ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ახალი აბრეშუმის გზა – ჩინური მითი თუ სამომავლო რეალობა?

14 Oct , 2015  

 

ისტორიის წიგნებში ალბათ ყველას წაგვიკითხავს აბრეშუმის გზად წოდებულ ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზაზე, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. ეს ყველაფერი შორეულ წარსულში იყო, მაგრამ 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მსოფლიოს აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის გრანდიოზული პროექტი წარუდგინა. ჩინურმა სახელმწიფო გამოცემა “სინხუამ” სის ამ გამოსვლას ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით “როგორ შეიძლება მსოფლიოში ყველა მხარე მოგებული იყოს? ჩინეთი კითხვებს პასუხობს”. სტატიაში ვკითხულობთ რომ ჩინეთს ისტორიის გაცოცხლება, მეზობელ ქვეყნებთან კეთილი ნების გამოჩენა და მეგობრული პოლიტიკის გატარება სურს. მაგრამ რეალურად რას მოიცავს ჩინეთის ეს ამბიციური პროექტი, რა ინტერესები ამოძრავებს ჩინეთს და რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება? ამ კითხვებს ჩემს ესეში ვუპასუხებ.

More…

ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

დიპლომატიის ისტორია – ვესტფალიის ზავიდან დღემდე

18 Jul , 2015  

ვესტფალიის ზავი

ვესტფალიის ზავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია მსოფლიო ისტორიაში, ხოლო სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კუთხით ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ადგილი უჭირავს. იგი საწყისი წერტილია თანამედროვე ტიპის დიპლომატიისთვისაც, რადგან სწორედ ვესტფალიის ზავით დაიწყო თანამედროვე ტიპის სახელმწიფოების ჩამოყალიბებაც.

ვესტფალიის ზავი ეწოდება 1648 წელს ოსნაბრუკსა და მიუნსტერში დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებს, რომლებითაც დასრულდა 30-წლიანი ომი (30-წლიანი ომი მიმდინარეობდა ევროპაში 1618-1648 წლებში). ვესტფალიის ზავის მნიშვნელობას კარგად აღნიშნავს ის ფაქტი, რომ სამართალში დამკვიდრებულია ტერმინი „ვესტფალიური სახელმწიფო“, რაც საფუძველი გახდა სახელმწიფოთა თვითგამორკვევისა და ერი-სახელმწიფოების (nation-state) ჩამოყალიბებისა.

More…

ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ნატო და საქართველოს უსაფრთხოება

11 Jul , 2015  

 

დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს მომავალი და მისი მშვიდობიანი განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2013 წლის შემოდგომიდან უკრაინაში მომხდარი გადატრიალების და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდეგ ევროპა და ამერიკა კიდევ ერთხელ დადგა დილემის წინაშე, როგორ მოიქცეს, როცა რუსეთი, როგორც პირდაპირი, ისე გვერდითი გზებით სუვერენულ სახელმწიფოს უტევს და მის შიდა პოლიტიკაში აშკარად ერევა. თუმცა ევროპასაც და განსაკუთრებით ამერიკას მსგავსი მაგალითების აღმოჩენა საკუთარ წარსულშიც არ გაუჭირდებათ, ამიტომ, იქნებ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ვერ ერევიან რუსეთის ქმედებებში. თუმცა უმჯობესია, მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

More…

ისტორია

დონჟუანი ადოლფ ჰიტლერი

4 Jul , 2015  

ადოლფ ჰიტლერის სექსუალური ცხოვრება ბევრი გარჩევის, სპეკულაციის და დავის საგანია. მიუხედავად ნაცისტური პარტიის ოფიციალური პოზიციისა, რომელიც ჰომოსექსუალების დევნას გულისხმობდა, ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ჰიტლერი თავად იყო ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი.

თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება და დღეისთვის მიიჩნევენ რომ ჰიტლერი ტრადიციული ორიენტაციის იყო. ცნობილია, რომ ჰიტლერის ცხოვრებაში არაერთი ქალი ყოფილა. მისი უკანასკნელი ქორწინება ევა ბრაუნთან შედგა თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე 29 აპრილს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.

More…

ისტორია

ცინ შიხუან-ტი(ჩინეთის პირველი იმპერატორი – აღზევებიდან გარდაცვალებამდე)

2 Jul , 2015  

 

„ჩვენ არ გვექნებოდა ჩინეთი ცინ შიხუანტის გარეშე“ – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ბოლი.

არავინ იცის, როგორ ჩინეთზე გვექნებოდა დღეს საუბარი, რომ არა ეს ისტორიული პიროვნება, რომელმაც შეძლო უზარმაზარი ტერიტორიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება.

More…

ისტორია,პოლიტიკა

ტოტალიტარიზმი – რუსული სპეციფიკა

20 May , 2015  

„XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, ოცწლიანი უნაყოფო და თვითმომსპობი „ძალისხმევების“ შედეგად საქართველო დაუბრუნდა იმ გზაჯვარედინს, რომელზედაც იგი იდგა.“

 ჯანრი კაშია, საქართველო 228 წლის გზასაყარზე

 შესავალი

მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა ტიპის, სიძლიერისა და ზეგავლენის მქონე პოლიტიკური რეჟიმი არსებობდა. პლატონის შემდეგ კაცობრიობა ეძიებდა და ცდილობდა მოეფიქრებინა საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სისტემა, რომლის ჩარჩოშიც „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას“1 და იქნებოდა მიღწეული საყოველთაო ბედნიერება, კმაყოფილება და თანასწორობა. სამწუხაროდ, ხშირად საუკეთესო იდეებიც კი არასწორად გაიაზრება, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ ლერნეს ჰიდრას2 მრავალი თავით, რომლის მთლიანად ამოძირკვა ხშირად შეუძლებელიც კი ხდება. More…

ისტორია,საერთაშორისო ურთიერთობები

რუსეთ-იაპონიის პირველი ომი რეალიზმის ჭრილში

10 May , 2015  

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, როგორც რეალობის გამარტივებული მოდელი

თუ გადავხედავთ საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირებისა და განვითარების ისტორიას, აუცილებლად დავინახავთ კონკრეტულ ტენდენციებსა და ციკლურობას, რომელიც გარკვეულწილად ახასიათებს ამ საკმაოდ კომპლექსურ პროცესებს. შესაძლოა, ისიც მოგვეჩვენოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვას საფუძვლად რეალურად ერთი სცენარი უდევს, უბრალოდ განსხვავებულად ინტერპრეტირებულია ამა თუ იმ დროსა თუ სიტუაციაში.მოვლენების ამგვარი ‘’განმეორებადობა’’, ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, ვინაიდან საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირება დღეს, ისევე როგორც, თუნდაც, ორასი წლის წინ, ხდება ადამიანების მიერ, დავარქმევთ ჩვენ მათ ინდივიდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფოს. More…

ისტორია,კულტურა,რელიგია

დალაი ლამა XIV – დაბადებიდან დევნილობამდე

12 Feb , 2015  

ნაწილისთვის ის ცოცხალი ბუდაა, ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის, გულმოწყალების ბოდჰისატვას მიწიერი განსახიერებაა. ზოგიერთები ”ღმერთ-მეფედ” მიიჩნევენ, ჩინეთის კომუნისტური პარტია მას კონტრრევოლუციონერად და პარაზიტად მიიჩნევდა, თავად კი ამბობს, რომ ის უბრალო  ადამიანია, ჩვეულებრივი ტიბეტელი, რომელმაც გადაწყვიტა გამხდარიყო ბუდისტი ბერი.

ცნება “დალაი ლამას” ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ტენზინ გიაცოსთვის კი ის მხოლოდ თანამდებობას გულისხმობს. “დალაი” მონღოლურ ენაზე “ოკეანეს” ნიშნავს; “ლამა” კი ტიბეტური ტერმინია, რომელიც ინდურ “გურუს” ანუ “მასწავლებელს” შეესატყვისება. ამ სიტყვათშეთანხმების თავისუფალი თარგმანია “სიბრძნის ოკეანე”, თუმცა ეს მთლად ზუსტი თარგმანი არაა, რადგან თავდაპირველად “დალაი” დალაი ლამა III-ის, სონამ გიაცოს სახელის ნაწილობრივი თარგმანი იყო (“გიაცო” ტიბეტურად “ოკეანეს” ნიშნავს). მოგვიანებით გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ჩინურად “ლამა” თარგმნეს როგორც “ხო-ფო”, რაც გულისხმობს “ცოცხალ ბუდას”, ეს კი არასწორია, რადგან ტიბეტური ბუდიზმი ასეთ რამეებს არ ცნობს. ჩემი ნაშრომი სწორედ ამ ადამიანს, ტენზინ გიაცოს შეეხება და ამ მოკლე ნაშრომში შევეცდები მიმოვიხილო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები დაბადებიდან დღემდე.

დაბადება და დალაი ლამა XIII-ის ინკარნაციად აღმოჩენა

მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო დაიბადა 1935 წლის 6 ივლისს და ლჰამო დონდრუპი დაარქვეს, რაც სიტყვასიტყვით “სურვილების ამსრულებელ ქალღმერთს” ნიშნავს. ის საკმაოდ ღარიბულ ოჯახში დაიბადა, დედ-მამა წვრილი ფერმერები იყვნენ, რომლებსაც იჯარით ჰქონდათ მიწის პატარა ნაკვეთი აღებული და ძირითადად წიწიბურა და კარტოფილი მოჰყავდათ.  დალაი ლამა აღნიშნავს, რომ შესძლო ჩასწვდომოდა ტიბეტელი ხალხის გასაჭირს, რადგანაც დაიბადა ღარიბ ოჯახში. თავის ავტობიოგრაფიაში “ჩემი მიწა – ჩემი ხალხი”  ის ამბობს: “მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. თუმცა ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.” დედამისმა თექვსმეტი შვილი გააჩინა, მათგან მხოლოდ ექვსი გადარჩა. დედა ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო, უცხოებს ხშირად ეხმარებოდა, მას არასდროს გაუშვია მათხოვრები ხელცარიელი, თუნდაც ოჯახის წევრები მშივრები დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ტენზინი ოჯახში ერთადერთი “ტულკუ” არ ყოფილა, მისი დაბადებისას, მისი უფროსი ძმა, ტხუპტენ ჯიგმე ნორბუ აღიარებული იყო მაღალი ლამას – ტაკცერ რინპოჩეს განსხეულებად და იმყოფებოდა კუმბუმში.

