულ წესებს. დალაი ლამად შერაცხვის შემდეგ თითქმის ყოველდღე მიიპარებოდა სახლიდან თანხმლებ პირთან ერთად მშობლების სანახავად. ამას განსაკთრებით ხშირად სადილობის დროს აკეთებდა და მშობლებთან მიირთმევდა ხოლმე ტიბეტელი ბერებისთვის აკრძალულ კვერცხსა და ღორის ხორცს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი წელი ბიჭისთვის საკმაოდ ბედნიერი აღმოჩნდა. ის ჯერ ბერი არ იყო, სწავლაც არ ქონდა დაწყებული და თავისუფლად ატარებდა დღეებს.

1940 წლის ზამთარში ტენზინი პოტალაში წაიყვანეს და ოფიციალურად მიანიჭეს ტიბეტის სულიერი მეთაურის სტატუსი, სწორედ მაშინ ის პირველად დაჯდა “ლომის სამეფო ტახტზე”. ამის შემდეგ ბიჭი ჯოკჰანგის ტაძარში ბერად აკურთხეს ტაპჰუს ცერემონიის შემდეგ ტენზინ გიაცო თავგადაპარსული უნდა ყოფილიყო და მუქი ბორდოსფერი ბერული სამოსი ეტარებინა. თმის კულული სიმბოლურად რეგენტმა, რეტინგ რინგპოჩემ მოკვეცა, რის შედეგადაც ბიჭს ძველებურად ლჰამო დონდრუბი აღარ ერქვა, მას რეტინგ რიპოჩეს სახელი ჯამპელ ეშე დაარქვეს და კიდევ სხვა სახელები დაურთეს. იმ მომენტიდან მას ქვია ჯამპელ ნგავანგ ლობსან ეშე ტენზინ გიაცო. ამ დღიდან ძალიან მალე რეტინგ რინპოჩემ უარი თქვა რეგენტობაზე (ძირითადად არაპოპულარულობის გამო), ამ დროს ექვსი წლის ბიჭს კითხეს თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი რეგენტი, მან ტატჰაგ რინპოჩე დაასახელა და ამის შემდეგ სწორედ ის გახდა ბიჭის უფროსი მასწავლებელი.

ბერად აღკვეცისთანავე დაიწყო დალაი ლამას სწავლა-განათება. თავიდან მას მხოლოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ ძმასთან, ლობსან სამტენთან ერტად. დალაი ლამა ამბობს, რომ კარგად ახსოვს საკლასო ოთახში ორი მათრახი, ყვითელი აბრეშუმის და ტყავის, ერთი – დალაი ლამასთვის, მეორე კი  – მისი ძმისთვის. დალაი ლამა ძალიან ბეჯითი მოსწავლე აღმოჩნდა და მასწავლებელს არასდროს გამოუყენებია ყვითელი მათრახი, აი ტყავისა კი რამდენჯერმე ჩამოხსნეს კედლიდან. თანაც დალაი ლამას ძმას ძველი ტიბეტური ანდაზისამებრ სცემდნენ: “ურტყი თხას რომ ცხვარს ეშინოდეს!”. მალე ლობსან სამტენი კერძო სკოლაში გაგზავნეს, რადგან, როგორც თავად ლამა ამბობს, ის და ძმა ერთად ცუდად იქცეოდნენ. ძმები ერთმანეთს მხოლოდ სასკოლო არდადეგებისას ან სავსემთვარეობისას ნახულობდნენ, დროდადრო ლამას დედა და უფროსი და, ცერინგ დოლმაც სტუმრობდნენ.

ლამა მალე შეეჩვია ოჯახისგან განშორებით ცხოვრებას, ყოველ დილით ექვს საათზე დგებოდა, ერთ საათი მედიტაციებისა და ლოცვებისთვის ჰქონდა განკუთვნილი, შემდეგ კი საუზმობდა და სწავლა-განათლებას უთმობდა დროს. კითხვის სწავლის შემდეგ, წერაზე გადავიდა. ტიბეტურ ენაში დამწერლობის ორი ვარიანტი არსებობს “უ-ჩენი” და “უ-მე”, ერთი – წიგნებისთვის, მეორე – დოკუმენტებისთვის. მას მხოლოდ “უ-მეს” სწავლა ევალებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად ძალიან მალევე ისწავლა “უ-ჩენიც”. მიუხედავად ნორჩი ასაკისა, ლამას ამზადებდნენ იმ დღისთვის, როცა ის, სასულიერო სფეროს მეთაურობის გარდა, ტიბეტის საერო მმართველის ფუნქციასაც შეითვისებდა, ამიტომ, დილით კალიგრაფიაში მეცადინეობის შემდეგ მთავრობის წევრების კრებას ესწრებოდა. კრების შემდეგ კი კვლავ მეცადინეობას უბრუნდებოდა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ნორჩი დალაი ლამას განრიგში ყველაზე მნიშნველოვანი პუნქტი თამაშები იყო. უცხოელი სტუმრები ხშირად ჩუქნიდნენ დალაი ლამას იმპორტულ სათამაშოებს. თამაშობდა როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, განსაკუთრებით უყვარდა კონსტრუქტორები და ჯარისკაცებით თამაში.

პროგრამა, რომლითაც ის სწავლობდა, იგივე იყო, რაც ყველა ბერისთვის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ბუდისტურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხზე. სასწავლო პროგრამაში შედიოდა ხუთი მთავარი და ხუთი მეორეხარისხოვანი საგანი. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა, ბუდისტური ფილოსოფია (ეს უკანასკნელი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი იყო და თავის მხრივ იყოფოდა: პრაჯნიაპარამიტა, მადჰიამიკა, ვინაია, აბჰიდჰარმა და პრამანა). ხოლო მეორე ხარისხოვანი საგნები იყო: მუსიკა და დრამატურგია, ასტროლოგია, მეტრიკა და კომპოზიცია, სინონიმები. როგორც თავად ამბობს, ცხოვრება პოტალაშიც და ნორბულინგკაშიც ძალიან მონოტონური იყო და ეს ერთფეროვნება მხოლოდ დიდი დღესასწაულებისას ირღვეოდა, ან მაშინ, როცა განდეგილობაში განმარტოვდებოდა ხოლმე. ამას ის წელიწადში ერთხელ, ზამთარში აკეთებდა სამი კვირის განმავლობაში. განდეგილობის ჟამს მას არ ჰქონდა უფლება გარეთ ეთამაშა, დღეში მხოლოდ ერთი გაკვეთილი ჰქონდა და დანარჩენ დროს ხანგრძლივ ლოცვებსა და მედიტაციას უთმობდა. ეს პროცესი ახალგაზრდა დალაი ლამას დიდად არ მოსწონდა და ბევრჯერ უნატრია ადგილი გაეცვალა გამვლელი თანატოლი ბიჭებისთვის, თუმცა მოგვიანებით შეიცნო განდეგილობის მნიშვნელობა და დღეს იმაზე ფიქრობს, ნეტავ, ამისთვის მეტი დრო მქონდესო.

დალაი ლამას ადრეული წლებიდან აღსანიშნავია, რომ მას უკვე პატარა ასაკიდან ძალიან უყვარდა ჩვეულებრივ ხალხთან დროის ტარება, მათი აზრის მოსმენა. ის ძალიან დიდ დროს ატარებდა დამლაგებლებთან და მსახურებთან, მისი მშობლების მსახურები ზუსტად ისე ექცეოდნენ მას, როგორც ნებისმიერ სხვა ბიჭს. არავინ ერიდებოდა და არავის ეშინოდა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მისი თანდასწრებით, სწორედ ამიტომ საკმაოდ ადრეული ასაკიდან შეიტყო ტიბეტელი ხალხის გაჭირვება. მისი მეგობარი დამლაგებლები გულახდილად უყვებოდნენ თავიანთ ამბებს, ესაუბრებოდნენ იმ უსამართლობების შესახებ, რასაც ითმენდნენ ჩინოვნიკებისა და მაღალი ლამებისგან. მათგან იგებდა ხალხურ სიმღერებსა და ბალადებსაც. ამის გამო 12 წლის ასაკში ტატჰაგ რინპოჩემ მშობლების სახლის მონახულება აუკრძალა, მაგრამ ლამას ბავშვობა მაინც არ ჰგავდა პრინც სიდჰართჰასა და პუის ბავშვობას, რაც უფრო იზრდებოდა უფრო მეტ საინტერესო ადამიანს ეცნობოდა. ლამას ასევე ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა უცხოელების გაცნობისა. იმ დროს ტიბეტში სულ ათამდე ევროპელი ანუ “ინჩი” ცხოვრობდა, ერთ-ერთ მათგანს, ჰენრიხ ჰარერს დალაი ლამა ლობსან სამტენმა გააცნო.