როგორც დალაი ლამა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, ბავშვობისას მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო ჩანთის ჩალაგება, ვითომ შორეული მოგზაურობისთვის ემზადებოდა. “ლჰასაში მივდივარ! ლჰასაში მივდივარ” – ხშირად ამბობდა ის ჩანთის ჩალაგებისას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველთვის დაჟინებით მოითხოვდა რომ მისთვის სუფრის თავში დაჯდომის უფლება მიეცათ. ალბათ, მან იცოდა თავისი დიადი დანიშნულების შესახებ.

სამი წლისაც არ იყო, როცა კუმბუმის მონასტერში მთავრობის მიერ გამოგავნილი საძიებო ჯგუფი ჩავიდა, დალაი ლამას ახალი განსხეულების საპოვნელად. ისინი ტენზინ გიაცოს წინამორბედის, ტჰუპტენ გიაცოს, მეცამეტე დალაი ლამას ბალზამირებული სხეულის მინიშნებებმა ჩაიყვანეს. საქმე იმაშია, რომ მისი ნეშტი მჯდომარე მდგომარეობაში მოათავსეს სამეფო ტახტზე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დალაი ლამას თავი სამხრეთის მხრიდან სახით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებულიყო. ამ ამბის შემდეგ, რეგენტს ხილვა ჰქონდა, იგი სამხრეთ ტიბეტში წმინდა ტბის, ლჰამო ლაცოს ზედაპირს დაჰყურებდა და გარკვევით დაინახა ტიბეტური ასო-ბგერები: “ახ”, “კა” და “მა”, შემდეგ დაინახა სამსართულიანი მონასტერი და პატარა სახლი უცნაური წყალსადინრებით. ლამა დარწმუნებული იყო, რომ ასობგერა “ახ” ამდოს ნიშნავდა, ჩრდილო აღმოსავლეთ პროვინციას, ამიტომაც საძიებო ჯგუფი იქ გაგზავნეს.

ჯგუფმა კუმბუში ჩასვლის შემდეგ ივარაუდა, რომ თუ ასობგერა “ახ” ამადოს უკავშირდებოდა, მაშინ “კა”  შესაძლოა კუმბუმის მონასტერი ყოფილიყო (რომელიც მართლაც სამსართულიანია). ამის შემდეგ ჯგუფის წევრებმა დაიწყეს სოფლის შესწავლა. ამ პროცესში წააწყდნენ დალაი ლამას მშობლების სახლს, სახურავზე უცნაური ტოტებით და აღივსნენ რწმენით, რომ ახალი დალაი ლამა სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო. ჯგუფის წევრებმა ოჯახს ვიზიტის ნამდვილი მიზანი არ გაუმხილეს და ღამის გათენება სთხოვეს. ჯგუფის ხელმძღვანელმა, კევცანგ რინპოჩემ თავი მსახურად გაასაღა და თითქმის მთელი საღამო თვალყურს ადევნებდა და ეთამაშებოდა ოჯახის ყველაზე უმცროს ბავშვს. დაინახა თუ არა ბავშვმა, იცნო და დაიყვირა: სერა ლამა! სერა ლამა! (სერა ეწოდებოდა მონასტერს, საიდანაც კევცანგ რინპოჩე იყო). ჯგუფი მეორე დღეს გაემგზავრა და რამდენიმე დღეში დაბრუნდა დელეგაციის სახით. ამჯერად მათ ჰქონდათ წამოღებული დალაი ლამა XIII-ის პირადი ნივთები და მათი მსგავსი სხვა ნივთები, რომლებიც ლამას არ ეკუთვნოდა. წინამორბედის ნივთებს ტენზინი ეგრევე ცნობდა და ამბობდა: “ეს ჩემია, ეს ჩემია!”. საძიებო ჯგუფი თითქმის დარწმუნდა, რომ ახალი განსხეულება იპოვეს, მაგრამ შეამოწმეს სხვა კანდიდატებიც და საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ დალაი ლამა XIV იყო ბიჭი ტაკცერიდან.

ახალი ლამას ოფიციალურად დამტკიცებას გარკვეული დრო სჭირდებოდა, მანამდე კი ბიჭი სახლში უნდა დარჩენილიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ლამას ოჯახს არაერთი უსიამოვნება მიაყენა ჩინელმა გუბერნატორმა მა პუფენმა, რის გამოც ბიჭი კუმბუმის მონასტერში წაიყვანეს. თუმცა მა პუფენი ამის შემდეგაც უქმნიდა პრობლემებს დალაი ლამას ოჯახს. მან დიდი გამოსასყიდი მოითხოვა დალაი ლამასთვის ლჰასაში გამგზავრების ნების დართვისთვის. როცა ფული მისცეს, მან მეტი მოითხოვა. ბიჭს ლოდინი თვრამეტ თვეზე მეტი მოუწია და დედაქალაქში მხოლოდ 1939 წლის ზაფხულში ჩავიდა.

დალაი ლამას ცხოვრების ადრეულ წლები

ლჰასაში ჩასვლიდან პირველი დღეები ბიჭისთვის საკმაოდ უცნაური იყო, გარემო მისთვის ახალი იყო და ჯერ ვერ ეგუებოდა განსაზღვრულ წესებს. დალაი ლამად შერაცხვის შემდეგ თითქმის ყოველდღე მიიპარებოდა სახლიდან თანხმლებ პირთან ერთად მშობლების სანახავად. ამას განსაკთრებით ხშირად სადილობის დროს აკეთებდა და მშობლებთან მიირთმევდა ხოლმე ტიბეტელი ბერებისთვის აკრძალულ კვერცხსა და ღორის ხორცს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი წელი ბიჭისთვის საკმაოდ ბედნიერი აღმოჩნდა. ის ჯერ ბერი არ იყო, სწავლაც არ ქონდა დაწყებული და თავისუფლად ატარებდა დღეებს.

1940 წლის ზამთარში ტენზინი პოტალაში წაიყვანეს და ოფიციალურად მიანიჭეს ტიბეტის სულიერი მეთაურის სტატუსი, სწორედ მაშინ ის პირველად დაჯდა “ლომის სამეფო ტახტზე”. ამის შემდეგ ბიჭი ჯოკჰანგის ტაძარში ბერად აკურთხეს ტაპჰუს ცერემონიის შემდეგ ტენზინ გიაცო თავგადაპარსული უნდა ყოფილიყო და მუქი ბორდოსფერი ბერული სამოსი ეტარებინა. თმის კულული სიმბოლურად რეგენტმა, რეტინგ რინგპოჩემ მოკვეცა, რის შედეგადაც ბიჭს ძველებურად ლჰამო დონდრუბი აღარ ერქვა, მას რეტინგ რიპოჩეს სახელი ჯამპელ ეშე დაარქვეს და კიდევ სხვა სახელები დაურთეს. იმ მომენტიდან მას ქვია ჯამპელ ნგავანგ ლობსან ეშე ტენზინ გიაცო. ამ დღიდან ძალიან მალე რეტინგ რინპოჩემ უარი თქვა რეგენტობაზე (ძირითადად არაპოპულარულობის გამო), ამ დროს ექვსი წლის ბიჭს კითხეს თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი რეგენტი, მან ტატჰაგ რინპოჩე დაასახელა და ამის შემდეგ სწორედ ის გახდა ბიჭის უფროსი მასწავლებელი.

ბერად აღკვეცისთანავე დაიწყო დალაი ლამას სწავლა-განათება. თავიდან მას მხოლოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ ძმასთან, ლობსან სამტენთან ერტად. დალაი ლამა ამბობს, რომ კარგად ახსოვს საკლასო ოთახში ორი მათრახი, ყვითელი აბრეშუმის და ტყავის, ერთი – დალაი ლამასთვის, მეორე კი  – მისი ძმისთვის. დალაი ლამა ძალიან ბეჯითი მოსწავლე აღმოჩნდა და მასწავლებელს არასდროს გამოუყენებია ყვითელი მათრახი, აი ტყავისა კი რამდენჯერმე ჩამოხსნეს კედლიდან. თანაც დალაი ლამას ძმას ძველი ტიბეტური ანდაზისამებრ სცემდნენ: “ურტყი თხას რომ ცხვარს ეშინოდეს!”. მალე ლობსან სამტენი კერძო სკოლაში გაგზავნეს, რადგან, როგორც თავად ლამა ამბობს, ის და ძმა ერთად ცუდად იქცეოდნენ. ძმები ერთმანეთს მხოლოდ სასკოლო არდადეგებისას ან სავსემთვარეობისას ნახულობდნენ, დროდადრო ლამას დედა და უფროსი და, ცერინგ დოლმაც სტუმრობდნენ.

ლამა მალე შეეჩვია ოჯახისგან განშორებით ცხოვრებას, ყოველ დილით ექვს საათზე დგებოდა, ერთ საათი მედიტაციებისა და ლოცვებისთვის ჰქონდა განკუთვნილი, შემდეგ კი საუზმობდა და სწავლა-განათლებას უთმობდა დროს. კითხვის სწავლის შემდეგ, წერაზე გადავიდა. ტიბეტურ ენაში დამწერლობის ორი ვარიანტი არსებობს “უ-ჩენი” და “უ-მე”, ერთი – წიგნებისთვის, მეორე – დოკუმენტებისთვის. მას მხოლოდ “უ-მეს” სწავლა ევალებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად ძალიან მალევე ისწავლა “უ-ჩენიც”. მიუხედავად ნორჩი ასაკისა, ლამას ამზადებდნენ იმ დღისთვის, როცა ის, სასულიერო სფეროს მეთაურობის გარდა, ტიბეტის საერო მმართველის ფუნქციასაც შეითვისებდა, ამიტომ, დილით კალიგრაფიაში მეცადინეობის შემდეგ მთავრობის წევრების კრებას ესწრებოდა. კრების შემდეგ კი კვლავ მეცადინეობას უბრუნდებოდა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ნორჩი დალაი ლამას განრიგში ყველაზე მნიშნველოვანი პუნქტი თამაშები იყო. უცხოელი სტუმრები ხშირად ჩუქნიდნენ დალაი ლამას იმპორტულ სათამაშოებს. თამაშობდა როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, განსაკუთრებით უყვარდა კონსტრუქტორები და ჯარისკაცებით თამაში.

პროგრამა, რომლითაც ის სწავლობდა, იგივე იყო, რაც ყველა ბერისთვის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ბუდისტურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხზე. სასწავლო პროგრამაში შედიოდა ხუთი მთავარი და ხუთი მეორეხარისხოვანი საგანი. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა, ბუდისტური ფილოსოფია (ეს უკანასკნელი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი იყო და თავის მხრივ იყოფოდა: პრაჯნიაპარამიტა, მადჰიამიკა, ვინაია, აბჰიდჰარმა და პრამანა). ხოლო მეორე ხარისხოვანი საგნები იყო: მუსიკა და დრამატურგია, ასტროლოგია, მეტრიკა და კომპოზიცია, სინონიმები. როგორც თავად ამბობს, ცხოვრება პოტალაშიც და ნორბულინგკაშიც ძალიან მონოტონური იყო და ეს ერთფეროვნება მხოლოდ დიდი დღესასწაულებისას ირღვეოდა, ან მაშინ, როცა განდეგილობაში განმარტოვდებოდა ხოლმე. ამას ის წელიწადში ერთხელ, ზამთარში აკეთებდა სამი კვირის განმავლობაში. განდეგილობის ჟამს მას არ ჰქონდა უფლება გარეთ ეთამაშა, დღეში მხოლოდ ერთი გაკვეთილი ჰქონდა და დანარჩენ დროს ხანგრძლივ ლოცვებსა და მედიტაციას უთმობდა. ეს პროცესი ახალგაზრდა დალაი ლამას დიდად არ მოსწონდა და ბევრჯერ უნატრია ადგილი გაეცვალა გამვლელი თანატოლი ბიჭებისთვის, თუმცა მოგვიანებით შეიცნო განდეგილობის მნიშვნელობა და დღეს იმაზე ფიქრობს, ნეტავ, ამისთვის მეტი დრო მქონდესო.

დალაი ლამას ადრეული წლებიდან აღსანიშნავია, რომ მას უკვე პატარა ასაკიდან ძალიან უყვარდა ჩვეულებრივ ხალხთან დროის ტარება, მათი აზრის მოსმენა. ის ძალიან დიდ დროს ატარებდა დამლაგებლებთან და მსახურებთან, მისი მშობლების მსახურები ზუსტად ისე ექცეოდნენ მას, როგორც ნებისმიერ სხვა ბიჭს. არავინ ერიდებოდა და არავის ეშინოდა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მისი თანდასწრებით, სწორედ ამიტომ საკმაოდ ადრეული ასაკიდან შეიტყო ტიბეტელი ხალხის გაჭირვება. მისი მეგობარი დამლაგებლები გულახდილად უყვებოდნენ თავიანთ ამბებს, ესაუბრებოდნენ იმ უსამართლობების შესახებ, რასაც ითმენდნენ ჩინოვნიკებისა და მაღალი ლამებისგან. მათგან იგებდა ხალხურ სიმღერებსა და ბალადებსაც. ამის გამო 12 წლის ასაკში ტატჰაგ რინპოჩემ მშობლების სახლის მონახულება აუკრძალა, მაგრამ ლამას ბავშვობა მაინც არ ჰგავდა პრინც სიდჰართჰასა და პუის ბავშვობას, რაც უფრო იზრდებოდა უფრო მეტ საინტერესო ადამიანს ეცნობოდა. ლამას ასევე ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა უცხოელების გაცნობისა. იმ დროს ტიბეტში სულ ათამდე ევროპელი ანუ “ინჩი” ცხოვრობდა, ერთ-ერთ მათგანს, ჰენრიხ ჰარერს დალაი ლამა ლობსან სამტენმა გააცნო.

ჰარერი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის მიერ ინტეგრირებული იქნა ინდოეთში, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა პეტერ აუფშნაიტერთან ერთად და ტიბეტამდე მიაღწიეს. ეს დიდი მიღწევა იყო, რადგან ტიბეტი ყველა უცხოელისთვის დახურულ ტერიტორიად ითვლებოდა. გამონაკლისის სახით, რამდენიმე მათგანს საგანგებო ნებართვა ჰქონდა. სანამ დედაქლაქში ჩავიდოდნენ, დევნილები იძულებულები იყვნენ დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში მომთაბარედ ეცხოვრათ, ხოლო როცა დედაქალაქში გამოჩნდნენ, მათმა სიმამაცემ და შეუპოვრობამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, მთავრობამ მათ ტიბეტში დარჩენის ნებართვა მისცა. დალაი ლამას ცნობისმოყვარეობა არ ასევენებდა, ძალიან უნდოდაუცხოელების გაცნობა, პირველად 1948 წელს ნახა ჰარერი და ტიბეტიდან მის წასვლამდე ლამის კვირაში ერთხელ ხვდებოდა ჰენრიხს. ჰარერი მას მსოფლიოს ამბებს უყვებოდა და ინგლისურის გაუმჯობესებაშიც ეხმარებოდა ლამას. ევროპაში დაბრუნებულმა ჰარერმა წიგნი, სახელად დაკარგული ლჰასა დაწერა, სადაც დაწვრილებით აღწერა ურთიერთობა ლამასთან. დალაი ლამა კი აღნიშნავს, რომ ისინი მეგობრობას ჰარერის სიკვდილამდე (2006 წ.) ინარჩუნებდნენ და ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს.

ოცი წლის ასაკში ლამა ტოვებს პოტალას და ნორბგულინკგაში გადადის საცხოვრებლად.

ტიბეტისა და ჩინეთის ურთიერთობა – მეცამეტე დალაი ლამას წინასწარმეტყველების ახდენა

მეცამეტე დალაი ლამას, ტჰუპტენ გიაცოს ანდერძი: “თუ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება, შეიძლება ტიბეტის რელიგიასა და მთავრობას შიდა და გარე ძალები დაემუქრნონ. თუ ჩვენს ქვეყანას ჩვენვე არ დავიცავთ, დალაი ლამა,  პანჩენ ლამა და რწმენის ფრიად პატივსაცემი დამცველები გაქრებიან და მათ შესახებ აღარავის ეცოდინება. ბერები და მონასტრები აღიგვებიან პირისაგან მიწისა. კანონის ძალაუფლება შესუსტდება, მთავრობის წევრების მიწებსა და ქონებას დაიტაცებენ; მათ კი აიძულებენ, თავიანთ მტრებს ემსახურონ ან მათხოვრად ქცეულნი მთელ ტიბეტს მოედონ. ქვეყანას უდიდესი უბედურებები დაატყდება თავს და ყოვლისმომცველი, დამთრგუნველი შიში დაისადგურებს. ტანჯვაში უსასრულოდ გაიწელება დღეები და ღამეები.“

მეცამეტე ლამას წინასწარმეტყველებამ ახდენა 1950 წლიდან დაიწყო. 1950 წლის ერთ უჩვეულო დღეს ტიბეტში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა, დალაი ლამა სააბაზანოდან გამოდიოდა, როცა იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, თავიდან ეს მიწისძვრას დააბრალა, მაგრამ როცა გარეთ გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, გასაგები გახდა რომ ეს მიწისძვრა არ იყო. ის, თუ რამ გამოიწვია მიწის გასკდომა და აფეთქების ხმა, ამოუხსნელი დარჩა და ტიბეტელებმა ის განსაკუთრებული ხასიათის ბუნებრივ მოვლენად შერაცხეს, რომელიც მათი აზრით ცუდის მომასწავლებელი იყო. სიტუაცია მართლაც ცუდად განვითარდა.  ორი დღის შემდეგ, დალაი ლამამ დაინახა, როგორ მოირბინა აღელვებულმა მაცნემ ტატჰაგ რინპოჩესთან. მალე გაირკვა, რომ მაცნეს კჰამის გუბერნატორის წერილი მოუტანია, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ ჩინელი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ტიბეტელების განრიზონს, რის შედეგადაც მორიგე ოფიცერი დაიღუპა. ჩინელ კომუნისტებს ჯერ კიდევ წინა წელს ჰქონდათ რამდენჯერმე საზღვარი დარღვეული და აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ტიბეტი იმპერიალისტი აგრესორებისგან გაეთავისუფლებინათ. როგორც აღმოჩნდა, ჩინეთი მუქარის ასრულებას აპირებდა.

სანამ ჩინეთის მხრიდან ამ მუქარის ასრულებას განვიხილავდეთ, ურიგო არ იქნება გადავხედოთ ტიბეტისა და ჩინეთის ისტორიულ წარსულს.