ჰარერი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის მიერ ინტეგრირებული იქნა ინდოეთში, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა პეტერ აუფშნაიტერთან ერთად და ტიბეტამდე მიაღწიეს. ეს დიდი მიღწევა იყო, რადგან ტიბეტი ყველა უცხოელისთვის დახურულ ტერიტორიად ითვლებოდა. გამონაკლისის სახით, რამდენიმე მათგანს საგანგებო ნებართვა ჰქონდა. სანამ დედაქლაქში ჩავიდოდნენ, დევნილები იძულებულები იყვნენ დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში მომთაბარედ ეცხოვრათ, ხოლო როცა დედაქალაქში გამოჩნდნენ, მათმა სიმამაცემ და შეუპოვრობამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, მთავრობამ მათ ტიბეტში დარჩენის ნებართვა მისცა. დალაი ლამას ცნობისმოყვარეობა არ ასევენებდა, ძალიან უნდოდაუცხოელების გაცნობა, პირველად 1948 წელს ნახა ჰარერი და ტიბეტიდან მის წასვლამდე ლამის კვირაში ერთხელ ხვდებოდა ჰენრიხს. ჰარერი მას მსოფლიოს ამბებს უყვებოდა და ინგლისურის გაუმჯობესებაშიც ეხმარებოდა ლამას. ევროპაში დაბრუნებულმა ჰარერმა წიგნი, სახელად დაკარგული ლჰასა დაწერა, სადაც დაწვრილებით აღწერა ურთიერთობა ლამასთან. დალაი ლამა კი აღნიშნავს, რომ ისინი მეგობრობას ჰარერის სიკვდილამდე (2006 წ.) ინარჩუნებდნენ და ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს.

ოცი წლის ასაკში ლამა ტოვებს პოტალას და ნორბგულინკგაში გადადის საცხოვრებლად.

ტიბეტისა და ჩინეთის ურთიერთობა – მეცამეტე დალაი ლამას წინასწარმეტყველების ახდენა

მეცამეტე დალაი ლამას, ტჰუპტენ გიაცოს ანდერძი: “თუ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება, შეიძლება ტიბეტის რელიგიასა და მთავრობას შიდა და გარე ძალები დაემუქრნონ. თუ ჩვენს ქვეყანას ჩვენვე არ დავიცავთ, დალაი ლამა,  პანჩენ ლამა და რწმენის ფრიად პატივსაცემი დამცველები გაქრებიან და მათ შესახებ აღარავის ეცოდინება. ბერები და მონასტრები აღიგვებიან პირისაგან მიწისა. კანონის ძალაუფლება შესუსტდება, მთავრობის წევრების მიწებსა და ქონებას დაიტაცებენ; მათ კი აიძულებენ, თავიანთ მტრებს ემსახურონ ან მათხოვრად ქცეულნი მთელ ტიბეტს მოედონ. ქვეყანას უდიდესი უბედურებები დაატყდება თავს და ყოვლისმომცველი, დამთრგუნველი შიში დაისადგურებს. ტანჯვაში უსასრულოდ გაიწელება დღეები და ღამეები.“

მეცამეტე ლამას წინასწარმეტყველებამ ახდენა 1950 წლიდან დაიწყო. 1950 წლის ერთ უჩვეულო დღეს ტიბეტში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა, დალაი ლამა სააბაზანოდან გამოდიოდა, როცა იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, თავიდან ეს მიწისძვრას დააბრალა, მაგრამ როცა გარეთ გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, გასაგები გახდა რომ ეს მიწისძვრა არ იყო. ის, თუ რამ გამოიწვია მიწის გასკდომა და აფეთქების ხმა, ამოუხსნელი დარჩა და ტიბეტელებმა ის განსაკუთრებული ხასიათის ბუნებრივ მოვლენად შერაცხეს, რომელიც მათი აზრით ცუდის მომასწავლებელი იყო. სიტუაცია მართლაც ცუდად განვითარდა.  ორი დღის შემდეგ, დალაი ლამამ დაინახა, როგორ მოირბინა აღელვებულმა მაცნემ ტატჰაგ რინპოჩესთან. მალე გაირკვა, რომ მაცნეს კჰამის გუბერნატორის წერილი მოუტანია, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ ჩინელი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ტიბეტელების განრიზონს, რის შედეგადაც მორიგე ოფიცერი დაიღუპა. ჩინელ კომუნისტებს ჯერ კიდევ წინა წელს ჰქონდათ რამდენჯერმე საზღვარი დარღვეული და აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ტიბეტი იმპერიალისტი აგრესორებისგან გაეთავისუფლებინათ. როგორც აღმოჩნდა, ჩინეთი მუქარის ასრულებას აპირებდა.

სანამ ჩინეთის მხრიდან ამ მუქარის ასრულებას განვიხილავდეთ, ურიგო არ იქნება გადავხედოთ ტიბეტისა და ჩინეთის ისტორიულ წარსულს.

763 წელს ტიბეტის ჯარებმა ფაქტობრივად დაიპყრეს ჩინეთის დედაქალაქი, ხარკი დაადეს და აიძულეს დათმობაზე წასულიყო, თუმცა, რადგანაც ტიბეტელები სულ უფრო მეტი ერთგულებით ეკიდებოდნენ ბუდიზმს, მათი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებთან უფრო სულიერ ხასიათს იძენდა, ვიდრე პოლიტიკურს. ეს განსაკუთრებით ჩინეთთან ურთიერთობაზე ითქმის, რომელთანაც ტიბეტმა ისეთი კავშირი დაამყარა, როგორიც აქვს ღვთისმსახურს თავის მფარველ ერისკაცთან  – მოწყალების გამცემთან. მანჯურიელი იმპერატორები, რომლებიც ბუდისტები იყვნენ, თაყვანს სცემდნენ დალაი ლამას, როგორც “ ბუდიზმის მქადაგებელ მეფეს”.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა ტიბეტ-ჩინეთის ისტორიაში 821-822 წელს ტიბეტსა და ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულებაა. ჩინელმმა მმართველმა ვენ უ სიაო დე ხუანტიმ და ტიბეტის დიდმა მეფემ, საოცარმა ღვთაებრივმა მბრძანებელმა ტრისონგ დრეცენმა დადეს ეს ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო აღედგინათ ძველი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა და ასევე ოდინდელი კეთილმეზობლური ურთიერთობა. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ამ ხელშეკრულებიდან შემდეგი ამონარიდი:

”ტიბეტი და ჩინეთი შეინარჩუნებენ იმ სახელმწიფო საზღვრებს, რომლებიც ამჟამადაა მათ შორის. მთელ ტერიტორიას აღმოსავლეთით დიდი ჩინეთის ქვეყანა ფლობს; ყველაფერი, რაც დასავლეთითაა, უდავოდ, დიდი ტიბეტის ქვეყნის საკუთრებაა. ამიერიდან არც ერთმა მხარემ არ უნდა წამოიწყოს ომი, არ უნდა დაიპყროს სხვისი მიწები. მეორე ქვეყნის მიწაზე გადასულ ნებისმიერ საეჭვო ადამიანს დააპატიმრებენ, მის საქმიანობას გამოიძიებენ, მას კი თავის ქვეყანაში დააბრუნებენ.

ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობას არაფერი უნდა ჩრდილავდეს. არც ერთმა მხარემ არ უნდა ატეხოს უეცარი განგაში. თვით სიტყვა “მტერიც” კი არ უნდა წარმოითქვას. საზღვრის გუშაგებს შიში არაფრის არ უნდა ჰქონდეთ; თუკი თვითონ ჩათვლიან რომ საამისო პირობები არსებობს, შეუძლიათ, თავიანთ მიწაც დაამუშაონ და დაისვენონ კიდეც. ყველა მშვიდობიანად უნდა ცხოვრობდეს და ათი ათასი წლის მანძილზე ბედნიერების მადლით ტკბებოდეს. დაე, ყოველივე ზემოთ თქმულის შესახებ შეიტყოს ყველა ქვეყანამ, სადაც კი მზე და მთვარე ანათებს!.”

ხელშეკრულებაში ყველაფერი ნათლად ეწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩინეთი ივიწყებდა ისტორიულ წარსულს, ძველის მაგივრად ახალი დანაპირების შესრულებას, ტიბეტის იმპერიალისტებისგან განთავისუფლებას აპირებდა.

ტიბეტის არმია სულ რვა ათას ხუთას ოფიცერსა და ჯარისკაცს ითვლიდა და, რა თქმა უნდა, ის განწირული იქნებოდა ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის წინააღმდეგ.  ამ ამბისგან ორი თვის შემდეგ ლჰასამდე მიაღწია ცნობებმა იმის შესახებ, რომ ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის ოთხმოცი ათასმა ჯარისკაცმა ჩამდოს აღმოსავლეთით მდინარე გადმოლახა. ჩინეთის რადიომ კი გამოაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის ერთი წლისთავზე დაიწყო ტიბეტის “მშვიდობიანი გათავისუფლება”. ეს იყო ჩინელების პირველი ნაბიჯი, საბოლოო მიზანი კი, რა თქმა უნდა, ლჰასას აღება იყო. ასეთი იერიშისთვის წინააღმდეგობის გაწევა ტიბეტელების მხრიდან შეუძლებელი იქნებოდა, გარდა ჯარის მცირერიცხოვნებისა, ტიბეტის არმია თანამედროვე შეიარაღების ნაკლებობასაც განიცდიდა და სრულიად გაუწვრთნელი იყო. მიუხედავად ისტორიული ბრძოლებისა, ტიბეტელები მაინც მშვიდობისმოყვარე ხალხია; ჯარისკაცობა კი მათთვის საზოგადოების უდაბლეს ფენაში ყოფნას ნიშნავდა – ჯარისკაცებს ისე უყურებდნენ, როგორც, მაგალითად, ყასაბს.  ამ ძნელბედობის ჟამს მთელ ტიბეტში დაიწყეს დამატებითი ფორმირებებისთვის ხალხის შეგროვება და ერთი სრულიად ახალიც შექმნეს, მაგრამ ჩინელების წინააღმდეგ გამოყვანილი ჯარის სამხედრო მომზადების დონე ძალიან დაბალი იყო.

საფრთხე, რომელიც ტიბეტის დამოუკიდებლობას ემუქრებოდა, აშკარა იყო და ის არც მსოფლიოსთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. ინდოეთის მთავრობამ გააპროტესტა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქმედება და განაცხადა, რომ ეს შეარაღებული თავდასხმა მშვიდობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. 1950 წლის 7 ნოემბერს კაშაგმა და მთავრობამ თხოვნით მიმართეს გაეროს, რომ ტიბეტის დასახმარებლად ზომები მიეღოთ, მაგრამ ტიბეტი თავისი იზოლაციის პოლიტიკის გამო, არასდროს გამხდარა გაეროს წევრი, შესაბამისად გაეროს პასუხი არც ამ და არც შემდეგ ორ თხოვნას მოჰყოლია.

თანდათან ტიბეტელები სულ უფრო და უფრო ცუდ ამბებს იგებდნენ და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გაკეთებულიყო განცხადება დალაი ლამას სრულწლოვნების შესახებ. ხალხი გამოდიოდა მოთხოვნით, რომ საერო ხელისუფლება დალაი ლამას იმაზე ორი წლით ადრე გადასცემოდა, ვიდრე ამის დრო ოფიციალურად დადგებოდა. ხალხი გაიყო ორად, ერთნი იმედებს დალაი ლამაზე ამყარებდნენ, მეორენი კი მას ამხელა პასუხისმგებლობის მისანიჭებლად ძალიან ახალგაზრდად თვლიდნენ, თავად დალაი ლამაც მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა, თუმცა მისთვის კითხვა არავის დაუსამს, ამის მაგივრად მთავრობამ შეკითხვით ორაკულს მიმართა, რის შედეგადაც გაიმართა ძალიან დაძაბული სცენა. ბოლოს კუტენი დალაი ლამასთან მივიდა და მუხლებზე დაადო “კატა” შემდეგი სიტყვებით: “ტჰულა ბაპ!

“ტჰულა ბაპ!” 

დალაი ლამას ტახტზე ასვლის დღედ 1950 წლის 17 ნოემბერი შეარჩიეს. მოვლენების ამგვარი განვითარება, ლამას ცოტა არ იყოს აღონებდა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ის უდარდელი ყმაწვილი იყო, მალე კი ქვეყნის მეთაური უნდა გამხდარიყო, თან იმ ქვეყნისა, რომელსაც უზარმაზარ ჩინეთთან ომი ელოდა.  ტახტზე ასვლამდე, ჩინელები ბევრ ხრიკს მიმართავდნენ დალაი ლამას მოსაშორებლად, მათ ტყვეობაში ჰყავდათ აყვანილი ლამას უფროსი ძმა, ტაკცერ რინპოჩე, კომუნისტური იდეებით ცდილობდნენ მის მოწამვლას და ლჰასაში აპირებდნენ გამოშვებას, რათა მას გადაებირებინა დალაი ლამა ჩინეთის მმართველობის ასაღიარებლად, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევდა ტაკცერს ძმა უნდა მოეკლა. ტაკცერმა ჩინელებთან თავი მოიკატუნა, თითქოს მართლა ამის გაკეთებას აპირებდა, სინამდვილეში კი ლჰასაში გამოიქცა და ძმას ყველაფერი უამბო. სწორედ ამ დროს გაიგო დალაი ლამამ ჩინელი კომუნისტების სისასტიკის შესახებ, სწორედ მაშინ მიხვდა რომ ჩინელი კომუნისტები არა მარტო არარელიგიურები არიან, არამედ წინააღმდეგობას უწევენ რელიგიურ ცხოვრებას.

ბუდიზმი მკვლელობაზე უარის თქმას ქადაგებს, მაგრამ მიუთითებს გარკვეულ გარემოებებს, როცა შეიძლება ამ საქციელს გამართლება მოეძებნოს, ტაკცერის აზრით, ახლა სწორედ ასეთი გარემოება იყო, ის მზად იყო გაეხადა ბერული სამოსი, დაერღვია  ბერის აღქმა, წასულიყო საზღვარგარეთ, როგორც ტიბეტის ემისარი და მოეპოვებინა უცხოელების მხარდაჭერა, მისი აზრით ტიბეტის ერთადერთი იმედი საზღვარგარეთ მხარდაჭერის მოპოვება და ჩინეთისთვის იარაღით წინააღმდეგობა იყო. თავად ლამას კი ძმა ქვეყნის დატოვებას ურჩევდა. ის არ იყო ერთადერთი, ვინც ლამას ამ რჩევას აძლევდა, თუმცა დალაი ლამა ამაზე არ ფიქრობდა.