763 წელს ტიბეტის ჯარებმა ფაქტობრივად დაიპყრეს ჩინეთის დედაქალაქი, ხარკი დაადეს და აიძულეს დათმობაზე წასულიყო, თუმცა, რადგანაც ტიბეტელები სულ უფრო მეტი ერთგულებით ეკიდებოდნენ ბუდიზმს, მათი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებთან უფრო სულიერ ხასიათს იძენდა, ვიდრე პოლიტიკურს. ეს განსაკუთრებით ჩინეთთან ურთიერთობაზე ითქმის, რომელთანაც ტიბეტმა ისეთი კავშირი დაამყარა, როგორიც აქვს ღვთისმსახურს თავის მფარველ ერისკაცთან  – მოწყალების გამცემთან. მანჯურიელი იმპერატორები, რომლებიც ბუდისტები იყვნენ, თაყვანს სცემდნენ დალაი ლამას, როგორც “ ბუდიზმის მქადაგებელ მეფეს”.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა ტიბეტ-ჩინეთის ისტორიაში 821-822 წელს ტიბეტსა და ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულებაა. ჩინელმმა მმართველმა ვენ უ სიაო დე ხუანტიმ და ტიბეტის დიდმა მეფემ, საოცარმა ღვთაებრივმა მბრძანებელმა ტრისონგ დრეცენმა დადეს ეს ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო აღედგინათ ძველი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა და ასევე ოდინდელი კეთილმეზობლური ურთიერთობა. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ამ ხელშეკრულებიდან შემდეგი ამონარიდი:

”ტიბეტი და ჩინეთი შეინარჩუნებენ იმ სახელმწიფო საზღვრებს, რომლებიც ამჟამადაა მათ შორის. მთელ ტერიტორიას აღმოსავლეთით დიდი ჩინეთის ქვეყანა ფლობს; ყველაფერი, რაც დასავლეთითაა, უდავოდ, დიდი ტიბეტის ქვეყნის საკუთრებაა. ამიერიდან არც ერთმა მხარემ არ უნდა წამოიწყოს ომი, არ უნდა დაიპყროს სხვისი მიწები. მეორე ქვეყნის მიწაზე გადასულ ნებისმიერ საეჭვო ადამიანს დააპატიმრებენ, მის საქმიანობას გამოიძიებენ, მას კი თავის ქვეყანაში დააბრუნებენ.

ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობას არაფერი უნდა ჩრდილავდეს. არც ერთმა მხარემ არ უნდა ატეხოს უეცარი განგაში. თვით სიტყვა “მტერიც” კი არ უნდა წარმოითქვას. საზღვრის გუშაგებს შიში არაფრის არ უნდა ჰქონდეთ; თუკი თვითონ ჩათვლიან რომ საამისო პირობები არსებობს, შეუძლიათ, თავიანთ მიწაც დაამუშაონ და დაისვენონ კიდეც. ყველა მშვიდობიანად უნდა ცხოვრობდეს და ათი ათასი წლის მანძილზე ბედნიერების მადლით ტკბებოდეს. დაე, ყოველივე ზემოთ თქმულის შესახებ შეიტყოს ყველა ქვეყანამ, სადაც კი მზე და მთვარე ანათებს!.”

ხელშეკრულებაში ყველაფერი ნათლად ეწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩინეთი ივიწყებდა ისტორიულ წარსულს, ძველის მაგივრად ახალი დანაპირების შესრულებას, ტიბეტის იმპერიალისტებისგან განთავისუფლებას აპირებდა.

ტიბეტის არმია სულ რვა ათას ხუთას ოფიცერსა და ჯარისკაცს ითვლიდა და, რა თქმა უნდა, ის განწირული იქნებოდა ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის წინააღმდეგ.  ამ ამბისგან ორი თვის შემდეგ ლჰასამდე მიაღწია ცნობებმა იმის შესახებ, რომ ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის ოთხმოცი ათასმა ჯარისკაცმა ჩამდოს აღმოსავლეთით მდინარე გადმოლახა. ჩინეთის რადიომ კი გამოაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის ერთი წლისთავზე დაიწყო ტიბეტის “მშვიდობიანი გათავისუფლება”. ეს იყო ჩინელების პირველი ნაბიჯი, საბოლოო მიზანი კი, რა თქმა უნდა, ლჰასას აღება იყო. ასეთი იერიშისთვის წინააღმდეგობის გაწევა ტიბეტელების მხრიდან შეუძლებელი იქნებოდა, გარდა ჯარის მცირერიცხოვნებისა, ტიბეტის არმია თანამედროვე შეიარაღების ნაკლებობასაც განიცდიდა და სრულიად გაუწვრთნელი იყო. მიუხედავად ისტორიული ბრძოლებისა, ტიბეტელები მაინც მშვიდობისმოყვარე ხალხია; ჯარისკაცობა კი მათთვის საზოგადოების უდაბლეს ფენაში ყოფნას ნიშნავდა – ჯარისკაცებს ისე უყურებდნენ, როგორც, მაგალითად, ყასაბს.  ამ ძნელბედობის ჟამს მთელ ტიბეტში დაიწყეს დამატებითი ფორმირებებისთვის ხალხის შეგროვება და ერთი სრულიად ახალიც შექმნეს, მაგრამ ჩინელების წინააღმდეგ გამოყვანილი ჯარის სამხედრო მომზადების დონე ძალიან დაბალი იყო.

საფრთხე, რომელიც ტიბეტის დამოუკიდებლობას ემუქრებოდა, აშკარა იყო და ის არც მსოფლიოსთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. ინდოეთის მთავრობამ გააპროტესტა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქმედება და განაცხადა, რომ ეს შეარაღებული თავდასხმა მშვიდობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. 1950 წლის 7 ნოემბერს კაშაგმა და მთავრობამ თხოვნით მიმართეს გაეროს, რომ ტიბეტის დასახმარებლად ზომები მიეღოთ, მაგრამ ტიბეტი თავისი იზოლაციის პოლიტიკის გამო, არასდროს გამხდარა გაეროს წევრი, შესაბამისად გაეროს პასუხი არც ამ და არც შემდეგ ორ თხოვნას მოჰყოლია.

თანდათან ტიბეტელები სულ უფრო და უფრო ცუდ ამბებს იგებდნენ და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გაკეთებულიყო განცხადება დალაი ლამას სრულწლოვნების შესახებ. ხალხი გამოდიოდა მოთხოვნით, რომ საერო ხელისუფლება დალაი ლამას იმაზე ორი წლით ადრე გადასცემოდა, ვიდრე ამის დრო ოფიციალურად დადგებოდა. ხალხი გაიყო ორად, ერთნი იმედებს დალაი ლამაზე ამყარებდნენ, მეორენი კი მას ამხელა პასუხისმგებლობის მისანიჭებლად ძალიან ახალგაზრდად თვლიდნენ, თავად დალაი ლამაც მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა, თუმცა მისთვის კითხვა არავის დაუსამს, ამის მაგივრად მთავრობამ შეკითხვით ორაკულს მიმართა, რის შედეგადაც გაიმართა ძალიან დაძაბული სცენა. ბოლოს კუტენი დალაი ლამასთან მივიდა და მუხლებზე დაადო “კატა” შემდეგი სიტყვებით: “ტჰულა ბაპ!

“ტჰულა ბაპ!” 

დალაი ლამას ტახტზე ასვლის დღედ 1950 წლის 17 ნოემბერი შეარჩიეს. მოვლენების ამგვარი განვითარება, ლამას ცოტა არ იყოს აღონებდა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ის უდარდელი ყმაწვილი იყო, მალე კი ქვეყნის მეთაური უნდა გამხდარიყო, თან იმ ქვეყნისა, რომელსაც უზარმაზარ ჩინეთთან ომი ელოდა.  ტახტზე ასვლამდე, ჩინელები ბევრ ხრიკს მიმართავდნენ დალაი ლამას მოსაშორებლად, მათ ტყვეობაში ჰყავდათ აყვანილი ლამას უფროსი ძმა, ტაკცერ რინპოჩე, კომუნისტური იდეებით ცდილობდნენ მის მოწამვლას და ლჰასაში აპირებდნენ გამოშვებას, რათა მას გადაებირებინა დალაი ლამა ჩინეთის მმართველობის ასაღიარებლად, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევდა ტაკცერს ძმა უნდა მოეკლა. ტაკცერმა ჩინელებთან თავი მოიკატუნა, თითქოს მართლა ამის გაკეთებას აპირებდა, სინამდვილეში კი ლჰასაში გამოიქცა და ძმას ყველაფერი უამბო. სწორედ ამ დროს გაიგო დალაი ლამამ ჩინელი კომუნისტების სისასტიკის შესახებ, სწორედ მაშინ მიხვდა რომ ჩინელი კომუნისტები არა მარტო არარელიგიურები არიან, არამედ წინააღმდეგობას უწევენ რელიგიურ ცხოვრებას.

ბუდიზმი მკვლელობაზე უარის თქმას ქადაგებს, მაგრამ მიუთითებს გარკვეულ გარემოებებს, როცა შეიძლება ამ საქციელს გამართლება მოეძებნოს, ტაკცერის აზრით, ახლა სწორედ ასეთი გარემოება იყო, ის მზად იყო გაეხადა ბერული სამოსი, დაერღვია  ბერის აღქმა, წასულიყო საზღვარგარეთ, როგორც ტიბეტის ემისარი და მოეპოვებინა უცხოელების მხარდაჭერა, მისი აზრით ტიბეტის ერთადერთი იმედი საზღვარგარეთ მხარდაჭერის მოპოვება და ჩინეთისთვის იარაღით წინააღმდეგობა იყო. თავად ლამას კი ძმა ქვეყნის დატოვებას ურჩევდა. ის არ იყო ერთადერთი, ვინც ლამას ამ რჩევას აძლევდა, თუმცა დალაი ლამა ამაზე არ ფიქრობდა.

17 ნოემბერს, დალაი ლამა დროზე ადრე ადგა, სპეციალურად ღონისძიებისთვის შერჩეული ტანსაცმელი ჩაიცვა და იმ ტაძრისკენ გაემართა, სადაც მისი ხელდასმა მოხდებოდა. მთავრობის და უცხოელი სტუმრების გარემოცვაში მას გადასცეს ოქროს ბორბალი, რაც სიმბოლურად განასახიერებდა მისთვის საერო ძალაუფლების მინიჭებას. რამდენიმე საათში ცერემონია დასრულდა და თხუთმეტი წლის ბიჭი  ექვსმილიონიანი ხალხის უალტერნატივო ლიდერი გახდა, ხალხისა, რომელიც ნამდვილი ომის პირისპირ იდგა. პირველივე ნაბიჯი იყო ორი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, ბერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დალაი ლამამ ლობსან ტაში აირჩია, მისი საერო კოლეგა კი ლუკჰანგვა გახდა. ამას მოყვა ლამას შემდეგი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან გაგზავნა დელეგაცია საზღვარგარეთ – ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ნეპალში, იმ იმედით, რომ დაარწმუნებდნენ ამ ქვეყნებს ტიბეტის დასაცავად ხმა აემაღლებინათ. გარდა ამისა, შედგა მეორე დელეგაციაც, რომელიც გაიგზავნა ჩინეთში, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ტიბეტიდან ჯარების გაყვანის შესახებ. თავად დალაი ლამა, ამ ამბიდან ძალიან მალე მაღალჩინოსნებთან ერთად სამხრეთ ტიბეტში გადაბარგდა, რათა სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ინდოეთში ეპოვა თავშესაფარი, ლჰასაში კი ლობსან ტაში და ლუკჰანგვა დარჩნენ მოვალეობის შესასრულებლად. ეს ყველაფერი გაკეთდა ძალიან ჩუმად, რათა ხალხში პანიკა არ ყოფილიყო. ჩუმად გააგზავნეს ლჰასას განძი, შემდეგ კი სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული დალაი ლამა გაიყვანეს ქალაქიდან. თუმცა ამ ხანგრძლივ მოგზაურობას შეუმჩნევლად მაინც არ ჩაუვლია, სოფელ ჯანგში ლამას ესკორტი ბერებმა დაინახეს, მართალია ლამა ვერ იცნეს, მაგრამ ლინგ რინპოჩეს ემუდარებოდნენ ლამა ლჰასაში დაებრუნებინათ, ისინი დაარწმუნეს, რომ ლამა დიდი ხნით არ მიემგზავრებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ბერებმა ესკორტს გზის გარძელების საშუალება, პირქვე დაემხვნენ და ლოცვა დაიწყეს ლამას სწრაფად დაბრუნებისთვის.

1951 წლის იანვარში, ლამა საბოლოოდ ჩავიდა დრომოში და მისთვის ისევ დაიწყო ჩვეული ცხოვრება – ლოცვებით, მედიტაციებით, განმარტოების დღეებით და სწავლით. სულ მალე ლამას ცუდი სიახლე შეატყობინებს, აღმოჩნდა რომ გაგზავნილი დელეგაციებიდან, მხოლოდ ერთი ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ეს ჩინეთში გაგზავნილი დელეგაცია იყო, სხვა დანარჩენები კი უკან დააბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ბრიტანეთიც და ამერიკაც პატივს სცემდნენ ტიბეტის სუვერენულობას, როგორც ჩანს, ახლა ისინი არ აპირებდნენ ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავდა  – ტიბეტი უნდა მომზადებულიყო ძლევამოსილ კომინისტურ ჩინეთთან მარტო შესაბრძოლებლად.

ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმება და კოჰაბიტაცია ჩინელებთან

ამ ამბის გაგებიდან რამდენიმე დღეში ლამამ მიიღო ანგარიში ჩამდოს გუბერნატორისგან. მასში ჩამოყალიბებული იყო არსი იმ საფრთხისა რომელიც ჩინეთის მხრიდან ემუქრებოდა ტიბეტს. ნათელი გახდა, რომ თუ არ იქნებოდა მიღწეული რაიმე ტიპის შეთანხმება, ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია ლჰასისკენ დაიძრებოდა, რასაც უეჭველი მოჰყვებოდა მრავალი ადამიანის დაღუპვა. დალაი ლამას კი ჰქონდა სურვილი ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა. ტიბეტის მთავრობამ გადაწყვიტა რომ ერთადერთი გზა მოლაპარაკებები იყო, ამიტომ დალაი ლამამ შეარჩია ოთხი ადამიანი და გაგზავნა პეკინში, რათა ეთქვათ ჩინეთისვის, რომ ტიბეტს “გათავისუფლება” კი არა, მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს დიდ მეზობელთან. რა თქმა უნდა, ლამა იმედიანად არ იყო განწყობილი ამ გეგმის მიმართ, ის მზად იყო ცუდი ამბების მოსასმენად, მაგრამ ის, რაც მან რადიოში გაიგო, ნამდვილად თავზარდამცემი აღმოჩნდა. დიქტორი ამბობდა: დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და “ადგილობრივი ხელისუფლების” წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს “ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებას ტიბეტის მშვიდობიანი გათავისუფლების შესახებ”. შეთანხმების პირველივე პუნქტში ნათქვამი იყო, რომ  “ტიბეტელი ხალხი უნდა გაერთიანებულიყო და იმპერიალისტური აგრესიული ძალები ტიბეტიდან განედევნა; რომ ტიბეტელი ხალხი დაუბრუნდებოდა დედასამშობლოს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის – დიდ ოჯახში”. ამავე შეთანხმების მეორე პუნქტი ითვალისწინებდა იმას, რომ ტიბეტის მთავრობა ამ ყველაფრის განხორციელებაში უნდა დახმარებოდა ჩინეთს, მერვე პუნქტის თანახმად კი ტიბეტის არმია ჩინეთის არმიის შემადგენლობაში უნდა შესულიყო.  მეთოთხმეტე პუნქტიდან გამომდინარე ტიბეტს ჩამოერთვა უფლება, თვითონ მიეხედა საგარეო საქმეებისათვის. ჩინეთი თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, რომ ტიბეტს რელიგიური თავისუფლება ექნებოდა, შენარჩუნდებოდა პოლიტიკური სისტემა. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო: ამიერიდან თოვლიანი ქვეყანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ემორჩილებოდა. ტიბეტის სახელმწიფო ბეჭდების გაყალბებით, დელეგატების იძულებით, დაშინებით, ტიბეტი ჩინეთის შემადგენლობაში შევიდა.

აზრი დალაი ლამას ადგილსამყოფელზე ორად გაიყო, ტიბეტელთა ნაწილი არწმუნებდა მას სხვა ქვეყანაში ეპოვა თავშესაფარი, ნაწილი კი ლჰასაში დაბრუნებას სთხოვდა. ახალგაზრდა ლამა დილემის წინაშე იყო, ბევრი ფიქრის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ინდოეთში გადასვლით და ამერიკისთვის დახმარების თხოვნის შედეგი შესაძლოა ხანგრძლივი ომი ყოფილიყო, რომელშიც უამრავი ტიბეტელი, ამერიკელი და ჩინელი დაიღუპებოდა, ეს კი მას არ სურდა. ამიტომ გადაწყვიტა დრომოში დარჩენა და ტიბეტის ახალი გენერალ-გუბერნატორის დახვედრა. შეხვედრა მალე შედგა, ჩინელმა გენერალმა ჭანმა, კიდევ ორი ახალი ხელშეკრულება გადასცა ლამას. შეხვედრიდან დასკვნა ის იყო, რომ ლამამ გააცნობიერა, რომ ეს საშიში კაცი, სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანი იყო. შეხვედრის შემდეგ ლამამ ლჰასაში დაბრუნება გადაწყვიტა, გზად კი ყველა სოფელში ჩერდებოდა, ხვდებოდა ხალხს და აცნობდა მოსახლეობას ჩინელების მიერ ჩადენილი საქციელების სისასტიკეს.

შუა აგვისტოში ლამა ლჰასაში დაბრუნდა და ხალხს იმედი გაუჩნდა, რომ ტიბეტის საქმეები უკეთ განვითარდებოდა, თუმცა 1951 წლის 26 ოქტომბერს, ჩინეთის მე-18 არმიის სამიათასკაციანი რაზმის დედაქალაქში შესვლის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. ეს პირველი ნაკადი იყო, რომელსაც მალე არაერთი მოჰყვა. სულ ცოტა ხანში ტიბეტის მოსახლეობა ჩინელი ჯარისკაცების ხარჯზე თითქმის გაორმაგდა, რის გამოც პროდუქტის უკმარისობა შეიქმნა და დაიწყო ინფლაცია. ტიბეტელების პასიური ზიზღი მალე აქტიურში გადაიზარდა და ისინი დამპყრობელს აქტიურად დასცინოდნენ. ისინი ბოროტი ძალების განდევნის ტრადიციულ საშუალებას მიმართავდნენ – ყოველთვის, როცა ჩინელი ჯარისკაცების ჯგუფს დაინახავდნენ, ტაშს შემოჰკრავდნენ და გადააფურთხებდნენ. ბავშვები მათ ქვებს ესროდნენ; ბერებიც კი თავიანთი სამოსის კალთას აიკრეფნდნენ და ყოველ ჩავლილ ჯარისკაცს სახეში უთავაზებდნენ. ამის საპასუხოდ კი თანდათან იზრდებოდა ჩინელი ჯარისკაცების და ჩინოვნიკების რიცხვი, როგორც თავიდანვე ცხადი იყო ჩინელები სულ არ აპირებდნენ ტიბეტის მთავრობისთვის ქვეყნის მართვის უფლება მიეცათ. სულ მალე ჩინელებმა მოთხოვნები წამოაყენეს, ისინი ითხოვდნენ ტიბეტის ჯარის ჩინეთის ჯარის შემადგენლობაში შესვლა, ტიბეტის დროშის ჩინეთის დროშით ჩანაცვლებას. მალე ლამას ჩინელების “თხოვნით” ორივე პრემიერ-მინისტრის დათხოვნა მოუწია, რათა ჩინელებთან ურთიერთობა არ გაეწმვავებინა.