17 ნოემბერს, დალაი ლამა დროზე ადრე ადგა, სპეციალურად ღონისძიებისთვის შერჩეული ტანსაცმელი ჩაიცვა და იმ ტაძრისკენ გაემართა, სადაც მისი ხელდასმა მოხდებოდა. მთავრობის და უცხოელი სტუმრების გარემოცვაში მას გადასცეს ოქროს ბორბალი, რაც სიმბოლურად განასახიერებდა მისთვის საერო ძალაუფლების მინიჭებას. რამდენიმე საათში ცერემონია დასრულდა და თხუთმეტი წლის ბიჭი  ექვსმილიონიანი ხალხის უალტერნატივო ლიდერი გახდა, ხალხისა, რომელიც ნამდვილი ომის პირისპირ იდგა. პირველივე ნაბიჯი იყო ორი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, ბერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დალაი ლამამ ლობსან ტაში აირჩია, მისი საერო კოლეგა კი ლუკჰანგვა გახდა. ამას მოყვა ლამას შემდეგი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან გაგზავნა დელეგაცია საზღვარგარეთ – ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ნეპალში, იმ იმედით, რომ დაარწმუნებდნენ ამ ქვეყნებს ტიბეტის დასაცავად ხმა აემაღლებინათ. გარდა ამისა, შედგა მეორე დელეგაციაც, რომელიც გაიგზავნა ჩინეთში, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ტიბეტიდან ჯარების გაყვანის შესახებ. თავად დალაი ლამა, ამ ამბიდან ძალიან მალე მაღალჩინოსნებთან ერთად სამხრეთ ტიბეტში გადაბარგდა, რათა სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ინდოეთში ეპოვა თავშესაფარი, ლჰასაში კი ლობსან ტაში და ლუკჰანგვა დარჩნენ მოვალეობის შესასრულებლად. ეს ყველაფერი გაკეთდა ძალიან ჩუმად, რათა ხალხში პანიკა არ ყოფილიყო. ჩუმად გააგზავნეს ლჰასას განძი, შემდეგ კი სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული დალაი ლამა გაიყვანეს ქალაქიდან. თუმცა ამ ხანგრძლივ მოგზაურობას შეუმჩნევლად მაინც არ ჩაუვლია, სოფელ ჯანგში ლამას ესკორტი ბერებმა დაინახეს, მართალია ლამა ვერ იცნეს, მაგრამ ლინგ რინპოჩეს ემუდარებოდნენ ლამა ლჰასაში დაებრუნებინათ, ისინი დაარწმუნეს, რომ ლამა დიდი ხნით არ მიემგზავრებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ბერებმა ესკორტს გზის გარძელების საშუალება, პირქვე დაემხვნენ და ლოცვა დაიწყეს ლამას სწრაფად დაბრუნებისთვის.

1951 წლის იანვარში, ლამა საბოლოოდ ჩავიდა დრომოში და მისთვის ისევ დაიწყო ჩვეული ცხოვრება – ლოცვებით, მედიტაციებით, განმარტოების დღეებით და სწავლით. სულ მალე ლამას ცუდი სიახლე შეატყობინებს, აღმოჩნდა რომ გაგზავნილი დელეგაციებიდან, მხოლოდ ერთი ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ეს ჩინეთში გაგზავნილი დელეგაცია იყო, სხვა დანარჩენები კი უკან დააბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ბრიტანეთიც და ამერიკაც პატივს სცემდნენ ტიბეტის სუვერენულობას, როგორც ჩანს, ახლა ისინი არ აპირებდნენ ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავდა  – ტიბეტი უნდა მომზადებულიყო ძლევამოსილ კომინისტურ ჩინეთთან მარტო შესაბრძოლებლად.

ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმება და კოჰაბიტაცია ჩინელებთან

ამ ამბის გაგებიდან რამდენიმე დღეში ლამამ მიიღო ანგარიში ჩამდოს გუბერნატორისგან. მასში ჩამოყალიბებული იყო არსი იმ საფრთხისა რომელიც ჩინეთის მხრიდან ემუქრებოდა ტიბეტს. ნათელი გახდა, რომ თუ არ იქნებოდა მიღწეული რაიმე ტიპის შეთანხმება, ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია ლჰასისკენ დაიძრებოდა, რასაც უეჭველი მოჰყვებოდა მრავალი ადამიანის დაღუპვა. დალაი ლამას კი ჰქონდა სურვილი ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა. ტიბეტის მთავრობამ გადაწყვიტა რომ ერთადერთი გზა მოლაპარაკებები იყო, ამიტომ დალაი ლამამ შეარჩია ოთხი ადამიანი და გაგზავნა პეკინში, რათა ეთქვათ ჩინეთისვის, რომ ტიბეტს “გათავისუფლება” კი არა, მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს დიდ მეზობელთან. რა თქმა უნდა, ლამა იმედიანად არ იყო განწყობილი ამ გეგმის მიმართ, ის მზად იყო ცუდი ამბების მოსასმენად, მაგრამ ის, რაც მან რადიოში გაიგო, ნამდვილად თავზარდამცემი აღმოჩნდა. დიქტორი ამბობდა: დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და “ადგილობრივი ხელისუფლების” წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს “ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებას ტიბეტის მშვიდობიანი გათავისუფლების შესახებ”. შეთანხმების პირველივე პუნქტში ნათქვამი იყო, რომ  “ტიბეტელი ხალხი უნდა გაერთიანებულიყო და იმპერიალისტური აგრესიული ძალები ტიბეტიდან განედევნა; რომ ტიბეტელი ხალხი დაუბრუნდებოდა დედასამშობლოს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის – დიდ ოჯახში”. ამავე შეთანხმების მეორე პუნქტი ითვალისწინებდა იმას, რომ ტიბეტის მთავრობა ამ ყველაფრის განხორციელებაში უნდა დახმარებოდა ჩინეთს, მერვე პუნქტის თანახმად კი ტიბეტის არმია ჩინეთის არმიის შემადგენლობაში უნდა შესულიყო.  მეთოთხმეტე პუნქტიდან გამომდინარე ტიბეტს ჩამოერთვა უფლება, თვითონ მიეხედა საგარეო საქმეებისათვის. ჩინეთი თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, რომ ტიბეტს რელიგიური თავისუფლება ექნებოდა, შენარჩუნდებოდა პოლიტიკური სისტემა. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო: ამიერიდან თოვლიანი ქვეყანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ემორჩილებოდა. ტიბეტის სახელმწიფო ბეჭდების გაყალბებით, დელეგატების იძულებით, დაშინებით, ტიბეტი ჩინეთის შემადგენლობაში შევიდა.

აზრი დალაი ლამას ადგილსამყოფელზე ორად გაიყო, ტიბეტელთა ნაწილი არწმუნებდა მას სხვა ქვეყანაში ეპოვა თავშესაფარი, ნაწილი კი ლჰასაში დაბრუნებას სთხოვდა. ახალგაზრდა ლამა დილემის წინაშე იყო, ბევრი ფიქრის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ინდოეთში გადასვლით და ამერიკისთვის დახმარების თხოვნის შედეგი შესაძლოა ხანგრძლივი ომი ყოფილიყო, რომელშიც უამრავი ტიბეტელი, ამერიკელი და ჩინელი დაიღუპებოდა, ეს კი მას არ სურდა. ამიტომ გადაწყვიტა დრომოში დარჩენა და ტიბეტის ახალი გენერალ-გუბერნატორის დახვედრა. შეხვედრა მალე შედგა, ჩინელმა გენერალმა ჭანმა, კიდევ ორი ახალი ხელშეკრულება გადასცა ლამას. შეხვედრიდან დასკვნა ის იყო, რომ ლამამ გააცნობიერა, რომ ეს საშიში კაცი, სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანი იყო. შეხვედრის შემდეგ ლამამ ლჰასაში დაბრუნება გადაწყვიტა, გზად კი ყველა სოფელში ჩერდებოდა, ხვდებოდა ხალხს და აცნობდა მოსახლეობას ჩინელების მიერ ჩადენილი საქციელების სისასტიკეს.