ამ ფაქტების შემდეგ 1952 წლის გაზაფხულზე ჩინეთის სახელისუფლებო ორგანოებთან დროებით დაზავების “მყიფე” პერიოდი დადგა. ლამამ გადაწყვიტა მომენტით ესარგებლა და რეფორმების გატარება დაეწყო. პირველი რეფორმა რომლის გატარებაც მას სურდა იყო სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლად ჩამოყალიბება. რადგან თუ რომელიმე პირს მთავრობასთან კონფლიქტი მოდიოდა, ის სულ მტყუანი გამოდიოდა, ეს კი მთლად სამართლიანი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა დამოუკდებელი სასამართლო შეექმნა. მეორე რეფორმა, რომლის განხორციელებაც სურდა იყო განათლების რეფორმა. იმ დროს ტიბეტში არ არსებობდა ერთიანი განათლების სისტემა, სულ რამდენიმე სკოლა იყო და განათლებას ძირითადად მონასტრებში იღებდნენ, ისიც მხოლოდ გარკვეული თემის წევრები. მესამე იდეა იყო კომუნიკაცია, გადაადგილებისთვის საჭირო გზები და ტრანსპორტი. სამივე რეფორმა  მაშტაბური იყო და საკითხებს ხანგრძლივი დამუშავება სჭირდებოდა, მანამდე კი ლამამ გადაწყვიტა, ისეთი საკითხები მოეგვარებინა, რომელთა გადაჭრა დაუყოვნებლივ მოიტანდა დადებით შედეგებს. როგორც აქამდეც აღვნიშნე, დალაი ლამას ადრეული ასაკიდან ძალიან უყვარდა ხალხთან საუბარი, ბოლო დროსაც ძალიან ხშირად ესაუბრებოდა მოსახლეობას და კარგად იცოდა მათი პრობლემები, ამიტომ პირველ რიგში გადაწყვიტა გაეუქმებინა ვალების მემკვიდრეობითობის პრინციპი და შემდეგ ჩამოეწერა გლეხებისთვის მთავრობის ვალები. ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებაში ეწერა რომ ტიბეტის მთავრობას შეეძლო რეფორმების გატარება ჩინელების ჩაურევლად, თუმცა, როგორც უკვე გავიგეთ, ეს შეთანხმება უბრალო ფურცელი იყო, ჩინელებმა “კულტურული რევოლუციის” გავრცელება ტიბეტშიც დაიწყეს, საწყისი ეტაპი მიწის კოლექტივიზაცია იყო, რამაც შიმშილი და ასიათასობით ტიბეტელის სიკვდილი გამოიწვია. ლამა კი თავისი რეფორმების გატარებას და ტიბეტის წინ, მეოცე საუკუნეში წაწევას ცდილობდა.

ჩინეთის ხელისუფლებასთან დაზავების პერიოდი ლამამ არა მარტო რეფორმების მოსამზადებლად, არამედ საკუთარ რელიგიურ მოვალეობებზე ყურადღების გასამახვილებლადაც გამოიყენა. მან დაძლია დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში და დაიწყო რეგულარული ქადაგებები ხალხის პატარა და მრავალრიცხოვანი ჯგუფებისათვის.

ჩინელებთან ამგვარი ურთიერთობით ლამამ დაასკვნა, რომ ზოგჯერ მტერი უფრო სასარგებლოა ვიდრე მეგობარი, რადგანაც მტერი მოთმინების უნარს და ბევრ სხვა სასარგებლო თვისებას უყალიბებდა. გარდა ამისა, ლამას ქონდა რწმენა იმისა, რომ რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო მდგომარეობა, ყველაფერი ოდესღაც უკეთესობისკენ წარიმართებოდა.

დალაი ლამას ვიზიტი ჩინეთში

ჩინელები ყველანაირად ცდილობდნენ ტიბეტელების მოხიბლვას და ტიბეტელ დელეგაციებს ხშირად აგზავნიდნენ ჩინეთში რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ “დედასამშობლოს” “სილამაზე”. 1954 წელს ჩინეთში წასვლა დალაი ლამასაც შესთავაზეს, ტიბეტელთა უმეტესობამ დალაი ლამას უარის თქმა ურჩია, რადგან, მათი აზრით, ლამას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა ან მინიმუმ, სამშობლოში დაბრუნებაში შეუშლიდნენ ხელს, მაგრამ ლამასთვის ეს იყო თავმჯდომარე მაოს და უბრალო ჩინელი ადამიანების ნახვის შანსი, რომლის ხელიდან გაშვებასაც ის არ აპირებდა. საბოლოოდ ხუთასკაციანი დელეგაციით ის ჩინეთში გაემგზავრა.  მანქანით, ნავით, ჯორით, თვითმფრინავით და მატარებლით მგზავრობის შემდეგ, დალაი ლამამ, როგორც იქნა, ჩააღწია პეკინში.  პეკინში ყოფნისას ლამა მაოს სულ თორმეტჯერ შეხვდა,  “ტიბეტი – ეს დიადი ქვეყანაა, თქვენ საოცარი ისტორია გაქვთ. მრავალი წლის წინათ თქვენ ჩინეთის უდიდესი ნაწილიც კი დაიპყარით, მაგრამ ახლა ჩამორჩით და ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ. ოცი წლის შემდეგ გაგვისწრებთ და მაშინ თქვენი ჯერი იქნება, ჩინეთს დახმარება გაუწიოთ”, – უთხრა ერთ-ერთი პირადი საუბრისას მაომ ლამას. შეხვედრებისას ის ასევე ამბობდა, რომ ნაადრევი იყო “ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების” ყველა პუნქტის ამოქმედება და, მაგალითად, შეიარაღებული ძალების კომისიის შექმნის მაგივრად უმჯობესი იქნებოდა ტიბეტის ავტონომიური რაიონის მოსამზადებელი კომისია ჩამოყალიბებულიყო. ლამას ეს ყველაფერი ძალიან უკვირდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მაო ეფექტის მოსახდენად კი არა, ღრმა რწმენით ლაპარაკობდა. მეტიც, საუბრებისას ლამა ძალიან მოხიბლულა მარქსიზმით. რაც უფრო კარგად ეცნობოდა საყოველთაო თანასწორობისა და სამართლიანობის სისტემებს, მით უფრო ეფექტურ გზად მიაჩნდა ის. ერთადერთი, რაც არ მოსწონდა, ადამიანის არსებობის შესახებ წმინდა მატერიალისტური პოზიცია იყო. მიუხედავად ამისა, მან გამოთქვა სურვილი პარტიის წევრი გამხდარი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შესაძლებელი იყო, შემუშავებულიყო ბუდიზმისა და წმინდა მარქსიზმის სინთეზი, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის წარმართვის ეფექტიანი საშუალება იქნებოდა. ლამამ ჩინურის სწავლაც დაიწყო. მას ამ ნაბიჯებს ჩინეთი, რა თქმა უნდა, უწონებდა და კომუნისტური პარტიის პირველ ყრილობაზე ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს. თუმცა ლამამ მალე გააცნობიერა, რომ პოლიტიკური ცხოვრება ჩინეთში წინააღმდეგობით აღსავსე იყო. ის საკუთარი თვალით ხედავდა იმ პარანოიას, რომლითაც პარტიული მუშაკები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას ეკიდებოდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც დიდი ინტერესით აგრძელებდა მარქსიზმის შესწავლას, ჩინეთის მთავრობამ მას სამინისტროდან მარქსიზმის მასწავლებლებიც კი გამოუყო.

პეკინში ლამა ათი კვირის განმავლობაში იყო, 1954 წლის ზამთარში კი დაიწყო ლამას ხანგრძლივი მოგზაურობა მთელი ჩინეთის მასშტაბით, რათა ინდუსტრიული და მატერიალური პროგრესის სასწაულები თავად ენახა. ამ მოგზაურობისას ლამა აღფრთოვანებული იყო სახალხო რესპუბლიკის წარმატებით, მაგრამ მის სურვილს მოსახლეობისთვის ეკითხა აზრი, ყოველთვის ხელს უშლიდნენ. ასე ექცეოდნენ ყველა სხვა ტიბეტელს, გარდა სერკონ რინპოჩესა, რომელიც ჩინელებს, როგორც ჩანს, დიდად არ ხვდებოდა თვალში. სწორედ მისგან  შეიტყო ლამამ მოსახლეობაში გამეფებული სიღარიბისა და შიშის პირქუში სურათის შესახებ. შემდეგ ლამამ საკუთარი თვალით ნახა კომუნისტურ გაზეთში დამახინჯებული ფაქტები.

პეკინიდან წამოსვლის წინა დღეს, დალაი ლამა მაომ დაიბარა, რათა მისთვის მართვისათვის აუცილებელი რჩევები მიეცა. ლამა ყველაფერს გულდასმით იწერდა, სანამ მაომ არ უთხრა: “იცით, მომწონს თქვენი მიდგომა. რელიგია – ეს საწამლავია. ჯერ ერთი, ის ამცირებს მოსახლეობის რაოდენობას, რადგან ბერები და მონაზვნები არ ქორწინდებიან; და მეორეც – რელიგია უგულებელყოფს მატერიალურ პროგრესს”. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ლამა განცვიფრებული დარჩა, აღმოჩნდა რომ მაოს გულწრფელობა ლამასთან, აიხსნებოდა მაოს არასწორი წარმოდგენით ლამაზე. ის ფიქრობდა, თითქოს რელიგია ლამასთვის შირმა ან ჩვევა ყოფილიყო. თუმცა, ამ ფაქტის მიუხედავად, ლამა სამშობლოში იმედით და ოპტიმიზმით აღსავსე დაბრუნდა, მას სურდა საკუთარი ქვეყანაც ჩინეთის დონემდე აეყვანა, სხვები ჩინეთში მოგზაურობის შედეგებს ეჭვისთვალით უყურებდნენ, ლამას კი ჩინელების სჯეროდა, თუმცა ეჭვებმა მალე მასშიც გაიღვიძეს. უკანა გზაზე არაერთი ლაფსუსი მოხდა ჩინელების წყალობით, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, როდესაც ლამამ ერთ-ერთ სოფლის მოსახლეობას ჰკითხა როგორ ცხოვრობდნენ, მათი პასუხი კი იყო, რომ თავმჯდომარე მაოს, კომუნიზმისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წყალობით, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ და თან ამის თქმისას თვალებზე ცრემლები ჰქონდათ მომდგარი.

ამბოხი ლჰასაში და მეორე ახდენილი წინასწარმეტყველება

1956 წლის დასაწყისში ლამას ორაკულთან შეხვედრისას ორაკულმა წინასწარმეტყველება გაანდო და უთხრა, რომ ”ყველა სურვილის ამსრულებელი საგანძურის შუქი დასავლეთში გაბრწყინდებოდა.” თავდაპირველად ლამასთვის წინასწარმეტყველება გაუგებარი აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ დარწმუნდა მის ჭეშმარიტებაში.

ამავე წელს ტიბეტს ჩინეთიდან დიდი დელეგაცია ესტუმრა, თავმჯდომარე მაოს წარმომადგენელი ჩენ ის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის მოსამზადებელი კომისიის ოფიციალური გახსნა იყო, ამ გახსნაზევე დაანონსეს ჩინელებმა სამომავლო რეფორმები. დაანონსებული რეფორმები რადიკალურად განსხვავდებოდა დალაი ლამას ჩაფიქრებული რეფორმებისგან და, ერთი შეხედვით, სულ არ იყო მიმართული სიტუაციის გამოსწორებისკენ. რეფორმების გატარება ჩინელებმა ამდოსა და აღმოსავლეთ კამის რეგიონებიდან დაიწყეს, ისინი უკვე რამდენიმე წელი აღარ შედიოდნენ ტიბეტის ადმინისტრაციაში და სიჩუანისა და ცინხაის პროვინციების შემადგენლობაში ითვლებოდნენ, ამიტომაც ჩინელებმა ადვილად გაატარეს იქაურ მაცხოვრებლებზე ისეთივე რეფორმები, როგორსაც ჩინეთის დანარჩენ რეგიონებში ატარებდნენ. ამ ორი რეგიონის ხალხს, რომლებიც მიჩვეული იყვნენ საკუთარი მიწის ქონას, ძალიან მწვავედ შეეხოთ მიწის რედისტრიბუციის რეფორმა, 1956 წლის ივნისში ამდოში და აღმოსავლეთ კამში შეიარაღებული აჯანყება დაიწყო ჩინელების წინააღმდეგ.

1957 წლიდან კამი ქაოსმა მოიცვა. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის რეპრესიების კამელი მოსახლეობის წინააღმდეგ საშინელ სახეს იღებდა. აჯანყებულთა რაოდენობა კი ათეულობით ათასს აღწევდა. ტიბეტელებმა პარტიზანული ბრძოლები დაიწყეს. საპასუხოდ ჩინელები სასტიკ დარტყემბს ახორციელებდნენ ჩინურ სოფლებზე, რათა გახიზნული პარტიზანები დაესაჯათ. ტიბეტელი პარტიზანების განცხადებით, ჩინელები მათ პოტალას სასახლის აფეთქებით და დალაი ლამას მოკვლით აშინებდნენ.

ოფიციალური ლჰასა ცდილობდა ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების დაცვას და ხამში დელეგაცია გაიგზავნა აჯანყების ჩასახშობად. მას შემდეგ რაც დელეგაციის წევრებმა მოისმინეს აჯანყებულთა ლიდერების პოზიცია, ისინი აჯანყებულებს შეუერთდნენ. აჯანყებულები დაუკავშირდნენ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA), მაგრამ ამ უკანასკნელის მეთაურების პოზიცია იყო, რომ აჯანყებულთა დასახმარებლად საჭირო იყო ოფიციალური თხოვნა ლჰასადან. ლჰასა კი კვლავ ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების ერთგულად რჩებოდა და თხოვნით არ მიმართა აშშ-ს. საბოლოოდ CIA-მ დაიწყო ფარული დახმარების გაწევა აჯანყებულთათვის, ლჰასას თხოვნის გარეშე. ლჰასაში თანდათან იმატა კამიდან და გამოქცეულმა მოსახლეობამ და ქალაქში ნელ-ნელა გაიზარდა პროტესტი და ანტიპათია ჩინელების მიმართ.

1959 წლის თებერვლისთვის სიტუაცია უკვე გართულებული იყო. ჩინური გამოცემები აქტიურად წერდნენ რომ პროტესტი უკვე გადაიოდა სრულმაშტაბიან ამბოხში. მაო ძედუნმა ამის შესახებ განაცხადა: “რაც უფრო ქაოსურია სიტუაცია ტიბეტში, მით უკეთესი. ეს დაგვეხმარება ჩვენი არმიის გაწვრთნაში. გარდა ამისა, ქაოსი მოგვცემს შესანიშნავ მიზეზს ჩავახშოთ აჯანყება და გავატაროთ უფრო ბევრი რეფორმა.”

1959 წლის 1 მარტს, დალაი ლამამ ჩინელებისგან ძალიან უცნაური მოწვევა მიიღო, ჩინელები მას ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის შტაბში ეპატიჟებოდნენ თეატრალურ წარმოდგენაზე. დალაი ლამამ შეხვედრა გადადო, ახალ თარიღად ჩინელებმა 10 მარტი შეარჩიეს. 9 მარტს დალაი ლამას დაცვას ჩინელი ჯარისკაცები ესტუმრნენ და გააფრთხილეს, რომ თავად იზრუნებდნენ 10 მარტს ლამას უსაფრთხოებაზე და მისი ოფიციალური დაცვა ცერემონიას არ უნდა დასწრებოდა. ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა და დიდი ეჭვები აღძრა ლამას მრჩევლებს შორის. კაშაგის წევრები ძალიან შეშინდნენ და ფიქრობდნენ, რომ ჩინელები დალაი ლამას გატაცებას აპირებდნენ. საკუთარი ეჭვების და შიშების შესახებ კაშაგის წევრებმა ლჰასას მოსახლეობასაც უამბეს, შედეგად 10 მარტს რამდენიმე ათასი ტიბეტელი შეიკრიბა დალაი ლამას სასახლის გარშემო, რათა არ მიეცა მისთვის სასახლის დატოვების საშუალება. ბოლო წლების განმავლობაში ლჰასაში ისედაც გაზრდილი იყო პროტესტი ჩინელების მიმართ, მას შემდეგ კი, რაც გავრცელდა ეჭვები იმის შესახებ, რომ ჩინელები დალაი ლამას შეპყრობას აპირებდნენ, ლჰასაში აჯანყება დაიწყო. თავდაპირველად ლჰასის მოსახლეობამ აგრესია გამოხატა ტიბეტელ ჩინოვნიკებზე, რომლებიც პრო-ჩინელებად ითვლებოდნენ და ლამას უსაფრთხოებაზე არ ზრუნავდნენ, შემდგომ კი ტიბეტელებმა ხანებზე გალაშქრებაც დაიწყეს. ბრბოს ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი უფროსი ლამა, პაგბალჰა სონიამ გიამკო იყო, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.

მომიტინგეები ითხოვნდენ ტიბეტიდან ჩინელების წასვლას, ტიბეტის ჩინეთიზაციისა და ათეიზაციის შეწყვეტას. 12 მარტს მომიტინგეებმა ლჰასაში ტიბეტის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ლჰასას ქუჩებში ბარიკადები გამოჩნდა. ტიბეტელი აჯანყებულები და ჩინელი ჯარისკაცები პოზიციებს იმაგრებდნენ მოსალოდნელი კონფლიქტის წინ. მომდევნო დღეების განმავლობაში ორივე დაჯგუფება აგრძელებდა მოძრაობას ლჰასას გარშემო, ჩინური არტილერია კი არ შორდებოდა დალაი ლამას სასახლეს. 15 მარტს დაიწყო აქტიური ქმედებები დალაი ლამას ევაკუაციისთვის, 17 მარტს კი ჩინელებმა ორი საარტილერიო ჭურვი ესროლეს ლამას სასახლეს, ლამამ ორაკულთან საუბრის შემდეგ ტიბეტი დატოვა, 19 მარტს ჩინელებმა განაგრძეს ნორბულინკას დაბომბვა და აჯანყებულებთან გამკლავება გაძლიერებული ძალებით სცადეს. ვინაიდან ტიბეტელები ძალიან ცუდად იყვნენ შეიარაღებულები, ბრძოლა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, 30 მარტს ლჰასა საბოლოოდ გადავიდა ჩინელთა კონტროლის ქვეშ. ამის შემდეგ კი დაიწყო მასიური საბრძოლო კამპანია ტიბეტის სხვა რაიონებში აჯანყებულთა წინააღმდეგ. სხვადასხვა წყაროების მონაცემებით ამ ოპერაციის შედეგად ჩინელებმა მოკლეს 93 ათასი ტიბეტელი, დაახლოებით 26 ათასი ტიბეტელი კი დააკავეს, შემდეგი 30 წლის განმავლობაში კი გაანადგურეს 6254 მონასტერი.