შუა აგვისტოში ლამა ლჰასაში დაბრუნდა და ხალხს იმედი გაუჩნდა, რომ ტიბეტის საქმეები უკეთ განვითარდებოდა, თუმცა 1951 წლის 26 ოქტომბერს, ჩინეთის მე-18 არმიის სამიათასკაციანი რაზმის დედაქალაქში შესვლის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. ეს პირველი ნაკადი იყო, რომელსაც მალე არაერთი მოჰყვა. სულ ცოტა ხანში ტიბეტის მოსახლეობა ჩინელი ჯარისკაცების ხარჯზე თითქმის გაორმაგდა, რის გამოც პროდუქტის უკმარისობა შეიქმნა და დაიწყო ინფლაცია. ტიბეტელების პასიური ზიზღი მალე აქტიურში გადაიზარდა და ისინი დამპყრობელს აქტიურად დასცინოდნენ. ისინი ბოროტი ძალების განდევნის ტრადიციულ საშუალებას მიმართავდნენ – ყოველთვის, როცა ჩინელი ჯარისკაცების ჯგუფს დაინახავდნენ, ტაშს შემოჰკრავდნენ და გადააფურთხებდნენ. ბავშვები მათ ქვებს ესროდნენ; ბერებიც კი თავიანთი სამოსის კალთას აიკრეფნდნენ და ყოველ ჩავლილ ჯარისკაცს სახეში უთავაზებდნენ. ამის საპასუხოდ კი თანდათან იზრდებოდა ჩინელი ჯარისკაცების და ჩინოვნიკების რიცხვი, როგორც თავიდანვე ცხადი იყო ჩინელები სულ არ აპირებდნენ ტიბეტის მთავრობისთვის ქვეყნის მართვის უფლება მიეცათ. სულ მალე ჩინელებმა მოთხოვნები წამოაყენეს, ისინი ითხოვდნენ ტიბეტის ჯარის ჩინეთის ჯარის შემადგენლობაში შესვლა, ტიბეტის დროშის ჩინეთის დროშით ჩანაცვლებას. მალე ლამას ჩინელების “თხოვნით” ორივე პრემიერ-მინისტრის დათხოვნა მოუწია, რათა ჩინელებთან ურთიერთობა არ გაეწმვავებინა.

ამ ფაქტების შემდეგ 1952 წლის გაზაფხულზე ჩინეთის სახელისუფლებო ორგანოებთან დროებით დაზავების “მყიფე” პერიოდი დადგა. ლამამ გადაწყვიტა მომენტით ესარგებლა და რეფორმების გატარება დაეწყო. პირველი რეფორმა რომლის გატარებაც მას სურდა იყო სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლად ჩამოყალიბება. რადგან თუ რომელიმე პირს მთავრობასთან კონფლიქტი მოდიოდა, ის სულ მტყუანი გამოდიოდა, ეს კი მთლად სამართლიანი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა დამოუკდებელი სასამართლო შეექმნა. მეორე რეფორმა, რომლის განხორციელებაც სურდა იყო განათლების რეფორმა. იმ დროს ტიბეტში არ არსებობდა ერთიანი განათლების სისტემა, სულ რამდენიმე სკოლა იყო და განათლებას ძირითადად მონასტრებში იღებდნენ, ისიც მხოლოდ გარკვეული თემის წევრები. მესამე იდეა იყო კომუნიკაცია, გადაადგილებისთვის საჭირო გზები და ტრანსპორტი. სამივე რეფორმა  მაშტაბური იყო და საკითხებს ხანგრძლივი დამუშავება სჭირდებოდა, მანამდე კი ლამამ გადაწყვიტა, ისეთი საკითხები მოეგვარებინა, რომელთა გადაჭრა დაუყოვნებლივ მოიტანდა დადებით შედეგებს. როგორც აქამდეც აღვნიშნე, დალაი ლამას ადრეული ასაკიდან ძალიან უყვარდა ხალხთან საუბარი, ბოლო დროსაც ძალიან ხშირად ესაუბრებოდა მოსახლეობას და კარგად იცოდა მათი პრობლემები, ამიტომ პირველ რიგში გადაწყვიტა გაეუქმებინა ვალების მემკვიდრეობითობის პრინციპი და შემდეგ ჩამოეწერა გლეხებისთვის მთავრობის ვალები. ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებაში ეწერა რომ ტიბეტის მთავრობას შეეძლო რეფორმების გატარება ჩინელების ჩაურევლად, თუმცა, როგორც უკვე გავიგეთ, ეს შეთანხმება უბრალო ფურცელი იყო, ჩინელებმა “კულტურული რევოლუციის” გავრცელება ტიბეტშიც დაიწყეს, საწყისი ეტაპი მიწის კოლექტივიზაცია იყო, რამაც შიმშილი და ასიათასობით ტიბეტელის სიკვდილი გამოიწვია. ლამა კი თავისი რეფორმების გატარებას და ტიბეტის წინ, მეოცე საუკუნეში წაწევას ცდილობდა.

ჩინეთის ხელისუფლებასთან დაზავების პერიოდი ლამამ არა მარტო რეფორმების მოსამზადებლად, არამედ საკუთარ რელიგიურ მოვალეობებზე ყურადღების გასამახვილებლადაც გამოიყენა. მან დაძლია დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში და დაიწყო რეგულარული ქადაგებები ხალხის პატარა და მრავალრიცხოვანი ჯგუფებისათვის.

ჩინელებთან ამგვარი ურთიერთობით ლამამ დაასკვნა, რომ ზოგჯერ მტერი უფრო სასარგებლოა ვიდრე მეგობარი, რადგანაც მტერი მოთმინების უნარს და ბევრ სხვა სასარგებლო თვისებას უყალიბებდა. გარდა ამისა, ლამას ქონდა რწმენა იმისა, რომ რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო მდგომარეობა, ყველაფერი ოდესღაც უკეთესობისკენ წარიმართებოდა.