თავისუფლება დევნილობაში

17 მარტს, ათ საათზე მისი უწმინდესობა ჩვეულებრივი ჯარისკაცის ფორმაში გადაცმული გაერია ბრბოს და მდინარე კიჩუსკენ გაეშურა, სადაც შეურთდნენ მისი უახლოესი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები. ლჰასადან გამოქცევიდან სამ კვირაში, 30 მარტს დალაი ლამა და მისი თანამებრძოლები ინდოეთის საზღვარს მიადგნენ. ინდოეთის მთავრობას უკვე ჰქონდა თანხმობა მისი უწმინდესობისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თაობაზე. მასურიში ჩასვლისთანავე, 20 აპრილს, დალაი ლამა შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრს და ტიბეტელი დევნილების საკითხზე დახმარება სთხოვა.

დალაი ლამა აცნობიერებდა განათლების მნიშვნელობას ტიბეტელი ლტოლვილების შვილებისთვის, შედეგად მან მიმართა ბატონ ნერუს და ინდოეთის ხელისუფლებამაც მხარი დაუჭირა ლამას ტიბეტური განათლების საზოგადოების ჩამოყალიბებაში ინდოეთის განათლების სამინისტროს ფარგლებში. 1959 წელს შეიქმნა ტიბეტური დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (TIPA) და უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. ამის გარდა აშენდა 200 მონასტერი. დალაი ლამა მიიჩნევდა რომ მისი უპირველესი ვალია გადაარჩინოს ტიბეტური კულტურა, ამიტომ შეიქმნა ტიბეტელი ლტოლვილების კომპაქტური დასახლებები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სასოფლო მეურნეობა გახდა. ამან საშუალება მისცათ ტიბეტელებს საკუთარ კულტურაში აღეზარდათ ახალი თაობა.

1959 წლის 20 ივნისს დალაი ლამამ გადაწყვიტა, რომ დასრულდა დუმილის დრო, მან მოიწვია პრესკონრეფენცია, რომლის დროსაც ოფიციალურად უარყო ჩვიდმეტპუნქტიანი ხელშეკრულება. ასევე ადმინისტრირების დარგში მისმა უწმინდესობამ შეიმუშავა რადიკალური ცვლილებები, შექმნა ახალი ტიბეტური დეპარტამენტები: ინფორმაციის, განათლების, უსაფრთხოების, რელიგიური და ეკონომიკურის საკითხების დეპარტამენტები. ტიბეტის მთავრობა დევნილობაში დღესაც აქტიურად მუშაობს დრამსალაში, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.

1960 წლის 10 მარტს, ლჰასას აჯანყებიდან ერთი წლის შემდეგ მისმა უწმინდესობამ გაავრცელა შემდეგი განცხადება: “ამჯერად, მე ხაზს ვუსვამ ჩემი ხალხისთვის საჭიროებას იმისა, რომ განვიხილოთ ტიბეტის მდგომარეობის ხანგრძლივი სურათი. ჩვენთვის, დევნილობაში მყოფთათვის, პრიორიტეტი არის დასახლება და ჩვენი კულტურული ტრადიციების გაგრძელება. სამომავლოდ კი, მე მჯერა, რომ სიმართლე, სამართლიანობა და გამბედაობა, როგორც ჩვენი იარაღი, დაგვეხმარება ტიბეტელებს საბოლოოდ აღვუდგინოთ თავისუფლება ტიბეტს”.

დევნილობის პირველ წლებში დალაი ლამა არაერთხელ მიმართავდა გაეროს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავაჰარლალ ნერუს ძალისხმევა გამოეჩინათ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად გაერომ მიიღო 3 რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩინეთს დაეცვა ტიბეტში ადამიანთა უფლებები.

1963 წელს დალაი ლამამ მიიღო ტიბეტის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძვნება ბუდისტურ პრინციპებს და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ტიბეტის მოდელი. მოხდა ტიბეტის პარლამენტის არჩევაც.

1987 წელს აშშ-ის კონგრესის თათბირზე დალაი ლამამ წარადგინა 5 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის თანახმადაც ტიბეტში უნდა დაცულიყო ადამიანის უფლებები, დამყარებულიყო დემოკრატია, უნდა შეწყვეტილიყო ჩინელების მასიური გადმოსახლება, ბირთვული იარაღის წარმოება და რადიოაქტიული ნარჩენების დამარხვა, ხოლო ამის შემდეგ დაწყებულიყო ტიბეტის მომავალზე სერიოზული საუბარი. შემდეგ 1988 წელს სტრასბურგში მან უფრო გააფართოვა მოთხოვნები, დაამატა ტიბეტის თვითმმართველობა ჩინეთის შემადგენლობაში, თუმცა ჩინეთის მწვავე კრიტიკის გამო, ტიბეტის დევნილმა მთავრობამ უარყო ეს უკანასკნელი მოთხოვნა 1991 წელს.

იმავე 1991 წელს დალაი ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი, სიტუაციის შესაფასებლად. 2001 წელს პირველად დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ-მინისტრი). დალაი ლამამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკვე ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას. 2011 წლის 10 მარტს, ლჰასას აჯანყების 52 წლისთავზე კი ლამამ სენსაციური განცხადება გაავრცელა მან თქვა, რომ ის შესაძლოა უკანასკნელი დალაი ლამა იყოს და მიიჩნევს, რომ ტიბეტს თავისუფლად, ხალხის მიერ არჩეული ლიდერი სჭირდება.

ტიბეტელი ხალხისთვის მრავალწლიანი მშვიდობიანი დახმარებებისთვის დალაი ლამა არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ის დაჯილდოებულია აშშ-ს კონგრესის ოქროს მედლით, თეთრი ლოტუსის ორდენით, შთაგონების და გულმოწყალების ჯილდოთი, ჰესენის და მანჰაის მშვიდობის პრიზებით, მოქალაქეთა მშვიდობის მშენებლობის ჯილდოთი, ადამიანის უფლებების დაცვის პრიზით. გარდა ამისა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აღიარებულია საპატიო პროფესორად,  მინიჭებული აქვს ბუდიზმის ფილოსოფიის, სოციალურ მეცნიერებათა, წმინდა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავარი და დალაი ლამას ყველაზე ცნობილი ჯილდო მას 1989 წლის 10 დეკემბერს ხვდა წილად, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მას ნობელის პრემია მიანიჭა მშვიდობის დარგში. კომიტეტმა განაცხადა, რომ დალაი ლამამ, მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო მშვიდობაში.  ინდოეთში გადასახლებით, ტიბეტის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერი 1959 წლიდან ედგა სათავეში ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციის არაძალადობრივ ოპოზიციას.

დალაი ლამამ შეძლო და ყველა პატივისცემით განსჭვალა ბუდისტური მშვიდობის ფილოსოფიისა და უნივერსალური პასუხისმგებლობის მიმართ. ტიბეტელმა ლიდერმა სიტუაცია კარგად გაანალიზა და კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოთქვა, დაიწყო შესარიგებელი გზების ძიება ნაცვლად ძალადობრივი დაპირისპირებისა.

1987 წელს, დალაი ლამამ ტიბეტში მშვიდობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის დასამყარებლად შეიმუშავა გეგმა სახელად “აჰიმსას ზონა”, რომელშიც ის ამბობდა, რომ ქვეყანა უნდა გადაქცეულიყო ეკოლოგიურად სტაბილურ და დემილიტარიზებულ ზონად, რაც ტიბეტის სახით შექმნიდა ბუფერ-სახელმწიფოს წამყვან აზიურ ძალებს შორის. დალაი ლამას ამ გეგმის მიზანი იყო მოლაპარაკებების დაწყება ტიბეტის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა ჩინეთის მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, დალაი ლამას მრავალწლიან ღვაწლს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, მისი მოღვაწეობა ფასდაუდებელია მსოფლიო მშვიდობისთვის.

დალაი ლამას დევნილობის შემდეგ ტიბეტში კიდევ ორი აჯანყება მოხდა, ტიბეტელთა რიცხვი თანდათან იკლებს, მაგრამ დალაი ლამა მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და მას სწამს, რომ სამართლიანობა და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.

“ქვეყნიერება ვიდრე არსებობს, 

დედამიწაზე სიცოცხლე ჩქეფს,

დაე, ამ სამყაროს ნაწილად ვიქცე,

რომ ტანჯვის წყვდიადი გავფანტო მეც.”

გამოყენებული ლიტერატურა

Tenzin Gyatso, Freedom in Exile The Autobiography of the Dalai Lama (New York: HarperCollins, 1990)

My Land and My People. Memoirs of the Dalai Lama of Tibet. New York: McGraw-Hill, 1962,

Ocean of Wisdom. Guidelines for Living. Santa Fe, N.M.: Clear Light Publ., 1989.

A Policy of Kindness. An Anthology of Writings by and about the Dalai Lama. Sidney Piburn, ed., Ithaca, NY Snow Lion Press, 1990.

Avedon, John F. In Exile from the Land of Snows. New York: Knopf, 1984.

Piburn, Sidney, ed., The Nobel Peace Prize and the Dalai Lama. Ithaca, NY Snow Lion Publ., 1990.

Tsering Shakya. (1999). The Dragon in the Land of Snows: A History of Modern Tibet since 1947, pp. 7–8. Columbia University Press, New York.

The CIA’s Secret War in Tibet, Kenneth Conboy, James Morrison, The University Press of Kansas, 2002.

Thomas Laird, The Story of Tibet. Conversations with the Dalai Lama, Grove Press: New York, 2006.

Warren W. Smith (1996). The Tibetan nation: a history of Tibetan nationalism and Sino-Tibetan relations. Westview Press.

Speech of the Dalai Lama to the European Parliament, Strasbourg, October 14, 2001

Chen Jian, The Tibetan Rebellion of 1959 and China’s Changing Relations with India and the Soviet Union, Journal of Cold War Studies, Volume 8 Issue 3 Summer 2006, Cold War Studies at Harvard University.

 

ავტორი: რევაზ თოფურია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი. მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.