დალაი ლამას ვიზიტი ჩინეთში

ჩინელები ყველანაირად ცდილობდნენ ტიბეტელების მოხიბლვას და ტიბეტელ დელეგაციებს ხშირად აგზავნიდნენ ჩინეთში რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ “დედასამშობლოს” “სილამაზე”. 1954 წელს ჩინეთში წასვლა დალაი ლამასაც შესთავაზეს, ტიბეტელთა უმეტესობამ დალაი ლამას უარის თქმა ურჩია, რადგან, მათი აზრით, ლამას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა ან მინიმუმ, სამშობლოში დაბრუნებაში შეუშლიდნენ ხელს, მაგრამ ლამასთვის ეს იყო თავმჯდომარე მაოს და უბრალო ჩინელი ადამიანების ნახვის შანსი, რომლის ხელიდან გაშვებასაც ის არ აპირებდა. საბოლოოდ ხუთასკაციანი დელეგაციით ის ჩინეთში გაემგზავრა.  მანქანით, ნავით, ჯორით, თვითმფრინავით და მატარებლით მგზავრობის შემდეგ, დალაი ლამამ, როგორც იქნა, ჩააღწია პეკინში.  პეკინში ყოფნისას ლამა მაოს სულ თორმეტჯერ შეხვდა,  “ტიბეტი – ეს დიადი ქვეყანაა, თქვენ საოცარი ისტორია გაქვთ. მრავალი წლის წინათ თქვენ ჩინეთის უდიდესი ნაწილიც კი დაიპყარით, მაგრამ ახლა ჩამორჩით და ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ. ოცი წლის შემდეგ გაგვისწრებთ და მაშინ თქვენი ჯერი იქნება, ჩინეთს დახმარება გაუწიოთ”, – უთხრა ერთ-ერთი პირადი საუბრისას მაომ ლამას. შეხვედრებისას ის ასევე ამბობდა, რომ ნაადრევი იყო “ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების” ყველა პუნქტის ამოქმედება და, მაგალითად, შეიარაღებული ძალების კომისიის შექმნის მაგივრად უმჯობესი იქნებოდა ტიბეტის ავტონომიური რაიონის მოსამზადებელი კომისია ჩამოყალიბებულიყო. ლამას ეს ყველაფერი ძალიან უკვირდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მაო ეფექტის მოსახდენად კი არა, ღრმა რწმენით ლაპარაკობდა. მეტიც, საუბრებისას ლამა ძალიან მოხიბლულა მარქსიზმით. რაც უფრო კარგად ეცნობოდა საყოველთაო თანასწორობისა და სამართლიანობის სისტემებს, მით უფრო ეფექტურ გზად მიაჩნდა ის. ერთადერთი, რაც არ მოსწონდა, ადამიანის არსებობის შესახებ წმინდა მატერიალისტური პოზიცია იყო. მიუხედავად ამისა, მან გამოთქვა სურვილი პარტიის წევრი გამხდარი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შესაძლებელი იყო, შემუშავებულიყო ბუდიზმისა და წმინდა მარქსიზმის სინთეზი, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის წარმართვის ეფექტიანი საშუალება იქნებოდა. ლამამ ჩინურის სწავლაც დაიწყო. მას ამ ნაბიჯებს ჩინეთი, რა თქმა უნდა, უწონებდა და კომუნისტური პარტიის პირველ ყრილობაზე ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს. თუმცა ლამამ მალე გააცნობიერა, რომ პოლიტიკური ცხოვრება ჩინეთში წინააღმდეგობით აღსავსე იყო. ის საკუთარი თვალით ხედავდა იმ პარანოიას, რომლითაც პარტიული მუშაკები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას ეკიდებოდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც დიდი ინტერესით აგრძელებდა მარქსიზმის შესწავლას, ჩინეთის მთავრობამ მას სამინისტროდან მარქსიზმის მასწავლებლებიც კი გამოუყო.

პეკინში ლამა ათი კვირის განმავლობაში იყო, 1954 წლის ზამთარში კი დაიწყო ლამას ხანგრძლივი მოგზაურობა მთელი ჩინეთის მასშტაბით, რათა ინდუსტრიული და მატერიალური პროგრესის სასწაულები თავად ენახა. ამ მოგზაურობისას ლამა აღფრთოვანებული იყო სახალხო რესპუბლიკის წარმატებით, მაგრამ მის სურვილს მოსახლეობისთვის ეკითხა აზრი, ყოველთვის ხელს უშლიდნენ. ასე ექცეოდნენ ყველა სხვა ტიბეტელს, გარდა სერკონ რინპოჩესა, რომელიც ჩინელებს, როგორც ჩანს, დიდად არ ხვდებოდა თვალში. სწორედ მისგან  შეიტყო ლამამ მოსახლეობაში გამეფებული სიღარიბისა და შიშის პირქუში სურათის შესახებ. შემდეგ ლამამ საკუთარი თვალით ნახა კომუნისტურ გაზეთში დამახინჯებული ფაქტები.

პეკინიდან წამოსვლის წინა დღეს, დალაი ლამა მაომ დაიბარა, რათა მისთვის მართვისათვის აუცილებელი რჩევები მიეცა. ლამა ყველაფერს გულდასმით იწერდა, სანამ მაომ არ უთხრა: “იცით, მომწონს თქვენი მიდგომა. რელიგია – ეს საწამლავია. ჯერ ერთი, ის ამცირებს მოსახლეობის რაოდენობას, რადგან ბერები და მონაზვნები არ ქორწინდებიან; და მეორეც – რელიგია უგულებელყოფს მატერიალურ პროგრესს”. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ლამა განცვიფრებული დარჩა, აღმოჩნდა რომ მაოს გულწრფელობა ლამასთან, აიხსნებოდა მაოს არასწორი წარმოდგენით ლამაზე. ის ფიქრობდა, თითქოს რელიგია ლამასთვის შირმა ან ჩვევა ყოფილიყო. თუმცა, ამ ფაქტის მიუხედავად, ლამა სამშობლოში იმედით და ოპტიმიზმით აღსავსე დაბრუნდა, მას სურდა საკუთარი ქვეყანაც ჩინეთის დონემდე აეყვანა, სხვები ჩინეთში მოგზაურობის შედეგებს ეჭვისთვალით უყურებდნენ, ლამას კი ჩინელების სჯეროდა, თუმცა ეჭვებმა მალე მასშიც გაიღვიძეს. უკანა გზაზე არაერთი ლაფსუსი მოხდა ჩინელების წყალობით, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, როდესაც ლამამ ერთ-ერთ სოფლის მოსახლეობას ჰკითხა როგორ ცხოვრობდნენ, მათი პასუხი კი იყო, რომ თავმჯდომარე მაოს, კომუნიზმისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წყალობით, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ და თან ამის თქმისას თვალებზე ცრემლები ჰქონდათ მომდგარი.

ამბოხი ლჰასაში და მეორე ახდენილი წინასწარმეტყველება

1956 წლის დასაწყისში ლამას ორაკულთან შეხვედრისას ორაკულმა წინასწარმეტყველება გაანდო და უთხრა, რომ ”ყველა სურვილის ამსრულებელი საგანძურის შუქი დასავლეთში გაბრწყინდებოდა.” თავდაპირველად ლამასთვის წინასწარმეტყველება გაუგებარი აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ დარწმუნდა მის ჭეშმარიტებაში.

ამავე წელს ტიბეტს ჩინეთიდან დიდი დელეგაცია ესტუმრა, თავმჯდომარე მაოს წარმომადგენელი ჩენ ის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის მოსამზადებელი კომისიის ოფიციალური გახსნა იყო, ამ გახსნაზევე დაანონსეს ჩინელებმა სამომავლო რეფორმები. დაანონსებული რეფორმები რადიკალურად განსხვავდებოდა დალაი ლამას ჩაფიქრებული რეფორმებისგან და, ერთი შეხედვით, სულ არ იყო მიმართული სიტუაციის გამოსწორებისკენ. რეფორმების გატარება ჩინელებმა ამდოსა და აღმოსავლეთ კამის რეგიონებიდან დაიწყეს, ისინი უკვე რამდენიმე წელი აღარ შედიოდნენ ტიბეტის ადმინისტრაციაში და სიჩუანისა და ცინხაის პროვინციების შემადგენლობაში ითვლებოდნენ, ამიტომაც ჩინელებმა ადვილად გაატარეს იქაურ მაცხოვრებლებზე ისეთივე რეფორმები, როგორსაც ჩინეთის დანარჩენ რეგიონებში ატარებდნენ. ამ ორი რეგიონის ხალხს, რომლებიც მიჩვეული იყვნენ საკუთარი მიწის ქონას, ძალიან მწვავედ შეეხოთ მიწის რედისტრიბუციის რეფორმა, 1956 წლის ივნისში ამდოში და აღმოსავლეთ კამში შეიარაღებული აჯანყება დაიწყო ჩინელების წინააღმდეგ.

1957 წლიდან კამი ქაოსმა მოიცვა. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის რეპრესიების კამელი მოსახლეობის წინააღმდეგ საშინელ სახეს იღებდა. აჯანყებულთა რაოდენობა კი ათეულობით ათასს აღწევდა. ტიბეტელებმა პარტიზანული ბრძოლები დაიწყეს. საპასუხოდ ჩინელები სასტიკ დარტყემბს ახორციელებდნენ ჩინურ სოფლებზე, რათა გახიზნული პარტიზანები დაესაჯათ. ტიბეტელი პარტიზანების განცხადებით, ჩინელები მათ პოტალას სასახლის აფეთქებით და დალაი ლამას მოკვლით აშინებდნენ.

ოფიციალური ლჰასა ცდილობდა ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების დაცვას და ხამში დელეგაცია გაიგზავნა აჯანყების ჩასახშობად. მას შემდეგ რაც დელეგაციის წევრებმა მოისმინეს აჯანყებულთა ლიდერების პოზიცია, ისინი აჯანყებულებს შეუერთდნენ. აჯანყებულები დაუკავშირდნენ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA), მაგრამ ამ უკანასკნელის მეთაურების პოზიცია იყო, რომ აჯანყებულთა დასახმარებლად საჭირო იყო ოფიციალური თხოვნა ლჰასადან. ლჰასა კი კვლავ ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების ერთგულად რჩებოდა და თხოვნით არ მიმართა აშშ-ს. საბოლოოდ CIA-მ დაიწყო ფარული დახმარების გაწევა აჯანყებულთათვის, ლჰასას თხოვნის გარეშე. ლჰასაში თანდათან იმატა კამიდან და გამოქცეულმა მოსახლეობამ და ქალაქში ნელ-ნელა გაიზარდა პროტესტი და ანტიპათია ჩინელების მიმართ.

1959 წლის თებერვლისთვის სიტუაცია უკვე გართულებული იყო. ჩინური გამოცემები აქტიურად წერდნენ რომ პროტესტი უკვე გადაიოდა სრულმაშტაბიან ამბოხში. მაო ძედუნმა ამის შესახებ განაცხადა: “რაც უფრო ქაოსურია სიტუაცია ტიბეტში, მით უკეთესი. ეს დაგვეხმარება ჩვენი არმიის გაწვრთნაში. გარდა ამისა, ქაოსი მოგვცემს შესანიშნავ მიზეზს ჩავახშოთ აჯანყება და გავატაროთ უფრო ბევრი რეფორმა.”

1959 წლის 1 მარტს, დალაი ლამამ ჩინელებისგან ძალიან უცნაური მოწვევა მიიღო, ჩინელები მას ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის შტაბში ეპატიჟებოდნენ თეატრალურ წარმოდგენაზე. დალაი ლამამ შეხვედრა გადადო, ახალ თარიღად ჩინელებმა 10 მარტი შეარჩიეს. 9 მარტს დალაი ლამას დაცვას ჩინელი ჯარისკაცები ესტუმრნენ და გააფრთხილეს, რომ თავად იზრუნებდნენ 10 მარტს ლამას უსაფრთხოებაზე და მისი ოფიციალური დაცვა ცერემონიას არ უნდა დასწრებოდა. ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა და დიდი ეჭვები აღძრა ლამას მრჩევლებს შორის. კაშაგის წევრები ძალიან შეშინდნენ და ფიქრობდნენ, რომ ჩინელები დალაი ლამას გატაცებას აპირებდნენ. საკუთარი ეჭვების და შიშების შესახებ კაშაგის წევრებმა ლჰასას მოსახლეობასაც უამბეს, შედეგად 10 მარტს რამდენიმე ათასი ტიბეტელი შეიკრიბა დალაი ლამას სასახლის გარშემო, რათა არ მიეცა მისთვის სასახლის დატოვების საშუალება. ბოლო წლების განმავლობაში ლჰასაში ისედაც გაზრდილი იყო პროტესტი ჩინელების მიმართ, მას შემდეგ კი, რაც გავრცელდა ეჭვები იმის შესახებ, რომ ჩინელები დალაი ლამას შეპყრობას აპირებდნენ, ლჰასაში აჯანყება დაიწყო. თავდაპირველად ლჰასის მოსახლეობამ აგრესია გამოხატა ტიბეტელ ჩინოვნიკებზე, რომლებიც პრო-ჩინელებად ითვლებოდნენ და ლამას უსაფრთხოებაზე არ ზრუნავდნენ, შემდგომ კი ტიბეტელებმა ხანებზე გალაშქრებაც დაიწყეს. ბრბოს ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი უფროსი ლამა, პაგბალჰა სონიამ გიამკო იყო, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.

მომიტინგეები ითხოვნდენ ტიბეტიდან ჩინელების წასვლას, ტიბეტის ჩინეთიზაციისა და ათეიზაციის შეწყვეტას. 12 მარტს მომიტინგეებმა ლჰასაში ტიბეტის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ლჰასას ქუჩებში ბარიკადები გამოჩნდა. ტიბეტელი აჯანყებულები და ჩინელი ჯარისკაცები პოზიციებს იმაგრებდნენ მოსალოდნელი კონფლიქტის წინ. მომდევნო დღეების განმავლობაში ორივე დაჯგუფება აგრძელებდა მოძრაობას ლჰასას გარშემო, ჩინური არტილერია კი არ შორდებოდა დალაი ლამას სასახლეს. 15 მარტს დაიწყო აქტიური ქმედებები დალაი ლამას ევაკუაციისთვის, 17 მარტს კი ჩინელებმა ორი საარტილერიო ჭურვი ესროლეს ლამას სასახლეს, ლამამ ორაკულთან საუბრის შემდეგ ტიბეტი დატოვა, 19 მარტს ჩინელებმა განაგრძეს ნორბულინკას დაბომბვა და აჯანყებულებთან გამკლავება გაძლიერებული ძალებით სცადეს. ვინაიდან ტიბეტელები ძალიან ცუდად იყვნენ შეიარაღებულები, ბრძოლა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, 30 მარტს ლჰასა საბოლოოდ გადავიდა ჩინელთა კონტროლის ქვეშ. ამის შემდეგ კი დაიწყო მასიური საბრძოლო კამპანია ტიბეტის სხვა რაიონებში აჯანყებულთა წინააღმდეგ. სხვადასხვა წყაროების მონაცემებით ამ ოპერაციის შედეგად ჩინელებმა მოკლეს 93 ათასი ტიბეტელი, დაახლოებით 26 ათასი ტიბეტელი კი დააკავეს, შემდეგი 30 წლის განმავლობაში კი გაანადგურეს 6254 მონასტერი.

თავისუფლება დევნილობაში

17 მარტს, ათ საათზე მისი უწმინდესობა ჩვეულებრივი ჯარისკაცის ფორმაში გადაცმული გაერია ბრბოს და მდინარე კიჩუსკენ გაეშურა, სადაც შეურთდნენ მისი უახლოესი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები. ლჰასადან გამოქცევიდან სამ კვირაში, 30 მარტს დალაი ლამა და მისი თანამებრძოლები ინდოეთის საზღვარს მიადგნენ. ინდოეთის მთავრობას უკვე ჰქონდა თანხმობა მისი უწმინდესობისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თაობაზე. მასურიში ჩასვლისთანავე, 20 აპრილს, დალაი ლამა შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრს და ტიბეტელი დევნილების საკითხზე დახმარება სთხოვა.

დალაი ლამა აცნობიერებდა განათლების მნიშვნელობას ტიბეტელი ლტოლვილების შვილებისთვის, შედეგად მან მიმართა ბატონ ნერუს და ინდოეთის ხელისუფლებამაც მხარი დაუჭირა ლამას ტიბეტური განათლების საზოგადოების ჩამოყალიბებაში ინდოეთის განათლების სამინისტროს ფარგლებში. 1959 წელს შეიქმნა ტიბეტური დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (TIPA) და უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. ამის გარდა აშენდა 200 მონასტერი. დალაი ლამა მიიჩნევდა რომ მისი უპირველესი ვალია გადაარჩინოს ტიბეტური კულტურა, ამიტომ შეიქმნა ტიბეტელი ლტოლვილების კომპაქტური დასახლებები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სასოფლო მეურნეობა გახდა. ამან საშუალება მისცათ ტიბეტელებს საკუთარ კულტურაში აღეზარდათ ახალი თაობა.

1959 წლის 20 ივნისს დალაი ლამამ გადაწყვიტა, რომ დასრულდა დუმილის დრო, მან მოიწვია პრესკონრეფენცია, რომლის დროსაც ოფიციალურად უარყო ჩვიდმეტპუნქტიანი ხელშეკრულება. ასევე ადმინისტრირების დარგში მისმა უწმინდესობამ შეიმუშავა რადიკალური ცვლილებები, შექმნა ახალი ტიბეტური დეპარტამენტები: ინფორმაციის, განათლების, უსაფრთხოების, რელიგიური და ეკონომიკურის საკითხების დეპარტამენტები. ტიბეტის მთავრობა დევნილობაში დღესაც აქტიურად მუშაობს დრამსალაში, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.

1960 წლის 10 მარტს, ლჰასას აჯანყებიდან ერთი წლის შემდეგ მისმა უწმინდესობამ გაავრცელა შემდეგი განცხადება: “ამჯერად, მე ხაზს ვუსვამ ჩემი ხალხისთვის საჭიროებას იმისა, რომ განვიხილოთ ტიბეტის მდგომარეობის ხანგრძლივი სურათი. ჩვენთვის, დევნილობაში მყოფთათვის, პრიორიტეტი არის დასახლება და ჩვენი კულტურული ტრადიციების გაგრძელება. სამომავლოდ კი, მე მჯერა, რომ სიმართლე, სამართლიანობა და გამბედაობა, როგორც ჩვენი იარაღი, დაგვეხმარება ტიბეტელებს საბოლოოდ აღვუდგინოთ თავისუფლება ტიბეტს”.

დევნილობის პირველ წლებში დალაი ლამა არაერთხელ მიმართავდა გაეროს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავაჰარლალ ნერუს ძალისხმევა გამოეჩინათ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად გაერომ მიიღო 3 რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩინეთს დაეცვა ტიბეტში ადამიანთა უფლებები.

1963 წელს დალაი ლამამ მიიღო ტიბეტის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძვნება ბუდისტურ პრინციპებს და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ტიბეტის მოდელი. მოხდა ტიბეტის პარლამენტის არჩევაც.

1987 წელს აშშ-ის კონგრესის თათბირზე დალაი ლამამ წარადგინა 5 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის თანახმადაც ტიბეტში უნდა დაცულიყო ადამიანის უფლებები, დამყარებულიყო დემოკრატია, უნდა შეწყვეტილიყო ჩინელების მასიური გადმოსახლება, ბირთვული იარაღის წარმოება და რადიოაქტიული ნარჩენების დამარხვა, ხოლო ამის შემდეგ დაწყებულიყო ტიბეტის მომავალზე სერიოზული საუბარი. შემდეგ 1988 წელს სტრასბურგში მან უფრო გააფართოვა მოთხოვნები, დაამატა ტიბეტის თვითმმართველობა ჩინეთის შემადგენლობაში, თუმცა ჩინეთის მწვავე კრიტიკის გამო, ტიბეტის დევნილმა მთავრობამ უარყო ეს უკანასკნელი მოთხოვნა 1991 წელს.

იმავე 1991 წელს დალაი ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი, სიტუაციის შესაფასებლად. 2001 წელს პირველად დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ-მინისტრი). დალაი ლამამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკვე ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას. 2011 წლის 10 მარტს, ლჰასას აჯანყების 52 წლისთავზე კი ლამამ სენსაციური განცხადება გაავრცელა მან თქვა, რომ ის შესაძლოა უკანასკნელი დალაი ლამა იყოს და მიიჩნევს, რომ ტიბეტს თავისუფლად, ხალხის მიერ არჩეული ლიდერი სჭირდება.

ტიბეტელი ხალხისთვის მრავალწლიანი მშვიდობიანი დახმარებებისთვის დალაი ლამა არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ის დაჯილდოებულია აშშ-ს კონგრესის ოქროს მედლით, თეთრი ლოტუსის ორდენით, შთაგონების და გულმოწყალების ჯილდოთი, ჰესენის და მანჰაის მშვიდობის პრიზებით, მოქალაქეთა მშვიდობის მშენებლობის ჯილდოთი, ადამიანის უფლებების დაცვის პრიზით. გარდა ამისა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აღიარებულია საპატიო პროფესორად,  მინიჭებული აქვს ბუდიზმის ფილოსოფიის, სოციალურ მეცნიერებათა, წმინდა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავარი და დალაი ლამას ყველაზე ცნობილი ჯილდო მას 1989 წლის 10 დეკემბერს ხვდა წილად, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მას ნობელის პრემია მიანიჭა მშვიდობის დარგში. კომიტეტმა განაცხადა, რომ დალაი ლამამ, მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო მშვიდობაში.  ინდოეთში გადასახლებით, ტიბეტის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერი 1959 წლიდან ედგა სათავეში ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციის არაძალადობრივ ოპოზიციას.

დალაი ლამამ შეძლო და ყველა პატივისცემით განსჭვალა ბუდისტური მშვიდობის ფილოსოფიისა და უნივერსალური პასუხისმგებლობის მიმართ. ტიბეტელმა ლიდერმა სიტუაცია კარგად გაანალიზა და კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოთქვა, დაიწყო შესარიგებელი გზების ძიება ნაცვლად ძალადობრივი დაპირისპირებისა.

1987 წელს, დალაი ლამამ ტიბეტში მშვიდობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის დასამყარებლად შეიმუშავა გეგმა სახელად “აჰიმსას ზონა”, რომელშიც ის ამბობდა, რომ ქვეყანა უნდა გადაქცეულიყო ეკოლოგიურად სტაბილურ და დემილიტარიზებულ ზონად, რაც ტიბეტის სახით შექმნიდა ბუფერ-სახელმწიფოს წამყვან აზიურ ძალებს შორის. დალაი ლამას ამ გეგმის მიზანი იყო მოლაპარაკებების დაწყება ტიბეტის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა ჩინეთის მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, დალაი ლამას მრავალწლიან ღვაწლს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, მისი მოღვაწეობა ფასდაუდებელია მსოფლიო მშვიდობისთვის.

დალაი ლამას დევნილობის შემდეგ ტიბეტში კიდევ ორი აჯანყება მოხდა, ტიბეტელთა რიცხვი თანდათან იკლებს, მაგრამ დალაი ლამა მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და მას სწამს, რომ სამართლიანობა და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.

“ქვეყნიერება ვიდრე არსებობს, 

დედამიწაზე სიცოცხლე ჩქეფს,

დაე, ამ სამყაროს ნაწილად ვიქცე,

რომ ტანჯვის წყვდიადი გავფანტო მეც.”

გამოყენებული ლიტერატურა

Tenzin Gyatso, Freedom in Exile The Autobiography of the Dalai Lama (New York: HarperCollins, 1990)

My Land and My People. Memoirs of the Dalai Lama of Tibet. New York: McGraw-Hill, 1962,

Ocean of Wisdom. Guidelines for Living. Santa Fe, N.M.: Clear Light Publ., 1989.

A Policy of Kindness. An Anthology of Writings by and about the Dalai Lama. Sidney Piburn, ed., Ithaca, NY Snow Lion Press, 1990.

Avedon, John F. In Exile from the Land of Snows. New York: Knopf, 1984.

Piburn, Sidney, ed., The Nobel Peace Prize and the Dalai Lama. Ithaca, NY Snow Lion Publ., 1990.

Tsering Shakya. (1999). The Dragon in the Land of Snows: A History of Modern Tibet since 1947, pp. 7–8. Columbia University Press, New York.

The CIA’s Secret War in Tibet, Kenneth Conboy, James Morrison, The University Press of Kansas, 2002.

Thomas Laird, The Story of Tibet. Conversations with the Dalai Lama, Grove Press: New York, 2006.

Warren W. Smith (1996). The Tibetan nation: a history of Tibetan nationalism and Sino-Tibetan relations. Westview Press.

Speech of the Dalai Lama to the European Parliament, Strasbourg, October 14, 2001

Chen Jian, The Tibetan Rebellion of 1959 and China’s Changing Relations with India and the Soviet Union, Journal of Cold War Studies, Volume 8 Issue 3 Summer 2006, Cold War Studies at Harvard University.

 

ავტორი: რევაზ თოფურია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი. მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.